სიახლეები

ნინო ტავლალაშვილი: დროა შეიცვალოს პოლიტიკური თაობა

07.10.2016 • 2865
ნინო ტავლალაშვილი: დროა შეიცვალოს პოლიტიკური თაობა

იურისტი და პედაგოგი ნინო ტავლალაშვილი #69 საარჩევნო ოლქში პაატა ბურჭულაძის ბლოკიდან „სახელმწიფო ხალხისთვის“  წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატია. იგი „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს“ წევრია, რომელიც წელს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დარეგისტრირდა, როგორც პოლიტიკური სუბიექტი. მას აჭარაში, ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

საზოგადოება წლებია გიცნობთ, როგორც ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელს რეგიონში, როგორ და რატომ მიიღეთ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება?

ალბათ დგება მომენტი, როცა გვერდიდან ყურება აღარ არის საჭირო.  მთავრობის წარმომადგენლებიც მეკითხებოდნენ, თუ გაქვს მსგავსი ხედვები, მსგავსი პრეტენზიები, რატომ არ ბედავთ და არ დგამთ ნაბიჯს. 19 ივლისს მივიღე გადაწყვეტილება, ზუსტად მახსოვს. იმ დღეს, ნებისმიერს რომ ეკითხა, ისევ მყარად ვეტყოდი, რომ – არა. თუმცა იმავე დღეს, ერთმა მეგობარმა პირდაპირ მითხრა – თქვენ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ხართ ეგოისტები, იმიტომ რომ არ გინდათ თქვენი გამოცდილება სხვა კუთხით განავითაროთ. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება, მეორე დღესვე საიას აღმასრულებელ დირექტორს ვესაუბრე და დავწერე განცხადება გათავისუფლებაზე.

ამ პერიოდში გქონდათ შემოთავაზებები სხვა პარტიებიდან?

საკმაოდ ბევრი. რატომ ის პოლიტიკური გუნდი, რომლის კვოტით ვარ მე დღეს გუნდის წევრი?! ჩემი რამდენიმე მეგობარი „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ წევრია, ბევრი ისეთი რამ იყო, რაც ჩემთვის გახდა მომხიბვლელი. იგივე სამართლის, ეკონომიკის, სოციალური, კულტურული მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების და მიგრანტების საკითხი.

 თქვით, რომ გქონდათ არაერთი შემოთავაზება სხვა პოლიტკური ძალებისგან. ამ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის ნაკლები შანსი აქვთ? რა იყო გადამწყვეტი?

გადამწყვეტი იყო ის, რომ ეს იყო ახალშექმნილი პარტია და მე შემეძლო ამეღო პასუხისმგებლობა დასაწყისიდანვე. ბუნებრივია, სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც მყავს მეგობრები, სხვა პოლიტიკურ პარტიების პროგრამებსაც საკმაოდ კარგად ვიცნობ, მაგრამ მე დავინახე ის, რომ ქმედითი ღონისძიებები არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გადაუდგამს.  გარდა ამისა,  არასდროს არ მიყვარს სიარული გაკვალული გზით. ახალ პარტიაში ახალი გამოწვევებია, ამ ახალ გამოწვევებს მოჰყვება დადებითიც და უარყოფითიც. ნებისმიერმა პოლიტიკოსმა აუნდა იწვნიოს ეს ნეგატიური თუ პოზიტიური დამოკიდებულებები, რომ გამოიწრთოს. არის კატეგორია ადამიანების, რომლებიც მეკითხებიან – რატომ?

და რას პასუხობთ მათ?

მარტივია – როცა ადამიანს აქვს გარკვეული გამოცდილება და შესაბამისი ცოდნა, უნდა იყოს გამბედავი და თუ კი არის ცვლილებების მომხრე, თავად გახდეს ამ ცვლილებების ერთ-ერთი წამომწყები. გარდა ამისა, დროა შეიცვალოს პოლიტიკური თაობა. პოლიტიკაში ბევრი ისეთი ადამიანია დღესაც, ვისაც მე 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვუყურებდი პოლიტიკაში და ასევე ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც მე ვინატრებდი პოლიტიკაში.

ვის, მაგალითად?  

ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას, თქვენს კოლეგას. არიან ადამიანები, რომელთაც დააგროვეს ისეთი გამოცდილება, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსს შეშურდება.  ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აკლიათ წინა თაობის პოლიტიკოსებს, ეს არის თანასწორობის აღქმა სხვა ადამიანებთან.

თქვენ ახსენეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო ახალ ძალაში მოსვლა, თუმცა ამ მოცემულობაში ხელისუფლებაში მოსვლის ნაკლები შანსია თქვენთვის…  

ესეც გამოცდლებაა, ესეც გამოწვევაა.

იმ შემთხვევაში თუ ვერ გაიმარჯვებთ, თქვენ რჩებით პოლიტიკაში, იგივე გუნდში, თუ შესაძლოა რაიმე შეიცვალოს?

ბუნებრივია ვრჩები. მე ზოგადად არ მახასიათებს ხშირი ცვალებადობა, რახან გავაკეთე არჩევანი, ესე იგი მე ამ არჩევანის მჯერა. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორ შედეგიც არ უნდა დადგეს, ეს პიროვნული ტრაგედია არ უნდა იყოს, ეს არის მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით დავიწყოთ მუშაობა.

პაატა ბურჭულაძის ბლოკი, რომელსაც ტოვებენ გუნდის წევრები, იქცა ხუმრობის საგნადაც კი…

მე ეს დიდ ტრაგედიად არ მიმაჩნია და რატომ: ყველა ახალშექმნილ პარტიას ახლავს თავისი სიძნელეები. მსგავი გასვლა-შემოსვლა თავის დროზე ახლდა „მოქკავშირსაც“, „ნაციონალურ მოძრაობასაც“, „ოცნებასაც“.  გავა დრო და ეს არავის არ გაახსენდება.

თუ გამოვრიცხავთ ბლოკის ფაქტორს, შეხვიდოდით თუ არა პაატა ბურჭულაძის პარტიაში?  

გეტყვით პირდაპირ – პაატა ბურჭულაძის პარტია არსებობდა უკვე, როცა მე ამ პარტიაში შევედი. ასე რომ…

პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელებას თუ გეგმავთ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები?

მე მხოლოდ გუშინ დავწერე განცხადება სკოლაში, რომ ეს სამი დღე გავთავისუფლებულიყავი. ბოლო დრომდე გაკვეთილებს ვატარებდი.

მოსწავლეები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

პირველივე დღეს მკითხეს, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება და ზუსტად ისე ავუხსენი, რაც თქვენ გითხარით. ბევრ კოლეგას გაუკვირდა, ბევრს ჰქონდა იმის განცდა, რომ ცოტა უფრო ადრე უნდა მიმეღო ეს გადაწყვეტილება.

რა არის მთავარი, რასაც პირდებით ამომრჩეველს?

არაასდროს არ დავცილდები ხალხს.

ეს რას ნიშნავს?

მე იმდენად ვარ მიჩვეული ხალხთან ურთიერთობას, შეხვედრები, კონსულტაციები…

ამას ხომ ისედაც აკეთებდით? პოლიტიკური პლატფორმა „ხალხთან არ დასაცილებლად“ რატომაა საჭირო?

რაც უფრო მეტად სცილდები პოლიტიკური თვალსაზრისით ხალხს და თქვენს შორის ჩნდება უფსკრული, მით უფრო აბსურდულია შენი გამოსვლა, ქმედება, საქმიანობა.

ცოტა არ იყოს ლოზუნგივით ისმის – მოვდივარ პოლიტიკაში, რომ არ დავშორდე ხალხს…  

ნახეთ რა აწერია იმას [უთითებს ბანერზე, სადაც წერია „სახელმწიფო ხალხისთვის“{. ხალხის ჩართულობა აუცილებელია. … ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, ეს არის მუდმივი ურთიერთბრალდება პოლიტიკოსებისგან. აპრილის შემდეგ მე ბათუმის საკრებულოს სხდომას არ დავსწრებივარ. დავიღალე იმით, რომ არაფრისმკეთებელი ორგანო, ერთადერთი, რითაც არსებობდა, იყო ერთმანეთის ლანძღვა. არაერთხელ მინახავს კონკრეტული ადამიანები, რომელთაც გახელილი თვალებით ეძინათ.

რაც შეეხება ქალების პოლიტიკაში ჩართულობას. რამდენად საკმარისია თქვენი აზრით ის ნაბიჯები რაც გადაიდგა ამ მიმართულებით?

არ არის საკმარისი და დავიწყებ ჩემი პარტიით. ჩვენ ვართ მე მგონი ერთადერთი, რომელიც ყველაზე ნაკლულია ქალთა წარმომადგენლობით პარტიაში. ეს არის სამართლიანი კრიტიკა, მაგრამ იმიტომ კი არ მოხდა ასე, რომ პარტიას ასე უნდოდა, ქალთა მხრიდან დაინტერესება იყო ძალიან დაბალი.

რატომ უჭირთ ქალებს ამ გადაწყვეტილების მიღება თქვენი აზრით?

ბევრი ფაქტორი მოქმედებს: მენტალური დამოკიდებულებები, ოჯახი, მეტ-ნაკლებად შიშის ფაქტორი – „რომ ვერ.. მერე რა ვქნა.“ გავთამამდები და ვიტყვი, პასუხისმგებლობის გაცილებით მაღალი გრძნობა აქვთ ქალებს, ვიდრე მამაკაცებს.  საბოლოო ჯამში შეიცვლება ეს სურათი, იმიტომ რომ თაობა იცვლება. პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე თაობა მოდის. მათთვის აღარ არის საქმე ცალკე ქალის და საქმე მამაკაცის. უნდათ, მოსწონთ – აკეთებენ.

თქვენი აზრით, ფემიციდზე კანონი უნდა მიეღო პარლამენტს თუ არა?  

უნდა მივიღოთ.

რა არის დღეს ქვეყნისთვის ნომერ პირველი გამოწვევა?

მგონი ყველა ამას გეტყვით, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც პირდაპირ ბმაშია საგარეო პოლიტიკასთან, შიდა პოლიტიკასთან, სამოზობლო პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: