მთავარი

დავით ბერძენიშვილი არჩევნებზე, ივანიშვილის შიშებსა და სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე 

07.10.2016 •
დავით ბერძენიშვილი არჩევნებზე, ივანიშვილის შიშებსა და სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე 

საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და რესპუბლიკური პარტიის ერთ- ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი კენჭს იყრის ბათუმის 69-ე ოლქში. ის არის უსუფაშვილი- რესპუბლიკელების მაჟორიტარი კანდიდატი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ბატონო დავით, თქვენ არჩევნების შედეგების ერთგვარი მონახაზი გქონდათ. თქვით, რომ პარტიების – „რესპუბლიკელები“, „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ – რიგითობას არჩევნების შედეგებში განაპირობებდა საარჩევნო კამპანია. კამპანია ფინიშს უახლოვდება. თქვენი კონფიგურაცია როგორია – ვინ სად იქნება 8 ოქტომბრის შემდეგ?

რეალურად, 8 პოლიტიკური სუბიექტი იბრძვის ბარიერის გადალახვისთვის: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა“, ბურჭულაძის კოალიცია და „ლეიბორისტული პარტია“. ამას  ადასტურებს კვლევებიც. ცხადია, არა პროპაგანდისტული ფესევდოკვლევა, რომელსაც ერთი პროპაგანდისტული ტელევიზია აცხადებს ისე, როგორც მას სურს – ვგულისხმობ „რუსთავი 2“-ს, ისე როგორც მოქმედი ხელისუფლების ტელევიზიების მთელი ბუკეტი, ერთობლივად რომ შეუკვეთეს ეგზიტპოლები. ამ პროპაგანდისტულ კვლევებს აქვს ერთადერთი დამთხვევა  – 8 სუბიექტიდან განულებულია [0.4 და 0.7%] მხოლოდ „რესპუბლიკური პარტია“. ეს რომ კვლევა არ არის და ეს რომ პროპაგანდაა, ამას დაადასტურებს 8 ოქტომბერი. სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს უწერენ 2-4 პროცენტს და „რესპუბლიკურ პარტიას“ პრაქტიკულად უწერენ არაფერს – ეს განპირობებულია იმით, რომ როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“  ხედავს [ჩვენც ვატარებთ შიდა კვლევებს და ზუსტად ვიცით], რომ მათთვის ხმების გარკვეული რაოდენობის წამრთმევი სწორედ „რესპუბლიკური პარტიაა“.

„ქართულ ოცნებასა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ ჰყავს თანაზიარი ამომრჩეველი. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის პირველი არჩევანი შეიძლება იყოს მეტწილად „რესპუბლიკური პარტია“, რადგან 2012 წლის პირველი ოქტომბერი, მაგალითად, ბათუმში და ასეა მთელ საქართველოში, გაცილებით უფრო მეტად ასოცირებულია დათო ბერძენიშვილთან, ვიდრე ილო ვერძაძესთან [„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი ბათუმში], რადგან 2012 წელს ის „ქართულ ოცნებაში“ არ ყოფილა, მას არ მიუღია პროცესებში მონაწილეობა.

შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი შიდა კვლევების მონაცემები? და ასევე, თქვენი აზრით, რვავე სუბიექტი ისევეა წარმოდგენილი აჭარაში, როგორც დანარჩენ საქართველოში, თუ აქ განსხვავებული ვითარებაა?

მე შემოვიფარგლები ამჟამად ბათუმზე საუბრით, სადაც კვლევები ჩატარებული გვაქვს უფრო სიღრმისეულად და ამასთან, ეს კვლევები კორელაციაშია ქვეყნის მასშტაბით კვლევებთან… მე საკმაოდ სარისკო რამეს ვაკეთებ – არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვამბობ, რომ [ვეყრდნობი იმ კვლევას და იმ შთაბეჭდილებებსაც, რასაც კარდაკარ ვატარებთ ქვეყნის თუ ბათუმის მასშტაბით] ეს რვა სუბიექტი არის კონკურენტუნარიანი 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ესენი წარმოადგენენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს.

მე არ გამოვრიცხავ რაიმე მოულოდნელობას. ბოლო ხანებში ევროპაშიც არის მოულოდნელობები, მაგალითად, გერმანიაში ახალი პარტია – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, მაგრამ ძველი გამოცდილი პარტიები მაინც რჩებიან ძირითად სუბიექტებად. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩემ მიერ ჩამოთვლილი 8 პარტიის გარდა კიდევ რომელიმე პარტიამ [რომელიც დამალულია კვლევებში] მოულოდნელად აჩვენოს მაღალი შედეგი. მაგალითად, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დაახლოებით პროგნოზირებადი იყო თბილისის მერის არჩევნების შედეგები – პირველზე გადიოდა გიგი უგულავა, მეორეზე – ირაკლი ალასანია. ირაკლი ალასანიას, ანუ მაშინდელ ჩვენს „ალიანსს საქართველოსთვის“ დაახლოებით 20%-ი ექნებოდა. შედეგიც ასეთი მივიღეთ. მომდევნო ადგილებზე ვინც იქნებოდა, ესეც ჩანდა. კვლევებით ყველაფერი აღმოჩნდა  პროგნოზირებადი ერთადერთი მოულოდნელობის გარდა – ეს იყო ზვიად ძიძიგურის  8%-ი, რომელიც ნოღაიდელთან ერთად იყო ბლოკში და მაშინ ნოღაიდელის გამო არც თუ მთლად ზომიერად პრორუსულმა ძალებმა ხმა მისცეს ნოღაიდელი-ძიძიგურის ბლოკს. მაგრამ მათი ამომრჩეველი კვლევების დროს მალავდა, ესირცხვილებოდა ან არ ენდობოდა მკვლევარებს, ანუ არც ერთ კვლევაში 3-4%-ზე მეტი არ ჰქონდა და აიღო 8%-ი. მე ასეთ გამონაკლის არც ახლა გამოვრიცხავ.

ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში   პოლიტიკურ პარტიებს ყველა ნიშა განაწილებული აქვთ გერმანიისგან განსხვავებით, სადაც სუბიექტი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამოჩნდა…

ამ 8 პარტიის გარდა ერთი სხვა პარტია რომ გამოჩნდეს, ის კი ვერ მოიგებს, ვთქვათ, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ბარიერს შეეთამაშება… 8 პარტიაში სახელისუფლებო ფაქტორების, რესურსი გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი შანსი, რომ პირველ ადგილზე გავიდეს, აქვს „ქართულ ოცნებას“. ყველაზე მაღალი შანსი, რომ პარტიულად მეორე ადგილზე გავიდეს, აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. მომდევნო პარტიები ბათუმში – „რესპუბლიკელები“ და დანარჩენი ხუთი პარტია, ეს არის ერთი ჯგუფი, სადაც, ჩვენი კვლევებით, ჩვენი შანსები ოდნავ პრიორიტეტულია, ვიდრე სხვა პარტიების.

მაჟორიტარულ ოლქებში, ბათუმში, პირველი ორი ადგილისთვის ბრძოლაში ერთი არის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნებისმიერ ოლქში. პროგნოზს გავაკეთებ – ჩემს ოლქში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს მეტ ხმას, ვიდრე მისი კანდიდატი ილო ვერძაძე – მნიშვნელოვნად მეტ ხმას, ვიდრე მისი მაჟორიტარი კანდიდატი. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე პროცენტ ამომრჩეველში „ქართული ოცნების“ კანდიდატი არ ასოცირდება ქართულ ოცნებასთან, არც 2012 წლის ბრძოლასთან და არც თვითმმართველობის არჩევნებთან. მეორე ადგილის ყველაზე მაღალი შანსის მქონე „ნაციონალური მოძრაობა“, ჩემს ოლქში, ჩემი ვარაუდით, უფრო მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე მისი ძალიან მიმზიდველი კანდიდატი, ქალბატონი ნინო ჯინჭარაძე, რადგან ის ჩამორჩება თავის პარტიას.

ანუ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყველა პარტია, არის დონორი საკუთარი კანდიდატებისთვის. პარტიები და მათი ლიდერები არიან უფრო მეტი ორიენტირები, ვიდრე  თავად კანდიდატები ბათუმში თუ მთლიანად აჭარაში. ამასთან, მე ვვარაუდობ, რომ „რესპუბლიკელების“ მიერ დასახელებული კანდიდატების უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ოლქში და მგონია, რომ ბათუმში მთლიანად – აჭარის უმაღლეს საბჭოში დათო ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტში ხათუნა სამნიძე, შესაძლოა ვიყოთ ოდნავ მეტი ხმის ამღები, ვიდრე ჩვენი პარტია. კიდევ ერთ პროგნოზს გავაკეთებ: მე ვვარაუდობ, რომ ბათუმში როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ პროცენტი, ისე მაჟორიტარების პროცენტი იქნება უფრო მაღალი, ვიდრე საშუალო შედეგი ქვეყნის მასშტაბით.

რამდენია ეს პროცენტი?

„რესპუბლიკური პარტიის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ვფიქრობ,  ძირითადი კონკურენტები არიან მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ბათუმში. ისინი სად გადაიკვეთებიან, ეს დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე. 50 ათასზე მეტი ამომრჩეველია ჩემს ოლქში. თუ იქნება ისეთი მაღალი აქტიურობა, როგორიც იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები მეორე ტურში ვერ გავლენ, რადგან მათ აქვთ სასრული პროცენტი. თუ 2 მილიონ 200 ათასი კაცი მოვა ქვეყნის მასშტაბით [ეს იყო 2012 წელს და ეს არარეალურია ამჟამად], მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ 260-280 ათასი ხმა,  გაცილებით ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნების დროს, როცა მილიონ-ნახევარი ამომრჩეველი მოვიდა, მაგრამ „ნაციონალების“ მხარდამჭერი იგივე იყო.

აი, მეორე ტურში გასული „ნაციონალების“ აბსოლუტური უმრავლესობა კი ვერ მოიმატებს ხმებს, რადგან ეს არის პოლიტიკური კეთროვანების პარტია;  ეს არის ლეპენის სინდრომი – ერთხელ ლეპენი მეორე ტურში გაყვა ჟაკ შირაკს და ჟაკ შირაკმა მიიღო 82%, ლეპენმა კი იგივე 18%-ი, რაც ჰქონდა პირველ ტურში.

შორს რომ არ წავიდეთ, თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტურში ნიკა მელიამ თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მიიღო ისევ თავისი 25%-ის მიდამოებში, რადგან მეორე ტურში ყველა დანარჩენი გაერთიანდა არც თუ მიმზიდველი ნარმანიას გარშემო, რომელმაც ხმების ¾ მიიღო. მას პირველ ტურში  46%-ი ჰქონდა. ახლაც ასე მოხდება, მეორე ტურში გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აგებს.

ანუ თქვენ მიიჩნევთ, რომ მეორე ტური გარდაუვალია?

დიდ უმრავლესობაში იქნება მეორე ტური. ბათუმში მე საერთოდ ვერ ვხედავ პირველ ტურში გამარჯვებულს. ამიტომ მგონია, რომ მეორე ტურში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გავა, იქ „ქართული ოცნების“ კანდიდატს აქვს დიდი უპირატესობა. თუ „რესპუბლიკელი“ გავა ან რომელიმე სხვა პარტიის წარმომადგენელი, იქ „ქართული ოცნების“ კანდიდატის მდგომარეობა იქნება რთული. მეორე ტურში გასული ნებისმიერი „რესპუბლიკელის“ გამარჯვების ალბათობა არის ძალიან მაღალი, ამიტომ მთავარია რამდენი „რესპუბლიკელი“ შეძლებს მეორე ტურში გასვლას.

ჩვენ მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებში ვიბრძვით, რაც შეიძლება მაღალი პროცენტისთვის. თუ ხათუნა სამნიძისა და დათო ბერძენიშვილის კანდიდატობით 69-ე ოლქში „რესპუბლიკურ პარტიას“ არ ექნება საშუალო ქართულ პროცენტზე უფრო მაღალი პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აქ კენჭის საყრელად ტყუილად წამოვსულვართ და პარტიას ვერ ვარგეთ. მაგრამ ვფიქრობ, ფრონტის გაფართოება, დასავლეთის ფრონტის შექმნა, რომელიც უცვლელია ქართულ პოლიტიკაში,  ვერ შედგებოდა „რესპუბლიკელების“ გარეშე. ბათუმის ფრონტიც არის დასავლური ფრონტი და ამ ფრონტს – დემოკრატიულ კარიბჭეს, უსაფრთხოების კარიბჭესაც აქ ჩვენ ვქმნით.

მიუხედავად პოლიტიკური გამოცდილებისა, „რესპუბლიკური პარტია“ საქართველოში ყოველთვის რჩება უმცირესობაში, მაშინაც კი, როცა უმრავლესობის ნაწილია – ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ კოალიციაში ყოფნას. ხომ არ შეეგუეთ ამ როლს? რას აკეთებთ იმისთვის, რომ უმრავლესობაში იყოთ, რა გიშლით ხელს ამისათვის?

იყო პერიოდი, როცა ჩვენ არ ვყოფილვართ პარლამენტში, მაგრამ არის ცალკეული რეგიონები, სადაც სისუსტის მიუხედავად „რესპუბლიკური პარტიის“  გარეშე პოლიტიკა იმ რეგიონში არ არის. მე სტატისტიკას გავიხსენებ: 1991 წელი 20% „რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის უმაღლეს საბჭოში, იმდენივე მაჟორიტარი, რამდენიც „მრგვალი მაგიდის“ ბათუმში. მაღალი შედეგია. 2004 წელს [მანამდე არჩევნები არ ტარდებოდა], მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობა“ „რესპუბლიკური პარტიის“ სერიოზული კონკურენტია: 13,5%-ი „რესპუბლიკურ პარტიას“ საკმაოდ მიყალბებულ არჩევნებში და 30%-ის მიდამოებში „რესპუბლიკელების“ შედეგი ბათუმში. მაშინ ბათუმში გამოვდიოდით „ბერძენიშვილი-რესპუბლიკელების“ სახელით და დავუპირისპირდით სააკაშვილის „გამარჯვებულ აჭარას“.

ეს ორი გამარჯვებული პოლიტიკური ძალა პოსტაბაშიძისეულ პერიოდში აჭარის პოლიტიკური სპექტრის  მთავარი შემადგენელი იყო. 2008 წელს ძალიან ცუდი შედეგი „რესპუბლიკური პარტიის“ – ეს არის 3,8% [ისე ყველასთვის გაყალბდა და ჩვენთვისაც გაყალბდა – სადღაც 5 %-ის მიდამოებში ვიყავით და შეგვრჩა 3,8], მაგრამ აჭარაში მაშინ, აი ამ ცუდ არჩევნებში, მაინც გვქონდა 6%-ი.

ამ სტატისტიკის და დინამიკის გათვალისწინებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მაჟორიტარული ოლქის 27 მაჟორიტარი კანდიდატიდან „რესპუბლიკურ პარტიას“ აჭარაში 11 კანდიდატი გვყავს, ანუ ექვსივე კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და ხუთი კანდიდატი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. ასე რომ, აჭარის ფლანგი „რესპუბლიკელებისთვის“ არის ძლიერი. იმის მიუხედავად, რამდენად წარმატებული ვიქნებით ქვეყნის მასშტაბით, აჭარაში შედეგი ოდნავ უკეთესი მაინც გვექნება.

რაც შეეხება უშუალოდ კითხვას: ჩვენ ვართ კოალიციური პოლიტიკის წამყვანი ქვეყანაში. ევროპული პოლიტიკა არ არსებობს კოალიციის გარეშე. ძალიან იშვიათად რომელიმე ქვეყანაში ერთ პარტიას ჰქონდეს უმრავლესობა. თანამედროვე ევროპაში ჩვეულებრივ 6-8 პარტიაა პარლამენტში. ასეა სკანდინავიაში, ბალტიაში, ასეა ჩეხეთში, სლოვენიაში, ბალკანეთში. თუ ექვსზე ნაკლებია, ეს ხუთია, ორი კი არ არის. ჩვენს თანაზომად ყველა ქვეყანაში პარტიათა რაოდენობა პარლამეტშიც, რეგიონულ დონეზეც და მუნიციპალურ დონეზე არ არის ხუთზე  ნაკლები.

მე ვთქვი 8 კონკურენტუნარიანი პარტია, როგორც საქართველოს, ისე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ყველა გადალახავს ბარიერს, მაგრამ ამ 8 პარტიიდან მე არ ვვარაუდობ, რომ მინიმუმ ხუთი მაინც არ იქნება გნებავთ საქართველოს პარლამენტში, გნებავთ აჭარის უმაღლეს საბჭოში.

კამპანიის დროს პარტიები ამბობენ ვინ რამდენ მანდატს აიღებს. ჩვენ ამას არასდროს  ვამბობთ. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ 100-ზე მეტს, რადგან ივანიშვლმა ასე თქვა. ხანდახან 113-საც ამბობს – საკონსტიტუციო უმრავლესობას. ანუ 2/3-დან ¾-მდე არის მანდატების ის საოცნებო რაოდენობა, რაზეც ლაპარაკობს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და უკვე გახუნებული ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

უმრავლესობას ავიღებთ – ამბობს მეორე გახუნებული ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. ამ დროს არც ერთი და არც მეორე ოფიციალურად არ არიან პარტიების ხელმძღვანელები. სხვა პარტიებიც კი, ღიმილის მომგვრელია ხოლმე, მაგრამ ამბობენ, რომ ჩვენ მოვდივართ უმრავლესობით. ჩვენ – „რესპუბილკელები“ ვერ მოვდივართ უმრავლესობაში. ჩვენ ამას სულ ვამბობთ. ჩვენ მზად ვართ სახელისუფლო კოალიციაში მუშაობისთვის თუ ის პირობები იქნება დაკმაყოფილებული, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე მზად ვართ ოპოზიციაში მუშაობისთვის. არც ერთმა ევროპულმა პარტიამ, არჩევნების წინ, წინასწარ არ იცის ხელისუფლებაში იქნება, თუ ოპოზიციაში. სხვადასხვა კონფიგურაციაა კოალიციებში. გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა მაგრად წააგეს ბოლო არჩევნები, ისევე როგორც იმის წინა არჩევნები მერკელის „ქრისტიან-დემოკრატებთან“, მაგრამ წინა არჩევნების დროს „ლიბერალებთან“ შეკრა კოალიცია მერკელმა, ამ არჩევნების დროს – „სოციალისტებთან“. ასე რომ წინასწარ არც ერთმა პარტიამ არ იცის, ის პარლამენტში უმრავლესობაშია მოხვდება თუ უმცირესობაში.

ჩვენ გვიადვილდება მუშაობა კოალიციაში, რადგან ჩვენ ვართ პოლიტიკური კომპრომისების მცოდნე პარტია. საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი –  კონსტიტუცია – 1995 წელს  ყველაზე მრავალპარტიულმა ქართულმა პარლამენტმა მიიღო [1992-1995 წლების ქართულ პარლამენტში 9-10 პარტია იყო, ხოლო თითო-ოროლა წარმომადგენელი რომ ჰყავდა, ასეთი სულ 26 იყო]. მაშინ „რესპუბლიკელებს“ 22-კაციანი ფრაქცია გვყავდა და ჩვენმა, წამყვანი ოპოზიციური პარტიის ხმებმა გადაწყვიტა საქართველოს კონსტიტუციის მიღება 2/3-ით. დიახ, მრავალპარტიულმა პარლამენტმა მიიღო ნორმალური კონსტიტუცია.

როგორც კი 2/3 გაუჩნდა მიხეილ სააკაშვილს, შევარდნაძის მაჟორიტარები  გადაბარგდნენ სააკაშვილთან [სააკაშვილი რომ გახდა პრეზიდენტი, მაჟორიტარებმა თქვეს ჩვენ ვართ ხელისუფლების, რა მნიშვნელობა აქვს რომლისო], ანუ 2004 წლის 6 თებერვალს შევარდნაძის მაჟორიტარების დახმარებით სააკაშვილმა სუპერ-საპრეზიდენტო რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო. ასე გააფუჭეს 1995 წლის კარგი კონსტიტუცია და ცუდი კონსტიტუცია დადეს 2004 წელს.

ბოლო არჩევნების შემდეგაც მმართველი პარტია თავიდან რეალურად იყო სამპარტიული. ივანიშვილმა თავიდან დაასახელა „რესპუბლიკური პარტია“ და ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“. მერე დანარჩენი სამი კი დაიმატა, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრაქტიკულად ისევ ივანიშვილს, „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებზე“ ნაწილდებოდა. პარლამენტში მეტწილად „რესპუბლიკელებზე“, მთავრობაში – „თავისუფალ დემოკრატებზე“, 2014 წლის შემოდგომამდე, სანამ „თავისუფალი დემოკრატები“ წავიდოდნენ ოპოზიციაში. შემდეგ, ხელისუფლებაში იყო რამდენიმეთვიანი კრიზისი და ეს კრიზისი მეტ-ნაკლებად ჩაცხრა 2015 წლის მაისიდან, როდესაც „რესპუბლიკელებმა“ პარლამენტში პასუხისმგებლობასთან ერთად დაიმატეს პასუხისმგებლობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში – სამი „რესპუბლიკელი“ მინისტრი იყო 2014 წლის მაისიდან საქართველოს ორპარტიულ კოალიციურ მთავრობაში. ასე, რომ კვაზი კოალიცია საქართველოში პირველად 2012-2016  წლების ხელისუფლებაში იყო, მანამდე არასდროს ყოფილა. მანამდე ლიდერს ჰყავდა 2/3-იანი უმრავლესობა, აორთქლდებოდა ლიდერი – აორთქლდებოდა მისი უმრავლესობაც.

დღეს ჩვენი პირობა არის ასეთი: როგორც კი პროპორციული სიით მიღებული მანდატების რაოდენობა, მაგალითად, „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოჩნდება, ვიდრე მაჟორიტარული სისტემით მანდატების რაოდენობა, ეს ნიშნავს, რომ შენ წინააღმდეგ მიცემული ხმებით შენ მოიპოვე უმრავლესობა.

შესაბამისად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაიზომება 8 ოქტომბერს პირველ ტურში, პროპორციული სიით. თუ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ვთქვათ, 32 მანდატი სიით, ხოლო მეორე ტურები „ნაციონალური მოძრაობის“ მტრის ხატად ქცევით – ეს ტექნოლოგია აქვს ახლა –  მოიგო 60-65 მანდატი მაჟორიტარულ ოლქში [გეგმა აქვთ 100-მდე – 35 სიით 65 მაჟორიტარული ოლქით], ანუ ორჯერ მეტი მაჟორიტარი, ვიდრე სიით, ეს ნიშნავს, რომ 35%-იანი, ანუ 1/3-იანი მხარდაჭერით მიიღო 2/3-იანი უმრავლესობა და ამით მოსტაცე ამომრჩეველს ხმა და განწყობა.

და რას იზამს ეს ამომრჩეველი, ეს პოლიტიკური ძალები რას იზამენ? – ჩვენ კარგა ხნით დავიწყებული ქუჩა გაგვახსენდება. პოლიტიკის ლოგიკა ასეთია: თუ 1/3 აქვს რომელიმე პარტიას ნდობა და პარლამენტში ის ზის 2/3-ით, მაშინ ეს ენერგია წავა ქუჩაში და ისევ იქნება უკან სვლა. ამიტომ გვინდოდა ჩვენ რომელიმე ისეთი საარჩევნო სისტემა – მაგალითად, გერმანული მოდელი, რეგიონულ-პროპორციული სისტემა, სადაც რამდენი ხმაც გაქვს, იმის ადექვატური წარმომადგენლობა გყავს. თუ აცდენილია მანდატების რაოდენობა რეალურ მხარდაჭერას, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ენერგია არ შეუშვეს დარბაზში, ამიტომ ის დადგება რუსთაველზე.

უკვე 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებისთვის 100-ათასიანი მიტინგი იქნება თბილისში. შესაბამისად, 15-20-ათასიანი ბათუმში. ამის გამოცდილება ხომ გვაქვს, სააკაშვილის დროსაც ეს ხდებოდა და შევარდნაძის დროსაც.

თქვენ მეტ-ნაკლებად იცნობთ მიხეილ სააკაშვილს. ასევე კარგად გახსოვთ 2003 წლის 23 ოქტომბერი, როდესაც ასლან აბაშიძეს „საძინებელში შეუვარდით“ – როგორც თვითონ თქვა. ხომ არ ფიქრობთ, რომ რაიმე მსგავსი სიურპრიზი ახლაც შეიძლება ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილს პროცესში გარდატეხის შესატანად? ელოდებით მას ამ არჩევნებზე თუნდაც სარფის საზღვარზე?   

არ ველოდები იმიტომ, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, მას ვიცნობ. მე არ ვიცნობ მიხეილ სააკაშვილზე მშიშარა არც ერთ ადამიანს. 2003 წლის 23 ოქტომბერს მიხეილ სააკშავილი აჭარაში არ ყოფილა, მაგრამ მერე მას შეეხარბა, რომ პოლიტიკური დივიდენდები სხვებმა მივიღეთ კაი ჟეჟვის ფასად და მოიფიქრა, რომ ბათუმში ვიყავი და აჭარულ ხაჭაპურს ვჭამდიო. მე მაშინ ვუთხარი, მიშა, ნუ იბრალებ, არავინ გდებს ბრალს იმაში, რატომ არ იყავი ბათუმში, არავითარ აჭარულ ხაჭაპურს არ ჭამდი და სასაცილოდ ნუ ჩაიგდებ თავს-მეთქი. რა თქმა უნდა, მაშინ ის არ იყო აქ და მე როცა ვახსენე, რომ ის არ არის ყველაზე გულადი ადამიანი, ვისაც მე ვიცნობ ამის დასტურია, რომ სააკაშვილი მაშინ აქ არ იქნებოდა.

ანუ ჩამოვა თუ არა?

ქვეყანაში არ არის რევოლუციური ვითარება. 2003 წელთან ანალოგია არის არასწორი და სააკშვილის ადეკვატურობაზე მე მაქვს ჩემი წარმოდგენები. მე მგონი, მას ადეკვატურობის პრობლემა აქვს ამჟამად, ისევ როგორც ივანიშვილს გაუჩნდა იგივე პრობლემა. ძალიან დაემსგავსნენ ერთმანეთს – ივანიშვილი რაღაცით აბაშიძეს დაემსგავსა, რაღაცით სააკაშვილს. აბაშიძის განდიდების მანია, დევნის მანიაც [ასლანს ეტყობოდა, რომ ორივე ჰქონდა], როგორც ჩანს, დაემართა ივანიშვილსაც.

დევნის მანიაში რას გულისხმობთ?

თუ ივანიშვილი არჩევნებს წააგებს, მისი უსაფრთხოება გარანტირებული არ არის. მას ეს აშინებს. მას ორი რამ აშინებს – დასდევს სააკაშვილის აჩრდილი, რომელიც უკვე დამარცხებულია. დამარცხებული სააკაშვილის რეანიმაციის არავითარი ობიექტური საფუძველი ქვეყანაში არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს ვერ იგებს და მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობას აგებს. ეს სრულიად მკაფიოა. პროპორციულ სიაშიც „ნაციონალური მოძრაობა“ 50%-ს ვერ მიიღებს, ეს ხომ ყველამ ვიცით.

2003 წელს მიშას და ჩვენმა ბლოკმა მართლა მიიღო პირველი ადგილი და მართლა წაგვართვეს არჩევნები. მართლა დაგვარბიეს 23 ოქტომბერს ბათუმში და მართლა გახდა ასლან აბაშიძე პოლიტიკური კეთრი. აბაშიძე დასაჯა ქართველმა ამომრჩეველმა 23 ოქტომბრის მიტინგის ასე უმოწყალოდ დარბევისთვის და ჩოლოქზე ათობით ადამიანის დახვედრებისთვის, რომლებმაც მანქანიდან გადამათრიეს და მთელი საქართველოს დასანახად… მოკლედ, რუსის ბარაბანს არ მოხვედრია, იქ მე რომ მომხვდა. ამ არაპოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის აბაშიძე დასაჯა ქართველმა ამომრჩეველმა – ჩოლოქს გაღმა „აღორძინებამ“ მაშინ მიიღო სულ 25 ათასი ხმა, როცა უამრავი ფული ჰქონდა დახარჯული. მაშინ მიხეილ სააკაშვილიც იყო პოპულარული, მას აბაშიძემ და შევარდნაძემ მოპარეს ხმები და ქართველმა ხალხმა, იმ ამომრჩეველმა, ვინც მაშინ ჩვენს ბლოკს მისცა ხმა, თქვა, რომ ჩვენს ხმებს დავიცავთო და გამოვიდა ქუჩაში.

მიხეილ სააკაშვილს ახლა სიურპრიზების რესურს არ აქვს. სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულიება [გარდა იმისა, რომ ადამიანს აქვს უფლება არ იყოს მთლად გულადი] ძალიან მკაფიო გახდა მაშინ, როცა ლევანზე თქვა, შნურით არის მიბმული რუსეთის საელჩოზეო, როცა 7 ნოემბერი აკადრა ქართველ ერს. მაგრამ როდესაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში ჩინოვნიკობისთვის უარს იტყვი საკუთარი ქვეყნის პასპორტზე, ჩემთვის ის პოლიტიკოსი დამთავრებულია. მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის არის ყველაზე სამარცხვინო ადამიანი, ვისაც ხელში ოდესმე ჭერია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რადგან მან უარი თქვა ქვეყნის მოქალაქეობაზე ოდესის გუბერნატორობის სანაცვლოდ.

თუმცა, მის პარტიას საკმაოდ დასაყრდენი ჰყავს ბათუმში, როგორც თავად ამბობენ. და რატომ გამორიცხავთ, რომ ის თურქეთის მხარეს სარფში მართლა ჩამოვიდეს?

სასაცილო იქნება სარფიდან თუ დააპირებს პროცესების მართვას. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ შემოვა – მას ერთი საათით გაჩერება არ შეუძლია საკანში, სხვებისგან განსხვავებით. მე როცა ვამბობ, ის არ არის გულადი ადამიანი, მე ვიცი მიხეილ სააკაშვილის კოშმარული წარმოდგენები მის შესაძლო დაპატიმრებაზე. სხვათა შორის, ივანიშვილსაც აქვს საჯაროდ ნათქვამი, რომ მე ყოველთვის ვიცოდი ისე უნდა მეცხოვრა, ისე უნდა მემოქმედა,  [„ვედემოსტის“ მისცა ინტერვიუ 2005-ში თუ 2006-ში] რომ არ უნდა დავეჭირეო. და მერე საქართველოში ეს გაიმეორა.

არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათ ცხოვრებაში გამორიცხული უნდა იყოს საკანი, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათ ცხოვრებაში მათი იდეების რეალიზება გადის ნამდვილ საკნებზე.

თქვენ ამბობთ, რომ ხართ დისიდენტური წარმომავლობის 38 წლის პარტია. დისიდენტები, როგორც წესი, გადამწყვეტ როლ ასრულებდნენ საზოგადოების გამოღვიძების საქმეში. თუმცა, ასევე ცნობილია, რომ სახელმწიფოებს მართვის სადავეებს ყოველთვის თუ არა, ძირითადად ხელში იღებენ ის პარტიები, როლებსაც არადისიდენტი  პოლიტიკოსები მართავენ. ეს ფაქტორი სომ არ გიშლით ხელს, რომ ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც ვერ აიღეთ ხელში ძალაუფლება?

მე ვფიქრობ არა, რადგან ჩვენ სამი თაობის პარტია ვართ. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ წარსულის მქონე მომავლის პარტია. ჩვენი პარტიის სათავეებთან იდგნენ დისისდენტები. მათგან ორი დღეს პარლამენტის წევრია – ლევანი და მე, ანუ ვართ აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე და 8 წლის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარე [2005-13 წლებში] დათო უსუფაშვილი იყო, რომელსაც არ აქვს დისიდენტური წარმომავლობა და ძალიან პრაგმატული ხელმძღვანელი იყო. ახლა პარტიის თავმჯდომარე არის ხათუნა სამნიძე, რომელიც იმ წელს დაიბადა, როცა დაიბადა „რესპუბლიკური პარტია“, ანუ ძალიან ახალგაზრდაა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ ამავე დროს 11-წლიანი სტაჟი აქვს „რესპუბლიკურ პარტიაში“ ყოფნის, აქვს უმაღლეს საბჭოში მუშაობის და თბილისის საკრებულოში ფრაქციის ხელმძღვანელობის გამოცდილება. ჩვენ ორიენტირებულები ვართ განახლებაზე, ჩვენ არ დავრჩით წარსულში.

ივანიშვილზეც მინდა გკითხოთ. მან თქვა, რომ ის წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ ჩანს, რომ ვერ წავიდა. თქვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი თუ იყენებს ჩრდილოვან მმართველობას თავისი ბიზნესინტერესებისთვის? თქვენ თქვით, რომ მას აქვს შიშები, შესაბამისად, ხომ არ ელოდებით ციხის კადრების მსგავს სიურპრიზებს, პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად?

აქამდე მას ბიზნესინტერესები საქართველოში არ ეტყობოდა. აქამდე ის ფულს შოულობდა სხვაგან და ხარჯავდა საქართველოში. ახლა აქვს თუ არა საქართველოში მას რაიმე ბიზნესინტერესი, ამის თაობაზე ვერ გეტყვით. თუმცა ის, რომ პატარა ეკონომიკის ქვეყანაში არც თუ სასარგებლო და გაუგებარ „პანორამაში“, რომელშიც 600 თუ კიდევ მეტი მილიონი უნდა დაიხარჯოს… ასეთ დიდ ბიზნესპროექტებში ეკონომიკური ინტერესები რომ გამოამჟღავნა, შესაძლოა ვფიქრობდეთ, რომ არის არა იმდენად ფინანსური მოგებისთვის [შეიძლება სხვაგან ამხელა ინვესტიციით მეტი დივიდენდი მიეღო]… მაგრამ თუ ის იქნება მონოპოლისტი დამსაქმებელი, ბუნებრივია, მას ექნება გავლენა პოლიტიკურ პროცესზეც. ამიტომ ვამბობთ ჩვენ – გავთავისუფლდეთ მონოპოლიებისგან პოლიტიკაში, ეკონომიკაში და მედიაში.

ამხელა ფულადი რესურსის დახარჯვა სჭირდება ძალაუფლებისთვის და უსაფრთხოებისთვის. მე ვფიქრობ, მისი მთავარი პრობლემაა ფიქრი საკუთარ უსაფრთხოებაზე.

რატომ აქვს მას ეს შიშები, თქვენი აზრით?

ეს ფსიქოტიპზეა დამოკიდებული. რატომ ჰქონდა ასლან აბაშიძეს შიში, რატომ ჰქონდა მიხეილ სააკშვილს შიში? იმათგან განსხვავებით ბიძინა ივანიშვილი პიროვნულად ვერ ვიტყვი, რომ მშიშარა კაცია. პირიქით, პიროვნულად არანაირად არ არის მშიშარა. მაგრამ ორი რამ არის მისთვის პოლიტიკაში დაღდასმული. მას სააკაშვილის აჩრდილი დასდევს. მეორე, მან შიდა კოალიციაში  ყველაზე ახლო პარტნიორად დაინახა „რესპუბლიკური პარტია“ და ყველაზე ახლო პერსონალურ პარტნიორად დათო უსუფაშვილი, რომელიც  ვერ აქცია მის ვეზირად. ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც ასლან აბაშიძეს, ისევე როგორც მიხეილს სააკაშვილს, არ შეუძლია პარტნიორობა. მას შეუძლია მხოლოდ პატრონობა. მას აქვს პრეტენზია, რომ არის კეთილი და მკაცრი პატრონი. „რესპუბლიკელები“ ვერასოდეს შევეგუებით, რომ ვინმე იყოს ჩვენი პატრონი, ჩვენ მზად ვიყავით პარტნიორობისთვის.

არავინ, ჩვენ გარდა, კოალიციაში მას მკვეთრად არც პირველ ოქტომბრამდე და არც მერე არ დაპირისპირებია. ის, რაც ახლა გარეთ გამოიტანა ივანიშვილმა და თქვა, რომ „რესპუბლიკელებისთვის“ სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება „რესპუბლიკური პარტია“ და მთავრდება იქ, სადაც მთავრდება „რესპუბლიკური პარტიაო“, ამგვარი რამ მან 2012 წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ არჩევნებამდე თქვა პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე. მე და ბიძინა გვერდიგვერდ ვისხედით ხოლმე პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ძალიან მკაცრად ვუპასუხე, რომ ასეთი შეფასება არავისგან, არც პიროვნულად არც პარტიულად არ მიმიღია, არ ამიტანია,  არ მივიღებ, არ ავიტან და თუ გინდა ეს კარგად აგიხსნა, აგერ არის შენი კაბინეტი და შევიდეთ-მეთქი. მე სიტყვა სიტყვით ამის ციტირებას ვახდენ. მან მოთოკა თავი, თქვა, რომ მე ახლა გავალ და 20 წუთში დავბრუნდებიო. საათნახევარში დაბრუნდა და ამ თემას არ შეხებია, რაღაც კითხვა დასვა საჩემო, მე გავეცი პასუხი. თქვა, რომ დათო მართალიაო და დამთავრდა ეს შეხვედრა.

რამდენიმე ასეთი დაძაბულობა ჩვენს ურთიერთობებში ყოფილა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა მაინც ჩათვალა, რომ რაკი დათო უსუფაშვილი უფრო მომწესრიგებელ-მომრიგებელია, დათომ ბევრი ხანძარი ჩააქრო ამ წლების განმავლობაში [მე უფრო მკვეთრი ვარ პოზიციების გამოხატვაში], უკადრებელი აკადრა საკუთარ თავს, როცა უთხრა, რომ შენი პარტია დატოვე, წამოდი ჩემს პარტიაში და შეინარჩუნე მაღალი თანამდებობაო. ამით ბიძინა ივანიშვილმა გაამხილა, რომ მას ელემენტარული ქცევის წესები არ უსწავლია. არ შეიძლება არჩევნების წინ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარტიის სიის პირველ ნომერს უთხრა, რომ მიატოვე შენი პარტია და ჩემთან წამოდი, შენი კეთილდღეობა ჩემთან იყოს, მე შენი პატრონი ვიქნებიო. მაგრამ მას 100-დან 99 შემთხვევაში ეს გაუვიდა.

ბიძინა ივანიშვილის ხაზი როგორია: სასამართლო ხელისუფლებაში სააკაშვილის დანიშნული და ერთგული ყმა მოსამართლეები მურუსიძის სახით გადმოიბირა და საკუთარი ხელისუფლების ყმა მოსამართლეებად აქცია. მას აქვს პატრონ-ყმური დამოკიდებულება და უთხრა კოლექტიურ მურუსიძეს – შენი პატრონი იყო სააკაშვილი, შენი პატრონი ახლა ვარ მე. თუ შენ კადრულობდი სააკაშვილის ყმობას, მაშინ აიტანე ჩემი ყმობაც და მურუსიძემ იკადრა და აიტანა ყმობა. პოლიტიკაში 12 კაცი რომ გადმოვიდა კოალიციის მხარეს, ჩვენ ამის წინაარმდეგი ვიყავით. „თავისუფალი დემოკრატების“ წასვლის შემდეგ არ იშლებოდა უმრავლესობა, ზუსტად 76 რჩებოდა „რესპუბლიკელების“ ჩათვლით, მაგრამ არ გვენდნენ, ამიტომ დაიმატეს ის 12 ყოფილი „ნაციონალი“, ყოფილი შევარდნაძისტი.

ივანიშვილს მადლობა 2012 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილის ძალიან სახიფათო რეჟიმის მშვიდობიანი, არჩევნების გზით დაძლევაში მიღებული განსაკუთრებული როლისთვის. ისევე როგორც საკაშვილმა მშვიდობანად შევარდნაძის და განსაკუთრებით აბაშიძის გასტუმრება შეძლო ჩემს ხარჯზე, რესპუბლიკელების, აჭარაში მცხოვრები ადამიანების განსაკუთრებულ აქტურობის ხარჯზე, მაგრამ პრეზიდენტი ის იყო. მე არასოდეს დავუკარგავ სააკაშვილს ამ დამსახურებას, რომ მშვიდობიანად მოწესრიგდა ეს, მაგრამ მერე ბევრი ცუდი გააკეთა. ივანიშვილმაც 2012 წელს მარვალპარტიული პოლუსი დაუპირისპირა სააკაშვილის ერთპარტიულ პოლუსს. ამას 2016 წელს უნდა მოყოლოდა მრავალპარტიულობა, მაგრამ არა – ერთპარტიულობა მინდაო.

შესაბამისად, 8 ოქტომბერს არჩევნებზე რამდენჯერაც მეტ ხმასაც ავიღებთ, მით მეტად გამოჩნდება სრული გაკოტრება ივანიშვილის ანალიტიკური მცდელობების. ჩამოლაბორანტდა ივანიშვილი სააკაშვილამდე და გახდა 2012 წლის სააკაშვილის კლონი.

არჩევნების შედეგების მიუხედავად, ვინ რა კვოტით შევა საკანონმდებლო ორგანოებში, პრორუსული და პროევროპული პარტიების მანდატები როგორ გადანაწილდება, რა იქნება საქართველოს შემდეგი ოთხი წლის გამოწვევა?

საუკეთესო შედეგი იქნება იმ შემთხვაში, თუ გამოკვეთილი უმრავლესობა ჯამურად ექნება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და ჯგუფებს, რომლებიც არიან პროდასავლელები. „ქართულ ოცნებაში“ არიან პროდასავლელები, პროსაბჭოელებიც და არიან მედროვეებიც. „რესპუბლიკელები“ ვართ პროდასავლელები, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ასევე. „რესპუბლიკელებს“ გვინდა დემოკრატიული მოდერნიზაცია, „ნაციონალებს“ აქამდე ჰქონდათ მოდერნიზაცია დემოკრატიის გარეშე. „ნაციონალების“ მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათი გადაწყვეტილების მიღების ცენტრი არის ქვეყნის გარეთ, ძებნილ სააკაშვილზე.

მე დარწმუნებული ვარ, ვექტორი ვერ შეიცვლება. 2008 წლის პლებისციტის შედეგები, რაც ქართველმა ხალხმა მიიღო, არ გადახედილა, არც ერთი კვლევა ამას არ ადასტურებს. ამის გასაძლიერებლად შემოვიტანეთ „რესპუბლიკელებმა“ ახალი იდეა – ამერიკული ბაზა საქართველოში. ამერიკული უსაფრთხოება, ევროპის კეთილდღეობა – ეს არის ჩვენი ამოცანა. ყველა ქვეყანა, სადაც არის ამერიკის ბაზა, დაცულია. მილიონახევრიანი ესტონეთი ყოჩაღად იმიტომ არის, რომ ამერიკელებითაა დაცულია. რისკები კიდევ უფრო გაღრმავდა ბოლო დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ფაქტორის გამო, თურქეთში მომხდარი ვერშემდაგრი პუტჩის გამო, რომელიც ერდოღანის ხელისუფლებამ ძალიან მძიმე რესპრესიებისთვის გამოიყენა და გართულებულია ვითარება. ასეთ დროს მეტი სიფრთხილე გვმართებს ჩვენ – ერთი მხრივ, სტრატეგიული პარტნიორია თურქეთი, მეორე მხრივ – ყოფილი მეტროპოლიაა. ისევე როგორც რუსეთში – თურქეთშიც არიან ისეთი თავები, რომელთაც მე-16 საუკუნის ოსმალეთის იმპერია უყვართ. ჩვენი ტელეარხები კი  მეტროპოლიის სიძლიერის ამსახველ პოპულარულ სერიალებს  აჩვენება.

„რესპუბლიკელები“ ერთი მხრივ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ თურქეთი სტრატეგიული პარტნიორია და არ შეიძლება მტრის ხატის შექმნა. არ შეიძლება ქვეყანა, რომელთანაც გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, გამოაცხადო ოკუპანტად. ეს უცოდინარობაა. საფრანგეთი და გერმანია რამდენჯერ არიან ერთმანეთის ოკუპანტები, ხომ?! თურქეთის ოკუპანტად გამოცხადება ეს არის არასწორი გზა. მომავლისთვის სახიფათოა, რომ თარხან-მოურავი კენჭს იყრის აჭარის უმაღლეს საბჭოში და არა პარლამენტში. ვფიქრობ, ეს არის ქვეყნის გარეთ დაგეგმილი პოლიტიკური პროვოკაციის შემადგენელი ნაწილი.

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ანტითურქული, ანტიმუსლიმური აქტიურობა, ეს იყოს მათი უშუალო გადაწყვეტილება მხოლოდ. მე არ განვიხილავ მათ, როგორც ქართულ პარტიას, მათი გადაწყვეტილების მიღების ცენტრი, არ ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ მათ პარტიულ ოფისშია. როგორც ჩანს, ერთი ნაწილი გადაწყვეტილების მიღებისა თანხმდება ქართულ სუს-თან და ივანიშვილთან, შესაძლოა ივანიშვილიც კი არ იყოს საქმის კურსში ან იყოს და თვლიდეს, რომ ეს სჭირდება თავის პოლიტიკურ ჭადრაკის დაფაზე და მეორე ნაწილი გადაწყვეტილების იყოს ქვეყნის გარეთ. ეს არის ერთი სახიფათო გადახრა.

მეორე ტიპის გადახრა – ეს არის ლევან ვარშალომიძის გადახრა, რომელმაც თურქეთის მთავარ გაზეთ „ჰურიეთში“ თქვა [არ უარყო] – „ერთი ხალხი ორ სახელმწიფოში“. ნური ძნელაძე, ჩვენი კანდიდატი ბათუმში არის თურქოლოგი, კარგად ფლობს თურქულს. სპეციალურად წაიკითხა ეს სტატია და თქვა, რომ კი, ასე წერია. ეს მეორე გადახრა – არც ქართველების ნიველირება და თურქებში ათქვეფა, რითაც კოჭი გაუგორა ლევან ვარშალომიძემ მთავარ თურქულ გაზეთს, არ არის ქართული პოლიტიკა და არც თურქებისგან მტრის ხატის შექმნა.

რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობები და ის სისულელეები სტატისტიკაზე, რომ თითქოს 25 თუ 40 ათასია თურქია ბათუმში მოქალაქეობის მქონე, სახიფათოა. თქვენმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ ჯამში 5802-ია მთელ საქართველოში თურქეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა.

რუსეთის რბილი ძალა არც ისე რბილია. პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის 25-წლიან ისტორიაში ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე გაჩნდა ანტიდასავლური პრორუსული ძალები. იგორ გიორგაძის და კომპარტიის ბუტაფორიები არ ითვლება, იმათ შედეგი არ ჰქონდათ. პირველად საქართველოს პარლამენტში, როგორც ჩანს შევა ხალხი, რომელთა ერთი ნაწილი იძახის – „უბლოკო სტატუსი“. ანუ ცხინვალსა და აფხაზეთში დგანან რუსები, ჩვენ კი ნატოს უნდა ვუთხრათ, რომ თქვენთან აღარ გვინდა… რუსები ისევ აქ იქნებიან და ამის მერე ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას, იქნებ კეთილი ინებონ და წავიდნენ, ანუ საქართველოში იდგეს რუსის ჯარი, მაგრამ ჩვენ არ ვიყოთ ფორმალურად რუსეთის სამხედრო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში. ეს არის ბურჯანაძის ხაზი.

ანუ შემდეგი ოთხი წელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წლები იქნება?

არა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტის წევრების დიდი უმრავლესობა იქნება გამოკვეთილი პროდასაველი პოლიტიკის მომხრე ხალხი, მაგრამ უკვე პირველად ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში გვეყოლება ფრაქცია ან ფრაქციები, რომლებიც  იქნებიან რუსული ბაცილა, ანტიევროპული, ანტიამერიკული, ანტიდასავლური ბაცილა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში არ ყოფილა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის  პირადი და პოლიტიკური შეცდომა, რომელიც დადგა მისი არაკვალიფიციურობის გამო, „ასავალ-დასავალთან“ ფლირტის გამო, „პატრიოტთა ალიანსთან“ დაახლოების გამო და ასე შემდეგ.

მე არ ვიცი რამდენად დამსდევს ბიძინა ივანიშვილი – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობაც კი არ ემეტება ჩემთვის და ამიტომ არის თარხან-მოურავი ჩვენ წინააღმდეგ გამოშვებული თუ… მაგრამ ეს უფრო ქვეყნის გარეთ მიღებული გადაწყვეტილება მგონია, რომ აჭარაში თარხან-მოურავმა, „პატრიოტთა ალიანსმა“ რაღაცების არევა დააპიროს. თუმცა ის ვერაფერს შეძლებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: