მთავარი

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

07.10.2016 • 1737
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

ავტორი: სულხან ღლონტი

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში აქტიურად არ ვარ ჩართული და როგორც კანდიდატი არ ვმონაწილეობ საარჩევნო პროცესში, როგორც ჯერ კიდევ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი ჩემი მოსაზრება გავუზიარო მკითხველს არჩევნებთან დაკავშირებით.

არჩევნების არსი მდგომარებას იმაში, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შანსი გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება, გააკეთონ არჩევანი თუ როგორი ხელისუფლება უნდათ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ეს არის შესაძლებლობა, რომლის დროსაც  დანარჩენ მსოფლიოს ვეუბნებით, როგორი საზოგადოება ვართ.  ამას ამბობს ის არჩევანი, რომელსაც ვაკეთებთ და ჩვენი გამოხატული ნებით მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე ვაყენებთ ლეგიტიმურ პრეტენზიას აღქმული ვიყოთ როგორც ფასეულობებზე მყარად მდგარი საზოგადოება, ან ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა მენტალურ სივრცეს ვერ ვაღწევთ თავს.

წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, დღეს საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს შესაძლებლობა, ყოველგვარი ძალდატანების, შანტაჟის, რისკის გარეშე ჩვენი ნება გამოვხატოთ თავისუფლად და მშვიდ გარემოში. ამის თქმის საფუძველს მაძლევს 2012 წლის შემდეგ ჩატარებული ყველა არჩვენები, მცირე ინციდენტების გამოკლებით. ეს იყო არჩევნები, რომელიც დემოკრატიის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებდა. ეს ყველაფერი  ასახულია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებში.

ასევე ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის პირადი ნეგატიური გამოცდილება, რომელიც 2003 წლიდან ყველა არჩევნებზე პირადად მაქვს ნანახი და რომელსაც ვებრძოდი. ეს იყო ბრძოლა, რომელიც თავისი შინაარსით იყო თავისუფალი არჩევანის უფლების მოპოვებისთვის გამართული ბრძოლა, რომელმაც საბოლოო შედეგი გამოიღო. არ მინდა მკითხველმა ჩათვალოს, თითქოს ვფიქრობ, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. რა თქმა უნდა – არა, მაგრამ წინარე გამოცდილებები პროგრესის დანახვის საფუძველს იძლევა.

პროგრესული საზოგადოება ეს არ არის მხოლოდ სადამკვირვებლო მისიების მიერ დადებული დასკვნების შინაარსი. ეს არის ის ჰუმანური სივრცე, სადაც მე, როგორც პოლიტიკოსი და როგორც მოქალაქე, ვხედავ ჩემს ქვეყანას მომავალში. ჩვენი რეგიონალური სპეციფიკის გათვალისწინებით, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ერთადერთი შანსი და ეს შანსი არის ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელშიც გადაწყვეტილებას იღებს მოქალაქე და არა ერთი ჯგუფი, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას ძალადობაზე აფუძნებს.

პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა

ეს ის მემკვიდრეობაა, რომელსაც მეცნიერები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იკვლევენ და რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოების ქცევას. ასე მაგალითად, დღეს შეხვდებით ამომრჩეველს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლება უნდა იყენებდეს ძალასა თუ რეპრესიებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ,  რადგან სხვაგვარად ქვეყანას ვერ მართავს. ეს არის საბჭოთა მენტალობის ინერცია. ასეთი ხალხი მზად არის ისევ აირჩიოს სააკაშვილი, იმიტომ რომ გაუცნობიერებლად, თვითონ რეპრესიული სისტემის ნაწილად თვლის თავს და, როგორც წესი, ასეთი სისტემა იშვიათი გამონაკლისის გარდა არ ძალადობს საკუთარ მომხრეებზე. არ ძალადობს იმის გამო, რომ ასეთი ადამიანების ემოციურ თანხმობაზე დგას რეპრესიული აპარატი. არის ხალხი, ვინც კლავს, უკანონოდ აპატიმრებს, ართმევს კერძო საკუთრებას. ასეთ ხალხს აუცილებლად სჭირდება მხარდამჭერები, რომლებიც სისტემურ ძალადობას აღიქვამენ როგორც ნორმას. სინამდვილეში  ეს არის მექანიზმი, რომელიც თანამედროვე დროში საბჭოთა აზროვნებას გადმოყვა და საარჩევნო უბნებთან მათი გადაწყვეტილებები დაეჭირათ მხარი ნაციონალური მოძრაობისთვის, წლების მანძილზე ტანჯავდა მთელს საზოგადოებას.

ეს ერთი მაგალითია იმ სიმახინჯის, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა კვებავდა და კვებავს ამომჩეველს, მაგრამ არსებობს ასევე რამდენიმე სხვა არგუმენტი, რომელსაც ისინი იყენებენ მოქალაქეების დასარწმუნებლად, მაგალითად:  სააკაშვილის მთავრობის დროს იყო თითქოს კარგი და ეფექტური მმართველობა.

შევეცდები წარმოგიდგინოთ თანამედროვე მსოფლიოს ხედვა, თუ როგორია ეფექტური მთავრობა და კარგი მმართველობა.

კარგი მმართველობა (Good governance)

ზემოთმოყვანილი მოდელისგან განსხვავებული ლოგიკით იმართება მსოფლიოს განვითარებული ნაწილი და ამ მოდელების კრებითი სახელია – კარგი მმართველობა. მარტივი ანალიზიც საკმარისია იმისათვის, რომ მოქალაქე დარწმუნდეს რამდენად შორს იდგა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება იმისგან, რაზეც დღემდე აცხადებენ პრეტენზიას. კარგი მმართველობის მახასითებელი შემდეგია:

  • კანონის უზენაესობა;
  • ადამიანის უფლებები;
  • ანგარიშვალდებულება;
  • გამჭვირვალობა;
  • მიუკერძოებლობა;
  • მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
  • კონსესუსზე ორიენტირება და ა.შ

ეს მცირედი ჩამონათვალია იმ აუცილებელი კრიტერიუმებისა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ხელისუფლება, რომელსაც პრეტენზია აქვს კარგ მმართველობაზე. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს სტანდარტი იყო უგულვებელყოფილი სააკაშვილის ხელისუფების მმართველობის დროს. როგორც კი ხელისუფლებას ამ სტანდარტებს ჩამოაშორებ, ხელში გრჩება ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მაჩვენებლები და დეჰუმანური გარემო.

კარგი მმართველობის აუცილებელი პირობაა, ხელისუფლებამ შექმნას პრობლემების მოგვარების ისეთი სტრატეგია, რომელიც არ წარმოშობს სხვა პრობლემებს. მაგალითად, კანონის უზენაესობა დაამყარო ისე, რომ ჰუმანიზმი იყოს საკანონმდებლო საფუძვლად აღებული და ყველაფერზე ციხეში არ უშვებდეს მოქალაქეს. ინფრასტრუქტურა ააშენოს ისე, რომ კერძო საკუთრება იყოს დაცული. შექმნას ისეთ საგადასახადო სისტემა, რომელიც ბიზნესს მისცემს მყარ გარანტიებს რეინვესტირების, განვითარების და არა ისეთი, რომელიც პერმანენტულად გუდავს არსებულ ბიზნესებს და ამით ლახავს დასაქმებულის და ასევე დამსაქმებლის უფლებებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვერც ერთ ზემოთ განხილულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა ცხრაწლიანი მმართველობა და, შესაბამისად, ჩემი რწმენით, ისინი აღარ იმსახურებენ ამომრჩევლის ნდობას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, არჩევნებამდე  ერთი დღით ადრე, ღიად და ცხადად კიდევ ერთხელ მეთქვა ჩემი მოსაზრება, თუ რატომ არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ნდობა.

მოსაზრება ასევე მიმართულია იმისკენ, რომ ზედმეტი ემოციების გარეშე შემედარებინა თანამედროვე სტანდარტები და ის მმართველობა, რომელიც წლების მანძილზე ავტორიტარიზმს ქმნიდა და ამას ყველაფერს დემოკრატიის სახელით აკეთებდა.

თუ ზემოთ ჩამოყალიბებულ ლოგიკას ვეთანხმებით, რომ  ყოფილი მთავრობას საკუთარი მართვის ფილოსოფიიდან გამომდინარე პროგრესის მოტანა არ შეუძლია, მაშინ ხელისუფლებაში დაბრუნება ერთადერთ მიზნით სურს და ეს სურვილი არის შურისძიება ოპონენტებზე, მათგან განსხვავებულ საზოგადოებაზე. შურისძიებით აღსავსე ნაციონალური მოძრაობა კი უნდა დამარცხდეს!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: