კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

გასაიდუმლოებული ინვესტორები

04.10.2016 • 2059
გასაიდუმლოებული ინვესტორები

აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს, თუმცა მსხვილი ინვესტორების სიას არ ასაჯაროებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ  „ინვესტორების უმრავლესობა სამინისტროსთან ვალდებულების არმქონე კომპანიებია და ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას“.

აჭარის რეგიონში განხორციელებული უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების შესახებ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგიონში გაზრდილია უცხოური ინვესტიციები, თუმცა შემცირებულია ადგილობრივი ინვესტიციები. მაგალითად, 2013 წელს განხორციელდა 69 მილიონი აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია, 2015 წელს კი – 279 მილიონი აშშ დოლარის. რაც შეეხება ადგილობრივ ინვესტიციებს, შესაბამისად, 126 მილიონი და 87 მილიონი.

ის დარგები, რომლებზეც ყველაზე მეტი ინვესტიცია მოდის რეგიონში 2013-2016 პერიოდში, არის:

  • ტურიზმი [383,9 მლნ. აშშ დოლარი],
  • ენერგეტიკა [311 მლნ.], მშენებლობა [303,6 მლნ.],
  • სოფლის მეურნეობა [18 მლნ.],
  • მრეწველობა [14,3 მლნ.],
  • დანარჩენი დარგები ერთად აღებული – 14,8 მლნ აშშ დოლარი.

2015 წელს, წინა წელთან შედარებით, ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში 7 მილიონი დოლარით შემცირდა, ენერგეტიკაში კი თითქმის 100 მილიონით გაიზარდა; 4 მილიონი დოლარით შემცირდა იმავე პერიოდში ინვესტიციები მშენებლობის დარგშიც.

2016 წლის იანვრიდან დღემდე, რა ღონისძიებები გაატარა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით? – ამ კითხვაზე სამინისტროს პასუხი ასეთია: „2016 წელს მოხდა ახალი საინვესტიციო საპრომოუშენო მასალების შემუშავება და ბეჭდვა, მასალები გამოიცა 2 ენაზე [ინგლისურად და რუსულად]; განახლდა/მომზადდა პრეზენტაციები რეგიონის წამყვანი სექტორების შესახებ; „საერთაშორისო საინვესტიციო ტურების ორგანიზების“ ფარგლებში რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენის მიზნით მოეწყო ბიზნესფორუმი პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, სადაც ჩატარდა პრეზენტაციები 100-ზე მეტი პოლონელი ბიზნესმენისთვის; მოეწყო ბიზნესფორუმი უკრაინაში ქალაქ ნიკოლაევში, სადაც ჩატარდა პრეზენტაციები 120-ზე მეტი უკრაინელი ბიზნესმენისთვის; მიმდინარეობს მუშაობა ორი საინვესტიციო ფორუმის ჩატარების მიზნით და ასევე რეგიონის საინვესტიციო ვიდეოს განახლებაზე“.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ კუთხით, სამინისტროში აცხადებენ, რომ „2017 წელს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის იგეგმება 295 ათასი ლარის გამოყოფა. რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ბიზნესფორუმები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. დაგეგმილია ბიზნესფორუმის ჩატარება, როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად. 2017 წელს მომზადდება და დაიბეჭდება ახალი საინვესტიციო საპრომოუშენო მასალები, განახლებული ინფორმაციით“.

მომავალ წელს, სავარაუდოდ, სამინისტრო „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამასაც“ განახორციელებს, რისთვისაც დაახლოებით 320 400 ლარი იქნება გათვალისწინებული.

„ბათუმელებმა“ სამინისტროსგან იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალიც გამოითხოვა, რომელთა განხორციელება სამომავლოდ იგეგმება აჭარაში. იმ ხუთ პროექტში, რომელთა განხორციელებაც სამინისტროს „სამომავლო გეგმებშია“, არის „ბათუმის სტადიონი“, „მეტრო სითი 2“ და გმირთა ხეივანსა და ახალ ბულვარში მიმდინარე მშენებლობები:

  • „20 000 მაყურებელზე გათვლილი ბათუმის საფეხბურთო სტადიონი – პროექტის ღირებულება 33 მლნ დოლარი; უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტები; ტერიტორიის ფართობი 8 ჰა.
  • შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“, სასტუმრო „მეტრო სითი 2“ – აღნიშნული პროექტით რეგიონში 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელდება. 23-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი მინიმუმ 800-ნომრიანი იქნება. აღნიშნული ინვესტიცია ჯამში დაახლოებით 600 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.
  • შპს „ჯეო დეველოპმენტი“ [სასტუმრო გმირთა ხეივანში] – 21 მლნ ლარის ინვესტიცია. არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, გასართობი ცენტრი.
  • შპს „ეიჩ გრუპი“ [სასტუმრო გმირთა ხეივანში] – პროექტით  არანაკლებ 10 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. არანაკლებ 60-ნომრიანი სასტუმრო.
  • შპს „ორბი ჯგუფ მილენიუმი“ [სასტუმრო ახალ ბულვარში] – 40 მლნ დოლარის ინვესტიცია. 300 მოქალაქე დასაქმდება“.

„ბათუმელებმა“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა 2013-2016  წლების მიხედვით, იმ პირველი ათი კომპანიისა თუ ფიზიკური პირის ჩამონათვალი [მსხვილი ინვესტორების ნუსხა], რომლებმაც ამ წლებში რეგიონში განახორციელეს:

  • ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია;
  • ყველაზე მეტი კერძო ადგილობრივი ინვესტიცია.

სამინისტროს ვთხოვდით მიეთითებინა თითოეული მათგანის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა და საინვესტიციო პროექტები.

სამინისტროდან გვიპასუხეს, რომ „ინვესტორების უმრავლესობა წარმოადგენს სამინისტროსთან სახელშეკრულებო ვალდებულების არმქონე კომპანიებს, რომელთაგან მიღებული ინფორმაცია, განხორციელებული ინვესტიციების შესახებ, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია… უფლებამოსილებას მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად“.

სამინისტრომ აჭარაში მსხვილი ინვესტორების ჩამონთვალიც არ მოგვაწოდა [ინვესტიციების მოცულობის გარეშე].

აჭარაში მსხვილი ინვესტორების ნუსხის მოპოვება სტატისტიკის ეროვნულ სამსახურშიც შეუძლებელი აღმოჩნდა. „მართალია, ჩვენ ყველა სახის ინფორმაცია გვაქვს, ვინაიდან კვლევას ვატარებთ – გამოვიკითხავთ ქვეყნის მასშტაბით ყველა კომპანიას, რომლებსაც არარეზიდენტი დამფუძნებელი ჰყავს, მაგრამ ინვესტორების სიას რეგიონულ ჭრილში არ ვამუშავებთ. აქ კონფიდენციალობის მომენტიც იქმნება, რადგან საქართველო ერთიანობაშია პატარა ქვეყანა და მითუმეტეს რეგიონულ ჭრილში… რაც შეეხება ინვესტიციის კონკრეტული ოდენობის შესახებ მონაცემების გაცემას, ეს ისედაც აკრძალულია,“ – გვითხრეს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

„ოღონდ ინვესტიცია ჩაიდოს და პროექტი განხორციელდეს“, – ამ ლოგიკით მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომა „ვალდებულების მქონე“ ინვესტორების მიმართ არაერთგვაროვანია – ზოგი ხელშეკრულება უქმდება, იცვლება, ხდება ვადების გადაწევა, ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლება და ა.შ. ზოგი ინვესტორის ვინაობას კი, შეძლებისდაგვარად მალავს კიდეც.

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებულ ობიექტებზე ვალდებულებები წელს 13-მა კომპანიამ ვერ შეასრულა. ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა ასევე იმ 17-მა კომპანიამ, რომლებმაც პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეისყიდეს ობიექტები. ზემოაღნიშნულ კომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე შეიცვალა, ზოგიერთთან ახლა უნდა შეიცვალოს.

Untitled

2013 წლიდან დღემდე პერიოდში კი, 33 კომპანიასთან და ინდმეწარმესთან ხელშეკრულება სამინისტრომ მოშალა:

  • 2013 წელს მოიშალა 8 ხელშეკრულება,
  • 2014 წელს – 10 ხელშეკრულება,
  • 2015 წელს – 11 ხელშეკრულება,
  • 2016 წელს – 4 ხელშეკრულება.

მოშლილი ხელშეკრულებებით 13 შემთხვევაში არ იყო განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების მოცულობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ინვესტიციის მოცულობა, რაც უნდა განხორციელებულიყო რეგიონში, ჯამში იყო 4 მილიონ 133 ათასი ლარი, 101 მილიონ 100 ათასი აშშ დოლარი და 6 მილიონი ევრო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: