აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების სახელმძღვანელოს გამოსცემს

21 თებერვარს, გიდების საერთაშორისო დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მოქმედ გიდებს ახალი პროექტები გააცნო.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გიდების სახელმძღვანელო, მაღალმთიანი აჭარის მარშრუტებზე გიდების გადამზადება და გიდებისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება – ის პროექტებია, რომლებსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო წელს აჭარაში გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განახორციელებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნას გეგმავს. სახელმძღვანელოში აღწერილი იქნება გიდის პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული და თეორიული საკითხები, ინფორმაცია პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესახებ. ასევე აჭარაში არსებული ტურისტული ღირშესანიშნაობებისა და მარშრუტების ჩამონათვალი მუნიციპალიტეტების მიხედვით თავისი ლინკებითა და საძიებო სისტემებით. დეპარტამენტის ცნობით, სახელმძღვანელო აჭარაში არსებულ ყველა იმ სასწავლებელში დარიგდება, სადაც გიდებს ამზადებენ.

ჯერჯერობით უცნობია სახელმძღვანელოს ავტორების ვინაობა. დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ საკითხზე მარტში დაიწყებენ მუშაობას, სახელმძღვანელო კი, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში გამოვა.

წელს პროექტის – „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ – ფარგლებში ბათუმის, მთიანი აჭარისა და დაცული ტერიტორიების გიდების მომზადებაც იგეგმება. პროექტში ჩართულ გიდებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ტრენინგებში ჩაერთონ ან პირდაპირ გავიდნენ ხარისხის ნიშნის მისაღებ გამოცდაზე. გიდების განათლების დონე პროფილური ტესტირებითა და პრაქტიკული გამოცდით შემოწმდება. ის, ვინც ყველა გამოცდას წარმატებით გაივლის, გახდება ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული გიდი.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიანი აჭარის ცალკეული ტურისტული მარშრუტის მიმართულებით იგეგმება გიდების გადამზადება. დაინტერესებულ გიდებს შესაძლებლობა მიეცემათ ტრენინგებზე გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კონკრეტული ტურისტული მარშრუტების მიმართულებით.

საინიციატივო ჯგუფი ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

საზოგადოება „ბათომმა“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პეტიცია შეიმუშავა, რომლითაც ძველ ბათუმში ისტორიული ნაგებობების ნგრევის პროცესს აპროტესტებენ და ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნგრევის პროცესმა განსაკუთრებით ბოლო წლებში უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია.

„სამწუხაროდ, დღემდე ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ ხელისუფლებას დაეცვა ისტორიული შენობა, პირიქით, უმეტეს შემთხვევაში სწორედ ხელისუფლება არის ნგრევის ინიციატორი და წამახალისებელი. განსაკუთრებით „აქტიურობენ“ ბათუმის მერია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ ქალაქის მერს და მერიას არ აქვს გაცნობიერებული ვალდებულება ბათუმელთა მიმართ და მიზანმიმართულად ანადგურებს ძველ ბათუმს საეჭვო გარიგებების ფონზე.

ჩვენ ვშიშობთ, რომ ძველი ქალაქის გაქრობის პროცესი ხდება შეუქცევადი.“ – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

პეტიციის ავტორები და მასზე ხელის მომწერები მოითხოვენ:

ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გამოცხადდეს მორატორიუმი მშენებლობაზე- სანამ ძველ ბათუმს არ მიენიჭება ისტორიული ზონის სტატუსი და დეტალურად არ დამუშავდება ამ ზონაში მშენებლობის რეგულაციები (გრგ – განაშენიანების რეგულირების გეგმა) შეწყდეს მშენებლობისა და დემონტაჟის ნებართვების გაცემა ბათუმის ისტორიულ უბანში.

შეჩერდეს ბარათაშვილის #24-ში მიმდინარე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა! ბათუმის მერიამ და შესაბამისმა ორგანოებმა მიიღონ შესაბამისი ზომები ამ პროცესის შესაჩერებლად და უზრუნველყონ მისი თავდაპირველი სახით აღდგენა. გაუქმდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის შეთანხმება #36 [2016 წლის 27 იანვარი], რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევებით იქნა მიღებული როგორც მერიის, ისე მენაშენის მხრიდან.

დაუყოვნებლივ დაიწყოს “ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის” განხილვა-დამტკიცების პროცედურები; დაწესდეს ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონების საზღვრები და ამ ზონებში განაშენიანების რეგლამენტი; დამუშავდეს და ამოქმედდეს ისტორიულ ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმა (ე.წ. “გრგ”).

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, არა მხოლოდ ქალაქისა და, შესაბამისად, ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, არამედ რეგიონში ტურიზმისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს რესურსსაც წარმოადგენს. შესაბამისად აუცილებელია მისი შენარჩუნება და გაფრთხილება – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

გამგეობები: სოფლის მხარდაჭერა იქნება, პროგრამა – არა

მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2017 წელს აღარ განხორციელდება. აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობებში განმარტავენ, რომ პროგრამის არარსებობა სოფლის მოსახლეობას არ დააზარალებს, რადგან შესაბამისი პროექტების განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტით, თავად გამგეობები გეგმავენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზაზა აბულაძის თქმით, „მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნის განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1,5 მილიონზე მეტი ლარია გაწერილი, რაც გასულ წელს მთავრობის მიერ ხულოს სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მიღებულ დაფინანსებას ორჯერ აღემატება“.

კითხვაზე, რა პროექტებს დაუფინანსებს სოფლის მოსახლეობას ხულოს გამგეობა და თითოეულ სოფელზე რამდენი თანხა გამოიყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან? – ზაზა ზოიძე პასუხობს:

„პრიორიტეტების შერჩევა და თითოეულ სოფელზე თანხის გამოყოფა ისე მოხდება, როგორც ეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხორციელდებოდა. მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, რის გაკეთება სურს სოფელში. პრიორიტეტების შესარჩევად მუშაობა დავიწყეთ,  დაახლოებით 1-2 კვირაში გვექნება იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებსაც მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე განვახორციელებთ“.

თემებსა და სოფლებში მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პროექტების განხორციელებას გეგმავს ქედის გამგეობაც. გამგეობის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის, სულიკო ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან  420 ათასი ლარია გამოყოფილი.

„მოსახლეობამ შეხვედრებზე საკუთარი პრიორიტეტები დაგვისახელა და  გამგეობაში სულ 120 პრიორიტეტი შემოვიდა დასაფინანსებლად. ზოგიერთი სოფლის მოსახლეობამ გარე განათების მოწყობა მოითხოვა, ნაწილმა სოფლის ცენტრებში საპირფარეშოების მოწყობა, სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების გამართვა და სასოფლო გზების მობეტონება… ჩვენ მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გასატარებლად საჭირო პროექტების დამუშავებაზე ტენდერი გამოვაცხადეთ. ტენდერის შემდეგ გახდება ცნობილი 120 პროექტის განხორციელებისთვის რა თანხა იქნება საჭირო,“ – ამბობს სულიკო ბოლქვაძე.

რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, გამგეობას ბიუჯეტში ამ ეტაპზე ცალკე თანხა თითოეულ სოფელში მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პროექტების დასაფინანსებლად არ გამოუყვია, თუმცა აცხადებენ, რომ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც წელს შუახევში განხორციელდება, მოსახლეობის მოთხოვნით შეირჩა.

„ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე დაიგეგმა. წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ჯამში 6 მილიონი ლარია გამოყოფილი, ანალოგიური დაფინანსება გვქონდა ამ კუთხით გასულ წელსაც. წელს განვახორციელებთ ფურტიო-ბუთურაული- ნენიის წყალსადენის 5-მილიონიან გარდამავალ პროექტს, სოფელ ბუთურაულსა და ნიგაზეულში ორ ახალ სკოლას, ხოლო სოფელ წყაროთასა და ხიჭაურში საბავშვო ბაღები აშენდება, განხორციელდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რაზეც 800 ათასი ლარა გამოყოფილი,“ – ამბობს შუახევის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ედნარ შარაშიძე.

16833003_1269733886455648_1251232320_o - Copy
სოფელი ზედა თხილვანა / ხულო / ეკა ბარამიძის ფოტო

გასულ წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად ქედის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან 596 ათას 828 ლარი, შუახევმა კი 582 ათას 188 ლარი მიიღო. 2015 წელს მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტმა ამავე პროგრამის განსახორციელებლად სულ 2 მილიონ  67 ათას 635 ლარი მიიღო.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სასტუმრო „პრინცესას“ გააფრთხილებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა სასტუმრო „პრინცესას“ შესასვლელში დამონტაჟებული პანდუსის პარამეტრები შეისწავლა.

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სასტუმრო მიიღებს წერილს, რომლითაც სააგენტო გააფრთხილებს მფლობელს, შეასრულოს სააგენტოსთან  შეთანხმებული პირობები:

„სასტუმრო „პრინცესას“, იგივე ძველი ფოსტის შენობას ბათუმში, რომელიც მემედ აბაშიძის #33-ში მდებარეობს, ბარათაშვილის ქუჩიდან ეტლით მოსარგებლეებისთვის პანდუსი ისე აქვს დამონტაჟებული, რომ ტროტუარი თითქმის სრულად არის ათვისებული, რის გამოც გამვლელები იქვე გაჩერებულ მანქანებს გარს უვლიან და მანქანების სავალ ნაწილზე გადასვლა უწევთ.

„ …ტროტუარის მოწყობის რეჟიმში ძეგლის სამართლებრივი ნაწილი არ ვრცელდება, მაგრამ რადგან პროექტის მიხედვით გათვალისწინებული იყო პანდუსის გაკეთება, ჩვენ დავავალდებულებთ, რომ ის პროექტით გათვალისწინებულ ჩარჩოებში მოაქციოს. თუმცა ალბათ მერიასთანაც უნდა შეათანხმონ, რადგან ტროტუარი, როგორც საზოგადოებრივი სივრცე, უკვე ქალაქს ეკუთვნის”.

ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ უკვე არსებულ პანდუსს მოშლიან, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მერიაში კი აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში ტროტუარის ათვისების პარამეტრები სააგენტომ უნდა გააკონტროლოს, რადგან შენობა ძეგლის სტატუსის მატარებელია.

გაზრდილი ბიუჯეტი, ანუ “ცისფერი მთები” აჭარის მწერალთა კავშირში

მელიქიშვილის ქუჩაზე რეაბილიტირებულ მწერალთა სახლში თუ შეივლით, თავმჯდომარის კაბინეტში დავით თედორაძე დაგხვდებათ – უმაღლესი საბჭოს წევრი. ასეა იმის მიუხედავად, რომ შენობას ახალი ა(ა)იპ „აჭარის მწერალთა სახლი“ განკარგავს და მისი დირექტორი სხვა არის – ლალი კონცელიძე. დირექტორის კაბინეტი დერეფნის ბოლოსკენაა და მას თანამშრომლები მიგასწავლიან.

წელს აჭარის მთავრობამ აქ დასაქმებულ რამდენიმე მწერლისთვის, მათ შორის, დეპუტატ დავით თედორაძისთვის დაფინანსება 82 ათასიდან 130 ათას ლარამდე გაზარდა. გაზრდილი ბიუჯეტიდან 12 დასაქმებულის შრომის ანაზღაურებისთვის 87 ათასი დაიხარჯება. ხელფასს ან ჰონორარს საერთოდ ვეღარ მიიღებენ ის მწერლები, ვისი ნაწარმოებებიც ლიტერატურულ ჟურნალ „ჭოროხში“ დაიბეჭდება.

ვის გაუზარდა დაფინანსება მთავრობამ და რისთვის? 

„ჟურნალ „ჭოროხის“ და აჭარაში მოღვაწე მწერლების წიგნების გამოცემა, სხვადასხვა ღონისძიების გამართვა, ლიტერატურული საღამოების მოწყობა, ახლად გამოცემული წიგნების პრეზენტაციები, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების პროფესიულ დაოსტატებაში ხელის შეწყობა“, – ვკითხულობთ აჭარის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ა(ა)იპ „აჭარის მწერალთა სახლისთვის“ დაფინანსების გამოყოფის შესახებ.

ახალი ა(ა)იპ აჭარის განათლების სამინისტრომ მას შემდეგ დააფუძნა, რაც 2015 წელს აუდიტის სამსახურმა „მწერალთა კავშირის“ მიერ თანხის განკარგვაში დარღვევები დააფიქსირა და განათლების სამინისტროს რეკომენდაცია მისცა, შეეცვალა ბიუჯეტში ამ კუთხით გათვალისწინებული თანხის განკარგვის წესები.

„მწერალთა კავშირის“ არსებობის მიზანიც ეს იყო – აჭარაში მოღვაწე მწერლებისთვის ხელის შეწყობა. ლალი კონცელიძე „აჭარის მწერალთა სახლის“ დირექტორი გვიყვება, რომ გაზრდილი ბიუჯეტით კომპიუტერულ ტექნიკას შეიძენენ – 5 ლეპტოპს, ერთ პერსონალურ კომპიუტერს და პროექტორს – ამისათვის დაახლოებით 12 120 ლარი დაიხარჯება.

„ასევე, ბიუჯეტის გაზრდა გამოიწვია იმან, რომ რეაბილიტირდა შენობა და გვექნება კომუნალური ხარჯი, გვეყოლება სამეურნეო ნაწილის გამგე, ბათუმში ნესტია და ხშირად ვაწყდებით პრობლემებს. ასევე ავიყვანეთ დამლაგებელი და ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტი. ჟურნალ „ჭოროხის“ და ჩვენი მწერლების მიერ გამოცემული წიგნების ელექტრონული ვერსიაც გვინდა შევთავაზოთ მკითხველს,“ – გვიყვება ლალი კონცელიძე, „აჭარის მწერალთა სახლის“ დირექტორი.

საზოგადოებრივი დისკუსიების მოწყობა აქტუალურ თემებზე – ლალი კონცელიძის თქმით, ესეც მათი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება:  „ამ შეხვედრებისა და ლიტერატურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის წლის განმავლობაში 20 300 ლარია გათვალისწინებული. ამ კუთხით, ძირითადად, ახალგაზრდა მწერლები, როინ აბუსერიძე და გენრი დოლიძე იმუშავებენ. ისინიც მიიღებენ ხელფასს.“

რაც შეეხება ჟურნალ „ჭოროხს“ – მწერალთა სახლში განმარტავენ, რომ წლის განმავლობაში 6 ნომერი გამოვა, რადგან ასეთი იყო აქამდე ჟურნალის გამოცემის პერიოდულობა. ერთი ნომრის ბეჭდვისთვის გათვალისწინებული ხარჯი 1400 ლარია.

რედაქცია ჰონორარს არ გადაუხდის მწერალს, ვისი ნაწარმოებიც „ჭოროხში“ დაიბეჭდება. ხელფასს აიღებს, მაგალითად, დავით თედორაძე, ჟურნალის რედაქტორის მოადგილე.

tedoradze„მე ვიღებ ხელზე 554 ლარს. მე ვმუშაობ და ამაში ვიღებ ხელფასს. კანონის ჩარჩოებში ვარ მოქცეული, რა გინდათ?“, – გვიპასუხა დავით თედორაძემ, რომელიც ჟურნალის რედაქტორთან, სანდრო ბერიძესთან ერთად კაბინეტში ღვინოს შეექცეოდა.

დავით თედორაძის, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურება თვეში 4652 ლარია. დავით თედორაძის “ძალაუფლებას” ისიც განაპირობებს რეგიონში, რომ მისი შვილის მეუღლე – ირაკლი ერისთავი აჭარაში სუს-ის უფროსია.

„თუ დავით თედორაძის განმარტებით ვიმსჯელებთ, მის არასადეპუტატო საქმიანობაში ვლინდება კანონდარღვევა, რადგან იგი ანაზღაურებას იღებს მენეჯერული ფუნქციის შესრულებისთვის და არა შემოქმედებითი, საგანმანათლებლო, ან პედაგოგიური საქმიანობისთვის“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე.

დავით თედორაძე: „მორჩა, აქ პრობლემები აღარ არსებობს“

„რატომ არ უნდა ვიჯდე ამ კაბინეტში? მე ვარ საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის არჩეული თავმჯდომარე. თქვენ რა, აიპის დირექტორმა შემოგჩივლათ რამე, თუ წინააღმდეგი ხართ საერთოდ მწერალთა კავშირის? მისი გადაწყვეტილება იყო ასეთი… ახალი აიპი შეიქმნა, მაგრამ კავშირი კი არ გაუძევებიათ აქედან. ეს კაბინეტი თავმჯდომარის კაბინეტია ტრადიციულად. აქ ვარ, როცა დრო მაქვს. სამწუხაროდ, ყველა დღე ვერ მოვდივარ…“ – ეს დავით თედორაძის პასუხია „ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ იკავებს თავმჯდომარის კაბინეტს ჟურნალის რედაქტორის მოადგილე და უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“.

ხელისუფლების წარმომადგენელი რომ რედაქტორის მოადგილეა, ამაში პრობლემას ვერც სანდრო ბერიძე ხედავს, ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორი: „მე პრობლემა არ მექმნება. რედაქტორი ვარ და ვაკეთებ ჩემს საქმეს. რაც შეეხება დავით თედორაძეს, ის პირველ რიგში, არის მწერალი. პირველი ნომერი მალე გამოვა და ნახავთ. ჟურნალი თვალს არ დახუჭავს არაფერზე“.

იზრუნებს თუ არა რედაქცია ჟურნალის გაყიდვაზე და დამოუკიდებელი ფინანსური შემოსავლების მიღებაზე? – რედაქტორი მიიჩნევს, რომ „თავისით ჟურნალი თავს ვერ ირჩენს“ და პრობლემა არაა, თუკი ჟურნალს ხელისუფლება დააფინანსებს.

საინტერესო ფრაზა, რომელიც საუბრის დროს სანდრო ბერიძემ გვითხრა და გვთხოვა, აღგვენიშნა: „მე მირჩევნია, ნებისმიერი ქართველი ასე იტყვის ალბათ, ბათუმში გამოდიოდეს ჟურნალი და დაიბეჭდოს თუნდაც უნიჭო ქართული ლექსი, ვიდრე მოლის ხმა ისმოდეს ბათუმის ქუჩებში.“

„თავიდანვე არასწორად უდგებით საკითხს“, – გვითხრა დავით თედორაძემ, რომელსაც ვკითხეთ, რატომ აიღებენ ხელფასს მხოლოდ რედაქტორები, სტილისტი და კორექტორი, როცა ჰონორარი არ გაიცემა. „ჩვენ ვაყენებთ ამ საკითხს, რომ უნდა გაიცეს ჰონორარი, მაგრამ დღეს ამის საშუალება არ არსებობს. „ჭოროხის“ დაფინანსება არ გაზრდილა. აქ მხოლოდ 4 ადამიანი მიიღებს ხელფასს. ჩვენ მივიღებთ ხელფასს იმაში, რომ ვაკეთებთ საქმეს… მორჩა, აქ პრობლემა აღარ არსებობს.“

„აუცილებელია, რომ გითხრათ? ჩემი ხელფასი 1200 ლარია. ბატონი სანდრო ხელზე დაახლოებით 750 ლარს მიიღებს. დანარჩენს ზუსტად ვერ გეტყვით, ახლა ზუსტდება. ყველფერი გამჭვირვალე იქნება“, – გვითხრა ლალი კონცელიძემ, „აჭარის მწერალთა სახლის“ დირექტორმა.

რატომ გაუზარდეს დაფინანსება რამდენიმე მწერალს – მთავრობის არგუმენტები 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მწერლებისთვის გაზრდილი დაფინანსება და რეაბილიტირებული შენობა კარგი პლატფორმა იქნება იმისთვის, რომ მწერლებმა საკუთარი შემოქმედების კომერციალიზაციაზე იზრუნონ.

„ეს სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ მათ ექნებათ კომუნალური გადასახადები – გასულ წელს რეაბილიტაცია უტარდებოდა შენობას და კომუნალური ხარჯი არ ჰქონდათ. გარდა ამისა, კავშირს დაემატა დაფინანსება საოფისე და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის“, – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თეონა ბერიძემ.

რამდენად მართებულია, როცა შემოქმედებითი, ამ შემთხვევაში, მწერალთა კავშირის დაფინანსება იზრდება? აჩვენებს თუ არა ეს იმას, რომ მწერლები კიდევ უფრო მეტად ხდებიან ხელისუფლებაზე დამოკიდებული და ვერ ახერხებენ საკუთარი შემოქმედების გაყიდვას? – კითხვაზე მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა, რომ სტრატეგია ისევ ხელოვნების კომერციალიზაციაა, თუმცა „როგორც ჩანს, რეგიონი ამისთვის არ არის მომწიფებული“.

თეონა ბერიძის აზრით, რეაბილიტირებული შენობა და გაზრდილი ბიუჯეტი შექმნის სივრცეს, სადაც ძველი და ახალი თაობის მწერლები ერთმანეთს შეხვდებიან, მოსაზრებებს გაუზიარებენ და განახორციელებენ სხვადასხვა პროექტს, რაც მათ ეკონომიკურ მდგრადობას მოუტანს. მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს, რა უშლიდა ხელს აქამდე „მწერალთა კავშირს“ მეტი ნაბიჯი გადაედგა დამოუკიდებლობისთვის.

რატომ იყო საჭირო ახალი ა(ა)იპ-ს დაფუძნება

აჭარის განათლების სამინისტროში ახალი ა(ა)იპ „აჭარის მწერალთა სახლის“ შექმნის მიზეზად ისტორია გაიხსენეს: 2015 წელს, აუდიტის დასკვნის მიხედვით, „მწერალთა კავშირის“ მიერ დახარჯული თანხა არ შეესაბამებოდა შესყიდვების შესახებ კანონმდებლობას. ამ დროს სამინისტრო შიდა ბრძანებით ურიცხავდა თანხას მწერალთა კავშირს, როგორც საზოგადოებრივ ორგანიზაციას.

„კონკრეტული დეტალები არ მახსოვს, რა იყო დარღვევა, მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ რეკომენდაცია და 2016 წლიდან ჩვენი სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ქვეპროგრამად ჩავსვით მწერალთა კავშირის დაფინანსება“, – გვიყვება თეონა ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე:

„სამინისტრო ვალდებულია, ნებისმიერი საქონლის შეძენა განახორციელოს ელექტრონული ტენდერის საშუალებით. ამ შემთხვევაშიც უნდა გამოგვეცხადებინა ტენდერი, მაგრამ რადგან პროგრამის მიზანი იყო კონკრეტულად ჟურნალ „ჭოროხის“ გამოცემა და მწერლობის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსება, ჩვენ შესყიდვების სააგენტოს ვთხოვეთ, მოეცათ ექსკლუზიური უფლება პირდაპირ შესყიდვაზე. სააგენტომ ამის უფლება არ მოგვცა.

გასული წლის მაისში აჭარის განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში ჟურნალ „ჭოროხის“ გამოცემის აუცილებლობას მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის მაშინდელი თავმჯდომარე, დავით თედორაძე და ჟურნალ „ჭოროხის“ მთავარი რედაქტორი სანდრო ბერიძე ასე ასაბუთებდნენ:

„დღეს, მეცნიერებისა და ტექნიკის გაუგონარი წინსვლის დროს, მძაფრად იჩინა თავი ტრადიციისა და ნოვატორობის ჰარმონიულობის აუცილებლობამ, „ჭოროხი“ სწორედ ამ ახალ კანონზომიერებებს უბამს მხარს, იგი ერთადერთი აკადემიური სალიტერატურო-სამხატვრო და საზოგადოებრივი ჟურნალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ამიტომაცაა მისი გამოცემა აუცილებელი“.  

თეონა ბერიძე, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე: „წელს უკვე მოვიფიქრეთ, რომ დაფუძნებულიყო მწერალთა კავშირი, როგორც ა(ა)იპ-ი. მას გადაეცა ქონება უზუფრუქტით- სახლი მელიქიშვილის ქუჩაზე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. ეს სახლი ისტორიულად მწერლებს ეკუთვნოდა ყოველთვის და არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ახლა ეს ორგანიზაცია ვალდებულია, აიყვანოს საკუთარი შესყიდვების სპეციალისტი, ბუღალტერი და ასე შემდეგ…“

აღმოჩნდა თუ არა „მწერალთა სახლის“ ახალ საშტატო ერთეულებში შესყიდვების სპეციალისტის ადგილი? „არა, ასეთი შტატი არ გვაქვს. ჩვენ მას ავიყვანთ, როგორც უშტატო თანამშრომელს“, – გვითხრა ლალი კონცელიძემ, „აჭარის მწერალთა სახლის“ დირექტორმა.

„თქვენ იცით ახლა როგორ ბინძურ სტატიას დაწერთ… შეკითხვებს ეტყობოდა და განწყობას, რომლითაც აქ მოხვედით“, – ამ სიტყვებით დავით თედორაძე დაგვემშვიდობა, უმაღლესი საბჭოს წევრი მწერალთა სახლის თავმჯდომარის სავარძლიდან.

ბათუმის მერია ელექტროავტობუსების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს

ბათუმის მერია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დახმარებით ელექტროავტობუსების შესყიდვას გეგმავს. სესხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ბანკმა უკვე დაიქირავა საერთაშორისო კომპანია „მოტმაგდონალდი“, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციას ამზადებს.

ტექნიკური დოკუმენტების მომზადების შემდეგ მერიას უკვე ექნება განსაზღვრული ბიუჯეტი და პირობები, რომლის მიხედვითაც ბათუმის ავტოპარკის განახლებაზე ტენდერს გამოაცხადებს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის ინფორმაციით, მერია ელექტროავტობუსების გარდა ევრო -5 ის ტიპის დიზელზე მომუშავე ავტობუსების შეძენასაც გეგმავს.


ახალი საბილეთო ელექტროსისტემა მუნიციპალურ ავტობუსებში 

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ელექტრონულ ავტობუსებზე: ეს არის მხოლოდ სურვილი

 

სასამართლომ შაჰინის სკოლის სარჩელი არ დააკმაყოფილა – სკოლა დაიხურა

დღეს, 20 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შაჰინის სკოლის საჩივარი ავტორიზაციის საბჭოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ შაჰინის სკოლა ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს.

სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ისინი სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა საქმის მეორე ინსტანციაში განხილვამდე სკოლაში სასწავლო პროცესი ვეღარ აღდგება და მოსწავლეებს სხვა სკოლებში გადასვლა მოუწევთ.

შაჰინის სკოლის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეჩერებას მოითხოვდა.

„12 დღის ვადაში უნდა გავასაჩივროთ სასამართლოს გადაწყვეტილება და მივყვებით იურიდიულ ნაბიჯებს. თუმცა ჩვენ ახალი ლიცენზიის აღებაზეც დავიწყებთ მუშაობას და გავივლით კონსულტაციებს ჩვენი სკოლის დამფუძნებლებთან,“- გვეუბნება დირექტორი.

შაჰინის სკოლას ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია 2017 წლის 3 თებერვალს გაუუქმა. ავტორიზაციის საბჭოს განცხადებით, სკოლაში დარღვეული იყო მოსწავლეთა ჩარიცხვის წესი, რასაც არ იზიარებს სკოლის ადმინისტრაცია და ამბობს, რომ სკოლის დახურვის მოტივი პოლიტიკურია.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დახურვის ფაქტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ გამოეხმაურა.

შაჰინის სკოლაში 350 მოსწავლე სწავლობდა.

 

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დაზიანებული ფრესკები [ფოტო]

ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ფრესკების ნაწილი დაზიანებულია. ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დღემდე უყურადღებოდაა დატოვებული.

ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი. 2017 ფოტო: ლელა დუმბაძე
ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი /18.02.2017 / ფოტო: ლელა დუმბაძე

დაზიანებული ფრესკების შესახებ „ბათუმელები“ ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წერდა. „იმ შემთხვევაში, თუ  რესტავრაცია დროულად არ მოხდება, ფრესკები კიდევ უფრო დაზიანდება, მისი რესტავრაცია უფრო დიდ ხარჯებსაც მოითხოვს, ხოლო რესტავრაციის გარეშე ტაძარში კედლის მხატვრობა წაიშლება“.

ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი. 2017 ფოტო: ლელა დუმბაძე
ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი / 18.02.2017 / ფოტო: ლელა დუმბაძე
მე-20 საუკუნის დასაწყიში აშენებულ ტაძარს როგორც არქიტექტურული, ასევე მხავრული ღირებულებაც გააჩნია.
მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებულ ტაძარს არქიტექტურული, ასევე მხავრული ღირებულებაც აქვს.

6

საპატრიარქოს დაფინანსებისა და ახალი ტაძრების მშენებლობის ზრდის ფონზე, ღვთისმშობლის ტაძარში ფრესკების რესტავრაცია არ იგეგმება.

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი. ფოტო: ლელა დუმბაძე
ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი 18.02.2017 / ფოტო: ლელა დუმბაძე

ბათუმის ღვთისმშობლის შობის კათოლიკური ეკლესია 1897-1902 წლებში ააგეს. პირველი რესტავრაცია ტაძარს 80-იან წლებში ჩაუტარდა, შემდეგ კი ტაძარი მართლმადიდებელ მრევლს გადაეცა.

საერთაშორისო გამჭვირვალობის დისკუსია ბათუმში, მოსმენების კანონპროექტზე

სამშაბათს, 21 თებერვალს, 17:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გამართავს დისკუსიას ფარული მოსმენების ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით.

2017 წლის 6 თებერვალს უმრავლესობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფარული მოსმენების განხორციელებას ახლებურად არეგულირებს.

კანონპროექტის თანახმად, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას განახორციელებს. სააგენტოს ფარული მოსმენების ტექნიკურად განხორციელებასთან ერთად აქვს არაერთი ფუნქცია, რაც მას დაინტერესებულ სუბიექტად აქცევს, მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. სააგენტოს ასევე ეძლევა უფლებამოსილება, გააკონტროლოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიები. შესაბამისად, დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნის ნაცვლად, კანონპროექტით იქმნება სუს-ის ერთეული კიდევ უფრო მეტი უფლებამოსილებით და ამ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების რისკით.

დისკუსიას წარმართავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია და მთავარი იურისტი თამარ ტატანაშვილი.

დასწრება თავისუფალია.

გლობალური ფონდი ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას ამცირებს

დღეს, 20 თებერვალს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია გლობალური ფონდის დაფინანსებით ტარდება და მასში პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და საფრანგეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრის სლოგანია – „ზიანის შემცირება მუშაობს, – დააფინანსეთ!“.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, გლობალური ფონდი უკვე წლებია საქართველოში აივ-ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებს აფინანსებს. ფონდის დაფინანსება 2020 წლის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა დაფინანსების მოცულობა ეტაპობრივად შემცირდება:

„ჩვენ რამდენიმე დღე ვიმუშავებთ გლობალური ფონდის ექსპერტებთან და მათთან ერთად გავივლით მოსაზრებებს. თუმცა, სახელმწიფო მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს ამ პროგრამების სრულად დაფინანსებაზე. ერთ-ერთი მათგანია ჩანაცვლებითი თერაპია, რომლის დაფინანსებასაც გლობალური ფონდი მაისის ბოლოს წყვეტს“.

ქეთი სტვილია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გლობალური ფონდის, შიდსის პროგრამის მენეჯერი ამბობს, რომ გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლის მიზეზი ქვეყნის განვითარებაა: „ჩვენნაირი განვითარების ქვეყნები, ფაქტობრივად, თვითონ აფინანსებენ ასეთ პროგრამებს.“

2020 წლამდე პროგრამების დაფინანსება ეტაპობრივად შემცირდება. „ჩვენ მივიღეთ წერილი გლობალური ფონდიდან, რომელიც ქვეყნის ხელმძღვანელობას აძლევს ინფორმაციას, რომ 2020 წლის ჩათვლით დაფინანსების მოცულობა კიდევ უფრო შემცირდება. დაახლოებით 8- 4 მილიონით შემცირდება დაფინანსება შიდსის პროგრამებზე და დაახლოებით 7 მილიონი დოლარით ტუბერკულოზის პროგრამებზე“.

ქეთი სტვილიას თქმით, 2017 წლის მეორე ნახევრიდან სახელმწიფო მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას მეტადონის ჩანაცვლების პროგრამაზე, რომლის ბიუჯეტი გლობალური ფონდიდან წლის განმავლობაში დაახლოებით 800 000 ლარი იყო:

„თუმცა, ამის პარალელურად მუშაობდა სახელმწიფო პროგრამებიც ბენეფიციართა თანადაფინანსებით. სიახლეა ის, რომ როცა სახელმწიფო მთლიანად აიღებს ამ პროგრამების დაფინანსებას თავის თავზე, ეს თანადაფინანსების მოთხოვნაც იხსნება და ფაქტობრივად, პროგრამა უფასო ხდება“.

ქეთი სტვილიას თქმით, „2015 წლიდან სახელმწიფო თვითონ ყიდულობს პირველი რიგის მედიკამენტებს შიდსითა და ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ, 2018 წლისთვის კი ეს მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.“

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აივ-ინფექციის მაჩვენებელი ქვეყანაში გაზრდილია.

გლობალური ფონდის კონფერენცია ბათუმში
გლობალური ფონდის კონფერენცია ბათუმში

ქონებრივი დეკლარაციების სისწორეს დამოუკიდებელი კომისია შეამოწმებს

თანამდებობის პირების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს ყოველწლიურად დამოუკიდებელი კომისია შეამოწმებს. ამასთან, კომისიის წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები. „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია“ საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

ინსტრუქციის მიხედვით, მონიტორინგის მიზანია „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა, პრევენცია“.

დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია:
  • დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა;
  • დასაბუთებული  წერილობითი განცხადება;
  • დამოუკიდებელი კომისიის მიერ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დეკლარაციების შერჩევა [განსაკუთრებული კორუფციული რისკი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი…]

მთავრობის დადგენილებით, გარდამავალი 2017 წლის პერიოდისათვის, დეკლარაციების მონიტორინგი კვლავ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდება მხოლოდ შემთხვევითი შერჩევისა და დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კომისიას, მას საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი  ყოველწლიურად ქმნის, არა უგვიანეს 15 დეკემბრისა, 5 წევრის შემადგენლობით [რომელთაგან 3 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, ხოლო 2 აკადემიური წრეების]. კომისიის შექმნისა და პირობების შესახებ ინფორმაცია ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ამ კომისიის წევრი არ უნდა იყოს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი ან/და ახლო ნათესავი; ამასთან, კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურე.

„კომისიის წევრობა, მის საქმიანობაში მონაწილეობა არ წარმოადგენს ანაზღაურებად სამუშაოს და ემსახურება სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობისა და „კარგი მმართველობის“ განხორციელების  მიზანს“ – აღნიშნულია ინსტრუქციაში.

კომისია მონიტორინგისათვის დეკლარაციებს შეარჩევს ყოველი წლის 15 იანვრამდე. შემოწმებას ექვემდებარება თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი ბოლო დეკლარაცია.

თანამდებობის პირი ვალდებულია:
  • განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს ბიუროს ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
  • წარადგინოს შესაბამისი წერილობითი განმარტება, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში;
  • არ ჩაერიოს მონიტორინგის პროცესში და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მონიტორინგის შედეგზე.

მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, ბიუროს უფროსი/შესაბამისი უფლებამოსილი პირი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

  • დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ;
  • დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ.

დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თანამდებობის პირი ჯარიმდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად [ჯარიმის ოდენობა 1000 ლარი].

მასალების გადაგზავნა სამართალდამცავ ორგანოში

დეკლარაციის მონიტორინგის პროცესში, პირის ქმედებაში დანაშაულის სავარაუდო ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ბიურო შესაბამის დეკლარაციასა და წარმოების მასალებს შემდგომი რეაგირებისათვის უგზავნის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს;

მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი წარმოების მასალები სამართალდამცავ ორგანოს არ ეგზავნება იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა, რომ გამოვლენილი უზუსტობა გამოწვეულია ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით.


 

საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან ქონებრივი დეკლარაციები შეავსონ. ელექტრონულად შევსებულ დეკლარაციებში ხარვეზები თუ უზუსტობებიც არის.

მაგალითად, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ 2016 წლის განმავლობაში თანამდებობრივი ანაზღაურების სახით 404 250 ლარი მიიღო, მის ქონებრივ დეკლარაციაში კი შესაბამისი გრაფა ცარიელი იყო. „ნეტგაზეთს“ საჯარო სასახურის ბიუროში უთხრეს, რომ „სავარაუდოდ პრობლემა ტექნიკურია, რასაც პროგრამისტები გაარკვევენ“.

ხულოს, შუახევისა და ქედის თითო სკოლის ლაბორატორიებისთვის 60 ათასი ლარი დაიხარჯება

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების თითო საჯარო სკოლის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებით აღჭურვაზე აჭარის განათლების სამინისტრო 60 ათასამდე ლარს დახარჯავს.

[red_box]ლაბორატორიები მოეწყობა:[/red_box]

  • ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის საჯარო სკოლაში;
  • შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში;
  • ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში.

საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურის, კერძოდ, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვა ხორციელდება ქვეპროგრამა – „საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესება“ ფარგლებში. დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიების შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.

სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 23 თებერვალს დასრულდება.


ამავე თემაზე:

სკოლები საბჭოთა ინვენტარით და მოძველებული ლაბორატორიებით [ვიდეო]

Aerosmith-ის ვებგვერდზე ინფორმაცია საქართველოში კონცერტის შესახებ ისევ გამოჩნდა

„აეროსმიტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ისევ გამოჩნდა. „ბლექ სი არენაზე“ 20 მაისს დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, ამერიკული როკ-ჯგუფის ვებ-გვერდზე არ იძებნებოდა.

მაშინ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ „ნეტგაზეთთან“ განაცხადა, რომ კონცერტი არ გადადებულა და „აეროსმიტის“ საიტზე, ევროპაში დაგეგმილი ტურის ჩამონათვალში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ამოღება ტექნიკურ საკითხებს უკავშირდებოდა.

აღნიშნული კონცერტის შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ დარბაზში ჩატარებისთვის, საქართველოს ბიუჯეტიდან 5,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ თანხიდან 5 მილიონი ლარი ჰონორარისთვის [გადასახადების ჩათვლით], ხოლო ნახევარი მილიონი ლარი კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის იყო საჭირო.

შესყიდვების სააგენტომ აღნიშნული თანხის გამარტივებული შესყიდვის წესით გამოყენებაზე კომპანიას თანხმობა მიმდინარე წლის 10 იანვარს მისცა.

მიმდინარე წლის 15 თებერვალს კი, „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ შესყიდვების სააგენტოს ხელახლა მიმართა – გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

„მიმდინარე წლის 6 იანვარს მოგმართეთ გამარტივებული შესყიდვის თანხმობის მიღების მიზნით. ღონისძიების ბიუჯეტი 5 500 000 ლარის ოდენობით, ზემოთაღნიშნულ მომართვაში გაშლილი იყო CPV 92300000 – ჰონორარებსა და CPV79952100 – კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში. ვინაიდან, კულტურული ღონისძიებების ორგანიზება მოიცავს სხვადასხვა სახის მომსახურებებს, როგორიცაა სასტუმრო, რესტორნებისა და კვების საწარმოების, სატრანსორტო, სარეკლამო, ბილეთების რეალიზაციისა და სხვა მომსახურებებს, რომელთაც კონკრეტული CPV-კოდები აქვს მინიჭებული, გვსურს შევიტანოთ ცვლილება გადაწყვეტილებაში კლასიფიკატორების კოდების დაკონკრეტებისა და ჩაშლის მიზნით“ – აღნიშნულია წერილში.

სააგენტომ, გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შესაძლო შეტანის საკითხი მიმდინარე წლის 22 თებერვლამდე უნდა განიხილოს.


„Check In Georgia“-ს კონცერტებისთვის ბიუჯეტიდან 6,5 მილიონი ლარი დაიხარჯება 

კერძო საკუთრება, რომელიც ტაოსა და ხიხანის ქუჩებზე უნდა დათმონ [ფოტო]

ბათუმში, ტაოსა და ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები მესაკუთრეები აცხადებენ, რომ სახელმწიფო კომპანია მათი ქონების ხელში ჩაგდებას მიზერულ ფასად ცდილობს – ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, სახელმწიფო მათ 20-23 ლარს სთავაზობს.

რამდენიმე ოჯახმა თავისი საკუთრების შესაფასებლად „სამხარაულის“ ბიუროს უკვე მიმართა, მესაკუთრეთა უმეტესობა კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭირო თანხა არ აქვთ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ აცხადებენ, რომ მოქალაქეებს კომპენსაციას სთავაზობენ დოლარის იმ კურსით, რომელიც იყო სამი წლის წინ, ანუ 1,65 თეთრის ფარგლებში. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს სამართლებრივად სწორი მიდგომაა.

ქონების ნაწილი, რომელიც ტაოსა და ხიხანის ქუჩებზე მცხოვრებლებმა უნდა დათმონ / თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი:

ხიხანისა და ტაოს ქუჩებიხიხანისა და ტაოს ქუჩებიხიხანისა და ტაოს ქუჩებიხიხანისა და ტაოს ქუჩებიხიხანისა და ტაოს ქუჩებიხიხანისა და ტაოს ქუჩებიხიხანისა და ტაოს ქუჩებიხიხანისა და ტაოს ქუჩებიხიხანისა და ტაოს ქუჩებიხიხანისა და ტაოს ქუჩებიხიხანისა და ტაოს ქუჩებიხიხანისა და ტაოს ქუჩები

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელს აშენებს, რომლითაც, წინასწარი ინფორმაციით, ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უნდა გატარდეს თურქეთის მიმართულებით. ეს ქონება ამ პროექტის ზემოქმედების ქვეშაა მოქცეული. მესაკუთრეს, რომელიც საკომპენსაციო თანხაზე ვერ შეთანხმდება, ქონებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ, და მას თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ერთადერთი გზა – სასამართლო რჩება.


ამავე თემაზე:

ექსპროპრიაცია აჭარაში – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთებსა და სახლს ჩამოართმევენ

სახელმწიფო ტაოს ქუჩის მცხოვრებლებს კომპენსაციას სამი წლის წინანდელი ლარის კურსით უხდის

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელის ყოველთვიური შემოსავალი 27 971 ლარია

ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები: რეალურად შეფასდეს მიწა, მოგებას არ ვითხოვ 

4 თეთრი უზუსტობა – დავა ბათუმის მერიასა და „გეოგრაფიკს“ შორის

„პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ფასების ცხრილში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ დღგ-ს თანხა ნაცვლად 34322,04 ლარისა, მოცემულია 34322 ლარი, ხოლო სულ ჯამის თანხა ნაცვლად 225000,04 ლარისა მოცემულია 225000… რაც საბოლოოდ 0,04 ლარით აღემატება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასს…“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის ოქმში.

კომისიისთვის 4 თეთრის უზუსტობა ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა იმისა, რომ კომპანია „გეოგრაფიკი“ [გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი] ბათუმის ტერიტორიის აეროფოტოგადაღებისა და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნაზე გამოცხადებული ტენდერისთვის ჩამოეშორებინა.

კომისიას კომპანიის დისკვალიფიკაციის მეორე მიზეზად მოჰყავს ის, რომ „გეოგრაფიკმა“ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარადგინა.

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „გეოგრაფიკს“ დამატებით უნდა წარმოედგინა გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, „თუმცა წარმოდგენილია ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ 2005-2016 წლებში სხვადასხვა მომსახურებების დასახელება, შემსყიდველის დასახელება, ხელშეკრულებებისა და სამუშაოების ღირებულებები… სატენდერო კომისია თვლის, რომ გამოიცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს ხელშეკრულებების ასლები, სამუშაოს/მომსახურების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტების ასლები“.

მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება „გეოგრაფიკმა“ დავების საბჭოში გაასაჩივრა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებულმა დავების საბჭომ საკითხი 21 თებერვალს უნდა განიხილოს.

„გეოგრაფიკი“ ითხოვს „გაუქმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის [ბათუმის მერიის] კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილება/ქმედება“.

4-თეთრიან სხვაობასთან დაკავშირებით „გეოგრაფიკს“ საჩივარში აღნიშნული აქვს, რომ „თუ რიცხვის მთელი ნაწილის შემდეგ მდგომი თანრიგი 5-ზე მეტია ან ტოლი, მაშინ დამრგვალებისას მთელი ნაწილი ერთით იზრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ნაწილი იგივე რჩება. რიცხვის წილადი ნაწილი ორივე შემთხვევაში გაქრება“.

რაც შეეხება კომპანიის გამოცდილებას – „გეოგრაფიკი“ საჩივარში მიუთითებს, რომ მათ წარადგინეს „ინფორმაცია გამოცდილების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების თანდართვით… მათ შორის:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 250 000 ჰა-ზე აეროგადაღება, ციფრული ორთოფოტოების მომზადება და 141 000 ჰა-ზე ტყის ინვენტარიზაციის ჩატარება (2015-2017),
  • ქ. ბათუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების ინვენტარიცაზიისა და არსებული მდგომარეობის შეფასების ელექტრონულად მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება…

ასევე, კომპანიას 2015 წელს გადაღებული აქვს ქ. ბათუმის ურბანული ტერიტორია 5 სმ. პიქსელის ზომით. 2005 წლიდან საქართველოში განხორციელებული ციფრული აეროგადაღების 70 პროცენტი შესრულებულია ჩვენი კომპანიის მიერ, რაც ასევე მიწოდებულ იქნა სატენდერო კომისიისათვის,“ – აღნიშნულია „გეოგრაფიკის“ საჩივარში.

„გეოგრაფიკამდე“ ბათუმის მერიის სატენდერო კომისიამ, ასევე ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია კიდევ ერთ კომპანიას [რუკა მაპპინგ] მისცა, რომელიც მომსახურებას მერიას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობდა.

ამჯერად სატენდერო კომისია მესამე პრეტენდენტის, თურქული კომპანიის [YILDIZ INSAAT YAZILIM MUHENDISLIK TEMIZLIK GUVENLIK VE YEMEKHANE HIZMETLERI TICARET LTD STI.] წინადადებას განიხილავს, რომელიც მომსახურებას მერიას 10 ათასი ლარით უფრო ძვირად სთავაზობს, ვიდრე „გეოგრაფიკი“.


ბათუმის ტერიტორიის აეროფოტოგადაღება და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნაზე ქალაქის მერიამ ტენდერი 2016 წლის ნოემბერში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო 346 ათასი ლარი. ტენდერში წინადადებების მიღება იმავე წლის 16 დეკემბერს დასრულდა.

ტენდერში მონაწილეთა საბოლოო შეთავაზებები:
  • YILDIZ INSAAT YAZILIM MUHENDISLIK TEMIZLIK GUVENLIK VE YEMEKHANE HIZMETLERI TICARET LTD STI. – 235 ათასი ლარი;
  • გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი – 225 ათასი ლარი;
  • რუკა მაპპინგ – 224 ათასი ლარი;

აღნიშნული ტენდერი ძირითადად ითვალისწინებს „ბათუმის ტერიტორიის დისტანციური ზონდირებას, დისტანციური ზონდირების მონაცემთა დამუშავებას (აეროფოტოგადაღების, ციფრული ორთოფოტოგეგმების შექმნით სურათების ფოტოგრამმეტრული დამუშავების, ციფრული რელიეფის მოდელის (DEM), ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის, დაზუსტებული საკადასტრო რუკების, სიმაღლეების ციფრული მატრიცის, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების ციფრული რუკების შექმნასა და მათი ერთიან ინტეგრირებულ პროგრამულ პლატფორმაში მოქცევას“.

ანსამბლი „ელესა“ მეორე ალბომზე მუშაობს

ქედის ფოლკლორული ანსამბლი „ელესა“ მეორე აუდიოალბომის გამოცემაზე მუშაობს. აუდიოალბომი, რომელშიც ელესას მიერ შესრულებული მხოლოდ ზემო აჭარული ფოკლორული სიმღერები ჩაიწერება, ფონდი „ქართული გალობის“ დაფინანსებით გამოსცემს.

ანსამბლ „ელესას“  ხელმძღვანელის, ირაკლი სირაბიძის თქმით,  სიმღერების ნაწილი რომელიც „ელესას“ მეორე აუდიოალბომით გამოიცემა, ანსამბლის რეპერტუარში უკვე არსებობს და მსმენელის წინაშე არაერთხელ შესრულებულა რეგიონულ თუ ქვეყნის მასშტაბით გამართულ ფოლკლორულ ფესტივალებზე. ანსამბლი უძველეს ზემოაჭარულ ფოკლორულ სიმღერებს 1930 წლის სანოტო და 1932 წელს ჩაწერილ ფონოჩანაწერებიდან აღდგენს.

„პირველ ალბომში აჭარული სიმღერები ჩავწერეთ, მეორე აუდიოალბომში კი მხოლოდ 20 ზემოაჭარული სიმღერას ჩავწერთ, 20 სიმღერიდან, ამ დროისთვის 15 დამუშავებული გვაქვს, ხუთ სიმღერას კი პერიოდულად დავამუშავებთ.

თითო რეპეტიციაზე თითო  სიმღერას აღვადგენთ და შეგვაქვს საკუთარ რეპერტუარში.  „ევრი და მასპინძელსა“ , „ალიფაშასა“ და „შვიდკაცას“ გარდა სანოტო ჩანაწერებიდან კიდევ ხუთი ზემოაჭარული სიმღერა აღვადგინეთ.  „ხასანბეგურას“- ორი ვარიანტი,  „ძველებური მაყრული“,  „ძველებური ვარნანი“ და „ქობულეთური მგზავრული“.

ანსამბლი მეორე აუდიოალბომში  1932 წელს შალვა მშველიძის მიერ სოფელ ჭვანაში ფონო ჩანაწერებიდან აღდგენილი სიმღერებს „ვოსა“ და ამავე სოფელში შესრულებულ „ხასანბეგურას“ ვარიანტსაც  ჩაწერეს.

უძველეს ფონო და სანოტო ჩანაწერებზე დაყრდნობით აღდგენილი ზემოაჭარული სიმღერების გარდა, ელესას მეორე აუდიოალბოში ჩაიწერება სოფელ კვაშტაში აბდულ ბოლქვაძის ხელმძღვანელობით უხუცესების მიერ შესრულებული ვიდეოფირზე ჩაწერილი  „მაყრული“, „ნადური“, „ ჩაგუნა“ და „შაირები“.

„სიმღერები, რომლების აღდგენაზე ვმუშაობდით, ჩვენი წინაპრები ქორწილში, მუშაობის პროცესსა და ნადში ასრულებდნენ, არის სიმღერები, რომლებსაც მღეროდნენ, როგორც მოლხენისას სუფრასთან, ასევე სიმინდის რჩევისას, ჩვენს რეპერტუარში ასეთი სიმღერაა „შვიდკაცა“ და „ალიფაშა“, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთი სიმღერის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, ყველა სოფელში სიმღერას განსხვავებულად მღეროდნენ შესაბამისად,  გვაქვს ერთი სიმღერის სხვადასხვა სოფლის ვარიანტი.  რეპერტუარში ხასანბეგურას ოთხი ვარიანტი გვაქვს: გურძაულის, არიქოლრების, ხიხაძირისა და ჭვანის, „ხასანბეგურას“ ალიქოღლებისა და გურძაულის ვარიანტი პირველ დისკში ჩავწერეთ, ხიხაძირისა და ჭვანის ვარიანტს მეორე დისკში შევიტანთ, აუდიოალბომი ქედაში ჩაიწერება და ვფიქრობთ, წლის ბოლომდე  გამოვა,“ – ამბობს ანსამბლის ხელმძღვანელი.

ფოლკლორული ანსამბლი „ელესა“ ფონდმა „ქართულმა გალობამ“  აჭარაში ტრადიციული სიმღერის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა 2013 წელს.

2014 წელს კი ანსამბლი „ელესა“ „წინანდლის პრემიით“ დაჯილდოვდა.

2016 წელს გამართულ ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ელესა“ „ხალხური სიმღერების ანსამბლის“ ნომინაციის მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა და ქუჩის განათების ბოძი დააზიანა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბათუმის მუსიკალური ცენტრის ახალი პროექტები

ბათუმის მუსიკალური ცენტრი ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს. ესენია – „დებიუტი“, „საუბრები ოპერაზე“ და „ავსტრიულ-ქართული პროექტი“. ბათუმის მუსიკალური ცენტრის პრესსპიკერის, სალომე ცეცხლაძის განმარტებით, პროექტები საოპერო ჟანრის უკეთ განვითარებას ითვალისწინებს.

„სიახლეა ის, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა საოპერო ჟანრს და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც „დებიუტის“ ფარგლებში აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში. სტუდენტებს შეუძლიათ ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ  და შემდეგ უკვე საოპერო დასშიც გადაინაცვლონ როგორც სოლო შემსრულებლებმა.

„დებიუტის“ ფარგლებშია პირველი კონცერტი, რომელიც 20 თებერვალს გაიმართება,  იმღერებენ სტუდენტებიც და მათ პარტნიორობას გაუწევენ ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის მოქმედი სოლისტები“.

„საუბრები ოპერაზე“, სალომე ცეცხლაძის თქმით, სალონური საღამოების ფორმატში თვეში ერთხელ გაიმართება, – საოპერო ჟანრში მოღვაწე მუსიკოსები ოპერაზე, როგორც ჟანრზე და დღეს მიმდინარე პროცესებზე ისაუბრებენ.

10 იანვარს გაფორმდა მემორანდუმი მუსიკალურ ცენტრსა და „ავსტრიულ-ქართულ თეატრს“  შორის, რომელიც ითვალისწინებს კულტურული პროექტების ტურიზმის განვითარებას და ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებას როგორც ბათუმში, ასევე ვენაში.

„პირველი კონცერტი ავსტრიას ექნება ბათუმში, ჩვენ გვინდა, რომ ავსტრიაში აქედან ტექნიკური პერსონალი წავიდეს, რადგან ტექნიკური პერსონალი მოიკოჭლებს ჩვენთან და მემორანდუმის ფარგლებში მოეწყობა გამოფენები, შემოქმედებითი საღამოები და გვექნება კონპროდუქციაც,“-ამბობს სალომე ცეცხლაძე.

მისი თქმით, სამივე პროექტი მუსიკალური ცენტრის ბიუჯეტით განხორციელდება და დამატებით თანხა არ დაიხარჯება.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერ აქციაზე ოთხი ადამიანი მივიდა

დღეს, 18 თებერვალს, 15:00 საათზე, ბათუმის საკათედრო ტაძრის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა აქციაზე მხოლოდ ოთხი ადამიანი მივიდა.

აქციის ორგანიზატორი ლია მგელაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებით გაავრცელა და გამოხმაურებაც მოჰყვა, თუმცა ტაძრის წინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა, მათ შორის ერთი მუსლიმი.

„მეც სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ აქცია იგეგმებოდა და ამიტომ გამოვედი. ვფიქრობ, დეკანოზი უდანაშაულოა და მხარში უნდა დავუდგეთ. რაც წავიკითხე და რაც მოვისმინე, იქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ მისი დანაშაულის არ მჯერა. არ მჯერა, რომ რელიგიურ ადამიანს ასეთი რამის გაკეთება შეეძლო. მე მინდა, სიმართლე დადგინდეს“- გვეუბნება თამაზ მგელაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოვიდა დეკანოზის მრევლი მხარდასაჭერად თუკი ფიქრობენ რომ ის უდანაშაულოა? ის გვეუბნება – „მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ხალხს კიდევ სძინავს.“

„მე ვარ დეკანოზის მრევლი, როცა ჩემი შვილი გალობდა, იმ პერიოდში ჯერ კიდევ დიაკვანი იყო მამა გიორგი, თავისთავად გვაკავშირებს საეკლესიო ურთიერთობა, მეუფესთან ერთად სულ დადიოდა და ვიცნობ კარგად როგორც დადებით პიროვნებას. ხელისუფლებამ ზღაპარი მოყვა, რისიც არც მათ სჯერათ.  რადგან ითქვა, რომ ციანიდის გამო იყო დაკავებული, ჯერ თქვეს, მაღალი რანგის პირის მოწამვლას აპირებდაო, შემდეგ დაბალი რანგისო, თვითონაც ვერ ჩამოყალიბებულან რა უნდათ და რასთან დაკავშირებით აპირებენ დეკანოზის დაჭერას.

ვფიქრობ, პატრიარქის ჩამოსვლა იქნება იმის წინაპირობა, რომ გონს მოეგონ და მიიღონ სწორი გადაწყვეტულება. სიმართლე უნდა ითქვას,“-გვეუბნება ლია მგელაძე.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე თამარ ჯიბლაძე ამბობს, რომ მისი შვილები დეკანოზის მრევლია და მას დიდი ხანია იცნობს. „დარწმუნებული ვარ, ის მაგ საქმეში არის პატიოსანი და სხვა არ ვიცი. სასულიერო პირები იმიტომ არიან გაჩუმებული, რომ პატრიარქს ელოდებიან, მის პირველ სიტყვას და მერე ალბათ ყველა ფეხზე უნდა დადგეს, რადგან არ შეიძლება უსამართლობამ იზეიმოს,“-ამბობს ის.

თამარ ჯიბლაძე დარწმუნებულია, რომ დეკანოზს ციანიდი ჩაუდეს. „ჩანაწერებს არ აკეთებ, მსგავს რამეს არ აკეთებენ თუ რა, ვის ინტერესში შედიოდა ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობაც გაება ამ ამბავში“.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის სვეტლანა სერგეევას თქმით,  დეკანოზი უდანაშაულოა და მსგავსი სკანდალი ქართული საზოგადოების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

აქციის მონაწილეთა თქმით, პრობლემის სათავე ეკლესიისა და ხელისუფლების სიახლოვეშია. „ეკლესია უნდა იყოს ცალკე და ხელისუფლება ცალკე“ – ამბობენ ისინი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 13 თებერვალს  აეროპორტში დააკავეს. შსს განცხადებით, მას მომწამვლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი გადაჰქონდა. შსს-ს პირველი ვერსიით, დეკანოზს ციანიდი გერმანიაში მიჰქონდა, სადაც მაღალი რანგის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა. თუმცა, მოგვიანებით ეს ვერსია შეიცვალა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერ აქციაზე ბათუმში, ოთხი ადამიანი მივიდა. ფოტო: თორნიკე თავაძე
დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერ აქციაზე ბათუმში ოთხი ადამიანი მივიდა.
ფოტო: თორნიკე თავაძე

ექსპროპრიაცია აჭარაში – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთებსა და სახლს ჩამოართმევენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით, რომელიც 17 თებერვალს გამოქვეყნდა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აჭარაში შემდეგი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა:

  • სულიკო ბერიძის, ვარდო ბერიძის, რამაზ ბერიძის და სულიკო ბერიძის თანასაკუთრებაში არსებული 902 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (ს/კ  №22.31.02.394) ნაწილი – 159 კვ.მ ოდენობით, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი კაპნისთავი.
  • დიანა მახაჭაძის, ვახტანგ მახაჭაძის, ნაზი მახაჭაძის და რამინ მახაჭაძის თანასაკუთრებაში არსებული 2500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელ სახლთან ერთად (ს/კ 21.06.34.389) მდებარე ქედის რაიონი სოფელი ვაიო.
  • ამირან ჯორთმენაძის, მალხაზ ჯორთმენაძის, ნათია  ჯორთმენაძის, რამაზ ჯორთმენაძის, ციცინო ჯორთმენაძის და ლელა იუკსეკკოკის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ  №21.09.33.202) ნაწილი – 206 კვ.მ, მდებარე ქედის რაიონი, სოფელი დანდალო.
  • გელა შველიძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ  №22.31.03.792) ნაწილი – 178 კვ.მ,  მდებარე ხელვაჩაურის რაიონი სოფელი ხერთვისი.

ექსპროპრიაციის მინიჭების შესახებ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ჩამოთვლილი ქონება „ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოექცა და „ვინაიდან მითითებულ მესაკუთრეებთან ვერ ხორციელდება ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, პროექტის განხორციელებისათვის არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.“


„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ კერძო მესაკუთრეებთან ქონების გამოსყიდვაზე ხშირად ვერ თანხმდება, რაც რიგ შემთხვევებში ექსპროპრიაციას გარდაუვალს ხდის, ამასთან, მესაკუთრეთა საპროტესტო აქციების მიზეზი ხდება, როგორც აჭარის სოფლებში, ასევე ბათუმში.

ბათუმში, ტაოსა და ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები კერძო მესაკუთრეები აცხადებენ, რომ სახელმწიფო კომპანია მათი ქონების ხელში ჩაგდებას მიზერულ ფასად ცდილობს – ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, სახელმწიფო მათ 20-23 ლარს სთავაზობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს კომპენსაციას სთავაზობენ დოლარის იმ კურსით, რომელიც იყო სამი წლის წინ, ანუ 1,65 თეთრის ფარგლებში. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ეს სამართლებრივად სწორი მიდგომაა.

სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს, სულხან ზუმბურიძეს კი,  ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში შემოსავლების სახით 335 ათას 656 ლარი აქვს მიღებული, რაც ყოველთვიურად 27 ათას 971 ლარია.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც ასევე სახელმწიფო კომპანიაა, სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს, მათ შორის, ხორციელდება „ახალციხე – ბათუმის“ 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.


ფოტო: აქცია სოფელ გოგიაშვილებში; „ბათუმელების“ არქივიდან

დავით ჯაყელი სერიალსა და სცენაზე

„დიდი ხანი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რა პროფესიაში ვიყავი. თეატრში მუშაობის ალბათ მეექვსე წელს მივხვდი, რომ სცენაზე უნდა დავრჩენილიყავი“, – ამბობს დათო ჯაყელი. პოპულარული ქართული სერიალების – „ხელოვნური სუნთქვისა“ და „ჩემი ცოლის დაქალების“ შემდეგ, მსახიობი გასტროლებისთვის ემზადება. ბათუმის „ახალი სცენა“ პოლონეთსა და ლიტვაში ორი სპექტაკლით მიდის. დავით ჯაყელმა თეატრის გასტროლებსა და თავის შემოქმედებით ცხოვრებაზე „ბათუმელებთან“ ისაუბრა.

როგორც ვიცი, 24 თებერვალს აპირებთ გასტროლებზე წასვლას, პირველად მიდიხართ ამ ქვეყნებში?  

კი, პირველად გაგვაქვს და, ზოგადად, ბათუმის თეატრი ასე ხანგრძლივად პირველად გადის გასტროლზე. ორი კვირა და 15 დღე გამოგვდის ფაქტობრივად. მანამდეც იყო გასტროლები თურქეთში, მოლდოვაში, ორჯერ – უკრაინაში, მაგრამ ასეთი მასშტაბით მაინც პირველია. ორი სპექტაკლით გავდივართ: „სინდრომი“ და „რამდენი დემონიც გნებავთ“, რომელიც არის პოლონელი რეჟისორის დადგმული, ხოლო „სინდრომი“ – ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელის, ანდრო ენუქიძის  სპექტაკლია.

რა არის ამ სპექტაკლების მთავარი სათქმელი?

მე ვთამაშობ მხოლოდ „სინდრომში“, ზედაპირულად რომ ვთქვა, თემა ეხება ჩვენს ქართულ პოლიტიკურ რეალობას.

როგორია ქართული პოლიტიკური რეალობა თქვენი აზრით?

მარტივად რომ ვთქვა, სკამისთვის, ძალაუფლებისთვის ბრძოლას ეხება სპექტაკლი, რომ მაინც და მაინც უსაფრთხოდ ვერ არის ადამიანი ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, მსოფლიოში, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ვიღაცების მხრიდან. სათქმელი სპექტაკლში ჩანს და უფრო გამძაფრება ამ თემის ამ წუთში არ მინდა. ამასთან, სპექტაკლი ხალხური სამხმოვანებით არის გაფორმებული და მე მგონი კარგი სანახავი, სასიამოვნო მოსასმენიც იქნება.

სულ არის კრიტიკა იმაზე, რომ ქართული თეატრი ვერ გახდა თანამედროვე, ვერ მოერგო თანამედროვე მაყურებელს, თქვენ როგორც მსახიობი, როგორ ფიქრობთ, რამდენად პასუხობს თეატრი თანამედროვე გამოწვევებს?

ეს ალბათ იმიტომ, რომ თეატრი, ზოგადად, სხვა ფუნქციას ატარებს, დღეს ეს უკან არის გადაწეული.

რა ფუნქციას გულისხმობთ?

ზოგადსაგანმანათლებლო ფუნქციას, რაღაც პრობლემებზე მოლაპარაკე უნდა იყოს თეატრი და მამხილებელი, საზოგადოებრივ აზრზე გავლენას უნდა ახდენდეს. დღეს კი მაყურებელი რატომღაც დაინტერესებული არ არის ჩვენი შემოქმედებით, ძალიან რთულად მოგვყავს მაყურებელი. ნახეთ რა პატარა თეატრია [ახალი სცენა] და ზოგჯერ ამასაც კი ვერ ვავსებთ.

ვერ ვიტყვი, რომ თეატრი რეპერტუარის სიმწირეს განიცდის, რადგან, ფაქტობრივად, ყოველი თვის ბოლოს გვაქვს ახალი სპექტაკლი. ხარისხზე შეგვიძლია ვიდავოთ და ეს ჩვენი პრობლემაა, მაგრამ მგონი პრობლემა იმაშია, რომ თეატრი გახდა არამოდური ან არააქტუალური ჩვენი ქალაქისთვის. მოდური როგორ უნდა გავხადოთ, არ ვიცი. ალბათ მეტი პიარი სჭირდება. ეს შეიძლება იყოს თეატრის და საზოგადოების ბრალიც.  ბათუმელ ახალგაზრდობას ან თუნდაც შუახნის ხალხს ურჩევნია რესტორანში დახარჯოს ბილეთის ფული, ვიდრე თეატრში მოვიდეს და რაღაც ინფორმაცია მიიღოს.

ანუ კულტურის ნაწილი აღარ არის თეატრი?

ნაწილობრივ კი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ თეატრი მაყურებელს ვერ აწვდის იმას, რაც მას სჭირდება და აინტერესებს რეალურად.

თქვენ თეატრში დიდი ხანია თამაშობთ, თუმცა პოპულარული მაინც სერიალიდან გახდით, ვგულისხმობ “ხელოვნურ სუნთქვას”.

აქ მარტივი რამ ხდება, ტელევიზორს უყურებს ყველა. ჩემზე რომ არ ვისაუბრო, ნინო კასრაძის მაგალითითაც შეიძლება ვთქვათ, რომ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებამდე“ მას ვიწრო წრე თუ იცნობდა, არადა წლებია რუსთაველის თეატრის პრიმა მსახიობია. ეს ახლავს ტელევიზიას და ნაწილობრივ ამის ბრალიც არის, რომ ამ გამოწვევებმა ჩაყლაპა თეატრი, მაგრამ ევროპაში რატომ არაა ასე? იქ ხომ დღემდე პოპულარულია თეატრი. არ ვიცი, შეიძლება უფრო ნაკითხია იქ ხალხი და უფრო მეტად ესმით თეატრის მნიშვნელობა.

კინოზეც ასე ამბობდნენ, რომ ხალხი აღარ უყურებდა კინოს დიდ ეკრანზე, მაგრამ ტენდენცია იცვლება.

კი ბატონო, მაგრამ თეატრი ჯერ კიდევ ერთ ადგილზე დგას.

იმიტომ ხომ არა, რომ თეატრი სათანადო რეაგირებას ვერ ახდენს ისეთ თემებზე, რაზეც აქვს მგრძნობელობა საზოგადოებას, მაგალითად, ოჯახში ძალადობაზე, საზოგადოებაში არსებულ სტიგმებზე და ა.შ?

ჩვენი ერთ-ერთი სპექტაკლი „ბოლო გაჩერება“, სწორედ ძალადობაზე და ადამიანის ჩაგვრაზეა აქცენტირებული, საკმაოდ პოპულარული იყო და მეტი მაყურებელიც ჰყავდა. ჩვენც ზუსტად ვიცოდით, რისი თქმა გვინდოდა ამ სპექტაკლით და ამიტომაც მიაღწია მიზანს.

 „ხელოვნური სუნთქვა“ და „ჩემი ცოლის დაქალები“ თქვენი პირველი როლები იყო კინოში, სატელევიზიო სერიალში?

პირველი არ იყო. ჩემი მეგობარი სალომე საღარაძე აკეთებდა საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებს და ის იყო ჩემი პირველი მუშაობა კამერასთან. რაღაც მასშტაბური არ გაგვიკეთებია, რა თქმა უნდა. უფრო მასშტაბური პროექტი „უნივერსალ ფიქჩერსის“ და რუსული კინოს ერთობლივი ფილმი იყო – „ახლობელი მტერი“ – ასე ერქვა. 2007 წელს გადაიღეს და იქ მომიწია ეპიზოდური როლის შესრულება.

დათო ჯაყელი, მსახიობი ფოტო: თორნიკე თავაძე
დათო ჯაყელი, მსახიობი
ფოტო: თორნიკე თავაძე

სად უფრო საინტერესოა თქვენთვის მუშაობა, თეატრში თუ კინოში?

თეატრი, სცენა, უფრო მეტ გამომსახველობას ითხოვს. საერთო ჯამში, ყველა როლი რაღაც კვალს ტოვებს და მაინც შენგან მომდინარეობს. როცა გადაღლის მომენტი გეწყება, შემოქმედებითი შიმშილი აუცილებელია იმისთვის, რომ შენი შექმნილი პერსონაჟი იყოს დამატყვევებელი. როცა მიწყობილად მუშაობ, ტვინი იღლება, ამიტომ პაუზის აღება ყოველთვის საჭიროა.

ახლა კინოში პაუზა გაქვთ, თუ არის ახალი შემოთავაზებები?

ასე ვერ ვიტყოდი. სერიალის სცენარისტებისგან პირობა მაქვს მიღებული, რომ ეს ასე არ არის. „ჩემი ცოლის დაქალებიდანაც“ იყო რაღაც შემოთავაზება, მაგრამ რაღაცებზე შევიკავე მეც თავი. ფინანსურ არა, უფრო ტექნიკურ მხარეზე იყო საუბარი, შემდეგ „ხელოვნური სუნთქვა“ ისევ დადგა დღის წესრიგში და მაინც და მაინც ორ სერიალზე ერთად მუშაობა არ მინდოდა. თეატრში, სამწუხაროდ, ისეთ ხელფასს არ გვიხდიან,  უზრუნველყოფილი რომ იყო, ამიტომ ამ კუთხითაც საინტერესოა ჩემთვის სერიალი და განსხვავებული სპეციფიკის მხრივაც.

ახალგაზრდები არ დადიან თეატრშიო ამბობთ, თქვენ დადიოდით ადრე თეატრში?

არ დავდიოდი. ამ სფეროში შემთხვევით მოხვდი. არასდროს მიფიქრია, რომ მსახიობი ვიქნებოდი. იმ პერიოდში, როცა ძალიან მიჭირდა ყველა მიმართულებით, რაღაც კვალი მინახა ღმერთმა. სკოლის დამთავრების შემდეგ კოლეჯში ჩავაბარე საბაჟო სამართალი თუ რაღაც ამ მიმართულებით. მაშინ მოდაში იყო დიპლომი და ამიტომ. ჩემი მეგობარი ლაშა კონცელიძე, რომელიც ახლა ჩემი ცოლის ძმაა, სწავლობდა ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში, რომელიც ახალი გახსნილი იყო ბათუმში და ერთხელ გავყევი ლექციაზე, მერაბ ლებანიძის ლექცია ჰქონდათ მსახიობის ოსტატობაზე და იქ მიხვდი, რომ მომწონდა ეს საქმე, რაღაც მარტივად მომეჩვენა ყველაფერი. მერე  დავახლოვდი ამ ადამიანებთან და ჩავაბარე იმ მიზნით, რომ ერთი დიპლომით მეტი მექნებოდა და თან გავერთობოდი.

როგორი იყო პირველი როლი?

მე მოვხვდი ლევან მირცხულავას ჯგუფში, რომელიც ითვლებოდა ერთ-ერთ თვალსაჩინო პედაგოგად და მასთან მოხვედრა იყო პრესტიჟი. გამოცდაზე კი მივედი ტუტუცურად, მოუმზადებელი – არც ლექსი, არც პროზა ზეპირად არ ვიცოდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაინც უმაღლესი ქულებით გამოვედი. ეტიუდი გამომივიდა კარგად. ერთი წასვლა წავედი კიდეც ინსტიტუტიდან, რადგან მივხვდი, რომ შარში ვიყავი, ძალიან მძიმე რეჟიმი ჰქონდათ მსახიობებს, დილიდან საღამომდე მშიერ-მწყურვალი მუშაობდი რეპეტიციებზე, მე კი ამისთვის მზად არ ვიყავი, მაგრამ მირცხულავამ სახლში მომაკითხა და დამაბრუნა. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ისევ მსახიობი ვარ.

პირველივე კურსზე ლევან მირცხულავამ მე და მამუკა მანჯგალაძე გვათამაშა ძალიან დიდ სპექტაკლში – „ბილოქსური ბლუზი“. ამ სპექტაკლმა იმდენად დამსტრესა, ისე მეშინოდა სცენაზე გასვლა, გულის რევამდე მივდიოდი. დიდი ხანი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რა პროფესიაში ვიყავი და რამდენად მნიშვნელოვანი იყო. თეატრში მუშაობის ალბათ მეექვსე წელს მივხვდი, რას ვაკეთებდი. გიორგი თავაძის თეატრში მოსვლის შემდეგ, თეატრი აბსოლუტურად შეიცვალა, სისხლის გაშრობამდე ვმუშაობდით და ამ რეჟიმმა მიმაჩვია შრომისმოყვარეობასა და პასუხისმგებლობას საქმის მიმართ.

რომელ რეჟისორთან გინდათ მუშაობა?

რობიკო სტურუასთან და თემურ ჩხეიძესთან. ვფიქრობ, მათ მთელი ექოპა შექმნეს და ვიმუშავედი მათთან. რაც შეეხება როლს, „დონ კიხოტს“ ვითამაშებდი სიამოვნებით. რატომ მომწონს? უცნაური კაცია, ჩემნაირია რაღაც.

დავით ჯაყელი, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი: ფოტო: თორნიკე თავაძე
დავით ჯაყელი, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი:
ფოტო: თორნიკე თავაძე

 

სასტუმრო “პრინცესას” მიერ მითვისებული ტროტუარი

“სასტუმრო „პრინცესას“, იგივე ძველი ფოსტის შენობას ბათუმში, რომელიც მემედ აბაშიძის #33-ში მდებარეობს, ბარათაშვილის ქუჩიდან ეტლით მოსარგებლეებისთვის პანდუსი ისე აქვს დამონტაჟებული, რომ ტროტუარი თითქმის სრულად არის ათვისებული, რის გამოც გამვლელები იქვე გაჩერებულ მანქანებს გარსუვლიან და მანქანების სავალ ნაწილზე გადასვლა უწევთ.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ სტანდარტის მიხედვით ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებისთვის სავალი ნაწილი მინიმუმ 80 სანტიმეტრი და მაქსიმუმ 150 სანტიმეტრი უნდა იყოს, თუმცა იმის დასადგენად, დარღვეულია თუ არა კანონი ამ კონკრეტული შენობის შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გადაგვამისამართეს, რადგან შენობას ძეგლის სტატუსი აქვს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ახლადდანიშნული მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ასლანიშვილი ამბობს, რომ თუ ეს პროექტით არ იყო გათვალისწინებული, ადგილზე მონიტორინგის ჯგუფი გავა.

ამავე თემაზე: როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

ხუთბალიანი შტორმი ზღვაზე [ვიდეო]

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 17 თებერვალს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის სიმძლავრე 5-6 ბალს აღწევდა. შტორმი ბათუმის სანაპიროზე განსაკუთრებით ახალ ბულვარს აზიანებს.ხვალიდან შავ ზღვაზე შტორმის სიმძლავრე დაიწევს და გამოიდარებს.


ამავე თემაზე:
ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

ბათუმის ქუჩებში ნადირობა განახლდა

დღეს, 17 თებერვალს, თოვლიან ამინდში ბათუმის ქუჩებში ისევ გამოჩნდნენ ფრინველზე მონადირეები. თვითმხილველმა “ბათუმელებს”  მიაწოდა ფოტოები, რომელიც აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული და ჩანს, როგორ ნადირობენ ფრინველზე.

პნევმატური იარაღიდან სროლა დასახლებულ ადგილას არის სამართალდარღვევა და იწვევს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.

ქალაქში ფრინველზე ნადირობის ფაქტები წელს პირველი არ არის. „ბათუმელებმა“ პირველ თებერვალს ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელზეც კორპუსებთან ნადირობის ფაქტია დაფიქსირებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ფაქტზე პოლიციაში შეტყობინება არ შესულა.

5 4 3 2 1

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესული ცვლილებების დეტალები

რა შეიცვალა რეალურად მასწავლებლის პროფესიული და კარიერული განვითარების სქემაში, ვინ რა აქტივობებით ადასტურებს პროფესიულ კომპეტენციას, როდის მიიღებენ პედაგოგები ვიდეო ინსტრუქციებს და რა ელით უსტატუსო მასწავლებლებს სკოლაში? ახალი სქემის დეტალებზე „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის ექსპერტ კონსულტანტი, მანანა რატიანი საუბრობს.

ქალბატონო მანანა, ახალი ცვლილებებით, რომელიც პედაგოგთა კარიერული და პროფესიული წინსვლის სქემაში შევიდა, რა არსებითი ცვლილებებია და კონკრეტულად რა პასუხისმგებლობები აკისრიათ პედაგოგებს?

სქემის ცვლილებები დაეფუძნა არაერთ გადაწყვეტილებას. თავიდან ითქვა, რომ პირველი წელი იყო პილოტირებული, ამ წლის გასვლის შემდეგ მოხდა ანალიზი, კვლევა ჩატარდა მსოფლიო ბანკის დახმარებით, რამაც გამოავლინა ხარვეზების ცვლილებების აუცილებლობა.

რა ჩაითვალა ხარვეზად?

სქემის დოკუმენტები – ცხრა წესის და ერთი დებულება გაერთიანდა. მანამდე ეს რეგულაციები სხვადასხვა დოკუმენტში იყო გაბნეული, ახალი სქემით ეს დოკუმენტები კონცენტრირებულია ერთ დოკუმენტში, უფრო ადვილად ხელმისაწვდომია მასწავლებლებისთვის და, ზოგადად, განათლების სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. მეორე არის ის, რომ სქემა აღარ მოიცავს მასწავლებლის კარიერის შეწყვეტა-შეჩერების ნაწილს. თუ აქამდე პრაქტიკოს მასწავლებელს ჰქონდა კონკრეტული ვადა საფეხურზე გადასასვლელად, ახლა ეს ვადები აღარ არის. პროფესიაში დარჩენის ან სტატუსის შენარჩუნების ვადები მხოლოდ მაღალი სტატუსის პედაგოგებისთვის განისაზღვრა.

მასწავლებლების დიდი ნაწილი არის პრაქტიკოსი. თუ ისინი არ იზრუნებენ პროფესიულ განვითარებაზე, ეს არ დააზარალებს განათლების სისტემას?

უფროს მასწავლებელთა სტატუსის ნაწილში ჩვენ გვაქვს ბევრი სამოტივაციო ნაწილი ჩადებული, მათ შორის ანაზღაურების გაზრდაც, რადგან პრაქტიკოსისა და უფროსი მასწავლებლის ანაზღაურებას შორის განსხვავება არის 320 ლარი.

ადრე იყო საგნობრივი გამოცდა, მასწავლებელს 61 პროცენტზე მეტი უნდა აეღო, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩათვლოდა, ახალი სქემით კი კრედიტქულების დაგროვებითი სისტემაა განსაზღვრული და პროცენტებს, რომელსაც მასწავლებელი საგნობრივ გამოცდაზე დააგროვებს, ჩაეთვლება ქულებად. ასევე მასწავლებლებს ექნებათ სხვა აქტივობებიც, რომელიც დაადასტურებს მათ საგნობრივ კომპეტენციას.

შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ რამდენიმე აქტივობა, რომლითაც მასწავლებელი დაადასტურებს თავის კომპეტენციას იმის მიუხედავად, აიღებს თუ არა მაღალ ქულებს საგნობრივ გამოცდაზე? 

ეს შეიძლება იყოს საგნის და საგნობრივი მეთოდიკის ტრენინგების გავლა, საწრეო მუშაობა, სადაც მასწავლებელს უწევს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, შეფასების ჯგუფის წევრი თუ არის, ამაშიც აიღებს კრედიტქულას. აქამდე ასე არ ხდებოდა, ასევე ფასილიტატორი თუ არის, ამაშიც ეწერა კრეტიდქულა და პრიორიტეტია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. ასევე პედაგოგიური კომპეტენციების დადასტურებას დაემატა პროფესიული უნარების გამოცდაც, აქაც იქნება დაგროვებითი სისტემა და ამ ორი ტესტური შეფასებისა და შიდა საგაკვეთილო დაკვირვების საფუძველზე  ჯამურად უნდა მოაგროვოს პედაგოგმა 19 კრედიტქულა  წინ რომ წავიდეს კარიერაში.

ზედა საფეხურებზე რა შეიცვალა პედაგოგებისთვის?

რა თქმა უნდა, აქ უფრო მეტი ცვლილება გვაქვს. ადრე იყო ბევრად მეტი დამატებითი აქტივობა, ამ ეტაპზე შეიცვალა სავალდებულო და თავისუფალი აქტივობების პროპორციები და მასწავლებელი ბევრად უფრო თავისუფალია აქტივობების განხორციელებაში მასწავლებლის, მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე და ნაკლებია ვალდებულება. ვალდებულებაში რჩება საგაკვეთილო დაკვირვება უფროსი მასწავლებლისთვის, ასევე – პრაქტიკის კვლევა და საგანმანათლებლო რესურსის შექმნა.

წამყვანი მასწავლებლის ვალდებულებებში არის ცვლილებები?

უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის აქტივობების ჩამონათვალი თითქმის ერთი და იგივეა, წამყვანთან არის უფრო მეტი საკლასო, საწრეო მუშაობა გათვალისწინებული. პროფესიული განვითარება, სასწავლო პროცესის გაუმჯობესება – მიმართული კონკრეტული კლასის და მოსწავლისკენ, სწავლა-სწავლების პროცესი, კლასგარეშე და სოციალური საქმიანობა, ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული თანამშრომლობა.

გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ახალი სქემა დამტკიცდა, შემუშავდა ყველა ამ აქტივობის კრიტერიუმები, რაც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დამტკიცდება და როცა გამოქვეყნდება ვებგვერდზე, ამის შემდეგ ჩვენ თითოეული აქტივობისთვის მოვამზადებთ ვიდეო ინსტრუქციას – რა მოლოდინია მასწავლებისგან, როგორ უნდა შეაფასოს შეფასების ჯგუფმა მასწავლებლის ჩატარებული აქტივობა და რაც მნიშვნელოვანია, ეს აქტივობები არის ერთგვაროვან აქტივობებად დაჯგუფებული, რომ არ გამოიწვიოს სხვა აქტივობებში არევა.

სამოდელო გაკვეთილს ატარებს მასწავლებელი მაშინ, როცა მასწავლებელს მიაჩნია, რომ რაღაც ინოვაციას, განსხვავებულს აკეთებს და იწვევს სხვა მასწავლებლებს, რომ გამოცდილება გაუზიაროს. შიდა და გარე საგაკვეთილო დაკვირვება კი არის მუშა პროცესი, ამისთვის ერთი და იგივე რუბრიკა გამოიყენება და, შესაბამისად, ეს რუბრიკა შემუშავდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, მოდიფიცირება გაუკეთდა და უფრო გამოყენებადი რესუსრი გახდა.

თუ არის სქემაში განსაზღვრული, როგორ უნდა იყოს დაგეგმილი გაკვეთილი?

ზოგადად, მასწავლებელი გაკვეთილის დაგეგმვაში თავისუფალია, თუმცა, იქნება თუ არა შიდა და გარე საგაკვეთილო დაკვირვება, მიუხედავად ამისა, მასწავლებელი უნდა გეგმავდეს გაკვეთილს. რატომ უნდა დააკარგვინო მოსწავლეს 45 წუთი, თუ არ იცი რისი მიღწევა გინდა.

ახალი სქემის მიხედვით, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მასწავლებლობის მსურველი პირი უფროსი მასწავლებლის სტატუსით შედის სკოლაში და არა პრაქტიკოსის?

ის ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტს ახალი პროგრამებით ამთავრებს და ეს პროგრამები შესაბამისობაშია მოყვანილი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან, ახალი გავლილი აქვს აკრედიტაცია ამ პროგრამებს, გამოცდის ჩაბარების შემდეგ ეს პირი უკვე შედის სკოლაში უფროს მასწავლებლად და არა პრაქტიკოსად.

როცა მინისტრი სამუდამო მასწავლებლის სტატუსზე საუბრობდა, მან თქვა, რომ ისინი შეიძლება იყვნენ მენტორები. თუმცა, სქემის მიხედვით, მენტორს პროფესიული კომპეტენციის დამტკიცება უხდება, სამუდამოს კი – არა. თუ არის უკვე განსაზღვრული სამუდამო მასწავლებლის კრიტერიუმები?

მენტორთან დაკავშირებით არის ახალი ჩანაწერი – თუკი ადრე იყო, რომ პედაგოგს ყველა საფეხურის გავლა უწევდა ამ სტატუსის მისაღებად, ახალი სქემის მიხედვით, მინისტრს აქვს უფლება კომისიასთან ერთად შეიმუშაოს კრიტერიუმები და მიანიჭოს მენტორის სტატუსი განსაკუთრებული ღვაწლის მქონე მასწავლებელს.

ეს „განსაკუთრებული ღვაწლი“ რა იქნება ჯერ განსაზღვრულია?

ეს წესი ჯერ არ შემუშავებულა, თუმცა წელს უნდა მოხდეს ამ დოკუმენტზე მუშაობა.

ქალბატონო მანანა, სტატისტიკის მიხედვით, საჯარო სკოლებში საკმაოდ დიდი რაოდენობით მუშაობენ ე.წ  უსტატუსო მასწავლებლები. რამდენ ხანს შეიძლება დარჩეს მასწავლებელი უსტატუსოდ და როგორ მოუწევთ მათ პროფესიული კომპეტენციების დამტკიცება?

იცით, რომ კანონში სკოლის დიფერენცირების შესახებ გაჩნდა ჩანაწერი, აქედან გამომდინარე შეიძლება სკოლების მიმართ იყოს განსხვავებული მიდგომა და სხვადასხვა სკოლას მასწავლებლის აყვანის განსხვავებული წესი ჰქონდეს. უსტატუსო მასწავლებლები იმიტომ აიყვანეს სკოლებმა, რომ მოსწავლეებს ეზღუდებოდათ განათლების ხელმისაწვდომობის უფლება, რადგან მაღალმთიან რეგიონებში პედაგოგების დეფიციტია.

თუმცა, ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომ მოხდეს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აღდგენა და ამ ადამიანებს მიენიჭოთ მაძიებლის სტატუსი. გარკვეული პროფესიული დაკვირვების, განვითარების შემდგომ კი, მიეცეთ საფეხურიდან საფეხურზე გადასვლის უფლება. თუკი ეს ცვლილება შევა კანონში, მაშინ მათაც ექნებათ ვალდებულება სქემის მიხედვით აიმაღლონ სტატუსი ან დატოვებენ სკოლას.

წინა სქემის მიხედვით, მასწავლებლებს ვიდეო გაკვეთილების მომზადება ევალებოდათ, ახლა ეს ვალდებულება აღარ არის?

ვიდეო დაკვირვება ჯერჯერობით არ იქნება, რადგან ამ ეტაპისთვის აპარატურა არ არის შესყიდული და,  სავარაუდოდ, ამის შესყიდვა ვერც წელს მოხერხდება.

 

ვაკანსიები სოფლის მეურნეობის სამინისტროში – დარეგისტრირების ვადა იწურება

აჭარის სოფლის მეურნებობის სამინისტროს 12 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი აქვს გამოცხადებული. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გამოქვეყნებული პირობების მიხედვით სამინისტროში სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 825 ლარი, განყოფილების უფროსის – 1175 ლარი, ხელო დეპარტამენტის უფროსის ხელფასი 1575 ლარია.

კონკურსი გამოცხადებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემდეგ თანამდებობებზე
აგრობიზნესის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
აგრობიზნესის განვითარების განყოფილების უფროსი.
სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
დარგობრივი განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
აგრარული ექსტენციის განყოფილების უფროსი.
აგრარული ექსტენციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
• პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
საინვესტიციო და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.
აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი .
ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

კონკურსანტებს მოეთხოვებათ საქართველოს კონსტიტუციის, ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა საკითხების ცოდნა.

სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულო მოთხოვნებია:
განათლება – აგრარული (აგრონომია/მეცხოველეობა/ვეტერინარია/ სასურსათო ტექნოლოგია)/ეკონომიკური/ბიზნესის ადმინისტრირება; საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილ ვაკანტურ თანამდებობაზე უპირატესობა მიენიჭება: უმაღლესი განათლების მაღალ აკადემიურ ხარისხს;
სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

კონკურსი სამ ეტაპიანი იქნება, პირველი ეტაპი იქნება განცხადებების გადარჩევა, შემდეგ ტესტირება და საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.

შსს: სარფში დაკავებულია „კანონიერი ქურდი“

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი გ.გ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ. 1981 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. სამართალდამცველებმა იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოდიოდა – აშნიშნულია შს სამინისტროს ვებგევრდზე.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის აჭარის აგროსერვის ცენტრში

აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინსიტრო ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს. სტუდენტები 6 თვით იმუშავებენ აჭარის აგროსერვისცენტში და მათი ანაზღაურება თვეში 250 ლარი იქნება. სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია დღეს, 17 თებერვალს, შედგა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებს სტაჟირებაზე აჭარს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე  ესაუბრნენ.

6-თვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების მიზანი სოფლის მეურნეობაში კვალიფიციური კადრების მომზადება და პროფესიული განვითარების  ხელშეწყობაა.  პროგრამით  გათვალისწინებულია 10 სტაჟიორის მიღება. მათ შორის: ზოგადი აგრონომიის მიმართულება -3 სტუდენტი; მცენარეთა დაცვა-2 სტუდენტი; მესათბურეობა – 2 სტუდენტი; მექანიზაცია-2 სტუდენტი; ვეტერინარია-1 სტუდენტი;

სტაჟირების გასავლელად 6 თვის ვადით მიიღება უმაღლესი განათლების მქონე პირი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.

სტაჟირების გავლის სურვილის მქონე კანდიდატმა აგროსერვისცენტრის სტაჟირების კომისიას უნდა წარუდგინოს კომისიის სახელზე შედგენილი განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: CV ან ავტობიოგრაფია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, დიპლომის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან),  1 ფერადი ფოტოსურათი (3–4), რეკომენდაცია დეკანატიდან,  სტუდენტის აქტივობები (რეფერატები; კონფერენციებში მონაწილეობა და ა.შ), საკვალიფიკაციო მიმართულებები,
სასურველია უცხო ენების ცოდნა.

განაცხადების მიღება წარმოებს 2017 წლის 1 მარტიდან  2017 წლის 10 აპრილის ჩათვლით, ,,აგროსერვის ცენტრის’’ ადმინისტრაციულ – ფინანსურ განყოფილებაში. მის: ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. №46ა  II სართული.

ფოტოზე: აგროსერვისცენტრის სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია. ფოტო: bsu.edu.ge

საია: გიორგი მამალაძის საქმეზე ინფორმაცია საზოგადოებას ცალმხრივად მიეწოდება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. საიას განცხადებით, ამ საქმეზე საზოგადოება ცალმხრივად არის ინფორმირებული. „ბათუმელები“ განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ:

„დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის არის დაკავებული, ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პროკურატურას ანიჭებს უფლებამოსილებას, პროცესის მონაწილე პირები, მათ შორის ადვოკატები, დაავალდებულოს მისი თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, დაუშვებელია ეს მექანიზმი დაკავებული პირის ინტერესების საზიანოდ იყოს გამოყენებული. მოცემულ საქმეზე ნათელი ხდება, რომ პროკურატურის მიერ მიღებული ზომები, ბრალდებულს აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ერთის მხრივ, პროკურატურა ღიად საუბრობს საქმისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა გარემოებაზე, ხოლო მამალაძე და მისი ადვოკატები ვერ პასუხობენ საჯაროდ გაჟღერებულ ბრალდებებს.

გარდა ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირები კვლავაც აგრძელებენ საჯარო განცხადებების გაკეთებას, რომლის შინაარსი ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს უკვე დადგენილად და უტყუარად წარმოაჩენს, რითაც გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაცვის მხარეს მოუხსნას დაწესებული შეზღუდვები;

ასევე, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღონ შესაბამისი ზომები გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად;

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, დაიცვან და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისაგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენსბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას – დამტკიცებულ ფაქტად“  – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

დეკანოზი მამალაძე საიას დახმარებას და ანა ნაცვლიშვილთან შეხვედრას ითხოვს

გონიოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

დღეს, 17 თებერვალს, გონიოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ აღინიშნება და მიმდინარეობს ექსპერტიზა.

მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

შს სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალი პიკაპები – აჭარის გზების დეპარტამენტის პასუხი ენმ-ის კრიტიკაზე

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი სპეციალიზებულ, მაღალი გამავლობის ხუთ ავტომანქანას, პიკაპს, შეისყიდის. ავტომანქანების შესაძენად დეპარტამენტს 320 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

დღეს, 17 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში, დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და  აჭარის მთავრობას და საგზაო დეპარტამენტს ტენდერის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ენმ-ი მიიჩნევს, რომ 320 000 ლარად სპეცტექნიკის შეძენა სჯობს, რომელიც გამოიყენება დიდთოვლობისა და სტიქიური მოვლენების დროს.

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე დეპარტამენტი იმ ტექნიკას ყიდულობს, რომელიც ესაჭიროება:

„ეს არის ორხიდიანი, მაღალი გამავლობის ტრანსპორტი, რომელიც ადგილობრივ წარმომადგენლებისათვის არის საჭირო ჩვენი რეგიონის რელიეფიდან გამომდინარე. პრაქტიკულად დეპარტამენტს ახლა ჰყავს მხოლოდ ერთხიდიანი და მსუბუქი ტრანსპორტი, რომელიც ქმნის გარკვეულ პრობლემებს გადაადგილებისას იმ ლოკაციებზე, სადაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული თუ გაწმენდითი სამუშაოები, აქედან გამომდინარე ამის საჭიროება არსებობდა“ – ამბობს არჩილ ჩიქოვანი.

იგი ასევე ამბობს, რომ დეპარტამენტი წელს მძიმე ტექნიკასაც შეისყიდის, რისთვისაც ბიუჯეტში 1 მილიონ 100 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„ვგეგმავთ მინიმუმ ექვსი ერთეული მძიმე ტექნიკის შეძენას, რომელსაც წლის განმავლობაში რამდენიმეს დავუმატებთ. სულ ცხრა ერთეული ტექნიკის შეძენაა წლის განმავლობაში დაგეგმილი.  ეს არის ექსკავატორები, ბულდოზერები და ის სპეციალური ტექნიკა, რომელიც დეპარტამენტებს სჭირდება საქმიანობის განსახორციელებლად“ – ამბობს არჩილ ჩიქოვანი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მოსაცდელებში ნახევარ მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს

504 ათას 900 ლარი აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ავტობუსის მოსაცდელის 33 კონსტრუქციის შეძენა-დამონტაჟებისთვის. მეტალოკონსტრუქციის მოსაცდელები ქალაქ ქობულეთში უნდა განთავსდეს.

„ავტობუსის გაჩერება წარმოადგენს ბეტონის მომზადებულ ფილაზე მდგომ მცირე ზომის არქიტექტურულ ფორმას. მისი გაბარეტებია 4,1*1,5*2,7 . ავტობუსის გაჩერება უნდა დაიდგას ბეტონის 20 სმ სისქის ფილაზე ზომით 5 000 * 2 500, რომლის ზედაპირი უნდა მოპირკეთდეს (არსებული ფილით). წინასწარ მომზადებულ ბეტონის ფილაში გათვალისწინებული უნდა იყოს დენის წყარო 220 ვოლტი და მეტალის კარკასის სამაგრი კრონშტეინები“ – აღნიშნულია სატენდერო პირობაში.

კონსტრუქციები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა დამონტაჟდეს. შესაბამის ადგილებს, კონკრეტულად სად დამონტაჟდეს მოსაცდელი, გამარჯვებულს მუნიციპალიტეტი მოგვიანებით მიუთითებს.

[red_box]ქობულეთში დაახლოებით ასეთი მოსაცდელები უნდა დამონტაჟდეს:[/red_box]

მოსაცდელის ესკიზი სატენდერო დოკუმენტიდან
მოსაცდელის ესკიზი სატენდერო დოკუმენტიდან

ტენდერის პირობების თანახმად: „მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში თავად უზრუნველყოფს წუნდებული [უხარისხო] საქონლის შეცვლას და განახორციელებს შეცვლასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებას საკუთარი ძალებით და საშუალებებით, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში. ამ ვადაში შედის საქონლის წაღება და ახალით შეცვლა.

გადახურული [გამჭირვალე] მოსაცდელები ავტობუსის/საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების საგარანტიო ვადაა 5 წელი“.

საქსტატი: იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა: „რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია“.

მიმდინარე წლის იანვრის თვეში ექსპორტი 177 მლნ. აშშ დოლარი იყო [45 პროცენტით მეტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით], ხოლო იმპორტი 474 მლნ. აშშ დოლარი [15 პროცენტით მეტი].

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა [იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობამ] 2017 წლის იანვარში 298 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემები
საქსტატის მონაცემები

საქონლით საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის ძირითად ადმინისტრაციულ წყაროს წარმოადგენს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციების მონაცემთა ბაზა, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] ყოველთვიურად იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან.

„საქართველოში მიმდინარეობს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში მკურნალობის კომპონენტით განსაზღვრული მედიკამენტებით პროგრამის მოსარგებლეთა უზრუნველყოფა ხორციელდება უსასყიდლოდ. საქართველოს საბაჟოზე მედიკამენტების დეკლარირებისას მათი საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ექსპერტიზის მიერ გაკეთებული შეფასების საფუძველზე…

საბაჟო სამსახურიდან მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქსტატმა მოახდინა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტის ღირებულების კორექტირება საინვოისო ღირებულების შესაბამისად, სავალუტო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე. გადაანგარიშებამ მოიცვა 2015-2016 წლები, პერიოდი C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დაწყებიდან დღემდე და შესაბამისად დაკორექტირდა მთლიანი იმპორტის, საგარეო სავაჭრო ბრუნვისა და სავაჭრო ბალანსის მონაცემები“ – აცხადებს საქასტატი.


საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებთან [ინფოგრაფიკა]

საარსებო მინიმუმი ერთ თვეში 4,7 ლარით გაიზარდა

კომპანია „დარ ბილდინგი“ ბარათაშვილის 24-ში ისტორიული სახლის დანგრევისთვის 7500 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანია „დარ ბილდინგი“, რომელმაც ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრია, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჯამში 7 500 ლარით დააჯარიმა.

ჯარიმა კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება ყოველდღიურად გაიზარდოს, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას ეს არ ადარდებს, რადგან ის უკანონო საქმიანობას აგრძელებს.

ამ შენობის მოპირდაპირედ სხვა კომპანია, რომელმაც ასევე ისტორიული სახლი დაანგრია, ახალ კორპუსს აშენებს, სადაც კვადრატული მეტრი ფართობის ფასი 800 დოლარია. თუ მომავლში „დარ ბილდინგი“ ამ ადგილზე კორპუსის მშენებლობის ნებართვას მიიღებს, ჯარიმების გადახდა მისთვის რთული არ იქნება.

ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 13 თებერვალს კომპანიას მიეცა გაფრთხილება, – მას დემონტაჟის შეჩერება მოსთხოვეს, რასაც კომპანია არ დაემორჩილა. 14 თებერვალს „დარ ბილდინგი“ ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო დემონტაჟის გამო 3 000 ლარით დააჯარიმა. ამავე დღეს კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 500 ლარით დააჯერიმეს.

15 თებერვალს კომპანიამ სამუშაოები ისევ გააგრძელა, რის გამოც ის ზედამხედველობამ კვლავ დააჯარიმა, ამჯერად 1000 ლარით. გარდა ამისა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა სამართლებრივი აქტი კომპანიის მიერ მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანების და ტერიტორიის დაზიანებისთვის 1500-1500 ლარით დააჯარიმა. ორივე აქტი სასამართლოშია გადაგზავნილი.

ჯამში კანონდამრღვევი კომპანიისთვის მერიის მიერ გამოწერილმა ჯარიმებმა 7500 ლარი შეადგინა. კომპანია, სავარაუდოდ, დღეს, 16 თებერვალსაც დაჯარიმდა, ისევ 1000 ლარით.
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის, თენგიზ მიქელაძის განმარტებით, ეს მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც ზედამხედველობის სამსახურს შეუძლია და „სამწუხაროდ“ უფრო მაღალ ჯარიმებს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში კომპანია 7-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს.

ბარათაშვილის #24
ბარათაშვილის #24

კომპანია „დარ ბილდინგმა” ბარათაშვილის #24-ში ისტორიული შენობის დემონტაჟი 12 თებერვალს დაიწყო, რის შემდეგაც მერიაში განაცხადეს, რომ კომპანია დაჯარიმდებოდა, თუმცა აქვე იმასაც დასძენენ, რომ სახლის პროექტი, რომელიც ბარათაშვილის #24-ში უნდა აშენდეს, უკვე შეთანხმებულია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბარათაშვილის #24 კომპანია „დარ ბილდინგს“ ეკუთვნის. კომპანიის ფეისბუქგვერდსა და ვებგევრდზე განთავსებულია სახლის პროექტი, რომლის აშენებაც ბარათაშვილის ქუჩაზე იგეგმება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აქ შენდება DAR REZIDENCE – ბუტიკის ტიპის ელიტარული საცხოვრებელი სახლი. კომპანიის ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ მშენებლობა 2019 წლის ივლისში უნდა დასრულდეს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „დარ ბილდინგი“ ბიზნესმენ რევაზ დარჩიძეს ეკუთვნის.

მახინჯაურის, ჩაქვისა და განთიადის აბონენტებს წყლის მიწოდება დროებით შეუწყდებათ

 
 ბათუმის მერიის ინფომრაციით, ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო, წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება დაბა მახინჯაურის, ჩაქვისა და განთიადის აბონენტებს.
    მერიის პრესსამსახურის ცნობით, პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სასმელი წყლის მიწოდება, ეტაპობრივად, რამდენიმე საათში აღდგება.

შაჰინის სკოლის ორი მოსწავლე ფლორიდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ისწავლის

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ორი მე-12 კლასელი აშშ-ი, ფლორიდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სკოლის დირექტორის ელგუჯა დავითაძის ინფორმაციით, მეთორმეტეკლასელებმა, ადემ კახაძემ და ილია გოგიტიძემ უნივერსიტეტისგან ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია დღეს, 16 თებერვალს მიიღეს.

„ამ მოსწავლეებს გაგზავნილი ჰქონდათ დოკუმენტაცია და ახლა მიიღეს თანხმობა უნივერსიტეტისგან. ორივე მოსწავლემ მიიღო სასწავლო გრანტი, ერთმა 19 ათასი დოლარი, მეორე კი მოსწავლე კი დაფინანსების შესახებ პასუხს ელოდება“-გვეუბნება დირექტორი.

შაჰინის  სკოლა-ლიცეუმს ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებული აქვს, რადგან ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია 3 თებერვალს გაუუქმა.

 

Exit mobile version