მთავარი,სიახლეები

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერ აქციაზე ოთხი ადამიანი მივიდა

18.02.2017 • 1964
დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერ აქციაზე ოთხი ადამიანი მივიდა

დღეს, 18 თებერვალს, 15:00 საათზე, ბათუმის საკათედრო ტაძრის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა აქციაზე მხოლოდ ოთხი ადამიანი მივიდა.

აქციის ორგანიზატორი ლია მგელაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებით გაავრცელა და გამოხმაურებაც მოჰყვა, თუმცა ტაძრის წინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა, მათ შორის ერთი მუსლიმი.

„მეც სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ აქცია იგეგმებოდა და ამიტომ გამოვედი. ვფიქრობ, დეკანოზი უდანაშაულოა და მხარში უნდა დავუდგეთ. რაც წავიკითხე და რაც მოვისმინე, იქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ მისი დანაშაულის არ მჯერა. არ მჯერა, რომ რელიგიურ ადამიანს ასეთი რამის გაკეთება შეეძლო. მე მინდა, სიმართლე დადგინდეს“- გვეუბნება თამაზ მგელაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოვიდა დეკანოზის მრევლი მხარდასაჭერად თუკი ფიქრობენ რომ ის უდანაშაულოა? ის გვეუბნება – „მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ხალხს კიდევ სძინავს.“

„მე ვარ დეკანოზის მრევლი, როცა ჩემი შვილი გალობდა, იმ პერიოდში ჯერ კიდევ დიაკვანი იყო მამა გიორგი, თავისთავად გვაკავშირებს საეკლესიო ურთიერთობა, მეუფესთან ერთად სულ დადიოდა და ვიცნობ კარგად როგორც დადებით პიროვნებას. ხელისუფლებამ ზღაპარი მოყვა, რისიც არც მათ სჯერათ.  რადგან ითქვა, რომ ციანიდის გამო იყო დაკავებული, ჯერ თქვეს, მაღალი რანგის პირის მოწამვლას აპირებდაო, შემდეგ დაბალი რანგისო, თვითონაც ვერ ჩამოყალიბებულან რა უნდათ და რასთან დაკავშირებით აპირებენ დეკანოზის დაჭერას.

ვფიქრობ, პატრიარქის ჩამოსვლა იქნება იმის წინაპირობა, რომ გონს მოეგონ და მიიღონ სწორი გადაწყვეტულება. სიმართლე უნდა ითქვას,“-გვეუბნება ლია მგელაძე.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე თამარ ჯიბლაძე ამბობს, რომ მისი შვილები დეკანოზის მრევლია და მას დიდი ხანია იცნობს. „დარწმუნებული ვარ, ის მაგ საქმეში არის პატიოსანი და სხვა არ ვიცი. სასულიერო პირები იმიტომ არიან გაჩუმებული, რომ პატრიარქს ელოდებიან, მის პირველ სიტყვას და მერე ალბათ ყველა ფეხზე უნდა დადგეს, რადგან არ შეიძლება უსამართლობამ იზეიმოს,“-ამბობს ის.

თამარ ჯიბლაძე დარწმუნებულია, რომ დეკანოზს ციანიდი ჩაუდეს. „ჩანაწერებს არ აკეთებ, მსგავს რამეს არ აკეთებენ თუ რა, ვის ინტერესში შედიოდა ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობაც გაება ამ ამბავში“.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის სვეტლანა სერგეევას თქმით,  დეკანოზი უდანაშაულოა და მსგავსი სკანდალი ქართული საზოგადოების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

აქციის მონაწილეთა თქმით, პრობლემის სათავე ეკლესიისა და ხელისუფლების სიახლოვეშია. „ეკლესია უნდა იყოს ცალკე და ხელისუფლება ცალკე“ – ამბობენ ისინი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 13 თებერვალს  აეროპორტში დააკავეს. შსს განცხადებით, მას მომწამვლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი გადაჰქონდა. შსს-ს პირველი ვერსიით, დეკანოზს ციანიდი გერმანიაში მიჰქონდა, სადაც მაღალი რანგის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა. თუმცა, მოგვიანებით ეს ვერსია შეიცვალა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერ აქციაზე ბათუმში, ოთხი ადამიანი მივიდა. ფოტო: თორნიკე თავაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერ აქციაზე ბათუმში ოთხი ადამიანი მივიდა.
ფოტო: თორნიკე თავაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: