მთავარი,სიახლეები

სასამართლომ შაჰინის სკოლის სარჩელი არ დააკმაყოფილა – სკოლა დაიხურა

20.02.2017
სასამართლომ შაჰინის სკოლის სარჩელი არ დააკმაყოფილა – სკოლა დაიხურა

დღეს, 20 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შაჰინის სკოლის საჩივარი ავტორიზაციის საბჭოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ შაჰინის სკოლა ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს.

სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ისინი სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა საქმის მეორე ინსტანციაში განხილვამდე სკოლაში სასწავლო პროცესი ვეღარ აღდგება და მოსწავლეებს სხვა სკოლებში გადასვლა მოუწევთ.

შაჰინის სკოლის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეჩერებას მოითხოვდა.

„12 დღის ვადაში უნდა გავასაჩივროთ სასამართლოს გადაწყვეტილება და მივყვებით იურიდიულ ნაბიჯებს. თუმცა ჩვენ ახალი ლიცენზიის აღებაზეც დავიწყებთ მუშაობას და გავივლით კონსულტაციებს ჩვენი სკოლის დამფუძნებლებთან,“- გვეუბნება დირექტორი.

შაჰინის სკოლას ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია 2017 წლის 3 თებერვალს გაუუქმა. ავტორიზაციის საბჭოს განცხადებით, სკოლაში დარღვეული იყო მოსწავლეთა ჩარიცხვის წესი, რასაც არ იზიარებს სკოლის ადმინისტრაცია და ამბობს, რომ სკოლის დახურვის მოტივი პოლიტიკურია.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დახურვის ფაქტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ გამოეხმაურა.

შაჰინის სკოლაში 350 მოსწავლე სწავლობდა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.