მთავარი,სიახლეები

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების სახელმძღვანელოს გამოსცემს

21.02.2017
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების სახელმძღვანელოს გამოსცემს

21 თებერვარს, გიდების საერთაშორისო დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მოქმედ გიდებს ახალი პროექტები გააცნო.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გიდების სახელმძღვანელო, მაღალმთიანი აჭარის მარშრუტებზე გიდების გადამზადება და გიდებისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება – ის პროექტებია, რომლებსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო წელს აჭარაში გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განახორციელებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნას გეგმავს. სახელმძღვანელოში აღწერილი იქნება გიდის პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული და თეორიული საკითხები, ინფორმაცია პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესახებ. ასევე აჭარაში არსებული ტურისტული ღირშესანიშნაობებისა და მარშრუტების ჩამონათვალი მუნიციპალიტეტების მიხედვით თავისი ლინკებითა და საძიებო სისტემებით. დეპარტამენტის ცნობით, სახელმძღვანელო აჭარაში არსებულ ყველა იმ სასწავლებელში დარიგდება, სადაც გიდებს ამზადებენ.

ჯერჯერობით უცნობია სახელმძღვანელოს ავტორების ვინაობა. დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ საკითხზე მარტში დაიწყებენ მუშაობას, სახელმძღვანელო კი, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში გამოვა.

წელს პროექტის – „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ – ფარგლებში ბათუმის, მთიანი აჭარისა და დაცული ტერიტორიების გიდების მომზადებაც იგეგმება. პროექტში ჩართულ გიდებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ტრენინგებში ჩაერთონ ან პირდაპირ გავიდნენ ხარისხის ნიშნის მისაღებ გამოცდაზე. გიდების განათლების დონე პროფილური ტესტირებითა და პრაქტიკული გამოცდით შემოწმდება. ის, ვინც ყველა გამოცდას წარმატებით გაივლის, გახდება ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული გიდი.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიანი აჭარის ცალკეული ტურისტული მარშრუტის მიმართულებით იგეგმება გიდების გადამზადება. დაინტერესებულ გიდებს შესაძლებლობა მიეცემათ ტრენინგებზე გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კონკრეტული ტურისტული მარშრუტების მიმართულებით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: