მთავარი,სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესული ცვლილებების დეტალები

17.02.2017 •
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესული ცვლილებების დეტალები

რა შეიცვალა რეალურად მასწავლებლის პროფესიული და კარიერული განვითარების სქემაში, ვინ რა აქტივობებით ადასტურებს პროფესიულ კომპეტენციას, როდის მიიღებენ პედაგოგები ვიდეო ინსტრუქციებს და რა ელით უსტატუსო მასწავლებლებს სკოლაში? ახალი სქემის დეტალებზე „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის ექსპერტ კონსულტანტი, მანანა რატიანი საუბრობს.

ქალბატონო მანანა, ახალი ცვლილებებით, რომელიც პედაგოგთა კარიერული და პროფესიული წინსვლის სქემაში შევიდა, რა არსებითი ცვლილებებია და კონკრეტულად რა პასუხისმგებლობები აკისრიათ პედაგოგებს?

სქემის ცვლილებები დაეფუძნა არაერთ გადაწყვეტილებას. თავიდან ითქვა, რომ პირველი წელი იყო პილოტირებული, ამ წლის გასვლის შემდეგ მოხდა ანალიზი, კვლევა ჩატარდა მსოფლიო ბანკის დახმარებით, რამაც გამოავლინა ხარვეზების ცვლილებების აუცილებლობა.

რა ჩაითვალა ხარვეზად?

სქემის დოკუმენტები – ცხრა წესის და ერთი დებულება გაერთიანდა. მანამდე ეს რეგულაციები სხვადასხვა დოკუმენტში იყო გაბნეული, ახალი სქემით ეს დოკუმენტები კონცენტრირებულია ერთ დოკუმენტში, უფრო ადვილად ხელმისაწვდომია მასწავლებლებისთვის და, ზოგადად, განათლების სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. მეორე არის ის, რომ სქემა აღარ მოიცავს მასწავლებლის კარიერის შეწყვეტა-შეჩერების ნაწილს. თუ აქამდე პრაქტიკოს მასწავლებელს ჰქონდა კონკრეტული ვადა საფეხურზე გადასასვლელად, ახლა ეს ვადები აღარ არის. პროფესიაში დარჩენის ან სტატუსის შენარჩუნების ვადები მხოლოდ მაღალი სტატუსის პედაგოგებისთვის განისაზღვრა.

მასწავლებლების დიდი ნაწილი არის პრაქტიკოსი. თუ ისინი არ იზრუნებენ პროფესიულ განვითარებაზე, ეს არ დააზარალებს განათლების სისტემას?

უფროს მასწავლებელთა სტატუსის ნაწილში ჩვენ გვაქვს ბევრი სამოტივაციო ნაწილი ჩადებული, მათ შორის ანაზღაურების გაზრდაც, რადგან პრაქტიკოსისა და უფროსი მასწავლებლის ანაზღაურებას შორის განსხვავება არის 320 ლარი.

ადრე იყო საგნობრივი გამოცდა, მასწავლებელს 61 პროცენტზე მეტი უნდა აეღო, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩათვლოდა, ახალი სქემით კი კრედიტქულების დაგროვებითი სისტემაა განსაზღვრული და პროცენტებს, რომელსაც მასწავლებელი საგნობრივ გამოცდაზე დააგროვებს, ჩაეთვლება ქულებად. ასევე მასწავლებლებს ექნებათ სხვა აქტივობებიც, რომელიც დაადასტურებს მათ საგნობრივ კომპეტენციას.

შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ რამდენიმე აქტივობა, რომლითაც მასწავლებელი დაადასტურებს თავის კომპეტენციას იმის მიუხედავად, აიღებს თუ არა მაღალ ქულებს საგნობრივ გამოცდაზე? 

ეს შეიძლება იყოს საგნის და საგნობრივი მეთოდიკის ტრენინგების გავლა, საწრეო მუშაობა, სადაც მასწავლებელს უწევს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, შეფასების ჯგუფის წევრი თუ არის, ამაშიც აიღებს კრედიტქულას. აქამდე ასე არ ხდებოდა, ასევე ფასილიტატორი თუ არის, ამაშიც ეწერა კრეტიდქულა და პრიორიტეტია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. ასევე პედაგოგიური კომპეტენციების დადასტურებას დაემატა პროფესიული უნარების გამოცდაც, აქაც იქნება დაგროვებითი სისტემა და ამ ორი ტესტური შეფასებისა და შიდა საგაკვეთილო დაკვირვების საფუძველზე  ჯამურად უნდა მოაგროვოს პედაგოგმა 19 კრედიტქულა  წინ რომ წავიდეს კარიერაში.

ზედა საფეხურებზე რა შეიცვალა პედაგოგებისთვის?

რა თქმა უნდა, აქ უფრო მეტი ცვლილება გვაქვს. ადრე იყო ბევრად მეტი დამატებითი აქტივობა, ამ ეტაპზე შეიცვალა სავალდებულო და თავისუფალი აქტივობების პროპორციები და მასწავლებელი ბევრად უფრო თავისუფალია აქტივობების განხორციელებაში მასწავლებლის, მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე და ნაკლებია ვალდებულება. ვალდებულებაში რჩება საგაკვეთილო დაკვირვება უფროსი მასწავლებლისთვის, ასევე – პრაქტიკის კვლევა და საგანმანათლებლო რესურსის შექმნა.

წამყვანი მასწავლებლის ვალდებულებებში არის ცვლილებები?

უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის აქტივობების ჩამონათვალი თითქმის ერთი და იგივეა, წამყვანთან არის უფრო მეტი საკლასო, საწრეო მუშაობა გათვალისწინებული. პროფესიული განვითარება, სასწავლო პროცესის გაუმჯობესება – მიმართული კონკრეტული კლასის და მოსწავლისკენ, სწავლა-სწავლების პროცესი, კლასგარეშე და სოციალური საქმიანობა, ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული თანამშრომლობა.

გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ახალი სქემა დამტკიცდა, შემუშავდა ყველა ამ აქტივობის კრიტერიუმები, რაც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დამტკიცდება და როცა გამოქვეყნდება ვებგვერდზე, ამის შემდეგ ჩვენ თითოეული აქტივობისთვის მოვამზადებთ ვიდეო ინსტრუქციას – რა მოლოდინია მასწავლებისგან, როგორ უნდა შეაფასოს შეფასების ჯგუფმა მასწავლებლის ჩატარებული აქტივობა და რაც მნიშვნელოვანია, ეს აქტივობები არის ერთგვაროვან აქტივობებად დაჯგუფებული, რომ არ გამოიწვიოს სხვა აქტივობებში არევა.

სამოდელო გაკვეთილს ატარებს მასწავლებელი მაშინ, როცა მასწავლებელს მიაჩნია, რომ რაღაც ინოვაციას, განსხვავებულს აკეთებს და იწვევს სხვა მასწავლებლებს, რომ გამოცდილება გაუზიაროს. შიდა და გარე საგაკვეთილო დაკვირვება კი არის მუშა პროცესი, ამისთვის ერთი და იგივე რუბრიკა გამოიყენება და, შესაბამისად, ეს რუბრიკა შემუშავდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, მოდიფიცირება გაუკეთდა და უფრო გამოყენებადი რესუსრი გახდა.

თუ არის სქემაში განსაზღვრული, როგორ უნდა იყოს დაგეგმილი გაკვეთილი?

ზოგადად, მასწავლებელი გაკვეთილის დაგეგმვაში თავისუფალია, თუმცა, იქნება თუ არა შიდა და გარე საგაკვეთილო დაკვირვება, მიუხედავად ამისა, მასწავლებელი უნდა გეგმავდეს გაკვეთილს. რატომ უნდა დააკარგვინო მოსწავლეს 45 წუთი, თუ არ იცი რისი მიღწევა გინდა.

ახალი სქემის მიხედვით, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მასწავლებლობის მსურველი პირი უფროსი მასწავლებლის სტატუსით შედის სკოლაში და არა პრაქტიკოსის?

ის ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტს ახალი პროგრამებით ამთავრებს და ეს პროგრამები შესაბამისობაშია მოყვანილი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან, ახალი გავლილი აქვს აკრედიტაცია ამ პროგრამებს, გამოცდის ჩაბარების შემდეგ ეს პირი უკვე შედის სკოლაში უფროს მასწავლებლად და არა პრაქტიკოსად.

როცა მინისტრი სამუდამო მასწავლებლის სტატუსზე საუბრობდა, მან თქვა, რომ ისინი შეიძლება იყვნენ მენტორები. თუმცა, სქემის მიხედვით, მენტორს პროფესიული კომპეტენციის დამტკიცება უხდება, სამუდამოს კი – არა. თუ არის უკვე განსაზღვრული სამუდამო მასწავლებლის კრიტერიუმები?

მენტორთან დაკავშირებით არის ახალი ჩანაწერი – თუკი ადრე იყო, რომ პედაგოგს ყველა საფეხურის გავლა უწევდა ამ სტატუსის მისაღებად, ახალი სქემის მიხედვით, მინისტრს აქვს უფლება კომისიასთან ერთად შეიმუშაოს კრიტერიუმები და მიანიჭოს მენტორის სტატუსი განსაკუთრებული ღვაწლის მქონე მასწავლებელს.

ეს „განსაკუთრებული ღვაწლი“ რა იქნება ჯერ განსაზღვრულია?

ეს წესი ჯერ არ შემუშავებულა, თუმცა წელს უნდა მოხდეს ამ დოკუმენტზე მუშაობა.

ქალბატონო მანანა, სტატისტიკის მიხედვით, საჯარო სკოლებში საკმაოდ დიდი რაოდენობით მუშაობენ ე.წ  უსტატუსო მასწავლებლები. რამდენ ხანს შეიძლება დარჩეს მასწავლებელი უსტატუსოდ და როგორ მოუწევთ მათ პროფესიული კომპეტენციების დამტკიცება?

იცით, რომ კანონში სკოლის დიფერენცირების შესახებ გაჩნდა ჩანაწერი, აქედან გამომდინარე შეიძლება სკოლების მიმართ იყოს განსხვავებული მიდგომა და სხვადასხვა სკოლას მასწავლებლის აყვანის განსხვავებული წესი ჰქონდეს. უსტატუსო მასწავლებლები იმიტომ აიყვანეს სკოლებმა, რომ მოსწავლეებს ეზღუდებოდათ განათლების ხელმისაწვდომობის უფლება, რადგან მაღალმთიან რეგიონებში პედაგოგების დეფიციტია.

თუმცა, ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომ მოხდეს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აღდგენა და ამ ადამიანებს მიენიჭოთ მაძიებლის სტატუსი. გარკვეული პროფესიული დაკვირვების, განვითარების შემდგომ კი, მიეცეთ საფეხურიდან საფეხურზე გადასვლის უფლება. თუკი ეს ცვლილება შევა კანონში, მაშინ მათაც ექნებათ ვალდებულება სქემის მიხედვით აიმაღლონ სტატუსი ან დატოვებენ სკოლას.

წინა სქემის მიხედვით, მასწავლებლებს ვიდეო გაკვეთილების მომზადება ევალებოდათ, ახლა ეს ვალდებულება აღარ არის?

ვიდეო დაკვირვება ჯერჯერობით არ იქნება, რადგან ამ ეტაპისთვის აპარატურა არ არის შესყიდული და,  სავარაუდოდ, ამის შესყიდვა ვერც წელს მოხერხდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: