მთავარი,სიახლეები

კომპანია „დარ ბილდინგი“ ბარათაშვილის 24-ში ისტორიული სახლის დანგრევისთვის 7500 ლარით დააჯარიმეს

16.02.2017
კომპანია „დარ ბილდინგი“ ბარათაშვილის 24-ში ისტორიული სახლის დანგრევისთვის 7500 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანია „დარ ბილდინგი“, რომელმაც ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრია, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჯამში 7 500 ლარით დააჯარიმა.

ჯარიმა კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება ყოველდღიურად გაიზარდოს, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას ეს არ ადარდებს, რადგან ის უკანონო საქმიანობას აგრძელებს.

ამ შენობის მოპირდაპირედ სხვა კომპანია, რომელმაც ასევე ისტორიული სახლი დაანგრია, ახალ კორპუსს აშენებს, სადაც კვადრატული მეტრი ფართობის ფასი 800 დოლარია. თუ მომავლში „დარ ბილდინგი“ ამ ადგილზე კორპუსის მშენებლობის ნებართვას მიიღებს, ჯარიმების გადახდა მისთვის რთული არ იქნება.

ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 13 თებერვალს კომპანიას მიეცა გაფრთხილება, – მას დემონტაჟის შეჩერება მოსთხოვეს, რასაც კომპანია არ დაემორჩილა. 14 თებერვალს „დარ ბილდინგი“ ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო დემონტაჟის გამო 3 000 ლარით დააჯარიმა. ამავე დღეს კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 500 ლარით დააჯერიმეს.

15 თებერვალს კომპანიამ სამუშაოები ისევ გააგრძელა, რის გამოც ის ზედამხედველობამ კვლავ დააჯარიმა, ამჯერად 1000 ლარით. გარდა ამისა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა სამართლებრივი აქტი კომპანიის მიერ მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანების და ტერიტორიის დაზიანებისთვის 1500-1500 ლარით დააჯარიმა. ორივე აქტი სასამართლოშია გადაგზავნილი.

ჯამში კანონდამრღვევი კომპანიისთვის მერიის მიერ გამოწერილმა ჯარიმებმა 7500 ლარი შეადგინა. კომპანია, სავარაუდოდ, დღეს, 16 თებერვალსაც დაჯარიმდა, ისევ 1000 ლარით.
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის, თენგიზ მიქელაძის განმარტებით, ეს მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც ზედამხედველობის სამსახურს შეუძლია და „სამწუხაროდ“ უფრო მაღალ ჯარიმებს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში კომპანია 7-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს.

ბარათაშვილის #24

ბარათაშვილის #24

კომპანია „დარ ბილდინგმა” ბარათაშვილის #24-ში ისტორიული შენობის დემონტაჟი 12 თებერვალს დაიწყო, რის შემდეგაც მერიაში განაცხადეს, რომ კომპანია დაჯარიმდებოდა, თუმცა აქვე იმასაც დასძენენ, რომ სახლის პროექტი, რომელიც ბარათაშვილის #24-ში უნდა აშენდეს, უკვე შეთანხმებულია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბარათაშვილის #24 კომპანია „დარ ბილდინგს“ ეკუთვნის. კომპანიის ფეისბუქგვერდსა და ვებგევრდზე განთავსებულია სახლის პროექტი, რომლის აშენებაც ბარათაშვილის ქუჩაზე იგეგმება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აქ შენდება DAR REZIDENCE – ბუტიკის ტიპის ელიტარული საცხოვრებელი სახლი. კომპანიის ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ მშენებლობა 2019 წლის ივლისში უნდა დასრულდეს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „დარ ბილდინგი“ ბიზნესმენ რევაზ დარჩიძეს ეკუთვნის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: