მთავარი,სიახლეები

საინიციატივო ჯგუფი ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

21.02.2017
საინიციატივო ჯგუფი ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

საზოგადოება „ბათომმა“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პეტიცია შეიმუშავა, რომლითაც ძველ ბათუმში ისტორიული ნაგებობების ნგრევის პროცესს აპროტესტებენ და ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნგრევის პროცესმა განსაკუთრებით ბოლო წლებში უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია.

„სამწუხაროდ, დღემდე ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ ხელისუფლებას დაეცვა ისტორიული შენობა, პირიქით, უმეტეს შემთხვევაში სწორედ ხელისუფლება არის ნგრევის ინიციატორი და წამახალისებელი. განსაკუთრებით „აქტიურობენ“ ბათუმის მერია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ ქალაქის მერს და მერიას არ აქვს გაცნობიერებული ვალდებულება ბათუმელთა მიმართ და მიზანმიმართულად ანადგურებს ძველ ბათუმს საეჭვო გარიგებების ფონზე.

ჩვენ ვშიშობთ, რომ ძველი ქალაქის გაქრობის პროცესი ხდება შეუქცევადი.“ – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

პეტიციის ავტორები და მასზე ხელის მომწერები მოითხოვენ:

ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გამოცხადდეს მორატორიუმი მშენებლობაზე- სანამ ძველ ბათუმს არ მიენიჭება ისტორიული ზონის სტატუსი და დეტალურად არ დამუშავდება ამ ზონაში მშენებლობის რეგულაციები (გრგ – განაშენიანების რეგულირების გეგმა) შეწყდეს მშენებლობისა და დემონტაჟის ნებართვების გაცემა ბათუმის ისტორიულ უბანში.

შეჩერდეს ბარათაშვილის #24-ში მიმდინარე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა! ბათუმის მერიამ და შესაბამისმა ორგანოებმა მიიღონ შესაბამისი ზომები ამ პროცესის შესაჩერებლად და უზრუნველყონ მისი თავდაპირველი სახით აღდგენა. გაუქმდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის შეთანხმება #36 [2016 წლის 27 იანვარი], რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევებით იქნა მიღებული როგორც მერიის, ისე მენაშენის მხრიდან.

დაუყოვნებლივ დაიწყოს “ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის” განხილვა-დამტკიცების პროცედურები; დაწესდეს ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონების საზღვრები და ამ ზონებში განაშენიანების რეგლამენტი; დამუშავდეს და ამოქმედდეს ისტორიულ ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმა (ე.წ. “გრგ”).

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, არა მხოლოდ ქალაქისა და, შესაბამისად, ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, არამედ რეგიონში ტურიზმისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს რესურსსაც წარმოადგენს. შესაბამისად აუცილებელია მისი შენარჩუნება და გაფრთხილება – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: