მთავარი,სიახლეები

ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები: რეალურად შეფასდეს მიწა, მოგებას არ ვითხოვ

11.02.2017 • 4712
ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები: რეალურად შეფასდეს მიწა, მოგებას არ ვითხოვ

ბათუმში, ხიხანის ქუჩაზე საპროსტესტო აქციები გრძელდება. ამ ქუჩაზე საქართველოს ელექტროსისტემას ახალციხე-ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზი გაჰყავს, რომელიც აქ მცხოვრებთა საკუთრებაზე გაივლის. კომპანია მოსახლეობას კომპენსაციას სთავაზობს, თუმცა აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ თანხა დაბალია. „ბათუმელები“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, პროფესიით პედაგოგ თამაზ ვანაძეს ესაუბრა.

ბატონო თამაზ, დღეს, 10 თებერვალს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნა ისევ კომპენსაციის გაზრდა იყო?

არასათანადო კომპენსაციას დაემატა ადამიანის უფლების შელახვის ფაქტები. ასამდე ადამიანი ვიყავით აქციაზე და 400-მდე პოლიციელი იყო.  მოხდა შეხლა-შემოხლა, ერთი ქალი დაზიანდა ამ დროს, ერთი მოქალაქე კი დააკავეს.

მივმართავთ ყველას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობას – მოგვაქციონ ყურადღება, მთავრობას ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მივმართეთ წერილით, რომელსაც 40-ზე მეტი მოქალაქე აწერდა ხელს, მითითებულია იქვე ტელეფონის ნორმები, თუმცა აქამდე პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს.

ხიხანის ქუჩაზე სულიკო გვიანიძის [10 თებერვალს გვიანიძე პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. მის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობს ექსპროპრიაციის წესი შეეხო, რაც სახელმწიფოს მიერ მოქალაქისთვის საკუთრების იძულებით ჩამორთმევას გულისხმობს]  საკუთრების გარდა სხვას შეეხო ექსპროპრიაციის წესი?   

როგორც ვიცი, სხვას არ ეხება. აქ ანაზღაურება ისეთია, ეს პროტესტი კი არა, იყო ყველაზე მცირე რამ, რისი გამოხატვაც ადამიანს ასეთ შემთხვევაში შეუძლია.

საქართველოს ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ კომპენსაციის თანხა შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან. რა თანხაზეა საუბარი შეგიძლიათ გვითხრათ?

გეტყვით. 7 ლარიდან იწყება ათვლა და ადის მაქსიმუმ 20 ლარამდე. დღეს, როცა პროცესი გამწვავდა, ავიდნენ 24 ლარზე, ოთხი ლარი მოუმატეს. გეკითხებით, ამ თანხად როგორ უნდა გაყიდოს ადამიანმა ქალაქში მიწა. მითხრეს, ჩვენ არ ვერევით, მოვა ინვესტორი და გაგესაუბრებათო. ნარგავები მაქვს, გაარკვიეს მსხომიარობა, რაოდენობა, ფასი. სახლი მაქვს ხის. ამ თემაზე ლაპარაკი რომ დაიწყო, მაშინ მითხრეს, არ გააკეთო, არ ღირსო. მერე კი, ფასის დათვლისას, ჩვენ რას გვიჯერებდი, გაგეკეთებიაო – ასე თქვეს.

440 კვმ ფართობის მიწა მაქვს, 22 ნარგავი ხეხილის სახით, კოტეჯი, 50 მეტრი რკინის მესერი. 1000 ლარს მთავაზობენ. სახლის გაკეთება არ შემეძლება, ნარგავები იჭრება. ასეთ პირობებში იცხოვრება?!

ხიხანის ქუჩაზე ვინმე თანახმაა შემოთავაზებულ საკომპენსაციო თანხაზე?

ასეთი იქნება დაახლოებით ერთი პროცენტი, 99 პროცენტი წინააღმდეგია. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა სამხარაულის ბიუროს, სადაც წერია, რომ 1 კვ.მ მიწის ფართობი ჩვენს ქუჩაზე შეფასებულია 35 აშშ დოლარად. ჩვენ მაგას არ ვცნობთ, ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტი გვყავსო.

რა ვიცი, როცა სჭირდება [სახელწიფოს] ყოველთვის ეყრდნობა სამხარაულის დასკვნას.

სასამართლოსთვის მიმართვას აპირებთ? „ელექტროსისტემაში“ ამბობენ, რომ უმჯობესია სასამართლოში გააგრძელოთ დავა.

ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ, როგორ მოვიქცევით, ინდივიდუალურად მივმართავთ თუ ერთად, მაგრამ მიჩნდება კითხვა, როგორ ვენდო სასამართლოს? რატომ მიგვითითებენ სასამართლოზე, თუ მათ ზურგს არ უმაგრებენ?  მე სისტემის არ მჯერა.

42 წლის კაცი ვარ, აქამდე არასდროს მქონია შეხება პოლიციასთან, ეს არის პირველი შემთხვევა. მე მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ ყველას ხმა მივაწვდინო, მოგვაქციონ ყურადღება. მე ვარ რიგითი მოქალაქე, რომელიც იცავს სახელწიფოს ინტერესებს. სახელწიფოს ვჭირდები – ჩემი თავი ენაცვალოს, მაგრამ მეც ხომ მოქალაქე ვარ, რატომ დგება ჩემს ინტერესებზე მაღლა კომპანიის ინტერესები?! არ ვითხოვ მოგებას, ვითხოვ ნორმალურ შეფასებას მიწის ღირებულების. ის კი არა, რომ შენ ხარ ხელისუფლება, გაქვს ძალაუფლება და მაიძულებ მე ათას ლარში დავთმო მიწა. უსამართლობაა ეს.  მე სხვა არაფერი შემიძლია, ერთი იარაღი მაქვს – სიმართლე. ყველა არასამთავრობო ორგანზიაციას ვთხოვ, ჩაერთოს ამ საქმეში.

ფოტოზე: აქცია ხიხანის ქუჩაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

ამავე თემაზე: 

აქციაზე დაკავებული მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არაადეკვატურ ფასს სთავაზობს

აქცია ადექვატური კომპენსაციის მიღების მოთხოვნით 

გადაბეჭდვის წესი