მთავარი,სიახლეები

ქონებრივი დეკლარაციების სისწორეს დამოუკიდებელი კომისია შეამოწმებს

20.02.2017 • 2458
ქონებრივი დეკლარაციების სისწორეს დამოუკიდებელი კომისია შეამოწმებს

თანამდებობის პირების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს ყოველწლიურად დამოუკიდებელი კომისია შეამოწმებს. ამასთან, კომისიის წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები. „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია“ საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

ინსტრუქციის მიხედვით, მონიტორინგის მიზანია „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა, პრევენცია“.

დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია:
  • დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა;
  • დასაბუთებული  წერილობითი განცხადება;
  • დამოუკიდებელი კომისიის მიერ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დეკლარაციების შერჩევა [განსაკუთრებული კორუფციული რისკი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი…]

მთავრობის დადგენილებით, გარდამავალი 2017 წლის პერიოდისათვის, დეკლარაციების მონიტორინგი კვლავ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდება მხოლოდ შემთხვევითი შერჩევისა და დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კომისიას, მას საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი  ყოველწლიურად ქმნის, არა უგვიანეს 15 დეკემბრისა, 5 წევრის შემადგენლობით [რომელთაგან 3 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, ხოლო 2 აკადემიური წრეების]. კომისიის შექმნისა და პირობების შესახებ ინფორმაცია ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ამ კომისიის წევრი არ უნდა იყოს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი ან/და ახლო ნათესავი; ამასთან, კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურე.

„კომისიის წევრობა, მის საქმიანობაში მონაწილეობა არ წარმოადგენს ანაზღაურებად სამუშაოს და ემსახურება სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობისა და „კარგი მმართველობის“ განხორციელების  მიზანს“ – აღნიშნულია ინსტრუქციაში.

კომისია მონიტორინგისათვის დეკლარაციებს შეარჩევს ყოველი წლის 15 იანვრამდე. შემოწმებას ექვემდებარება თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი ბოლო დეკლარაცია.

თანამდებობის პირი ვალდებულია:
  • განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს ბიუროს ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
  • წარადგინოს შესაბამისი წერილობითი განმარტება, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში;
  • არ ჩაერიოს მონიტორინგის პროცესში და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მონიტორინგის შედეგზე.

მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, ბიუროს უფროსი/შესაბამისი უფლებამოსილი პირი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

  • დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ;
  • დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ.

დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თანამდებობის პირი ჯარიმდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად [ჯარიმის ოდენობა 1000 ლარი].

მასალების გადაგზავნა სამართალდამცავ ორგანოში

დეკლარაციის მონიტორინგის პროცესში, პირის ქმედებაში დანაშაულის სავარაუდო ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ბიურო შესაბამის დეკლარაციასა და წარმოების მასალებს შემდგომი რეაგირებისათვის უგზავნის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს;

მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი წარმოების მასალები სამართალდამცავ ორგანოს არ ეგზავნება იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა, რომ გამოვლენილი უზუსტობა გამოწვეულია ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით.


 

საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან ქონებრივი დეკლარაციები შეავსონ. ელექტრონულად შევსებულ დეკლარაციებში ხარვეზები თუ უზუსტობებიც არის.

მაგალითად, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ 2016 წლის განმავლობაში თანამდებობრივი ანაზღაურების სახით 404 250 ლარი მიიღო, მის ქონებრივ დეკლარაციაში კი შესაბამისი გრაფა ცარიელი იყო. „ნეტგაზეთს“ საჯარო სასახურის ბიუროში უთხრეს, რომ „სავარაუდოდ პრობლემა ტექნიკურია, რასაც პროგრამისტები გაარკვევენ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: