მთავარი,სიახლეები

ექსპროპრიაცია აჭარაში – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთებსა და სახლს ჩამოართმევენ

18.02.2017 • 4633
ექსპროპრიაცია აჭარაში – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთებსა და სახლს ჩამოართმევენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით, რომელიც 17 თებერვალს გამოქვეყნდა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აჭარაში შემდეგი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა:

  • სულიკო ბერიძის, ვარდო ბერიძის, რამაზ ბერიძის და სულიკო ბერიძის თანასაკუთრებაში არსებული 902 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (ს/კ  №22.31.02.394) ნაწილი – 159 კვ.მ ოდენობით, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი კაპნისთავი.
  • დიანა მახაჭაძის, ვახტანგ მახაჭაძის, ნაზი მახაჭაძის და რამინ მახაჭაძის თანასაკუთრებაში არსებული 2500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელ სახლთან ერთად (ს/კ 21.06.34.389) მდებარე ქედის რაიონი სოფელი ვაიო.
  • ამირან ჯორთმენაძის, მალხაზ ჯორთმენაძის, ნათია  ჯორთმენაძის, რამაზ ჯორთმენაძის, ციცინო ჯორთმენაძის და ლელა იუკსეკკოკის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ  №21.09.33.202) ნაწილი – 206 კვ.მ, მდებარე ქედის რაიონი, სოფელი დანდალო.
  • გელა შველიძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ  №22.31.03.792) ნაწილი – 178 კვ.მ,  მდებარე ხელვაჩაურის რაიონი სოფელი ხერთვისი.

ექსპროპრიაციის მინიჭების შესახებ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ჩამოთვლილი ქონება „ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოექცა და „ვინაიდან მითითებულ მესაკუთრეებთან ვერ ხორციელდება ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, პროექტის განხორციელებისათვის არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.“


„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ კერძო მესაკუთრეებთან ქონების გამოსყიდვაზე ხშირად ვერ თანხმდება, რაც რიგ შემთხვევებში ექსპროპრიაციას გარდაუვალს ხდის, ამასთან, მესაკუთრეთა საპროტესტო აქციების მიზეზი ხდება, როგორც აჭარის სოფლებში, ასევე ბათუმში.

ბათუმში, ტაოსა და ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები კერძო მესაკუთრეები აცხადებენ, რომ სახელმწიფო კომპანია მათი ქონების ხელში ჩაგდებას მიზერულ ფასად ცდილობს – ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, სახელმწიფო მათ 20-23 ლარს სთავაზობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს კომპენსაციას სთავაზობენ დოლარის იმ კურსით, რომელიც იყო სამი წლის წინ, ანუ 1,65 თეთრის ფარგლებში. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ეს სამართლებრივად სწორი მიდგომაა.

სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს, სულხან ზუმბურიძეს კი,  ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში შემოსავლების სახით 335 ათას 656 ლარი აქვს მიღებული, რაც ყოველთვიურად 27 ათას 971 ლარია.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც ასევე სახელმწიფო კომპანიაა, სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს, მათ შორის, ხორციელდება „ახალციხე – ბათუმის“ 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.


ფოტო: აქცია სოფელ გოგიაშვილებში; „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: