მწვანე კონცხის საბაგიროს დემონტაჟისთვის მერია 43 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერია 43 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს მწვანე კონცხზე მდებარე ძველი საბაგიროს დემონტაჟისთვის.

„როგორც იცით, იქ ინვესტორი აპირებს ახალი საბაგიროს მოწყობას. ძველი საბაგირო არის ქალაქის საკუთრება და მისი დემონტაჟი ჩვენ უნდა მოვახდინოთ,“ – აღნიშნა ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.

„რატომ უნდა დაფინანსდეს დემონტაჟი?  იმიტომ, რომ ივანიშვილს ტერიტორია გამოუთავისუფლოთ? იქნებ თვითონ იმ კომპანიამ მოახერხოს ძველი საბაგიროს დემონტაჟი,“ – განაცხადა ლევან ანთაძემ, საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“.

კამათის შემდეგ მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ თქვა:

„ბოლოსდაბოლოს ჩამოხსნილი საბაგირო, რომელსაც ჯართში ჩავაბარებთ, ის აანაზღაურებს მაგას“.

საკრებულომ მწვანე კონცხზე ძველი საბაგიროს დემონტაჟისთვის ხარჯის გაღებას მხარი დაუჭირა. მერია ამ მომსახურების შესყიდვას ტენდერის გზით აპირებს.

ამავე თემაზე:

მწვანე კონცხის პლაჟს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ითხოვს

ბათუმში, თბილისსა და სენაკში კანონდარღვევით მოქმედი ექვსი სათამაშო აპარატი დალუქეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში, თბილისსა და სენაკში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ადამიანთა ჯგუფი გამოავლინა, რომლებიც თანხას კანონდარღვევით მოქმედი სათამაშო აპარატების საშუალებით იღებდნენ.

უწყების ინფორმაციით, პირთა ჯგუფს დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, სამ ქალაქში, ხალხმრავალ ადგილებში – ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები ჰქონდათ განთავსებული.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ექვსი სათამაშო აპარატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

საკრებულომ ავტობუსებით მგზავრობაზე შეღავათები დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის მიერ ინიცირებულ საკითხს, რომელიც M3 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრობისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების (გარდა პედაგოგებისა) 50-პროცენტიანი (0,15 ლარი) შეღავათით სარგებლობას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა.

ავტობუსებით მგზავრობისას დადგენილებით განსაზღვრული ფასდაკლების პირობები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 700-მდე თანამშრომელს შეეხება.
ავტობუსებით მგზავრობისას დადგენილებით განსაზღვრული ფასდაკლების პირობები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 700-მდე თანამშრომელს შეეხება.

მიღებული დადგენილების თანახმად, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M3 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დამატებით შეღავათებით ისარგებლებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში და რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის მიერ ინიცირებულ საკითხს საკრებულომ მხარი დაუჭირა.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის მიერ ინიცირებულ საკითხს საკრებულომ მხარი დაუჭირა.

დაგენილების მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე სავარაუდო ზეგავლენა 13 230 ლარია, რომელიც დაიფარება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირების“ ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.

დადგენილებით განსაზღვრული ფასდაკლების პირობები ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 700-მდე თანამშრომელს შეეხება.

ბათუმში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ხელფასი გაეზრდებათ

ბათუმში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ხელფასი 20 პროცენტამდე გაეზრდებათ – საკრებულომ ამ საკითხს რამდენიმე წუთის წინ დაუჭირა მხარი.

„აქამდე თუ არ შეიძლებოდა და ამბობდით, კანონის შეცვლა სჭირდება ამასო, ახლა როგორ ზრდით?”- იკითხა სხდომაზე რაულ თავართქილაძემ, “ევროპული საქართველოდან”.

საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის ხელფასის გაზრდას ბოლო რამდენიმე თვეა ოპოზიცია აქტიურად ითხოვდა.

„ეს იყო დაკავშირებული საბიუჯეტო რესურსთან. როგორც კი გამოჩნდა რესურსი, ჩვენ ეს მივმართეთ აღმზრდელების ხელფასებისთვის,”- უპასუხა საკრებულოს წევრებს არჩილ ვანაძემ, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა.

საბავშვო ბაღების აღმზრდელების, აღმზრდელების თანაშემწეებისა და ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურება ახალი სასწავლო წლიდან გაიზრდება.

შრომის ანაზღაურების გაზრდა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისა და ტენდერის ეკონომიის ხარჯზე მოხერხდა.

ბათუმის ბიუჯეტი ცვლილების შეტანის შემდეგ ჯამში 437 ათასი ლარით გაიზარდა.

საბავშვო ბაღების გარდა შრომის ანაზღაურება გაიზრდება „ბათუმის ავტოტრანსპორტშიც”, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააპროტესტა.

„შპს-ში შრომის ანაზღაურება არ უნდა იზრდებოდეს ბიუჯეტის ხარჯზე,“ – მიიჩნევს ლევან ანთაძე, საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან”.

 

 

რას ჭამთ სამსახურში? – უპასუხე და გაიგე რას ჭამენ სხვებიც [გამოკითხვა]

კვების რაციონი სოციალური ფონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაჩვენებელია. სწორედ კვება განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას დიდწილად. გაინტერესებს ვინ რას მიირთმევს შესვენებაზე? მწვანე ღილაკით ფოტოებზე მონიშნეთ სწრაფი კვების ის პროდუქტები, რომლებსაც ყველაზე ხშირად მიირთმევთ, წითლით კი ისინი, რომლებსაც არ სწყალობთ.

გამოკითხვის დასასრულს ტესტი გიჩვენებთ სტატისტიკურ შედეგს, თუ რამდენ ადამიანს შეუძლია შესვენებაზე ყოველდღიურად კაფესა და რესტორნებში ჯანსაღად კვება და რამდენი იკვებება სწრაფი კვების პროდუქტებით.

 თუ აპირებთ დღეიდან ჯანსაღად იკვებოთ, ეს მასალა აუცილებლად გამოგადგებათ: 

დღეს რა ვჭამოთ? 

სკოლა „ნიკეს“ მოსწავლეები ბრიტანეთსა და ამერიკაში ისწავლიან – ახალი პროგრამები

სამი წლის წინ სკოლა „ნიკეში“ დაინერგა კემბრიჯის სასწავლო პროგრამა, რომლის განხორციელებას ენერგიულად შეუდგნენ სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები.

სალომე დარჩია მოსწავლეებთან ერთად
სალომე დარჩია მოსწავლეებთან ერთად

ამის შესაფასებლად ერთი დღე უნდა გაატარო სკოლა „ნიკეში“, კერძოდ ინგლისური ენის პედაგოგის სალომე დარჩიას გაკვეთილზე. სწორედ სალომეა კემბრიჯის პროგრამის კოორდინატორი. იგი კოლეგებს აძლევს სწორ მიმართულებას, უზიარებს თეორიასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას, ეხმარება ნოვატორული სახელმძღვანელოების შერჩევაში, ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას.

მიმდინარე წელს მე-10 კლასის მოსწავლემ, ნიცა კონცელიძემ, მონაწილეობა მიიღო კონკურსში -HMC project-ი და გაიმარჯვა. იგი ლონდონში გაემგზავრება ერთწლიანი სასწავლო პროგრამით.

კრეატიული იდეებითა და ინოვაციებით სავსე სალომე მასწავლებელი კიდევ ერთხელ გაახარეს მისმა მოსწავლეებმა. Quidditch-ის ოლიმპიადაში მონაწილე ხუთეული: ბადრი ბერიძე, ნიცა კონცელიძე, ლანა თურმანიძე, მარი რამიშვილი და მაგდა მეგრელაძე ფინალისტები გახდნენ. მათ საუკეთესო გუნდისა და საუკეთესო კაპიტნის ტიტული მოიპოვეს.

უკვე ათ წელზე მეტია სკოლა „ნიკე“ არ ღალატობს თავის ძირითად სლოგანს: სკოლა ნიკე – წარმატებული მომავლისათვის!

თურქეთის ხომალდები ბათუმის პორტში [ფოტო]

დღეს დილით ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები – TGG Fatih-ი და TGG Volkan-ი შემოვიდნენ.  ვიზიტი ერთობლივ წვრთნებს – “ზღვის ვარსკვლავი 2018” –  უკავშირდება.

ხომალდების ეკიპაჟს, რომელსაც ვიცე-ადმირალი ჯემალ ოზდენ იაზიჯიოღლუ ხელმძღვანელობს, ბათუმის პორტში  თურქეთის კონსული, ბათუმის  მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დახვდნენ.

საპორტო ვიზიტის შემდეგ, რომელიც პირველ აპრილს დასრულდება, 2 აპრილს საქართველოს სანაპირო დაცვის გემებთან ერთად ჩატარდება PASSEX-ის წვრთნები.

საპორტო ვიზიტები და ერთობლივი წვრთნები ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

თურქეთის ხომალდების დახვედრა ბათუმის პორტში
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
გემის ეკიპაჟს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ

თურქეთის ხომალდების შემოსვლა ბათუმის პორტში
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
გემების ეკიპაჟს ბათუმის პორტში  თურქეთის კონსული, ბათუმის  მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დახვდნენ. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

თურქეთის ხომალდების შემოსვლა ბათუმის პორტში
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TGG Fatih-ი

გრიბოედოვის ქუჩისთვის ტატუნაშვილის სახელის დარქმევის განხილვაზე საკრებულომ უარი თქვა

ბათუმის საკრებულოს დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო – საკრებულოს წევრებმა ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილს მიაგეს პატივი. საკრებულომ ამავე სხდომაზე უარი თქვა განეხილა ინიციატივა, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩისათვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის დარქმევის შესახებ.

„ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ჩასვა ბიურომ დღის წესრიგში ეს საკითხი. სიმბოლურია, ზუსტად გრიბოედივის ქუჩას დაერქვას ტატუნაშვილის სახელი. გრიბოედოვი იყო მეფის რუსეთის სიმბოლო. თუ ისაა პრობლემა, რომ ჩვენ დავაყენეთ ეს ინიციატივა, ახლავე გავიტანთ უკან და თქვენ დააყენეთ ეს ინიციატივა,”- მიმართა საკრებულოს მირდატ ქამადაძემ, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ.

ოპოზიციის წარმომადგენელს პასუხი ომარ მახარაძემ გასცა, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ. მან განმარტა, რომ ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე ჯერ იურიდიულმა კომისიამ უნდა იმსჯელოს, ხოლო შემდეგ სამთავრობო კომისიამ.

„რატომ არ იმსჯელა აქამდე იურიდიულმა კომისიამ ამ საკითხზე? თქვენ სპეციალურად ჩააგდეთ ამ საკითხის განხილვა,”- აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

კამათში საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე ჩაერთო: „თქვენ არ დაუჭირეთ მხარი რეზოლუციას ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ”.

საკრებულოს თავმჯდომარეს ოპოზიციამ უთხრა, რომ ეს მანიპულაციაა.

საკითხი კენჭისყრაზე დადგა, თუმცა საკრებულომ მხარი არ დაუჭირა ამ საკითხის დღის წესრიგში ჩასმას.

კენჭისყრის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ საკითხის გამოკვლევა მოხდება:

„გამოიკითხება შემთხვევითი პრინციპით გრიბოედოვის ქუჩის მოსახლეობა. ასე უცებ ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდება”.

რატომ უნდა ჩამოხვიდეთ ბათუმში

შეიძლება ზღვისპირა ქალაქში ოთხივე სეზონი მიმზიდველი იყოს? თუ ბათუმზე ვსაუბრობთ, შეიძლება. თბილი კლიმატით, ძველი და ახალი არქიტექტურით, ულამაზესი ბოტანიკური ბაღითა და მარადმწვანე ბულვარით ბათუმი წელიწადის ყველა დროს ერთნაირად მიმზიდველია.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ამ ქალაქის ისტორია ძველი წელთაღრიცხვიდან იწყება და მის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება, თუმცა ბათუმის ქალაქად გადაქცევის ისტორია XVIII-XIX საუკუნეებში დაიწყო.

წარმოიდგინეთ, შავ ზღვაში შეჭრილი ყურე და პატარა, დახრილსახურავებიანი სახლები სანაპიროზე, ვიწრო ქუჩები, ბაზრობები, თევზის გამყიდველები… ზღვის ყურეში იალქნიანი გემები ირწევიან და ქუჩაშიც ისმის მეზღვაურების გადაძახილი. აი, ასეთი იყო ბათუმი XIX საუკუნის შუა წლებში. მოხერხებულმა ნავსადგურმა უამრავი ქართველი და უცხოელი მოიზიდა ამ ადგილას და პატარა დასახლება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქად იქცა.

1876 წელს ბრიტანული გაზეთი „დეილი ნიუსი“ წერდა, რომ ბათუმის ნავსადგური ერთადერთი უსაფრთხო ნავსადგურია შავიზღვისპირას, რადგან ძლიერი ქარი აქ არასდროს უბერავს.

ბათუმმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მსოფლიოში ნავთობის ბიზნესის განვითარების პერიოდში შეიძინა. XIX საუკუნის ბოლოს სწორედ ბათუმის ნავსადგურიდან გადიოდა ევროპაში  მსოფლიო ნავთობის 26 პროცენტი. ბათუმით დაინტერესდნენ ისეთი ცნობილი კომერსანტები, როგორებიც იყვნენ ალფონს როტშილდი და ძმები ნობელები. ძველი ნავსადგური გაფართოვდა, ყურეში შემოსული გემების რაოდენობა გაიზარდა, ქალაქი მაგნიტივით იზიდავდა ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ბათუმი თანდათან იქცა კულტურათა და რელიგიათა შეხვედრის ქალაქად. სწორედ ამან შექმნა ბათუმის ტოლერანტული, მულტიკულტურული ხასიათი.

ბათუმის შუქურა. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმში დღესაც ნახავთ მართლმადიდებლურ, კათოლიკურ და გრიგორიანულ ეკლესიებს, მეჩეთსა და სინაგოგას, შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს, უკრაინელებს, ებრაელებსა და იეზიდებს, რომლებიც საუკუნეზე მეტია ბათუმში ცხოვრობენ და ინარჩუნებენ კულტურულ თვითმყოფადობას.

თანამედროვე ბათუმი განვითარებული ქალაქია, საუკეთესო ზღვისპირა პლაჟებით, მუზეუმებით, პარკებით, მრავალფეროვანი სასტუმროებითა და კაზინოებით.

თუ ქალაქის ისტორიას გინდათ გაეცნოთ, ძველ ბათუმში უნდა გაისეირნოთ. აქ სრულად შეიგრძნობთ ბათუმისთვის დამახასიათებელ, XIX-XX საუკუნეების ევროპული არქიტექტურის მომხიბვლელობას. მოკირწყლულ ქუჩებს გაივლით და ძველ ბათუმში აღმოჩნდებით. დახვეწილი ჩუქურთმებით მორთული აივნიანი სახლები უმეტესად ორ და სამსართულიანია, აივნებზე ყვავილების ქოთნებია, სახლებს კი ულამაზესი, ფერადი კარები აქვთ. საღამოობით ქუჩებზე ლამპიონები ინთება და ძველი ბათუმი კიდევ უფრო მომაჯადოებელი ხდება.

ქალაქის ძველ უბანში არასდროს დაიკარგებით, ამისთვის საკმარისია ძველი ბათუმის ერთი პატარა საიდუმლო იცოდეთ – ყველა მთავარ ქუჩას ზღვისკენ მიჰყავხართ, ნავსადგურისკენ, რომელიც ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია ქალაქში. ამიტომაც უწოდებენ ბათუმს ქალაქს, რომელიც ზღვას უყურებს.

ქვიშაზე მომზადებული ყავა. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ძველი ბათუმის გულში მდებარეობს პიაცა, მოედანი კაფე-ბარებითა და რესტორნებით. შაბათ-კვირას ბათუმის პიაცაზე ხშირად შეხვდებით ახალდაქორწინებულ წყვილებს, რომლებსაც აქ ფოტოების გადაღება ძალიან მოსწონთ.

ბათუმის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ადგილი ევროპის მოედანია, სადაც ყველაზე ხშირად ნახავთ უცხოელ ტურისტებს. ახლოს მდებარეობს ბათუმის უძველესი კინოთეატრი „აპოლო“, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს და ახლაც მოქმედია.

ბათუმის არქიტექტურასა და ქალაქის ცხოვრების მჩქეფარე რიტმს 1899 წელს ბათუმში  ჩამოსულ ნორვეგიელ მწერალზე, ნობელის პრემიის ლაურეატ კნუტ ჰამსუნზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. წიგნში – „ზღაპრული ქვეყანა“ იგი წერს, რომ ბათუმელები ევროპულ ყაიდაზე ცხოვრობენ და ბათუმის ბულვარში საღამოობით უკანასკნელ მოდაზე ჩაცმული ადგილობრივები და უცხოელები სეირნობენ. ჰამსუნი წერს, რომ ის სწორედ ბათუმში შეხვდა მსოფლიოში ყველაზე წვრილცხვირიანი ფეხსაცმლით მოსეირნე დენდს, რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია.

ბათუმის ბულვარი ახლა კიდევ უფრო მიმზიდველი და ხალხმრავალი ადგილია, ვიდრე საუკუნის წინ იყო. მისი გაშენება  XIX საუკუნის ბოლოს გერმანელმა, ფრანგმა და ქართველმა მებაღეებმა დაიწყეს. დღისით აქ დაუსრულებლად შეიძლება წიწვოვანი ხეების ხეივნებში სეირნობა, აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცნობილი ბათუმური ყავა და ადგილობრივი სამზარეულო და დატკბეთ ზღვის ხედით.

ბათუმი, სანაპირო. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბულვართან ახლოს ცენტრალური პარკია, რომელიც ტბის პირასაა  გაშენებული. აქ, მწვანე მდელოებსა და ხეების ჩრდილქვეშ დასვენება ყველას უყვარს. ცენტრალური პარკის უძველესი ხე, კიპარისი, უკვე 130 წლისაა, იგი 1888 წელსაა დარგული.

თუ მუზეუმების დათვალიერებას გადაწყვეტთ, არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვიეთ. მუზეუმში აჭარაში აღმოჩენილ უძველეს ოქროს სამკაულებს ნახავთ, რომელთა სინატიფე ახლაც გაოცებას იწვევს. ყველა სამკაულს თავისი ისტორია აქვს, ამ ისტორიის უკან დგანან კოლხები და  ელინები, რომლებიც ოცი და მეტი საუკუნის წინ აჭარის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ოქროს ფონდის გარდა მუზეუმში დაცულია ძვ. წ. აღ. V-IV საუკუნეების ბერძნული ნეკროპოლისის და ძვ. წ. აღ. V საუკუნის კოლხური სამაროვნისა და ელინიზმის ეპოქის არქეოლოგიური მასალები. მუზეუმის სალონში ზოგიერთი ნივთის ასლის შეძენაც შეგიძლიათ.

ბათუმიდან 12 კილომეტრის დაშორებით კიდევ ერთი საინტერესო ადგილი, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალია, ისტორიული ციხე-სამაგრე, რომლის მიმართაც საუკუნეების განმავლობაში ინტერესდებოდნენ რომის, ბიზანტიისა და ოსმალეთის იმპერიები.

პეტრას ციხე. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

კიდევ ერთი ადგილი, რომლის ნახვასაც გირჩევთ, ბათუმის ბოტანიკური ბაღია, 11 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში უამრავი სახეობის მცენარის ნახვა შეგიძლიათ, მათ შორის 107 სახეობის ვარდისა და 67 სახეობის კამელიის. ასწლოვანი ხეების ხეივნებში აყვავებული ვარდები და კამელიები, პარკები და პანორამები ზღვის ხედზე, ამ ადგილს დაუვიწყარს ხდის.  ბოტანიკური ბაღის გადმოსახედიდან კარგად ჩანს ბათუმის ცნობილი ყურე და ქალაქის ახალი კონტურები, ცათამბჯენები და კოშკები.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმს თავისი რიტმი აქვს და ეს რიტმი იგრძნობა ყველგან, ისტორიულ ქუჩებშიც და ქალაქის უფრო ახალ ნაწილშიც, სადაც თანამედროვე არქიტექტურა ბათუმის ახალ სახეს გაჩვენებთ. აქ შუშის ცათამბჯენებზე შავ ზღვაში ჩამავალი მზე ირეკლება და დახვეწილი ფორმების გამო რამდენიმე შენობას მომავლის არქიტექტურასაც კი უწოდებენ.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს 130 მეტრი სიმაღლის კოშკი, რომელზეც ქართული ანბანის  ასოებია გამოსახული, კოშკთან ახლოს კი „საოცრებათა პარკია“, ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილი ბათუმში, სადაც, ზღვის პირას, მდებარეობს შეყვარებული წყვილის მოძრავი ქანდაკება.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ღამის ცხოვრების მოყვარულებს ბათუმი დიდ არჩევანს სთავაზობს: ზოგს ბათუმის ბულვარში სეირნობა მოსწონს, სადაც სხვადასხვა ფერად განათებული მუსიკალური შადრევნები მთელი ღამე ცეკვავენ, ზოგს ღამის კლუბები იზიდავს, ზოგს – ბათუმის კაზინოები, ზოგსაც ზაფხულში, ზღვისპირა ბუნგალოში ურჩევნია გართობა.

და არ დაგავიწყდეთ, ბათუმს გადმოხედოთ ზემოდან. ქალაქის ძველ ნავსადგურთან საბაგირო გზა იწყება, რომელიც მთისკენ, ზღვის დონიდან 256 მეტრზე მიემართება. აქ, პანორამული გადმოსახედიდან, შეგიძლიათ ბათუმის ხედით, მთისა და ზღვის კონტრასტით დატკბეთ.

ბათუმი გელით!

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ამავე თემაზე: აჭარის ყველა ფერი 

ამინდის პროგნოზი ბათუმში: საღამოს გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში და აჭარის სანაპირო რაიონებში, დღეს, საღამოს გამოიდარებს.

შაბათ-კვირას, 31 მარტსა და პირველ აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 მარტს ბათუმში ამინდის ტემპერატურა იქნება:

  • დღისით: 15 გრადუსი
  • ღამით: 8 გრადუსი

პირველ აპრილს კი ბათუმში ტემპერატურა მოიმატებს და იქნება:

  • დღისით: 23 გრადუსი
  • ღამით: 8 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 10 გრადუსია.

ყოფილი პატიმრების სამედიცინო დახმარების პროგრამა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის სტატისტიკის 2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში მყოფ მსჯავრდებულებს შორის გამოვლენილ დაავადებათა საერთო რაოდენობა 9 842-ს გაუტოლდა. სასჯელაღსრულების სისტემაში გავრცელებულ დაავადებებს შორის, 2018 წლის იანვრის მონაცემებით, ყველაზე ხშირად ფსიქიკურ და ქცევით აშლილობას ვხვდებით. კვლევაში წარმოდგენილ დიაგრამაზე  ნაჩვენებია პენიტენციურ სისტემაში გავრცელებულ დაავადებათა ხვედრითი წილი:

დიაგრამა: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო/სისტემის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში/2018 წლის იანვრის მონაცემები.

ამავე ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლების მიზეზი უმრავლეს შემთხვევებში (75% ) იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა იყო:

დიაგრამა: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო/სისტემის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში/2018 წლის იანვრის მონაცემები.

გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რაც ყოფილ პატიმრებს აწუხებთ.

დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად  2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაც ყოფილი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ჩართვა შეუძლიათ როგორც ყოფილ პატიმრებს, ასევე მათ ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს.

ბენეფიციარებს პროექტის სხვადასხვა სერვისით სარგებლობა ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში შეუძლიათ.

პროექტის ბენეფიციართა საჭიროებები თავიდან მათი გამოკითხვისა და ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში მაღალსტანდარტული გამოკვლევებით დგინდება. შემდეგ კი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და მათივე სურვილის გათვალისწინებით ისინი სხვადასხვა სარეაბილიტაციო  სერვისით სარგებლობენ.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად  ბენეფიციარებს შემდეგნაირად  ეხმარება:

  • ამისამართებს მათ შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
  • ბენეფიციარებს ეხმარება (თუ საჭიროა ადვოკატირების პროცესშიც), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით;
  • ბენეფიციარებს, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა – პროექტის ფარგლებში უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტები.

სოციალური მუშაკების ინფორმაციით, საპატიმროს დატოვების შემდეგ ყოფილ პატიმართა უმრავლესობას გაუარესებული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ლოგიკურია, რომ „პატიმართა გაძლიერების პროექტის“ სამედიცინო მხარდაჭერის მიმართულება განსაკუთრებით აქტუალურია და ამ მხრივ მაღალია ყოფილ პატიმართა ინტერესი პროექტის მიმართ.

პროექტის განხორციელებისას დაკვირვებამ აჩვენა, რომ სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვის შემდეგ ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა. ისევე, როგორც მნიშვნელოვანი ძვრებია ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახების ეკონომიკურ გაძლიერებაშიც. ეს იმის შედეგია, რომ გარდა სამედიცინო მიმართულებისა ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი ბენეფიციარებს სთავაზობს შემდეგ სარეაბილიტაციო სერვისებს:

 • სოციალური საწარმოების ამოქმედება და ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმების ხელშეწყობა;
• ბენეფიციარების სტაჟირება დასაქმების პირობით;
• ბენეფიციართა თვითდასაქმება – საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბების გზით;
• ყოფილ პატიმართა განათლება და პროფესიული გადამზადება;
• ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; 
• იურიდიული დახმარება.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

სახალხო დამცველის ანგარიში: საქართველოში 189 სკოლა მოსწავლეთათვის საფრთხის შემცველია

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 189 საჯარო სკოლა ავარიულია. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ავარიულ მდგომარეობაში 209 სკოლა ფუნქციონირებდა. „მათგან 42 არ ექვემდებარებოდა აღდგენა -გამაგრებით სამუშაოებს.

ავარიულ და სარეაბილიტაციო საჯარო სკოლებში 42 394 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაცემებიც,“ – წერს სახალხო დამცველი.

„მოწოდებული ინფორმაციით, ავარიულ სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით ტარდება  აუცილებელი  ღონისძიებები, თუმცა, მსგავსი ღონისძიებები რიგ შემთხვევებში სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოების ჯეროვან დაცვას,“ – ნათქვამია ანგარიშში.

სკოლების ავარიული მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობასa და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 16 აგვისტოს აცნობა. კვლევა სკოლების მდგომარეობის შესახებ 2016-2017 წლებს მოიცავს.

„შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი ფუნქციონირებს ავარიულ და მოსწავლეთათვის საფრთხის შემცველ პირობებში. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მდებარე საჯარო სკოლებში“.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა რეგიონში ახალი საჯარო სკოლებიც შენდება, თუმცა ეს რიცხვი ძალიან მცირეა.

„2015–2017 წლების გეგმების ფარგლებში დაიწყო 22 საჯარო სკოლის მშენებლობა და დასრულდა 8 საჯარო სკოლის მშენებლობა.

დადებითად უნდა ჩაითვალოს, რომ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში“ დაგეგმილია 35 საჯარო სკოლის გამაგრებითი სამუშაოები და 518 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია“.

ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ აუცილებელია აქტიურად განხორციელდეს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს განათლების ხელმისაწვდომობასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფაზე.

„ასევე, უნდა გაუმჯობესდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და განახლდეს სასწავლო ინვენტარი, განსაკუთრებით, სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში. მნიშვნელოვანია, უფრო ინტენსიური გახდეს ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა“.

 

 

 

ქედის მერი: ადამიანური რესურსების თვალსაზრისით კრიტიკულ ზღვარზე ვართ

ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ, მედიას, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მესამე სექტორს ანგარიში წარუდგინა და მუშაობის 100-დღიანი პერიოდი შეაფასა.

მთავარ პრიორიტეტად ლევან გორგილაძემ ინფრასტრუქტურა და ტურიზმი დაასახელა, თუმცა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ქედაში ასული ტურისტი ადგილზე დიდხანს არ ჩერდება.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა, ვლადიმერ თებიძემ მერს ჰკითხა, თუ რას აკეთებს მერია იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი მხოლოდ მახუნცეთით არ შემოიფარგლოს და ტურისტები მის ფარგლებს გასცდნენ.

„ბიზნესმენები, ვინც მოდიან, მე მათთან ასეთი შეთავაზება მაქვს, ყველა მიმართულებით გავიყვან გზას, ბილიკს, თუ ისინი ტურისტულ ობიექტს შექმნიან. ცალმხრივად ვერ და არ მოხდება ტურისტული პოტენციალის ზრდა,“ – განაცხადა მერმა.

შეხვედრაზე ლევან გორგილაძემ მუშაობის პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტად ზუნდაგის ბაღის რეაბილიტაცია, დაბა მახუნცეთში საზაფხულო თეატრის მშენებლობა და სოფლებიდან ნარჩენების გამოსატანად ავტომობილის შესყიდვა დაასახელა. აქვე მერმა ისიც აღნიშნა, რომ წელს პირველად მუნიციპალიტეტი პარკინსონით დაავადებული პაციენტებისთვის მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, ასევე პირველად მუნიციპალიტეტი მსხვილფეხა საქონელს „ემკარის“ დაავადებაზე აცრის.

„ბათუმელების“ კითხვაზე რის გაკეთება ვერ შეძლო? ლევან გორგილაძე პასუხობს:

„ისე ჩქარა ვერ ხორციელდება პროექტები და იდეები, მე  რომ ვფიქრობდი. უფრო მეტი ადამიანური რესურსი, მეტი დახმარება და მეტი მუშაობა სჭირდება ამას. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვათ, ის ტემპი რაც აქამდე არსებობდა, არ არის საკმარისი, თუმცა გარკვეულწილად ამის მიზეზიც ზამთრის პერიოდია.

კადრებში კრიტიკულ ზღვარზე  ვართ, 2012 წელს, როდესაც ქედის ბიუჯეტი  5 მილიონ ლარს შეადგენდა, ხარჯვით ნაწილს მერიის დაახლოებით 55 თანამშრომელი განაგებდა, 2018 წელს, როდესაც ბიუჯეტი 10 მილიონამდეა და იმავე ოდენობის ადამიანი განაგებს ამ ბიუჯეტს, ეს იმას ნიშნავს, ჩვენ ადამიანური რესურსების თვალსაზრისით კრიტიკულ ზღვარზე ვართ,“ – განაცხადა მერმა და აღნიშნა, რომ რეორგანიზაციას ჯერ არ გეგმავს.

„ეს არის ჩემთვის ახალი სფერო, ჯერ მე უნდა ჩამოვიყალიბო სწორი ხედვები და მერე ვიფიქროთ სტრუქტურაზე. რაც შეეხება პროექტებს, ვმუშაობდით იმ პროექტებზე, რომლებიც 2017 წელს დამუშავდა, საკმაოდ წარმატებულად ვასრულებთ პირველ კვარტალს. ჩვენი ხედვები უფრო 2019 წელზე იქნება გათვლილი,  ყველა მიმართულებით გვაქვს ხედვები, თუმცა  ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენი ხედვები მოსახლეობის ინტერესებს დავამთხვიოთ, იგივე პროექტები, რომლებიც ითვლებოდა, რომ საჭიროებდა დოტაციას, ვცდილობთ ინფრასტრუქტურულ და მომგებიან პროექტებად გადავაქციოთ, მაგალითად,  ჩვენი კულტურული და სახელოვნებო შესაძლებლობა იმდენად კარგია და ძლიერია, რომ შესაძლებელია გამოვიყენოთ განსაკუთრებით ტურიზმში, შოუბიზნესის თვალსაზრისით“.

დავით ანანიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი: „მრჩეველთა საბჭოს სახელით შემიძლია დადებითად შევაფასო იმ 100 დღის სამუშაოები, რაც მერიამ ჩაატარა და ის სამუშაოები, რის განხორციელებაც მერიამ დაისახა ეტაპობრივად თუ შესრულდება, ქედისთვის წინგადადგმული ნაბიჯია“.

ვლადიმერ თებიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი:

„ზოგადად კარგია თვითმმართველობისგან ანგარიშის ჩაბარება, გამომდინარე იქედან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უნდა იცნობდეს პრიორიტეტებს და ისმენდეს ანგარიშებს, მაგრამ მუშაობის 100 დღე ვერ გამოდგება საზომად, ამას მუშაობის ოთხწლიანი პერიოდი გვიჩვენებს, რომელიც მოსახლეობისგან მერმა ნდობის სახით მიიღო“.

ლევან გორგილაძემ თავისი მუშაობის 100-დღიანი პერიოდი გუშინ, 29 მარტს, შეაფასა.

 

„სამეფო კარის თამაშების”ფანები ახალმა პოსტერმა გამოაცოცხლა

HBO-ს პოპულარული სერიალის, „სამეფო კარის თამაშების” ბოლო, მერვე სეზონი 2019 წელს გამოვა. ფანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ერთწლიანი წყვეტა ძალიან დიდი ინტერვალია ბოლო სეზონამდე, რომელსაც მთელ მსოფლიოში სულმოუთქმელად ელოდებიან.

„სამეფო კარის თამაშების” მაყურებლებისთვის სერიალის სიუჟეტური ხაზის მოულოდნელი და ზოგჯერ შოკისმომგვრელი განვითარება უცხო არ არის, ბოლო სეზონისგან ტრადიციულ „ჰეფი ენდს” არავინ ელის წინა სეზონებში მომხდარი ამბების გათვალისწინებით. ცოტა ხნის წინ „ფეისბუქში”  ფანების მიერ შექმნილი პოსტერი გავრცელდა, პოსტერზე ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის, არია სტარკის წინ დაჩოქილი სერსეი ლანისტერი დგას, არია ხანჯლითაა შეიარაღებული და თითქოს ეს-ესაა სერსეი უნდა მოკლას.

„ფეისბუქზე” ატვირთული პოსტერის ქვეშ უამრავი ფანის კომენტარია. ზოგიერთის აზრით მომავალი სეზონის სიუჟეტი მარტივად გამოსაცნობი იქნება, ზოგიერთიც მიიჩნევს, რომ  შეუძლებელია ყველაფერი ჩაგრული სტარკების სრული გამარჯვებით დასრულდეს. ვარაუდი მრავალგვარია, თუმცა ჯერ არავინ იცის, ერთი წლის შემდეგ სინამდვილეში რას უმზადებენ  სერიალის მაყურებლებს  სცენარისტები.

პარლამენტარი კვოტირებაზე: არ ვარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც ქალბატონი იჩაგრება

აჭარიდან საქართველოს პარლამენტში რვა დეპუტატია. მათგან  ქალი მხოლოდ ორია – ფატი ხალვაში [მაჟორიტარი] და სვეტლანა კუდბა [პარტიული სია]. 23 მარტს კაცი დეპუტატებისგან განსხვავებით, კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი ორივე ქალმა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ითვალისწინებდა, რომ პარტიების პროპორციულ სიებში ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის ყოფილიყო.  ორი დეპუტატი ამბობს, რომ ფორმულირება – „განსხვავებული სქესი“ არ მოეწონათ და ამასთან არ იციან რას ნიშნავს ეს განსაზღვრება.

23 მარტს სხდომას არ ესწრებოდნენ დეპუტატები: ლევან ბეჟანიძე, ანზორ ბოლქვაძე, არჩილ ხაბაძე და ილია ნაკაშიძე. პარლამენტის სხდომას ესწრებოდა მუხრან ვახტანგაძე, თუმცა დეპუტატმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. კანონპროექტის წინააღმდეგ კი ხმა მისცა ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ნაკაიძემ.

რატომ არ დაუჭირეთ მხარი პარლამენტში გენდერული კვოტირების კანონპროექტს? – „ბათუმელებმა“ ეს კითხვა პარლამენტარ კობა ნაკაიძეს დაუსვა. ის ამბობს, რომ ამისთვის ორი მიზეზი ჰქონდა:

„პირველი – ტექსტთან მიმართებაში იყო გაუგებრობა და ამიტომ ჩემი თხოვნა იყო, რომ დაზუსტებულიყო ქალი და კაცი ტექსტში. იმიტომ, რომ იქ იყო განსხვავებული სქესი და ეს განსხვავებული სქესი ცოტა სხვა თემებში გადადიოდა. ქალი და კაცი რომ ყოფილიყო, კიდევ შეიძლება დეტალებში და სიღრმეებში არ ჩავსულიყავი. აი, ეს განსხვავებული სქესი, ჩემთვის ცოტა სხვა ასოცირებას იწვევს.

ნებისმიერი ადამიანი, რომელი სქესისაც არ უნდა იყოს, თავისი იმიჯით, თავისი ცხოვრებით, თავისი მიღწევებით, წარმატებულობით და ასე შემდეგ, უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოში. ხელოვნური ჩარევა ყოველთვის  აფუჭებს საქმეს.

ქალბატონების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე ვთქვი, რომ ქალბატონებისთვის ეს არის შეურაცხმყოფელი, იმიტომ, რომ საქართველოში ქალის კულტი ყოველთვის იყო. მეთორმეტე საუკუნეში გვყავდა ქალი მეფე, თბილისის სიმბოლო არის ქართლის დედა… მე მქონდა შეხვედრა ქალბატონებთან, გუშინ მქონდა შეხვედრა სტუდენტურ პარლამენტთან და, უბრალოდ, აზრი ვკითხე მათ. ყველა მეუბნება, როდესაც ტექსტს ეცნობიან, ეს არის მათი შეურაცხყოფა. მე თვითონაც შეურაცხყოფილი ვიყავი, იმიტომ, რომ მე არ ვარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც ქალბატონი იჩაგრება, რაღაც ნიშნით.

მოცემულობა თავად ჩემთვის არის მიუღებელი. რატომ ყოველი მეორე უნდა იყოს ქალი? შეიძლება ხვალ მოცემულობა იყოს, რომ 50% კი არა,  60% და 70% იყოს ქალბატონი. ხელოვნური ჩარევა ჩემთვის არის მიუღებელი. ყველა წარმატებული ადამიანი, ქალი იქნება თუ კაცი, უნდა მოხვდეს იგივე საკანონმდებლო ორგანოში. მე ვფიქრობ, ჩემი პირადი აზრია, რომ ეს თავად ქალბატონების შეურაცხყოფაა“.

კითხვაზე, რას გულისხმობს თვითონ განსხვავებულ სქესში, კობა ნაკაიძე ამბობს:

„ვიღაცები ითხოვენ მესამე სქესს… კვოტირება მაშინ პირველი – მეორე კი არ უნდა იყოს, შეიძლება პირველი, მეორე, მესამე იყოს.“

კითხვაზე, ვინ შეიძლება იყოს მესამე, კობა ნაკაიძე პასუხობს:

„არ ვიცი ეს, ტელევიზიით ალბათ უყურებთ ხომ, ვიღაცები ითხოვენ… ესაა ტრანსგენდერები და ა.შ… მე ვამბობ, რომ ყველას უფლებაა იყოს პარლამენტში, მაგრამ ქალბატონები, რომლებიც პრეტენზიას გვიცხადებენ, რომ ყოველი მეორე უნდა ვიყოთ, შეიძლება ყოველი მესამე იყვნენ.

…დღის წესრიგში დგას ეს თემა, ითხოვენ ვიღაცები, ამიტომ მათი უფლებებიც ხომ უნდა დავიცვათ, არა? მაშინ კვოტირებაში უნდა იყოს ერთი ორი სამი და არა ერთი – ორი.
ხვალ შეიძლება ეს მოცემულობა იყოს. ამიტომ დღეს უნდა განვსაზღვროთ, ჩვენ თუ დღეს გვაქვს ქალი-კაცი, მდედრი-მამრი, მაშინ ასე უნდა ჩავწეროთ. თუ არადა განსხვავებული რას ნიშნავს?
ხვალ შეიძლება განსხვავებული ვიღაცამ მოითხოვოს მესამე კი არა მეოთხე, შემდეგ მეხუთე, ამიტომ კონკრეტიკა არ იყო იქ და ამას გიზუსტებთ.  დღეს არის კატეგორია ადამიანების, რომელიც ითხოვენ მესამეს, არც ქალი არც კაცი. ეს არის და ეს.“

პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი ხელვაჩაურიდან, პროფესიით ექიმი ილია ნაკაშიძე ამბობს, რომ მას კანონპროექტთან დაკავშირებით ეჭვები აქვს:

„სიმართლე რომ გითხრათ, მე საკმაოდ ეჭვებში ვარ, რომ ეს კანონი საერთოდ მისაღები არის, მაგრამ სწორად უნდა გაიგოთ. კვოტირება  ნიშნავს რაღაც ხელოვნურ მიდგომას ამ პრობლემაზე, ეს არის სიმპტომატური მიდგომა. თუ ქალბატონები არ შედიან აქტიურად პოლიტიკაში, პრობლემა ალბათ სხვა რაღაცაშია. კვოტირებით ამ  პრობლემას ვერ გადაწყვეტ. ალბათ ოჯახური პრობლემაა, ანუ დიასახლისობის პრობლემა. ჯობია, რომ ვისაუბროთ სხვა პრობლემებზე, რაც ქალბატონებს აწუხებთ – საკეისრო კვეთის ვაუჩერებზე, სამუშაო დღის ხანგრძლივობაზე, სადეკრეტო შვებულების გახანგრძლივებაზე და ა.შ. და არა კვოტირებაზე.

ქალები ახლაც  არიან პარლამენტში და ქალბატონის პრობლემებზე რომ ვისაუბროთ, აუცილებელი არ არის მაინც და მაინც სააპარლამენტო ტრიბუნა. თუ საპარლამენტოც იქნება, ცუდი არ არის. ყველა დონეზე საქართველოში ქალბატონს აქვს უფლება გამოვიდეს და გამოთქვას მისი აზრი, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს.

მედიცინაში არის ასეთი გამოთქმა, ან პათოგენეზური მკურნალობაა, ან სიმპტომატური. აუწევს ადამიანს ტემპერატურა – დაუწევს ტემპერატურა. ეს კვოტირება მაგას ჰგავს. მაგრამ რატომ აუწია ტემპერატურამ, რა პროცესები მიმდინარეობს, რა დაავადებაა, რით ვუმკურნალოთ, რა პროგნოზი გვაქვს, ეს უკვე პათოგენეზურია და ამას სჭირდება სერიოზული მიდგომა,“ – ამბობს ილია ნაკაშიძე.

მისივე თქმით, კანონპროექტში კითხვის ნიშნებს აჩენს ჩანაწერი „განსხვავებული სქესის შესახებ“:

„[კანონპროექტის ტექსტში] ჩანაწერი არის ცოტა არალოგიკური, რომ განსხვავებულ სქესზეა საუბარი და არა ქალბატონებზე. ეს განსხვავებული სქესი რას ნიშნავს, მე არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. მე ორი სქესი ვიცი, მაგრამ  ამბობენ, მესამეც არისო. იქ საუბარი რომ ყოფილიყო ქალბატონებზე კომპლექსურად, შეიძლება კიდევ უფრო მისაღები ყოფილიყო, მაგრამ ეს განსხვავებული სქესი, ცოტა ეჭვებს იწვევს,“ – ამბობს ილია ნაკაშიძე.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდთან ერთად მიიღებს.

„უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტში გენდერული კვოტირების კანონპროექტს? – „ბათუმელებმა“ ამის შესახებ #24 მაჟორიტარული ოლქის (ქედა, შუახევი,ხულო) მაჟორიტარ, ანზორ ბოლქვაძესაც ჰკითხა. ის პარლამენტის სხდომას არ დასწრებია. ანზორ ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი შუახევში მომხდარი უბედური შემთხვევა იყო.

„მე არ გამივლია კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. ორშაბათიდან უმრავლესობასთან გავივლი კონსულტაციებს და შევთანხმდებით. ალბათ დავუჭერ მხარს კანონპროექტს,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე.

„უშუალოდ კვოტირებას, რომ განსაზღვრული რაოდენობა იყოს და თუ ქალი არ იქნა, პარტიასაც არ მიიღებენ რეგისტრაციაზე, ეგ ცოტა  გადამეტებულია, ჩემი აზრით. მექანიკურ კვოტირებას არ ვუჭერ მხარს. საერთო ჯამში მაინც მხარს დავუჭერ,“ – ამბობს ნუკრი [ლევან]  ბეჟანიძე, ბათუმის ოლქის მაჟორიტარი.

სხდომას ესწრებოდა კიდევ ერთი მაჟორიტარი ბათუმიდან მუხრან ვახტანგაძე. დეპუტატი ამბობს, რომ მან ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

„ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს არც მე და არც ჩვენს გუნდს. გუნდურად ჩვენ მივესალმებით იმას, რომ მომავალ პარლამენტში უფრო მეტი ქალი იყოს. უბრალოდ, ამ კვოტირებასთან დაკავშირებით ჩვენს გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. მე ვარ დეპუტატი, რომელიც გუნდური პრინციპებით მოქმედებს. ამიტომაც  შევიკავე თავი. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით ერთ აზრზე და მივიღებთ ძალიან კარგ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნისთვის“.

 

მეთორმეტეკლასელი გოგო ჩაგვრაზე

ნათია ცენტერაძე ქობულეთის #3 საჯარო სკოლაში, მე-12 კლასში სწავლობს. მისი ერთ-ერთი ესეი – „მა, მე შენ მჭირდები“, რომელმაც ელექტრონული მედიის ყურადღება მიიქცია, გოგონების პრობლემას ეხება.

„მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოდ დაიბადე, შეიძლება მიგატოვოს საკუთარმა მამამ, რადგან მას ბიჭის, „გვარის გამგრძელებლის“ დაბადება უნდოდა“, – წერს ნათია ესეიში. ნათიას ესეი ბევრმა აღიქვა, როგორც პირადი ისტორია.

„ეს დავწერე არა ჩემზე, არამედ იმ გოგონებზე, რომლებიც მართლა გარიყულები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონებად გაჩნდნენ“, – გვეუბნება ნათია.

მისი აზრით, საზოგადოება ჯერ კიდევ პრობლემად აღიქვამს ოჯახში გოგოს დაბადებას, რადგან „ის გვარს არ აგრძელებს“.

„მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო ხარ,  შეიძლება გითხრან, რომ შენ არ შეგიძლია, რადგან სუსტი სქესი ხარ, რომ შენი საქმე გათხოვებაა და არა სწავლა, რომ არ შეგიძლია წარმატებული იყო,  და ასე შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ“, – ამბობს ნათია.

რა სჭირდებათ გოგონებს ყველაზე მეტად? – „მშობლებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა გარდატეხის ასაკში ხარ“, – ამბობს ნათია.

მისი აზრით, აუცილებელია, რომ მშობლები და შვილები ხშირად საუბრობდნენ ერთმანეთთან.

„ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვებმა ისედაც ყველაფერი იციან, რადგან ისინი აძლევენ მაგალითს ცხოვრებაში, მაგრამ ეს ასე არ არის.  ბავშვები სხვანაირად აღვიქვამთ ყველაფერს. ან მათ ვემსგავსებით. თუ მამა უყვირის დედას, ვფიქრობთ – ესე იგი, ეს ნორმალურია. თუკი დედა ადრეულ ასაკში გათხოვდა, ესეც ნორმალურია. თუკი მეუბნებიან, რომ უნდა გავთხოვდე და არა ვისწავლო, ესეც ნორმალურია. მე შევძელი იმის გააზრება, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, მაგრამ ყველა გოგო ვერ ახერხებს ამას“, – გვეუბნება ნათია.

მისი აზრით, ყველაფერი ოჯახიდან იწყება და თუ ვერ გაძლიერებს ოჯახი, მაშინ უნდა გაგაძლიეროს სკოლამ. მაგრამ რა ხდება სკოლაში? ნათიას აქვს პასუხი:

„სკოლა მხოლოდ ფაქტების დაზეპირებას გასწავლის და არა გააზრებას. რატომ? რისთვის? – არავინ არ გიხსნის. მე მქონდა კითხვები და ვცდილობდი მიმეღო პასუხები. მე გავყევი ამ კითხვებს და მივედი იქ, სადაც ახლა ვარ. წიგნებში, ფილმებში ვიპოვე რაღაც კითხვებზე პასუხები.

რამდენი გოგო ფიქრობს დღეს ასე? ალბათ ნახევარი-ნახევარზე და ეს არ არის კარგი, რადგან უფრო მეტი გოგოს გამოფხიზლებაა საჭირო. რატომ მოხდა ასე, რატომ დაიჯერეს  გოგონებმა, ქალებმა ის, რომ კაცი მათზე ძლიერია? რატომ არ ვთქვით თავის დროზე – არა, ჩვენ თანასწორები ვართ?

ალბათ, სადღაც ქალებსაც შეგვეშალა. ვფიქრობ, ქალი არ არის კაცზე სუსტი. პირიქით, უფრო ძლიერია. ამას კაცებიც ხვდებიან. თითქოს ამიტომ არიან მუდმივად საპირისპიროს მტკიცებაში, ხშირად ბრჭყალებსაც აჩენენ, ოღონდ ეს დაგვაჯერონ.“

ნათია ამბობს, რომ ქალების გაძლიერებაზე ხშირად უნდა იყოს საუბარი. გოგონები, ვისაც უჭირთ სტერეოტიპების გადალახვა, სისუსტის მსხვერპლნი ხდებიან:

„გოგოები იჯერებენ, რომ ვიღაცაზე დამოკიდებულება, ეს ნორმაა, რომ კაცია ოჯახში შემომტანი და მან უნდა არჩინოს. მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, ისინი სრულიად დაუცველები ხდებიან.

ყველაზე ცუდი არის ის, რომ გოგონები, რომლებიც განსხვავებულად ვფიქრობთ, ბოლომდე ვერ ვახერხებთ ქალების ამ ნაწილის გაძლიერებას. ბევრი მწერალი წერს ქალების ჩაგვრაზე, გენდერულ უთანასწორობაზე საზოგადოებაში, მაგრამ თითქოს არავინ არ ამბობს რაშია გამოსავალი.

თუმცა მე მჯერა, რომ ყველა გზა განათლებისკენ მიდის. რომ შეგვეძლოს, ყველაფრის შეცვლას აქედან დავიწყებდი, რადგან მეტი აზროვნებაა საჭირო სკოლებში. არა ფორმალური გაცვლა ინფორმაციის, არამედ ყველა კითხვაზე ძირეული პასუხის გაცემა“, – გვეუბნება ნათია.

ნათიას მიაჩნია, რომ გამოსავალი სოლიდარობასა და გაერთიანებაშია.

„ილია ჭავჭავაძეს უწერია პატარა ნაპერწკლების შეკრებასთან დაკავშირებით. აი, ეს პატარ-პატარა ნაპერწკლები უნდა შევაგროვოთ, რომ ერთი დიდი ცეცხლი დავანთოთ, რომ  ჩაკეტილობა, ძალადობა  შევამციროთ ოჯახებში. თუ დღეს ერთ ოჯახს გადავარჩენთ, ხვალ უფრო ნაკლები პრობლემა იქნება“, – ამბობს ნათია.

ნათიას აზრით, დღეს მისი თაობის გოგონები ინერტულები არიან: „ათიდან შვიდი მიძინებულია. დანარჩენი სამიდან მხოლოდ ერთი ცდილობს ბოლომდე იბრძოლოს, ორი კი შუა გზაზე ჩერდება. ამიტომ მეტი მოძრაობა და მოქმედება გვჭირდება“.

როგორ ხედავს ნათია საკუთარ როლს ქალების გაძლიერებაში? ამბობს, რომ პროფესიად ფსიქოლოგობა აირჩია და ეს ამ საქმეში დაეხმარება.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებულ ავტობუსებს შეიძენს

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ბათუმის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე წარმოდგენილ განკარგულების პროექტზე იმსჯელეს.

განკარგულების პროექტი ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ კორპორატიული განვითარების პროგრამის და საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმის მომზადებისა და გახორციელების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) გრანტის სახით 209,950 ევროს მიღებას ითვალისწინებს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მინიმუმ 10 ელექტრო და 40 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსს შეიძენს - განკარგულების პროექტს საკრებულო ხვალ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მინიმუმ 10 ელექტრო და 40 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსს შეიძენს – განკარგულების პროექტს საკრებულო ხვალ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.

ბათუმის ავტობუსების პროექტი,რომელიც მიზნად ისახავს ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკის განახლებას – შპს „ ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსების შეძენას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (EBRD) მიმდინარეობს.

განკარგულების პროექტის მიხედვით, ევრობანკმა საქართველოს გამოუყო 5.5 მილიონი  ევროს ოდენობის სესხი, რომლის ფარგლებშიც შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ შეიძენს მინიმუმ 10 ელექტრო და 40 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსს, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის გამართულ მუშაობას. პროექტი, ასევე, ხორციელდება ევრობანკის მიერ მართული აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობის და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) ფარგლებში. E5P გრანტი, რომელიც შეადგენს 1.5 მილიონ ევროს, მოხმარება ათი ახალი ელექტრო ავტობუსის შეძენას.

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე - ზურაბ ნაკაიძე და ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი - არჩილ ვანაძე.
ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე – ზურაბ ნაკაიძე და ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი – არჩილ ვანაძე.

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის ინფორმაციით, „ავტობუსები გააუმჯობესებს მომსახურებას როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის,ასევე, ტურისტებისთვის ტრანსპორტის მუშაობის სანდოობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კუთხით. ამავდროულად, დაიცავს გარემოს ნამწვი აირების ემისიის შემცირების გზით. ახალი დაბალძირიანი ავტობუსები ადაპტირებული იქნება როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეპირებისათვის, ასევე მარტივად გამოსაყენებელი იქნება საბავშვო ეტლებით მოსარგებლე მშობლებისა და ხანდაზმული მოქალაქეებისთვის“.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ შორის ბათუმის ავტობუსების პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის„ მიერ ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსების შეძენას, ხელი 2017 წლის 13  ივლისს მოეწერა. ამავე დღეს მოეწერა ხელი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკსა (EBRD) და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებასაც, რომელიც  პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხებისა და დეტალების მოწესრიგებას ითვალისწინებდა.

როგორც არჩილ ვანაძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, ბათუმის ავტობუსების პროექტის შემადგენელი ნაწილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ კორპორატიული განვითარების პროგრამის და საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმის მომზადება და განხორციელება,რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), საქართველოს პარლამენტის  მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს N1291-1ს დადგენილებით რატიფიცირებული საქართველოს  საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, გრანტის სახით აფინანსებს 209,950 ევროს ფარგლებში.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებულ ავტობუსებს შეიძენს
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებულ ავტობუსებს შეიძენს

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,თუკი გრანტი საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულების საფუძველზე  მიიღება, საგრანტო ხელშეკრულებას აფორმებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს წინასწარი თანხმობით.  შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს მიერ განკარგულების პროექტის მიღების შემთხვევაში, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, უფლებამოსილი იქნება ხელი მოაწეროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის საგრანტო ხელშეკრულებას განკარგულების პროექტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში.

განკარგულება, ხვალ, 30 მარტს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიღების შემთხვევაში, ძალაში ხელმოწერისთანავე შევა.

სამინისტრო სკოლებისთვის ახალ პროექტს იწყებს 

განათლების სამინისტრო მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში „თავისუფალი აქტივობების პროგრამას“ იწყებს.  პროექტის განხორციელება პირველი აპრილიდან უნდა დაიწყოს. როგორც პროგრამის მენეჯერმა, ქეთი კურცხალიამ „ბათუმელებს“ უთხრა, ქვეყნის მასშტაბით  650 სკოლა უკვე შერჩეულია. პროგრამაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ სკოლას შეუძლია, სადაც 20-იდან 50-მდე მოსწავლე სწავლობს.

„სკოლებს შეუძლიათ ორი ტიპის პროექტების განხორციელება. ერთია გამარტივებული წესით, როცა სკოლას სამინისტრო სთავაზობს უკვე შერჩეულ პროექტებს, მეორე შემთხვევაში კი, ინდივიდუალური პროექტების სახით სკოლას თვითონ შეუძლია წარმოადგინოს აქტივობების პროექტი, რომლებსაც კომისია შეისწავლის და არჩევის შემთხვევაში დააფინანსებს,“ – ამბობს ქეთი კურცხალია.

ერთი პროექტის ბიუჯეტი მაქსიმუმ 1000 ლარი უნდა იყოს. ქეთი კურცხალიას თქმით, „თავისუფალი აქტივობების პროგრამა“ გათვალისწინებულია მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის.

აქტივობები შეიძლება დაიგეგმოს როგორც სპორტის, ასევე ხელოვნების, კულტურის მიმართულებითაც.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ ეროვნულ კინოცენტრთან  და გარემოს დაცვით ორგანიზაციებთან,  რომლებმაც ასევე მოგვაწოდეს თავიანთი ჩარჩოპროექტები ინტელექტუალურ-შემეცნებითი, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სამართლებრივ კულტურაზე და ა.შ“-ამბობს პროექტის მენეჯერი.

მისი ინფორმაციით, პროექტში ჩართული მასწავლებლები საათში 10 ლარს მიიღებენ. პროექტი მთლიანობაში 20-საათიანია. სკოლებს შერჩეული პროექტების განხორციელება დაფინანსების მიღების შემდეგ შეეძლებათ.

„თავისუფალი აქტივობების პროგრამის“ ბიუჯეტი 400 ათასი ლარია. ამ პროექტამდე სამინისტრო სკოლებში „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტს ახორციელებდა. როგორც სამინისტროში გვითხრეს, „თავისუფალი გაკვეთილები“ წარმატებული პროექტი იყო, თუმცა ის აღარ გაგრძელდება.

 

 

 

ბათუმის მერიამ იაფი სახლის კრიტერიუმები გაასაჯაროვა

„იაფი სახლის“, იგივე „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ სარგებლობის მსურველთა შერჩევის კრიტერიუმები ბათუმის მერიამ 2016 წელს „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ დახმარებით შეიმუშავა და დღეს გაასაჯაროვა.

მერიის განმარტებით, „ხელმისაწვდომი საცხოვრისი [Affordable Housing] არის იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინა მრავალსართულიან კორპუსში, რომელსაც მუნიციპალიტეტი გადასცემს აპლიკანტ ოჯახს, განსაზღვრულ პერიოდში ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის და ბინის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით.

შემუშავებული დოკუმენტით პროგრამის სამიზნე ჯგუფი არის საზოგადოების ის ფენა, რომელმაც სიღარიბეს თავი დააღწია, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ საშუალო ფენად, რათა საკუთარი ძალისხმევის საფუძველზე, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, შეძლოს ისეთი მოთხოვნების დაკმაყოფილება, როგორიცაა ადეკვატური საცხოვრებლით სარგებლობა.

ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:

ა) პირ(ებ)ი, რომლებიც ოჯახთან ერთად ფაქტობრივად არ ცხოვრობენ,

დასაქმების ან სხვა რაიმე მიზეზთა გამო;

ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი;

გ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ 12 თვეზე მეტი ხნით მყოფი პირი;

დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი

ეკონომიკური, კერძოდ, შემოსავლების ნიშნით, პროგრამის სამიზნე ოჯახები, მათი სტრუქტურის მიხედვით, ასე შეიძლება აღიწეროს: ერთსულიანი ოჯახებისთვის თვეში შემოსავლების მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი მერყეობს დაახლოებით 400-1200 ლარით, ორსულიანი ოჯახებისთვის – 400-1800; სამსულიანისთვის – 600-2400, ხოლო 4 და მეტსულიანისთვის – 800-3000 ლარის ფარგლებში.

შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, პროგრამაში მონაწილეობას შეძლებს ბათუმში დამკვიდრებული მრავალსულიანი ოჯახი, რომელსაც აქვს ძლიერი საჭიროება, თუმცა, არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი, არც სხვა უძრავი ქონება – არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა ან კომერციული ფართობი.

ოჯახის  წევრების სტაბილური სამსახურის, შესაბამისად, სტაბილური, თუმცა საშუალო შემოსავლის წყალობით ზომიერ ფასად შეუძლია იქირაოს საცხოვრებელი, შეუფერხებლად გადაიხადოს ქირა, კომუნალური და სხვა გადასახადები, არ გააჩნია საბანკო დავალიანება და ოჯახში ჰყავს სპეციალური სტატუსის მქონე პირი ან პირები [შშმპ, ახალდაქორწინებული, მარჩენალდაკარგული, ომის ვეტერანი და სხვა] ამასთან, ოჯახისთვის მისაღებია “ხელმისაწვდომი საცხოვრისით” გათვალისწინებული პირობები.

 

 

დოკუმენტში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ “ხელმისაწვდომი საცხოვრისის” პროგრამის ბენეფიციარები არ არიან სოციალურად დაუცველი (ე.წ. “მოწყვლადი”) ჯგუფები, რომელთა მიმართაც სახელმწიფო იღებს ძირითადი დონორის ვალდებულებას.

 

 

ამავე თემაზე: ვის შეხვდება იაფი სახლი – კრიტერიუმები საიდუმლოა, ბინების რაოდენობა – უცნობი: მერიის ტენდერი

 “იაფი სახლის” მშენებელი კომპანია, რომელსაც მერიამ ორ მილიონამდე ლარი გადაუხადა, გაუჩინარდა

როგორ გადავაჩვიოთ ღამის ქოთანს მიჩვეული ბავშვი უნებლიე შარდვას

შარდის შეუკავებლობა ხშირი პრობლემაა პატარებში. როგორც წესი, ბავშვების უმრავლესობა 5 წლის ასაკამდე სრულად არის მიჩვეული ტუალეტის გამოყენებას. თუმცა, ხდება ისეც, რომ მოულოდნელად, ღამის ქოთანს მიჩვეული ბავშვები კვლავ იწყებენ უნებლიე შარდვას. როგორც სპეციალისტები ამბობენ, უნებლიე შარდვის მიზეზები შესაძლოა იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური.

პირველ რიგში ფიზიოლოგიური მიზეზები უნდა გამოირიცხოს, ექიმს კი მაშინ უნდა მიმართოთ, როცა უნებლიე შარდვის ეპიზოდები ორი კვირის განმავლობაში გრძელდება, დღეჩაგდებით ან კვირაში სამჯერ მაინც.

  • 0-18 თვემდე: ბავშვი ვერ აცნობიერებს შარდის ბუშტის შევსებას ან დაცლას
  • 18-24 თვემდე: ბავშვს შარდის ბუშტის დაცლის შეგრძნება გააზრებული აქვს
  • 2-3 წლამდე: ბავშვების უმეტესობას უვითარდება უნარი საკუთარი ნებით შეწყვიტოს შარდვა და დახვეწოს ტუალეტის გამოყენების შესაბამისი უნარები
  • 3-5 წლამდე: ბავშვების უმეტესობა აღწევენ სრულ კონტროლს შარდვის პროცესისა და მშრალი არიან დღისითაც და ღამითაც
  • წყარო: NAFC ამერიკის ეროვნული ასოციაცია სისტემატიურობისთვის.

პედიატრი ნინო ჯიმშელაძე ამბობს, რომ ძილში შარდის შეუკავებლობის (ენურეზის) მიზეზი შესაძლოა გენეტიკური ხასიათისაც იყოს. „თუ მშობლები დაწვრილებით გამოიკვლევენ, ხომ არ ჰქონია მსგავსი გამოცდილება ბებიას, ბაბუას, მამიდას ან ბიძას, დიდი ალბათობით იპოვიან პრობლემას. ასეთი სახის ენურეზი გრძელდება მაქსიმუმ გარდატეხის პერიოდამდე (14-15, მაქსიმუმ 16 წლამდე), ანუ მანამ, სანამ ასაკის შესაბამისად ღამის ძილი უფრო ფხიზელი ხდება და ბავშვი ასწრებს გაღვიძებას,” – ამბობს ის.

გარდა გენეტიკური ფაქტორისა, შესაძლოა, ღამით უნებლიე შარდვის მიზეზი იყოს – ცისტიტი ანუ შარდის ბუშტის ანთება,  იშვიათ შემთხვევებში, ხერხემლის თანდაყოლილი თიაქარი. ასევე შარდის ბუშტის სიმცირე, საშარდე გზების ინფექცია და სხვა.

 [yellow_box]შარდის შეუკავებლობის ფსიქოლოგიური მიზეზები[/yellow_box]

ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ღამის ენურეზის მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ ძილის დროს ადამიანის ტვინის უმეტესი ნაწილი ისვენებს, თუმცა არის გარკვეული უბნები, რომლებიც პასუხს აგებენ ისეთ აუცილებელ ფუნქციებზე, როგორიცაა სუნთქვა და სხვა. მაშინ, როცა ბავშვს ღრმად სძინავს, ან ძალიან იღლება და ისე ითიშება, რომ ვეღარ იღებს ტვინი სიგნალს შარდის ბუშტის გავსებაზე, ხდება შარდისგან გათავისუფლება ძილში.

ასეთ დროს გაღვიძებისა და ტუალეტით სარგებლობის ღამის გრაფიკი მშობელმა უნდა შეადგინოს. პირველ ეტაპზე ღამე უნდა გაყოთ შუაზე –  “შუღამით ვაღვიძებთ ბავშვს, მაგრამ თუ უკვე ვერ მივუსწარით და დასველებულია, ცოტა უფრო ადრე გავაღვიძებთ მეორე ჯერზე. ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს, გაღვიძება ბავშვს ჩვევაში გადადის, რის შემდეგაც გარკვეული სიგნალი მიდის ტვინამდე და უკვე თავისით დგება,” – ამბობს ფსიქოლოგი.

დღისით უნებლიე შარდვის მიზეზი, შესაძლოა გახდეს ბავშვის მიერ გადატანილი ძლიერი სტრესი, რის შედეგადაც თვითკონტროლის მექანიზმი სუსტდება ბავშვში და საკუთარი შეგრძნებების კონტროლი უჭირს. „ანუ შესაბამისი სიგნალი, რომ შარდის ბუშტი სავსეა და მას სჭირდება განტვირთვა, საპირფარეშოში შესვლა – სუსტდება”, – ამბობს ფსიქოლოგი, ირმა ფეიქრიშვილი.

პირველადი დახმარება სტრესისა და შიშისგან გასათავისუფლებლად შეიძლება მშობელმაც გაუწიოს ბავშვს. მშობელი უნდა შეეცადოს, ბავშვმა მოახერხოს საკუთარი ემოციების სახელდება, ასაუბროს რა იგრძნო, უთანაგრძნოს მას. “ხშირია, როცა ბავშვს რაღაცის შეეშინდა და ვეუბნებით “შენ ხომ ბიჭი ხარ, ამან როგორ შეგაშინა, სირცხვილია…” ეს არ არის სწორი მიდგომა. მოვუსმინოთ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებაც, ვუამბოთ როგორ გვეშინოდა და როგორ დავძლიეთ შიში”. თუ ბავშვის შიში და ემოციები კვლავ ძლიერია, სასურველია მიმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს.

ფსიქოლოგის განმარტებით, შესაძლოა დღისით უნებლიე შარდვა ყურადღების დეფიციტთანაც იყოს დაკავშირებული. “არის შემთხვევები, როცა რაღაც საქმიანობით (მაგალითად, კომპიუტერში, პლანშეტში მულტფილმების ყურება ან თამაში) იმდენად ერთობიან ბავშვები, რომ მათ ყურადღების მიღმა რჩებათ შარდის ბუშტის ავსება. ასეთ დროს უმეტესად ცოტა “ეპარებათ” ხოლმე, შემდეგ აფიქსირებენ და მიდიან მშობელთან”, – ამბობს ირმა ფეიქრიშვილი.

[yellow_box]რა სახის სტრესზეა საუბარი?[/yellow_box]

ბავშვის სტრესის მიზეზი შეიძლება გახდეს ოჯახში დაძაბულობა, მშობლებს შორის კონფლიქტი ან სხვა ემოციურად ძლიერი გარემოება. “შესაძლოა ბავშვს ყვირილზე შეეშინდეს, როცა ამას სისტემატიური ხასიათი აქვს, მისი ყურადღების მიმართულია თავდაცვაზე. იგი მუდმივად დაძაბულია – ახლა იჩხუბებენ, ახლა რაღაც მოხდება, ამის გამო მას შესაძლოა სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც დარჩეს ყურადღების მიღმა. როცა გარე გამაღიზინებელი ფაქტორი ძლიერია, იგი ბავშვის ყურადღების მთლიან რესურსს მოითხოვს”, – ამბობს ირმა ფეიქრიშვილი. – ” სტრესის დროს ტვინი კონცენტრირდება მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებზე, აკონტროლებს  მოტორულ სისტემას, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რადგან სტრესის დროს ორგანიზმი ემზადება სისხლდენისთვის და სისხლძარღვები ვიწროვდება … ხოლო ისეთი ორგანოები, როგორიცაა კუჭი, საჭმლის მომნელებელი სისტემა… რჩება ყურადღების მიღმა, ანალოგიურად შარდსასქესო სისტემა”.

[yellow_box]როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ბავშვის უნებლიე შარდვის ეპიზოდის დროს?[/yellow_box]

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამ დროს დაუშვებელია ყვირილი და ჩხუბი ბავშვის მიმართ, ფიზიკური დასჯა კი კატეგორიულად უნდა გამორიცხოთ. თუ ხედავთ, რომ უნებლიე შარდვის ეპიზოდს ბავშვი განიცდის, ეშინია და რცხვენია ამის, პირველ რიგში, უნდა უთანაგრძნოთ და დახმარება შესთავაზოთ.

“რახან მას ყურადღების მიღმა რჩება სიგნალები, უფროსებმა უნდა შეახსენოთ, რადგან ბავშვისთვის ამის კონტროლი რთულია. უნდა დავაკვირდეთ რამდენ ხანში ერთხელ უნდება მოშარდვა, დავაყენოთ საათი და ყოველ ორ (ან რამდენიც საჭიროა) საათში ერთხელ შევახსენოთ, რომ შევიდეს ტუალეტში. აქ ინიციატივა ჩვენზეა, უფროსებზე”, – ამბობს ირმა ფეიქრიშვილი.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ დასჯა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბავშვისთვის ეს მოქმედება კომფორტული გარემოებაა: „მულტფილმს უყურებდა, დაეზარა ადგომა, გაეპარა და დედას მიაკითხა გამოსაცვლელად, ცოტა ხანში კი იგივე განმეორდა. ასეთ დროს, რა თქმა უდნა, დასჯის გამოყენების მომხრე ვართ, მაგრამ, ცხადია, არა ძალადობრივი მეთოდით. გამოვურთოთ მას კომპიუტერი, პლანშეტი თუ სხვა მოწყობილობა, რითაც სარგებლობს და ჩავურთოთ მხოლოდ მაშინ, როცა ისწავლის თავის უკეთ კონტროლს”.

 

 

მინისტრის განმარტება სოსო გოგიტიძის დისშვილისთვის სადავო ქონების გადაცემაზე

ბათუმის ახალ ბულვართან ასლან აბაშიძის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით, დღეს კომენტარი გააკეთა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ. საქმე ეხება მორიგების საფუძველზე სახელმწიფოს მიერ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონების მისი დისშვილისთვის – ენვერ ცეცხლაძისთვის გადაცემას.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის კომენტარი სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2014 წელს ორი ინსტანციის ბათუმისა და ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული იქნა, რომ აღნიშნული ქონება ენვერ ცეცხლაძისთვის არ ჩამოურთმევიათ და შესაბამისად წარმოადგენდა მის საკუთრებას. 2016 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შედგა მხარეთა შორის მორიგება, რის საფუძველზეც ენვერ ცეცხლაძემ უარი თქვა ქონების ნაწილზე, კერძოდ, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ახალ ბულვარში მდებარე 4 796 კვ/მ მიწა და ასევე აიღო ვალდებულება საკუთარებაში არსებული მიწის საავტომობილო გზის მხარეს მოაწყოს ტროტუარი. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პირველ რიგში კანონის უზენაესობა, რა თქმა უნდა მეტი ინვესტიციის განხორციელება, ამ გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ზოგადად რეგიონის განვითარებას უწყობს ხელს“.

მინისტრის კომენტარში აღნიშნულია: „ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული იქნა, რომ აღნიშნული ქონება ენვერ ცეცხლაძისთვის არ ჩამოურთმევიათ და, შესაბამისად, წარმოადგენდა მის საკუთრებას“. თუმცა, სასამართლო დოკუმენტით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქმის შინაარსობრივ განხილვაში არ შესულა და მან მხოლოდ ის მორიგების აქტი დაამტკიცა, რომელიც მხარეებს შორის [მთავრობა და ენვერ ცეცხლაძე] სააპელაციო სასამართლოს სხდომის გამართვამდე შედგა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ხაზგასმით წერია, რომ „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2016 წლის 29 დეკემბერს სააპელაციო საჩივრების განხილვისას გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება“.

მორიგების აქტი, რომელიც აჭარის მთავრობამ გააფორმა და სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა:

 

ენვერ ცეცხლაძისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ასნომრიანი სასტუმროსა და საცხოვრებელი ბინების, კაზინოს, საცურაო აუზისა და სხვა გასართობი ობიექტების აშენებას „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“ გეგმავს. ამ კომპანიას k2 კოეფიციენტის გაზრდაზე [სიმაღლეში ზრდა დასაშვებზე მეტად] აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, უშუამდგომლა ბათუმის მერიაში. კომპანიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიისთვის ჯერ არ მიუმართავს. კომპანიაში წილებს ფლობს ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის დისშვილი, ენვერ ცეცხალაძე.

რატომ გადაწყვიტა აჭარის მთავრობამ  სოსო გოგიტიძისთვის 2005 წელს ჩამორთმეულ ქონებაზე მორიგებოდა მის დისშვილს, ენვერ ცეცხლაძეს; რა ჩაწერეს მორიგების აქტში? – „ბათუმელებმა“ სცადა ამ კითხვებზე პასუხი აჭარის მთავრობისგან მიეღო. შესაბამისი წერილით მივმართეთ კიდეც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა უწყებამ ოფიციალურად მოგვწერა, რომ დოკუმენტი, რომელსაც ვითხოვდით, საიდუმლოა.

„ბათუმელებმა“ ადმინისტრაციული საჩივრით სამინისტროს ზემდგომს, აჭარის მთავრობას მიმართა, რათა მან დაავალდებულოს სამინისტრო, გასცეს საჯარო ინფორმაცია. აჭარის მთავრობამ „ბათუმელების“ საჩივარი წარმოებაში მიიღო და მისი განხილვისთვის ორთვიანი ვადა განსაზღვრა. საჩივრის ზეპირი მოსმენა აჭარის მთავრობის აპარატში სწორედ დღეს, 29 მარტსაა ჩანიშნული. ვიდრე მთავრობა ჩვენს საჩივარზე მსჯელობს, „ბათუმელებმა“ ყველა ის დოკუმენტი მოიძია, რაც სამინისტრომ არ მოგვაწოდა.

ამავე თემაზე:

როგორ დაიბრუნა სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონება მისმა დისშვილმა – განჩინება

რატომ ასაიდუმლოებს აჭარის მთავრობა სოსო გოგიტიძის ქონებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს

სოსო გოგიტიძის ახლობლის წერილი ზურაბ პატარაძეს – მორიგება ჩამორთმეულ ქონებაზე

ისტორიული ზონის ახალი საზღვრები ბათუმში – მის დამტკიცებაზე საკრებულო ხვალ იმსჯელებს

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებაზე ხვალ, 30 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ. პროექტი „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის მოწონებას და ბათუმში ისტორიული ზონის შესახებ განკარგულების დამტკიცებას ითვალისწინებს. ეს განკარგულება ქალაქის ისტორიულ ნაწილის საზღვრებს და შესაბამის ზონებს დაადგენს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საჯარო წარმოების შემდეგ დადგინდა, რომ საჭიროა ,,გეოგრაფიკის“ მიერ  წარმოდგენილი ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების საზღვრების კორექტირება.

მერის იდეაა „გეოგრაფიკის“ მიერ შეთავაზებული საზღვრებიდან ამოიღონ გორგილაძის ქუჩის ნაწილი და ე.წ. წითელი ზოლი მელიქიშვილის ქუჩაზე გავიდეს, გორგილაძის ქუჩის ნაწილი კი, მელიქიშვილის ქუჩიდან ზღვის სანაპირომდე ისტორიულ ზონაში მოექცევა.

მერმა ინიციატივა ქუჩის დანარჩენ ნაწილში უკვე არსებული მაღლივი შენობებითა და მიმდინარე პროექტებით ახსნა: „იქ, ისედაც მაღლივი შენობებია და სირთულეებს შევუქმნით მოსახლეობას“.

ლაშა კომახიძის თქმით, მერიის მიზანია, ქალაქს მიეცეს განვითარების სწორი მიმართულება ისტორიული ზონის გარეთ. მან იმედი გამოთქვა, რომ მენაშენეები ახლა უფრო მეტი ინტერესით შეხედავენ ქალაქის სხვა ზონებს.

ამის შესახებ ლაშა კომახიძემ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ახალ პროექტში ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრის საწყისი წერტილი ემთხვევა ლერმონტოვის ქუჩის, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთას. საზღვარი მიყვება ნურიგელის ტბის მიმდებარე ტერიტორიას მელიქიშვილის ქუჩამდე, მელიქიშვილის ქუჩა ფარნავაზ მეფის ქუჩის გადაკვეთამდე, ფარნავაზ მეფის ქუჩა – 26 მაისის ქუჩის გადაკვეთამდე, 26 მაისის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის ქუჩა – წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, წერეთლის ქუჩა – ბერიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ბერიძის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის ქუჩა მის ღერძზე მდებარე ზღვის სანაპირო ზოლის გადაკვეთამდე, სანაპირო ზღვის ზოლი საზღვაო ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით გოგებაშვილის ქუჩამდე, გოგებაშვილის ქუჩა სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით ნონეშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ნინოშვილის ქუჩა შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიის გადაკვეთამდე.

ბათუმის განაშენიანების რეგულირების ზონის საზღვრის საწყისი წერტილი ემთხვევა მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩის გადაკვეთას, მელიქიშვილის ქუჩა პუშკინის ქუჩის გადაკვეთამდე, პუშკინის ქუჩა ბერიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ბერიძის ქუჩა წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, წერეთლის ქუჩა შავშეთის გადაკვეთამდე, შავშეთის ქუჩა სარკინიგზო ლიანდაგების გაყოლებით გოგებაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, გოგებაშვილის ქუჩა ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე და შემდგომ მიყვება ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვარს მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩის გადაკვეთამდე.

შეწყალება, ვადამდელი გათავისუფლება და პირობითი მსჯავრი – რეკომენდაციები

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

500 ლარამდე ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბზის მოჭრისთვის

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის  დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ბზის მოჭრაზე კონტროლს განსაკუთრებით ამკაცრებს. სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, თავი შეიკავონ ბზის მოჭრისგან. სამართალდარღვევაზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, დაშვებულია ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის რეალიზაცია.

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს – დაიწყება გამოძიება.

 

შსს-მ ბოლო სამ თვეში ოჯახში დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა

შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 855 პირი დააკავეს.

მათ შორის:

რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულებს, ბრალდებულთა ძირითადი ნაწილი დაკავებულ იქნა ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით.

რაც შეეხება კონკრეტულ მუხლებს, დაკავებული 855 პირიდან:

585 მათგანი დაკავებული იქნა ოჯახში ძალადობის ბრალდებით (1261 მუხლი);

206 – ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით (111-126-ე მუხლი);

39 – ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით (111-151-ე მუხლი);

5 – ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით (111-117-ე და 111-120-ე მუხლები);

3 – ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით (111-150-ე მუხლი);

3 – ოჯახის წევრის ადევნების ბრალდებით (111-1511 მუხლი);

3 – ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით (111-19-108-109-ე მუხლები);

2 – ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით (111-108-109-ე მუხლები);

2 – ოჯახის წევრის ნივთის დაზიანების ბრალდებით (111-187-ე მუხლი);

2 – ოჯახის წევრის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით (111 -143-ე მუხლი);

1 – ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით (111-137-ე მუხლი);

1 – ოჯახის წევრის მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით (111-1443მუხლი);

1 – ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით (111-115-ე მუხლი);

1 – ოჯახის წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით (111 -3811 მუხლი);

1 – ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით 111 -144-ე მუხლი).

გამოძიების დაწყების პარალელურად, მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სამართალდამცველებმა ამავე პერიოდში 1402 პირის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეებს დაუწესდათ გარკვეული შეზღუდვები და აეკრძალათ მსხვერპლებთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.

 

შსს-ს ცნობით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია პოლიციაში მიმართვიანობის მაჩვენებელი, როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან.

დღეს,შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის – ლონდა თოლორაიას მიერ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ  შსს-ს მიერ, ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისა და მიმართვიანობის ზრდის პარალელურად, არსებობენ მსხვერპლები, რომლებიც თავს იკავებენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობისგან, არ ატყობინებენ დანაშაულის შესახებ პოლიციას ან შეტყობინების შემდეგ უარს აცხადებენ მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რაც მოძალადეს უბიძგებს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე ძალადობის ჩადენისაკენ – “კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მსხვერპლს, ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, ითანამშრომლონ პოლიციასთან და გამოძიებასთან, რათა დაუსჯელი არ დარჩეს ძალადობის არც ერთი ფაქტი და მსხვერპლს მიეცეს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა”.

ამავე თემაზე:

ოჯახში ძალადობის სტატისტიკა [ინფოგრაფიკა]

აჭარის მთავრობა მეორად პირსაბანებს აუქციონზე ყიდის

აჭარის მთავრობა არემონტებს ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე მთავრობის შენობას, რომელშიც სამი სამინისტროა განთავსებული. გამონაცვალ, მეორად მასალებს კი აუქციონზე ყიდის. შენობის გარემონტებაში აჭარის მთავრობა ბიუჯეტიდან 265 392 ლარს დახარჯავს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარის საკუთრებაში არსებულ 12 მეორად მეტალოპლასტმასის კარს, 9 მეორად ფაიფურის პირსაბანს და 153 მეორად თუნუქის ფირფიტას ერთ ლოტად, უპირობო ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.

ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 1100 ლარია, ბიჯი – 30 ლარი.

აუქციონში გამარჯვებულმა თანხა აუქციონის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

გასაყიდი ქონება / ფოტო აუქციონის ვებგვერდიდან
მთავარი ფოტო: აუქციონზე გატანილი პირსაბანი / ფოტო ელექტრონული აუქციონის ვებგვერდიდან

აჭარის მთავრობის შენობის გარემონტებაში 265 392 ლარი დაიხარჯება

ესტონელი ექსპერტები ქედაში ადგილობრივ მეწარმე ქალებს შეხვდნენ

ესტონელი ექსპერტები ქედაში მეწარმე ქალებს, გენდერისა და ქალთა უფლებების თემაზე მომუშავე საჯარო მოხელეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მცირე წარმოების მნიშვნელობაზე, სწორ მენეჯმენტსა და არსებული რისკების გათვლის საჭიროებაზე ისაუბრეს.

საინფორმაციო შეხვედრაზე ესტონელმა ექსპერტმა სირია კუუსიკმა თქვა, რომ სწორი მარკეტინგი და რეკლამირება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა პროდუქციის რეალიზაციისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რას აწარმოებს ფერმერი – ხილს თუ ბოსტნეულს.

„ბიოპროდუქციაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. შემიძლია მაგალითისთვის ესტონეთი მოვიყვანო, სადაც ბიოპროდუქციაზე მოთხოვნა არა მარტო ადგილობრივ ბაზარზეა, არამედ საზღვარგარეთიდან მოდის. იაპონიაშიც კი გადის ექსპორტზე ჩვეთან წარმოებული პროდუქტი. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაიწყოს მცირე წარმოებით პროდუქტის გამოყვანა და ეტაპობრივად დიდი მწარმოებელი გახდეს, შექმნას კომპანიები, რომლებიც რეალიზაციას უზრუნველყოფენ. პროდუქციის წარმოებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ რეკლამირებასაც…

აქ აღნიშნეს, რომ აქვთ საოჯახო სასტუმროები, მათ ვურჩევ, რომ ინფორმაცია საოჯახო სასტუმროს შესახებ გამოაქვეყნონ დეტალურად და ინფორმაცია არ იყოს ზოგადი, ვთქვათ, მხოლოდ მთლიანი შენობის ფოტო ან საძინებლის, ფოტოები უნდა იყოს კონკრეტული და ზუსტად უნდა აღწერდეს გარემოს, ის რაც მე მომწონს, შეუძლებელია სხვასაც მოეწონოს, რამდენიმე ფოტოზე აღწერილი კონკრეტული გარემოთი კი მნახველი უფრო ინტერესდება.

ყველაზე მნიშვნელობვანი, რაც წარმოებაში არის გასათვალისწინებელი, ეს ბიზნესგეგმა და პროექტია, გრძელვადიანი ბიზნესგეგმა უნდა ჰგქონდეს გაწერილი ნებისმიერ მწარმოებელს, რაც შესაძლებლობას მისცემს, ნახოს როგორ ვითარდება მისი ბიზნესი ან რა პრობლემები იჩენს თავს,“ – ამბობს სირია კუუსიკი.

მანანა დუმბაძე: „საოჯახო სასტუმრო გვაქვს სოფელ მერისში, ათი წლის წინ დავიწყეთ ეს საქმიანობა და დღეს ტურისტების ნაკლებობას არ ვუჩივით. ვფიქრობ მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები მოეწყოს, მოხდეს ინფორმაციის გაცვლა, ასევე უცხო ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები მეწარმეებისთვის“.

„პროექტის ფარგლებში ვატარებთ შეხვედრებსა და სემინარებს მუნიციპალიტეტებში, ეკონომიკის ექსპერტები აწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს სოფლად ტურიზმისა თუ ზოგადად, სასტუმროების და სხვადასხვა ბიზნესის განვითარება. ჩვენ შეხვედრა გვქონდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც, შეხვედრები ასევე სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება,“  – ამბობს ორგანიზაცია „ერთმანეთისთვის“ თავმჯდომარე, სოფიო ბაკურიძე.

შეხვედრა ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტოები

 

 

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები გადასცეს

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს დღეს, 29 მარტს, სამედიცინო ინვენტარით აღჭურვილი ექვსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადასცეს. ქედას, ხულოსა და შუახევს ორ-ორი ავტომობილი გადაეცა.

„სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ექვსი ახალი, საერთაშორისო სტანდარტის სასწრაფოს მანქანები გადავეცით მუნიციპალიტეტებს, ეს არის მაღალი გამავლობის, რომელიც მუნიციპალიტეტებს მოემსახურება, სადაც საკმაოდ რთული რელიეფია. არსებობს სოფლები, სადაც ფიზიკურად რთული იყო მისვლა სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის და ამ მანქანებით დარწმუნებული ვარ, სწრაფად, ოპერატიულად მოხდება მომსახურება. ყველა სოფელში იქნება წვდომა და ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ ქედაში.

ავთანდილ თალაკვაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი: „მაღალმთიან აჭარაში ყოველთვის გამოწვევად რჩებოდა სამედიცინო ტრანსპორტი. 2014 წლიდან შევცვალეთ ავტოპარკი მაღალი გამავლობის ფოლკსვაგენის ავტომობილებით, მაგრამ საჭიროებამ გვაჩვენა, რომ სჭირდებოდა უფრო მაღალი გამავლობის ჯიპის ტიპის ავტომობილები. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.“

მელიქიშვილის ქუჩაზე ქალს თავში ქვის ნატეხი დაეცა

ბათუმში, მელიქიშვილის 36-თან, ქუჩაში მიმავალ სტუდენტ გოგოს თავში ქვის ნატეხი დაეცა. შემთხვევა გუშინ, 28 მარტს, საღამოს მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, გოგო მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა ნარჩენმა დააზიანა, დაშავებულს თავზე ჰქონდა დაზიანებები და იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდა გოგოს თავზე მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა, რომელიც დაამუშავეს.

„გაკერვა არ დასჭირდა, დამუშავდა ჭრილობა და გავწერეთ უკვე. როგორც პაციენტი ამბობს, მას მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ქვის ნატეხი დაეცა,“ – ამბობს გია კიკაბიძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოგოს მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ნარჩენი არ დასცემია და ის საცხოვრებელი კორპუსის წინ იმყოფებოდა, როცა დაშავდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

 

დასკოჩილი ატრაქციონი ბავშვებისთვის [ფოტოამბავი]

დაბა ხულოს საბავშვო ბაღის ეზოში ორი წლის წინ დადგმული ატრაქციონი დაზიანებული და წებოვანი ლენტითაა შეკრული.

ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორი, ირაკლი რიჟვაძე ამბობს, რომ ატრაქციონი თოვლმა დააზიანა და მერიას წერილობით უკვე მიმართეს:

„თუ შესაძლებელი იქნება, შევაკეთებთ, თუმცა მანამდე გადავხედავთ, მოქმედებს თუ არა საგარანტიო ვადა“ .

ირაკლი რიჟვაძის თქმით, ატრაქციონი ამ დროისთვის უსაფრთხოა. „ატრაქციონი უსაფრთხოა, თუმცა პერსონალი გაფრთხილებულია, რომ უფრო ყურადღებით იყვნენ“.

ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო

სოსო გოგიტიძის ახლობლის წერილი ზურაბ პატარაძეს – მორიგება ჩამორთმეულ ქონებაზე

„ბათუმელების“ მიერ დღემდე მოპოვებული დოკუმენტები და სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა, რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ მსჯავრდებულ სოსო გოგიტიძის დისშვილისთვის დაებრუნებინა ბიძისთვის ჩამორთმეული ქონება. მით უფრო, რომ თავდაპირველად სწორედ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სთხოვდა სასამართლოს, არ დაეკმაყოფილებინა ცეცხლაძის მოთხოვნა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2006 წელის 15 აგვისტოს სოსო გოგიტიძეს ადამიანის გატაცების ნაწილში 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სხვა დანაშაულებისთვის – 15-წლიანი პატიმრობა. სოსო გოგიტიძეს განაჩენი არ გაუსაჩივრებია.

რატომ გადაწყვიტა აჭარის მთავრობამ  სოსო გოგიტიძისთვის 2005 წელს ჩამორთმეულ ქონებაზე მორიგებოდა მის დისშვილს, ენვერ ცეცხლაძეს; რა ჩაწერეს მორიგების აქტში? – „ბათუმელებმა“ სცადა ამ კითხვებზე პასუხი აჭარის მთავრობისგან მიეღო. შესაბამისი წერილით მივმართეთ კიდეც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. უწყებამ კი ოფიციალურად მოგვწერა, რომ დოკუმენტი, რომელსაც ვითხოვდით, საიდუმლოა.

„ბათუმელებმა“ ადმინისტრაციული საჩივრით სამინისტროს ზემდგომს, აჭარის მთავრობას მიმართა, რათა მან დაავალდებულოს სამინისტრო, გასცეს საჯარო ინფორმაცია. აჭარის მთავრობამ „ბათუმელების“ საჩივარი წარმოებაში მიიღო და მისი განხილვისთვის ორთვიანი ვადა განსაზღვრა. საჩივრის ზეპირი მოსმენა აჭარის მთავრობის აპარატში სწორედ დღეს, 29 მარტსაა ჩანიშნული. ვიდრე მთავრობა ჩვენს საჩივარზე მსჯელობს, „ბათუმელებმა“ ყველა ის დოკუმენტი მოიძია, რაც სამინისტრომ არ მოგვაწოდა.

ამ დოკუმენტებიდან გთავაზობთ ენვერ ცეცხლაძის მინდობილი პირის წერილს, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ 2016 წლის ივლისში მიიღო. ამ წერილის მიღებიდან 5 თვეში, აჭარის მთავრობა და ენვერ ცეცხლაძე იმ პირობებზე მორიგდნენ, რა პირობებიც ცეცხლაძის მინდობილმა პირმა მთავრობის თავმჯდომარეს შესთავაზა.

ამ წერილის ბოლოს მთავრობის თავმჯდომარეს ასე მოუწოდებენ: „… ბოლომდე ვიმოქმედებთ პრინციპით – „დაე აღსრულდეს მართლმსაჯულება, თუნდაც ქვეყნიერება დაიღუპოს“.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე  ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მორიგების აქტი დაამტკიცა. სწორედ ამ მორიგების აქტით დაუბრუნეს სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონება მის დისშვილს – ენვერ ცეცხლაძეს.

სახელმწიფომ ენვერ ცეცხლაძის არგუმენტები გაიზიარა, მოურიგდნენ და მას ქონება, ბათუმში, ახალ ბულვართან, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში, დაუბრუნეს, ოღონდ ერთი ძირითადი დათქმით: სახლს, რომელშიც აბაშიძის ხელისუფლების უშიშროების მინისტრი პერიოდულად ცხოვრობდა, სუს-მა იქამდე უნდა განკარაგოს, ვიდრე ენვერ ცეცხლაძე ამ ტერიტორიაზე 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას არ დაასრულებს [ამ სახლს, ჩამორთმევის შემდეგ, ყოველთვის სუს-ი განკარგავდა. შენობას სახელმწიფო დაცვა იცავდა და იცავს].

ენვერ ცეცხლაძე დაბრუნებულ მიწის ნაკვეთზე, ახალ ბულვართან სასტუმროს რომ ააშენებს, ესეც ხელისუფლებასთან აქვს შეთანხმებული. 2018 წლის დასაწყისში ენვერ ცეცხლაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის რეკომენდაციის მოპოვებაც მოახერხა, დადგენილ ნორმაზე მეტი სიმაღლის [კ2] სასტუმრო რომ ააშენოს.

ამავე თემაზე:

რატომ ასაიდუმლოებს აჭარის მთავრობა სოსო გოგიტიძის ქონებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს

როგორ დაიბრუნა სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონება მისმა დისშვილმა – განჩინება

 

 

 

 

 

ვაკანსიები აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატში

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატი ღია და დახურულ კონკურსს აცხადებს ხუთ ვაკანსიაზე.

ღია კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე: 

ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი. თანამდებობრივი სარგო: 1 400 ლარი.

იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი. თანამდებობრივი სარგო: 1 400 ლარი.

ღია კონკურსი ცხადდება მეოთხე რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად და ასევე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით. მოხელის გამოსაცდელი ვადაა 12 თვე.

დახურული კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ თანამდებობებზე: 

ბუღალტერია – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – მთავარი ბუღალტერი. თანამდებობრივი სარგო: 3 200 ლარი.

ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – დეპარტამენტის უფროსი.თანამდებობრივი სარგო: 3 200 ლარი.

იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, დეპარტამენტის უფროსი – თანამდებობრივი სარგო: 3 200 ლარი.

დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ბათუმში გაზი გაითიშა – მიწოდება დილიდან აღდგება

„ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ დილის 9 საათიდან აღდგება,“ – აცხადებენ „სოკარ ჯორჯია გაზში“.

ბათუმსა და ხელვაჩაურში 30 ათასამდე აბობენენტს დღეს საღამოს, 6 საათიდან, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

კომპანიაში – „სოკარ ჯორჯია გაზი“ განმარტავენ, რომ ბუნებრივი აირის შეზღუდვა მესხის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, რომლის დროსაც მაგისტრალური სადენი დაზიანდა.

დაჩი მახარაძე, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურის უფროსი: „დაზიანებული მილი ამ დროისთვის აღდგენილია, მაგრამ უსაფრთხოების გამო ღამით ბუნებრივ აირს სისტემაში არ გავუშვებთ. გაზის მიწოდება მოსახლეობის სრული ინფორმირების შემდეგ მოხდება…

„ძველი ბათუმის“ გარდა, თითქმის ყველგან ბუნებრივი აირი გათიშულია. მთლიანად არის ასევე გათიშული ხელვაჩაური. გაზი მიეწოდება მხოლოდ ბარცხანა-ბონის დასახლებას და ბათუმში რამდენიმე ქუჩას, რომლებიც ცალკე მილზე იყო მიერთებული“.

10 ყველაზე რეიტინგული ანიმაციური ფილმი

ათეული მომზადებულია IMDB-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

1. „მოჩვენებების მიერ გატაცებული“ 

იაპონელი რეჟისორის, ჰაიაო მიაძაკის ეს სურათი 2001 წელსაა გადაღებული.  ფილმი სულების სამყაროში მოხვედრილი გოგონას თავგადასავალზეა, რომელიც ცხოველებად გადაქცეული მშობლების დახსნას ცდილობს. ფილმს 57 ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის: „ოსკარი“ და „ცეზარი“.

2. „კოკო“ 

ლი ანკრიჩისა და ედრიან მოლინას ანიმაციური ფილმი 2017 წელსაა გადაღებული. ფილმის მთავარი გმირი პატარა მექსიკურ სოფელში ოჯახში ცხოვრობს და მუსიკოსობაზე ოცნებობს, თუმცა მის ოჯახში მუსიკა წყევლად ითვლება. ფილმი „ოსკარის“, „ოქროს გლობუსისა“ და „ბაფტას“ სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულია.

3. „მეფე ლომი“

1994 წელს გადაღებული „დისნეის“ ამერიკული ანიმაციური ფილმი წლებია არ კარგავს პოპულარობას. ფილმის ბიუჯეტი 79 მილიონი იყო, თუმცა შემოსავალმა 771 მილიონს გადააჭარბა.

4. „ციცინათელების სასაფლაო“ 

რეჟისორ ისაო ტაკაჰატას და  სტუდია „გიბლის“ ანიმაციური ფილმი ობლად დარჩენილი ბავშვების ისტორიას მოგვითხრობს. ფილმი იაპონელი მწერლის, აკიუკი ოსაკას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.

5. „შენი სახელი“ 

2016 წელს გადაღებული მელოდრამა გოგოსა და ბიჭის ამბავია, რომლებიც ძილში უკავშირდებიან ერთმანეთს. ფილმს 14 ჯილდო აქვს მიღებული.

6. „უოლ-ი“ 

უოლ-ი მიტოვებულ დედამიწაზე უკანასკნელი რობოტია. იგი დანაგვიანებული დედამიწის დასუფთავებას ცდილობს და თანდათან ადამიანურ თვისებებს იძენს. ფილმს 90 პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის – „ოსკარიც“.

უოლ-ი

7. „პრინცესა მონონოკე“  

სტუდია „გიბლის“ ეს სურათი 1997 წელსაა გადაღებული. ფილმი ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირსა და ამ კავშირის ნგრევის შედეგებზეა. ფილმი ორი ნაწილისგან შედგება.

8. „სათამაშოების ისტორია“ 

ჯონ ლასეტერის 1995 წელს გადაღებული ეს სურათი ბავშვების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვაზე სცემს პასუხს – ცოცხლობენ თუ არა სათამაშოები? რა მოსდით მათ მას შემდეგ, როცა ბავშვები იზრდებიან?

9. „ზევით“ 

2009 წელს „ოსკარის“ ორ ნომინაციაში გამარჯვებული ანიმაციური ფილმი ბუზღუნა მოხუცზეა, რომელიც მთელი ცხოვრების ოცნების ახდენას გადაწყვეტს.

10. „სათამაშოების ისტორია: დიდი გაქცევა“  

„სათამაშოების ისტორია“ გრძელდება, ბიჭი გაიზარდა, უკვე კოლეჯში გეგმავს წასვლას, სათამაშოები კი თავის მომავალზე ფიქრობენ.

ძეგლის დაცვის ზონაში ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად ცხრასართულიანი სახლი აშენდება

ბათუმში, გორგასლის ქუჩის #86 -ში მშენებელი კომპანია ისტორიული ერთსართულიანი ბელეტაჟის დემონტაჟს და ამ ადგილზე ახალი ცხრასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ერთსართულიან სახლს ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია.

ბათუმი, გორგასლის ქუჩა #86

ამ პროექტისთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად კომპანია კიდევ ერთი ორსართულიანი სახლის დემონტაჟს გეგმავს, რომელსაც გამწვანებული ეზო აქვს.

 

მშენებლობას კომპანია „ბი გრუპ ჰაუსი“ გეგმავს, კომპანიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოსგან თანხმობა მიიღო. კომპანია 2015 წელსაა დაფუძნებული და 100 – ვე პროცენტი მამია კომახიძეს ეკუთვნის.

მაღლივი კორპუსის მშენებლობა იგეგმება გორგასლის #80/82-შიც. ამ მისამართზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კომპანია „ჯეობილდინგ +“ – ს უშუამდგომლა.

გორგასლის ქუჩა # 80, ახალი პროექტი ამ სახლის დემონტაჟს ითვალისწინებს.
გორგასლის ქუჩა # 82. ამ ჭიშკრის მიღმა ერთსართულიანი კრამიტით გადახურული სახლია, რომელსაც ახალი პროექტის განხორციელების შემთხვევაში ასევე ემუქრება დანგრევა.

 

 

ცემა, დაბმა, თავის გადაპარსვა – სექსმუშაკზე მოძალადეები ძირითადად ჯარიმით ისჯებიან

„ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ერთხელ მიუსაჯეს პატიმრობა სექსმუშაკზე მოძალადეს ქუთაისში. ამ შემთხვევაში პირმა სექსმუშაკის მომსახურებით ისარგებლა, შემდეგ სცემა და მდინარეში გადააგდო. მსხვერპლი მოკვდა,“ – აღნიშნა საია-ს იურისტმა, თამარ დეკანოსიძემ შეხვედრაზე „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა სექსმუშაკი და წამალდამოკიდებული ქალებისთვის“.

შეხვედრას, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, სექსმუშაკი ქალებიც ესწრებოდნენ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მონაცემებით, სექსმუშაკზე მოძალადე ძირითადად ჯარიმით ისჯება ან მასთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება. „მაგალითად, 2016 წელს ზუგდიდში სექსმუშაკის გაუპატიურებისთვის პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. არსებული პრაქტიკის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ მაშინ გამოიყენება, თუკი სექსმუშაკი გარდაიცვლება,“ – ამბობს თამარ დეკანოსიძე.

შეხვედრაზე საია-ს იურისტმა „სტამბულის კონვენციაზე“ ისაუბრა, რომელიც საქართველოში 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. საია-ს შეფასებით, დაცვის მექანიზმები სექსმუშაკებისთვისაც ამოქმედდა, თუმცა სამართლებრივი სიკეთით სექსმუშაკები ვერ სარგებლობენ.

თამარ დეკანოსიძე: „დღეს არსებობს დაცვის მექანიზმები, რაც აქამდე არასდროს ყოფილა კანონმდებლობაში, მაგრამ სამართლებრივი სიკეთით საერთოდ ვერ სარგებლობენ სექსმუშაკები. მთავარი პრობლემა არის ის, რომ სექსმუშაკები არ ენდობიან პოლიციას. მათ აქვთ განცდა, რომ მიმართვას სათანადო რეაგირება არ მოჰყვება. ისინი ასახელებენ კონკრეტულ მაგალითებს, როცა მიმართეს პოლიციას და მოძალადის ნაცვლად, სექსმუშაკი დასაჯეს.

აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები და სამართალდამცველების გადამზადება. სამართალდამცველებმა იციან, რომ შესაძლოა დაეკისროთ პასუხისმგებლობა, თუკი სათანადო რეაგირება არ ექნებათ, მაგრამ თუკი დანაშაულს ჩაიდინენ სექსმუშაკის მიმართ, არაფერი მოხდება. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ჩვენი მიზანია, სექსმუშაკებისთვის სამართლებრივი დაცვის მექანიზმები ხელმისაწვდომი გავხადოთ“.

შეხვედრაზე მყოფმა სექსმუშაკებმა თქვეს, რომ პოლიციელების მხრიდან დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. „პოლიციელები ითხოვენ თანამშრომლობას, ან უფასო სექსს. უარის შემთხვევაში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გვაჯარიმებენ,“ – ამბობენ ისინი.

ერთ-ერთმა სექსმუშაკმა საკუთარი შემთხვევის შესახებ ისაუბრა. მან მობილური ტელეფონი დაკარგა და დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. ნინოს თქმით, მას პოლიციის განყოფილების უფროსმა კაბინეტში სექსი შესთავაზა. უარის მიღების შემდეგ კი, სექსმუშაკის ჩვენება შეიცვალა და ნინოს მიედავა გამოძიება ჩვენების შეცვლის მუხლით. ნინომ ოთხლწიანი პირობითი მსჯავრი მოიხადა.

„სტამბულის კონვენციის“ამოქმედების შემდეგ, შემაკავებელი ორდერი პოლიციელმა იმ შემთხვევაშიც უნდა გააფორმოს, თუკი ვინმე სექსმუშაკზე იძალადებს. რამდენი შემაკავებელი ორდერი გამოიწერა, ან დაიწერა თუ არა საერთოდ სექსმუშაკზე ფსიქოლოგიური, ან ფიზიკური ძალადობის გამო – ზუსტი ციფრი არ არსებობს, რადგან სახელმწიფო სტატისტიკას ამ კუთხით არ აწარმოებს.

საია-ს ინფორმაციით, სექსმუშაკები სხვადასხვა სახის ძალადობას განიცდიან. ძირითადად ესაა კლიენტების მხრიდან ძალადობა, პოლიციელების მხრიდან შეურაცხყოფა და უფასო სექსის მოთხოვნა, ოჯახში ძალადობა – ცემა, დაბმა, თავის გადაპარსვა, სახლიდან გაგდება, საზოგადოებიდან გარიყვა, კონფიდენციალობის უფლების დარღვევა სამედიცინო დაწესებულებებში, ან სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა.

საია-მ სულ 26 სექსმუშაკი გამოკითხა. ეს ორგანიზაცია უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და პროსტიტუციის კუთხით არსებული სამართლებრივი რეგულაციის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

თამარ დეკანოსიძე
Exit mobile version