ნეტგაზეთი • RU

აჭარის მთავრობის შენობის გარემონტებაში 265 392 ლარი დაიხარჯება

ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე სამთავრობო შენობის გარემონტებაში აჭარის მთავრობა ბიუჯეტიდან 265 392 ლარს დახარჯავს. სარემონტო სამუშაოები შენობაში დაწყებულია და კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს უნდა დასრულდეს.

აჭარის მთავრობას ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე შენობის კაპიტალური რემონტისა და რეკონსტრუქციისთვის აჭარის ბიუჯეტში 341 ათასი ლარი ჰქონდა  გათვალისწინებული. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან კი ხელშეკრულება 265 555 ლარზე გასული წლის დეკემბერში გაფორმდა.

2018 წლის მარტში ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სახელშეკრულებო თანხა შემცირდა 162 ლარით. სამუშაოებს „დემე 2015“ ატარებს.

ბათუმში, მ. კომახიძის ქუჩაზე, 119-ში მდებარე აჭარის მთავრობის შენობაში სამი სამინისტროა განთავსებული: ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.

სამინისტროები შენობაში რემონტის პარალელურად აგრძელებენ მუშაობას.

შენობის გარემონტებაზე გადაწყვეტილება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიამ 2017 წლის  25 ოქტომბერს მიიღო და ტენდერიც იმავე დღეს გამოაცხადა. კომისიას სამუშაოების შესყიდვის მოთხოვნით კი, ერთი დღით ადრე, სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა მიმართა. შესაბამისი პროექტი სამინისტრომ 2016 წელს შეისყიდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com