Batumelebi | სექსმუშაკი ბათუმიდან: პოლიციის უფროსმა დახმარების ნაცვლად კაბინეტში სექსი შემომთავაზა სექსმუშაკი ბათუმიდან: პოლიციის უფროსმა დახმარების ნაცვლად კაბინეტში სექსი შემომთავაზა – Batumelebi

სექსმუშაკი ბათუმიდან: პოლიციის უფროსმა დახმარების ნაცვლად კაბინეტში სექსი შემომთავაზა

“გამარჯობა, მე ნინო ვარ, სექსმუშაკი. თუმცა ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან…” – ასე დაიწყო საკუთარი ისტორიის მოყოლა ერთ-ერთმა სექსმუშაკმა საიას მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ბათუმში. შეხვედრის თემაა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა სექსმუშაკი და წამალდამოკიდებული ქალებისთვის.

“სექსმუშაკების დიდი ნაწილი ნაადრევ ქორწინებაში იმყოფებოდა და ძალადობის მსხვერპლი გახდა,” – განაგრძო ნინომ. იგი ბოლო 18 წელია ბათუმში სექსინდუსტრიაში მუშაობს. ნინო 15 წლის გათხოვდა ბორჯომში და 10 წლის შემდეგ ქმარს გაშორდა.

“ხშირად ვიყავი ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი… საბოლოოდ გაშორება ვარჩიე, ჩემი ორი შვილი მშობლებს დავუტოვე და სავაჭროდ თურქეთში წავედი,” – გვიყვება ნინო. – „თურქეთში ქართველი ბიჭებისგან გავხდი ტრეფიკინგის მსხვერპლი, ოთახში გამომკეტეს და მითხრეს, რომ კლიენტები უნდა მიმეღო, ფულს კი თვითონ აიღებდნენ. დამაშანტაჟეს, თუ რამეს იტყვი, შენს ამბავს ოჯახის წევრებს და შვილებს გავაგებინებთო.

მონობას მალე დავაღწიე თავი – სასტუმროს უფროსს მოვეწონე და ის დამეხმარა… უკან, ოჯახში ვეღარ დავბრუნდებოდი. ბათუმში დავრჩი და აქ დავიწყე სექსმუშაკად მუშაობა.”

ნინოს თქმით, ადრეც და ახლაც იგი არაერთხელ გახდა პოლიციელებისგან ძალადობის მსხვერპლი. “ბათუმელებთან” გასაუბრების დროს ნინომ თქვა, რომ პოლიციელები ადრეც და ახლაც აიძულებენ სექსმუშაკებს უფასო სექსუალურ მომსახურებას, ხოლო კლიენტებისგან ძალადობის შემთხვევას თითქმის არასდროს არ მოჰყოლია შესაბამისი რეაგირება.

“ერთხელ კლიენტმა მობილიური ტელეფონი მომპარა და პოლიციას მივმართე. ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსმა საკუთარ კაბინეტში შამპანური და სექსი შემომთავაზა დახმარების ნაცვლად… უარი ვუთხარი. მერე აღმოჩნდა, რომ აქეთ მომედავა გამოძიება ჩვენების შეცვლისთვის. საბოლოოდ ოთხწლიანი პირობითი მოვიხადე ამ საქმეზე. საპროცესოთი ძლივს დავაღწიე თავი პროკურატურას. ეს, სადღაც, 5-6 წლის წინ იყო. მაგის მერე დავიფიცე, რომ პოლიციას აღარასოდეს დავურეკავდი. ვიცი, რომ ჩემი თავი მე თვითონ უნდა დავიცვა… ის პოლიციის უფროსი გაუთავისუფლებიათ, მერე გავიგე. რატომ, არ ვიცი. ჩემს საქმეზე, რა თქმა უნდა, არა”.

ნინო ამბობს, რომ არასრულწლოვან გოგონებსაც ხშირად რთავენ პროსტიტუციაში.

“ბოლოს ერთ ბიჭს ჰყავდა ბათუმში ჩამოყვანილი სამი გოგო და ამუშავებდა. მე ერთ-ერთი გოგო გავიცანი. დახმარება შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა, შეშინებული იყო. მეორე დღეს ის გოგო აღარ გამოჩენილა,” – გვითხრა ნინომ.

შეხვედრაზე მყოფმა კიდევ ერთმა სექსმუშაკმა თქვა, რომ მას პოლიცია თბილისში თანამშრომლობას აიძულებდა. მისი თქმით, სექსმუშაკი, რომელიც პოლიციელს თანამშრომლობაზე ან სექსუალურ მომსახურებაზე უარს ეუბნება, სჯიან ადმინისტრაციული წესით –  პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით.

“ბოლოს რამდენიმე თვის წინ დამაჯარიმეს 500 ლარით,” – უთხრა ლიკამ “ბათუმელებს”. იგი ბოლო 11 წელია თბილისში სექსმუშაკად მუშაობს.

“წერეთელზე ვიდექი და მოვიდა სამი პოლიციელი. რადგან თანამშრომლობაზე უარი ვუთხარი, მითხრეს, რომ იქ დგომის უფლება არ მქონდა. ვუთხარი, ჩემს საქმეზე ვდგავარ, ტრანსპორტს ველოდები-მეთქი… საბოლოოდ დამაკავეს და განყოფილებაში წამიყვანეს. სასამართლომ საქმე განიხილა. მე ადვოკატი არ მყოლია. მითხრეს, არაა საჭირო და არც მილაპარაკია. უკვე ისეა, რომ არავინ გისმენს და აზრი არაფერს აქვს,” – ამბობს ლიკა.

სექსმუშაკების თქმით, პოლიციელები ანგარიშს ძირითადად უწევენ შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის მიმართვას.

“ახლა უკვე ბევრი ქალია “თანადგომაში” [არასამთავრობო ორგანიზაცია] და გავიგეთ, რომ უფლებების დაცვისთვის უნდა ვიბრძოლოთ. პოლიციელებს ვეუბნებით, რომ 126-ზე დავრეკავთ და ამაზე გიჟდებიან. გვაგინებენ და გვიყვირიან, გადაგაყლაპებთ მაგ ტელეფონსო… მაინც საბოლოოდ არავინ რეკავს 126-ზე, ყველას ეშინია და ფიქრობს, რომ იქ მეორე დღეს ვეღარ დადგება – პოლიცია გასაქანს არ მისცემს,” – გვიყვება ლიკა.

შეხვედრაზე მყოფმა ერთმა სექსმუშაკმა ასეთი შემთხვევა გაიხსენა:

“ვიდეოს უღებს ზოგი პოლიციელს და ეს ჭრის – გარბიან. ამას წინათ ერთი პოლიციელი მიხვდა, რომ უღებდნენ და იმ გოგოს ძალით წაუშალა ჩანაწერი. მერე ყველას წაგვართვეს ტელეფონები და შეამოწმეს, რამე ხომ არ გვქონდა გადაღებული”.

სექსმუშაკებს ვინაობის გამხელა არ სურთ. ამბობენ, რომ საზოგადოებისგან ისევ გრძნობენ აგრესიას, სტიგმას და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა:

“ისევ ჩვენი შვილები დაისჯებიან. მე ოთხი შვილი მყავს,” – დასძინა ლიკამ საუბრის ბოლოს და შეხვედრას დაუბრუნდა.

საიას მიერ ორგანიზებული შეხვედრა დახურულია. ამ შეხვედრაზე მომხსენებლები არიან სექსმუშაკები და წამალდამოკიდებული ქალები.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი