მთავარი,სიახლეები

როგორ დაიბრუნა სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონება მისმა დისშვილმა – განჩინება

23.02.2018 • 4984
როგორ დაიბრუნა სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონება მისმა დისშვილმა – განჩინება

ქონება ბათუმში, რომელიც ასლან აბაშიძის ცოლის ძმას და მისივე ხელისუფლების უშიშროების მინისტრს, სოსო გოგიტიძეს თითქოსდა ჩამოართვეს, როგორც დაუსაბუთებელი ქონება [2005 წლის 10 მარტის სასამართლო გადაწყვეტილება], ამ წლების განმავლობაში, საჯარო რეესტრში, სოსო გოგიტიძის დისშვილზე, ენვერ ცეცხლაძეზე ყოფილა დარეგისტრირებული. ამის შესახებ აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში. იმავეს ადასტურებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც.

როგორც ირკვევა, სოსო გოგიტიძის ქონების ჩამორთმევის დოკუმენტში ეწერა, რომ ჩამორთმეული ქონება მდებარეობდა სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე [ჭაობის დასახლება], სინამდვილეში კი სახლი და მიწის ნაკვეთი, სადაც სოსო გოგიტიძე პერიოდულად ცხოვრობდა, მდებარეობდა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში [ახალი ბულვარის გასწვრივ].

სოსო გოგიტიძის დისშვილი, ენვერ ცეცხლაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში – 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში, სწორედ ამ გარემოების [ქუჩის სახელწოდება] საფუძველზე აცხადებს, რომ ჩამორთმეული ქონება ეკუთვნის მას და არა მის ბიძას. ენვერ ცეცხლაძე სასამართლო სარჩელში მიუთითებს, რომ ქონება – 12 600 კვადრატული მიწის ნაკვეთი და 201,8 კვ/მ საცხოვრებელი სახლი 2002 წელს იყიდა. ამ დროისთვის ენვერ ცეცხლაძე მხოლოდ 17 წლის იყო.

სახელმწიფომ ენვერ ცეცხლაძის არგუმენტები გაიზიარა და 2016 წლის 29 დეკემბერს, სასამართლო განჩინებით, მას ქონება დაუბრუნა, ოღონდ ერთი ძირითადი დათქმით: სახლს, რომელშიც აბაშიძის ხელისუფლების უშიშროების მინისტრი პერიოდულად ცხოვრობდა, სუს-მა იქამდე უნდა განკარაგოს, ვიდრე ენვერ ცეცხლაძე ამ ტერიტორიაზე 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას არ დაასრულებს [ამ სახლს, ჩამორთმევის შემდეგ, ყოველთვის სუს-ი განკარგავდა. შენობას სახელმწიფო დაცვა იცავდა და იცავს].

ენვერ ცეცხლაძე დაბრუნებულ მიწის ნაკვეთზე, ახალ ბულვართან სასტუმროს რომ ააშენებს, ესეც ხელისუფლებასთან აქვს შეთანხმებული. 2018 წლის დასაწყისში ენვერ ცეცხლაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის რეკომენდაციის მოპოვებაც მოახერხა, დადგენილ ნორმაზე მეტი სიმაღლის [კ2] სასტუმრო რომ ააშენოს.

სასამართლო მორიგების აქტით:

[checklist]

  • სადაო ქონება დაიყო ხუთ საკადასტრო ერთეულად, საიდანაც 4-ზე გაუქმდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება და ისინი ენვერ ცეცხლაძის საკუთრებად დარეგისტრირდა. რაც შეეხება დარჩენილ ერთ საკადასტრო ერთეულს, ის დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში [ამ ტერიტორიის ნაწილი ახალი ბულვარის შემადგენლობაშია, ნაწილზე კი საავტომობილო გზა გადის];
  • ენვერ ცეცხლაძემ აიღო ვალდებულება გარკვეულ ტერიტორიაზე უზრუნველყოს სრულყოფილი პროექტირება და სამშენებლო ნებართვის მიღება, შენობა-ნაგებობის აშენება და ექსპლუატაციაში შეყვანა;
  • ენვერ ცეცხლაძე ასევე ვალდებულია ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, 2019 წლის იანვრამდე, უზრუნველყოს ტროტუარის მოპირკეთება, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან დამატებით ერთი საავტომობილო გზის მოწყობა [ეს გზა ცეცხლაძის მიერ ასაშენებელ სასტუმროსთან მივა], ბილიკებისა და ბორდიურების მოწყობა, შეინარჩუნოს მწვანე ზოლი, გადარგას მცენარეები და ტროტუარისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი დატვირთოს სერვიტუტით ბათუმის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ;
  • სასტუმროს ექსპლუატაციაში შეყვანამდე ენვერ ცეცხლაძე სახელმწიფოს სარგებლობის უფლებით გადასცემს, უკვე მის საკუთრებაში არსებულ 2804 კვ/მ მიწის ნაკვეთს და ამ ნაკვეთზე მდებარე სახლს [ეს ქონება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [სუს] სარგებლობდა, ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ გადავა ენვერ ცეცხლაძის სარგებლობაში].

[/checklist]

ხელისუფლებასთან მორიგებამდე ენვერ ცეცხლაძემ სასამართლოს სარჩელით მიმართა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა [2016 წლის 29 დეკემბრის განჩინება] და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ენვერ ცეცხლაძეს შორის მორიგების აქტი დაამტკიცა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები ენვერ ცეცხლაძის სარჩელს არ ცნობდნენ, მორიგების აქტი მაინც გაფორმდა.

მხარეთა პოზიციები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებიდან

[crosslist]

  • ენვერ ცეცხლაძე სარჩელში უთითებს, რომ 2002 წლის 14 სექტემბერს ანგისაში [ადლია] იყიდა 6900 კვ/მ და 5700 კვ/მ მიწის ნაკვეთი, 201,8 კვ/მ საცხოვრებელ სახლთან ერთად. მიწის ნაკვეთები გაერთიანდა და შემოევლო კაპიტალური ქვის ღობე. ის ასევე აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ სასწავლებლად, 2013 წელში კი დაბრუნდა საქართველოში და გადაწყვიტა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მის საკუთრებად აღრიცხული რამდენიმე ერთეული უძრავი ქონების ფართობების დაზუსტება და ამ გზით არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა;
  • ის, რომ უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ქონება რეგისტრირებული იყო ენვერ ცეცხლაძის სახელზე, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2013 წლის 20 მაისს გაცემული ცნობითაც დადასტურდა;
  • ენვერ ცეცხლაძე უთითებს, რომ აჭარის უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სოსო გოგიტიძეს ქ. ბათუმში, სელიმ ხიმშიშვილის ქუჩის ბოლოში ჩამოერთვა და სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა 12 500 კვ/მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ცეცხლაძე აღნიშნავს ასევე, რომ 2005 წლის 10 მარტს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც ნათლადაა მითითებული ჩამორთმეული ქონების მდებარეობა, კერძოდ: ქ. ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლო [ჭაობის დასახლება]. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2007 წლის ივნისში ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში შეტანილი იქნა განცხადება, რასაც თან ერთვოდა სააღსრულებო ფურცელიც და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა ქონება მდებარე შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში [ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია];
  • „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საერთოდ არ გამოუკვლევია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სოფელ ანგისაში მდებარე ქონება რეესტრში ირიცხებოდა სოსო გოგიტიძის სახელზე. ასევე არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ სამინისტროს დაკვეთით შესრულებულ საკადასტრო-აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ქონება და სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ქონება იყო თუ არა იდენტური – აღნიშნულია ენვერ ცეცხლაძის სარჩელში – სამინისტროს უკანონო ქმედების შესაბამისად, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურმაც ისე განახორციელა რეგისტრაცია, რომ სულ არ შეუმოწმებია სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალე სუბიექტი, სოსო გოგიტიძე თუ იყო იმ მისამართზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრე… სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სოსო გოგიტიძეს ქონება ჩამოართვეს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში და არა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში“;
  • სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს წარმომადგენელმა ენვერ ცეცხლაძის სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ „ენვერ ცეცხლაძის საკუთრება მიწის მართვაში რეგისტრირებული იყო, მაგრამ საჯარო რეესტრის არქივში არ მოიპოვებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების გარდა სხვა რაიმე დოკუმენტაცია“;
  • ცეცხლაძის სარჩელი არ სცნო არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი: „უდავოა, რომ სელიმ ხიმშიაშვილისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩები სხვადასხვაა, სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული უძრავი ქონების მისამართად გადაწყვეტილებაში უნდა იყოს მითითებული „შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა“, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია „ხიმშიაშვილის ქჩის ბოლოს“. სოსო გოგიტიძეს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში უძრავი ქონება ვერანაირად ვერ ექნებოდა საკუთრებაში, რადგანაც იმ დროს აქ სამხედრო ბაზები იყო განლაგებული, ხოლო მოპირდაპირე მხარეს, ე.წ. ბამბუკის ქარხანაა განთავსებული დღესაც“;
  • სამინისტრო მიიჩნევს, რომ „ენვერ ცეცხლაძე იყო სოსო გოგიტიძის დაახლოებული პირი, რა საფუძვლითაც აჭარის უმაღლესმა სასამართლომ სოსო გოგიტიძეს ჩამოართვა ეს ქონება, როგორც დაუსაბუთებელი და უკანონოდ მოპოვებული“;
  • სამინისტრო განმარტავს: „ენვერ ცეცხლაძე სადავო ქონებას თუ ფლობდა და სარგებლობდა, მაშინ მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო იმ ფაქტის შესახებ, რომ ქონება 2007 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაა, ხოლო 2012 წლიდან ქონებით სარგებლობს საქართველოს შს სამინისტრო, აგრეთვე იქ გაკეთდა გზა“. აქედან გამომდინარე სამინისტრო თვლიდა, რომ ენვერ ცეცხლაძის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რადგან ქონებას ის 11 წელია არ სარგებლობს და დღესაც მის მფლობელობაში არ არის. ამასთან, სამინისტროს აზრით, „დასადგენი იყო საკადასტრო აზომვით ნახაზზე ნამდვილად ის მიწის ნაკვეთი იყო თუ არა, რაც ენვერ ცეცხლაძის ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული“;
  • ენვერ ცეცხლაძის პოზიციას არ ეთანხმებოდა სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც;
  • ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის აპრილში ენვერ ცეცხლაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ენვერ ცეცხლაძემ.

[/crosslist]

ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომლითაც ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ენვერ ცეცხლაძისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2016 წლის 29 დეკემბერს სააპელაციო საჩივრების განხილვისას გამართულ სასამართლო სხდომაზე კი მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება.

მორიგების აქტი სააპელაციო სასამართლომ იმავე დღეს დაამტკიცა.

ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში, ენვერ ცეცხლაძის საკუთრებად დარეგისტრირებულ ნაკვეთზე ასნომრიანი სასტუმროს და საცხოვრებელ ბინების, კაზინოს, საცურაო აუზის და სხვა გასართობი ობიექტების აშენებას „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“ გეგმავს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“ ერთ-ერთი დირექტორი და 45 პროცენტის მფლობელი სწორედ ენვერ ცეცხლაძეა. 33 წლის ენვერ ცეცხლაძე მოსკოვში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. კომპანიის კიდევ ერთი დირექტორი და 50 პროცენტის მფლობელი, ასევე რუსეთის მოქალაქე ვინმე მაგომედ ჩაბიევია, ხოლო 5%  ეკუთვნის თამარა ჩაბიევას. კომპანია 2017 წლის ივნისში ბათუმში, რუსთაველის ქუჩის #22-შია რეგისტრირებული.

სადავო ტერიტორია, რომლის ძირითადი ნაწილი ენვერ ცეცხლაძის საკუთრებად არის დარეგისტრირებული [ტროტუარი, გამწვანება, ადგილი, სადაც სასტუმრო აშენდება და სახლი და ნაკვეთი, რომლითაც სასტუმროს აშენებამდე სუსი ისარგებლებს]. ახალი ბულვარისა და გზის ნაწილი კი, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩა.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/251778/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: