ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ეზოებში შესასვლელების წინ მონიშნული ავტობუსის გაჩერებები წაშალეს. გაჩერების ნიშნები გზის სავალ ნაწილზე ამ ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მონიშნეს.
რამდენიმე დღის წინ ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქემ რუსთაველის ქუჩაზე გადაღებული ფოტოები გამოგვიგზავნა, სადაც ჩანდა, რომ ავტობუსების გასაჩერებელი ადგილი კერძო სახლის წინ, შესასვლელთან იყო მოწყობილი. მაშინ ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ „ასეთი ადგილი რამდენიმეა, რადგან რუსთაველის ქუჩაზე ყველგან ჭიშკარია, მჭიდრო დასახლებაა.“
სახლში ტანსაცმლის რეცხვა ყოველთვის არ არის კარგი არჩევანი. პირვანდელი სახის შესანარჩუნებლად უკეთესია, თქვენი სამოსი ან ნივთები პროფესიონალებს ანდოთ.
გთავაზობთ 6 მნიშვნელოვან რჩევას იმ შემთხვევისთვის, თუ გადაწყვეტთ ნივთების ქიმწმენდა-სამრეცხაოში წაღებას:
[checklist]
კარგად შეამოწმეთ ჯიბეები, არ დაგრჩეთ მასში ავტოკალამი, ფურცელი ან სხვა ისეთი ნივთი, რაც ქიმწმენდისას ქსოვილს დააზიანებს ან დასვრის
არასოდეს არ მოაჭრათ ნაჭრის იარლიყი თქვენს ტანისამოსს. ნებისმიერ ტანსაცმელს აქვს იარლიყი ზედ გამოსახული ნიშნებით. ბევრმა არ იცის მათი მნიშვნელობა, ზოგიერთი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, ზოგიერთიც აჭრის ამ იარლიყს და აგდებს. არადა, სწორედ ისინი „გვასწავლიან“ როგორ მოვუაროთ (გავრეცხოთ, გავწმინდოთ, გავაუთოოთ, გავაშროთ) კონკრეტული ტანსაცმელი ისე, რომ არ გავაფუჭოთ. ამ ნიშნების ცოდნა ნამდვილად დაგეხმარებათ, თქვენმა სამოსმა დიდი ხნით შეინარჩუნოს პირვანდელი სახე
არ ეცადოთ სახლის პირობებში ლაქების ამოყვანა, რადგან წყალთან შეხებისას ლაქა ღრმად ჯდება ქსოვილში და ამის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, მისი ამოყვანა ქიმიური საშუალებებითაც კი შეუძლებელი ხდება
არ გარეცხოთ სახლში ისეთი ქსოვილის ტანისამოსი, რომელიც იოლად შეიძლება შეითელოს და ფორმა იცვალოს. მისი პირვანდელი სახის დაბრუნება მშრალი წმენდის აპარატსაც კი აღარ შეუძლია
არ სცადოთ სარეცხ მანქანაში იმ ტანისამოსის გარეცხვა, რომელსაც აქვს რელიეფური აპლიკაცია, თვლები, მძივები, ძვირფასი ღილები… სჯობს დახმარებისათვის პროფესიონალებს მიმართოთ
ნუ გარეცხავთ და გააუთოებთ შალის ქსოვილის შარვალს სახლში. სჯობს, ეს საქმეც ქიმიური წმენდისა და პრესის აპარატს ანდოთ
[/checklist]
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ნამდვილად ჯობს ამ საქმეების შესრულება სხვას გადააბაროთ ისე, რომ არ ინერვიულოთ ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, სახლიდან წაღებასა და უკან დაბრუნებაზე, ქიმწმენდისა და სამრეცხაო მომსახურების კომპანიას „დაიმონ შაინს“ უნდა დაუკავშირდეთ.
კომპანია ,,დაიმონდ შაინი“ ფუნქციონირებს 2017 წლის სექტემბრიდან. იგი სამრეცხაო მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე, სასტუმროებს, რესტორნებს, ფიტნესკლუბებსა და სილამაზის სალონებს.
ვიზიტორთა ცენტრი და ახალი ავტოსადგომები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
[/checklist]
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთად, ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახალი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ რამდენიმე თვეა აწარმოებს. ბაღის სხვადასხვა ზონაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები რეგიონის ხელმძღვანელს ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ დეტალურად გააცნო. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მაშინ როდესაც საუბარია მზარდ და წარმატებულ ტურიზმზე რეგიონში, მნიშვნელოვანია მომსახურება ტურისტულ ობიექტებში იყოს გამართული.
ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთად, ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახალი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
„დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახალი სერვისების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს. მოეწყო ახალი ავტოსადგომები, შენდება ვიზიტორთა ცენტრი. აღნიშნული პროექტები ხორციელდება ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ როგორც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ისე რეგიონში განხორციელებული და მხარდაჭერილი ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, როგორებიცაა რაგბის სპორტული ბაზის მოწყობა, ბათუმის მწერალთა კავშირის შენობის რეაბილიტაცია, ბათუმის დრამატული თეატრის და ბათუმის „რვაფეხას“ რეკონსტრუქცია.
სულ მალე კიდევ არაერთი ახალი პროექტის განხორციელება იგეგმება ფონდის მხარდაჭერით, მათ შორის ბათუმის ზოოპარკის მოწყობა, მწვანე კონცხის ახალი საბაგირო გზის და მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ბოტანიკურ ბაღში მედიასთან საუბრისას.
რეგიონის სტუმრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბოტანიკურ ბაღს 70 მსუბუქ ავტომობილსა და 5 ავტობუსზე გათვლილი ორდონიანი ავტოსადგომი ექნება. ბაღის ჩაქვის შესასვლელთან ავტოსადგომის პირველი დონე უკვე დასრულდა. დაიწყო პარკინგის მეორე დონის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა.
[checklist]
ზურაბ პატარაძე ბოტანიკური ბაღის გამწვანების აქციაში ჩაერთო
[/checklist]
დღესვე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქ ბათუმის მერმა მონაწილეობა მიიღეს გამწვანების აქციაში. საუკუნოვან ბაღს 150 ძირი ახალი მარადმწვანე ხე საჩუქრად ფონდმა “ქართუმ” გადასცა. ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მოეწყო ახალი ავტოსადგომები, დაწყებულია ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა.
დღესვე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქ ბათუმის მერმა მონაწილეობა მიიღეს გამწვანების აქციაში.
ზურაბ პატარაძემ და ლაშა კომახიძემ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სხვა ღირსშესანიშნავი ადგილებიც მოინახულეს და სიმბოლურად, რამდენიმე მცენარის ეტიკეტირებაშიც მიიღეს მონაწილეობა. ზაფხულის ტურისტული სეზონის დადგომამდე, ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება. ზურაბ პატარაძე პოლონელი ტურისტების ჯგუფს გაესაუბრა და რეგიონში სამახსოვრო დღეების გატარება უსურვა.
ზურაბ პატარაძე პოლონელი ტურისტების ჯგუფს გაესაუბრა
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სადაც რამდენიმე სკოლaაა, არ არის დახაზული ზებრა გადასასვლელები. გამზირი ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ნაწილია და აქ ინტენსიური მოძრაობაა. გზის სავალ ნაწილზე გადასასვლელი ნიშნების არარსებობის გამო გადასვლა ჭირს, განსაკუთრებით სკოლის [შარაბიძეების, კახაბრის] მოსწავლეებისთვის. ზებრების არარსებობა პრობლემებს უქმნის როგორც ქვეითებს, ასევე მძღოლებს. ქუჩის გასწვრივ არც ტროტუარებია მოწესრიგებული, წვიმის დროს კი ტროტუარი ხშირად იტბორება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათ დაქვემდებარებაში არსებულ გზებზე ზებრა გადასასვლელების დახაზვა დღეს ქობულეთიდან დაიწყო და უახლოეს დღეებში აღნიშნული მაგისტრალიც დაიხაზება.
„კონტრაქტორი კომპანია ახლა ქობულეთში ხაზავს გზებს, დაიხაზება შემოვლითი გზებიც და მალე გადმოვა სარფის და ხელვაჩაურის მიმართულებებზეც. რაც შეეხება ფრიდონ ხალვაშის გამზირს, ორმოები არ არის და შეკეთება არ იგეგმება, გზა მოასფალტებულია. რაც შეეხება სანიაღვრე სისტემის პრობლემას, ეს ბათუმის მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა, მათ მიერაა მაქ გაცემული უამრავი ნებართვა სხვადასხვა მშენებლობებზე, ჩვენგან დაუკითხავად“ – გვითხრეს გზების სამსახურში.
ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 4.05.2018 / მთავარი ფოტო და ვიდეო როინ გუნდაძის
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც აჭარის მაღალმთიანეთში, პატარა სოფლის სკოლის ბაზაზე არსებულ სპორტის სექციაში შესვლა გადაწყვიტა. მაშინ 11 წლის იყო, ფიქრობდა, რომ ქალაქიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ მთის სოფელში მცხოვრები გოგოსთვის ეს იყო შანსი, სოფლის საზღვრებს გასცდენოდა, მსოფლიოს ქალაქების ნახვას თუ ვერა, ქვეყნის დედაქალაქის ნახვას ამგვარად მაინც შეძლებდა. ახლა 18 წლისაა და ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად ბევრი იშრომა. ამბობს, რომ სჯეროდა საკუთარი თავის, შესაძლებლობის და შედეგმაც არ დააყოვნა, ვარჯიშის დაწყებიდან მესამე წელს ეროვნული ნაკრების წევრი გახდა და 14 წლისამ პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა – ეს ელზა მახაჭაძეა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მაგიდის ჩოგბურთში სოფელ ვაიოდან.
ხშირად ეუბნებოდნენ, რომ სპორტი ქალის საქმე არ იყო და თავის დანებებასაც ურჩევდნენ, განსაკუთრებით სოფლის უხუცესებს არ მოსწონდათ ელზას სპორტული ცხოვრება, თუმცა ელზამ არ დაიშალა.
„სოფელში ამბობდნენ, რა უნდა გოგოს სპორტში, სპორტი რა ქალის საქმეა, ხშირად მეუბნებოდნენ კიდეც და თავის დანებებას მირჩევდნენ მოხუცები, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, სპორტი ჩემი არჩევანი იყო და მწამდა გამარჯვების, რომლის მისაღწევად ბევრს, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. თავდაპირველად არც ოჯახს მოსწონდა სპორტით ჩემი გატაცება, მაგრამ როცა დაინახეს წარმატებები ნელ-ნელა როგორ მოდიოდა, გვერდში დამიდგა ყველა, ოჯახი, სოფელი, მეგობრები…მხარდაჭერამ კი უფრო გამაძლიერა.
ჩემი პირველი მასწავლებელი იოსებ მახაჭაძე იყო, სოფელ ვაიოს სკოლაში ვმეცადინეობდი. როდესაც ეროვნული ნაკრების წევრი გავხდი, ბათუმშიც დავიწყე მეცადინეობა, სოფლიდან ქალაქში ჩავდოდი სამეცადინოდ, ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი სოფელში ვბრუნდებოდი. ზოგჯერ სოფელში ვმეცადინეობდი, ზოგჯერ – ბათუმში, ახლაც ასეა, თუმცა ვვარჯიშთან ერთად ჩემს სოფელში, ვაიოში, პატარა ბავშვებს ვავარჯიშებ, მათ შორის ჩემს ძმას, ცხრა წლის დიმასაც,“ – გვიყვება ელზა.
განსაკუთრებით ემოციურად ახსენდება ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში, მაშინ 14 წლის იყო.
„ერთ დღესაც წამში ამიხდა ოცნება და იტალიაში ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად გავემგზავრე, მივდიოდი და არ მჯეროდა, რომ მე ეს შევძელი, ქალაქიდან შორს, ერთ პატარა სოფელში მცხოვრები სოფლის კი არა, ქვეყნის საზღვრებს გავცდი და ევროპის ჩემპიონატზე უნდა მეთამაშა. მას შემდეგ იყო ბევრი თამაში, თურქეთის თითქმის ყველა ქალაქში მითამაშია. ვითამაშე ბულგარეთში, ხშირად დავდივარ ერევანში…ბოლოს იყო მალტა, სადაც სასკოლო ოლიმპიადაზე ვიასპარეზეთ ვაიოს სკოლიდან ოთხმა გოგონამ,“ – ჰყვება ელზა.
ელზა 2012 წლიდან მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში საპრიზო ადგილს იკავებს, 2012 წლიდან დღემდე წყვილთა შორის ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, ეროვნულ ჩემპიონატზე პირადსა და შერეულ კატეგორიაში მესამე ადგილიც დაიკავა.
ელზა მახაჭაძე
მისი რჩეული მეწყვილე თანასოფლელი და სკოლელი ლინდა მახაჭაძეა. ლინდაც ეროვნული ნაკრების წევრია. წელს მას განსაკუთებით გაუმართლა და პირად კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა, ჩემპიონის ტიტული ფინალურ თამაშში ელზასთან მოგებამ მოუტანა.
ელზა ამბობს, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო წყვილთა შორის თამაშია, თუმცა საკმაოდ რთული აღმოჩნდა მეგობართან და მეწყვილესთან ფინალი ეთამაშა.
„მაგიდის ჩოგბურთში სამი კატეგორიიდან ყველაზე საპასუხისმგებლო მაინც წყვილთა შორის თამაშია. როდესაც წყვილში თამაშობ, ორივე მოთამაშემ კარგად უნდა ითამაშოს, ერთი ქულის გაფუჭების უფლებაც კი არ გაქვს, რადგან შენი წაგებით მეწყვილეც აგებს, ერთმანეთზე ხარ დამოკიდებული. თუმცა ჩემთვის ყველაზე რთული მაინც პირად კატეგორიაში თამაშია. წელს ჩემპიონატზე პირად კატეგორიაში საფინალო თამაში თანამეწყვილესთან მქონდა. ლინდა არამარტო მეწყვილე, ჩემი მეგობარია, მაგრამ თამაში თამაშია და აქ მთავარი გამარჯვებაა, ერთი ქულით მომიგო და პირველ ადგილზე გავიდა, მე – მესამეზე, ფინალურ თამაშში ლინდასთან 3:2 წავაგე“.
ელზა აბიტურიენტია, სწავლის გაგრძელება სურს, პროფესიაც შერჩეული აქვს და სპორტთან ერთად მისი სამომავლო მიზანი უმაღლესი განათლების მიღებაა.
ტურიზმი მინდა ვისწავლო, უმაღლესი განათლება მივიღო და პარალელურად უნივერსიტეტებს შორის სპორტულ შეჯიბრებებში მივიღო მონაწილეობაო – ამბობს.
5 მაისს ელზა 18 წლის გახდა და წელს უკვე სხვა ასაკობრივ კატეგორიაში, მასზე გაცილებით უფროს ჩოგბურთელებთან მოუწევს თამაში. ჩემპიონატი 15 მაისს იწყება და ელზა განსაკუთრებით ემზადება.
„15 მაისს დაიწყება საქართველოს ღია პირველობა, რთულია შეეჭიდო მათ, ვინც მთელი ცხოვრება თამაშობს, ან შეიძლება რთული იმიტომ მგონია, რომ პირველად უნდა ვეთამაშო ჩემზე გაცილებით დიდი ხნის გამოცდილების მქონე სპორტსმენებს, მაგრამ დაუძლეველი არაფერია, გამარჯვების იმედი მაქვს, ჯერ კიდევ ბავშვობაში ვთქვი, რომ მე ეს შემიძლია“.
ქობულეთში, სოფელ კვირიკეში, სატვირთო ავტომანქანებს გზა გადაუკეტეს. ავტომანქანებით კვირიკედან სამშენებლო ქვები გააქვთ. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ სამუშაოებმა სამასამდე ოჯახი უწყლოდ დატოვა.
„ჩვენ ვითხოვთ წყალს 21-ე საუკუნეში, ორი კვირაა წყალი არ გვაქვს,”- ამბობს კვირიკეში მცხოვრები ციალა ტუნაძე. მისი თქმით, წყლის პრობლემა სოფელს არ ჰქონია, ვიდრე სოფელში წლების წინ კლდის აფეთებას და ქვების დამზადებას არ დაიწყებდნენ.
„ყველამ იცის, რომ ამ ქვების აფეთქების მიზეზით არ მოგვეწოდება წყალი. ორი კვირაა წყაროს ვეზიდებით. ქობულეთის მერი დაგვპირდა, რომ პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ არც კომპანია ჩანს, ვინც ქვებს მოიპოვებს და აღარც მერი, მირიან ქათამაძე. ჩვენ გზაზე არავის გავატარებთ, თუკი ყურადღებას არ მოგვაქცევენ,“ – გვითხრა ციალა ტუნაძემ.
„წყლის რესურსის შემცირება წიაღისეულის მოპოვებას არ უკავშირდება, მაგრამ სამუშაოები შეჩერდა,“ – აღნიშნა ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ. იგი ქვების მომპოვებელი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვედრია. ქობულეთის მერი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში კვირიკეში მოსახლეობას წყალი ექნება, რადგან ახალი ჭაბურღილები შენდება.
დარჩა თუ არა სოფელი კვირიკე უწყლოდ ქვების მოპოვების გამო? – ქობულეთის მერი ამბობს, რომ არა და ამის დასტურია სხვა სოფლები, სადაც ასევე შემცირებულია სასმელი წყლის რესურსი.
„არსებობს სოფლები, სადაც ზაფხულში ასევე შემცირებულია სასმელი წყლის რესურსი. ჩვენ უახლოეს დღეებში ამ პრობლემას მოვაგვარებთ… ააიპ „სოფლის წყლის“ სპეციალისტებმა შეისწავლეს ვითარება და დადეს დასკვნა, რომ მოპოვებითი სამუშაოები არ უკავშირდება წყლის შემცირებას. შესაძლებელია, უფრო ვრცელი კვლევის ჩატარება და ეს არის ჩემი რეკომენდაცია. ჯერ არ ვიცი, ვინ დააფინანსებს ამ კვლევას, მუნიციპალიტეტი თუ კომპანია, რომელიც წიაღისეულს სოფელ კვირიკეში მოიპოვებს,“ – გვითხრა მირიან ქათამაძემ.
თუკი ქვების მოპოვების გამო არ შეწყვეტილა სოფელში წყალი, რის გამო შეჩერდა სამუშაოები? – ქობულეთის მერი ამბობს, რომ „ეს არ არის მერიის კომპეტენცია, სრულად ფლობდეს ინფორმაციას დაცული არის თუ არა კონკრეტული სალიცენზიო პირობა. მოპოვებითი სამუშაოს პროცესი გაგრძელდება, თუკი სალიცენზიო და დამატებით სამართლებრივი მოთხოვნები დაცული იქნება, მაგრამ ამ პერიოდში კომპანიის წარმომადგენლები უნდა შეხვდნენ და დაელაპარაკონ მოსახლეობას. მე ვურჩიე ეს კომპანიებს, რადგან მოსახლეობის ნაწილი გამოხატავს პროტესტს“.
ქობულეთის მერმა არ დაგვისახელა კომპანია, რომელიც სამშენებლო ქვებს მოიპოვებს კვირიკეში. მოსახლეობის თქმით, წიაღისეულს სოფლიდან კომპანია „ორბი“ ეზიდება.
კომპანია „ორბში“ გვითხრეს, რომ მათ წიაღისეული მომპოვებელ კომპანიასთან – „ინერტული მასალების კომპანია“ მხოლოდ იჯარის ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, მომსახურების ვადა გავიდა და გადაზიდვას „ორბი ბეტონი“ აღარ ახორციელებს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირნათში, თითქმის ყოველ ათ მეტრში შეხვდებით გარემოში გაფანტულ ნაგავსა და ნაგავსაყრელებს, რომლებიც თვითნებურადაა შექმნილი. ასეთი ნაგავსაყრელების რაოდენობა დღითიდღე იმატებს.
ბოლო წლებში კირნათში ნაგვის ურნები დადგეს, მაგრამ პრობლემა არ აღმოიფვრა, რადგან ურნები მხოლოდ სოფლის ცენტრში დგას და გაუმართავია, ასევე დროულად არ გააქვთ ნაგავი. ხშირად ისეც ხდება, რომ ხალხი ნაგავს ურნაში კი არა, მდინარეში ყრის.
სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან, ახალშობილის ცხედარი პლაჟზე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ახალშობილი ხელვაჩაურში, ქურდობა დღისით თვითმხილველების თვალწინ – „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა დაადგინა გამოძიებამ ამ და სხვა გახმაურებულ საქმეებზე, რაც ბოლო პერიოდში აჭარის რეგიონში მოხდა.
სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან – შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში, თებერვალში დაფიქსირდა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. გამოძიება განმარტავდა, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ გამოძიებას ამ საქმეზე მხილებული პირი არ ჰყავს. „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – გვპასუხობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც არ აკონკრეტებენ რა ეტაპზეა გამოძიება.
ახალშობილის ცხედარი პლაჟზე ზღვამ 10 მარტს გამორიყა. „ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც ჰქონდა მოჭერილი. სავარაუდოდ, დამხრჩვალია და გადაგდებული,“ – უთხრეს იმ დღეს „ბათუმელებს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში. იმ დღეს გამოძიებაც დაიწყო სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ ახალშობილის გოგონას განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ამ საქმეზე არ დასრულებულა.
გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელშიც იპოვეს პოლიციელებმა. „რუსთავი 2“-ის სიუჟეტის თანახმად, 20 წლის სტუდენტმა გოგომ სახლში, მალულად იმშობიარა. მისი ფეხმძიმობის შესახებ ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილი პოლიციას სახლში გარდაცვლილი დახვდა. „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“ – მოგვწერეს ამ საქმეზეც შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამ საქმის გამოძიება სამი თვის წინ, თებერვალში დაიწყო. გამოძიება უკანონო აბორტის მუხლით მიმდინარეობს.
ერთი კვირის წინ ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, დღისით, თვითმხილველების თვალწინ საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. ამ შემთხვევამ ყურადღება მიიქცია იმით, რომ ქურდობას რამდენიმე თვითმხილველის ჰყავს, გამოძიებას კი ამ დრომდე არავინ დაუკითხავს დაზარალებული ქალის გარდა.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულები აწყდებიან, არის არაეფექტური გამოძიება,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ კანონით გათვალისწინებული „სწრაფი და ეფექტური გამოძიების“ უზრუნველსაყოფად სპეციალური მექანიზმების შემუშავებაა საჭირო.
„ეფექტიანი გამოძიება განამტკიცებს საზოგადოების რწმენას, რომ ხელისუფლებას ძალუძს უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, ხოლო როდესაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში სახელმწიფო ვერ ახდენს რეაგირებას, საზოგადოებაში ჩნდება ნიჰილისტური განწყობები სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რაც საბოლოოდ ისევ ქვეყნის განვითარებაზე ახდენს უარყოფით გავლენას.
ეფექტიანი გამოძიების მექანიზმების შემუშავების რეკომენდაციით წლებია მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაგრამ ცვლილებები არ არის დამაკმაყოფილებელი. გამოუძიებელი საქმეების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ რეფორმა საკანონმდებლო თუ ინსტიტუციურ დონეზე გარდაუვალი საჭიროებაა,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.
მოსამართლე ირაკლი შავაძემ 6 თვის ვადით დამცავი ორდერი ბექა ე.-ს მიმართ გამოსცა. სასამართლო პროცესს ოჯახში ძალადობისთვის უკვე გასამართლებული ბექა ე. არ დასწრებია. ცოლმა – მარიამ გ.-მ კი მოსამართლეს უთხრა, რომ ქმარი მასთან ურთიერთობას აიძულებს და ძალადობას განაგრძობს.
ბექა ე.-ს შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა, როცა მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის სამი წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებული ქალი ამბობდა, რომ ქმარი მას არა მხოლოდ სცემდა, არამედ პროსტიტუციასაც აიძულებდა და თვითონ კარის ღრიჭოდან უთვალთვალებდა. მაშინ მსჯავრდებულმა „ბათუმელებსაც“ მისცა კომენტარი და აღნიშნა: „სიგარეტის ნამწვიც ჰქონდა სხეულზე, კი, მაგრამ ეს ჩემი საქმეა… ჩვენ უკვე შევრიგდით.“
დღეს, 4 მაისს, მოსამართლე ირაკლი შავაძეს დაზარალებულმა ქალმა უთხრა, რომ ქმართან აღარ ცხოვრობს, მაგრამ იგი დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.
„მიგზავნის შეტყობინებებს, რომ უჩემოდ არ შეუძლია, თავს მოიკლავს, ძალიან მიყვარხარ, არ გამწიროო… როცა მიხვდა, რომ არ ვურიგდებოდი, ფეისბუქში ჩემი ფოტოები გამოაქვეყნა და მაშანტაჟებდა… კონკრეტულად თავის გვერდზე გამოაქვეყნა ჩემი ფოტოები და დაწერა, რომ მეძავი ვარ, ვიდეოებიც დადო… შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის ოთხდღიანი პატიმრობა ჰქონდა. მერე გამოვიდა და იგივე გააგრძელა. ადევნების მუხლით უკვე დაწყებულია გამოძიება. მინდა, რომ მას ჩემთან მოახლოების უფლება არ ჰქონდეს, არ დამირეკოს, არ მომწეროს, არც ფეისბუქში მომწეროს…“ – უთხრა ძალადობის მსხვერპლმა მოსამართლეს.
მოსამართლე დაინტერესდა, რატომ არ ესწრებოდა პროცესს თავად ბექა ე. ის ქუთაისში ცხოვრობს. საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოსამართლის თანაშემწეს უპასუხეს, რომ ბექას მეგობარს ესაუბრებოდნენ და ბექა ტაძარში იყო წასული.
„შესაძლოა, თვითონ იყო და დამალა საკუთარი ვინაობა,“ – დასძინა მოსამართლემ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბექა ე.-ს მარიამ გ.-ს საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებთან მიახლოება აეკრძალა, ასევე ტელეფონით და ნებისმიერი სოციალური ქსელით კომუნიკაცია, სიტყვიერი ან ფიზიკური ძალადობის განხორციელება. მოსამართლემ განმარტა, რომ დამცავი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს ადმინისტრაციული პატიმრობა ელის, ან გამასწორებელი სამუშაო.
დაზარალებული ქალი ამჟამად ბათუმში ცხოვრობს. მან კომენტარზე უარი გვითხრა. გასაუბრების დროს კი აღნიშნა, რომ განქორწინების მოთხოვნას ქუთაისის საქალაქო სასამართლო უკვე განიხილავს, თუმცა ქმარი განქორწინებაზე უარს აცხადებს.
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს, რომლებიც მესამე დღეა შრომითი უფლებების დარღვევის გამო გაფიცულები არიან, საქართველოს პროფესიული კავშირის აჭარის გაერთიანების წარმომადგენელი ლევან გურგენიძე შეხვდა.
„ჩვენ გავესაუბრეთ იქ დასაქმებულ ადამიანებს და გავარკვიეთ, რომ უხეშად ირღვევა მათი შრომითი უფლებები. პრაქტიკულად, მუშებს 70 საათი უწევთ კვირაში მუშაობა, დასვენების დღე ფაქტობრივად არ აქვთ, თვეში აქვთ მხოლოდ ორი დასვენების დღე, რაც ასევე შრომითი უფლებების დარღვევაა,“ – გვეუბნება ლევან გურგენიძე.
მისი თქმით, მუშებს ასევე არ აქვთ გრძელვადიანი კონტრაქტები და დაზღვევა:
„ეს არის ზეწოლის გარკვეული ბერკეტი დასაქმებულზე. გარდა ამისა, ავადობის შემთხვევაში მუშებს საპატიოდ არ ეთვლებათ გაცდენილი დღეები. ასე რომ სურათი არის საკმაოდ მძიმე. ჩვენ მუშებს შევთავაზეთ, რომ დამსაქმებელთან კანონის ენით დავიწყოთ კოლექტიური მოლაპარაკება.“
კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელი დღეს, 4 მაისს, არც პროფკავშირების წარმომადგენელს შეხვდა. „გვითხრეს, რომ ხელმძღვანელი ადგილზე არ იყო და მასთან შეხვედრას ორშაბათს შევძლებთ,“ – ამბობს ლევან გურგენიძე.
ბათუმში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს 2019-2022 წლების საშუალოვადიანი გეგმის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.
გეგმის თანახმად, 2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 482 801 ლარით გაიზრდება და 17,248,620 ლარი იქნება. სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, ჯამში 31 პროგრამას განახორციელებს.
სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილია ერთი ახალი პროგრამის ამოქმედება, კერძოდ, „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“. ფართოვდება მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, მომავალი წლიდან პროგრამას ბენეფიციარებად დაემატება სხვადასხვა პრობლემის მქონე დედები. ასევე, გაიზრდება სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა.
ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით 200,000 ლარით გაიზრდება გულის ქირურგიის დაფინანსება, 500,000 ლარი დაემატება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამას, 150,000 ლარით გაიზრდება მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია, 150 000 ლარით გაიზრდება ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის თანადაფინანსება, ამავე პროგრამით დაიწყება შშმ პირების, 18 წლამდე ასაკის ბავშვების, ასაკით პენსიონერების – 200,000 სარეიტინგო ქულით, 100,000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებისა და უსახლკაროების ძვირადღირებული ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია შემდეგი სიახლეები:
0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ორთოპედიული გამოკვლევა, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტოზური პროფილაქტიკა.
მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში პირველადი სკრინინგით გამოვლენილ, სმენის დარღვევების მქონე ახალშობილებში მეორადი სკრინინგისა და საჭიროების შემთხვევაში ჩაღრმავებული კვლევების ჩატარება.
ჰელმინთებზე გამოკვლეული ბავშვებისათვის ოჯახის ექიმის/პედიატრის/პარაზიტოლოგის კონსულტაცია და ანტიჰელმინთური პრეპარატის სამკურნალო დოზის გადაცემა.
ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისათვის ახალი სამიზნე ჯგუფის გამოვლენა ქალაქ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების პირველ და მეორეკლასელთა შორის.
ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „სტადიონს“ დავების საბჭოში უჩივლა. „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ განცხადებით, „სტადიონის“ ქმედება ზიანს აყენებს სახელმწიფოსა და ბიუჯეტს, უსაფუძვლოდ არღვევს მათთვის კანონით გათვალისწინებულ უფლებებსა და სამართლიანი კონკურენციის პირობებს“. შპს „სტადიონის“ 100%-იან წილს აჭარის მთავრობა ფლობს.
შპს „სტადიონმა“, რომელიც უკვე მეხუთე თვეა საფეხბურთო სტადიონს ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე აშენებს, მიმდინარე წლის 11 აპრილს შესაბამის ტენდერში გამარჯვებულიგამოავლინა – „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“. მეტიც, ეს კომპანია შპს „სტადიონმა“ ხელშეკრულების გასაფორმებლადაც მიიწვია. თუმცა, 30 აპრილს ტენდერი ისევ შერჩევა-შეფასების ეტაპზე დააბრუნა.
„კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ საჩივრიდან:
„2018 წლის 16 აპრილს შპს „სტადიონს“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს პირებმა, რომლებიც არ იყვნენ პრეტენდენტები და, შესაბამისად, არც დაინტერესებული მხარე. შპს „სტადიონმა“ საჩივრის ავტორებს უარი უთხრა საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ საჩივარი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი სუბიექტების მიერ.
ამის მიუხედავად, შემსყიდველს გაეგზავნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კორესპონდენცია და აშკარა ინსტიტუციური ზეწოლის ნიშნებით შემსყიდველმა ბათილად ცნო ყველა განვლილი პროცედურა – შესაბამისი 3 ოქმი, ხოლო 2 ოქმი ძალაში დატოვა.
ჩვენს მიერ სადავოდ მიჩნეულ ოქმში სატენდერო კომისიის მსჯელობის მთავარი ქვაკუთხედი არის ის, იყო თუ არა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის 2012 წლის 9 ნოემბერს გაცემული სერტიფიკატი პროექტის მენეჯერისათვის განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განვმარტავთ და დავების საბჭოზე წარმოვადგენთ სათანადო დოკუმენტაციას:
[checklist]
შემსყიდველის მიერ ეგრეთ წოდებული გადამოწმება არის მიზანმიმართული შეცდომა / ბუნდოვანება, ვინაიდან იურისპრუდენციაში ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მთავარია მისი შინაარსი და არა ფორმა ან სათაური. შემსყიდველის მიერ ამ საკითხის ხელახლა განხილვა მაშინ, როდესაც გამარჯვებული პრეტენდენტი მიწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად, ბადებს ზეწოლისა და ტენდერის ხელოვნურად, მიზანმმიმართულად შეწყვეტის განზრახვის ეჭვს.
გაცემული სერტიფიკატი შინაარსობრივად არის სატენდერო მოთხოვნის ექვივალენტური, რაზედაც კომისიას არ უმსჯელია [რასაც დავასაბუთებთ სხდომაზე დოკუმენტურად]. საჩივრის ზეპირი განხილვის სტადიაზე წარმოვადგენთ შესაბამის მტკიცებულებას, რომელიც გააბათილებს შპს „სტადიონის“ შესყიდვების კომისიის მიერ არასრულად და მიკერძოებულად გამოკვლეულ გარემოებას“.
[/checklist]
„სტადიონის“ სადავო ოქმის შედეგად ვიღებთ შემდეგს: საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვას [თუ-კი არსებობს კონკურენტი, რომელსაც უფრო მაღალი ფასი აქვს შეთავაზებული] ან ტენდერის შეწყვეტას, რაც თავის მხრივ, აღარ საჩივრდება. ორივე შემთხვევაში სახეზეა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის საზიანო შედეგი: ბათუმში სტადიონის მშენებლობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, მშენებლობის ზედამხედველობა კი არ ხორციელდება. სახეზეა სხვადასხვა გზებით მავანთა მხრიდან არასახელმწიფოებრივი შედეგის მიღება, იმ ფონზე როდესაც სტადიონის მშენებლობის ფაზა დაწყებულია!“ – აცხადებს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“.
კომპანია აცხადებს, რომ ტენდერში მათ მიერ წარდგენილი სარეკომენდაციო წერილების ავტორებთან „დღემდე მიმდინარეობს პირდაპირი ზეწოლა და ზეგავლენა. სამწუხაროდ, შპს „სტადიონმა“ ამ გამოწვევას ვერ გაუძლო!“.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“. კომპანიაში გვითხრეს, რომ დამატებით კომენტარებს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში ჩანიშნული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
„ასევე საყურადღებოა თვით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ქმედება, რაც ასევე აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს ვივარაუდოთ სატენდერო პროცედურაში დაინტერესებული მხარე(ებ)ის ჩარევა, რაზედაც ბუნებრივი სამართლებრივი რეაგირება გვექნება, რაც გამოიხატება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ზემდგომის, საქართველოს მთავრობის წინაშე გამოვხატოთ პროტესტი და გამოვიყენოთ ყველა შესაძლო სამართლებრივი გზა საერთაშორისო კომპანიის სახელით“, – აღნიშნულია საჩივარში.
შპს „სტადიონის“ მიერ საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე გამოცხადებული ტენდერი ადრეც რამდენჯერმე გაასაჩივრეს.
მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის 3,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ, როგორც მათ მიერ მიღებული ოქმებიდან ჩანდა, შეისწავლა ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ ყველა დოკუმენტი და ეს კომპანია მიიწვია ხელშეკრულების გასაფორმებლად. მომსახურებისთვის ყველაზე დაბალი თანხა – 2 მილიონ 847 ათას ლარი – სწორედ „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ ჰქონდა შეთავაზებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან მიღებული რეკომენდაციით კი, კომისიამ მის მიერ ადრე მიღებული ოქმები გააუქმა და სატენდერო პროცედურები შერჩევის ეტაპზე დააბრუნა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 24 მარტს ბათუმში, ჯელალ ქიქავასა და მის თანხმლებ ორ პირზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბრალი წარუდგინეს ინციდენტში მონაწილე 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, 1984 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს და 1994 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს. სამივე მათგანი სპორტსმენია. შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირები დაფიქსირებულნი არიან სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ინციდენტის თვითმხილველები. გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა თავდამსხმელების შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მარშრუტი.
შსს-ს ცნობით, გამოკითხვისას მ.ვ.-მ, ზ.კ.-მ და ტ.კ.-მ ჯელალ ქიქავასა და მისი თანმხლები პირების ცემის ფაქტი აღიარეს და ინციდენტის მიზეზად ჯელალ ქიქავას მხრიდან მოჭიდავეების მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები დაასახელეს.
შს სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ჯელალ ქიქავა შესაბამისი უწყებით გამოძახებულ იქნა პოლიციაში, თუმცა მან გამოვლენილი პირების ამოცნობაზე უარი განაცხადა.
მ.ვ.-ს და ზ.კ.-ს ბრალი წარედგინათ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ტ.კ.-ს – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
___________________
ჯეჯალ ქიქავასა და მის თანმხლებ პირებს ბათუმში, 24 მარტს დაესხნენ თავს. თავად ჯემალ ქიქავა ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრის, ყოფილი მოჭიდავის, ოლიმპიური ჩემპიონის, მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს და უშუალოდ თავდასხმის ორგანიზატორი მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორი, ასევე ცნობილი მოჭიდავე, გოდერძი დავითაძე იყო.
გოდერძი დავითაძემ „ბათუმელებთან“ ქიქავას ცემასთან კავშირი კატეგორიულად უარყო: „რატომ მე, რადგან ნათესავი ვარ მუხრანის? მივხვდი ვისზე საუბრობთ, ჩემთვის მას [ჯელალ ქიქავას] არაფერი დაუშავებია და არანაირი ინტერესი არ მექნებოდა. მასსა და მუხრანს შორის რაღაც დიალოგი რომ შედგა, მახსოვს და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვისაც არ უნდა ეცემა და გაელახა, მუხრანისკენ გაიშვერდა ხელს. დადოს ფაქტები თუ შეუძლია და თუ ადასტურებს, დადოს სურათები და ვიდეოები და გამოძიება მოკიდებს ხელს ვისაც საჭიროა იმას“ – განაცხადა მან.
ჯელალ ქიქავას ბრალდებაზე კომენტარი არ გააკეთა საქართველოს პარლამენტარმა, მუხრან ვახტანგაძემ.
ნობელის პრემიის არსებობის 75-წლიანი ისტორიის განმავლობაში, წელს პირველად არ გაიცემა სექსუალური სკანდალის გამო პრიზი ლიტერატურაში. ნობელის პრემიის აკადემიის ერთ-ერთი წევრის მეუღლე, ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო, სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული.
არნო შვედი პოეტის, კატარინა ფრონტენსონის მეუღლეა და ის პრესტიჟული პრემიის აკადემიის წევრად 1992 წელს აირჩიეს. 2017 წლის ნოემბერში ჟან-კლოდ არნო სექსუალურ ძალადობაში თვრამეტმა ქალმა დაადანაშაულა. ძალადობის ადგილად მსხვერპლი ქალები ნობელის აკადემიის დაწესებულებებს ასახელებენ.
პრესტიჟული აკადემიის წევრის მეუღლესთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალის შემდეგ ნობელის კომიტეტმა მალევე მიიღო კატარინა ფრონტენსონის აკადემიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება. ჟან-კლოდ არნო ყველა ბრალდებას უარყოფს.
გარდა სექსუალური სკანდალისა, ნობელის პრემია კიდევ ერთი გაუგებრობის წინაშე აღმოჩნდა: გამჟღავნდა, რომ ნობელის კომიტეტის ზოგიერთი წევრი წლების განმავლობაში წინასწარ ამჟღავნებდა ლაურეატების ვინაობას, რაც წესების მიხედვით, მკაცრად არის აკრძალული.
პრემიის არსებობის ისტორიაში ერთადერთხელ, 1943 წელს არ გასცეს ნობელის პრიზი ლიტერატურის დარგში, მეორე მსოფლიო ომის მიზეზით.
წელს არშემდგარი ლიტერატურული ნობელის სანაცვლოდ, კომიტეტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, 2019 წელს ლიტერატურაში ორ პრიზს გასცემენ.
ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქალაქში შემოწმებული 35 სილამაზის სალონიდან დაჯარიმდა 15, შვიდი საჯარო სკოლიდან დარღვევა დაფიქსირდა ოთხ სკოლაში, ხოლო შემოწმებული 33 კერძო ბაღიდან დაჯარიმდა – 15.
ბათუმში საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, სალონების და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ზედამხედველობას მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება ახორციელებს. შესაბამისი პროგრამით – „სანიტარიული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა“, ქალაქის მერიას ამ კუთხით წელს 90 ათასზე მეტი ლარი აქვს გამოყოფილი.
გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, ისინი ობიექტებს სანიტარულ ზედამხედველობას უწევენ:
„კვების ბლოკებს, სურსათის ხარისხს ამოწმებს სურსათის უვნებლობის სამსახური. ჩვენ სისუფთავის ხარისხს ვადგენთ, თუმცა, სკოლებში ჯერ არ დაგვიწყია. ჯერჯერობით შევამოწმეთ 7 საჯარო სკოლა, აქ ლაბორატორიულად ვამოწმებთ განათებას. ამ კუთხით თითქმის ყველა მათგანში იყო დარღვევა – 4 სკოლაში განათება არ შეესაბამებოდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებს, სამში კი ნაწილობრივ შეესაბამებოდა“.
ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, შეესაბამება თუ არა განათება დადგენილ ნორმებს, ამისთვის ერთ სკოლაში მოწმდება 4 საკლასო ოთახი, თითო ოთახში კი სამი წერტილი.
ვინაიდან ტექნიკური რეგლამენტი სკოლის დაჯარიმებას არ ითვალისწინებს, შესაბამისი სკოლის დირექტორებს რეკომენდაციებს წერილობით გადაუგზავნიან.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, „33 კერძო ბაღი შემოწმდა. აქედან ხუთ შემთხვევაში ბაღები დაჯარიმდნენ, როგორც სისუფთავის, ასევე კალორიულობის მხრივ შეუსაბამოებების გამო. მუნიციპალური ბაღებიდან კი შემოწმდა 21 და არცერთი დარღვევა, სტანდარტებიდან გადახრა არ დაფიქსირებულა“ – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.
მისივე თქმით, დარღვევები არც იმ სტომატოლოგიურ დაწესებულებებში გამოვლენილა, რომლებიც მიმდინარე წელს შეამოწმეს: „სტომატოლოგიურებს ვამოწმებთ სტელირობაზე – ერთ სტერილურ შეფუთვას ვიღებთ, არის შიგ რამდენიმე ინსტრუმენტი და ვამოწმებთ ლაბორატორიულად. 86 კლინიკა შემოწმდა და არცერთ მათგანში ნორმებთან შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა“.
სილამაზის სალონების შემთხვევაში კი, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში შემოწმებული 11 სალონიდან 11-ვე დაჯარიმდა. დღემდე კი [ამ 11-ის ჩათვლით] ბათუმში შემოწმდა 35 სალონი, დარღვევა დაფიქსირდა და შესაბამისად დაჯარიმდა, 15 სალონი. „8 შემთხვევაში არასტერილური ინსტრუმენტების გამო; 3 შემთხვევაში კი სალონი საერთოდ არ იყო რეგისტრირებული – ანუ ეკონომიკური საქმიანობის უფლებაც არ ჰქონდა; 4 სალონში კი დეზინფექციის და ნარჩენების შეგროვების წესების დარღვევა დაფიქსირდა“ – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.
მერიის სამსახური სეზონთან დაკავშირებით ახლა იწყებს სასტუმროების და საცურაო აუზების შემოწმებას – სისუფთავის ხარისხსა და აუზებში წყლის ქიმიური და ბაქტეოროლოგიურ მაჩვენებლებზე. გასულ წელს, ამ კუთხით სამი საცურაო აუზი იქნა დაჯარიმებული.
58 წლის ახმედ სვანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადიდში ცხოვრობს. სვანიძეების ოჯახში აკვნის კეთება ერთგვარი ტრადიციაა, ხელობა მას მამამ ასწავლა და შეაყვარა, მან კი თავის შვილს, ჯაბას გადასცა ეს ცოდნა.
ახმედ სვანიძე
ახმედ სვანიძე ამბობს, რომ პირველი აკვანი 15-16 წლის ასაკში გააკეთა, იქედან მოყოლებული დღემდე 600-მდე აკვანი აქვს გაკეთებული. მასალად ძირითადად თხემლას იყენებს. ყვება, რომ მის მიერ მომზადებული აკვნით არაერთი ოჯახი გაუხარებია. ყოფილა შემთხვევა, როცა მისი აკვანი თბილისშიც წაუღიათ და ტაშკენტშიც.
დღეს ახალშობილებს აკვანში აღარ აწვენენ, ამიტომ სვანიძეების ოჯახი უკვე პატარა, სათამაშო აკვნებს ამზადებს. პატარა აკვნის ფასი 15 ლარია, დიდ აკვანს კი 100-120 ლარად ამზადებენ.
სოფელ მარადიდში ახლა სულ 3-4 ადამიანი დარჩა, ვინც აკვნებს აკეთებს.
ახმედ და ჯაბა სვანიძეების მიერ დამზადებული სათამაშო აკვნები
ტრეფიკინგში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გ.ს.-მ უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში მ.ხ. მსხვერპლმა იცოდა, რომ ის რესტორანში მიმტანად იმუშავებდა.
„გ.ს.-მ საქართველოში ჩამოსული მ.ხ. საცხოვრებლად მოათავსა ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში, რის შემდეგ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით, იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და პროსტიტუციაში ჩაბმა. 2018 წლის 4 თებერვლიდან 11 მარტამდე, სექსუალურ ექსპლუატაციის მიზნით, გ.ს.-ს დაზარალებული სისტემატიურად გადაჰყავდა ბათუმში და ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბში, რესტორანსა და სასტუმროში, ახორციელებდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალის წარდგენამდე გ.ს. მიიმალა. გუშინ, 3 მაისს, ბრალდებულის დასაკავებლად ძებნა გამოცხადდა.
გ.ს.-ს გამოძიება ტრეფიკინგში ადანაშაულებს, რაც ჩადენილია დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სასჯელი 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესამე დღეა საამქროს მუშები გაფიცულნი არიან, ისინი შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ კომპანია რვა საათის ნაცვლად 12 საათს ამუშავებს, თუმცა ხუთი საათის სამუშაოს უნაზღაურებს.
„ბათუმელები“ გაფიცულ მუშებს ესაუბრა. „ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ვაშენებთ კოტეჯებს მუშებისთვის. გავიფიცეთ იმისთვის, რომ ჩვენი შრომითი უფლებები ირღვევა,“ – გვითხრა ერთ-ერთმა გაფიცულმა მუშამ, ედიშერ მუთიძემ.
ედიშერ მუთიძე ამბობს, რომ მათ კომპანიის წარმომადგენლები რვა საათის ნაცვლად 12 საათს ამუშავებენ, თუმცა ანაზღაურება შესაბამისი არ არის.
„საქართველოს კანონმდებლობით, არსებობს რვასაათიანი სამუშაო. ეს კანონი დარღვეულია, თუმცა პრობლემაა ის, რომ ზეგანაკვეთურის ანაზღაურება არ ხდება. ჩვენ რეალურად ხუთი საათის ნაშრომს გვიხდიან. ასეთ პირობებში უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ,“ – ამბობს ედიშერ მუთიძე.
გაფიცული მუშები ამბობენ, რომ კომპანიის მხრიდან იყო საუბარი შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე, თუმცა არაფერი შეიცვალა.
„ახლა გვეუბნებიან, თუ არ მოგწონთ, წადითო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ შევაჩეროთ მუშაობა და მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა,“ – ამბობს მუთიძე.
მისი თქმით, ამ დროისთვის, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 40 მუშა პროტესტის ნიშნად მუშაობას წყვეტს. გაფიცული მუშები ბათუმში ოპიზრების ქუჩაზე არსებულ საამქროში იმყოფებიან.
„ბათუმელები“ საქართველოს საგზაო დეპარტამენტსაც დაუკავშირდა და ჰკითხა, იციან თუ არა მუშების გაფიცვისა და მათი შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ. დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ისინი დამსაქმებლისა და მუშების ურთიერთობაში ვერ ჩაერევიან: „კონტრაქტორი კომპანია ჩვენ არ გვითანხმებს ვის ქირაობს და რამდენს, რა ხელშეკრულებას უფორმებს. მას უბრალოდ ვალდებულება აქვს, შეასრულოს სამუშაო“.
გაფიცული მუშების თქმით, კონტრაქტორი კომპანია არის „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი“. „ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანიას, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მათ კომენტარი არ გააკეთეს.
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 40 მუშა, მათი შრომითი უფლებების დარღვევის გამო, გაიფიცა. ფოტო: როინ გუნდაძე
ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ჯუმბერ კობალაძე უხელმძღვანელებს. ჯუმბერ კობალაძე 2010-2014 წლების მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი იყო. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი ჯუმბერ კობალაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მეათე ნომერი იყო, თუმცა საკრებულოში შესვლა ვერ შეძლო.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სერვისების სააგენტო ზედამხედველობას გაუწევს სერივისცენტრებს, რომელთა შექმნასაც მერია ტერიტორიულ ორგანოებში გეგმავს და ასევე, მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურების მუშაობას.
საქალაქო, ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება კი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ვლადიმერ ხინთიბიძეს ანდო. ის მერიაში წლების განმავლობაში შესყიდვების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ბათუმის წინა მერმა, გიორგი ერმაკოვმა, ვლადიმერ ხინთიბიძე კეთილმოწყობის სამსახურში გადაიყვანა და იგი დღემდე ამ სამსახურში მუშაობდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 4 მაისს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭო აჭარის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში „ევექსის“ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღეს საბჭო სამინისტროში ოთხ საათზე შეიკრიბება.
კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავს საბჭო, ამის შესახებ სააგენტოში ინფორმაცია არ გაამხილეს, თუმცა გვითხრეს, რომ საბჭოზე გასულ საკითხებზე გადაწყვეტილებები დღესვე გახდება ცნობილი.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საბჭოს სხდომას თემურ გაბაიძის ოჯახის წევრები დაესწრებიან.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში ჰქონდა დასკვნა იმის შესახებ, თუ რა დარღვევები გამოიკვეთა პაციენტის სამედიცინო ისტორიაში, თუმცა საკითხზე საბჭოს, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს, ამ დრომდე არ უმსჯელია.
ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოში რომ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა ჭიანურდება, ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშშიცაა აღნიშნული.
თემურ გაბაიძე გასულ წელს, კუროტ „გოდერძიზე“ დაშავდა და დაშავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი სამედიცინო ისტორია საქართველოს სამედიცინო საქმიანობის სააგენტომ გარდაცვლილის ოჯახის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა და რამდენიმე დარღვევა დაადგინა.
კერძოდ:
სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები კი არაადეკვატური იყო.
ოპერაციისას, ანესთეზიის დროს, დაშვებული იყო შეცდომა და გამოყენებული იყო მინიმალურ დოზაზე ნაკლები პრეპარატი, ასევე ოპერაცია მიმდინარეობდა არასაკმარისი ანალგეზიის პირობებში.
არ ჩატარებულა ინფექციონისტის კონსულტაცია და ანტიკონვულსური (გვერდითი მოვლენები) თერაპია დაინიშნა არაადეკვატური სქემით და ა.შ.
სამედიცინო საქმიანობის სააგენტომ პროფესიული განვითარების საბჭოს სამი ექიმის [შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმი, ხათუნა გელაშვილი, შპს „უნიმედი აჭარას“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები: გიორგი კავთელაძე და მაია მამისაიშვილი] პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე მიმართა.
ავარია მოხდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ხელოვნების მუზეუმის მიმდებარედ. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ამ წუთებში გორგილაძის ქუჩა გადაკეტილია. ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა მსუბუქად, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, თურქეთში მედიკამენტების დაბალ ფასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. სერგეენკოს თქმით, საქართველოსთან შედარებით, თურქეთში წამლების დაბალ ფასს დიდი ბაზარი და სახელმწიფოს ჩართულობა განაპირობებს:
„ჩვენგან განსხვავებით თურქეთმა, როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ისე ფარმაწარმოებაში.
მეორე ის, რომ თურქეთი მოსახლეობის მხრივ საკმაოდ დიდ ბაზარს წარმოადგენს და სახელწიფო მძლავრი ჩართულობის გამო თურქეთს საერთაშორისო მწარმოებლებთან აქვს მოლაპარაკება, რომ მათ გააკეთონ ე.წ. წარმოების ლოკალიზაცია, ანუ სხვა ქვეყნების დიდმა ფარმაკომპანიებმა აწარმოონ თურქეთში და ეს ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
მესამე ის, რომ თურქეთმა მოახერხა რამდენიმე წლის წინ რეგიონის კონსოლიდირებულ შესყიდვაში, როდესაც რამდენიმე ქვეყანა გაერთიანებული ძალებით ყიდულობს ერთსა და იმავე წამალს და ესეც არის ფასდაკლების ბერკეტი,“ – განაცხადა სერგეენკომ.
იმისთვის, რომ 112-ს ანუ გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაუკავშირდეთ, ტელეფონზე დარეკვა საჭირო აღარ არის. 112-ს მობილური აპლიკაცია აქვს, რაც საშუალებას იძლევა, ყოველგვარი საუბრის გარეშე, SOS ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, პოლიცია გამოიძახოთ.
112-ის მობილური აპლიკაცია ბათუმში ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ერთ-ერთმა დაზარალებულმა გამოიყენა. დაზარალებულის ახლობელი „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ ქალმა პოლიციის გამოძახება ტელეფონზე დალაპარაკების გარეშე შეძლო.
„112-ის მობილური აპლიკაცია არის ეფექტური კომუნიკაციის საშუალება, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შესთავაზა 112-მა საზოგადოებას. მობილური აპლიკაციის გამოყენება ნებისმიერ პირს შეუძლია, ვისაც ახალი თაობის მობილური ტელეფონი აქვს,“ – ამბობს მაია გიორგაძე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე.
მობილური აპლიკაციის გადმოწერა play store-დან არის შესაძლებელი. აპლიკაციის სახელწოდებაა 112 Georgia. რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ პირადი მონაცემის და საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანა, რომელსაც მობილურ ტელეფონზე მიიღებთ. აპლიკაციას აქვს SOS ფუნქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ თითის დაჭერით შევა 112-ში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენ დახმარება გჭირდებათ. მობილურ ტელეფონში ამ დროს გააქტიურებული უნდა იყოს GPS სისტემა, რომ პოლიციელებმა თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ მიიღონ ინფორმაცია.
„თუკი GPS გააქტიურებული არ არის, აპლიკაცია შეგეკითხებათ, გსურთ თუ არა მისი გააქტიურება. ამისთვის დამატებით რამდენიმე წამი დაიკარგება, თუ GPS გააქტიურებული არ არის, ადგილსამყოფელი ვერ დადგინდება. 112-ის მობილური აპლიკაციის კიდევ ერთი ფუნქციაა ჩათი, სადაც მომხმარებელს შეუძლია მისწეროს 112-ის ოპერატორს. მნიშვნელოვანია, რომ მობილურ ტელეფონში ინტერნეტი რომ არ იყოს ჩართული, შეტყობინება მაინც მივა 112-ის ოპერატორთან მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით,“ – განმარტავს მაია გიორგაძე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე.
112-ის მობილური აპლიკაციით ასევე შესაძლებელია სატელეფონო ზარის განხორციელება. მაია გიორგაძის თქმით, ეს ზარი სტანდარტული სატელეფონო ზარისგან განსხვავდება იმით, რომ 112-ის ოპერატორი დამატებით კითხვებს თქვენს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით აღარ დაგისვამთ, თუკი მობილურში GPS სისტემა გააქტიურებულია.
მობილური აპლიკაციის ეს სერვისი მიმდინარე წლის თებერვალში ამოქმედდა. 112-ში გვითხრეს, რომ ამ დრომდე დაახლოებით 12 ათასმა პირმა ჩამოტვირთა აპლიკაცია.
რამდენმა პირმა გამოიყენა 112-ის მობილური აპლიკაცია და რომელ დანაშაულებზე გამოიყენეს ძირითადად მოქალაქეებმა უხმოდ პოლიციისთვის მიმართვის სერვისი – შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მონაცემების მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო.
„იყენებენ, მაგრამ უფრო მეტ დაინტერესებას და აქტიურობას ვისურვებდი,“ – დასძენს მაია გიორგაძე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე.
საქართველოს რკინიგზამ მდინარე რიონის კალაპოტის შეცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები წარმატებით დაასრულა.
წლების განმავლობაში, რიონის შეცვლილი კალაპოტი ქუთაისი-ბათუმის გზაგამყოფზე მდებარე სარკინიგზო ხიდის ბურჯებს აზიანებდა და ქუთაისის მიმართულების სარკინიგზო გზის მიწის ვაკისის ეტაპობრვ ჩამოშლას იწვევდა. 2017 წლის დეკემბერში საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, ინტენსიური სამუშაოები დაიწყო.
მძლავრი ტექნიკისა და სპეციალისტების დახმარებით, რიონის კალაპოტი შეიცვალა და მოეწყო დამცავი კედელი. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, არსებულ მონაკვეთზე შეუფერხებელი იქნება მოძრაობა.
ბათუმის მერია ბაგრატიონის #127-ში 5429 კვ/მ მიწის ნაკვეთს 1 მილიონ 47 ათას 700 ლარად და პირობით ყიდის. პირობა ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის ცხრა მესაკუთრისთვის იმავე ტერიტორიაზე სამსართულიანი სახლის უსასყიდლოდ მშენებლობას ითვალისწინებს.
აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა მშენებლობის დაწყება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის, დასრულება კი – 18 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. გათვალისწინებულია სამსართულიანი სახლის აშენება მანსარდით, 10 საცხოვრებელი ფართობით.
აუქციონში გამარჯვებულმა ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით უნდა აიღოს ვალდებულება, მშენებლობის დაწყებამდე აწარმოოს დაკვირვება მეზობლად, ჯინჭარაძის N14-ში მდებარე N2 შენობაზე, რომელიც დაზიანდა აფეთქების შედეგად. არსებულ ბზარებზე ყალაურების დადების გზით, დაკვირვება ასევე უნდა გაგრძელდეს დანგრეული შენობის (N1) ადგილზე ახალი მშენებლობის განხორციელებისას, რისთვისაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროა სამშენებლო მოედნის გარშემო არსებულ შენობებს მშენებლობის დაწყებამდე ჩაუტარდეს წინასწარი ექსპერტიზა მათი მდგომარეობის დასაფიქსირებლად.
სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას N2 შენობის მდგომარეობის საშიშ დონემდე მიღწევის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია იმოქმედოს მითითებული დასკვნის შესაბამისად და საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით განახორციელოს შენობის გამაგრება.
აუქციონის პირობები ითვალისწინებს ასევე, რომ შემძენმა უკვე აშენებული საცხოვრებელი ბინები დაინტერესებულ პირებს გადასცეს შემდეგ მდგომარეობაში:
სანტექნიკური დგარები [ცივი წყალი, კანალიზაცია]; ჩართული საკომუნიკაციო ქსელები [ცივი წყალი, კანალიზაცია, ტრაპი]; ბინის კონტურის კედლები; ბინის შიდა ტიხრები; ფანჯრები; კარები; ტიხრებისა და კონტურის კედლების შელესვა; შეღებილი შიდა კედლები; ელექტროგაყვანილობა [თითო ოთახზე ორი ელ. წერტილი]; ოთახებში დაგებული ლამინირებული პარკეტი; დამონტაჟებული შიდა კარები; კეთილმოწყობილი სამზარეულო [ავეჯის გარეშე]; კეთილმოწყობილი სველი წერტილები. მოწესრიგებული სადარბაზო, ფასადი და სახურავი. აუქციონში გამარჯვებულმა საკუთარი ძალებით უნდა უზრუნველყოს საცხოვრებელი სახლის ცენტრალურ კომუნიკაციებთან მიერთება.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ასევე, საკუთრებაში გადაცემულ 5429 კვ/მ მიწის ნაკვეთზე უზრუნველყოს მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა.
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს. მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის ხელმძღვანელმა პირებმა ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
სპორტული კომპლექსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ტერიტორიის რკინა-ბეტონით საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც საძირკვლის შევსების, მონოლითური რკინა-ბეტონის სვეტებსა და კედლების მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტის ფარგლებში, პარალელურად ტერიტორიის ეზოს და პარკირების ადგილის ფუძის მოწყობა ხორციელდება. სამუშაოებში დღეისათვის 60 ადამიანია დასაქმებული. ზურაბ პატარაძის თქმით, ახალი სპორტის სასახლე მრავალფუნქციური სპორტული ობიექტია, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს და რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ტურნირებს უმასპინძლებს.
სპორტული კომპლექსი 3400 მაყურებელზეა გათვლილი
3400 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო ფართი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრია და იქ სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის 10-ზე მეტი დარბაზი განთავსდება. გარდა ძირითადი ფუნქციონალური დარბაზებისა, თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, VIP ზონა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე გასახდელები და სხვა დამხმარე ობიექტი მოეწყობა. შენობას, ასევე, ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული. მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 61 977 777 ლარი. მშენებლობას კომპანია „საბა-კონტრაქშენი“ ახორციელებს და მისი დასრულება მომავალი წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.
ზურაბ პატარაძემ რეგიონში მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ბათუმში ოთხი სეზონის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ზურაბ პატარაძე
,,როგორც ხედავთ, აჭარაში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული მეგაპროექტების მშენებლობა. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ სხვადასხვა ობიექტების მონიტორინგს. ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად დაინტერესებულია ტურიზმის სექტორის დივერსიფიცირებაზე. ტურიზმის განვითარებაზე საუბრისას, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის სპორტული ტურიზმი. სწორედ იმისათვის, რომ რეგიონი 12 თვის განმავლობაში იყოს მასპინძელი სხვადასხვა მნიშვნელოვანი, საინტერესო ღონისძიებების შენდება ნამდვილად უნიკალური, მრავალფუნქციური სივრცეები“- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
გუშინ, 2 მაისს, ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ ზაზა ხალვაშის ფილმის – „ნამეს“ ჩვენება დასრულდა. რეჟისორი ფილმზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, მასვე ეკუთვნის ფილმის სცენარიც. „ნამე“ ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით გადაიღეს და საქართველო-ლიტვის ერთობლივი ნამუშევარია.
„ნამე“ გასულ წელს ტოკიოს 30-ე კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშიაჩვენეს. მთავარ როლს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, მარისკა დიასამიძე ასრულებს. ასევე მონაწილეობენ ხულოს დრამატული თეატრის მსახიობები: ედნარ ბოლქვაძე, როინ სურმანიძე, თეა ქამადაძე, ლაშა აბულაძე და რამაზ ბოლქვაძე.
მაღალმთიანი აჭარის სოფელში ახალგაზრდა ცისნამი, იგივე ნამე, მოხუც მამასთან ერთად ცხოვრობს. მოხუცი სოფლის მკურნალია – ფილმში შემთხვევითი არ არის გოგოს სახელი – ცისნამი, ის სოფლის მცხოვრებლებს წყლით მკურნალობს. ყველას სჯერა, რომ გოგოს ზებუნებრივი ძალა აქვს.
მოხუცი მამა დარწმუნებულია, რომ სწორედ ნამემ უნდა გააგრძელოს ოჯახში მკურნალობის ტრადიციები, ამისთვის კი მსხვერლია საჭირო: გოგო მთელი ცხოვრება მარტო უნდა იყოს. „სხვანაირი ხარ, თავიდან გაგიჭირდება, თევზიც მარტოა ამდენი ხანია და ძლებს, ასეა ადამიანიც, შეეგუები“, – ამბობს მოხუცი მამა შვილის გასამხნევებლად. ნამესავით მარტო მყოფი ცოცხალი თევზი მკურნალობის ზებუნებრივი რიტუალის ნაწილია.
ნამეს სამი ძმა ჰყავს: ქრისტიანი მღვდელი, მუსლიმი მოლა და ათეისტი მასწავლებელი. ყველა ურყევადაა დარწმუნებული საკუთარ ჭეშმარიტებაში. ქრისტიანი მღვდელი ეკლესიას აშენებს, მოლა – მეჩეთს, მასწავლებელი დროს ძირითადად სკოლაში ატარებს – სამივეს სხვადასხვა სიმართლე და პრინციპები აქვს.
ცალ-ცალკე სამივე უზენაეს ღირებულებებს ქადაგებს, თუმცა რეალურად ვერცერთი ჭეშმარიტება ვერ ათავისუფლებს ძმებს – სინამდვილეში ერთმანეთთან ურთიერთობაც კი უჭირთ. საკუთარი პრინციპები მათთვის სიმბოლურ ციხეებადაა ქცეული, სადაც თითოეული მათგანი უნდა გამოიკეტოს: ქრისტიანი მღვდელი ეკლესიას აშენებს ცალკე, მოლა – მეჩეთს, ათეისტი დროს სულ სკოლაში ატარებს. ყველა საკუთარ ნაჭუჭშია გამოკეტილი. ფილმის მსვლელობისას სულ გაკლია ადამიანური ურთიერთობების ფეიერვერკი, რაც არა და არ ჩნდება არც ერთ კადრში.
კადრი ზაზა ხალვაშის ფილმიდან „ნამე”
ყველა მარტოა. ყველა ცალ-ცალკეა. ყველა მტკიცებით ფორმაში საუბრობს. ყველა სერიოზული და მოწყენილია. ყველას მხოლოდ საკუთარი თავის სჯერა. თუმცა ძმებს მამასთან შეკრებისას ერთხელ მაინც გამოსდით სამ ხმაში ერთად სიმღერა. სხვა მუსიკა, მელოდია ან მცირე მუსიკალური აქცენტებიც კი ფილმში იშვიათად ჟღერს. ისმის მხოლოდ გარემოს ხმები: წვიმის, ქარის, თოვლის და ყველაფრის, რისი ხმაც ადამიანების მარტოობისას შეიძლება გაიგონოთ: წყლის დასხმის, კარის ჭრიალის, ნაბიჯების ჩქამი.
ადამიანების დუმილი და მუსიკის ნაკლებობა საშუალებას გაძლევს, თითოეული კადრი ფოტოებად აღიქვა და ამბავი ქმედებებში დაინახო. „ნამეში“ ვერ ნახავთ სიუჟეტის დინამიურ განვითარებას, ფილმი ადამიანების სტატიკურ, სევდიან მდგომარეობაზე გიამბობთ, რაც ლოგიკური შედეგია ფიქრისა და განსჯისგან დაცლილი გარემოსთვის, სადაც ყველას მხოლოდ საკუთარი სიმართლის სჯერა.
ერთადერთი ადამიანი, ვინც ყველაფერში დაეჭვებულია და კითხვებს სვამს, ნამეა. მას არწმუნებენ, მაგრამ თავად არ ესმის, რატომ არის „სხვა“. ისიც იცის, რომ სინამდვილეში ადამიანებს, უბრალოდ, სჯერათ წყლით მკურნალობის, სინამდვილეში შესაძლოა ყველა თავს იტყუებს. ამავე კითხვას უსვამს ღვთისმსახურ ძმასაც სამლოცველოში. „აქ მოსულიც თავს იტყუებს?“ – პასუხი, რა თქმა უნდა, არ ჩანს.
ნამეს ცხოვრება სჭირდება, ისე, როგორც სხვები ცხოვრობენ. სოფლიდან რაიონში ჩადის. პომადას, თვალის ჩრდილებს ათვალიერებს, თუმცა ყიდვას ვერ ბედავს. არ სურს „სხვად” ყოფნა, ჩვეულებრივი გოგოობა ურჩევნია.
სიმბოლურია ფილმის ერთ-ერთი სცენა, სადაც სოფლის შარაგზა ორად იყოფა, ერთ გზას სოფლის მცხოვრებლები მიუყვებიან ჯგუფად სიმღერ- სიმღერით, პარალელურად მეორე გზას მიუყვება მარტო ნამე. სოფლის მხიარულებაში ის არ ერევა, ნამე მაინც „სხვაა“, რადგან მთელი სოფელი ასე ამბობს, რომ „სხვაა“.
ასე ამბობენ ოჯახის წევრებიც, ყველას მის ირგვლივ გადაწყვეტილი აქვს ვინ არის და როგორი უნდა იყოს ნამე. მხოლოდ თვითონ მიიჩნევს, რომ ჩვეულებრივი გოგოა. ჩვეულებრივად გაიცნობს მერაბსაც. „სხვად“ ყოფნის წესებს არღვევს და მერაბს ხვდება. თუმცა მათ შეხვედრებში მხოლოდ შიში, სირცხვილი და გაურკვევლობა ჩანს.
კადრი ზაზა ხალვაშის ფილმიდან „ნამე”
მერაბისგან დაბრუნებული ნამე თევზს, რომლის გარეშეც მკურნალობა ძალას კარგავს, ტბაში უშვებს. ამ თევზს ოჯახში დიდხანს, რუდუნებით უვლიდნენ. თევზის გათავისუფლებით ნამე უარს ამბობს ილუზიებზე, თავსმოხვეულ შეხედულებებზე და ერთადერთი პერსონაჟია ფილმში, ვისაც გაბატონებული წესებისგან გათავისუფლების ძალა აქვს. ნამემ იცის, რომ გათავისუფლების გზა მარტივი არ იქნება და თევზის გაშვებისას თავს შელოცვით შველის:
„ავმა სულმა შეგაშინა,
რა სულმა შეგაშინა,
რა ადამიანმა შეგაშინა,
ყველა მის გზას მიდიოდა,
შენ რა გაშინებდა”
რა ბედი ელის ასეთ ქალს, როგორ გააგრძელებს ცხოვრებას, რა იქნება ნამეს ახალი გზა – ფილმის ერთ-ერთი მთავარი ღირსება არის ის, რომ არ მთავრდება იქ, სადაც მთავრდება და წარმოსახვისთვის დიდ სივრცეს, უამრავ კითხვას ტოვებს. პასუხი კი ყველას საკუთარი შეიძლება ჰქონდეს.
ცხინვალელმა მოსამართლემ, ფატიმა პარაესტაევამ დღეს, 3 მაისს, გადაწყვეტილება ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა. საქმე შეეხებოდა მეარაყიშვილის სარჩელს გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ. მეარაყიშვილი სტრუქტურას მის წინააღმდეგ საქმის უკანონოდ დაწყებაში ადანაშაულებდა.
სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ვიდეომიმართვა ბათუმში გამართულ მედიაკონფერენციაზე მოისმინეს. კონფერენცია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ მოაწყო. „ბათუმელები“ თამარ მეარაყიშვილის გამოსვლის ჩანაწერს გთავაზობთ:
„სამხრეთ ოსეთში არ არსებობს თავისუფალი მედია. არსებობს მხოლოდ მედია, რომელსაც ხელისუფლება აფინანსებს და აკონტროლებს. ერთადერთი გამონაკლისია რადიო „თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“, რომელიც აძლევს საშუალებას მკითხველს და მსმენელს, გაიგოს ის, რასაც ხელისუფლება უმალავს ხალხს. პრობლემებიც შესაბამისია.
ცხინვალში არა მარტო ჟურნალისტები აწყდებიან პრობლემებსა და წინააღმდეგობებს, არამედ რესპონდენტებიც, მაგალითად, მე ამჟამად მაქვს სასამართლო დავა და ჩემ წინააღმდეგ დაწყებულია სამართლებრივი დევნა, როგორც „ეხო კავკაზას“ მუდმივი რესპონდენტის მიმართ. ხელისუფლება ამ გზით ცდილობს ჩემზე, როგორც რესპონდენტზე, მოახდინოს ზეწოლა. პროკურატურისგანაც ეს ფრაზები ისმის გამუდმებით, როდის დაანებებ შენ თავს განცხადებების გაკეთებას და ინტერვიუების მიცემას. არც ერთი საქმე, რაც ამ რადიოსთან თანამშრომლობის შემდეგ აღიძრა, პროკურატურას არ გამოუძიებია. ეს საქმეები გაყინულია.
ცოტა ხნის წინ ცხინვალში ერთ-ერთ ჟურნალისტს – ირინა ქელეხსაიას შეექმნა პრობლემა, უხეში ჩარევა იყო მის ჟურნალისტურ საქმიანობაში. მან პრეზიდენტ ბიბილოვთან დაკავშირებით დაწერა არასასიამოვნო ინფორმაცია და მეორე დღეს მისი სამსახურიდან დათხოვნა მოსთხოვა პრეზიდენტმა ირინას ხელმძღვანელს. რედაქტორმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, შემდეგ ჩხრეკა ჩაატარეს ირინას ბინაში.
მე ვფიქრობ, რომ კონფლიქტებთან დაკავშირებით ნამდვილად არის ქართული მედია სოლიდარული. ჩემი დაკვირვებით, მედია შესაძლოა ცდილობდეს, რომ პირველმა გადასცეს ამბავი, რომელიც რეზონანსს გამოიწვევს, მაგრამ მედია სოლიდარულია. ამ სოლიდარობის დამსახურებაა, რომ მე არ ვარ მარტო.
ომიდან თითქმის ათი წელი გავიდა და არ დარჩა მედია, ვისთანაც არ მქონია ურთიერთობა. შემიძლია ვთქვა, რომ ქართული მედია ახლა უფრო იცავს აქ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებას, ვიდრე 2008-2009 წლებში. ხშირად შევხვედრივარ ფაქტებს, როცა ტელევიზიები რესპონდენტისგან ითხოვდნენ ისეთი პასუხის გაცემას, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ჟურნალისტები ცდილობდნენ, რომ უფრო დაძაბულად წარმოეჩინათ რეალობა.
ახლა ასე არ ხდება, სახეს უფარავენ რესპონდენტს, თუკი ეს მისი სურვილია, არ ხდება რესპონდენტების გამჟღავნება. ანონიმურად მეც ვთანამშრომლობდი ჟურნალისტებთან და გაუმჟღავნებიათ ჩემი ვინაობაც. აუცილებელია, უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების ყოფით პრობლემებს და ისეთ პრობლემებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება.
მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ჟურნალისტებმა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს, მეტი დრო უდნა დაეთმოს კონფლიქტების გაშუქებას, მეტი ანალიზი უნდა იყოს, მეტი ფიქრი უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ თანდათან ესეც იქნება. კარგი იქნება, უფრო მეტი ურთიერთობა აქაურ კოლეგებთან, ვგულისხმობ ცხინვალელ კოლეგებს, ვინც არის თავისუფალი მედიის წარმომადგენელი.
მე ყველას გიხდით მადლობას და ყველას მოგესალმებით. მადლობა იმისთვის, რომ ჩემ მიმართ ამ თვეების მანძილზე არის დაუღალავი ყურადღება. თქვენი მხარდაჭერის გარეშე, ამას ვერ შევძლებდი.“
2018 წლის აპრილში საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით თავდაუზოგავი საქმიანობისთვის ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გაეროს პრიზზე ადამიანის უფლებათა სფეროში და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზზე წარადგინა.
ადვოკატმა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა, დუმილი არჩია. მან სასამართლოს ჩვენება არ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა და მისმა სრულწლოვანმა შვილებმა სასამართლოს ჩვენება არ მისცეს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
„ეს არის ძალიან უცნაური გადაწყვეტილება. ასეთი პრაქტიკაში არ ყოფილა, არც უზენაესს სასამართლოს ჰქონია,“ – ამბობს ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე, რომელიც სასამართლოში ბრალდებული კაცის ინტერესებს იცავდა. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამამატყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების ერთობლიობას უნდა დაეყრდნოს, ამ საქმეში კი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაა, სადაც დაფიქსირებულია ფიზიკური დაზიანებები, რაც ადვოკატ ქალს მიაყენეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში სრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა მეუღლეს, მოქმედ ადვოკატს, ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი“.
ადვოკატ ნოდარ ბოლქვაძის თქმით კი, ბრალდებულმა დაზარალებული ქუჩაში შეურაცხყო.
„დაზარალებულმა ქუჩაში დაინახა ის, რომ ავტომანქანაში მისი ქმარი უცნობ ქალთან ერთად იჯდა. მან იეჭვიანა და ამ ქალის ცემა გადაწყვიტა. ქმარმა ცოლს ამის საშუალება არ მისცა და ამ დროს მიაყენა ფიზიკური დაზიანება. ბრალდებული გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებდა ფიზიკურ ძალადობას, მაგრამ ამას შეხება არ ჰქონდა ოჯახში ძალადობასთან. სასამართლოსთვის არც ბრალდებულს მიუცია ჩვენება, რადგან ცოლმა და შვილებმაც გადაწყვიტეს, ჩვენება არ მიეცათ. საბოლოოდ ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო,“ – გვითხრა ადვოკატმა.
„მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ქალბატონმა, რომელიც მოქმედი ადვოკატია და მისმა სრულწლოვანმა შვილებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი და იგი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო,“ – აღნიშნულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მსჯავრდებულს 150 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა, თუმცა მსჯავრდებულს ამ სასჯელის მოხდა არ მოუწევს.
„ინციდენტის შემდეგ ბრალდებული დააკავეს და ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 33 დღე. კანონით ერთი დღე პატიმრობა უდრის ხუთი დღე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას,“ – აღნიშნა ადვოკატმა ნოდარ ბოლქვაძემ.
ამ ეტაპზე უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა მსჯავრდებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„მოსამართლემ გვირჩია, გაასაჩივრეთო. საინტერესოა პრაქტიკის კუთხით, რას გადაწყვეტს ზემდგომი ინსტანცია,“ – დასძინა ადვოკატმა.
„ბათუმელები“ დაზარალებულ ქალს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს.
ბათუმის მერიის „იაფი სახლი-სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ ქვეპროგრამის ფინანსური აუდიტის მასალები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. საქმე ეხება ბათუმის მერიის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს.
„მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ 1 430 342 ლარის ზიანი“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომლის მასალებიც მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი.
აუდიტის მიხედვით, ბრიტანული ბანკი, რომელიც „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გარანტორი იყო, როგორც აღმოჩნდა, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა და, შესაბამისად, არც შემოსავლები ჰქონდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ კი 2016 წელს, მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მერიას მისთვის ავანსად 1 621 185 ლარი უკვე გადარიცხული ჰქონდა.
„იაფი სახლის“ პროექტი აუდიტის სხვა ანგარიშშიც მოხვდა, სადაც აღნიშნულია, რომ „ბათუმის მერიამ დაგეგმა და დაიწყო პროექტის განხორციელება იმ პირობებში, როდესაც არ ჰქონდა განსაზღვრული კონკრეტული სამიზნე ჯგუფები და პროგრამაზე მოთხოვნის დონე. არ ჰქონდა განსაზღვრული სამშენებლო პროექტის შესაბამისობა პროგრამის მოთხოვნებთან, საერთო ჯამში პროექტი ვერ განხორციელდა“.
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ქალაქის მერიამ ე.წ. იაფი სახლის მშენებლობა მეორედ დაიწყო. სამუშაოებს ამჯერად ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მტმ“-ი ასრულებს. მასთან მერიამ ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში გააფორმა. სატენდერო თანხა კი 2 478 444 ლარი იყო. ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობდა.
„იაფი სახლის“ აუდიტის დასკვნა ერთ-ერთია იმ 24 აუდიტიდან [ქვეყნის მასშტაბით], რომლის მასალებიც სახელმწიფო აუდიტმა 2018 წლის პირველ კვარტალში გადაუგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს.
გასულ, 2017 წელს კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აჭარის პროკურატურაში გადაიგზავნა შემდეგი მასალები:
[crosslist]
შპს „ჰიგიენა 2009“-ში საბიუჯეტო სახსრების შესაძლო მითვისების შესახებ;
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშის მასალები;
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშის მასალები.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ პრესის თავისუფლების დღის აღსანიშნავად გამართული კონფერენცია ბათუმში პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე ირინა ფუტკარაძემ საჯარო გამოსვლა სულხან სალაძეს შეაწყვეტინა – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს.
საჯარო გამოსვლის დროს სულხან სალაძემ, რომელიც წინა ორი წლის განმვალობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო, კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა, კონკრეტულად კი, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობაზე. მისი შეფასებით, დღეს არავინ ზომავს, რაში იხარჯება ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემული მილიონები. სულხან სალაძემ რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა დაასახელა, რაშიც ბიუჯეტიდან ბევრად ნაკლები ფული იხარჯება, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
„ეს არის დემაგოგია. სულხან, არ ხარ მართალი და უნდა გრცხვენოდეს,“ – მიმართა სულხან სალაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ირინა ფუტკარაძემ. მან თქვა, რომ პროგრამებზე და განსაკუთრებით ჯანდაცვის პროგრამებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შედარება მართებული არ არის. ის ასევე არ დაეთანხმა საია-ს ხელმძღვანელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს აჭარის ტელევიზია „დანამატად“ მიაჩნია.
„თქვენი საქმიანობა ორიენტირებულია აბსოლუტურად სხვა რამეზე, რატომ ავღელდი მე. თქვენ აქ აღნიშნეთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დანამატად მიგაჩნიათ ტელევიზია. ნახეთ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება. აჭარის ტელევიზიის მიერ წარმოდგენილი ყველა ის კორექტირება, რაც სჭირდებოდა, არის მიღებული. აჭარის ტელევიზია მართლა წარმატებულია და ეს მართლა კარგია, ხელოვნური მიდგომები არ გვინდა, არ გვინდა დემაგოგია. საიამ გააკეთა იმ ტიპის კვლევა, სადაც პირდაპირ მიანიშნა, რომ მაუწყებელს აქვს 52 მილიონი და ბავშვთა ონკოჰემატოლოგიას აქვს 2 მილიონი. თქვენ პროვოცირებას ახდენთ, სულხან. ხვალ ჩემთან რომ მოვიდეს ონკოპაციენტის დედა, ამას მოჰყვება უდიდესი ტალღა,“ – აღნიშნა ირინა ფუტკარაძემ.
სამეურვეო საბჭოს უფროსის მოადგილემ საჯაროდ უთხრა საყვედური „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორს, ნათია კაპანაძესაც, რადგან ის საჯარო გამომსვლელების სიაში არ იყო.
„თქვენ ეს შოუ არ უნდა დაგედგათ. ჩვენ თქვენს საკეთილდღეო გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ისედაც დისკრედიტებულია ეს სექტორი და ნუ ახდენთ კიდევ უფრო მის მარგინალიზებას,“ – მიმართა ირინა ფუტკარაძემ ნათია კაპანაძეს.
მედიაკონფერენცია სასტუმრო „რედისონში“ იმართება პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. კონფერენციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, თითოეულ გადაცემაზე და თანამშრომლების ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა, გაანალიზებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში, რომელიც გუშინ, 2 მაისს, გამოქვეყნდა.
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 12 მაისს არტისტ ალექსანდრე ფლორენსკის გამოფენა გაიხსნება სახელწოდებით – „ნახატები ბათუმის შესახებ“. გამოფენაზე ბათუმისთვის მიძღვნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
ალექსანდრე ფლორენსკი თავის ცხოვრებას სამ ქალაქში: სანკტ-პეტერბურგში, თბილისსა და ბათუმში ატარებს.
„ჩემმა დიდმა ბაბუამ, ალექსანდრე ივანოვიჩ ფლორონსკიმ, მთელი თავისი ცხოვრება საქართველოში გაატარა. იგი პროფესიით იყო ინჟინერი და ძირითადად აშენებდა გზებსა და ხიდებს. შუა 1880-იან წლებში, ის თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ბათუმში, სადაც იგი აშენებდა ბათუმი-ახალციხის გზას, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვიყენებთ (აჭარისწყლის დასახლებაში ახლაც კი შესაძლებელია მისი აშენებული ფოლადის ხიდის დანახვა, რომელიც მას შემდეგ სასწაულებრივადაა შემონახული). გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ოჯახი გადავიდა თბილისში.
2008 წელს მივიღე გადაწყვეტილება მეცხოვრა სანკტ-პეტერბურგსა და საქართველოს შორის. უკვე ზუსტად 10 წელია, რაც ყოველწლიურად რამდენიმე თვის მანძილზე ვცხოვრობ და ვმუშაობ თბილისში. 2016 წელს ბათუმში პატარა ბინა შევიძინე და უკვე სამ ულამაზეს ქალაქში ვცხოვრობ და პერიოდულად ვმოძრაობ მათ შორის,” – ვკითხულობთ ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მიერ გავრცელებულ რელიზში, რომელიც გამოფენის შესახებ მომზადდა.
არტისტი ამბობს, რომ მისი საყვარელი საქმიანობა ბათუმში ნავსადგურის ცხოვრებაზე – კატარღების, გამწევი გემებისა თუ ბორნების, ტანკერებისა და მტვირთავი გემების ქაოსურ მოძრაობაზე დაკვირვებაა.
ალექსანდრე ფლორენსკის გამოფენა 12 მაისს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 16:00 საათზე გაიხსნება.
ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, გამწვანებული ადგილი, რომელიც ბათუმის მერიამ აუქციონზე 240 ათას ლარად გაიტანა, 78 ბიჯით, გუშინ, 2 მაისს, 630 ათას ლარად გაიყიდა. 581 კვ/მ მიწის ნაკვეთი შპს NEWLINE-მ შეიძინა, რომლის 100% წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება „პოლიგრაფისტია“. მყიდველმა ქონების საფასური სრულად სამი თვის განმავლობაში უნდა დაფაროს.
აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა უნდა ააშენოს ერთ-ერთი ამ ობიექტებიდან: საგამოფენო დარბაზი, უნივერსალური მაღაზია, სავაჭრო ცენტრი, სილამაზის სალონი, ოფისი. მშენებლობა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში და დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში. შენობის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მეტრს [2 სართული].
ბათუმის მერია მიწის მყიდველს უკრძალავს ნაკვეთზე განათავსოს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა ან აშენებული შენობა-ნაგებობა გამოიყენოს სხვა დანიშნულებით, გარდა ზემოთ მითითებული ობიექტებისა. თუმცა, ეს აკრძალვა მხოლოდ 10 წლის განმავლობაშია ძალაში, რომლის გასვლის შემდეგაც მესაკუთრეს უფლება ექნება, ნაკვეთი თუ შენობა მისთვის სასურველი დანიშნულებით გამოიყენოს.
შპს NEWLINE აუქციონზე შეძენილი ქონების მომიჯნავედ უკვე ფლობს 600 კვ/მ მიწის ნაკვეთსაც.
„საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ ვართ, მაგრამ ვფიქრობთ, უნივერსალური მაღაზია გავაკეთოთ, რისთვისაც, სავარაუდოდ, ნაკვეთებს გავაერთიანებთ,“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში ილია ქამადაძემ, „პოლიგრაფისტის“ დირექტორმა.
ხულოელი სპორტსმენი, შმაგი ბოლქვაძე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 67 კგ. წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ცნობით, 30 აპრილს რუსეთის ქალაქ კასპიისკში დაწყებულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) გახდა, ვერცხლის მედალი შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლები კი – ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ), დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ), იური ლომაძემ (72 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მოიპოვეს.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ცნობით, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 127 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, პირველ ადგილზე რუსეთი გავიდა – 169 ქულით, მესამეზე კი აზერბაიჯანი – 113 ქულით.