მთავარი,სიახლეები

ადვოკატი, რომელსაც ქმარმა სცემა, დუმს – სასამართლოს გადაწყვეტილება

03.05.2018
ადვოკატი, რომელსაც ქმარმა სცემა, დუმს – სასამართლოს გადაწყვეტილება

ადვოკატმა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა, დუმილი არჩია. მან სასამართლოს ჩვენება არ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა და მისმა სრულწლოვანმა შვილებმა სასამართლოს ჩვენება არ მისცეს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

„ეს არის ძალიან უცნაური გადაწყვეტილება. ასეთი პრაქტიკაში არ ყოფილა, არც უზენაესს სასამართლოს ჰქონია,“ – ამბობს ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე, რომელიც სასამართლოში ბრალდებული კაცის ინტერესებს იცავდა. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამამატყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების ერთობლიობას უნდა დაეყრდნოს, ამ საქმეში კი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაა, სადაც დაფიქსირებულია ფიზიკური დაზიანებები, რაც ადვოკატ ქალს მიაყენეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში სრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა მეუღლეს, მოქმედ ადვოკატს, ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი“.

ადვოკატ ნოდარ ბოლქვაძის თქმით კი, ბრალდებულმა დაზარალებული ქუჩაში შეურაცხყო.

„დაზარალებულმა ქუჩაში დაინახა ის, რომ ავტომანქანაში მისი ქმარი უცნობ ქალთან ერთად იჯდა. მან იეჭვიანა და ამ ქალის ცემა გადაწყვიტა. ქმარმა ცოლს ამის საშუალება არ მისცა და ამ დროს მიაყენა ფიზიკური დაზიანება. ბრალდებული გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებდა ფიზიკურ ძალადობას, მაგრამ ამას შეხება არ ჰქონდა ოჯახში ძალადობასთან. სასამართლოსთვის არც ბრალდებულს მიუცია ჩვენება, რადგან ცოლმა და შვილებმაც გადაწყვიტეს, ჩვენება არ მიეცათ. საბოლოოდ ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო,“ – გვითხრა ადვოკატმა.

„მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ქალბატონმა, რომელიც მოქმედი ადვოკატია და მისმა სრულწლოვანმა შვილებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი და იგი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ  ცნო,“ – აღნიშნულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მსჯავრდებულს 150 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა, თუმცა მსჯავრდებულს ამ სასჯელის მოხდა არ მოუწევს.

„ინციდენტის შემდეგ ბრალდებული დააკავეს და ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 33 დღე. კანონით ერთი დღე პატიმრობა უდრის ხუთი დღე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას,“ – აღნიშნა ადვოკატმა ნოდარ ბოლქვაძემ.

ამ ეტაპზე უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა მსჯავრდებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„მოსამართლემ გვირჩია, გაასაჩივრეთო. საინტერესოა პრაქტიკის კუთხით, რას გადაწყვეტს ზემდგომი ინსტანცია,“ – დასძინა ადვოკატმა.

„ბათუმელები“ დაზარალებულ ქალს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: