მთავარი,სიახლეები

პროფკავშირები: მუშებს კვირაში 70 საათი უწევთ მუშაობა

04.05.2018 • 2702
პროფკავშირები: მუშებს კვირაში 70 საათი უწევთ  მუშაობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს, რომლებიც მესამე დღეა შრომითი უფლებების დარღვევის გამო გაფიცულები არიან, საქართველოს პროფესიული კავშირის აჭარის გაერთიანების წარმომადგენელი ლევან გურგენიძე შეხვდა.

„ჩვენ გავესაუბრეთ იქ დასაქმებულ ადამიანებს და გავარკვიეთ, რომ უხეშად ირღვევა მათი შრომითი უფლებები. პრაქტიკულად, მუშებს 70 საათი უწევთ კვირაში მუშაობა, დასვენების დღე ფაქტობრივად არ აქვთ, თვეში აქვთ მხოლოდ ორი დასვენების დღე, რაც ასევე შრომითი უფლებების დარღვევაა,“ – გვეუბნება ლევან გურგენიძე.

მისი თქმით, მუშებს ასევე არ აქვთ გრძელვადიანი კონტრაქტები და დაზღვევა:

„ეს არის ზეწოლის გარკვეული ბერკეტი დასაქმებულზე. გარდა ამისა, ავადობის შემთხვევაში მუშებს საპატიოდ არ ეთვლებათ გაცდენილი დღეები. ასე რომ სურათი არის საკმაოდ მძიმე. ჩვენ მუშებს შევთავაზეთ, რომ დამსაქმებელთან კანონის ენით დავიწყოთ კოლექტიური მოლაპარაკება.“

კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელი დღეს, 4 მაისს, არც პროფკავშირების წარმომადგენელს შეხვდა.  „გვითხრეს, რომ ხელმძღვანელი ადგილზე არ იყო და მასთან შეხვედრას ორშაბათს შევძლებთ,“ – ამბობს ლევან გურგენიძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: