მთავარი,სიახლეები

მერიის აუქციონი: მიწის ნაკვეთი მილიონად და სამსართულიანი სახლის აშენების პირობით

03.05.2018 • 3422
მერიის აუქციონი: მიწის ნაკვეთი მილიონად და სამსართულიანი სახლის აშენების პირობით

ბათუმის მერია ბაგრატიონის #127-ში 5429 კვ/მ მიწის ნაკვეთს 1 მილიონ 47 ათას 700 ლარად  და პირობით ყიდის. პირობა ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის ცხრა მესაკუთრისთვის იმავე ტერიტორიაზე სამსართულიანი სახლის უსასყიდლოდ მშენებლობას ითვალისწინებს.

აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა მშენებლობის დაწყება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის, დასრულება კი – 18 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. გათვალისწინებულია სამსართულიანი სახლის აშენება მანსარდით, 10 საცხოვრებელი ფართობით.

აუქციონში გამარჯვებულმა ექსპერტიზის დასკვნის  გათვალისწინებით უნდა აიღოს ვალდებულება, მშენებლობის დაწყებამდე აწარმოოს დაკვირვება მეზობლად, ჯინჭარაძის N14-ში მდებარე N2 შენობაზე, რომელიც დაზიანდა  აფეთქების შედეგად. არსებულ ბზარებზე ყალაურების დადების გზით, დაკვირვება ასევე უნდა გაგრძელდეს დანგრეული შენობის (N1) ადგილზე ახალი მშენებლობის განხორციელებისას, რისთვისაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროა სამშენებლო მოედნის გარშემო არსებულ შენობებს მშენებლობის დაწყებამდე ჩაუტარდეს წინასწარი ექსპერტიზა მათი მდგომარეობის დასაფიქსირებლად.

სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას N2 შენობის მდგომარეობის საშიშ დონემდე მიღწევის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია იმოქმედოს მითითებული დასკვნის შესაბამისად და საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით განახორციელოს შენობის გამაგრება.

აუქციონის პირობები ითვალისწინებს ასევე, რომ შემძენმა უკვე აშენებული საცხოვრებელი ბინები  დაინტერესებულ პირებს  გადასცეს შემდეგ მდგომარეობაში:

სანტექნიკური დგარები [ცივი წყალი, კანალიზაცია]; ჩართული საკომუნიკაციო ქსელები [ცივი წყალი, კანალიზაცია, ტრაპი]; ბინის კონტურის კედლები; ბინის შიდა ტიხრები; ფანჯრები; კარები; ტიხრებისა და კონტურის კედლების შელესვა; შეღებილი შიდა კედლები; ელექტროგაყვანილობა [თითო ოთახზე ორი ელ. წერტილი]; ოთახებში დაგებული ლამინირებული პარკეტი; დამონტაჟებული შიდა კარები; კეთილმოწყობილი სამზარეულო [ავეჯის გარეშე]; კეთილმოწყობილი სველი წერტილები. მოწესრიგებული სადარბაზო, ფასადი და სახურავი. აუქციონში გამარჯვებულმა საკუთარი ძალებით უნდა უზრუნველყოს საცხოვრებელი სახლის ცენტრალურ კომუნიკაციებთან მიერთება.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ასევე,  საკუთრებაში გადაცემულ 5429 კვ/მ მიწის ნაკვეთზე უზრუნველყოს  მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა.

მთავარი ფოტო: აფეთქება ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე. მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: