მთავარი,სიახლეები

დარღვევები სკოლებში, დაჯარიმებული სილამაზის სალონები და ბაღები ბათუმში

04.05.2018 •
დარღვევები სკოლებში, დაჯარიმებული სილამაზის სალონები და ბაღები ბათუმში

ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქალაქში შემოწმებული 35 სილამაზის სალონიდან დაჯარიმდა 15, შვიდი საჯარო სკოლიდან დარღვევა დაფიქსირდა ოთხ სკოლაში, ხოლო შემოწმებული 33 კერძო ბაღიდან დაჯარიმდა – 15.

ბათუმში საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, სალონების და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ზედამხედველობას მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება ახორციელებს. შესაბამისი პროგრამით – „სანიტარიული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა“, ქალაქის მერიას ამ კუთხით წელს 90 ათასზე მეტი ლარი აქვს გამოყოფილი.

გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, ისინი ობიექტებს სანიტარულ ზედამხედველობას უწევენ:

„კვების ბლოკებს, სურსათის ხარისხს ამოწმებს სურსათის უვნებლობის სამსახური. ჩვენ სისუფთავის ხარისხს ვადგენთ, თუმცა, სკოლებში ჯერ არ დაგვიწყია. ჯერჯერობით შევამოწმეთ 7 საჯარო სკოლა, აქ ლაბორატორიულად ვამოწმებთ განათებას. ამ კუთხით თითქმის ყველა მათგანში იყო დარღვევა – 4 სკოლაში  განათება არ შეესაბამებოდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებს, სამში კი ნაწილობრივ შეესაბამებოდა“.

ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, შეესაბამება თუ არა განათება დადგენილ ნორმებს, ამისთვის ერთ სკოლაში მოწმდება 4 საკლასო ოთახი, თითო ოთახში კი სამი წერტილი.

ვინაიდან ტექნიკური რეგლამენტი სკოლის დაჯარიმებას არ ითვალისწინებს, შესაბამისი სკოლის დირექტორებს რეკომენდაციებს წერილობით გადაუგზავნიან.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, „33 კერძო ბაღი შემოწმდა. აქედან ხუთ შემთხვევაში ბაღები დაჯარიმდნენ, როგორც სისუფთავის, ასევე კალორიულობის მხრივ შეუსაბამოებების გამო. მუნიციპალური ბაღებიდან კი შემოწმდა 21 და არცერთი დარღვევა, სტანდარტებიდან გადახრა არ დაფიქსირებულა“ – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.

მისივე თქმით, დარღვევები არც იმ სტომატოლოგიურ დაწესებულებებში გამოვლენილა, რომლებიც მიმდინარე წელს შეამოწმეს: „სტომატოლოგიურებს ვამოწმებთ სტელირობაზე – ერთ სტერილურ შეფუთვას ვიღებთ, არის შიგ რამდენიმე ინსტრუმენტი და ვამოწმებთ ლაბორატორიულად. 86 კლინიკა შემოწმდა და არცერთ მათგანში ნორმებთან შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა“.

სილამაზის სალონების შემთხვევაში კი, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში შემოწმებული 11 სალონიდან 11-ვე დაჯარიმდა. დღემდე კი [ამ 11-ის ჩათვლით] ბათუმში შემოწმდა 35 სალონი, დარღვევა დაფიქსირდა და შესაბამისად დაჯარიმდა, 15 სალონი. „8 შემთხვევაში არასტერილური ინსტრუმენტების გამო; 3 შემთხვევაში კი სალონი საერთოდ არ იყო რეგისტრირებული – ანუ ეკონომიკური საქმიანობის უფლებაც არ ჰქონდა; 4 სალონში კი დეზინფექციის და ნარჩენების შეგროვების წესების დარღვევა დაფიქსირდა“ – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.

მერიის სამსახური სეზონთან დაკავშირებით ახლა იწყებს სასტუმროების და საცურაო აუზების შემოწმებას – სისუფთავის ხარისხსა და აუზებში წყლის ქიმიური და ბაქტეოროლოგიურ მაჩვენებლებზე. გასულ წელს, ამ კუთხით სამი საცურაო აუზი იქნა დაჯარიმებული.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/120530/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: