მოძალადეს არავინ აჩერებს

გასულ წელს ოჯახში ძალადობის კუთხით 2877 შემაკავებელი ორდერი გამოსცა სასამართლომ, წელს, აპრილამდე – 752. შესაბამისად, ამ რაოდენობის ძალადობის მსხვერპლ ქალთან ერთად, ამდენივე მოძალადე მამაკაცი ცხოვრობს. იშვიათად ან თითქმის არ ჩნდება კითხვები: ვინ არიან ისინი?  რამ აქცია მოძალადედ? რა შეაჩერებთ ან შეცვლით მათ? რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ეს ციფრები შემცირდეს? ოჯახში ძალადობაზე საუბრის დროს აქცენტი ძირითადად კეთდება მსხვერპლი ქალის რეაბილიტაციაზე. ეს ხშირად არასაკმარისი და არაეფექტურია. მოძალადე კაცები კი თავიანთ მსხვერპლებთან ერთ წრეზე ტრიალებენ.

„გაიხსენე, დედა, როგორი ბავშვობა მქონდა მე“

მაისის ბოლოს ციხიდან გამოვა მინდია ქ. იგი დედისა და ბებიის არაერთხელ ცემის გამო იხდის სასჯელს.

სასამართლო განხილვების დროს მინდია მოსამართლე ირაკლი შავაძემ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა იმ პირობით, რომ ბრალდებული ცოლის მშობლებთან, სოფელში იცხოვრებდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ დროს 29 წლის მინდია ხელახლა დაესხა თავს დედას ქუჩაში, აგინა და მხარზე უკბინა. მინდია ისევ წინასწარ პატიმრობაში დააბრუნეს. საბოლოოდ მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ბოლო სასამართლო პროცესზე შვილის წინააღმდეგ მოწმის სახით ჩვენება დედამ მისცა. მან თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ქმარს გაშორდა, საბერძნეთში წავიდა და 16 წელი იქ იმუშავა, შვილს რომ არაფერი მოკლებოდა. მერე დაბრუნდა და აქ განაგრძო მუშაობა, უკვე დაოჯახებული, მაგრამ უმუშევარი შვილის სარჩენად. ქალმა რამდენჯერმე შეწყვიტა თხრობა და ატირდა. დედას სიტყვას აწყვეტინებდა შვილიც, რომელიც გისოსებით შემოსაზღვრულ ადგილას იჯდა.

„შენ არ მაცალე ცხოვრება, შენ არ მომეცი დამოუკიდებლად ამოსუნთქვის საშუალება… კარგად გაიხსენე, დედა, როგორი ბავშვობა მქონდა მე, რამდენჯერ გცემა მამაჩემმა ჩემ თვალწინ. ეს ნორმალური იყო?“, – ამბობდა ბრალდებული.

ტირილის გამო მინდიას დედამ პასუხის გაცემა ვერ შეძლო. თანხმობის ნიშნად მან რამდენჯერმე დაიქნია თავი: „მამაშენიც შენნაირი იყო, ლოთი და უვარგისი. ამიტომაც გავშორდი“.

მინდია ქ. დედასა და ბებიაზე ფიზიკურ ძალადობას თავდაპირველად უარყოფდა, მოგვიანებით კი, დედაზე ძალადობა აღიარა. თქვა, რომ აგრესიის საფუძველი ჰქონდა, რადგან დედას სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდა. „ბუნებრივია, ამაზე რეაგირება უნდა მქონოდა,“ – ცდილობდა აგრესიის გამართლებას მინდია. მან ასევე უთხრა მოსამართლეს, რომ ბოლო წლებში ხშირად იღებდა ალკოჰოლს და კონფლიქტური სიტუაციაც ამის გამო იქმნებოდა.

დედის თქმით, მინდია ცოლსაც ხშირად სცემდა, თუმცა მას ჩვენება ქმრის წინააღმდეგ არ მიუცია. ცოლის ცემის შემთხვევებზე სასამართლოში მეზობლებმა ისაუბრეს.

მინდია ბათუმში ცხოვრობს, პროფესიით მეზღვაურია, მაგრამ არასდროს უმუშავია. ციხეში ახლა ის რეაბილიტაციას არ გადის და გათავისუფლების შემდეგ სხვაგან წასასვლელიც არსად აქვს. ისევ დედასთან უნდა დაბრუნდეს, ცოლთან, შვილთან და ბებიასთან, რომელმაც პირველად დარეკა პოლიციაში და შველა ითხოვა.

„სიგარეტის ნამწვი ჰქონდა სხეულზე, კი, მაგრამ ეს ჩემი საქმეა“

„სიგარეტის ნამწვი ჰქონდა სხეულზე, კი, მაგრამ ეს ჩემი საქმეა,“ – ეს ბექა ე.-მ გვითხრა. მას ოჯახში ძალადობისთვის სამი წლით და სამი თვით პირობითი მსჯავრი შეუფარდა ბათუმის საქალაქო სასამართლომ.

ბექა დღესაც ყოველგვარი ემოციის გარეშე საუბრობს საღამოზე, როცა ქალმა პოლიციაში დარეკა და მოძალადე ქმრის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. გამოძიებას ქალმა უთხრა, რომ ქმარი მას არა მხოლოდ სცემდა, არამედ პროსტიტუციასაც აიძულებდა.

ბექა ძალადობის ფაქტს ნაწილობრივ აღიარებს, მაგრამ ახლაც მიაჩნია, რომ ეს „მისი საქმე იყო“.

„არც იცოდა ჩემმა ცოლმა რაზე მოაწერინეს ხელი პოლიციაში, რაში სჭირდებოდათ პოლიციელებს ჩემი დასჯა უმიზეზოდ, ვერ გეტყვით,“ – ამბობს ბექა და საუბარი ციხეზე გადააქვს, სადაც, მისი თქმით, სამართალდამცველებმა მასზე იძალადეს. – „მოსამართლესაც ავუხსენი, რომ მცემეს, ფეხი მქონდა მოტეხილი, მაგრამ არავინ ყურადღება არ მომაქცია… პროკურატურასაც რამდენჯერმე მივმართე“.

ბექა ახლაც ცოლთან ერთად ცხოვრობს. „ცემის ფაქტი იყო, არ ვმალავ. ვიჩხუბე ჩემს სახლში და შეიძლება, ცოტა ზედმეტი მომივიდა. მით უმეტეს, როცა ქალი რაღაც ისეთს გეუბნება, ამაყები ვართ ქართველი კაცები, ხომ გესმით“, – ხაზგასმით ამბობს ბექა, – „პოლიციელები ცოტა ჰუმანურად უნდა იქცეოდნენ. ხომ შეიძლებოდა, ჯერ ეთქვათ, რომ არ მიეკაროო. ასე ხდება, როგორც ვიცი. მაგრამ არა, პირდაპირ დამაკავეს… როცა ვძიძგილაობდით იმ საღამოს, ხელში სიგარეტი მეჭირა და შემთხვევით მოხვდა სხეულზე, ამიტომ ჰქონდა ნამწვი სხეულზე. ფეხზეც ჰქონდა სილურჯე კი, მაგრამ ლოგინს მიარტყა, ალბათ. ნასვამი ვიყავი და ნერვიულობის ნიადაგზე მოხდა ეს“.

სასამართლოს პროცესების მიმდინარეობისას, დაზარალებული ქალი ბექას შეურიგდა და მოსამართლეს ძალადობის შესახებ არაფერს მოუყვა. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. დაზარალებული ქალის მცირეწლოვანი შვილები კი ძალადობის ფაქტების თვითმხილველები იყვნენ.

„ამ ქალს მაგრად პატრონობენ, ვერ მოვიშორე“

„იმ დღეს, როცა მივედით სახლში, შუქი დაგვხვდა გათიშული. დედამ მამას გადაუძახა, ჩაგვირთე სინათლე, რა დავაშავეთო, ამის გამო დაიწყო ჩხუბი. მამამ თმაში წაავლო ხელი დედაჩემს და თოვლში გააგდო. ყინულებზე წააქციეს დედა და სცემდნენ უმოწყალოდ მამა, მამიდა, ბებიაც…“ – მოუყვა სოფო ზ. მოსამართლეს. ამ შემთხვევის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა. საქმეში სამი ბრალდებულია: დაზარალებული ქალის ყოფილი მეუღლე, დედამთილი და მული. წლების წინ ცოლ-ქმარი განქორწინდა და ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში საერთო კერძო სახლი გაინაწილა. შვილები დედასთან დარჩნენ. სოფო ზ.-მ სასამართლოში თქვა ისიც, რომ მამამ მისი მული მოიყვანა ცოლად.

ძალადობაში ბრალდებული თემურ ზ. გვიყვება: „მეორე ცოლი რომ მოვიყვანე, აგრესიული გახდა. საძინებლის ფანჯარა რამდენჯერმე ჩამიმტვრია, არ გაგახარებო. ჩემს ფეხმძიმე ცოლსაც თავს დაესხა. მივმართე პოლიციას, მაგრამ არ იძიებენ. სასამართლო პროცესები რომ დაიწყო, პოლიციიდან მინდოდა გამომეთხოვა შემაკავებელი ორდერი, რომელიც ყოფილი ცოლის მიმართ გამოწერეს, მაგრამ არ მომცეს ქობულეთის პოლიციაში, ალბათ არ იყო გამოწერილიო, მეუბნებიან… მიწები მაქვს ბევრი და ამის მისაკუთრება უნდა. თვითონ იწყებს კივილს, გავარდება და ხრეშებში დაწვება. მერე იძახის, მცემაო, თოვლშიც თვითონ წაიქცა. ამ ქალს მაგრად პატრონობენ, ვერ მოვიშორე… სუფთა ვარ, სუფთა, ხელიც არ მაქვს დაკარებული არასოდეს.“

თემური არ მალავს, რომ ცოლს ღალატობდა და სიტყვიერი კონფლიქტიც აქედან დაიწყო, თუმცა განქორწინების საფუძველი ეს არ გამხდარა. თემური ამბობს, რომ წინა წლებში კარგი ცხოვრება ჰქონდა, მდიდარი იყო, ხოლო კონფლიქტი ოჯახში მას შემდეგ გამწვავდა, როცა ოჯახს ფინანსურად გაუჭირდა.

„პასუხს მთხოვდა, ქალებში რატომ დადიხარო“, – ყვება თემური, – „კაცი ვარ და მოფერება მჭირდებოდა, გამიგებ. თვითონ ერთხელაც არ მომფერებია. ქალმა ზურგი არ უნდა შეგაქციოს, ღამის პირველზეც რომ მიხვიდე. ოჯახისთვის მე არ მიღალატია. თავიდან კარგი ცხოვრება მქონდა, მაღაზიები და ვაჭრობა. ამ ქალმა დამაქცია. ყველაფერი გამიყიდა. ლუსტრა ვერ მოხსნა ერთი…

თუ ასეა რატომ მისცეს შვილებმა ჩვენება მამის წინააღმდეგ? – გოგომ მას შემდეგ გამიძულა, როცა გათხოვდა. საქმის კეთება არ იცოდა და სულ ვსაყვედურობდი. მერე სიძესაც ჩემთან აცხოვრებდა. იმას მუშაობა ეზარებოდა… მეორე შვილს, ბიჭს დედამისმა უთხრა, ჩვენება მიეცი მამაშენის წინააღმდეგ, თორემ სირცხვილს გაჭმევ, გავბოზდებიო. გუშინწინ შემომივარდა სახლში ჩემი ბიჭი. ხომ გითხარი, უფროსების საქმეში არ უნდა ჩაერიო-მეთქი. არ ესმის. სამი წელი სასამართლოში დამათრევენ და კიდევ მე ვარ დამნაშავე?“

მოძალადე კაცები: კანონი არ არის მამაკაცის მხარეს

„მე ცოლი არ მიცემია,“ – რამდენჯერმე გაიმეორა საუბრის დროს მან. მეზღვაურია. აღნიშნა, რომ შვილებისთვის ბედნიერი მომავლის შექმნა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ცოლთან სიტყვიერ შელაპარაკებას ადასტურებს, ცემას კი კატეგორიულად გამორიცხავს. ირაკლი შ.-ს აქვს განცდა, რომ კანონი მის მიმართ სამართლიანი არ არის, რადგან ცოლი ღალატსა და გამოძალვაში გამოიჭირა, რაზეც გამოძიება არ რეაგირებს.

პროკურატურის ვერსიით კი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ირაკლი შ.-მ ცოლს ქუჩაში სცემა შვილების თვალწინ. პირობითი მსჯავრი ირაკლის გასულ წელს გაუფორმეს, როცა ის ასევე ცოლზე ძალადობისთვის გაასამართლეს. მაშინ ირაკლიმ ძალადობის ფაქტი აღიარა.

„ვაღიარე, რადგან მეზღვაური ვარ და დროზე მინდა დასრულდეს ეს ყველაფერი. საერთოდ შემოსავლის გარეშე ვრჩები, ყველა ქონება იპოთეკაშია ჩადებული ამ სასამართლო პროცესების გამო,“ – ამბობს ირაკლი. მას ერთ-ერთი სასამართლო პროცესის შემდეგ ვესაუბრეთ.

„კანონი ძალიან მკაცრია, იგი არაა მამაკაცის მხარეს“, – თქვა მან. – „ცოლს ჩემი ბინის ხელში ჩაგდება უნდოდა. მეზღვაური ვარ. ჩხუბი როგორ არ გვქონია, გვიკამათია ბევრჯერ, მაგრამ ხელი არასდროს დამიკარებია. ბოლოს, გემზე რომ წავედი, სახლში აუდიომოსასმენი აპარატურა დავაყენე, ჩუმად. ის პოლიციელთან მღალატობდა. ერთად მიწყობდნენ საქმეს. რამდენჯერმე მივმართე პროკურატურას, რომ გამოძალვა იყო ეს და ამაზე მოეხდინა რეაგირება, მაგრამ არაფერი. გენინსპექციასაც მივმართე, რადგან პოლიციელი ეხმარებოდა ჩემს ცოლს ამ ყველაფრის დაგეგმვაში“.

დაზარალებული ქალი ირაკლის გაშორდა და მათ შორის სამოქალაქო წესით მორიგება შედგა – ირაკლიმ ქალს ბინა უნდა დაუთმოს, დაზარალებული კი აღარაფერს მოუყვება მოსამართლეს. სასამართლომ არასრულწლოვანი შვილები დედასთან დატოვა. პროკურორმა გიორგი რამიშვილმა „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი სასამართლო პროცესის შემდეგ არ გამორიცხა, რომ ისევ შედგეს საპროცესო შეთანხმება, რადგან „გამოძიებისთვის ამოსავალია დაზარალებულის ინტერესი“.

„ნებისმიერ დროს შეიძლება თავს დამესხას ყოფილი ქმარი“

გასული წლის ზაფხულში „ბათუმელები“ წერდა ერთი ქალის შესახებ, რომელიც მოძალადე ქმარს გამოექცა მცირეწლოვან შვილებთან ერთად. მანანა ბ. წალკის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. 14 წლისა დანიშნეს. ამბობს, რომ ქმარი 13 წლის განმავლობაში ძალადობდა მასზე. მშობლებთან დაბრუნებულ მანანას ქმარმა ბათუმში ჩამოაკითხა.

„დაჩოქილი მოვუხდი ყველაფრისთვის ბოდიშს, ოღონდ დამიბრუნდეს, ქალბატონად ვაცხოვრებო. მასთან ლაპარაკის თავი აღარ მქონდა. ცემა დამიწყო. მაშინ გამოიძახეს პოლიცია…“ – მოგვიყვა მანანა გასულ წელს.

წელს მანანა ამბობს, რომ სამართალდამცველებს შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ. მოძალადე ქმარი კი კიდევ ერთხელ ჩამოსულა ბათუმში და ბავშვები წაუყვანია.

„სარჩელი შევიტანე სასამართლოში. განქორწინება მოვითხოვე და ის, რომ შვილები ჩემთან ყოფილიყვნენ. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ურჩია ჩემს ყოფილ მეუღლეს და ახლა ბავშვები ჩემთან არიან. სასამართლო პროცესი არ დაწყებულა. არავინ შემხმიანებია პროკურატურიდან. ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ დამესხას თავს ზვიადი, ჩემი ყოფილი ქმარი…“

მანანას თქმით, ზვიადი თავდაპირველად ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ეს მაშინ, როცა მანანა სკოლის მოსწავლე იყო და ის მასწავლებელ ზვიადზე დანიშნეს. „მეუბნებოდა, შარვალს რატომ იცვამ, ამის უფლება მე არ მომიციაო. მერე შეგნებულად დაბალ ნიშნებს მიწერდა და ვითომ ასე მსჯიდა,“ – ამბობს მანანა.

ადრეულ ასაკში დაოჯახების მიუხედავად, მანანამ უმაღლესი განათლება მიიღო და მცირე ბიზნესპროექტიც დაიწყო წალკაში, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით: „მერე ის სკოლიდან გაათავისუფლეს. მე ბიზნესში ვიყავი ჩართული. ამას ვერ ეგუებოდა. უნდოდა, რომ მარტო მის განკარგულებაში ვყოფილიყავი. აღიზიანებდა ის, რომ მე უფრო აქტიურად ვჩანდი საზოგადოებაში, ვიდრე ის.“

მანანას ქმრისთვის ერთხელ ძალადობის მიზეზის შესახებაც უკითხავს: „ასე მიპასუხა, ძლიერი კაცის სახელი მინდა მქონდესო, შენ დაიკიდეო. ხშირად მიმეორებდა, რომ უმისოდ ვერ გავძლებდი, დავიკარგებოდი. მე ვიჯერებდი ამას, მაგრამ ბოლოს მაინც დავაღწიე მას თავი“.

ზვიად ხ.-მ „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა: „რა ცოლთან კონფლიქტი და ძალადობა, მე ვარ მოძალადე?“ მან ტელეფონი გამორთო.

რა ქმნის და აჩერებს ძალადობას – ოჯახში ძალადობის დრამატურგია

„ისინი ფსიქოლოგიურად სხვადასხვა ტიპები არიან, მაგრამ არც ერთი არ აღიარებს, რომ მოძალადეა,“ – გვიყვება ელენე სამუშია. ის ბოლო 9 წლის განმავლობაში „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ფსიქოლოგია და ყოველდღიურად მუშაობს ძალადობის მსხვერპლ ქალებთან.

ფსიქოლოგის განმარტებით, მოძალადეობრივი ქცევა ადამიანის არჩევანია. „ჩვენს შემთხვევაში იმდენად ნორმალიზებულია ძალადობა საზოგადოებისგან და ძლიერია კულტურული გავლენები, რომ მამაკაცები იშვიათად ელევიან საკუთარ არჩევანს – იყვნენ მოძალადეები. მთავარია, ეს გარედან არავინ შეამჩნიოს და ამით ჰქონდეთ განცდა, რომ ყველაფერს აკონტროლებენ. ფიქრობენ, რომ ისინი სხვანაირად საკუთარ უპირატესობას ვერ შეინარჩუნებენ“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი ელენე სამუშია.

ოჯახში ძალადობის ისტორიების დრამატურგია სხვადასხვაა, თუმცა საერთო რომ ბევრია, ამას ფსიქოლოგიც ადასტურებს. ელენე სამუშიას დაკვირვებით, მოძალადე მამაკაცი განქორწინების შემთხვევაშიც ისევ მსხვერპლისკენ ისწრაფვის. იდენტურია ტექსტებიც, რომ ის ყველაფერს ნანობს და გამოსწორდება, რომ ყველაფერი სიმთვრალის გამო იყო, ნერვიულობის ან იმის, რომ ბავშვობაში მასაც ურტყამდნენ.

„მოძალადე აუცილებლად ცდილობს, დაიბრუნოს მსხვერპლი. სხვაგვარად ის საკუთარ თავს კარგავს… ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა წყვილი შერიგებულა, მაგრამ მოძალადეს დროის გავლის შემდეგ ისევ გამოუვლენია აგრესია. არის შემთხვევები, როცა „შერიგების“ შემდეგ იწყება ფარული ძალადობა, რაც არათუ ოჯახის სხვა წევრებისთვის, ფსიქოლოგისთვისაც კი რთული აღმოსაჩენია. მოძალადე ეუბნება ცოლს, რომ თავს მოიკლავს, ან ბავშვებს რაღაცას დაუშავებს. არის შემთხვევები, როცა მსხვერპლს არწმუნებს მოძალადე, ჩემ გარეშე ვერ გაძლებო,“ – გვიყვება ელენე სამუშია.

ფსიქოლოგს მსხვერპლ ქალებზეც ვკითხეთ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ისევ მოძალადესთან არჩევენ ცხოვრებას. ოჯახში ძალადობის შემთხვევების სასამართლო განხილვების დროს „ბათუმელებმა“ არაერთი მსხვერპლი ქალი ნახა, რომელმაც ჩვენება ქმრის წინააღმდეგ აღარ მისცა. პირიქით, მათთვის მსუბუქ სასჯელს ითხოვდნენ.

ელენე სამუშიას აზრით, მსგავსი განწყობის საფუძველი მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი არ არის, ანუ ის, რომ ცოლი ქმარზეა ფინანსურად დამოკიდებული: „ქალიც ხშირად შედის მსხვერპლის როლში. მას ვეღარ წარმოუდგენია მარტო ცხოვრება. ასევე, ზოგიერთს ეუფლება განცდა, რომ მათ რაღაც დააშავეს, ვერ მოუსმინეს, ვერ გაუგეს მოძალადე ქმარს… სამწუხაროა, საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა კვლევა მოძალადეების განწყობებზე, მათ ფსიქოლოგიაზე. მეც მიფიქრია იმაზე, რომ არც ერთხელ არ მომისმენია უშუალოდ მოძალადეებისთვის, არავის მოუსმენია…“

ელენე სამუშიას ნაკლებად სჯერა მოძალადის შეცვლის, თუმცა ფიქრობს, რომ ეს რეაბილიტაციით შესაძლებელია, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში.

როგორია ევროპული მიდგომა

„ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გარეშე მოძალადის ძალადობრივი ქცევის შეცვლა შეუძლებელია,“ – დარწმუნებულია მარი მესხი, გაეროს ქალთა ფონდის ექსპერტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ის დასავლურ გამოცდილებაზე აკეთებს აქცენტს, სადაც მოძალადეებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრები წლებია არსებობს.

მარი მესხის თქმით, თავდაპირველად ევროპაში სარეაბილიტაციო ცენტრები გახსნეს – 6-თვიანი კურსის გავლა მოძალადისთვის სავალდებულო იყო. მოგვიანებით, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ რეაბილიტაციის თანხა მოძალადემ თავად უნდა გადაიხადოს. ამ შემთხვევებში ცენტრი სარეაბილიტაციო პროგრამებმა ჩაანაცვლეს. ცენტრში სავალდებულოა მოძალადე ღამითაც დარჩეს და ეს სასჯელის ნაწილია, ხოლო სარეაბილიტაციო პროგრამის გავლის დროს, მოძალადეს კვირაში სამჯერ, ექვსი თვის განმავლობაში კონკრეტულ პროგრამებზე დასწრების ვალდებულება გააჩნია.

„ეს პროგრამა ევროპის ქვეყნებში დაახლოებით 1000 დოლარი ღირს. მიმაჩნია, რომ საქართველოში ეს არ იმუშავებს და საწყის ეტაპზე იგი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. სავალდებულო თუ იქნება და თან ფასიანი რეაბილიტაციის გავლა, ისევ შემცირდება ძალადობის ფაქტების გამოვლენა, დაიმალება და კიდევ უფრო დამძიმდება სურათი…“ – გვითხრა მარი მესხმა, გაეროს ქალთა ფონდის ექსპერტმა.

რა ხდება ჩვენთან – „ყველა უწყება თავს არიდებს მოძალადეს“

მოძალადის შესაცვლელად რომ მხოლოდ მისი დასჯა საკმარისი არ არის და აუცილებელია რეაბილიტაცია, პირველად 2006 წელს აისახა კანონში „ოჯახში ძალადობის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. აქ წერია, რომ: „აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობის ჩადენის რისკჯგუფებს განეკუთვნებიან, ან რომელთაც ოჯახში ჩადენილი აქვთ ძალადობა…“

ამავე კანონის 21-ე მუხლის მიხედვით, მოძალადეებისთვის სავალდებულო სარეაბილიტაციო კურსების ორგანიზებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო საქართველოს მთავრობას 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა განესაზღვრა. 2016 წლის პირველ ივლისამდე კი, სარეაბილიტაციო პროგრამა უნდა ამოქმედებულიყო. ამ დროისთვის სამთავრობო უწყებაც კი განსაზღვრული არ არის, ვინც მოძალადეების რეაბილიტაციაზე იმუშავებს.

„ყველა უწყება თავს არიდებს მოძალადეს,“ – გვიყვება ნინო ჩიხლაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეს საკითხი აღარც კი განიხილება, თუმცა 2014 წელს, როცა კანონის მიხედვით რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო უნდა განსაზღვრულიყო, უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოში იყო დისკუსია ამ თემაზე.

„საბჭოს სხდომები დახურული იყო, მაგრამ გავიგეთ, რომ ვერ მოიძებნა სახელმწიფო უწყება, ვინც მოძალადეების სარეაბილიტაციო კურსების განხორციელებაზე აიღებდა პასუხისმგებლობას. საბჭო განიხილავდა, რომ ეს უფლებამოსილება უნდა ჰქონოდა სამართალდამცავ ორგანოებს, შემდეგ იყო საუბარი იუსტიციის სამინისტროზე. საბოლოოდ ყველამ უარი თქვა. ფაქტია, რომ კანონი არ სრულდება, მაგრამ პასუხს ვერავის მოსთხოვ იმ მიზეზით, რომ პასუხისმგებელი ორგანო განსაზღვრული არ არის,“ – გვიყვება ნინო ჩიხლაძე.

დაინტერესდა თუ არა პარლამენტი და რატომ არ მოსთხოვა მთავრობას პასუხი კანონის შეუსრულებლობაზე? – პარლამენტში ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. იურიდიულ, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტებში ოჯახში ძალადობის თემაზე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არ მიიჩნიეს. საგრძნობი იყო დამოკიდებულება – რა სალაპარაკო თემა არის ახლა ეს.

პარლამენტმა გასულ წელს ასევე უარი თქვა მიეღო კანონი ფემიციდზე, ანუ გენდერული ნიშნით მოტივირებულ დანაშაულზე. ამ შემთხვევაში გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული ცალკე დანაშაულის კატეგორია იქნებოდა, ან განიხილებოდა დამამძიმებელ გარემოებად ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დროს.

ერთადერთი პროგრამა, რასაც ამ ეტაპზე მთავრობა მოძალადე მამაკაცებისთვის ახორციელებს, არის ნებაყოფლობით მონაწილეობა ტრენინგებში და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ძალადობაში მსჯავრდებული პრობაციონერებისთვის. „დღეისთვის ძალადობრივი ქცევის მართვის გენდერული ძალადობის სარეაბილიტაციო პროგრამა მიეწოდება 46 პირობით მსჯავრდებულს“, – მოგვწერეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოდან. ეს უწყება ახორციელებს სარეაბილიტაციო პროგრამას 2016 წლიდან. პროგრამის ფარგლებში პრობაციონერებს კვირაში ერთხელ უტარდებათ ტრენინგი 6 თვის განმავლობაში. უწყებიდან ვერ მივიღეთ პასუხი, რის მიხედვით არჩევენ მონაწილეებს, ან როგორია ტრენინგების შედეგი – რამდენად შეიცვალა მოძალადის ძალადობრივი ქცევა.

კანონი ნებისმიერი მოძალადის სავალდებულო რეაბილიტაციას გულისხმობს. მოძალადის სტატუსი კი პირს ენიჭება არა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, არამედ შემაკავებელი, ან დამცავი ორდერის გამოცემის მომენტიდან.

რაც შეეხება პროკურატურას, პროკურორებმაც უარი გვითხრეს ესაუბრათ ოჯახში ძალადობის შემთხვევებსა და მათი უწყების რეაგირებაზე, მაგალითად, მანანას ისტორიაზე, რომელიც ნებისმიერ დროს ელის თავდასხმას ყოფილი ქმრისგან, მაგრამ მოძალადე კაცის შესაჩერებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

„ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე ეფექტური და გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელება, რაც მსხვერპლ ქალებს უქმნის ბარიერს, მიმართონ სასამართლოს და ეფექტურად დაიცვან თავიანთი უფლებები…“ – ეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევაში წერია. კვლევის შედეგები 2017 წლის მარტში გამოქვეყნდა.

„მოსამართლეებს უჭირთ მოძალადეების მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება“, – ესეც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებაა. ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში რამდენიმე სასამართლო პროცესს დაესწრნენ, სადაც ოჯახში ძალადობის შემთხვევები განიხილებოდა. მათი დაკვირვებით, პრობლემად რჩება სასჯელის ადეკვატურობისა და ეფექტურობის საკითხი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოძალადეების რეაბილიტაციის კუთხით პროექტის განხორციელებას გეგმავს. თავდაპირველად ორგანიზაციაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირებს მოუსმენენ, ვინც ოჯახში ძალადობისთვის იხდის სასჯელს. ნინო ჩიხლაძე ამბობს, რომ უნდა განისაზღვროს საჭიროებები, ხოლო მომავალი წლიდან დაახლოებით 20-25 მათგანისთვის სარეაბილიტაციო ტრენინგ-პროგრამა განხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით: „სასჯელაღსრულების სამინისტროსგან უკვე მივიღეთ ნებართვა. ახლა მთავარია, მსჯავრდებულების პოზიცია გავიგოთ და გავუჩინოთ მათ მოტივაცია, რომ დაესწრონ ტრენინგებს, რასაც ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გავმართავთ.“

„რა შეიცვალა?“

ხათუნა ბ.-ს შესახებ საზოგადოებამ გასული წლის ნოემბერში შეიტყო, როცა მისმა ყოფილმა ქმარმა საერთო შვილს – 11 წლის ბიჭს სასტიკად სცემა. ხათუნას მანამდე არ მიუმართავს პოლიციისთვის, როცა ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. მაშინ „ბათუმელებს“ ხათუნა მოუყვა, რომ 15 წლის გათხოვდა და ქორწინების მესამე დღიდან ქმარი სცემდა. „დანაც აქვს დარტყმული, ჩანგალიც, ჭიქაც…“ – ყვებოდა ის. შვილის ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ, ხათუნას ფეისბუქპოსტზე სასიყვარულო მიმოწერები გამოჩნდა. ხათუნამ მაშინ ხელახლა მიმართა გამოძიებას და თქვა, რომ ამას მისი ყოფილი ქმარი აკეთებდა დაშანტაჟების მიზნით.

ყოფილი ქმარი ირაკლი კ. პატიმრობაში არ იმყოფება. მისი საქმის განხილვა დღემდე გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოძალადე არც ერთ პროგრამაში ჩართული არ არის, სადაც მისი ძალადობრივი ქმედების შეცვლაზე იმუშავებენ.

ირაკლისთან დასაკავშირებლად ხათუნას დავურეკეთ. „ჩემი ყოფილი ქმრის ტელეფონის ნომერია 593 37…“ – უცებ მიპასუხა მან და შეჩერდა, მერე ღრმად ჩაისუნთქა და ისე განაგრძო თხრობა, კითხვა ვეღარ დავსვი: „რატომ უნდა გითხრათ მისი ტელეფონი? აღარ არის საჭირო ამდენი სტატიის წერა. ხომ დაიწერა ჩემზე? ვიყავი ტელევიზიაშიც, რა შეიცვალა? არავინ დამეხმარა, არავინ. პირიქით, ყველამ მიმატოვა. აქამდე ბავშვს მაინც პატრონობდა მამა და მისიანები, ახლა აღარავინ ჩნდება… პროკურატურამ ჩვენება მიმაცემინა, მოძალადე დაისჯებაო, სადაა? იმდენჯერ გადაიდო სასამართლო პროცესი, დავიღალე უკვე. ისე გამოვიდა, რომ მე და ჩემი ნაცემი შვილი ვყოფილვართ დამნაშავე, ასე არაა? ჩვენ ვართ დამნაშავე, ასეა. სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ეს დაწერეთ“.

____________________

სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

esaa

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ჟურნალი „ბათუმელები“