მთავარი,სიახლეები

მინისტრის კომენტარი თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობაზე

02.03.2018
მინისტრის კომენტარი თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობაზე

რატომ არ განიხილა ნოემბრიდან დღემდე ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი? –  ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ ჯანადაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს დაუსვა.

თემურ გაბაიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გასულ წელს კურორტ გოდერძიზე მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სამი ექიმის [შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმი, ხათუნა გელაშვილი, შპს „უნიმედი აჭარას“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები: გიორგი კავთელაძე და მაია მამისაიშვილი] პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე მიმართა.

„ყველაზე ცოტა, მინიმალური ვადა, რაც სჭირდება სამინისტროს შესწავლისთვის, არის თვე-ნახევარი. ყოფილა რთული შემთხვევები, როდესაც ამას დასჭირვებია ორი წელი ან მეტი. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ უკვე ფინალიზაციისკენ და ვფიქრობთ, რომ უკვე ძალიან მალე სრული სურათი გვეცოდინება,“ – გვიპასუხა დავით სერგეენკომ. მას ვუთხარით, რომ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნა ამ შემთხვევაში უკვე არსებობს.

დავით სერგეენკო: „სამედიცინო რეგულირების სააგენტო არის ჯანდაცვის სამინისტროს ნაწილი. როცა ჯანდაცვის მინისტრი გაძლევთ პასუხს, ის მოიცავს რეგულირების სააგენტოს ეტაპს.  მათ სრულად შეისწავლეს საკითხი, რაც მოიცავდა სამედიცინო დოკუმენტაციის დეტალურ შესწავლას და ყველა იმ სამედიცინო პერსონალის, რომელიც მონაწილეობდა ამ პაციენტის მართვაში, დაწვრილებით გამოკითხვაში, ასევე ამ გამოკითხვის დაოქმებაში. ამის შემდეგი ეტაპია ის, რომ პროფესიული ასოციაციები განიხილავენ საკითხს ამ დოკუმენტაციის საფუძველზე და უკვე ვსხდებით ერთად პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ და გამოგვაქვს უკვე გადაწყვეტილება.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: