ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც აჭარის მაღალმთიანეთში, პატარა სოფლის სკოლის ბაზაზე არსებულ სპორტის სექციაში შესვლა გადაწყვიტა. მაშინ 11 წლის იყო, ფიქრობდა, რომ ქალაქიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ მთის სოფელში მცხოვრები გოგოსთვის ეს იყო შანსი, სოფლის საზღვრებს გასცდენოდა, მსოფლიოს ქალაქების ნახვას თუ ვერა, ქვეყნის დედაქალაქის ნახვას ამგვარად მაინც შეძლებდა. ახლა 18 წლისაა და ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად ბევრი იშრომა. ამბობს, რომ სჯეროდა საკუთარი თავის, შესაძლებლობის და შედეგმაც არ დააყოვნა, ვარჯიშის დაწყებიდან მესამე წელს ეროვნული ნაკრების წევრი გახდა და 14 წლისამ პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა – ეს ელზა მახაჭაძეა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მაგიდის ჩოგბურთში სოფელ ვაიოდან.
ხშირად ეუბნებოდნენ, რომ სპორტი ქალის საქმე არ იყო და თავის დანებებასაც ურჩევდნენ, განსაკუთრებით სოფლის უხუცესებს არ მოსწონდათ ელზას სპორტული ცხოვრება, თუმცა ელზამ არ დაიშალა.
„სოფელში ამბობდნენ, რა უნდა გოგოს სპორტში, სპორტი რა ქალის საქმეა, ხშირად მეუბნებოდნენ კიდეც და თავის დანებებას მირჩევდნენ მოხუცები, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, სპორტი ჩემი არჩევანი იყო და მწამდა გამარჯვების, რომლის მისაღწევად ბევრს, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. თავდაპირველად არც ოჯახს მოსწონდა სპორტით ჩემი გატაცება, მაგრამ როცა დაინახეს წარმატებები ნელ-ნელა როგორ მოდიოდა, გვერდში დამიდგა ყველა, ოჯახი, სოფელი, მეგობრები…მხარდაჭერამ კი უფრო გამაძლიერა.
ჩემი პირველი მასწავლებელი იოსებ მახაჭაძე იყო, სოფელ ვაიოს სკოლაში ვმეცადინეობდი. როდესაც ეროვნული ნაკრების წევრი გავხდი, ბათუმშიც დავიწყე მეცადინეობა, სოფლიდან ქალაქში ჩავდოდი სამეცადინოდ, ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი სოფელში ვბრუნდებოდი. ზოგჯერ სოფელში ვმეცადინეობდი, ზოგჯერ – ბათუმში, ახლაც ასეა, თუმცა ვვარჯიშთან ერთად ჩემს სოფელში, ვაიოში, პატარა ბავშვებს ვავარჯიშებ, მათ შორის ჩემს ძმას, ცხრა წლის დიმასაც,“ – გვიყვება ელზა.
განსაკუთრებით ემოციურად ახსენდება ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში, მაშინ 14 წლის იყო.
„ერთ დღესაც წამში ამიხდა ოცნება და იტალიაში ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად გავემგზავრე, მივდიოდი და არ მჯეროდა, რომ მე ეს შევძელი, ქალაქიდან შორს, ერთ პატარა სოფელში მცხოვრები სოფლის კი არა, ქვეყნის საზღვრებს გავცდი და ევროპის ჩემპიონატზე უნდა მეთამაშა. მას შემდეგ იყო ბევრი თამაში, თურქეთის თითქმის ყველა ქალაქში მითამაშია. ვითამაშე ბულგარეთში, ხშირად დავდივარ ერევანში…ბოლოს იყო მალტა, სადაც სასკოლო ოლიმპიადაზე ვიასპარეზეთ ვაიოს სკოლიდან ოთხმა გოგონამ,“ – ჰყვება ელზა.
ელზა 2012 წლიდან მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში საპრიზო ადგილს იკავებს, 2012 წლიდან დღემდე წყვილთა შორის ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, ეროვნულ ჩემპიონატზე პირადსა და შერეულ კატეგორიაში მესამე ადგილიც დაიკავა.
მისი რჩეული მეწყვილე თანასოფლელი და სკოლელი ლინდა მახაჭაძეა. ლინდაც ეროვნული ნაკრების წევრია. წელს მას განსაკუთებით გაუმართლა და პირად კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა, ჩემპიონის ტიტული ფინალურ თამაშში ელზასთან მოგებამ მოუტანა.
ელზა ამბობს, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო წყვილთა შორის თამაშია, თუმცა საკმაოდ რთული აღმოჩნდა მეგობართან და მეწყვილესთან ფინალი ეთამაშა.
„მაგიდის ჩოგბურთში სამი კატეგორიიდან ყველაზე საპასუხისმგებლო მაინც წყვილთა შორის თამაშია. როდესაც წყვილში თამაშობ, ორივე მოთამაშემ კარგად უნდა ითამაშოს, ერთი ქულის გაფუჭების უფლებაც კი არ გაქვს, რადგან შენი წაგებით მეწყვილეც აგებს, ერთმანეთზე ხარ დამოკიდებული. თუმცა ჩემთვის ყველაზე რთული მაინც პირად კატეგორიაში თამაშია. წელს ჩემპიონატზე პირად კატეგორიაში საფინალო თამაში თანამეწყვილესთან მქონდა. ლინდა არამარტო მეწყვილე, ჩემი მეგობარია, მაგრამ თამაში თამაშია და აქ მთავარი გამარჯვებაა, ერთი ქულით მომიგო და პირველ ადგილზე გავიდა, მე – მესამეზე, ფინალურ თამაშში ლინდასთან 3:2 წავაგე“.
ელზა აბიტურიენტია, სწავლის გაგრძელება სურს, პროფესიაც შერჩეული აქვს და სპორტთან ერთად მისი სამომავლო მიზანი უმაღლესი განათლების მიღებაა.
ტურიზმი მინდა ვისწავლო, უმაღლესი განათლება მივიღო და პარალელურად უნივერსიტეტებს შორის სპორტულ შეჯიბრებებში მივიღო მონაწილეობაო – ამბობს.
5 მაისს ელზა 18 წლის გახდა და წელს უკვე სხვა ასაკობრივ კატეგორიაში, მასზე გაცილებით უფროს ჩოგბურთელებთან მოუწევს თამაში. ჩემპიონატი 15 მაისს იწყება და ელზა განსაკუთრებით ემზადება.
„15 მაისს დაიწყება საქართველოს ღია პირველობა, რთულია შეეჭიდო მათ, ვინც მთელი ცხოვრება თამაშობს, ან შეიძლება რთული იმიტომ მგონია, რომ პირველად უნდა ვეთამაშო ჩემზე გაცილებით დიდი ხნის გამოცდილების მქონე სპორტსმენებს, მაგრამ დაუძლეველი არაფერია, გამარჯვების იმედი მაქვს, ჯერ კიდევ ბავშვობაში ვთქვი, რომ მე ეს შემიძლია“.