ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ჰოსეინ მაშჰადის აჰმად ბადფა შეცვლის. ჰოსეინ მაშჰადის მისია 20 აპრილს დაუმთავრდა. როგორც საკონსულოში განმარტავენ, აჰმად ბადფა პირველ ეტაპზე გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, შიდა საორგანიზაციო პროცედურების დასრულების შემდეგ კი, გენერალურ კონსულად დაინიშნება.
ბათუმში 2 მაისს ირანის საკონსულოში ახალი კონსულის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიღება გამართეს. მიღებაზე ბათუმში მცხოვრები ირანელები იყვნენ მიწვეულნი. ამასთან, 2 მაისს ირანელებმა ნიმე შაბანის დღესასწაულიც აღნიშნეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში და ქალაქ ბათუმში მოღრუბლული, თუმცა ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე ამჟამად 15, 5 გრადუსია.
5-6 მაისს აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.
ხულოს მერია სამ საზაფხულო იალაღზე: შქერნალზე, ლოდიძირისა და საკამბეჩოზე არსებულ 10-კილოვატიან ელექტროგადამცემ ხაზს შეაკეთებს. ქსელის სარეაბილიტაციოდ საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი პირველ მაისს 6 355 ლარზე გამოაცხადა. წინასწარი გათვლებით, ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციას 200-250 ათასამდე ლარი დასჭირდება. ადგილობრივ ბიუჯეტში ეს თანხა არ არის, ამიტომ დაფინანსებისთვის მერიამ მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების სააგენტოებს მიმართა.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზაზა აბულაძე განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში გარდა იალაღებისა, ბეშუმის მიმდებარედ, შქერნალზე არსებული ალპური ბოტანიკური ბაღის განათებაც დაპროექტდება და აქვე იმასაც დასძენს, რომ ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია მერიამ მოიალაღეების მოთხოვნის საფუძველზე დაგეგმა.
„ეს არის მთებზე არსებული ძველი, 10-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და ენერგოკომპანია ოპერირებას არ ახდენს… პირველ ეტაპზე საპროექტო დოკუმენტი მომზადდება, რის შემდეგაც დაიგეგმება კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
არსებული ქსელის რეაბილიტაცია 350-მდე მოიალაღის პრობლემას მოაგვარებს, გარდა მოიალაღეებისა, პროექტის ფარგლებში გოდერძის უღელტეხილისა და ალპური ბოტანიკური ბაღის განათების საკითხიც მოგვარდება, რაც ტურისტული კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.
ფონდებიდან გვიპასუხეს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში დაგვაფინანსებენ, თუმცა ჩვენ წინმსწრებად პროექტირებაზე გამოვაცხადეთ ტენდერი და როდესაც რეაბილიტაციისთვის თანხას მივიღებთ, პროექტი უკვე მზად გვექნება,“ – ამბობს ზაზა აბულაძე.
_____________________
მთავარი ფოტო: ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან მოსახლეობამ იალაღებზე გადასვლა დაიწყო. მოიალაღეები, ძირითადად, ოჯახის უხუცესი წევრები არიან და ისინი მემთეურობას მუდმივი საცხოვრებელი სახლიდან, ათეული კილომეტრით დაშორებულ იალაღებზე ატარებენ.
მემთეურები საცხოვრებელ სახლებს მაისში ტოვებენ და მთაში პირუტყვი გამოსაკვებად მიჰყავთ. მემთეურები მუდმივ საცხოვრებელ სახლებს შემოდგომის მიწურულს უბრუნდებიან.
მოიალაღეები მთაში დამზადებულ ყველს, კარაქს, ნადუღს გვიან შემოდგომაზე ქალაქში ყიდიან. მესაქონლეობა აჭარის მთის სოფლებში მცხოვრები ოჯახების შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
იალაღზე გამგზავრება / ქედა, სოფელი ხარაულა / გოჩა ზაქარაძის ფოტოები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2 ათასი მასწავლებლის გადამზადებას გეგმავს. ეს პედაგოგები საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ლტოვილ ბავშვებს ქართულ სკოლებში ასწავლიან. როგორც ცენტრში გვეუბნებიან, უკვე შემუშავებულია პედაგოგების გადამზადების ტრენინგმოდული და მისი განხორციელება დაახლოებით ივნისში დაიწყება.
როგორც ცენტრში გვეუბნებიან, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, რამდენი ლტოლვილი ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში. ცენტრი ვერც იმის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რა თანხებია ბიუჯეტიდან გამოყოფილი ამ პროგრამის განხორციელებისთვის.
„ბათუმელები“ ლტოლვილი ბავშვების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას 5-დან 17 წლამდე 105 ბავშვი ელის, ამავე ასაკის 287 ბავშვს კი სტატუსი მინიჭებული აქვს. „აქედან ყველა ბავშვი დადის თუ არა სკოლაში, ამ ინფორმაციას არ ვფლობთ“, – გვეუბნებიან სამინისტროს პრესსამსახურში.
ლტოლვილი ბავშვები საქართველოს 24 საჯარო სკოლაში სწავლობენ – უმეტესობა თბილისის სკოლებში, ნაწილიც რეგიონებში. ლტოლვილი ბავშვები ძირითადად, სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან არიან.
„ყველა საგნის მასწავლებელი უნდა გადამზადდეს, იმ სკოლებში, სადაც ლტოლვილი ბავშვები სწავლობენ. მასწავლებლებს მიეწოდებათ გარკვეული ცოდნა და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ მათ შექმნან კეთილგანწყობილი გარემო ბავშვების ინტეგრაციისთვის სასკოლო საზოგადოებაში“, – გვეუბნება სამოქალაქო განათლების კონსულტანტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, ნინო გვარამაძე.
მისი თქმით, ლტოლვილ ბავშვებს ენობრივი ბარიერებიც აქვთ, ამიტომ მათთვის ტოლერანტული გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია.
„ინტეგრაციის პრობლემა ნებისმიერ შემთხვევაში იარსებებს, რადგან ეს ბავშვები მოსული არიან განსხვავებული კულტურული, პოლიტიკური გარემოდან და ძალიან რთული დღეები აქვთ გამოვლილი. ამიტომ, მასწავლებლებმა რომ იცოდნენ როგორ შექმნან მათთვის ინტეგრირებული გარემო, ამისათვის სჭირდებათ დატრენინგება“, – გვეუბნება ნინო გვარამაძე.
როგორც კონსულტანტი გვეუბნება, დაახლოებით ივნისში ტრენერების გადამზადება დაიწყება, შემდეგ კი პედაგოგების.
პროგრამა, – „სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა ლტოლვილ მოსწავლეთა ინტეგრაციისთვის“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.
პრეზენტაციას გაეროს ტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) რეგიონული მისიის ხელმძღვანელი იოჰანეს ფან დე კლაუმიც ესწრებოდა.
28-29 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ართვინში, იუსუფელის პროვინციაში, ჩატარდა მე-4 საერთაშორისო შეჯიბრი ოფროუდში, სადაც საქართველოს სამი ქალაქიდან – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი – ექვსმა ეკიპაჟმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრში თბილისიდან ერთი ეკიპაჟი იყო წარდგენილი, ქუთაისიდან – ორი, ხოლო ბათუმიდან – სამი.
„მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს“, „თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს“ – მსგავს მესიჯებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის ან ხორხის კიბოთი დაავადებული ადამიანის გამოსახულებასთან ერთად იმ ფილმების, გადაცემების დასაწყისსა და ბოლოს მოისმენთ და ნახავთ, რომლებშიც სიგარეტის მოწევის კადრია ან თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქსესუარი.
2018 წლის პირველი მაისიდან ძალაში შევიდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლისა და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამის ნიმუშების შესახებ. ბრძანების მიხედვით, პირველი მაისიდან ნებისმიერ ფილმს, გადაცემას ან სხვა ტელეპროდუქტს, რომელშიც ასახულია თამბაქოს მოხმარება ან თამბაქოსთან დაკავშირებული აქსესუარი, თან უნდა ერთვოდეს პიქტოგრამა და ხმოვანი მესიჯი.
როგორ უნდა განთავსდეს პიქტოგრამა და რას ითვალისწინებს ჯარიმა? – ამის შესახებ ჩვენს შეკითხვებს უპასუხეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ და თამბაქოს კონტროლის ჯგუფის იურისტმა, მარიამ თაყაიშვილმა.
ქალბატონო ლელა, ყველა ტელეპროდუქტზე ვრცელდება ეს კანონი? შეეხება თუ არა ეს, მაგალითად, ძველ ფილმებს და გადაცემებს, რომლებსაც აჩვენებენ ტელევიზიით?
დიახ, ყველაზე, სადაც თამბაქოს ნაწარმი ჩანს. ნებისმიერზე, ქართულზე, უცხოურზე – არა აქვს მნიშვნელობა.
რომ დავაზუსტოთ, მაგალითად, გადის ფილმი, სიგარეტის მოწევის ეპიზოდში გამოჩნდება პიქტოგრამა და ხმოვანი შეტყობინება?
არა, ეს მოხდება ფილმის დასაწყისსა და ბოლოში. ფილმის მსვლელობისას არანაირი ჩარევა არ ხდება.
მარიამ თაყაიშვილი, თამბაქოს კონტროლის ჯგუფის იურისტი:
ბეჭდურ მასალებში, სადაც ილუსტრირებულია თამბაქოს ნაწარმი; თამბაქოსთვის განკუთვნილი მოწყობილობა, მაგალითად, ელექტროსიგარეტი, ან რაიმე სხვა სახის მოწყობილობა, ან აქსესუარი, ასევე, უნდა ჩაიდოს ბეჭდვითი პიქტოგრამა, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით, მეორე დანართით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მიხედვით, თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 ათასი ლარის ოდენობით. ეს ეხება მასობრივ წარმოდგენებს, თეატრს, სპექტაკლებს, კინოჩვენებებს, მაგრამ ეს ვრცელდება მხოლოდ იმ პროდუქციაზე, რომელშიც უშუალოდ ხდება დემონსტრირება თამბაქოს ნაწარმის.
ანუ მაშინ, როცა საქმე ეხება ვიზუალურ მასალას, გამოსახულებას?
დიახ, ასეა. ფილმს თუ ავიღებთ, არა ყველა ფილმის წინ მოხდება ამ პიქტოგრამის განთავსება, არამედ კონკრეტულად იმ ფილმებში, რომლებშიც დემონსტრირება ხდება თამბაქოს ნაწარმის.
თუმცა ძნელია გაიხსენო ფილმი, რომელშიც არ არის მოწევის კადრი…
ლელა სტურუა: თანამედროვე ფილმებში, ფაქტობრივად, არ არის მოწევა. არა უშავს, თავიდან გაუშვებენ და შემდეგ თანდათან შემცირდება ასეთი ფილმები.
ვინ გააკონტროლებს კანონის აღსრულებას?
ამ მუხლის აღსრულება ევალება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ეს პირდაპირაა ჩაწერილი კანონში.
ისე გამოდის, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება შეიძლება იყოს ფილმში ნაჩვენები და ამაზე ცენზურა არ გავრცელდება, მაგრამ ცენზურა გავრცელდება სიგარეტზე…
ამ ეტაპზე სიგარეტზე ვრცელდება. მაგრამ ეს რომ „ასე გამოდის“ და თითქოს ჩვენ რაიმეს ვახალისებთ ამით, ასე არ არის. პირველ ეტაპზე თამბაქოა, შემდეგ ეტაპზე შეიძლება ალკოჰოლიც იყოს, ნარკოტიკი და ა.შ.
ჩაქვში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა არასრულწლოვანი ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მეორე არასრულწლოვან ბრალდებულთან კი საპროცესო შეთანხმება შედგა.
შემთხვევა გასული წლის 6 ნოემბერს მოხდა. მოხუც ქალს, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობს და არაყს ყიდდა, ორი შენიღბული პირი თავს დაესხა და დანის მუქარით 100 ლარი მოსთხოვა. მოხუცმა თავდამსხმელებს 80 ლარი და ძვირფასეულობა მისცა. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა 17 წლის ორი ბიჭი დააკავა, მათ შორის, ერთი დაყაჩაღებული მოხუცის მეზობელია.
არასრულწლოვანი, რომელიც მოხუცის მეზობელია, ბრალს არ აღიარებს. მის საქმეს დახურულ პროცესზე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. ადვოკატ ზაზა პაპიძეს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს, რადგან „მოხუცს თავდამსხმელები არ დაუნახავს, გამამატყუნებელი განაჩენი კი, მხოლოდ ერთი არასრულწლოვნის ჩვენებას არ უნდა დაეყრდნოს, რომელიც ამბობს, რომ ორივე ერთად დაესხა თავს მოხუცს“.
მეორე არასრულწლოვანთან, რომელიც ქობულეთის სხვა სოფელში ცხოვრობს და რომელმაც ბრალი აღიარა, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს. ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე ლევან გელოვანი მიიღებს 3 მაისის სხდომაზე.
ადვოკატ ზაზა პაპიძის თქმით, არასრულწლოვანი, რომელმაც მოხუცზე ყაჩაღობის შემთხვევა აღიარა, 2 წელს ციხეში გაატარებს, 4 წელი კი, პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.
არასრულწლოვნის აღიარებითი ჩვენების გარდა საქმეში დევს ტაქსის მძღოლის ჩვენება, რომელმაც არასრულწლოვნები ჩაქვიდან ქობულეთში წაიყვანა. მან ამ საქმეზე დაკავებული ორივე არასრულწლოვანი ამოიცნო.
საქმეში კიდევ ერთი მტკიცებულება სიგარეტის ნამწვია, რომელიც სამართალდამცველებმა მოხუცის ეზოში იპოვეს. ექსპერტიზის მიხედვით, სიგარეტს მოხუცის ეზოში ის არასრულწლოვანი ეწეოდა, რომელიც ბრალს არ აღიარებს.
„ეს არაა მტკიცებულება. არასრულწლოვანი მოხუცის მეზობელია და ის ხშირად გადადიოდა მასთან, ეხმარებოდა,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.
ბათუმში გმირთა ხეივანი ბათუმში, რომელიც ბაგრატიონისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის, დაახლოებით 1,5 კმ-ის სიგრძეზეა გაშენებული, მეექვსე წელია ნაგვის ურნების გარეშეა.
ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ადგილებს, სად განთავსდეს ურნები, მერიის შპს „სანდასუფთავება“ განსაზღვრავს.
„სანდასუფთავებაში“ კი განაცხადეს, რომ „ხეივანში უნდა დაიდგას დეკორატიული ურნები. გამოცხადებული იყო ტენდერი, ველოდებით და როგორც კი ურნებს შემოიტანენ, ამ ხეივანშიც აუცილებლად დავდგამთ. ზოგადად, ქალაქში ურნებს ხშირად აზიანებენ და სეზონისთვის ვცდილობთ ყველა მათგანი შევცვალოთ“.
შეიხ ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანის ხეივანი ბათუმში 2012 წლის მაისში გაიხსნა. ხეივანს ორ ნაწილად რკინის თაღი, ე.წ. ბათუმის კარიბჭე ჰყოფს. მოგვიანებით ამ ხეივანს გმირთა ხეივანი, ხოლო ქუჩას, ჟიული შარტავას სახელი ეწოდა.
თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო და სარფის საბაჟოზე სეზონურ სამუშაოზე წამსვლელთა რაოდენობამ იმატა. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი მიდის სეზონურ სამუშაოზე საქართველოდან თურქეთში, არ არსებობს.
ვიდეო გადაღებულია პირველ მაისს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სეზონურად მუშაობენ ჩაის ან თხილის პლანტაციებში, ხშირად აქვთ რისკი, რომ შეიძლება დამსაქმებელმა არ გადაიხადოს შესრულებული სამუშაოს საფასური.
გასული წლის სექტემბერში, ანუ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ბოლო ციკლის მიწურულს, თურქეთის სახელმწიფომ მიიღო კანონი, რაც სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულების უფლებრივ მდგომარეობას არეგულირებს.
რომ არ გახდეთ შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი, უნდა შეავსოთ შესაბამისი აპლიკაცია. ეს შეიძლება გახდეს იმის გარანტია, რომ დამსაქმებელი ვეღრა მოგატყუებთ. აპლიკაციის შევსება შეიძლება ქართულად და არის უფასო.
აქ წაიკითხეთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ლეგალურად დასაქმდეთ სეზონურ სამუშაოზე თურქეთში:
ბათუმში სექტემბერში დაგეგმილ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით სარეკლამო მასალის, ბანერის, სტიკერისა და ბადე სტიკერის განთავსება იგეგმება საქალაქო ტრანსპორტზე, ბულვარში მოძრავ სასეირნო მატარებელზე, საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ვიტრაჟებსა და დელფინარიუმზე.
შესაბამის მომსახურებას ა[ა]იპ „2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი“ ტენდერის საშუალებით შეისყიდის, რისთვისაც 16 250 ლარია გათვალისწინებული.
ავტობუსის მინები და ბულვარში მდებარე კლუბ „ნონას“ ვიტრაჟები დაფარული უნდა იყოს ბადესტიკერით, ხოლო სხვა დანარჩენი ადგილები – სტიკერით. შესაბამის დიზაინს ტენდერში გამარჯვებულს საორგანიზაციო კომიტეტი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიაწვდის.
საჭადრაკო ოლიმპიადის სარეკლამო მასალები ბათუმში ZONDA-ს ტიპის 7 ავტობუსზე, BOGDAN-ის – 5 და FAW-ის ტიპის 3 ავტობუსზე განთავსდება.
სატენდერო პირობის მიხედვით, მიმწოდებლისთვის ავტობუსის მარშრუტის ნომრის (ხაზების) გადაგზავნას ბათუმის სატრანსპორტო კომპანიასთან, კლუბ „ნონას“, დელფინარიუმისა და ბულვარში მოძრავ მატარებლების ადმინისტრაციასთან შეთანხმებას საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს.
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში, ყინულის სასახლის ტერიტორიაზე ჩატარდება, სადაც ამ დროისთვის სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს.
ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი ფეხბურთელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა. ის წვრილმანი ხულიგნობისთვის გუშინ ღამით დააკავეს.
ფეხბურთელი თანმხლებ სამ პირთან ერთად ბათუმის ბულვარში დააკავეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ჩაიწერა, რომ ფეხბურთელი უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას.
წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. დანარჩენ სამ პირზე სასამართლო დღის განმავლობაში იმსჯელებს.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 28 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე 813 განაცხადი შევიდა.
ყველაზე მეტი – 131 განაცხადი ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა საკითხების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად წარადგინეს. 116 განაცხადია შესული მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.
ყველაზე ცოტა, 3 განაცხადი, მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობაზეა შესული.
ბათუმის მერიამ კონკურსი 23 აპრილს გამოაცხადა. განაცხადების მიღება 30 აპრილს შეწყდა.
მამამთილისგან რძალზე ოჯახში ძალადობის შემთხვევა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა. შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს დაზარალებულმა ქალმა უთხრა, რომ მას მამამთილმა სცემა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ.
„ვაღიარებ დანაშაულს, ეს აღარ განმეორდება,“ – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ნურიელ ზოიძემ. მან ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნია, რაც პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა. შესაბამისად, მოსამართლეს პროცესზე არც ერთი მოწმის ჩვენება აღარ მოუსმენია.
ბრალდებულის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბრალდებულის შვილი, ანუ დაზარალებულის ქმარი, ოჯახიდან წავიდა და ის ამას განიცდიდა, ხოლო კონფლიქტი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მოხდა. ნურიელ ზოიძის ოჯახი ეკომიგრანტია და სოფელ ზენითში, ყოფილი მეურნეობის შენობაში თვითნებურადაა შესახლებული.
„არც ერთი ყოფითი პრობლემა არ ამართლებს ოჯახის წევრის მიმართ ხელის აღმართვას,“ – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს. მან ვრცლად ისაუბრა ოჯახში ძალადობის შესახებ, როგორც დაუშვებელ მოქმედებაზე.
„არ ჩამითვალოთ, რომ თითქოს ვერევი მე თქვენს ცხოვრებაში… ის ფაქტი, რომ თქვენი შვილი სახლიდან წავიდა, მე ვფიქრობ, რომ ამ დროს რძალს თქვენგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება. მას არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ მსგავსი ქმედება განმეორდება,“ – აღნიშნა მოსამართლემ.
ნურიელ ზოიძეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც პირობით ჩაეთვალა. ის აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა და ეს შემამსუბუქებელი გარემოებაა.
სასამართლო პროცესს დაზარალებული ქალი – რუსუდან გორგაძე არ დასწრებია. მას პირადობის მოწმობა არ ჰქონდა და მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს შესასვლელთან ელოდა.
„არ ვიცი, რა იქნება, ჩვენ ისევ ერთ ჭერქვეშ უნდა ვიცხოვროთ. მე მას არ ველაპარაკები, კონფლიქტი ისევ არსებობს,“ – გვითხრა რუსუდან გორგაძემ. იგი როგორც ეკომიგრანტი, სახელმწიფოს სთხოვს, საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას, სადაც საკუთარ შვილებთან ერთად ცალკე იცხოვრებს.
საქართველოს კანონმდებლობით, სიგარაბარი არის სპეციალური დაწესებულება, რომელიც მოწყობილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე და რომელშიც დაშვებულია მხოლოდ პაპიროსის, სიგარისა, სიგარილას მოწევა, ასევე სასმელის შეთავაზება. სიგარაბარის სანებართვო მოსაკრებელი 15 000 ლარია. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა კი 4 წლის ვადით გაიცემა.
სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს. ნებართვის გაცემას, გაუქმებას, მასში ცვლილების შეტანას, უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:
[checklist]
შესაბამისი დაწესებულების (მეწარმე სუბიექტის) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ სიგარაბარი განლაგებული იქნება იზოლირებულ შენობაში ან შენობის იზოლირებულ ნაწილში, შენობის სხვა ნაწილებთან დაკავშირებული იქნება ყრუ კედლით, ექნება ცალკე შესასვლელი, სავენტილაციო სისტემა და სიგარის კვამლი ვერ მოხვდება შენობის სხვა ნაწილში ან სხვა შენობა-ნაგებობაში;
შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სავენტილაციო სისტემის გამართული მუშაობის თაობაზე;
თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საკონტაქტო ინფორმაცია.
სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გამცემს ნებართვის მიღებიდან 1 წლის შემდეგ და ყოველ მომდევნო წელს წარუდგინოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი წლის მიხედვით მისი წლიური ბრუნვის არანაკლებ 15 პროცენტს სიგარის რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენდა.
[/checklist]
სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ კანონით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების კვლავ შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად [ჯარიმის ორჯერ გასამმაგება, ნებართვის გაუქმება].
სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და საქმის განხილვის უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს.
სიგარაბარის მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ორი დღის წინ, 2018 წლის 30 აპრილს დაამტკიცა.
პირველ მაისს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში ხუთი წლის ბავშვი გარდაიცვალა მენინგოკოქცემიის დიაგნოზით. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, ბავშვი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან იყო.
„როცა ცუდად გახდა ბავშვი, ის მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვი გარდაიცვალა,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, მენინგოკოქცემიის 1-2 შემთხვევა თითქმის ყოველ წელს ვლინდება და აქედან ერთი შემთხვევა მაინც ლეტალურად მთავრდება.
ნინო ნიჟარაძის თქმით, შემოწმდება საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვი დადიოდა.
როგორც ნინო ნიჟარაძე ამბობს, მენინგოკოქცემიის ვირუსი ძალიან სწრაფად მოქმედებს. მისი თქმით, პრევენცია შესაძლებელია იყოს აცრა, რომელიც საქართველოში არ კეთდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც, აცრის ეფექტურობა დამოკიდებულია ვირუსის ტიპზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია პინმა [People in Need Georgia] პირველ მაისს ქედის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ცენტრი გახსნა. ქედისა და ხულოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიას არა მარტო ოფისებში, არამედ სოფლებშიც ჩაატარებენ და მეწარმეებს აგრარულ საკითხებზე ინფორმაციას ადგილზე მიაწვდიან.
„საინფორმაციო ცენტრი ენპარდის პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული ლაგის ბაზაზე იფუნქციონირებს და სოფელში მცხოვრებ მცირე თუ დიდ მეწარმეებს მიაწვდის ინფორმაციას საკვებ პროდუქტზე არსებულსაკანონმდებლო რეგულაციებზე, სურსათის უვნებლობაზე, ჰასპის სტანდარტებსა და ადგილზე მოწეული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით საკითხებზე.
პროექტის ფარგლებში, ძირითადად, ფერმერებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოიწიონ ბიო პროდუქტი, როგორ შეძლებენ ევროპის ბაზარზე მათ მიერ მოწეული პროდუქციის დამოუკიდებლად გატანას, ასევე ინფორმაციას არსებულ რეგულაციებზე, სტანდარტებსა და მოთხოვნებზე,“ – ამბობს სოფია გოდუაძე, პროექტის კოორდინატორი.
საინფორმაციო ცენტრი, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში გაიხსნა, არასამთავრობო ორგანიზაცია – დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისში.
სოფია გოდუაძე განმარტავს, რომ პროექტი 2019 წლის 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება და აჭარის მასშტაბით ორი საინფორმაციო ცენტრი იმუშავებს, ერთი ქედაში, მეორე – ხულოში. იგი აქვე აღნიშნავს, რომ პროექტში ჩართულია ქართველ მუსლიმთა კავშირი და არასამთავრობო ორგანიზაცია – შავი ზღვის ეკოაკადემია.
„პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და ქვეყნის შვიდ რეგიონში [აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში] ხორციელდება. პროექტში ჩართულია 23 ორგანიზაცია და ლაგები.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა – „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი“, რომელსაც „განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი“ (EARI) განახორციელებს.
საკონკურსოდ წარდგენილი ესეი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: პირველი რესპუბლიკის ასწლეულის ანალიზი და შეჯამება, ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული გამოწვევების ხედვა, ნაშრომის აკადემიური სტილი, თემის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან.
ოფიციალური ინფორმაციით, ჟიურის შემადგენლობაში შედიან: ეკა ტოგონიძე, ნიკო ჯავახიშვილი, თემურ ჯოჯუა, გიორგი კეკელიძე, ფიქრია ჩიხრაძე. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს კონკურსში მონაწილე ესეების ავტორებიდან 20 საუკეთესოს. ამასთან, სტუდენტებს შორის გამოვლინდება პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო, I ადგილისთვის – 1500 ლარი, II ადგილისთვის – 1000 ლარი.
პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებული გამოვლინდება პროფესორ-მასწავლებლებს შორისაც, რომლებიც ასევე მიიღებენ ფულად პრიზებს – I ადგილისთვის – 1500 ლარს, II ადგილისთვის – 1000 ლარს.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები. ორივე კატეგორიაში გამარჯვებული ოცეულის ესეები გამოიცემა კრებულის სახით და გადაეცემა ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს სასწავლებლებს.
საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ მოეწყობა კონკურსანტების შეხვედრა პრეზიდენტთან. პროექტის ბოლოს კი, გაიმართება გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულებს პრეზიდენტი დაასახელებს. ნაშრომი შეფასდება 10-ქულიანი სისტემით.
კონკურსანტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ 7 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით. ერთ ავტორს შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთი ესე წარმოადინოს საკონკურსოდ. ჟიურის წევრებს ექნებათ დაახლოებთ სამი კვირა საკონსკურსო ნაშრომების გასაცნობად და შესაფასებლად. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ივნისის ბოლოს.
საკონკურსო ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: instituteeari@gmail.com. ნაშრომში აუცილებელია მითითებული იყოს ავტორის სახელი, გვარი, საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, თქვენი პირადი ელფოსტა და ტელეფონის ნომერი (მონაცემების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხევაში ნამუშევრები არ მიიღება).
ქობულეთში, სოფელ ჩეხედანაში მცხოვრებმა კობა ხაბაზმა საკუთარი სახლის ეზოში ძველი ქვევრები აღმოაჩინა. ქვევრების სიძველე ჯერ არავის დაუდგენია. თავად კობა ხაბაზი ამბობს, რომ წინა თაობებისგან არაფერი სმენია ეზოში ქვევრების არსებობის შესახებ. ორი ქვევრი ერთმანეთის გვერდიგვერდ კობა ხაბაზმა რამდენიმე დღის წინ იპოვა.
„ეზოს მოპირკეთება გადავწყვიტე და მაშინ აღმოვაჩინეთ ეს ქვევრები,“ – გვიყვება კობა ხაბაზი, – „ნაძვის ძირას მიწა უსწორმასწორო იყო და მისი გასწორება გადავწყვიტე, რადგან ეზო მთლიანად უნდა დამესხა. მიწის ამოთხრის დროს გამოჩნდა ქვევრი… გამოვასუფთავე, ღრმად ამოვთხარე და 10 სანტიმეტრის დაშორებით მეორე ქვევრიც ვიპოვეთ. გადავწყვიტე, ამომეღო და გამესუფთავებინა, მაგრამ იფშვნებოდა. ქვევრის ნაწილში ნაძვის ფესვები იყო წასული… არავისთვის არ მიმიმართავს. ქვევრებს ისევ მიწა დავაყარე“.
კობა ხაბაზის ოჯახი ჩეხედნის ისტორიული მონასტრის ახლოს ცხოვრობს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ ისინი ჩეხედანაში აღმოჩენილი ქვევრების სიძველეს შეისწავლიან. სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მირზა ცეცხლაძე ამბობს: „ეროვნული სააგენტო განსაზღვრავს, რის გაკეთება იქნება საჭირო. შესაძლებელია, ქვევრების ადგილზე კონსერვაცია მოხდეს.“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლისა და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამის ნიმუშები დაამტკიცა. ბრძანება 2018 წლის პირველი მაისიდან შევიდა ძალაში.
[red_box]ბრძანების მიხედვით:[/red_box]
№1 დანართით გათვალისწინებული ტელე/რადიორგოლი უნდა განთავსდეს ნებისმიერი სახის ისეთი მასობრივი ინფორმაციის საშუალების, ელექტრონული საშუალების, სატელევიზიო გადაცემის, რადიოგადაცემის, ფილმის, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის, სხვა სახის აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების ჩვენების დასაწყისში და ბოლოში, სადაც დემონსტრირებულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარება, რაც ითვლება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ შემოქმედებით პროდუქციად.
№1 დანართით გათვალისწინებული ნიმუშების განთავსება [ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში] უნდა განხორციელდეს როტაციის პრინციპით, ხოლო ნაწარმოების დასაწყისში და ბოლოში განთავსდეს №1 დანართით დამტკიცებული ორი სხვადასხვა ნიმუში.
№2 დანართით დამტკიცებული ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამები კი უნდა განთავსდეს მასობრივი, მათ შორის ელექტრონული ინფორმაციის საშუალებით გავრცელებულ ნებისმიერი სახის ისეთ ტექსტობრივ, ლიტერატურულ, ფოტოგრაფიულ, ილუსტრირებულ ნაწარმოებში, სადაც დემონსტრირებულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარება, რაც ითვლება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ შემოქმედებით პროდუქციად.
№2 დანართით დამტკიცებული პიქტოგრამის ნიმუშებზე განთავსდეს შემდეგი სახის საერთო სამედიცინო გაფრთხილება: „ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას“ ,,მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის! ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ლოგო“ .
მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პიქტოგრამების ნიმუშები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის [ასევე სხვა ნორმატიული აქტების] შესაბამისად დამტკიცდა. აღნიშნული კანონით:
„აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, გარდა ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრისა“.
საქართველოს კანონით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა და ბლოკზე განთავსებული უნდა იყოს მინისტრის მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც უნდა მოიცავდეს ძირითად გაფრთხილებას, დამატებით გაფრთხილებას და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს.
ამავე კანონით:
სამედიცინო გაფრთხილება შეიძლება მოიცავდეს დამატებითი გაფრთხილების შესაბამის პიქტოგრამას“.
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2018-2019 სასწავლო წლისათვის 8 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე: registration.emis.ge და დასრულდება 8 ივნისს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მე-2 ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.
დღეს, პირველ მაისს, ბათუმში, დინამოს სპორტულ ბაზაზე ბათუმის „დინამო” მარტვილის „მერანს” დაუპირისპირდა და გაიმარჯვა კიდეც. ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე „დინამოს“ ფორვარდმა, ამირან აბუსერიძემ გაიტანა.
საფეხბურთო მატჩი ანგისის ახალი სპორტული ბაზის მოედანზე გაიმართა, სადაც შეხვედრის დაწყებამდე სპორტული ბაზის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
გახსნის ცერემონიალზე „ნიკოლშოუმ“ ბათუმისადმი მიძღვნილი ორი ჰიმნი შეასრულა. მატჩის დაწყებამდე ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრები საყვირებით და დაფდაფებით ამხნევებდნენ გუნდს.
ბათუმის „დინამო“ ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს.
ბათუმის „დინამოს“ გია გეგუჩაძე წვრთნის.
სპორტული ბაზა ბათუმის „დინამოს“ საკუთრებაში გადავა და განაგებს როგორც ბაზის პირველ სართულზე განლაგებული კომერციული ფართობის დანიშნულებას, ასევე სასპორტო სივრცეს. გუნდს სპორტული ბაზა 12 წელი არ ჰქონდა.
ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა შპს „ენერგოსექტორმშენმა“ დაიწყო და შპს „მონოლითი-2005“-მა დაასრულა.
ჩამოთვლილ დღესასწაულებთან დაკავშიროებით შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი 2018 წლის 01 მაისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ყველა საწვრთნელ კურსზე ქართველ მოქმედ მეზღვაურებს სთავაზობს 10% ფასდაკლებას ხოლო, 30 და მეტი წლის სამუშაო სტაჟის მქონე ქართველ ვეტერან მეზღვაურებს – 15% ფასდაკლებას.
წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრი აცხადებს, რომ მაღალი ძაბვის მოსამზადებელი კურსის ღირებულება შეადგენს 300 ლარს.
შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ უსურვებს მეზღვაურებს წარმატებას და წინსვლას!
შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ სენატის დადგენილება (2018 წლის 01 მაისის ოქმი N11).
ბათუმში, პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა. დაზარალებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა „მედ ცენტრში“ გადაიყვანა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, იგი მძიმედ არ დაშავებულა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში მცხოვრებ ათ ოჯახს სახლის ადგილმონაცვლეობისთვის 15 000 ლარს გამოუყოფენ თითოეულს. შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, ფინანსური დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებს გაეწევა, რომლებიც მერიას უსაფრთხო ადგილზე არსებულ მიწის საკუთრებისა და ამ მიწაზე სახლის ასაშენებლად გეოლოგიურ ცნობას წარუდგენენ.
„სახლის ადგილმონაცვლეობისთვის თანხას პირველ ეტაპზე მხოლოდ კობალთაში მუდმივად მცხოვრები ათი ოჯახი მიიღებს. რაც შეეხება დროებით მცხოვრებლებს, მათზე შემდგომში ვიმსჯელებთ. თუ მიწა არ გააჩნია ოჯახს და ცნობა, რომ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე სახლის აშენება უსაფრთხო არ არის, მაშინ თანხა რისთვის მივცემთ? თანხა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. ამ დროისთვის სახლის ადგილმონაცვლეობისთვის სამმა ოჯახმა მოგვმართა, ოჯახებს მიწის ნაკვეთები ხელვაჩაურსა და ოზურგეთში აქვთ,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.
ზაზა ზოიძის თქმით, კობალათაში მცხოვრები ათი ოჯახი განსახლების პროგრამით მხოლოდ იმის გამო ვერ ისარგებლებს, რომ პრობლემა გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას ეხება და არა საცხოვრებელ სახლებს.
„განსახლების პროგრამა ფინანსურად დახმარებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ საცხოვრებელი სახლი მეწყერსაშიშ ზონაშია, იქედან გამომდინარე, რომ კობალთაში საცხოვრებელი სახლები საფრთხის ქვეშ არაა, პროგრამაში ვერ მოხვდება, ამიტომ ვთავაზობთ სახლის ადგილმონაცვლეობისთვის ფინანსურ დახმარებას, ყველა ოჯახის საცხოვრებელი სახლი ხისაა და შესაძლებელია მათი ადგილმონაცვლეობა მოხდეს,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.
გზა, რომელიც სოფელ კობალთას გარე სამყაროს აკავშირებს, გეოლოგიური დასკვნით საფრთხის შემცველია და მასზე დამცავი კედლისა თუ ხიდების მოწყობა რეკომენდებული არ არის, არსებული გეოგრაფიული რელიეფი კი ამ სოფელთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის გაყვანის შესაძლებლობას არ იძლევა.
იმისთვის, რომ ხელისუფლების ორგანოებმა საჯარო ინფორმაცია კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად გასცენ, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მუშავდება. დღეს, პირველ მაისს, დისკუსია საზოგადოების წარმომადგენლებთან ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა.
შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ლანა მორგოშიამ აღნიშნა, რომ რამდენიმე ახალი ელექტრონული პლატფორმა მოქმედებს, სადაც მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შეუზღუდავად შეუძლიათ. იუსტიციის სამინისტრო დაინტერესდა, რა შეიძლება დაემატოს მთავრობის სამოქმედო გეგმას იმისთვის, რომ საჯარო ინფორმაციის მიწოდება საჯარო უწყებების მხრიდან უფრო ეფექტური გახდეს.
„რატომ არ გასცემს საჯარო ინფორმაციას თავად იუსტიციის სამინისტრო?“ – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ დაუსვა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს. მას ვუთხარით, რომ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიუღებლობის შემდეგ, ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა დაგვჭირდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვაწოდეს ინფორმაცია.
„კონკრეტულად არ ვარ ამ საკითხზე ინფორმირებული და ასე ვერ გიპასუხებთ…. გეტყვით იმას, რომ მუშავდება კანონპროექტი „ინფორმაციის თავისუფლების აქტი“, სავარაუდოდ, ასე ერქმევა ამ კანონს. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს კონკრეტულ შეზღუდვებს საჯარო ინფორმაციის პასუხისმგებელი პირებისთვის. ვერ ვიტყვი, რომ მათ დავატრენინგებთ, მოხდება მათი გადამზადება,“ – გვიპასუხა შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ლანა მორგოშიამ.
„ბოლო პერიოდში პრობლემაა ისიც, რომ საჯარო უწყებები, რიგ შემთხვევაში, უსაფუძვლოდ მიიჩნევენ კონკრეტულ ინფორმაციას პერსონალურ ინფორმაციად,“ – თქვა ანნა მდინარაძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.
შეხვედრაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაციის რეკომენდაციაა, მთავრობამ გააფართოვოს საკითხების ჩამონათვალი, რომლის პროაქტიულად, ანუ ელექტრონული წესით გამოქვეყნებაც არის სავალდებულო.
დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა GGI ხუთწლიანი პროექტია, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის ამაღლების კუთხით.
ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე ერთსართულიანი ისტორიული სახლი, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად ეროვნულ სააგენტოში ჰქონდა წარდგენილი, მშენებელმა დაანგრია. ადგილობრივების თქმით, მათ შპს „ ძმების სახლი“ გაურიგდა:
„კომპანიამ ამ ადგილის დათმობის სანაცვლოდ შემოგვთავაზა ოროთახიანი ბინები გუდიაშვილის ქუჩაზე და დავთანხმდით, რადგან სახლი ძველია, ერთ ეზოში ბევრნი ვცხოვრობდით და ვიწროდ ვიყავით“. აქ იმასაც ამბობენ, რომ მშენებელი გეგმავს აქვე მდებარე ბელეტაჟის დანგრევასაც.
ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში. ცაგო კახაბერიძის ფოტო
სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება კომპანია „გეოგრაფიკის“ რეკომენდაცია იყო, რომელმაც 2015 წელს ბათუმის მერიის დაკვეთით ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული შენობების ინვენტარიზაცია ჩაატარა.
„გეოგრაფიკის“ შეფასებით, ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე ეს ერთსართულიანი სახლი XX საუკუნის დასაწყისში იყო აგებული. „შენობის ფასადთა მორთულობაში შეინიშნება კლასიციზმისა და ბაროკოს სტილთა ნიშნები. ნაგებობა არ გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირსებით, მაგრამ კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში საყურადღებო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს,“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ მომზადებულ დასკვნაში.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სახლის დანგრევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე რეაგირება ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სთხოვა, მერიამ მშენებელს სამუშაოები შეაჩერებინა და უნებართვო დემონტაჟისთვის 3 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა მშენებელმა ჯარიმა გაასაჩივრა.
ამ დროისათვის კომპანიას სააგენტოსთვის ამ ადგილზე მშენებლობის შეთანხმების მიზნით პროექტით არ მიუმართავს.
ადგილობრივების თქმით, კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს ჰაიდარ აბაშიძისა და ზაქარია ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში, მარჯვენა მხარეს მდებარე ორსათულიანი, ისტორიული სახლის ადგილზე. ამ სახლზე ძველი მასკარონებია [სკულპტურული სამკაული, წარმოადგენს ადამიანის სახეს ან ცხოველის თავს] შემორჩენილი.
ფიგურა სახლზე. ცაგო კახაბერიძის ფოტოცაგო კახაბერიძის ფოტო
Poppy Pods-ი [ფოფი ფოდსი] ტანსაცმლის ბრენდია დიდი ან არასტანდარტული ზომების ქალებისთვის, რომელიც ბათუმელმა დიზაინერებმა გერონტი [გერა] სარდანაშვილმა და ნინა მასალკინამ დააარსეს. ატელიე, სადაც დიდი ზომის გოგოებს საინტერესო და მოდურ ტანსაცმელს, მათი სხეულის თავისებურებების გათვალისწინებით შეუკერავენ, უკვე მზადაა შეკვეთების მისაღებად. ატელიე დიდი ზომის მექანიკური მანეკენებითა და სპეციალური თარგებით მუშაობს.
რამდენად პასუხობს მოდის ინდუსტრია დიდი და არასტანდარტული ზომის ადამიანების მოთხოვნებს?
ნინა: სამწუხაროდ, დიდი ზომის ხელმისაწვდომი ტანსაცმელი, რომელიც მასიური მოხმარებისაა, უბრალოდ, დიდი ზომისაა და დიდი სხეულის თავისებურებებს იშვიათად ითვალისწინებს. დიდი სხეული არ არის ზომაში გადიდებული S ზომა, ამიტომ სტანდარტული ტანსაცმელი დიდ ზომაში შეკერილი – არ არის გამოსავალი. ასეთი ტანსაცმელი უნდა შეიკერო სპეციალური ზომების გათვალისწინებით. მაგალითად, დიდი ზომის ტანსაცმელზე მკერდის ნაწილში ნაკერები კეთდება სხვაგან, ვიდრე პატარა ზომაზე.
ტანსაცმლის ერთსა და იმავე მოდელს დიდსა და პატარა ზომაზე, შეიძლება სხვადასხვაგვარი ტექნიკური დაჭრა დასჭირდეს. დიდი ბრენდები ამას არ ითვალისწინებენ, შესაბამისად, ბევრი მიმართავს მკერავს, რომელიც ასრულებს იმას, რასაც დამკვეთი ეუბნება. დამკვეთის გამოუცდელობის გამო კი, საბოლოო შედეგი მაინც არ არის დამაკმაყოფილებელი.
სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის ვართ ჩვენ – “ფერიები ჯოხებით”, კარგი ალტერნატივა. ვცდილობთ გავაკეთოთ ისე, რომ არა მხოლოდ დიდი ზომის ტანსაცმელი ეცვათ (ჯერჯერობით მხოლოდ) ქალებს, არამედ ეს ტანსაცმელი უხდებოდეთ მათ, ხაზს უსვამდეს მათი სხეულის პლუსებს და ფარავდეს მინუსებს.
გერა: ჩვენ ირგვლივ ბევრი ადამიანია, ვისაც დიდი ზომისა თუ ფორმის გამო, აწუხებს ტანსაცმლის ვერ მოხდენის პრობლემა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გვემუშავა დიდი ზომის ტანსაცმელზე, მით უმეტეს, რომ ეს თავისუფალი ნიშა იყო ბათუმში და არა მარტო. საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოშიც ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია.
როგორია თქვენი მუშაობის პრინციპი და რით განსხვავდება იგი უბრალოდ ტანსაცმლის შეკერვისგან?
გერა: ჩვენ არ გვინდა ვიყოთ სტანდარტული მკერავები და არც ვართ. ინდივიდუალური შეკვეთის დროს ვიფიქრებთ ამ პერსონისთვის საინტერესო ტანსაცმელს, არა მხოლოდ იმას, რაც მას სურს და ითხოვს (ეს ცხადია), არამედ გარკვეული რჩევებითა და რეკომენდაციებით ვქმნით მისთვის ტანსაცმელს, რომელიც ხაზს გაუსვამს მის ღირესებებს გარეგნობაში.
ამ ეტაპზე ჩვენ ორნი ვმუშაობთ. მე და ნინა პროფესიით დიზაინერები ვართ, თუმცაღა უფრო მხატვრულ დარგში და ვეძებთ მესამეს, გამოცდილ მკერავს, რომელთან ერთადაც ბევრად უფრო ეფექტურად ვიმუშავებთ შეკვეთებზე. პრინციპი მარტივია, თუ სხეულს აქვს პრობლემური ზონა, მისგან ყურადღება უნდა გადავიტანოთ. თუ დიდი მკერდია, წელი უნდა გამოვყოთ, მაგალითად, გადასადები კაბა, v ფორმის გული… თუ თეძოებია დიდი, კვლავ წელი უნდა გამოვყოთ ან მკერდი, თეძოები კი დავაბნელოთ. ხშირად ასეთ ფორმებზე ან ძალიან მჭიდრო ტანსაცმელს იცვამენ, ან ძალიან ფართოს – არც ერთი უკიდურესობა ვარგა და არც მეორე. ზომიერების დაცვა მთავარია.
ნინა: საქართველოში ხშირად მიაჩნიათ, რომ თუ არ გაქვს გამოკვეთილი წელი და გაქვს დიდი მკერდი, რაც უფრო სრულ “ბალახონკას” ჩაიცვამ, მით უფრო დაფარავ ყველაფერს. ჩემთვის ეს დიდი ცდომილებაა. არ არსებობს შეუხედავი ტანი, ყოველთვის არის სხეულში რაღაც მონაკვეთი, რომლის ხაზგასმაც ღირს, იქნება ეს მხრები, ყელი, წელი, თეძო თუ სხვა ნაწილი.
ხშირად პლიუს საიზ მოდელებსაც საკმაოდ პროპორციული სხეულები აქვთ, რამდენად შეიძლება ისინი მივიჩნიოთ დიდი ზომის ადამიანების ადეკვატურ წარმომადგენლებად?
ნინა: ცხადია, ძალიან კარგი ტონია, როცა დიზაინერი კერავს არა მხოლოდ პატარა ზომებს და პოდიუმზე გამოჰყავს კარგი ფიგურის, დიდი ზომის მოდელი, ეს ძალიან კარგი ტონია და დიდი ნაბიჯია მოდის ინდუსტირაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროპორციებით დიდი ზომის ბარბებს ჰგვანან, რაღაცნაირად მაინც ამხნევებენ დიდი ზომის ქალებს და მეტ თავდაჯერებულობას მატებენ მათ. მაგრამ, სხვა მხრივ რომ შევხედოთ, ის რაც ასეთ მოდელებს აცვიათ, ძალიან იშვიათად ერგება უბრალოდ დიდი ზომის ქალს, რომელსაც პრობლემა აქვს წელის ნაკეცების, თეძოების, მუცლის, მკერდის, ზურგის და ა.შ. სწორედ ამიტომ საჭიროა ყურადღების გამახვილება სხეულის თავისებურებებზე, ფორმებზე, და არა დიდ ზომებზე. მოგეხსენებათ, მინუსები აქვს არა მარტო დიდი ზომის, არამედ გამხდარ და მცირე ზომის სხეულსაც.
Poppy Pods [ყაყაჩოს მარცვლები]-რატომ შეარჩიეთ ეს სახელი?
გერა: ყველა ქალს აქვს რაღაც განსაკუთრებული მარცვალი გარეგნობასა თუ ხასიათში, ჩვენ შემთხვევაში ეს ყაყაჩოს მარცვალია. ყაყაჩოს მარცვლები საკონდიტრო საქმეშიც გამოიყენება, იგი პიკანტურია, მკვეთრი… ეს არის სურნელი, რომლის მეშვეობითაც უბრალო ფუნთუშაც კი უფრო გემრიელი და საინტერესო ხდება. ამიტომაც შევარჩიეთ ეს სახელი. გვინდა, ჩვენი ტანსაცმელი სწორედ ყაყაჩოს მარცვლის მსგავსად, ხაზს უსვამდეს ქალის ღირსებებს გარეგნობაში და მატებდეს მას განსაკუთრებულობას.
როგორც ვიცი, კოლექციაზე მუშაობთ. რა ეტაპზეა თქვენი კოლექცია, რამდენი კაბა ან სხვა რამ შედის თქვენს კოლექციაში და როდის უნდა დაასრულოთ?
გერა: როცა ვიწყებდით, გვსურდა აქცენტი მზა ტანსაცმელზე გაგვეკეთებინა, ვიდრე ინდივიდუალურ შეკვეთებზე. ჯერჯერობით, წარმოების რესურსი არ გვყოფნის იმისთვის, რომ დიდი კოლექცია შევქმნათ.
ჩვენს ახლანდელ კოლექციაში ათამდე ტანსაცმელი შედის, მათ შორის სამი კაბა უკვე დასრულებულია. ეს კოლექცია უფრო სარეკლამო სახისაა, მას კონკრეტულისთვის არ ვკერავთ, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კაბები იპოვიან თავიანთ მეპატრონეებს. ეს პატარა კოლექციაა, ძირითადად საგაზაფხულო კაბები, ბლუზები და რამდენიმე მსუბუქი, თავისუფალი შარვალი.
Poppy Pods-ის ტანსაცმელი უფრო რომანტიკული, ნაზი და მსუბუქია. დიდი ზომის გოგოების პრობლემა არის ის, რომ მათთვის ტანსაცმელი ყოველთვის მუქი, მძიმე და მოსაწყენია. ნაქარგები, ხაზები, საინტერესო პრინტები… გარდა ამისა, ჩვენს კაბებს ახასიათებს სილაღე და ერთგვარი წიწაკისებრი სიცხარეც.
დიდი ზომის ადამიანებს საქართველოში ცოტათი ეშინიათ რაიმე თამამი და საინტერესოს ჩაცმის, ცდილობენ ბაზრობაზე შეიძინონ ის, რაც ყველას აცვია. Poppy Pods-ის კაბას, რომელზეც ახალა მე დ ნინა ვმუშაობთ, გახსნილი ზურგი აქვს, იგი თავისუფალია და აქვს საინტერესო პრინტიც. იგი 52 ზომისაა, რაც არც ისე პატარაა. იმედი გვაქვს, რომ ის ქალი, ვინც ამ კაბას ჩაიცვამს, აუცილებლად გამოჩნდება ჩვენს ატელიეში.
შეკვეთებს უკვე იღებთ?
გერა: შეკვეთებს უკვე ვიღებთ, თუმცა სრული დატვირთვით ვერა, რადგან კოლექციაზეც ვმუშაობთ. ამ ეტაპზე უფრო შემოქმედებით ტალღაზე ვმუშაობთ, ცოტა ეგოისტურად ვუდგებით ჩვენს ქმნილებებს, ჯერ არ გვინდა მასიურად ვაწარმოოთ რომელიმე ტანსაცმელი. გვინდა, ხარისხზე ვიმუშაოთ და არა რაოდენობაზე. სამომავლოდ უმეტესად ინდივიდუალურ შეკვეთაზე ვიმუშავებთ. დაინტერესებულ ადამიანებს შუძლიათ დაგვიკავშირდნენ ფეისბუქზე ან მოვიდნენ ატელიეში. ჩვენს კოლექციაში ტანსაცმლის ფასები 100-დან 250 ლარამდე მერყეობს. ეს არ არის იაფი კატეგორიის ტანსაცმელი, თუმცა არც ისეთი ფასი აქვს, რომ რეალიზაცია გაჭირდეს. ჩვენ ფასს მასალისა და შრომის შესაბამისად ვადებთ, ეს უფრო საშუალო ფასობრივი კატეგორიაა და არა ის დიზაინერული ნამუშევარი, რომელიც ბუტიკებში 800-15000 ლარად იყიდება.
ქედის ა[ა]იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მაისის თვიდან აიღებენ. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ა[ა]იპ-ების თანამშრომლების ხელფასი 30-50%-ით არის გაზრდილი.
ქედაში ყველაზე დიდი ა[ა]იპ-ი ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანება და კულტურის ცენტრია. ბაღების გაერთიანებაში სულ 201 შტატია, თანამშრომლების ხელფასი აქ 80-250 ლარით გაიზარდა.
ქედის ბაღების გაერთიანებაში 250 ლარით ხელფასი ბაღების გაერთიანების დირექტორს გაეზარდა, ფილიალის ხელმძღვანელებს – 150, აღმზრდელ მასწავლებელს – 100, მატერიალურად პასუხისმგებელ პირს, აღმზრდელ თანაშემწეს, მუსიკის მასწავლებელს, მედდა დიეტოლოგსა და მზარეულს – 90, მზარეულის თანაშემწეს, დამლაგებელს, ჭურჭლის მრეცხავსა და მეცეცხლურ[დარაჯს] კი – 80 ლარით.
ა[ა]იპ-ი ქედის კულურის ცენტრი, რომელიც ქედის მერიის ბალანსზე არსებულ ა[ა]იპ-ებს შორის საშტატო ერთეულით მეორეა და სადაც 97 საშტატო პოზიციაა, დირექტორის ხელფასი – 100, მოადგილის – 150, ანსამბლ „ბეთლემის“ წევრების – 80 და ანსამბლ „ელესას“ წევრების – 200 ლარითაა გაზრდილი; სასპორტო სკოლაში ინსტრუქტორების ხელფასი 150, დირექტორისა კი – 100 ლარით გაიზარდა.
ხელფასები 30-50%-ით გაიზარდა ასევე მცირეშტატიან ა[ა]იპ-ებშიც. ქედის მერის მოადგილე როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ მერიამ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით იმ კუთხით იმუშავა, რომ აჭარის მთიანეთში ერთსა და იმავე ა[ა]იპ-ში დასაქმებულ თანამშრომლებს განსხვავებული ხელფასი არ ჰქონოდა და ერთიანი საშტატო ბაზა ყოფილიყო.
„იმ კუთხით ვმუშაობდით, რომ ხელფასები ერთიან ბადეში მოგვექცია და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ სხვა მუნიციპალიტეტში დასაქმებულებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე ქედაში,“ – ამბობს როლანდ ბერიძე.
ხელფასები არ გაეზრდებათ მერიის ბალანსზე არსებულ შპს-ეს თანამშრომლებს, როლანდ ბერიძის თქმით, რადგანაც შპს-ებში დასაქმებულ თანანშრომლებს მთის კანონი შეეხოთ და მათ საშემოსავლო არ ექვითებათ, ა[ა]იპ-ების თანამშრომლებისგან განსხვავებით მათი ხელფასი შედარებით მაღალი იყო, ამიტომაც პირველ ეტაპზე ა[ა]იპ-ებში გაიზრდება ხელფასი.
ქედაში სულ ხუთი ა[ა]იპ-ი და ხუთი შპს-ეა. ქედის ა[ა]იპებში სულ 362 შტატია. როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ხელფასები ეკონომიების ხარჯზე გაიზარდა, ხელფასების გაზრდისთვის კი ქედის მერიას 300 000 ლარი დასჭირდა.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 2 მაისს, აჭარაში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება შემდეგ აბონენტებს:
11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 3792 აბონენტს ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის, გორგასლის, აღმაშენებლის, შავშეთის, გოგოლის, რურუას, ლეონიძის, გაგარინის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე კახაბრის დასახლების ნაწილს.
ხელვაჩაურში, 13:00-დან 17:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 30-30 წუთით შეეზღუდება ელექტროენერგია 2527 აბონენტს შემდეგ სოფლებში: ახალსოფელი, ავგია, ჭარნალი, შავლიძეები, ერგე, ჯოჭო, დიდაჭარა და მიმდებარე სოფლები, ასევე მეჯინისწყლის, კახაბრის, გონიოს, დაბა ხელვაჩაურის და დაბა მახინჯაურის დასახლებების ნაწილს.
11:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით შეეზღუდება ელექტროენერგია 1665 აბონენტს სოფლებში: სამება, ახალშენი, წინსვლა და მიმდებარე სოფლებს, ასევე განახლებისა და გონიოს დასახლებების ნაწილს.
10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 1853 აბონენტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: პირველი მაისი, კოლოტაური, აგარა, ოქტომბერი, მეძიბნა და მიმდებარე სოფლებს, ასევე დაბა ქედის ნაწილს.
ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გუნდაური, ქიძინიძეები, ლომანაური და მიმდებარე სოფლებს.
რაც შეეხება ქობულეთს, ელექტროენერგიის მიწოდება აქ 11:00-დან 19:00 საათამდე, 2556 აბონენტს შეეზღუდება შემდეგ სოფლებში: სოფელი ქობულეთი, კვირიკე, ქაქუთი, სახალვაშო, ხალა, ჩაისუბანი და მიმდებარე სოფლებს, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.
მაისიდან თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი იწყება. ამ სეზონზე საქართველოს ასეულობით მოქალაქე დროებითი სამუშაოს საძიებლად (ჩაის კრეფა, თხილის მოგროვება) თურქეთის რესპუბლიკაში გადადის. თურქულმა მხარემ გასული წლის სექტემბერში ახალი კანონი მიიღო უცხოელი მოქალაქეებისთვის, რაც სოფლის მეურნეობაში, სეზონურად, ლეგალური დასაქმების საშუალებას იძლევა.
ახალი კანონი, რომელიც შარშან, სეზონური სამუშაოს ბოლოს იქნა მიღებული და ახლა აქტუალური ხდება, ვრცელდება თურქეთის სახელმწიფოს ექვს ოლქზე – სამსუნი, ორდუ, გირესუნი, ტრაბზონი, რიზე და ართვინი. ამ ოლქებში ლეგალურად შეიძლება მუშაობა, თუ აიღებთ დოკუმენტს, რომელიც სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველ უცხოელებს ათავისუფლებს „მუშაობის ნებართვის დოკუმენტისგან“.
დოკუმენტის მიღება უფასოდ და დამოუკიდებლად შეიძლება.
თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალურად დასაქმების გზა
არსებული პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები სეზონურ სამუშაოებზე არალეგალურად საქმდებიან. ეს კი ზრდის რისკებს, რომ დასაქმებულებს გამომუშავებული თანხა დამსაქმებელმა არ გადაუხადოს.
ხშირად, როდესაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დავა წარმოიშვება [ძირითადად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე], საქართველოს მოქალაქეები სამართალდამცველებსაც კი ვერ მიმართავენ, რადგან მიმართვის შემთხვევაში, მართალია, კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებენ, მაგრამ როგორც არალეგალურად დასაქმებულებს, საქართველოში დეპორტით დააბრუნებენ.
როგორ შეიძლება დასაქმდე თურქეთში ლეგალურად, სეზონურ სამუშაოზე? – ამის გარკვევაში „ბათუმელებს“ საკონსულტაციო კომპანია „დასტურის“ ხელმძღვანელი, მიხეილ ჭაღალიძე დაეხმარა.
„თურქეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულს აღარ აქვს ვალდებულება, ჰქონდეს მუშაობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებისთვის კი არსებობს ორი გზა: პირველი – მიმართონ თურქეთის წარმომადგენლობას საქართველოში [ეს შედარებით რთულია];
მეორე – ისარგებლონ თურქეთის შრომის სამინისტროს აპლიკაციით. შეავსონ ეს აპლიკაცია და თურქეთში შესვლის შემდეგ მიმართონ იმ ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლობას – გამგეობას, სადაც აპირებენ დასაქმებას“, – ამბობს მიხეილ ჭაღალიძე.
აპლიკაციის შევსების პროცედურა
სეზონური სამუშაოს უცხოელმა მაძიებლებმა, პირველ ეტაპზე, უნდა შეავსონ აპლიკაცია, რომელიც განთავსებულია ოფიციალურ ვებგვერდზე:- yuminet.csgb.gov.tr. აპლიკაციის შევსება შეიძლება ქართულად, თურქულად და ინგლისურად.
აპლიკაციის ფორმა, რომელიც შეუძლია შეავსოს თურქეთში სეზონური სამუშაოს მაძიებელმა
აპლიკაციაში უნდა შეიყვანოთ შემდეგი მონაცემები: პასპორტის/პასპორტის მონაცვლე დოკუმენტის ნომერი, სახელი, გვარი, ინფორმაცია მშობლებისა და მოქალაქეობის შესახებ. მას შემდეგ, რაც ვებგვერდზე განაცხადის ფორმას შეავსებთ, ფორმა უნდა ამობეჭდოთ.
მეორე ეტაპზე განცხადების ფორმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად [პასპორტი, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გაცემული შესვლა-გამოსვლის საბუთი], იმ რაიონის გამგეობას უნდა წარუდგინოთ, სადაც დასაქმებას გეგმავთ. გამგეობა მოგცემთ საბუთს, რომელიც დაადასტურებს, რომ მუშაობის ნებართვის აღებისგან გათავისუფლებული ხართ და შეგიძლიათ ლეგალურად იმუშაოთ.
ამ კანონის მიხედვით, უცხოელებს ერთი წლის განმავლობაში, მაქსიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) დღით შეუძლიათ სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე (ჩაი და თხილი) დასაქმება. ვადის გადაცილება ჩაითვლება დარღვევად.
როგორ მოქმედებს ახალი კანონმდებლობა პრაქტიკაში
მიხეილ ჭაღალიძე: „პრაქტიკაში დღეისათვის ამ შესაძლებლობას თითქმის არავინ არ იყენებს. საქართველოს მოქალაქეები ტრადიციულ გზას ირჩევენ და ისევ არალეგალურად მუშაობენ. გასულ წელს, შემოდგომაზე, თურქეთში გაიხსნა დასაქმების სააგენტოების მსგავსი ოფისები, რომლებიც უნდა მომსახურებოდა ამ კატეგორიის მუშახელს. მაგრამ არ იმუშავა – რამდენადაც ვიცი, არავინ არ ისარგებლა ამ ოფისების მომსახურებით. ეს იმიტომ, რომ მოსახლეობამ ამ კანონის შესახებ არ იცის. არადა ამ კანონით, უმჯობესდება დასაქმებულის სამართლებრივი მდგომარეობა. თუკი რაიმე სახის დავა წარმოიქმნება, ლეგალურად დასაქმებულს შეუძლია მიმართოს პოლიციას, იდავოს სასამართლოში ან უფლებადამცველ ორგანიზაციებს დაუკავშირდეს”.
რა საფრთხეებისგან დაიცავს ლეგალური მუშაობა სამსახურის მაძიებლებს?
ტრაბზონში საქართველოს გენერალური კონსულის თანაშემწე გიორგი ყუშიტაშვილი “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით, საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები ტრაბზონში, იმ ადგილებში მართავდნენ საინფორმაციო შეხვედრებს, სადაც ქართველები იკრიბებოდნენ.
„ეს კანონი, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქე ლეგალურად დასაქმდება. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმდება ხელშეკრულება და აღარ იქნება ის სახელფასო დავები, რაც არის ხოლმე. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ შიშით ცხოვრება, რომ ან პოლიცია დაიჭერს, ან ჟანდარმერია შევა შემოწმებაზე და დაადეპორტებს,“ – უთხრა “ბათუმელებს” ტრაბზონში გენერალური კონსულის თანაშემწემ გიორგი ყუშიტაშვილმა.
კონსულის თანაშემწის თქმით, ეს კანონი დამსაქმებელს არანაირ დამატებით გადასახადსა თუ ვალდებულებას არ უწესებს სახელმწიფოს წინაშე. რაიმე გადასახადის გადახდა არც დასაქმებულებს უწევთ. შესაბამისად, ახალი რეგულაციები მისაღებია როგორც დასაქმებულისთვის, ისე დამსაქმებლისთვის.
ყაჩაღობაში ბრალდებულ სტეფან გოგაიას დღეს, პირველ მაისს, მოსამართლე ლევან გელოვანმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.
საუბარია გასული წლის ივლისში ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ დაყაჩაღებაზე. შენიღბულმა თავდამსხმელმა სადგურიდან 500 ლარი წაიღო.
საქმეში მთავარი მოწმეები დაზარალებულები იყვნენ – ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორები. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულებმა თქვეს, რომ თავდამსხმელს ნიღაბი ჩამოუცურდა და მისი სახე დაინახეს.
სასამართლო პროცესზე იმავე დაზარალებულებმა აღნიშნეს, რომ მათ თავდამსხმელის სახე არ დაუნახავთ. მოსამართლეს მოწმეებმა განუმარტეს, რომ არ იცოდნენ, რას მოაწერეს ხელი, როცა გამოძიებას მისცეს ჩვენება.
დაზარალებულების ამ ჩვენების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ცრუ ჩვენების კუთხით. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად უთხრეს სასამართლოს სიმართლე დაზარალებულებმა.
გამოძიება არ დაწყებულა სამართალდამცავების მხრიდან დაზარალებულებზე შესაძლო ზემოქმედების კუთხით.
სტეფან გოგაია ზუსტად 9 თვე იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში. ამ ეტაპზე უცნობია, იდავებს თუ არა იგი პროკურატურის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ეს პერიოდი ციხეში მოუწია ყოფნა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითიდან ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად 5 მრავალწლოვანი ხეა გამზადებული. აქ სამი ხე ერთი თვის წინ ამოთხარეს. ეს ხეები ვერ გაიტანეს და გზის სივიწროვის გამო, ჯერჯერობით, ვერც გაიტანენ, ამიტომ ადგილზე კუსტარული სარწყავი სისტემა მოაწყვეს და ყოველდღიურად რწყავენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხის გატანას ხელს უშლის გზა, რომელზეც ამ სიმძიმისა და გაბარიტის ტვირთის გატარება შეუძლებელია. ამოთხრილ ხეებს ზენითში იმ სისტემიდან რწყავენ, საიდანაც რამდენიმე სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება. ამოთხრილ ხეებს დარაჯიც ჰყავს.
„გაეკეთებინათ გზა და შემდეგ ამოეთხარათ ხეები… საქმეა ახლა ეს?“ – ამბობენ ზენითში.
ზენითში იმასაც ამბობენ, რომ ამოთხრილ ხეებს ალბათ გზის გაკეთებამდე ადგილზე დატოვებენ, ზაფხულში კი, როცა წყლის დონე სათავეებზე იკლებს, სასმელი წყლის სისტემიდან ხეების მორწყვა ვერ მოხერხდება.
ქობულეთის სოფლებში სასმელი წყლის დეფიციტი უკვე არის. ქობულეთის მერიის ორგანიზაციის „ქობულეთის სოფლის წყლის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი სათავე ნაგებობებში წყლის რაოდენობის შემცირებაა.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ხეები ზენითში კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთებიდან ამოიღეს.
„ამბობენ, რომ ხეებს მოგვიანებით გაიტანენ. გზა უშლის ხელს თუ არა, ვერ გეტყვით. არც სხვა დეტალები ვიცი, თუმცა, გზის შეკეთებაზე პროექტი საგზაოს მგონი აქვს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში სულხან გიორგაძემ, ქობულეთის მერის წარმომადგენელმა ზენითში.
ზენითში ამოთხრილი ხეების ოზურგეთის ტერიტორიაზე გადასატანად ფაქტობრივად ერთი მარშრუტი არსებობს: ზენითი-ალამბარი-მუხაესტატე-ცეცხლაური-ხიდი მდინარე ჩოლოქზე – ლაითური [ოზურგეთის მუნიციპალიტეტი].
ზენითი-ალამბრის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს, რომელიც აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაა, ტენდერი გამოცხადებული აქვს და მიმდინარეობს პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასება. ალამბრიდან ზენითის ცენტრამდე აქ 5 კმ გზა უნდა გაკეთდეს, რისთვისაც 1 962 990 ლარია გამოყოფილი.
„გაკეთდება სანიაღვრე არხები, საყრდენი და სხვა ნაგებობები, არის დამეწყრილი ადგილებიც და სადაც საჭიროა გაფართოვდება სავალი ნაწილი, დაიგება ასფალტის საფარი, რომელიც ახლა დაზიანებულია. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, სამი თვე დასჭირდება. თუმცა, გააჩნია ვინ იქნება კონტრაქტორი კომპანია და როგორ იმუშავებს“, – ამბობენ აჭარის სამთავრობო დეპარტამენტში.
მუხაესტატე-ცეცხლაურის საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩაატარებს. ამ გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადებაზე მუშაობენ. სამუშაოების შესრულებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია დეპარტამენტს 1 028 888 ლარად სთავაზობს. გზის ამ მონაკვეთების რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ თვეში უნდა დასრულდეს.
ჩოლოქზე ხიდის და დაბა ლაითურამდე გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის კი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გასულ, 2017 წელს, 4 612 500 ლარი დახარჯა. ეს ხიდი ერთ-ერთი იყო იმ სამი ხიდიდან, რომლებიც ასლან აბაშიძის ბრძანებით 2004 წელს ააფეთქეს.
გადასატანად გამზადებული ხეები და გზა სოფელ ზენითში:
ჯანსაღი და მოვლილი კანი, გარდა გარეგნული ეფექტისა, ყოველდღიურ განწყობაზე ზემოქმედებს. არსებობს სახის კანის მოვლის საუკეთესო და გამოცდილი საშუალებები, რაც ბუნებრივი ინგრედიენტების წყალობით სიმსუბუქისა და სისუფთავის შეგრძნებით მთელი დღის განმავლობაში გავსებთ.
ზამთრის სუსხიანი ამინდების შემდეგ კანი იფიტება და მნიშვნელოვანია წყლის ბალანსის აღდგენა. გაზაფხული საუკეთესო პერიოდია ზამთრისგან გამომშრალ სახის კანის გასაჯანსაღებლად და ზაფხულის რუჯისთვის მოსამზადებლად.
სახის კანის ეფექტურ მოვლას სპეციალისტების მიერ შერჩეული საშუალებები სჭირდება, თუმცა ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი Bioderma მოვლის საშუალებათა მზა ნაკრებს – Hydribio გამას გთავაზობთ.
გამა მოიცავს დამატენიანებელ, გამწმენდ და წყლის ბალანსის ბუნებრივად აღმდგენ საშუალებებს. სწორედ ეს უნიკალური და ხარისხიანი ნაკრებია ის, რაც თქვენს სახის კანს სჭირდება ზამთრის დასასრულს და ზაფხულისთვის მოსამზადებლად.
გაზაფხულის მზის სხივებისგან დასაცავად Hydrabio-ს ხაზის სახის დამატენიანებელი, მსუბუქი კრემი SPF 30 დაგეხმარებათ. კრემის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი PP და ვაშლის ბუნებრივი ექსტრაქტი კანის ბარიერული ფუნქციის აღდგენას, ღრმა დატენიანებას უზრუნველყოფს. ეს დამატენიანებელი აფერხებს დაბერების პროცესს და მზისგან დამცავი ფილტრის UVA/UVB-ს საშუალებით გიცავთ ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან.
[checklist]
Hydrabio-ს დამატენიანებელი კრემი SPF 30 ყოველდღიური მოხმარებისთვისაა გათვლილი და უზრუნველყოფს სახის კანის სრულყოფილ დატენიანებას მთელი დღის განმავლობაში
[/checklist]
Bioderma Hydrabio Serum – დამტენიანებელი შრატი
ცდებით თუ ფიქრობთ, რომ სახის კანის მოსავლელად მხოლოდ დამატენიანებელი კრემია საკმარისი. კრემთან ერთად იდეალურ ეფექტს Hydrabio-ს დამატენიანებელი შრატი იძლევა. შრატის შემადგენლობაში შედის ჰიალურონის მჟავა და ვაშლის ექსტრაქტი, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და აუცილბელი ბაზაა მაკიაჟისთვის.
[checklist]
Hydrabio-ს დამატენიანებელი შრატი სახის დამატენიანებელ კრემთან ერთად უნდა გამოიყენოთ.
[/checklist]
Bioderma Hydrabio Masque
სახის კანს აუცილებლად სჭირდება პერიოდული განტვირთვა ნებისმიერი მაკიაჟისგან. Hydrabio-ს დამატენიანებელი ნიღაბი აღადგენს კანის ელასტიურობასა და ცოცხალ შეფერილობას. კანის სტურქტურა უმჯობესდება ნიღაბში შემავალი ვაშლის ექსტრაქტის, ლამინარიასა და რამნოზას უნიკალური კომბინაციის საშუალებით.
[checklist]
Hydrabio-ს ნიღაბი კვირაში ორჯერ გამოიყენება. თითების ბალიშების წრიული მოძრაობით ნიღაბს ისვამთ სახეზე, საუკეთესო შედეგისთვის იტოვებთ 7-10 წუთს და ჩამოიბანთ.
[/checklist]
Bioderma Sensibio H2O
ყველა ზემოთჩამოთვლილი კოსმეტიკური საშუალების ბოლო აკორდი, სახის კანის მოსავლელად Sensibio-ს გამწმენდი მიცელარული წყალია. პრემიუმ კლასის გამწმენ საშუალებადაა აღიარებული და ბრიტანული „ვოგის“ სილამაზის გმირადაა შეფასებული.
[checklist]
ინტენსიურად ასუფთავებს კანს წყალგამძლე მაკიაჟისგანაც კი, ხსნის გაღიზიანებას, ამაღლებს კანის ტონუსს. რეკომენდებულია კანის ნებისმიერი ტიპის, ასევე სენსიტიური კანისთვისაც კი.
[/checklist]
ნუ დაკარგავთ კანის მოვლის საშუალებების შესარჩევად ბევრ დროს. Bioderma-ს Hydrabio გამა თქვენი კომფორტის, სილამაზისა და სიჯანსაღისთვისაა შექმნილი.
დედა ენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი.
კირიონ II
დიდი პატივია ასწავლიდე ფიქრსა და აზროვნებას, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაა ასწავლიდე ქართულ ენაზე… მით უფრო საპასუხისმგებლოა ასწავლიდე სკოლაში, რომლის მისიაა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თვითმყოფადი და თავისუფალი ადამიანის აღზრდა… ერთგვარი ტვირთიცაა, რადგან მრავალჭირვარამგამოვლილ ქართულ ენას რუდუნებით დაცვა, გაფრთხილება და მორწყვა სჭირდება…
ქართული ენის დღეები სკოლა ევრო-2000-ში
ძნელია ასეთ გამოწვევას გაუძლო, მაგრამ თუ ერთად შეკრულ, თავის საქმესა და ლიტერატურაზე შეყვარებულ გუნდთან ერთად გიწევს ,,სვეტად“ დაუდგე საკუთარ ,,ტაძარს“, მაშინ შეუძლებელი არაფერია; მაშინ კიდევ უფრო გაბედული და მოტივირებული ცდილობ, აზიარო მომავალი თაობა ადამიანურ ფასეულობებს, ცდილობ, ცნობისმოყვარეობა და ახლის შემეცნების სურვილი გაუღვივო შენს მოსწავლეებს, ასწავლო და კიდევ უფრო მეტი ისწავლო მათგან…
უკვე მრავალი წელია ჩვენი სკოლა აპრილში მასშტაბურად აღნიშნავს ქართული ენის დღეებს. წელს ეს დღეები 14 აპრილს გაიხსნა და თვის ბოლომდე გაგრძელდა; უამრავი საინტერესო და კრეატიული პროექტი განხორციელდა მოსწავლეთა ჩართულობით; არ დარჩენილა არც ერთი მოსწავლე, კლასი თუ პედაგოგი, რომელსაც რაიმე ფორმით არ მიეღო მონაწილეობა ამ ღონისძიებებში; წელს კვირეული ილია ჭავჭავაძეს მიეძღვნა და საკმაოდ შთამბეჭდავად გაიხსნა.
ქართული ენის დღეები სკოლა ევრო-2000-ში
ყველას ჰქონდა საშუალება მოკრძალებით ჩაევლო ილიას სამუშაო კაბინეტთან, უშუალოდ შეხვედროდა მისი მოთხრობების გმირებს; მოესმინა მის ლექსებზე აჟღერებული მუსიკა და კიდევ ერთხელ ანთებულიყო მამულზე ფიქრით… ორი კვირის განმავლობაში უამრავი აქტივობა განხორციელდა: ჩატარდა პოეზიის საღამო, ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?“, განხორციელდა საოცრად კრეატიული პროექტები: სოციალური რეკლამები, ,,დამწვარი სახლის წინ“, მოეწყო სპეციალური აქცია-პრეზენტაცია: ,,არა ბარბარიზმებს“, განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა პროექტს ,,წერილები რუსთაველს 21-ე საუკუნიდან“, სკოლის მასშტაბით ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი , ჩატარდა ღია გაკვეთილები; ქართული ენის დღეები დასრულდა ნიაზ ზოსიძის წიგნის- ,,ნეტაი ადრე მოსულიყავი“ პრეზენტაციით. წიგნის ავტორთან შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო, უემოციოდ არ ჩაუვლია.
კვირეულის დახურვის ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პროექტში წარმატებული და გამარჯვებული მოსწავლეები…
მადლობა თითოეულ მოსწავლეს საინტერესო დღეებისათვის, ინიციატივებისათვის, იდეებისათვის, ქართული ენის სიყვარულისათვის… ჩვენთვის საკმარისია თქვენი ანთებული, ცნობისმოყვარე თვალები, რათა თქვენთან ერთად ისევ ვიდგეთ ქართული ენის სადარაჯოზე, ვიდგეთ, რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს ისმოდეს ძარღვიანი, მდიდარი, ძირძველი ქართული ენის საგალობელი!
ნანი ცეცხლაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
პირველ მაისს მსოფლიოში მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღევანდელი მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში დაკანონებული რვასაათიანი სამუშაო დღე მუშათა დიდი ხნის წინანდელი გაფიცვებისა და პროტესტის შედეგია, რაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, როცა მშრომელები პირველად დაფიქრდნენ საკუთარ შრომით უფლებებზე და 11, 13-საათიანი სამუშაო გრაფიკის შეუსაბამობაზე ადამიანისთვის.
თავიდან ყველაფერი ამერიკაში დაიწყო, როცა პროფკავშირებში გაერთიანებულმა მშრომელებმა 1865 წელს დღეში 11 და 13-საათიანი სამუშაო გრაფიკი გააპროტესტეს და 8-საათიანი სამუშაო დღე მოითხოვეს. 1860 წლამდე ამერიკულ საწარმოებში სამუშაო დრო დღეში საშუალოდ 11-13 საათი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ 8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნა ხელისუფლებას მაშინვე არ დაუკმაყოფილებია და მუშათა პროტესტის შედეგად სამუშაო დრო მხოლოდ 10 საათამდე შემცირდა.
რამდენიმე წლის შემდეგ, 1886 წლის პირველ მაისს, 11 000 ამერიკული საწარმოს თითქმის 400 000 მუშა გაიფიცა. დემონსტრაციის მონაწილეთა ნახევარმა მოიპოვა რვასაათიანი სამუშაო გრაფიკის უფლება, თუმცა შრომითი უფლებების გაუმჯობესებას პირდაპირი მნიშვნელობით შეეწირა ადამიანების სიცოცხლე. ჩიკაგოში გამართული აქციების დროს, პოლიციის მტკიცებით, აქციის მონაწილეებმა ჭურვები დაუშინეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის შედეგადაც შვიდი სამართალდამცავი დაიღუპა. დააპატიმრეს მუშათა მოძრაობის ლიდერები და მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ამ საქმეში მათი ბრალი არ იკვეთებოდა, ყველა მათგანი ჩამოახრჩვეს. სისხლიანმა პროცესებმა დროებით შეაჩერა აქციები.
მუშათა გამოსვლები ნიუ-იორკში./„Frank Leslie’s Illustrated Newspaper“-ის 1882 სექტემბრის ნომრის ილუსტრაცია.
1888 წელს კი სენტ-ლუისში განახლდა საპროტესტო გამოსვლები კვლავ 8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით, ამავე წელს დაიწყო 8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით პროფკავშირების აქციები საფრანგეთშიც. 1889 წელს საერთაშორისო გაფიცვების ტალღას სოლიდარობა გამოუცხადა გერმანულმა პროფკავშირებმაც, თუმცა გერმანული კერძო კომპანიების ნაწილი დასაქმებულებს აქციებში მონაწილეობის შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებოდა.
საქართველოში მუშათა პროტესტი 1900 წელს კრახით დასრულდა. მუშები საქართველოში ხელფასის მომატებას, 8-საათიან სამუშაო დროსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს იძულებით შესრულებას აპროტესტებდნენ. გაფიცვები სულ ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და 150 კაცის დაპატიმრებით დასრულდა.
2018 წლის დასაწყისში კვირაში 28-საათიანი სამუშაო დროის მოთხოვნით დავა სასამართლოსთან მილიონობით გერმანელმა მუშახელმა მოიგო. კომპანია IG Metall-მა და გერმანიის მუშათა კავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2,3 მილიონ მუშახელს ნაკლებ სამუშაო დროს და მეტ ხელფასს შესთავაზებენ. ამავე ხელშეკრულების მონაწილეები არიან კომპანიები: Bosch-ი, Mercedes-Benz-ი, Daimler-ი და 700-ზე მეტი გერმანული კომპანიის წარმომადგენელი, ისინი 28-საათიან სამუშაო კვირაზე გადავლენ ორი წლის განმავლობაში და შემდეგ კვლავ დაუბრუნდებიან 35-საათიან სამუშაო კვირას. მოსალოდნელია, რომ ამ მიდგომას გერმანიაში სამომავლოდ ტალღისებური ეფექტი ექნება. კომპანიაში დასაქმებულების ხელფასების ზრდა 2018 წლის აპრილიდან არის განსაზღვრული.
მუშათა გაფიცვები გერმანიაში, 2018 წლის თებერვალი / ფოტო: Reuters
საქართველოში შრომითი უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით დემონსტრაციები იშვიათად იმართება, პროტესტის ამ ფორმას პერმანენტულად მხოლოდ ის დაწესებულებები მიმართავენ, რომლის დასაქმებულებიც პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლეს რისკავენ სამუშაო გარემოში. შედეგი, რაც მათ ასეთ გამოსვლებს აქვს, მინიმალურია.
მეშახტეების გაფიცვა ტყიბულში ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. 2016 წელი.
2016 წლის ტყიბულის მეშახტეთა პროტესტის დროს მუშები ხელფასის 40%-ით მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, თუმცა მაშინ მათი ხელფასი მხოლოდ 7 %-ით გაიზარდა და საპროტესტო დემონსტრაციებიც შეწყდა. პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი მაშინ აღნიშნავდა, რომ ეს იყო მაქსიმუმი, რაც კომპანიას დასაქმებულებისთვის შეეძლო შეეთავაზებინა.
ხუთშაბათს, 3 მაისს, ხელფასის 45%-ის მომატების მოთხოვნით აპირებენ გაფიცვას მეტროს მემანქანეები, სატრანსპორტო კომპანია და თბილისის მერია კი, ხელფასების ზრდას გამორიცხავენ.