მთავარი,სიახლეები

ქალი: ქმარმა ჩემი ფოტოები ფეისბუქში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მეძავი ვარ

04.05.2018
ქალი: ქმარმა ჩემი ფოტოები ფეისბუქში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მეძავი ვარ

მოსამართლე ირაკლი შავაძემ 6 თვის ვადით დამცავი ორდერი ბექა ე.-ს მიმართ გამოსცა. სასამართლო პროცესს ოჯახში ძალადობისთვის უკვე გასამართლებული ბექა ე. არ დასწრებია. ცოლმა – მარიამ გ.-მ კი მოსამართლეს უთხრა, რომ ქმარი მასთან ურთიერთობას აიძულებს და ძალადობას განაგრძობს.

ბექა ე.-ს შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა, როცა მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის სამი წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებული ქალი ამბობდა, რომ ქმარი მას არა მხოლოდ სცემდა, არამედ პროსტიტუციასაც აიძულებდა და თვითონ კარის ღრიჭოდან უთვალთვალებდა. მაშინ მსჯავრდებულმა „ბათუმელებსაც“ მისცა კომენტარი და აღნიშნა: „სიგარეტის ნამწვიც ჰქონდა სხეულზე, კი, მაგრამ ეს ჩემი საქმეა… ჩვენ უკვე შევრიგდით.“

დღეს, 4 მაისს, მოსამართლე ირაკლი შავაძეს დაზარალებულმა ქალმა უთხრა, რომ ქმართან აღარ ცხოვრობს, მაგრამ იგი დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

„მიგზავნის შეტყობინებებს, რომ უჩემოდ არ შეუძლია, თავს მოიკლავს, ძალიან მიყვარხარ, არ გამწიროო… როცა მიხვდა, რომ არ ვურიგდებოდი, ფეისბუქში ჩემი ფოტოები გამოაქვეყნა და მაშანტაჟებდა… კონკრეტულად თავის გვერდზე გამოაქვეყნა ჩემი ფოტოები და დაწერა, რომ მეძავი ვარ, ვიდეოებიც დადო…  შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის ოთხდღიანი პატიმრობა ჰქონდა. მერე გამოვიდა და იგივე გააგრძელა. ადევნების მუხლით უკვე დაწყებულია გამოძიება. მინდა, რომ მას ჩემთან მოახლოების უფლება არ ჰქონდეს, არ დამირეკოს, არ მომწეროს, არც ფეისბუქში მომწეროს…“ – უთხრა ძალადობის მსხვერპლმა მოსამართლეს.

მოსამართლე დაინტერესდა, რატომ არ ესწრებოდა პროცესს თავად ბექა ე. ის ქუთაისში ცხოვრობს. საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოსამართლის თანაშემწეს უპასუხეს, რომ ბექას მეგობარს ესაუბრებოდნენ და ბექა ტაძარში იყო წასული.

„შესაძლოა, თვითონ იყო და დამალა საკუთარი ვინაობა,“ – დასძინა მოსამართლემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბექა ე.-ს მარიამ გ.-ს საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებთან მიახლოება აეკრძალა, ასევე ტელეფონით და ნებისმიერი სოციალური ქსელით კომუნიკაცია, სიტყვიერი ან ფიზიკური ძალადობის განხორციელება. მოსამართლემ განმარტა, რომ დამცავი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს ადმინისტრაციული პატიმრობა ელის, ან გამასწორებელი სამუშაო.

დაზარალებული ქალი ამჟამად ბათუმში ცხოვრობს. მან კომენტარზე უარი გვითხრა. გასაუბრების დროს კი აღნიშნა, რომ განქორწინების მოთხოვნას ქუთაისის საქალაქო სასამართლო უკვე განიხილავს, თუმცა ქმარი განქორწინებაზე უარს აცხადებს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: