მთავარი,სიახლეები

დღისით, თვითმხილველების თვალწინ, იტალიური ეზოს ბინიდან ფული მოიპარეს

28.04.2018
დღისით, თვითმხილველების თვალწინ, იტალიური ეზოს ბინიდან ფული მოიპარეს

ლერმონტოვის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში დღისით, რამდენიმე თვითმხილველის თვალწინ, საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. ახალგაზრდა კაცი პირველ სართულზე ნანა ბ.-ს ღიად დატოვებულ ფანჯარაში გადაძვრა და იქედან საფულე წაიღო. საფულეში დაახლოებით 520 ლარი იყო.

“მეზობლებმა დამირეკეს, გადმოხტა შენი ფანჯრიდან ვიღაც და გაიქცაო… ისინი ეზოში ისხდნენ, როცა ქურდი მოვიდა, ჯერ კარი მოსინჯა და დაკეტილი რომ დახვდა, ბინაში ფანჯრიდან გადაძვრა. მეზობლებმა აღნაგობით ეს ბიჭი ჩემს ძმას მიამსგავსეს, რომელიც სხვაგან ცხოვრობს და ჩათვალეს, რომ ალბათ, რაღაც სასწრაფოდ სჭირდებაო. სწრაფად რომ გაიქცა, მერე მიხვდნენ, რომ გამქურდეს. ამ ეზოში წლების წინ კარსაც კი არავინ კეტავდა. ახლა ფანჯარა ღიად დავტოვე, რადგან ნესტის სუნი დგება”, – გვიყვება დაზარალებული ნანა ბ.

გამომძიებლებმა მეზობლებთან ერთად გუშინვე ნახეს რამდენიმე ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი და კადრებში ის ბიჭი ამოიცნეს, რომელიც გუშინ ფანჯარაში გადაძვრა და საფულე წაიღო. ეს იტალიური ეზო ვიდეოთვალებით აღჭურვილი სახინკლის უკანაა.

კადრებში ასევე ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცი ეზოში მდებარე თითქმის ყველა კარს ჩამოივლის და აკაკუნებს. მეზობლები ყვებიან, რომ მათ ამ კაცმა მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა: “ხომ არ აქირავებთ ბინას?”

დაზარალებულის ბინაში თითის ანაბეჭდებზე ექსპერტიზა გუშინვე ჩატარდა.

“მითხრეს, რომ კვალი არ არის დატოვებული და დამნაშავეს სპეციალური ხელთათმანი ეკეთა,” – ამბობს დაზარალებული.

საფულეში ნანა ბ.-ს პლასტიკური ბარათებიც ჰქონდა, თუმცა შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში დაზარალებულმა ბარათები დაბლოკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება ქურდობის ფაქტზე, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. შსს-ში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: