მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ ზღვასთან ახლოს მიწის ნაკვეთი 630 ათას ლარად გაყიდა

03.05.2018 • 2640
ბათუმის მერიამ ზღვასთან ახლოს მიწის ნაკვეთი 630 ათას ლარად გაყიდა

ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, გამწვანებული ადგილი, რომელიც ბათუმის მერიამ აუქციონზე 240 ათას ლარად გაიტანა,  78 ბიჯით, გუშინ, 2 მაისს, 630 ათას ლარად გაიყიდა. 581 კვ/მ მიწის ნაკვეთი შპს NEWLINE-მ შეიძინა, რომლის 100% წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება „პოლიგრაფისტია“. მყიდველმა ქონების საფასური სრულად სამი თვის განმავლობაში უნდა დაფაროს.

აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა უნდა ააშენოს ერთ-ერთი ამ ობიექტებიდან: საგამოფენო დარბაზი, უნივერსალური მაღაზია, სავაჭრო ცენტრი, სილამაზის სალონი, ოფისი. მშენებლობა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში და დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში. შენობის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მეტრს [2 სართული]. 

ბათუმის მერია მიწის მყიდველს უკრძალავს ნაკვეთზე განათავსოს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა ან აშენებული შენობა-ნაგებობა გამოიყენოს სხვა დანიშნულებით, გარდა ზემოთ მითითებული ობიექტებისა. თუმცა, ეს აკრძალვა მხოლოდ 10 წლის განმავლობაშია ძალაში, რომლის გასვლის შემდეგაც მესაკუთრეს უფლება ექნება, ნაკვეთი თუ შენობა მისთვის სასურველი დანიშნულებით გამოიყენოს.

შპს NEWLINE აუქციონზე შეძენილი ქონების მომიჯნავედ უკვე ფლობს 600 კვ/მ მიწის ნაკვეთსაც.

„საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ ვართ, მაგრამ ვფიქრობთ, უნივერსალური მაღაზია გავაკეთოთ, რისთვისაც, სავარაუდოდ, ნაკვეთებს გავაერთიანებთ,“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში ილია ქამადაძემ, „პოლიგრაფისტის“ დირექტორმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: