ამერიკული და იტალიური საწვრთნელი გემები ბათუმის ნავსადგურში [ფოტო]

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმის პორტში იტალიური სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწვრთნელი გემი “Palinuro”  და ამერიკული მართვადი სარაკეტო გემი “Carney”(DDG 64) შემოვიდნენ.

ამერიკული გემი “Carney” (DDG 64), ბათუმში 23-25 აგვისტოს დარჩება. ‘Carney’ Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო მე-6 ფლოტს ეკუთვნის.  საქართველოში ყოფნისას USS Carney განახორციელებს რუტინულ კომბინირებულ ტრენინგს საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად და ასევე გეგმავს შერჩეული ჯგუფებისთვის გემის ტურების მოწყობას. USS Carney-ს, რომელიც ექსპლუატაციაშია როტაში, ესპანეთში, აშშ-ის მე-6 ფლოტის ოპერაციებში მრავალრიცხოვან მისიას ასრულებს რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ის ასრულებს ორმხრივი და მრავალმხრივი ტრენინგ-მისიებს და მხარს უჭერს ნატო-ს ოპერაციებს შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით.

საელჩოს ინფორმაციით, USS Carney-ს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულებას, გააძლიეროს ურთიერთობა ნატო-ს ისეთ მოკავშირესთან და პარტნიორთან, როგორიც საქართველოა და ხელი შეუწყოს ორმხრივ მიზნებზე მუშაობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

აშშ-ის საზღვაო ძალებს  გემები შემოჰყავთ შავ ზღვაში მონტერექსის კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

USS Carney

რაც შეეხება იტალიურ გემს “Palinuro”, იგი ბათუმის პორტში  26 აგვისტომდე გაჩერდება. “Palinuro” ჩართულია 54-ე საწვრთნელ კამპანიაში და ამჟამად მასზე სწავლებას გადის ტარანტოს საზღვაო უნტერ-ოფიცერთა სკოლის კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტი, რომლებიც შეისწავლიან საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და იძენენ უშუალო გამოცდილებასა და საზღვაო სფეროს სპეციალისტების შემდგომი დასაქმებისათვის აუცილებელ და სათანადო პროფესიულ ჩვევებს.

გემი ტარანტოს პორტიდან 23 ივლისს გამოვიდა და კოსის, სტამბულისა და კოსტანცას ნავსადგურებში გაჩერების შემდეგ, შემოვა ბათუმში, საიდანაც გაემგზავრება კეფალონიაზე და ამის შემდეგ დაბრუნდება იტალიაში, ჯერ რეჯო კალაბრიაში, შემდგომ კი ლივორნოში, სადაც დასრულდება კურსანტების საწრთვნელი კამპანია.

Palinuro

 

 

 

ბონი-გოროდოკში 3 საათით წყლის მიწოდება შეიზღუდება

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას 11 საათიდან 14 საათამდე შეეზღუდება წყალმომარაგება.

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყლის შეზღუდვის მიზეზი წყალმომარაგების მილზე ტექნიკური სამუშაოებია.

 

ქართულ ცხენოსნურ თამაშობებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობანი – ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ბრძანება 2018 წლის 22 აგვისტოდან შევიდა ძალაში.

ვიკიპედიიდან:

[highlight color=”green”]ისინდი [ძვ. ჯირითი][/highlight] – ძველი ქართული ცხენოსნური სპორტული თამაშობა. ტარდება 150-210 მ სიგრძისა და 40-50 მ სიგანის ოთხკუთხა სწორ მოედანზე. მონაწილეობს ცხენოსანთა თანაბარი რაოდენობის ორი გუნდი – თითოეულში არანაკლებ ექვსი მხედრისა [მოთამაშეთა რიცხვი შეიძლება ათამდე გაიზარდოს].  ყოველი მხედარი შეიარაღებულია 120-150 სმ სიგრძის შუბით, რომელსაც ბოლოზე დამაგრებული აქვს დარტყმის დასასუსტებელი “ჩაჩი” [შუბსაც ისინდი ჰქვია]. გუნდები დაეწყობიან მოედნის სასტარტო ხაზზე. დამწყები [კენჭისყრით] გუნდის პირველი “გამომწვევი” მსაჯის ნიშანზე მიიჭრება მოპირდაპირე გუნდთან, გადაკვეთს მის საჯარიმო ხაზს და ცდილობს თავისი ისინდი მოახვედროს მოწინააღმდეგეს [23 ქულა] ან მის ცხენს [1 ქულა]. ტყორცნის შემდეგ იგი სწრაფად უბრუნდება თავის გუნდს და დგება ბოლოში.

მეორე გუნდის პირველი მოთამაშე მსაჯის ნიშანზე ჭენებით გამოეკიდება მეტოქე გუნდის “გამომწვევს” საჯარიმო ხაზამდე და ცდილობს გაიმეოროს იგივე, შემდეგ კი სწრაფად გაბრუნდეს უკან, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მომდევნო მხედარმა ვერ მოარტყას ისინდი მას ან მის ცხენს. მოწინააღმდეგის ნატყორცნი ისნდის ჰაერში დაჭერისათვის მხედარი დამატებით 2 ქულას იღებს. იმარჯვებს გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს [საჯარიმო ქულების გამოკლებით. საჯარიმო ქულა ინიშნება გვერდითი ხაზის დარღვევის, სასტარტო ნიშნის შემოუვლელობის, ისნდის ხელგაუშვებლად მხედრის ან ცხენის ჩხვლეტისა და სხვა დროს]. ფრეს შემთხვევაში მსაჯს უფლება აქვს დაუმატოს დრო [არაუმეტეს 5 წუთისა]. ისინდი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული.

[highlight color=”green”]ცხენბურთი[/highlight] – ქართული ეროვნული საცხენოსნო თამაში. ფეოდალურ ეპოქაში იყენებდნენ როგორც სამხედრო-ფიზიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებას. შემდგომში შემუშავდა და დაიხვეწა თამაშის წესები, დადგინდა შეჯიბრების პირობები. განსაკუთრებით პოპულარულია დასავლეთ საქართველოში.

ცხენბურთს თამაშობს ორი გუნდი 6-6 მხედრის შემადგენლობით [ერთი მეკარეა]. საასპარეზო სწორი მინდვრის სიგრძეა 150-300 მ, სიგანე – 75-120 მ; მინდვრის კუთხეებში დამაგრებულია დროშები. კარის სიგრძეა 6 მ, სიმაღლე – 3,5 მ, მის წინ შემოხაზულია 10-20 მ საჯარიმო მოედანი. შუა მინდორში სიგანეზე გავლებულია ხაზი 5 მ-იანი დიამეტრის მქონე ცენტრალური წრით. თამაშის ძირითადი ინვენტარია მკვრივი ბურთი და ხის ჩოგნები, რომლებსაც ბოლოში დამაგრებული აქვს ბადიანი რკალი. თამაშის მიზანია ბურთის გატანა მეტოქის კარში ისე, რომ მხედარი ბურთს ეხებოდეს მხოლოდ ჩოგნით. თამაში გრძელდება 20 წუთი [სუფთა დრო; არ ჩაითვლება გვერდითი ხაზიდან ბურთის შემოტანის, საჯარიმო და სადავო გათამაშების დრო]. პირველი 10 წუთის შემდეგ ეწყობა 15 წუთიანი შესვენება.

[highlight color=”green”]ყაბახიც [/highlight]ასევე ძველი ქართული ცხენოსნური თამაშია. თამაშის მიზანია ანძაზე (ყაბახზე) შემოდებული ნიშნის [უმთავრესად თასის] ისრით ჩამოგდება. მშვილდოსანი მხედრები მწკრივდებიან სასტარტო ხაზთან. მსაჯის ნიშანზე ერთ-ერთი მხედარი ჭენებით უახლოვდება ანძას, რომელზეც შემოდებულია სანიშნო საგანი. ანძასთან სასურველ მანძილზე მიახლოვებისას მხედარი ისარს გაისვრის მიზნის მიმართულებით, შემდეგ გადაკვეთს ფინიშის ხაზს და ჩერდება. მას შემდეგ, რაც შეჯიბრის მონაწილენი დაამთავრებენ პირველ ცდას, მათ ეძლევათ მეორე ცდის უფლება; ამჯერად უკვე ფინიშის ხაზი სტარტის ხაზად იქცევა.

შეჯიბრების შედეგები ვლინდება იმის მიხედვით, თუ რამდენჯერ შეძლებენ მხედრები სამიზნის გადმოგდებას და რამდენ დროს დახარჯავენ ამისათვის.

[highlight color=”green”]მარულა[/highlight] – საცხენოსნო შეჯიბრების ერთ-ერთი უძველესი ეროვნული სახეობა – დოღი გრძელ მანძილზე საამისოდ საგანგებოდ გავარჯიშებული ცხენებით. წინათ იმართებოდა 20-25 კმ დისტანციებზეც. მარულაში მოზრდილებთან ერთად მონაწილეობდნენ ბავშვებიც. ახლა მარულა რეგლამენტირებულია შეჯიბრების ზუსტი წესებით, დისტანცია ითვალისწინებს 8-10 კმ. მარულა შედის ცხენოსნობის ეროვნულ სახეობათა საქართველოს ჩემპიონატების პროგრამაში.

განსაკუთრებით გავრცელებულია ჩოხატაურის, სამტრედიის, გალის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, გუდაუთის, გურჯაანის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს რაიონებში, ქუთაისში და სხვაგან.

 

მთავარი ფოტო: დოღი ბახმაროში. მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ბათუმის მერია: მხოლოდ ორი ქუჩის დატბორვაზე შემოვიდა ინფორმაცია

წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ბათუმის მერიის შპს “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, უკვე გაწმენდილია სანიაღვრე არხები ინასარიძის ქუჩაზე, “იალჩინის” მიმდებარე ტერიტორიაზე.

დატბორილი იყო გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაც. “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, ამ დრომდე იქ მუშაობენ.

“ბათუმის წყლის” პრესცენტრში ასევე გვითხრეს, რომ რომელიმე სხვა ქუჩის ან სახლის დატბორვის შესახებ მათთან ინფორმაცია ამ დრომდე არ შესულა.

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა [ფოტო]

22 აგვისტოს, საღამოს 8-9 საათზე, ძლიერი წვიმის გამო ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

ცირა აბულაძის ფოტო
ვანცენტ ხაბეიშვილის ფოტო
გორგასლის ქუჩა. ჯაბა ანანიძის ფოტო
ხიმშიაშვილის ქუჩა

პატიმარს, რომელმაც თვითდაზიანება მიიღო, ოპერაცია გაუკეთეს

„პატიმარი, რომელმაც თვითდაზიანება მიიღო, ოპერაცია გაუკეთეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – ამბობს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე. ის დღეს ბათუმის ციხეში პატიმრებს შეხვდა.

ცოტნე ანანიძის თქმით, მსჯავრდებულმა საშუალო ხასიათის თვითდაზიანება დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო. „ის აპროტესტებდა მის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს და მიმართავს პროკურატურას. რა საგნით მიიყენა დაზიანება, დეტალურად არ ვიცი,“ – გვითხრა ცოტნე ანანიძემ.

იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესცენტრში მსჯავრდებულის მხრიდან თვითდაზიანების მიყენების ფაქტი დაადასტურეს. „აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და მისი ქმედება წარდგენილ ბრალს უკავშირდება. მას ციხის ადმინისტრაციის მხრიდან დაუყოვნებლივ გაეწია სამედიცინო დახმარება. ამჟამად მსჯავრდებული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, “ – მოგვწერეს უწყების პრესცენტრიდან.

ცოტნე ანანიძე დღეს ბათუმის ციხეში მყოფ მსჯავრდებულს – ლეონიდე მიქაბერიძესაც შეხვდა. რამდენიმე დღის წინ ამ პატიმარმა მისთვის ხანგრძლივი პაემნის უფლების შეზღუდვა გაპროტესტა. საია-ს შეფასებით, ამ კონკრეტულ მსჯავრდებულთან მიმართებით დაწესებულებამ დაარღვია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

„ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე. ამჯერად ის აპროტესტებს იმას, რომ ერთდროულად მეუღლესთან, დედასა და შვილთან ხანგრძლივი პაემნის უფლება არ მისცა ციხის ადმინისტრაციამ. მიიჩნევს, რომ ამ კუთხით არსებული ბრძანება არის ბუნდოვანი. ჩვენი კომიტეტი იმსჯელებს ამ საკითხზე,“ – გვითხრა ცოტნე ანანიძემ.

ლეონიდე მიქაბერიძე ბრალდებულიცაა. მან „ბათუმელებს“ წერილი ამჟამად სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გუშინ, 21 აგვისტოს, გამოუგზავნა. პატიმრის თქმით, მას გამოძიება ციხის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეზე – ბექა გაგნიძეზე ფიზიკურ თავდასხმას ედავება. ლეონიდე მიქაბერიძე წერს, რომ ინციდენტი სამარტოო საკანში მოხდა და ამის ამსახველი ვიდეოკადრები ციხის ადმინისტრაციამ წაშალა. პატიმარი მტკიცებულებების დროულად გადაცემას ითხოვს.

პატიმარი აპროტესტებს იმასაც, რომ ინციდენტის შემდეგ ციხის ექიმებმა ბექა გაგნიძე გასინჯეს და მას მცირე ფიზიკური დაზიანება დაუფიქსირეს სახის არეში, ლეონიდეს კი, სამედიცინო შემოწმებაზეც უარი უთხრეს.

ლეონიდე მიქაბერიძის საქმის მასალებს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს. აქ გვითხრეს, რომ ჯერჯერობით კომენტარს ამ საქმეზე ვერ გააკეთებენ, რადგან მასალის გაცნობა დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყეს.

უახლოეს დღეებში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაესხა თუ არა თავს პატიმარი ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ლეონიდე მიქაბერიძის ინტერესების დაცვას არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ აპირებს სააპელაციო სასამართლოში.

ლეონიდე მიქაბერიძის საკითხზე იუსტიციისa და სასჯელაღსრულების სამინისტროში კომენტარს ხვალისთვის დაგვპირდნენ.

ლეონიდე მიქაბერიძე ხშირად აპროტეტებს ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს. 2016 წელს ლეონიდე მიქაბერიძის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი ერთ-ერთი წერილი ციხიდან გასვლის ან დაბრუნების დროს გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთების ვალდებულებას ეხებოდა, რაზეც პატიმარი უარს ამბობდა. ამ მიზეზით იგი საკუთარ სასამართლო პროცესებს ვერ ესწრებოდა. წელს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა ბუქნების გაკეთებასა და გაშიშვლებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ უკანონოდ მიიჩნია.

რაც შეეხება დღეს დასმულ კითხვას მსჯავრდებული ლ. მ-სათვის საქმის მასალების გაცნობის თაობაზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად – „ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები“.

შენიშვნა: იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტრომ ლეონიდე მიქაბერიძესთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს, 23 აგვისტოს მოგვაწოდა. „კანონის თანახმად მსჯავრდებული  ლ.მ -ც გაეცნო  საქმის მასალებს და დამატებით მოთხოვნის შემთხვევაში, კიდევ გაეცნობა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ნასამართლობასთან) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, შეიცავს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, რომლის გაცემაც დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებული თანხმობის გარეშე. ვინაიდან წარმოდგენილი არ არის მსჯავრდებულის სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, გაცნობოთ პოზიცია. თუმცა, სამსახური მზადაა, ინფორმირებული თანხმობის წარმოდგენის შემთხვევაში, მოგაწოდოთ განმარტებები,“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

 

 

 

ამერიკული და იტალიური საწრთვნელი გემები ბათუმის ნავსადგურში შემოვლენ

ამერიკული და იტალიური გემები ხვალ, 23 აგვისტოს, დილით, ბათუმის ნავმისადგომზე შემოვლენ. ამერიკულ გემ USS Carney-ს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ზაალ მიქელაძე დახვდება, რადგან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქმიანი ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.

„USS Carney-ს ვიზიტი ეძღვნება შეერთებული შტატების კავშირების გამყარებას ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, როგორიცა საქართველო და მუშაობს ერთიანი მიზნის – შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისთვის. USS Carney ჩაატარებს ერთობლივ წვრთნებს სანაპირო დაცვასთან ერთად და მოაწყობს ტურს გემზე შერჩეულ ჯგუფებთან,“ – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოში იტალიის საელჩოს ინფორმაციით, სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი Palinuro ტარანტოს პორტიდან 23 ივლისს გამოვიდა და კოსის, სტამბულისა და კოსტანცას ნავსადგურებში გაჩერების შემდეგ ბათუმში ხვალ დილით შემოვა.

ბათუმში Palinuro-ს ჩამოსვლასთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 აგვისტოს, 10:00 საათზე, გემის მეთაური ჩაატარებს პრესკონფერენციას, რომელზეც გაიმართება გემისა და 2018 წლის საწრთვნელი კამპანიის პრეზენტაცია.

გემი Palinuro მნახველთათვის ღია იქნება შემდეგ დღეებსა და საათებში:

  • 23 აგვისტო: 16:00 საათიდან 19:00 საათამდე
  • 24 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და 16:00 საათიდან 18:30 საათამდე
  • 25 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და 16:00 საათიდან 19:00 საათამდე
 წვრთნები ბათუმის ნავსადგურში ამერიკულ და იტალიურ გემებზე 26 აგვისტოს დასრულდება.
მთავარ ფოტოზე: ამერიკული გემი USS Carney 

ახალი ავტობუსები ბათუმში პირველი სექტემბრიდან იმოძრავებენ

„ისუზუ ატამანის“ მოდელის ცისფერი ავტობუსები უკვე ბათუმშია. 15 ახალი ავტობუსი ბათუმის პორტიდან ქალაქში დღეს, 22 აგვისტოს, შემოვიდა. კონკრეტულად რომელ სამარშრუტო ხაზებზე იმოძრავებენ ახალი ავტობუსები, „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალაქში შესაძლოა ახალი სამარშრუტო ხაზი დაამატონ, რომელიც ჭაობის დასახლებას ქალაქის ცენტრალურ უბნებთან [გორგილაძის და სხვა ქუჩებთან] დააკავშირებს. ახალი მუნიციპალური ავტობუსები, სავარაუდოდ, ამ ახალ ხაზზეც იმოძრავებენ.

15 ერთეულ ავტობუსს ბათუმის მერია EBRD-ის მხარდაჭერით ყიდულობს.  მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები „ევრო 5“ სტანდარტისაა და 60 მგზავრზეა გათვლილი.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, წლის ბოლომდე ქალაქში კიდევ 25 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა.

„ახალი ავტობუსები აღჭურვილია GPS სისტემით, კონდინციონერით, არის ადაპტირებული,“ – აცხადებს ბათუმის მერია.

ახალი ავტობუსების მოწოდებაზე ხელშეკრულებას 16 მაისს მოაწერეს ხელი, ,,ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ჩერკასმა“. როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, ავტობუსები იაპონურ-უკრაინული წარმოებისაა.

„რაღაც დეტალები შეიძლება გამოიკვეთა“ – სამინისტრო 17 გაუჩინარებული მეზღვაურის ძებნაზე

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Pantelena, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, 14 აგვისტოს შემდეგ გაუჩინარებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტაქტი გემთან ბოლოს დაფიქსირდა აფრიკის სანაპიროზე, გვინეის ყურეში. სამინისტროში დღეს, 22 აგვისტოს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მათი კომენტარი არის მხოლოდ ის, რომ მუშაობენ.

„ინტენსიური მუშაობა მიდის, რაღაც დეტალები შეიძლება გამოიკვეთა და გვაქვს, მაგრამ მის გაჟღერებას არ ვაპირებთ მედიით, ვინაიდან საკმაოდ სენსიტიური თემაა და სამუშაო პროცესს ხელი რომ არ შევუშალოთ. ასეთი იყო გემთმფლობელის პოზიციაც, რომ დეტალები არ გაჟღერდეს“, – გვითხრეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

დამსაქმებელ კომპანიაში, რომელმაც ქართველი მეზღვაურები ბერძნული კომპანიის გემზე დაასაქმა, ვარაუდობენ, რომ ტანკერი მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

ტანკერი Pantelena აფრიკის სანაპიროსთან, გვინეის ყურეში, გაბონის პორტ ოვენდოდან 74 კმ-ში გაუჩინარდა.

გაბონის ერთ-ერთი ონლაინგამოცემა წერს, რომ ტანკერი Pantelena ტოგოდა [პორტ ლომედან] მიემართებოდა გაბონისკენ [პორტ ლიბერვილში], სადაც ამავე ქვეყნის კომპანა SGEPP-ის ტვირთი [ნავთობპროდუქტები] გადაჰქონდა. გემთან კავშირი კი გაწყდა გაბონის პორტ ოვენდოდან 74 კმ-ის დაშორებით.

უკრაინული ინტერნეტგამოცემა segodnya სხვადასხვა გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ გვინეის ყურეში გაუჩინარებულ გემზე სპეციალური [სათვალთვალო] განათება გამორთული იყო, რაც მეკობრეების მიერ გემის ხელში ჩაგდების ერთ-ერთი ნიშანია. გამოცემა ასევე წერს, რომ სომალელი მეკობრეების მთავარი ძალების ლიკვიდაციის შემდეგ, ზღვაში ძარცვის ეპიცენტრმა სომალის სანაპიროდან [ინდოეთის ოკეანე] გადაინაცვლა ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში.

აფრიკული მედია წერს, რომ „გვინეის ყურე, სადაც მდებარეობს გაბონი, დღეს მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რეგიონად მსოფლიოში მეზღვაურთა ეკიპაჟებისთვის. საერთაშორისო სავაჭრო პალატის, საერთაშორისო საზღვაო ბიუროს ანგარიშის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა 2018 წელს, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ამ რეგიონში დარეგისტრირდა პირატობის 107 შემთხვევა, მათ შორის 4 გატაცება და 25 ტყვედ აყვანა. გასული წლის მონაცემებით, 2015-დან 2016-წლამდე გვინეის ყურეში 76%-ით იმატა გემებზე შეიარაღებულმა თავდასხმებმა, რის გამოც გვინეის ყურე გლობალური პირატობის ეპიცენტრად მიიჩნევა“.

გაუჩინარებულ გემზე საქართველოს 17 მოქალაქის გარდა რუსეთის ორი მოქალაქეც იმყოფება. ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაგვიდასტურეს: „ამის შესახებ გემთმფლობელი კომპანიის მიერაც იყო თავიდანვე გაცხადებული“.

„ბათუმელები“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ გარდა იმისა, რა ინფორმაციაც გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დამატებითი ინფორმაცია გაუჩინარებულ გემთან დაკავშირებით არ აქვთ.

გემთმფლობელმა კომპანია Lotus Shipping-იმ თავის განცხადებაში მედიას მიმართ და მოუწოდა ბორტზე მყოფი მეზღვაურების ვინაობა არ გასაჯაროვდეს. 

მთავარი ფოტო: გემი პანტელენა

უმეტესად უნალექო დღეები და ხანმოკლე წვიმა ღამით – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22-23 აგვისტოს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32  გრადუსი  
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25  გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი).

მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

_____________________

მანანა ქველიაშვილის ფოტო 

მსხვერპლი ბავშვები და მათი გასამართლებული მშობლები – ფსიქოლოგის შეფასება

„სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა“, – ასეა აღწერილი ერთ-ერთი 13 წლის გოგოს ცემის შემთხვევა. მსგავს ფრაზას სხვა განაჩენებშიც ნახავთ, სადაც აღწერილია, როგორ სცემა ბავშვი მამამ, დედამ ან ბიძიამ. არასრულწლოვნის ცემის შემდეგ, ძირითადად, საპროცესო შეთანხმება ფორმდება. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა შეიცვალა ბავშვებისა და მათზე მოძალადეებისთვის სასჯელის შეფარდების შემდეგ.

ბიძამ 13 წლის დისშვილს სახლში დაგვიანებით დაბრუნებისთვის სცემა

13 წლის მარიას [სტატიაში სახელები შეცვლილია] 2018 წლის 15 აპრილს ბიძამ სცემა. საქმის მასალების მიხედვით, შეკამათების შემდეგ მარიას ბიძამ, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, სახეში სცემა ხელებით და ფეხებით. ცემის ფაქტს ოჯახის სხვა წევრებიც შეესწრნენ, მაგრამ პოლიციისთვის ეს ამბავი არავის შეუტყობინებია.

მარია მეორე დღეს სკოლაში ვეღარ წავიდა – სახე ჩაულურჯდა. სკოლაში დედამ დარეკა და თქვა, რომ ბავშვს სიცხე ჰქონდა. სამი დღის შემდეგ მარია სკოლაში გამოჩნდა, თუმცა მას თვალები ისევ ჩალურჯებული ჰქონდა. სკოლის მანდატურთან გასაუბრების დროს მარიას კონფლიქტი ბიძიასთან არ დაუმალავს. მანდატურმა ძალადობის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

„ბიძიამ იმ საღამოს გააგზავნა პურის საყიდლად და სამი საათი დააგვიანა,“ – გვიყვება ადვოკატი მერი ცინარიძე. – „როცა დაბრუნა, ბიძიამ უსაყვედურა, სად იყავი ამდენ ხანსო. მერე დაქალთან წავიდა, მალე დავბრუნდებიო და შუაღამეზე დაბრუნდა. ამ დროს დაარტყა ბიძიამ დისშვილს სახეში…“

ბიძამ – გ.მ.-მ დანაშაული მაშინვე აღიარა, დისშვილმა კი ის წერილი დაწერა, რასაც ნაცემი ადამიანები ხშირად წერენ და უგზავნიან მოსამართლეს – „ბიძიას შევურიგდი და მისი დასჯა არ მსურს“.

ამ საქმეზე განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ივნისში გამოიტანა. გ.მ.-ს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს 1 წლისა და 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით ორი წლის გამოსაცდელი ვადით.

მამამ შვილს „ერთჯერადად მუშტი დაარტყა სახეში“

საპროცესო შეთანხმება გააფორმა პროკურატურასთან ე.ა.-მაც. მან არასრულწლოვან შვილს სახეში მუშტი დაარტყა. „მან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ერთჯერადად მუშტი დაარტყა სახის არეში, რამაც ი. კ.-ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,“ – წერია სასამართლოს განაჩენში.

ე.ა.-ს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ორი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით ორი წლის გამოსაცდელი ვადით.

ნაცემი ბავშვის დედა: „ეს თუ სამართალია, იყოს…“

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დაასრულა 11 წლის ბიჭის სასტიკად ცემის საქმის განხილვა. მამამ 11 წლის ბიჭს იმის გამო სცემა, რომ ის სკოლაში არ წავიდა.

სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა ნაცემმა ბავშვმაც, თუმცა მისი ჩვენება მამას არ მოუსმენია. იმის გამო, რომ ბავშვზე მამას ფსიქოლოგიურად არ ეძალადა, მამას პროცესი დაატოვებინეს. არასრულწლოვანმა მოსამართლეს ჩვენება დახურულ პროცესზე მისცა.

სხდომის დახურვამდე ბავშვის დედამ მოსამართლეს უთხრა: „ბავშვი მოწამლული იყო და სკოლაში მე არ გავუშვი. იმ დღეს სამსახური მქონდა და დილით ბავშვი მამის ოჯახში დავტოვე [ბავშვის დედ-მამა განქორწინებულია]. დამირეკა შვილმა, მოდი სასწრაფოდ და წამიყვანეო. მივედი. ეზოში იდგა ფეხშიშველი და ხმას არ იღებდა… სახლში შესვლა აღარ მინდაო. სოფელში წავედით ჩემებთან. გზაშიც არაფერი მითხრა, არც სახლში უთქვამს რამე. დაძინების დროს აღმოვაჩინე, ზურგი დაწითლებული ჰქონდა. მაშინ მითხრა, მამამ მცემაო…“

დედის ჩვენების მიხედვით, მას პოლიციისთვის არ დაურეკავს. თქვა, რომ სასწრაფო გამოიძახა და მოულოდნელად პოლიციელებიც მოვიდნენ: „ყოფილ მეუღლესაც ველაპარაკე, ეს რა გააკეთე-მეთქი. ღირსი იყო და ვცემეო, ასე მიპასუხა“.

ბავშვის ცემის ამ შემთხვევაზეც ბრალდებულსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება შედგა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის გადაწყვეტილებით, რ.ჟ.-ს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც ჩაეთვალა პირობით ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით.

„შეიცვალა ის, რომ არც მე და არც ჩემს შვილს არანაირი კავშირი მასთან აღარ გვაქვს,“ – გვითხრა ნაცემი ბავშვის დედამ. მისი აზრით, სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის გამოყენება არ არის ეფექტური და დამნაშავეს არ აქვს განცდა, რომ ის დაისაჯა.

 

პირობითი მსჯავრი არაფერს ცვლის, ჩვეულებრივ არის გარეთ, რა შეიცვალა ჩემთვის ან ბავშვისთვის? ასე გადაწყვიტეს და ეს თუ სამართალია, იყოს,“ – გვითხრა ბავშვის დედამ.

„ბათუმელები“ 11 წლის ბავშვის ცემისთვის გასამართლებულ რ.ჟ.-საც დაუკავშირდა.

„მე ხომ სასამართლომ გამამართლა, არ ვარ დამნაშავე. გაუგებარია, რატომ მირეკავთ მე“, – გვითხრა მან მოკლედ.

რას ნიშნავს სამართლებრივად დასჯილი მამის ფრაზა: „მე სასამართლომ გამამართლა“

„გამოდის, რომ ადამიანმა მთელი მართლმსაჯულების სისტემა გაიარა – გამომძიებელი, ადვოკატი, პროკურორი, მოსამართლე და მასში არაფერი შეცვლილა,“ – ასე აფასებს 11 წლის ბავშვის ცემისთვის გასამართლებული მამის ფრაზას ფსიქოლოგი მაია ცირამუა. იგი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ამოცანა დამნაშავეში სინანულის განცდის გაჩენა უნდა იყოს, რაც ჩვენს რეალობაში იშვიათობაა.

მაია ცირამუა ფიქრობს, რომ არც თავისუფლების აღკვეთის შეფარდება და ადამიანის ციხეში გამოკეტვაა გამოსავალი. ფსიქოლოგის აზრით, ქვეყანამ აქტიურად უნდა გაიზიაროს დასავლური პრაქტიკა და განსაკუთრებით ძალადობის შემთხვევებში სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამები უნდა აამუშავოს.

„მგონია, რომ დღეს მართლმსაჯულების სისტემაში მთავარი საკითხი, რაც დგას, არის არა ის, თუ ვის რამდენ წელს უსჯიან, არამედ ის, თუ ვინ რამდენად იაზრებს ჩადენილ დანაშაულს, ვის რამდენად ეძლევა შანსი, რომ მართლა „სუფთა ფურცლიდან“ გააგრძელოს ცხოვრება. ამ შემთხვევაში ამ ადამიანს აქვს განცდა, რომ საერთოდ არ შეხებია არაფერი მას და ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა თუ მიეცემა, ხვალაც გააგრძელებს იმავეს.

განსაკუთრებით მძაფრია ეს პრობლემა, როცა საქმე ბავშვზე ძალადობას ეხება. ბავშვი, მით უმეტეს განქორწინების შემთხვევაში, ხშირად არის „კავკასიურ ცარცის წრეში“, ხშირად ხდება შურისძიების, ანგარიშსწორების იარაღი. ჩვენ არანაირი მცდელობაც კი არ გვქონია, რომ ამ კუთხით გვემუშავა. რეალურად ყველა მოძალადე ადამიანის უკან ძალიან მძიმე ისტორიაა. ხანდახან ძალადობა ადამიანისთვის ერთადერთი საშუალებაა სამყაროსთან ურთიერთობის, რადგან მან ასე ისწავლა, თავი ასე დაიმკვიდრა და ეს არის მისი თვითგამოხატვის საშუალება,“ – გვითხრა მაია ცირამუამ.

ფსიქოლოგი კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „მოძალადის რეაბილიტაციას აზრი არ აქვს და ეს ტყუილად დახარჯული ფული იქნება“. მაია ცირამუა ნეიროგენეზისის თანამედროვე მიღწევებზე გვესაუბრება, რომლის მიხედვითაც ადამიანის ტვინის უჯრედებს აქვთ განახლების და შეცვლის შანსი.

„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თანამედროვე ამერიკელი მეცნიერის, დენიელ რეისელის ბოლო საჯარო ლექცია ნეიროგენეზისის ფენომენის შესახებ. ის ამბობს, რომ ქრომოსომულ დონეზეც კი შესაძლებელია ადამიანი შეცვალო, რომ შესაძლებელია შეიცვალოს არა მხოლოდ თვითონ, არამედ შეიცვალოს გენეტიკურ დონეზე…

გამოსავალი არაა თავისუფლების აღკვეთა. რაც უფრო მეტ დროს გაატარებს ადამიანი გისოსებს მიღმა, მით უფრო იზრდება დანაშაულის გაზრდის რისკი. ეს ასეა ყველგან და არა მხოლოდ საქართველოში. იზოლირება არის მხოლოდ დროებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიება. იმ წლების შემდეგ ორმაგდება ძალადობის რისკები,“ – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ვინ ზრუნავს ბავშვზე, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა

ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან სოციალური მუშაკი ფსიქოლოგთან ერთად მუშაობს. ამ სახელმწიფო სერვისით სარგებლობს 11 წლის ნაცემი ბიჭიც. ბავშვის დედა ამბობს, რომ ოჯახის ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა: „ალიმენტს არ გვიხდის, მძიმე ფინანსური მდგომარეობა მაქვს, ჩემი ყოფილი მეუღლე საერთოდ აღარ ჩნდება, აღარც ბავშვს უნდა მამის ხსენება…“, – გვითხრა მან.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები დაიცვას… კარგ სოციალურ მუშაკს და ფსიქოლოგს შეუძლია დაანახოს მშობელს, თუ როგორ შეიძლება დააზიანოს ამ პროცესმა ბავშვი,“ – მიიჩნევს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

როგორ უნდა მუშაობდეს სახელმწიფოს სერვისი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან?

მაია ცირამუა, ფსიქოლოგი: „როდესაც ბავშვი მსხვერპლია, პირველი რიგის ამოცანა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური თვალსაზრისით. უნდა არსებობდეს მულტიდისციპლინური გუნდი, სადაც სპეციალისტები აფასებენ ბავშვის მდგომარეობას და აწვდიან ბავშვს შესაბამის სერვისს. შეიძლება ეს იყოს ფსიქოლოგთან ინდივიდუალური მუშაობა, ან მას ჰქონდეს ემოციური რეგულაციის პრობლემა და ჩაერთოს ჯგუფურ, სპორტულ აქტივობებში. ხშირ შემთხვევაში, დაზიანების ნიშნები შესაძლოა სახეზე არ იყოს, თუმცა საჭიროა დაკვირვება: როგორია ბავშვის განვითარება, მისი ინდივიდუალური მახასიათებლები… მთავარია, სწორად განისაზღვროს, რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი და შესაბამისი აქტივობები განხორციელდეს ისე, რომ ბავშვი არ დარჩეს მსხვერპლის როლში, ან იმ რისკის წინაშე, რომ ხვალ თვითონ დაიწყოს სხვებზე ძალადობა.

ის, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ თვითონ გახდება მოძალადე, ან მსხვერპლის როლში დარჩება. ყველას აქვს თავისი შინაგანი რესურსები და არსებობენ სტრესმედეგი ადამიანები. მსხვერპლ ბავშვებს აქვთ გარკვეული რისკები, რომ მათი ცხოვრება ამ მიმართულებით წავიდეს. ამიტომაცაა ამ თემაზე მუშაობა განსაკუთრებით საფრთხილო და საპასუხისმგებლო“.

 


საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს პროექტს – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის პარტნიორები არიან: რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE). პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational.

 

 

 

 

 

 

ფესტივალის „ზე-კართან“ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

28-31 აგვისტოს აჭარის მაღალმთიანეთში ლიტერატურული ფესტივალი „ზე–კართან” გაიმართება. ფესტივალის მიზანია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაცია მწერლებსა და პოეტებში, აჭარის ისტორიასა და კულტურაზე ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა.

ფესტივალის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორებისა და პოეტების შესარჩევად, რომლებიც ხულოსა და შუახევში ვიდეორგოლებს გადაიღებენ. კომისიამ საქართველოს მასშტაბით შემოსული ათეულობით განაცხადიდან შეარჩია ოთხი რეჟისორი – ქეთი ტაკიძე, ლენა ჭაღალიძე, მირიან ორაგველიძე, თენგიზ აბულაძე და ოთხი პოეტი – ზაზა სუყაშვილი, პაპუნა ფირცხალაიშვილი, თაკო წულაია, გიგლა ფუტკარაძე.

ფესტივალი უკვე ექვსი წელია ტარდება აჭარაში და დიდი პოპულარობით სარგებლობს ლიტერატურულ წრეებში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტები, პოეზიის საღამოები, საჯარო ლექციები, მასტერკლასები წიგნების პრეზენტაციები, ინტელექტუალური თამაშები, ექსკურსიები ადგილობრივი ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, კულტურული კერების სანახავად.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი პოეტები, პუბლიცისტები და მწერლები, მათ შორის: დათო ტურაშვილი, ტარიელ ფუტკარაძე , მერაბ ჩუხუა, ანდრო ბედუკაძე, გიორგი კეკელიძე, ბელა ქებურია, ნინო მოდრეკილაძე, სოფო ფოცხვერაშვილი, ჯემალ ინჯია, შოთა ზოიძე და სხვა.

“სამომავლოდ სურვილი გვაქვს ფესტივალის საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩავატაროთ იმისათვის, რომ მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, შეხვდეს ქართველ მწერლებს და შეიყვაროს ლიტერატურა,” – ამბობს ფესტივალის ავტორი და დირექტორი, ვახტანგ ბერიძე.

ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერები არიან: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შუახევისა და ხულოს მერია და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“.

პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ: ტელეკომპანია „რუსთავი 2”, აჭარის ტელე და რადიომაუწყებელი, Tv25, საზოგადოებრივი მაუწყებელი გაზეთი “აჭარა”, ინტერნეტგამოცემა „ბათუმელები”, ჟურნალი “კულტურა პლუსი”, »ინტერნეტ ჟურნალი ჟოლო», პიარ კომპანია MPR-ი.

რას ჩუქნიან თანამდებობის პირებს აჭარაში

ხელვაჩაურის მერისთვის, ჯუმბერ ვარდმანიძისთვის 2015 წელს, მაშინ, როცა ის ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 121 კვ.მეტრი კომერციული ფართობი უჩუქებიათ – ეს ინფორმაცია ხელვაჩაურის მერმა 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, ქონების ღირებულება კი არ მიუთითა. თავად ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ ეს ფართობი ეკუთვნის მის სიძეს, დის ქმარს: „ქონების უზრუნველყოფა დასჭირდა და ფართობი ჩემზე გააფორმა“.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ქონება 2009 წლის მარტში დავით აბესაძის სახელზე ფიქსირდება, ამავე წლის ოქტომბერში კი მის მესაკუთრედ ჯუმბერ ვარდმანიძეა დაფიქსირებული. როგორც თვითონ ამბობს, არა ნაჩუქარი, არამედ მის სახელზე გაფორმებული კომერციული ფართობის შესახებ ინფორმაცია ჯუმბერ ვარდმანიძეს ქონებრივ დეკლარაციაში 2017 წლამდე არ შეუტანია.

უხვად დაუსაჩუქრებიათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ლორთქიფანიძეც. გასულ წელს მას ორი ბინა, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი აჩუქეს. 2017 წელს შეძენილი ბინა ბათუმში, დიდაჭარის ქუჩაზე – (29,2 84 კვადრატული მეტრი) და კიდევ ერთი ბინა ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #13ა-ში (84 კვადრატული მეტრი) ვახტანგ ლორთქიფანიძისთვის დას – სოფია ლორთქიფანიძეს უჩუქებია.

„დიახ, დამ მაჩუქა, შეგიძლიათ საჯარო რეესტრში გადაამოწმოთ. შეძენილი ჰქონდა და ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ მაჩუქა. რას ვგულისხმობ და ჩვეულებრივად მაჩუქა საკუთარმა დამ, ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა, მაგრამ მეუღლე ჰყავს მეზღვაური“, – გვითხრა ვახტანგ ლორთქიფანიძემ სატელეფონო საუბარში.

2016 წელს ვახტანგ ლორთქიფანიძეს 4790 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთიც აჩუქეს, მას საჩუქრად მიუღია ასევე სახლი სოფელ ერგეში. ქონების ღირებულება დეკლარაციაში არც მას აქვს მითითებული. მან გვითხრა, რომ ეს სახლი და ნაკვეთი საჩუქრად ბებიისგან მიიღო.

155, 87 კვ.მეტრი ბინა ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე #44-ში, უჩუქებიათ ქობულეთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის  ვაჟა შავიშვილის შვილისთვის. ამ ბინის ღირებულებად 13 000 ამერიკული დოლარია მითითებული. დეკლარაციაში წერია, რომ ბინა ამ ფასად 1995 წელს შეიძინა.

ქობულეთის საკრებულოს წევრის ავთანდილ ანანიძისთვის კი ორჯერ  უჩუქებიათ იარაღი, makarov pm xh7276 – და MOSSBERG-500A – ორივეში, ჯამში, 2100 ლარია გადახდილი.

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბინა უჩუქებიათ შუახევის საკრებულოს წევრის, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მირიან აბაშიძის მეუღლისთვის [48, 64 კვ მეტრი]. მისი თქმით, საკრებულოს წევრის მეუღლეს „მამამ ადრე შეძენილი ბინა აჩუქა.“

ბათუმში, რურუას ქუჩაზე, 75,13 კვადრატული მეტრი ბინა უჩუქებიათ შუახევის მერის მოადგილის, ომარ ტაკიძის შვილისთვის. მერის მოადგილე ამბობს, რომ შვილს ბინა თავად აჩუქა. მართალია, ქონებრივ დეკლარაციაში შეძენის თარიღად 2017 წელია მითითებული, თუმცა მერის მოადგილე ამბობს, რომ ბინა „ადრე შეიძინეს“. მას ზუსტად არც გადახდილი თანხის ოდენობა ახსოვს – ვარაუდობს, რომ 5 ათასამდე დოლარი უნდა იყოს.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს, შუქრი თურმანიძეს, ქედაში, თამარ მეფის ქუჩაზე #3-ში, ბინა აჩუქეს 2012 წელს [48.29 კვ.მ.]. ამის შესახებ მან ქონებრივ დეკლარაციაში 2017 წელს ჩაწერა. შუქრი თურმანიძის თქმით, ბინა ბიძაშვილმა, ვახტანგ ბერიძემ აჩუქა, რომელიც ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა, თუმცა ბიძაშვილისთვის ბინის ჩუქება მაინც შეძლო.

შუქრი თურმანიძე 2013-2017 წლებში აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავარ ბუღალტრად მუშაობდა.

10 მხატვრული ფილმი, რომლებსაც წელს ბათუმის კინოფესტივალზე საკონკურსო სექციაში ნახავთ

უკვე ცნობილია ფილმები, რომლებსაც წელს, საავტორო კინოს ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენებენ. წელს ამ სექციაში სულ ათი ფილმი იქნება ნაჩვენები. საერთო ჯამში კი კინოფესტივალზე, სხვადასხვა სექციაში, წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 16-23 სექტემბერს გაიმართება ბათუმში. კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.

„ბათუმელები“ პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას კინოფესტივალის სიახლეების შესახებ, მანამდე კი თვალი გადაავლეთ ფილმებს, რომელთაც წელს მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენებენ.

„დონბასი“

„დონბასი“ უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას ახალი ფილმია. მოქმედება უკრაინაში ხდება, დონბასში, რომლის ერთი ნაწილი რუსული ოკუპაციის ქვეშაა და საზოგადოება პროპაგანდის გავლენაში ექცევა.

სერგეი ლოზნიცას ამ ფილმმა წელს კანის კინოფესტივალის პრიზი მიიღო. რეჟისორს სულ 17 დოკუმენტური და ორი მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული და 30-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ორჯერ – კანის კინოფესტივალის.

კადრი ფილმიდან „დონბასი“. ფოტო: imdb.com
„მკვდარი ცხენის ნისლეული“

თურქმა რეჟისორმა,  ტარიკ არკაშმა, ამ ფილმისთვის წელს ლოკარნოს კინოფესტივალის ჯილდო მიიღო, როგორც საუკეთესო თანამედროვე რეჟისორმა.

„მკვდარი ცხენის ნისლეული“ სტამბულში მცხოვრები რეჟისორის, ტარიკ არკაშის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, აქამდე იგი ფოტო და ვიდეოხელოვნებითა და მულტიმედიაპროექტებით იყო დაკავებული. გამოცემა variety წერს, რომ ფილმმა საავტორო კინოს მოყვარულებს შესაძლოა ცნობილი თურქი რეჟისორის, ნური ბილგე ჩეილანის გახმაურებული ფილმი – „ერთხელ ანატოლიაში“ გაახსენოს (ეს ფილმი 2011 წელს აჩვენეს ბათუმის კინოფესტივალზე), თუმცა ეს მსგავსება მხოლოდ ზედაპირულია.  ფილმი იმ სოფელშია გადაღებული, სადაც რეჟისორი საზაფხულო არდადეგებს ატარებდა ბავშვობაში.

კადრი ფილმიდან. ფოტო: imdb.com
„ბედნიერი ლაზარო“

იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, ელის როუოჩერის ეს ფილმი წელს კანის კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც რეჟისორმა საუკეთესო ფილმის სცენარისთვის მიიღო პრიზი. ლაზარო 20 წლის მიამიტი ფერმერია, ტანკრედი – ახალგაზრდა დიდგვაროვანი, ისინი დამეგობრდებიან, რაც განსაკუთრებით ლაზაროსთვისაა მნიშვნელოვანი.

ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს იტალიაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, ლუკა ჩიქოვანი ასრულებს. იგი თავად წარადგენს ფილმს ბათუმის კინოფესტივალზე.

„ჰორიზონტი“ 

ქართველი რეჟისორის, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის პრემიერა წელს ბერლინის კინოფესტივალის სექცია „პანორამაში“ შედგა.  ფილმი განქორწინებული ცოლ-ქმრის, ანასა და გიორგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

„ჰორიზონტში“ მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ.

კადრი ფილმიდან „ჰორიზონტი“. ფოტო: imdb.com
„მარცვალი“

თურქი რეჟისორისა და მწერლის, სემირ კაპნალოღლუს შავ-თეთრი ფილმი პოსტაპოკალიფსური ამბავია სამყაროზე, სადაც ემიგრანტებისაგან ქალაქებს მაგნიტური კედლები იცავს და სადაც სამყაროს კორპორაციები და ელიტები მართავენ.

ფილმი 2017 წელს ტოკიოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

 

„შევარდნა“

ეს რუსი რეჟისორის, ივან ტვერდოვსკის ახალი ფილმია იშვიათი დაავადების მქონე ბიჭზე, რომელმაც მთელი ცხოვრება ინტერნატში გაატარა. იგი დედას მიჰყავს სახლში და მთავარი გმირი სულ სხვა ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდება. ფილმმა წელს კარლოვი ვარის კინოფესტივალის სპეციალური პრიზი მიიღო.

ივან ტვერდოვსკი 2016 წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა ფილმით – „ზოოლოგია“.

კადრი ფილმიდან. ფოტო: imdb.com
„პანიკური შეტევა“ 

ეს არის შვიდი ტრაგიკომიკური ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაინგრეს მთელი ჩვენი სამყარო ნებისმიერ მომენტში – მოკლედ ასეა აღწერილი პოლონელი რეჟისორის, პაველ მალსონას სურათი. „პანიკური შეტევა“ რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია და როგორც შეფასებებიდან ჩანს, იგი განსაკუთრებით შავი კომედიის მოყვარულებს მოეწონებათ.

ფილმი წელს რამდენიმე კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები და ექვსი ჯილდო აქვს მიღებული.

„რეი და ლიზი“

ბრიტანელი რეჟისორის, რიჩარდ ბილინგემის ფილმი თავად რეჟისორის მოგონებებს ეფუძნება. ფილმმა ლოკარნოს კინოფესტივალზე წელს ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო და მთავარ ჯილდოზე – „ოქროს ლეოპარდზეც“ იყო წარდგენილი.

„სტიქსი“

გერმანელი რეჟისორის, ვოლფგანგ ფიშერის „სტიქსი“ ამბავია მოგზაურ ქალზე, რომელიც ღია ოკეანეში ემიგრანტების გემს გადააწყდება. ფილმმა წელს ბერლინის კინოფესტივალის სამი ჯილდო მოიპოვა.

„თარჯიმანი“

სლოვაკი რეჟისორის, მარტინ სულიკის სურათი. ფილმის მიმოხილვის თანახმად, 80 წლის ალი „ესესის“ ყოფილი ოფიცრის წიგნს კითხულობს და ხვდება, რომ მისი მშობლების სიკვდილში წიგნის ავტორია დამნაშავე. იგი შურისძიებას გეგმავს, მაგრამ იპოვის 70 წლის შვილს, ყოფილ მასწავლებელს.

კადრი ფილმიდან „თარჯიმანი“. ფოტო: imdb.com
ფესტივალის კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“, სასტუმრო Wyndham-ის საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე გაიმართება.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ბათუმის მერია.

ხუთწლიანი პატიმრობა თურქ ქალს – „კასრში იარაღის აღმოჩენის საქმე“

მოსამართლე ლევან გელოვანმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ფემბე ოზლემ ოლგუნს „კასრში იარაღის აღმოჩენის საქმეზე“.

„ჩემ წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულებები. მაგალითად, ბინის ჩხრეკა დაიწყო 13:45 საათზე, პოლიციელმა კი პროცესზე თქვა, რომ ოპერატიული ინფორმაცია იმ დღეს, 14:30 საათზე მიიღეს. გთხოვთ, ნუ დამაკარგვინებთ სამართლის მიმართ ნდობას,“ – აღნიშნა ფემბე ოლგუნმა საბოლოო სიტყვაში.

„ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას,“ – უთხრა ადვოკატმა ლევან მამულაძემ „ბათუმელებს“ პროცესის დასრულების შემდეგ.

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში, მდინარის პირას ჩამარხულ კასრში საბრძოლო მასალა გასული წლის 25 ნოემბერს აღმოაჩინეს. იმავე დღეს სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე ფემბე ოზლემ ოლგუნი დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული ცეცხლსასროლ იარაღს – ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას ქობულეთსა და ბათუმში საცხოვრებელ ბინებშიც ინახავდა. დაკავებულმა ბრალი არ აღიარა. პროკურატურას ამ საქმეზე სხვა არავინ დაუკავებია.

ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე „ბათუმელებს“ ფემბე ოზლემ ოლგუნის მამამ უთხრა, რომ ბრალდებული სოციალისტია და საქართველოში წამოვიდა, როცა თურქეთში არეულობა დაიწყო.

ამ საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები: 

პროკურატურას არ ჩაუტარებია ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდებოდა ფემბე ოლგუნის რაიმე სახის კავშირი კასრში აღმოჩენილ იარაღთან.

პროკურატურას არ განუმარტავს, როგორ მოახერხა თურქეთიდან ჩამოსულმა ქალმა იარაღის შემოტანა და კასრებში ჩამარხვა, თუ ის მარტო მოქმედებდა.

ამ დრომდე კასრში იარაღის აღმოჩენის საქმეზე სხვა პირის წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს.

კასრებიდან იარაღის ამოღებას თავად ბრალდებული არ დასწრებია. ამ დროისთვის ფემბე ოლგუნი სამართალდამცველებს უკვე დაკავებული ჰყავდათ.

პროკურატურამ სასამართლო გამოძიების ეტაპზე უარი თქვა ფემბე ოლგუნის ჩვენების მოსმენაზე. ბრალდებულმა სასამართლოს წინა პროცესებზე პროკურატურისთვის ჩვენების მიცემის სურვილი არაერთხელ გააჟღერა და თქვა, რომ კონკრეტული ფაქტებზე მიაწვდიდა ინფორმაციას გამოძიებას.

კასრში იარაღის აღმოჩენის მეორე დღეს შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც კასრებიდან იარაღის ამოღება ჩანს. სასამართლო პროცესზე გამომძიებლებმა თქვეს, რომ ამ პროცესის ვიდეოგადაღება არავის მოუხდენია და საგამოძიებო მოქმედება ვიდეოკადრების გადაღებას არ ითვალისწინებდა.

 

შეზღუდვები მეჯინისწყლისა და თოდოგაურის დასახლების წყალმომარაგებაში

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, წყალმომარაგების მილზე ახალი მომხმარებლების დაერთების გამო, დღეს, 22 აგვისტოს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდებათ მეჯინისწყლისა და თოდოგაურის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.

ბათუმში ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა – დაშავებულია 9 ადამიანი

დღეს, 22 აგვისტოს, დილით, დაახლოებით ცხრა საათზე, აეროპორტის გზატკეცილზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად 9 ადამიანია დაშავებული.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოებში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენებს კი ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

დაშავებულები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მოინახულა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთმა კლინიკა უკვე დატოვა. სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებულთა შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მერიამ კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე სკვერი გააშენა, სკვერი შეიძლება გააუქმონ

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, შემოსავლების სამსახურის გვერდით არსებული ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს. ღობის იქეთ აღმოჩნდა გამწვანებული ადგილიც.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორიაზე კერძო კომპანია ავტოპარკინგს და ტროტუარს მოაწყობს, თუმცა გამწვანებული ადგილი ხელშეუხებელი დარჩება. მაშინ რატომ შემოღობა სკვერის ნაწილი კომპანიამ? – მერიის პრესსამსახურში ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

„ტერიტორია კომპანია „პრინტსერვისის“ მფლობელობაშია და იქ აწყობს ტროტუარს და ავტოპარკინგს. მერიისგან თანხმობა აქვს“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

„ბათუმელების“ მიერ დოკუმენტების გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ადგილი, სადაც მერიამ სკვერი მოაწყო, შპს „პრინტსერვისის“ საკუთრებაშია 1998 წლიდან.

როგორ დარგო მერიამ მცენარეები სხვის კერძო საკუთრებაში? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მერიამ გამწვანების სამსახურში გადაგვამისამართა.

მერიის გამწვანების სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ გამწვენებული ადგილი კერძო საკუთრებაშია და დაწყებული აქვთ მოკვლევა, შეხვდებიან მესაკუთრეს და დამატებით კომენტარს შემდეგ გააკეთებენ.

„ბათუმელები“ შპს „პრინტსერვისს“ დაუკავშირდა. კომპანიაში გვითხრეს, რომ მერიასთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით არემონტებენ ტროტუარს ქუჩის სავალი ნაწილის მხარეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების პარკინგის მოაწყობენ.

„ტროტუარი და პარკინგი მაინც ჩვენს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე დარჩება. რაც შეეხება გამწვანებას, თავის დროზე ჩვენც გვქონდა მაქ ნერგები დარგული, შემდეგ ტერიტორია უკითხავად წაიღეს, 2009 წელს. 2012 წლიდან გვქონდა სასამართლოში დავა და მხოლოდ სამწლიანი დავის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღვიდგინეთ საკუთრების უფლება. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სხვა სამუშაოები დაგეგმილი არ გვაქვს“, – გვითხრეს „პრინტსერვისში“. კომპანიის საკუთრებაში აქ ჯამში 451 კვ/მ ტერიტორიაა.

როგორც აღმოჩნდა, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს აღნიშნული გამწვანებული ადგილის ირგვლივ მოკვლევა სხვა კომპანიასთანაც მოუწევს. საქმე იმაშია, რომ „პრინტსერვისის“ კერძო საკუთრებაში აქ გამწვანებული ადგილის მხოლოდ ნაწილია. მეორე ნაწილი კი, სადაც ასევე მერიის მცენარეებია გაშენებული, სხვა კერძო კომპანიის საკუთრებაშია.

ჩვენ მიერ გადამოწმებული დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებიან აუქციონზე გაყიდა 2016 წელს და ის შპს „ჯეო დეველოპმენტმა“ იყიდა. ჯამში 3769 კვ/მ ტერიტორია, მათ შორის აღნიშნული სკვერის ნაწილიც [ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების გადაკვეთაზე].

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე „ჯეო დეველოპმენტი“ მრავალფუნქციურ კომპლექსს, მათ შორის სასტუმროს ააშენებს. მშენებლობა დაწყებული არ არის, კომპანიასა და სამინისტროს შორის კი უკვე შეთანხმება გაფორმდა და ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებებიც შევიდა.

სავარაუდოდ, სკვერს, რომლის გაშენებაშიც მერიამ თანხა დახარჯა, მესაკუთრე გაჩეხავს ან ნარგავებს გადაიტანს.

გამწვანებული ადგილი ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების გადაკვეთაზე, რომლის ერთი ნაწილი კერძო კომპანიის საკუთრებაშია, მეორე ნაწილი კი, ასევე სხვა კერძო კომპანიის საკუთრებაში, რომელსაც ეს ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიჰყიდა.
ბათუმის მერიის გამწვანება კერძო საკუთრებაში / 21.08.2018 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

ნახეთ, რომელ კერძო სკოლებში გაძვირდა სწავლა ბათუმში

ბათუმის რამდენიმე კერძო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან გაძვირებული სწავლის საფასური დაგხვდებათ. ფასის დამატების სურვილსა და საჭიროებაზე თითქმის ყველა კერძო სკოლის დირექტორი საუბრობს, თუმცა იქვე დასძენს: „როგორც ჩვენ გვიჭირს, ისე უჭირს მოსახლეობას, რა ვქნათ?“

500 ლარით გაძვირებული დაგხვდებათ წლიური სწავლის გადასახადი კერძო სკოლა „ნიკეში“. წინა წლებში აქ სწავლა 1800 ლარი ღირდა, ახლა – 2300 ლარია. სკოლის დირექტორი, იზო ტაკიძე ამბობს, რომ ნამატი თანხა სწავლების გახანგრძლივებულ პროგრამას, შემოქმედებით წრეებსა და პედაგოგების ხელფასის გაზრდას მოხმარდება. „შესაბამისად, წრეებისთვის მშობლებს დამატებით თანხის გადახდა აღარ მოუწევთ,“ – ამბობს ის.

„ნიკეში“ კვებისთვის თანხის დამატებაა საჭირო მენიუს შესაბამისად – 300 ან 500 ლარი. სკოლას აქვს 30-პროცენტიანი ფასდაკლება მასწავლებლების შვილებზე, დედმამიშვილებსა და წარჩინებულ მოსწავლეებზე.

წლიური გადასახადი 200 ლარით გაზარდა სკოლა „მონპარნასმა“. სკოლის ნებისმიერ კლასში სწავლა აქ 2000 ლარი იყო, ახლა კი 2200 ლარი იქნება. თუ გინდათ, რომ ბავშვმა გახანგრძლივებული სწავლების პროგრამით ისარგებლოს და კვება ჰქონდეს, ამ დამატებითი პაკეტისთვის კიდევ 800 ლარის დამატება მოგიწევთ.

100 ლარით გააძვირა სწავლა „მასტერკლასმა“. აქ წლიური გადასახადი 2800 ლარია, რაც დამატებით მომზადებას და კვებასაც მოიცავს. 100 ლარით ძვირია სწავლება მე-11 და მე-12 კლასებში და იგი 2900 ლარს შეადგენს.

სწავლის წლიური საფასური მხოლოდ 50 ლარით გაძვირდა „გორდაში“. დაწყებით საფეხურზე აქ ერთი წლის საფასური 1750 ლარია. გახანგრძლივებული სწავლების და კვების პაკეტის აღების შემთხვევაში, ამ თანხას 750 ლარი ემატება. მეხუთე კლასიდან მერვე კლასის ჩათვლით წლიური გადასახადი 1850 ლარი იქნება, გახანგრძლივებული სწავლების – 850. კვების სერვისს სკოლა მოსწავლეებს მე-9 კლასიდან აღარ სთავაზობს. მე-9 და მე-10 კლასებში სწავლა 1950 ლარია, მე-11 კლასში – 2450, მე-12-ში – 3050 ლარი.

სწავლის საფასური იგივე რჩება სკოლა „იმედში“. აქ სწავლა 1800 ლარი ღირს, რასაც ემატება 500 ლარი კვებისა და გაკვეთილების მომზადებისთვის. მე-11 და მე-12 კლასებში სააბიტურიენტო პროგრამა მოქმედებს. მე-11 კლასის გავლა აქ 2200 ლარი დაგიჯდებათ, მე-12 კლასის – 2400 ლარი.

1000 ლარი ღირს სწავლა „ფრანგულ სკოლაში“. განსხვავებული ფასი მხოლოდ მე-12 კლასს აქვს – 2 000 ლარი. სკოლაში კვების სერვისი და გახანგრძლივებული სწავლების პროგრამა არ აქვთ.

წლიური გადასახადი უცვლელი დატოვა „ევრო 2000“-მა. პირველ კლასში სწავლა აქ 2500 ლარი ღირს, შემდეგ კლასებში – 2000. კვებისთვის წელიწადში 1000 ლარის დამატებაა საჭირო, თუკი ამ პაკეტსაც აიღებთ. სკოლაში მოქმედებს 15-პროცენტიანი ფასდაკლების სისტემა ფრიადოსან მოსწავლეებსა და დედმამიშვილებზე, 10-პროცენტიანი ფასდაკლება – ობლებზე, ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებსა და შშმ პირებზე.

პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით სწავლის წლიური გადასახადი 1720 ლარია „კავკასიის ბიზნეს სკოლაში“. მეხუთედან მეათე კლასამდე ერთი წლის საფასური 1840 ლარია. დამამთავრებელ კლასებში აქ სწავლა 2640 ლარია. გახანგრძლივებული სწავლებისთვის აქ თანხის დამატება არ მოგიწევთ. სკოლაში მოსწავლეები საღამოს 5 საათამდე რჩებიან. ერთჯერადი კვებისთვის მშობელმა წლიურად 200 ლარი უნდა გადაიხადოს.

პირველ კლასში სწავლა ისევ 1200 ლარი ღირს სკოლა „ნერგებში“. მეორედან მეოთხე კლასის ჩათვლით სწავლის გადასახადი აქ 1300 ლარამდე იზრდება, მეხუთედან მეათე კლასის ჩათვლით გადასახადი 1400 ლარია, დამამთავრებელ კლასებში – 1500. გახანგრძლივებული სწავლებისთვის და კვებისთვის დამატებით 800 ლარია საჭირო. სკოლის დირექტორი, თამაზ გეგეშიძე ამბობს, რომ შესაძლოა სწავლის საფასური ახალი სასწავლო წლიდან გაიზარდოს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

სწავლის საფასური სკოლაში „თაობაში“ 1500 ლარია, მე-5 დან მე-11 კლასის ჩათვლით – 1800, ხოლო დამამთავრებელი კლასის გავლა 2000 ლარი დაგიჯდებათ. გახანგრძლივებულ სწავლებასა და კვებას დამატებით 800 ლარი დასჭირდება.

განათლების მიღება ყველაზე ძვირი „ქართულ-ამერიკულ სკოლაში“ დაგიჯდებათ. აქ ერთი წლის სწავლის საფასური 5300 ლარია. ამ ფასში სწავლის გარდა მხოლოდ ერთჯერადი კვება და მოსწავლის ფორმა შედის, ასევე მოსწავლეების ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის დაფინანსება. სკოლას აქვს 10-პროცენტიანი ფასდაკლება მათთვის, ვინც სწავლის გადასახადს სასწავლო წლის დასაწყისშივე გადაიხდის, ან და-ძმა ერთად მივა ამ სკოლაში.

ყველაზე იაფი სწავლის საფასური ისევ „სასულიერო გიმნაზიას“ აქვს. აქ წლიური გადასახადი წელსაც 750 ლარი იქნება.

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტყის ხანძრებისთვის 20 ახალი მანქანა შეიძინა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 20 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა. ASTRA-ს ფირმის მაღალი გამავლობის მანქანები ტყის ხანძრებისთვის არის განკუთვნილი და მათი მთავარი უპირატესობა მოძრაობაში ცეცხლის ქრობაა.

ASTRA იტალიური კომპანიაა, რომელიც სატვირთო და მძიმე სატრანსპორტო საშუალებებს აწარმოებს.

პირველ ეტაპზე საქართველოში 6 სახანძრო მანქანა შემოვიდა, რამდენიმე კვირაში საქართველოს საზღვარს დამატებით 14 ახალი ტყის სახანძრო მანქანა გადმოკვეთს.

ჰელიკობაქტერიოზი – „ფარული“ ეპიდემია

მოსახლეობის უმრავლესობას  არასერიოზული დამოკიდებულება გააჩნია ისეთი დაავადების მიმართ, როგორიცაა გასტრიტი. „ეს ყველაფერი ნერვიულობისგან ან არასწორი კვების გამო მაქვს“, – ვამბობთ ხშირად. თუმცა ბოლო 30 წლის განმავლობაში გაირკვა, რომ ქრონიკული გასტრიტისა და კუჭის წყლულის ერთ- ერთი  ძირითადი მიზეზია ბაქტერია ჰელიკობაქტერპილორი(H.pylori). ამ აღმოჩენისთვის ექიმებმა – ბარი მარშალმა და რობინ უორენმა ნობელის პრემია მიიღეს.

ჰელიკობაქტერიის აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, გასტროდუოდენიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრინციპები.

ჰელიკობაქტერპილორი უნიკალური ბაქტერიაა. მრავალი კვლევით დამტკიცებულია ჰელიკობაქტერიოზის კავშირი ალერგიასთან, ანემიასთან, კუჭის წყლულთან, MALT-ლიმფომასთან და კუჭის კიბოსთან.

როგორ გადადის ეს ბაქტერია?

დაუბანელი ხელებით, პირადი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით (კბილის ჯაგრისი), ნერწყვით და ა. შ. დასნებოვნების შემდეგ ადამიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მატარებელი და დაავადება არ განვითარდეს, მაგრამ მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედების ფონზე შეიძლება ორგანიზმის იმუნიტეტი დაქვეითდეს და განვითარდეს დაავადება ან ვირუსული ინფექციები.

კლინიკა „ინტერმედიკაში“ შესაძლებელია ჩაიტაროთ კვლევა და გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს გასტროენტეროლოგთან - ეკატერინე ზოიძესთან.
კლინიკა „ინტერმედიკაში“ შესაძლებელია ჩაიტაროთ კვლევა და გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს გასტროენტეროლოგთან – ეკატერინე ზოიძესთან.

ჰელიკობაქტერიოზი ოჯახური დაავადებაა. თუ ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ეს ბაქტერია, სავარაუდოდ, ოჯახის დანარჩენ წევრებსაც ექნებათ ის.

მათ, ვისაც აწუხებთ კუჭის დაავადებები, სამი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვთ,  შეიმოწმონ ჰელიკობაქტერპილორის არსებობა.

[checklist]

  • pylori მდგრადია კუჭის მჟავე გარემოს მიმართ და წლების განმავლობაში შეუძლია იცოცხლოს ასეთ გარემოში
  • pylori-მა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული თანმდევი დაავადებები
  • ეფექტური და კვალიფიციური მკურნალობა საშულებას გვაძლევს, თავიდან ავირიდოთ სერიოზული დაავადებები და გართულებები

[/checklist]

ეკატერინე ზოიძე
ეკატერინე ზოიძე

ჰელიკობაქტერპილორის აღმოჩენის შემდეგ შემუშავებულია მისი დიაგნოსტიკის მრავალი მეთოდი – ინვაზიური და არაინვაზიური. თითოეულ მათგანს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, უმტკივნეულო და გავრცელებული მეთოდია  სუნთქვითი ჰელიკტესტი, რომლის მგრძნობელობა შეადგენს 95%,-ს სპეციფიკურობა – 92%-ს.

ეს მეთოდი დიდი ხანია გამოიყენება კლინიკა „ინტერმედიკაში“. აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს, ჩავატაროთ ექსპრესდიაგნოსტიკა, ერადიკაციული თერაპიის მკურნალობისა და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის კონტროლი, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.

კლინიკაში  შესაძლებელია ჩაიტაროთ კვლევა და გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს გასტროენტეროლოგთან – ეკატერინე ზოიძესთან.

მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის 62-66

ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩასაწერად დარეკეთ: 568120404

შენ ეს გამოგივა! – წერილი თინეიჯერებს

ავტორი: ნათია სირაბიძე

15 წლის ვიყავი, კონკურსში ვმონაწილეობდი, ბოლო ეტაპამდე მისული, ვერ გავედი. საშინლად განვიცადე. „ფანჯრიდან გადავხტები და „ვსო“, დამთავრდება…“ – გავიფიქრე. ღამით დედას შევუწექი საწოლში, თითქოს ვემშვიდობებოდი. ვუთხარი – რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას ამის მერე-მეთქი. გულში ჩამიკრა: არასოდეს თქვა მსგავსი სისულელე, მთელი ცხოვრება წინ გაქვსო.

16 წლის რომ შევსრულდი, დაბადების დღე გადამიხადეს მშობლებმა. დედა თავს გვევლებოდა მე და ჩემს მეგობრებს, უნდოდა მაქსიმალურად ესიამოვნებინა. რამდენიმე დღეში წნევამ აუწია და ნახევარ საათში გარდაიცვალა. დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი. გავმწარდი. როგორ მეცხოვრა მის გარეშე? ტკივილს ხალხის მიმოსვლა ემატებოდა. მამა მიცავდა.

პროტესტის გრძნობა მახრჩობდა: რატომ დედა? რატომ მე?

დღეს გამახსენდა ეს ყველაფერი, როცა 15-17 წლის ბავშვებს შევხვდი, წარმატებაზე და მიზანდასახულობაზე ვსაუბრობდი, რომ არასოდეს უნდა დანებდნენ და იბრძოლონ ოცნებების ასრულებისთვის.

გულზე მომხვდა ერთ-ერთი მოზარდის რეპლიკა: „აბა, ჩვენ გვკითხე, ამ ოთახში მსხდომთ ყველას უკლებრივ, ერთხელ მაინც გვიფიქრია თვითმკვლელობაზეო, ბევრს უცდია კიდეცო…“

შემეშინდა. მეც ხომ 15 წლის შვილი მყავს, ალბათ მასაც ჰქონია მსგავსი ფიქრები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ბულინგის მსხვერპლი გახდა.

კონკურსის ფარგლებში ლილემ დაწერა ესეი, სადაც აღწერა თავის გამოცდილებაზე სხვადასხვა სკოლაში, მათ შორის ამერიკულ და ქართულ სკოლებში. აქცენტი გააკეთა ქართულ მენტალობაზე, მასწავლებლების და ბავშვების დამოკიდებულებაზე, ბულინგზე, ყველაფერზე იმაზე, რაც შეიძლება თრგუნავდეს ბავშვებს და მათში ძალადობის ინიცირებას ახდენდეს. ეს იყო გარკვეული გამოხმაურება თბილისსა და წყალტუბოში მომხდარ ბავშვების მკვლელობაზე. ესეი გაჯერებული იყო სლენგით და თინეიჯერული რადიკალიზმით.

„ბათუმელებში“ გამოქვეყნებულმა ესეიმ ბევრი მოწონება დაიმსახურა, ძალიან ბევრმა შეგვაქო. მაგრამ ზოგიერთმა ზიზღის და სიძულვილის ენით გაგვაკრიტიკა… ათრიეს კედელ-კედელ კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზები და გვლანძღეს.

თითოეული აგრესიული სიტყვა ცრემლებამდე მტკიოდა და ვფიქრობდი, რატომ გავიმეტე შვილი ამისთვის? რატომ მივეცი უფლება საჯაროდ აზრი დაეფიქსირებინა? ღირს კი გამოხმაურება და ახსნა? ლილეს არ იყოს, „ვინმე მოისმენს და გაიგებს? ვინმეს აინტერესებს, რას ვფიქრობთ?“

ღამღამობით არ მეძინა და მის სუნთქვას ვაკვირდებოდი, მეშინოდა რამე არ გამომპარვოდა. ლილე დიდი წნეხის ქვეშ იყო. მასაც ეშინოდა გათენების, სკოლის, თანაკლასელების, მასწავლებლების, ფეისბუქპოსტების… პატარა ლილეს დიდი მიზეზი ჰქონდა, ეფიქრა ცუდზე.

ბოლოს ლილეც დაიღალა და გულნატკენმა მითხრა – დედა, ეს პრიზი ღირდა იმად, რომ ხალხი გადავიკიდე? ჩემი პასუხი იყო: პრიზი არა, ლილე, შენი გულწრფელი სტატია ღირდა იმად, რომ არავინ იცის რამდენ ბავშვს ჩაუსახე იმედი; რამდენმა ამოიკითხა საკუთარი თავი შენს ამბავში, რამდენი ბავშვი გადაარჩინე და რამდენს გადააფიქრებინე ცუდი ზრახვა; რამდენი მასწავლებელი და მშობელი დააფიქრე მტკივნეულ საკითხებზე; ახლა კი გაგვინაწყენდნენ, მაგრამ როცა უსამართლოდ მოქცევას დააპირებენ, გაახსენდებათ შენი ნათქვამი; როცა დაინახავენ ვინმეს ჩაგვრას, ჩაერევიან; მეტ ყურადღებას მიაქცევენ ბავშვებს და მათ სურვილებს; მეტად იფიქრებენ ბავშვების წახალისებაზე და არა დასჯაზე. რამდენიმე ადამიანის გაღიზიანება ამად ნამდვილად ღირდა.

ლილეს ვერ გამოვუტყდი, რომ მეც მქონია ცუდი ფიქრები, მეც ვყოფილვარ მარტო, ჩემთვისაც უწყენინებიათ მეგობრებს, მეც განმიცდია წარუმატებლობა, მეც ვყოფილვარ თითოეული თინეიჯერის ადგილას და მიფიქრია: ღირს კი? აქვს კი აზრი?

გასულ კვირას ხომ საზოგადოებისგან გაკიცხვის შიშის გამო მოიკლა თავი 16 წლის გოგონამ. და მაინც რისიც ეშინოდა, ის მოხდა. მაინც გააშიშვლეს და ყველა დეტალი ზედაპირზე გამოიტანეს. ვინმესთან რომ ეთქვა, ერთხელ მაინც რომ განდობოდა დედას, ალბათ ეს არ მოხდებოდა.

ამიტომ ჩემს მკითხველს და სხვა თინეიჯერებსაც მინდა ვუთხრა:

ნუ იფიქრებ, რომ მარტო ხარ;

ნუ იფიქრებ, რომ გამოსავალი არ არსებობს;

ნუ იფიქრებ, რომ არავის უყვარხარ;

ნუ იფიქრებ, რომ აღარ ღირს;

ნუ იფიქრებ, რომ ვერაფერს შეცვლი;

შენ უკვე ცვლი სამყაროს შენი გონიერებით, როდესაც აპროტესტებ იმ ადამიანების ქცევას, რომლებიც ნახევარ ხელფასს ერთ სუფრაში ხარჯავენ;

შენ უკვე ცვლი სამყაროს შენი სამოქალაქო შეგნებით, როდესაც ფიქრობ, რომ სხვისი შეხედულება აპრიორი შენი მტერი არ არის;

შენ უკვე ხარ მისაბაძი, როცა ფიქრობ, რომ წარმატება არის მდგომარეობა, როცა ერთ ადამიანს მაინც დაეხმარები/სარგებელს მოუტან;

შენ უკვე ცვლი სამყაროს, როცა არ ეგუები ცენზურას, როცა სიახლეს იღებ და ისწრაფვი თავისუფლებისკენ;

შენ დაარღვიე სტერეოტიპები და ფსიქოლოგიური ფანდები, როცა არ ჩაერთე და არ აყევი მკვლელ თამაშებს;

შენ შენი არსებობით ცვლი სამყაროს და მას სინათლეს ჰმატებ.

სხვა ყველაფერი გაივლის, უბრალოდ იცოდე, რომ ცუდად როცა ხარ, თქვი! აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გულში ჩაგიკრავს და გეტყვის, რომ ღირს ცხოვრება,  რადგან გაცილებით მეტი სიხარული გელოდება წინ.

ღირს, რადგან შენ უნდა შექმნა სამყარო, სადაც თინეიჯერები აღარ იფიქრებენ თვითმკვლელობაზე. და შენ ეს აუცილებლად გამოგივა!

__________________

ავტორის შესახებ: ნათია სირაბიძე არის ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, წიგნის – “წარმატების გასაღები” ავტორი.

ლილეს ესეი:

 რატომ ევროპა? – ვისაც თავი არ დავაჩაგვრინე, დედას უთხრეს, რომ „დარბაისლურ-ქალურად“ არ ვიქცევი

საკადრო ცვლილებები აჭარის პოლიციაში

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი, კონსტანტინე ანანიაშვილი რამდენიმე დღეა, რაც მოვალეობის შესრულებას შეუდგა და აჭარის პოლიციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებაც განახორციელა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კონსტანტინე ანანიაშვილმა ახალი კადრი დანიშნა თავის ერთ-ერთ მოადგილედ. ეს შტატი ამ დრომდე ვაკანტური იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოადგილედ ირაკლი ჭედიშვილი დაინიშნა. მის მიერ 2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ტარიელ კუტალაძე ბათუმის პოლიციის უფროსად გადაიყვანეს, ბათუმის პოლიციის უფროსი ზაზა დიასამიძე კი, ხელვაჩაურის პოლიციის უფროსად დაინიშნა. ეს ინფორმაცია შსს-ში დაგვიდასტურეს.

ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა და ის სამინისტროს კადრების განკარგულებაში გადავიდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსმა ბექა გელაშვილმა. სამინისტროში გვითხრეს, რომ დეტექტივების უფროსად დავით ათაბეგაშვილი დაინიშნა.

აჭარის პოლიციაში ამბობენ, რომ თანამდებობა შესაძლოა უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა მიშა ბარნოვმაც დატოვოს. სს აცხადებს, რომ მიშა ბარნოვი უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსად მუშაობას აგრძელებს.

გელაშვილიც და ბარნოვიც აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსის ბესიკ ამირანაშვილის კადრად მოიაზრებოდნენ. ამირანაშვილმა აჭარაში დანიშვნის შემდეგ [2015 წელი] 17-მდე ადამიანი დაასაქმა „თავისი გუნდიდან“, მათ შორის აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე ამირანაშვილის მინისტრის მოადგილედ გადაყვანის შემდეგ დანიშნეს.

ბესიკ ამირანაშვილი რამდენიმე დღის წინ პრემიერმა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად დანიშნა.

პოლიციის პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ექვსი დღის წინ დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ შსს-მ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს გაავრცელა. ანანიაშვილმა ამ თანამდებობაზე ლაშა გოგნიაშვილი შეცვალა.

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელად ზაურ ახვლედიანი დანიშნეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზაურ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. სააგენტოში მისი წარდგენა დღეს, 21 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ამ დროისთვის სააგენტოში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ტელეფონს არც ზაურ ახვლედიანმა უპასუხა.

ზაურ ახვლედიანი ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის კაბინეტს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „რესპუბლიკელების“ კვოტით.

ზაურ ახვლედიანი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის ახლო მეგობარი და მეჯვარეა.

ამ დრომდე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას მირზა ცეცხლაძე ასრულებდა.

ბათუმსა და თბილისში 1618 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და ბათუმში საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი „HEETS“ ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 1 618 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 16 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

________________________________________

რატომ დაცალეს მდინარე ჭოროხზე ჰესის კაშხალი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგესთან მდინარე ჭოროხზე არსებული ჰესის – „ხელვაჩაური 1“ – კაშხალი დაცალეს. ჰესი „აჭარ ენერჯი-2007“-ს ეკუთვნის. კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი ნაკაშიძის ინფორმაციით, ჰესის დაცლა გეგმიურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება და ნაგებობაზე რაიმე დაზიანებას ადგილი არ ჰქონია.

მდინარისპირას მცხოვრები მოქალაქეების თქმით, კომპანიამ ისინი წინასწარ გააფრთხილა, რომ კაშხალი დაიცლებოდა.

„აჭარ ენერჯი-2007“-ს ჭოროხზე ორი ჰესი ეკუთვნის, „ხელვაჩაური 1“ , რომელიც ექსპლუატაციაში იყო და ახლა დროებით გააჩერეს, და „კირნათი ჰესი“, რომლის მშენებლობაც ჯერ დასრულებული არ არის.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მისთვის უცნობია, თუ როდის განაახლებს „ხელვაჩაური 1“ მუშაობას.

 

მთავარი ფოტო: „ხელვაჩაური 1“ / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

„ლექციას ვერ წაგიკითხავთ“ – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალი მრჩეველი

„ამას საერთოდ შეხება არ აქვს საზოგადოებასთან კომუნიკაციასთან,“ – ასე აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახალი მრჩეველი მთავრობის სხდომების დახურვას. ლევან ჯაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური საკითხების მიმართულებით მუშაობს.

ბატონო ლევან, რა კავშირი გქონდათ თორნიკე რიჟვაძესთან აქამდე, რის გამო შეგარჩიეს მრჩევლად? 

მაგ კითხვას რომ სვამთ, ცოტა უხერხულია, მე მგონი. საერთოდ კავშირში არაა ჩემს საქმიანობასთან. ეს შეგიძლიათ პირდაპირ თორნიკეს ჰკითხოთ. ცოტა უცნაური კითხვაა.

თქვენ იყავით არჩილ ხაბაძის თანაშემწე 2013-2016 წლებში, ასევე ეკონომიკური საბჭოს მდივანი. 2015 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენ აჭარის მთავრობაში მუშაობის პარალელურად მუშაობდით შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და ორივე უწყებიდან აიღეთ ხელფასი. 

აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რომ რეალური ყოფილიყო, შემდეგი გაგრძელება არ ექნებოდა? შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია, ეს შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოიპოვოთ. მარტივია ამ ინფორმაციის გამოთხოვა.

საჯარო ინფორმაციის მიღებას 10 დღე მაინც სჭირდება…

ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში კონტრაქტით მხოლოდ სამი თვე, რებრენდინგის სფეროში. სამი თვე იყო, თუ ოთხი აღარ მახსოვს. ეს ის პერიოდი იყო, ვიდრე მე  აჭარის მთავრობაში დავიწყებდი მუშაობას.

თქვენ ხართ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ჟანგბადის“ დამფუძნებელი და დირექტორი. შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ დაარქვით ეს სახელი ორგანიზაციას? 

ეს გრძელი ისტორიაა. ეს მოხდა 2014 წელს. მე ჩემი პირადი ურთიერთობები მაქვს ანალიტიკის სფეროში და სპენსერის ფონდთან ერთად შევარჩიეთ ეს სახელწოდება. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ანალიტიკურ შეფასებას და პროცესების მოდელირებას.

ოპოზიციის შეფასებით, ეს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ორგანიზაციაა. 

ეს მორიგი სისულელეა. ცხოვრებაში არ მინახავს ბიძინა ივანიშვილი და არანაირი შეხება არ მქონია მასთან.

თქვენ ხართ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. რა რჩევა მიეცით მთავრობის თავმჯდომარეს, როცა მან პირველივე სხდომა დახურა? 

ეს ბავშვურ კითხვად მეჩვენება. ასე არ ხდება რჩევის მიცემა. ცოტა უფრო ღრმად თუ ჩაიხედებით საერთაშორისო პრაქტიკაში, როგორ ხდება რჩევის მიცემა და რის საფუძველზე, კარგი იქნება.

მაშინ ის გვითხარით, როგორ აფასებთ სხდომების დახურვას პირადად თქვენ? 

გიხსნით, რომ თორნიკე რიჟვაძის ქმედებებში აისახება, თუ რა რჩევებს ვაძლევ მე.

მან ხომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება – სხდომები დაიხურა. 

მაგ დროს მე, ჯერ ერთი, საქართველოში არ ვიყავი… სხდომა არ დახურულა, მოხდა ტექნიკური ნაწილის დახურვა, რაც აპრობირებული მეთოდია. ყოველთვის დახურული იყო სხდომის ის ნაწილი, როცა ციფრებს და კონკრეტულ დეტალებს გადიან, დანარჩენი ღიაა, როგორც ადრე იყო. ადრეც ასე ხდებოდა, უბრალოდ, ამ ტექნიკურ ნაწილს არ ერქვა დახურული ნაწილი და თავისით ტოვებდნენ ჟურნალისტები სხდომათა დარბაზს.

„თავისით დატოვება“ ეს კონკრეტული ჟურნალისტის არჩევანია. მე, პირადად, დავსწრებივარ სხდომას ბოლომდე და ამის შესაძლებლობა აქამდე არსებობდა. 

მიზანშეწონილად ჩაითვალა მთავრობის სხდომის ტექნიკური ნაწილის დახურვა.

ეგ ვიცით. მაგრამ ის გვაინტერესებს, რატომ ჩათვალეთ, რომ ეს არის ეფექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან? 

საერთოდ, საზოგადოებასთან კომუნიკაციას ამას კავშირი არ აქვს. მთავარია, საზოგადოებამდე მიიტანო „მესიჯი“, თუ რა გადაწყვეტილება მიიღე. ტექნიკური ნაწილი, როგორ მიმდინარეობს მუშაობა, საერთოდ კავშირში არაა საზოგადოებასთან ურთიერთობასთან.

თქვენი აზრით, საზოგადოებას არ აქვს უფლება იცოდეს, რაზე მსჯელობს მთავრობა? 

ტექნიკური ნაწილი ყოველთვის არის დახურული, მოიპოვეთ ჯერ ინფორმაცია, რა არის. ტერმინებში ახლა მე გარკვევას ხომ არ დაგიწყებთ, ლექციას ვერ წაგიკითხავთ.

სოციალურ სფეროშიც თქვენ ხართ მრჩეველი. მინდა გკითხოთ, რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ამ კუთხით?

ვფიქრობ, რომ დასაქმებაა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და ეკონომიკური მდგომარეობა. მიმდინარეობს მუშაობა, არსებული ინფორმაციის დამუშავება, მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივის დამუშავება.

კონკრეტულად „ოცნების ქალაქზე“ გვითხარით, რა ხედვა გაქვთ, მაგალითად, თქვენ, როგორც მრჩეველს, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?  

ახლა მიდის ინტენსიური კონსულტაციები, რომ რაც შეიძლება სწრაფად და სამართლებრივ ჩარჩოებში მოგვარდეს ეს პრობლემა. ვისაც ეკუთვნის მართლა, დაკმაყოფილდეს და ვისაც არ ეკუთვნის, სახელმწიფომ შესაბამისი ნება გამოხატოს. კონკრეტული ხედვა არსებობს, მაგრამ გადაწყვეტილებამდე ჯერ არ მივსულვართ.

ხელახლა აპირებთ „ოცნების ქალაქის“ შესწავლას?

კანონი როგორ ადგენს, როცა უსამართლოდ არის ადამიანი სადმე შესული. ჩაიხედეთ კანონში და ნახავთ.

რომელ კანონში, მიგვითითეთ…

ნებისმიერში, რომელიც ეხება ქონების შესახებ თუნდაც…

 

 

 

 

სექსუალური ხასიათის შანტაჟი ბავშვებზე ინტერნეტში – ფსიქოლოგის რჩევა მოზარდებსა და მშობლებს

როგორ დავიცვათ ინტერნეტში სექსუალური შანტაჟისგან მოზარდები. რა გამოსავალი არსებობს, როცა სექსუალური შანტაჟის დროს მოზარდი გრძნობს, რომ მას მშობლებიც ვერ გაუგებენ და როგორ უნდა მოქმედებდეს მსგავს ვითარებაში მშობელი, საზოგადოება  – „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ ფსიქოლოგს, ნინი დარსაძეს ესაუბრა:

საზოგადოებაში მოვიაზრებით ყველა: მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები, თანატოლები, სახელმწიფო, მედია… ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში მთავარია ვიფიქროთ იმაზე, თუ რა წაგვიყვანს პრობლემის აღმოფხვრისკენ. ჩვენ თავს შევიკავებთ კონკრეტული შემთხვევის შეფასებისგან. შემიძლია გითხრათ მეთოდების შესახებ, რომლითაც ინტერნეტ სივრცეში სექსუალური ძალადობის პრევენციაა შესაძლებელი.

რთულია სექსუალური შანტაჟისგან თავის არიდება, მით უფრო ინტერნეტ სივრცეში და თანამედროვე სამყაროში. ეს არის გლობალური პრობლემა, რასაც მსოფლიოს ბავშვთა დაცვის სამსახურები მსოფლიოს მასშტაბით ებრძვიან და ცდილობენ, რომ როგორღაც აღმოფხვრან. მთავარი რეკომენდაცია ამ კუთხით არის ის, რომ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს ონლაინ სამყაროს შესახებ. ჩვენ ველაპარაკებით ბავშვებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაკვეთონ ქუჩა, ვუხსნით, რა არის ჩაგვრა, რომ ქუჩაში არ უნდა გამოელაპარაკონ უცხო ადამიანებს, მაგრამ რას ვეუბნებით ბავშვებს ინტერნეტის შესახებ, გარდა იმისა, რომ დიდხანს კომპიუტერთან არ დარჩნენ? ჩვენ რეგულარულად უნდა ვესაუბროთ მოზარდს იმის შესახებ, თუ რას აკეთებს იგი ინტერნეტში ისევე, როგორც ვეკითხებით, რა ხდებოდა სკოლაში?

როგორ აკონტროლოს მშობელმა, რას აკეთებს მოზარდი ინტერნეტში? 

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ასაკის ბავშვებზე ვსაუბრობთ. მაგალითად, ზოგიერთ სოციალურ სივრცეს აქვს აკრძალვა 13 წლამდე ბავშვებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ შექმნი ანგარიშს, თუ არ ხარ 13 წლის. ხშირად მშობლები თვითონ უქმნიან შვილებს ანგარიშს, შემდეგ კი, ბავშვებს პრობლემების გამკლავების უნარები არ აქვთ განვითარებული და მარტო რჩებიან.

მოზარდები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ამ კუთხით. 10-11 წლიდან 18 წლამდე პერიოდში, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ამ ასაკში უფრო დიდია რისკი იმისა, რომ ისინი გახდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ინტენრეტსივრცეში. მოზარდებს უნდა მივუდგეთ მეგობრულად. მშობელი უნდა იყოს ორიენტირებული დახმარებაზე და იმ მიზეზების გარკვევაზე, რაც საფუძვლად უდევს მოზარდის ქცევას. მთავარია, ვაგრძნობინოთ შვილებს, რომ ისინი მარტო არ არიან და რომ ჩვენი ინტერესია პრობლემის გადაჭრა. უნდა დავანახოთ მოზარდებს, რომ არ ვართ ორიენტირებული დასჯაზე.

ბავშვის კონტროლის რა ფორმაა მისაღები? 

გააჩნია ასაკს. 10-11 წლის ასაკში  მნიშვნელოვანია, სად დგას კომპიუტერი, ხომ არ არის იგი ისეთ ადგილას, სადაც დღის განმავლობაში არ აქვს წვდომა მშობელს… მშობელი, ბუნებრივია, ყველაფერს ვერ გააკონტროლებს. ამიტომაც საკუთარ თავზე უნდა ვიმუშავოთ და კომუნიკაციაზე, რომ ბავშვისგან მივიღოთ გარკვეული ინფორმაცია. არ არის სწორი ყველაფერის გაკონტროლება. თავისუფლებას თუ შევუზღუდეთ მოზარდს, ეს გაზრდის რისკებს. მთავარია, სწორი კომუნიკაცია ბავშვებთან. მათ უნდა ვუთხრათ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენი იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ ის არაა მარტო და არაა ერთადერთი, ვისაც მსგავსი პრობლემა შექმნია.

მშობლის მიმართ ნდობის არსებობის შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელია მოზარდმა დამალოს ინფორმაცია სექსუალური შანტაჟის შესახებ? 

ამის რისკი, ბუნებრივია, დიდია. ამიტომაცაა საჭირო პერმანენტული საუბარი და კომუნიკაცია. სხვა შემთხვევაში შეიძლება პრობლემა თვალშისაცემი არასდროს გახდეს. კონკრეტული ქცევებითაც მოზარდს შეიძლება შევატყოთ, რომ ინტერნეტში რაღაც სირთულეს აწყდება, რომელიც შესაძლოა სექსუალურ ძალადობასთან იყოს კავშირში: შეეცვალა ხასიათი, გახდა უხალისო, ნერვიულობს, როცა ვინმე მის ტელეფონს იღებს, ან შესაძლოა რაღაც გახსნილი ჰქონდეს ინტერნეტში და უცბად ჩაკეტოს, როცა მშობელი მიუახლოვდება…

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მოზარდი ძალადობის მსხვერპლია. შესაძლოა, ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარეობდეს ეს ქცევა და არ იყოს დაკავშირებული ძალადობასთან. კომუნიკაცია არის იმის საფუძველი, რომ თავი ავარიდოთ მსგავს სირთულეებს. ბავშვებს უნდა ავუხსნათ, როგორ მოიხმარონ ინტერნეტი.

რა უნდა ავუხსნათ კონკრეტულად? 

ის, რომ, მაგალითად, ინტერნეტში არ უნდა გაავრცელოს პირადი ინფორმაცია, რომ არ უნდა გაუგზავნოს თავისი პერსონალური, ან თავისი ახლობლების ფოტო სხვებს, რომ არ უნდა გამოაქვეყნოს უხერხული ფოტოები, რომ არ უნდა დათანხმდეს ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას, რადგან ვირტუალურ სივრცეში რთულია გაიგო რეალურად ვისთან გაქვს საქმე. მოზარდს უნდა მოვუყვეთ კონკრეტული მაგალითების შესახებ, რომ შესაძლებელია გახდეს შანტაჟის მსხვერპლი. კონკრეტული მაგალითების მოყვანა უფრო გასაგებს ხდის მისთვის პრობლემას და ის აცნობიერებს ამას. მოზარდები ხშირად ვერ აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რაც ინტერნეტ სივრცეში ურთიერთობებთანაა დაკავშირებული.

თუკი მოზარდს არ აქვს მშობლის მხარდაჭერის იმედი, როგორ მოიქცეს? 

შესაძლებელია ჰქონდეს კომუნიკაცია სხვა ადამიანთან, ვინც მისთვის ავტორიტეტია: მასწავლებელი, ოჯახის ახლობელი, თანატოლთან ურთიერთობაც კარგია იმ კუთხით, რომ არ დარჩეს მარტო. უცილებლად მოიძებნება ერთი ადამიანი მაინც, ვინც შეძლებს მოზარდის გაგებას, თუნდაც ეს არ იყოს ოჯახი, ან სკოლა. არსებობენ ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები, სადაც მას მოუსმენენ. ძალადობის შემთხვევაში მოზარდს შეუძლია ჩვენი ორგანიზაციის ცხელ ხაზზე დარეკვა: 116 111. ცხელი ხაზი იმუშავებს პირველი სექტემბრიდან.

შესაძლოა, ბავშვს არ სურდეს, პრობლემის შესახებ მშობლებმა გაიგონ. თქვენ დაიცავთ ანონიმურობას? 

რა თქმა უნდა, ჩვენთან ურთიერთობა ანონიმურია და შესაძლებელია უფასო ფსიქოლოგიური სერვისის მიღება. ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ბავშვის პრობლემა მოგვარდეს. შესაძლებელია, კონკრეტულ შემთხვევაში დადგეს მშობელთან დაკავშირების საჭიროება, მაგრამ ბავშვის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე ეს არ მოხდება.

თქვენ ახსენეთ „სწორი კომუნიკაცია“. რა პრინციპის დაცვაა მთავარი სწორი კომუნიკაციისთვის? 

მთავარი პრინციპია ბავშვის უპირობო მიღება. უნდა გავითვალისწინოთ ასაკობრივი თავისებურებები, როდესაც ხდება ცვლილებები, როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე ფსიქიკურ დონეზე. ამიტომ უფრო მეტად ფრთხილი უნდა იყოს უფროსი მოზარდთან კომუნიკაციის დროს. შენიშვნების მიცემას და ჭკუის დარიგებას ჯობს თუკი მშობელს მეგობრული დამოკიდებულება ექნება შვილთან და ხშირად მოუსმინოს მას. მშობელმა შვილს უნდა მისცეს თავისუფლება და იმავე დროს გააფრთხილოს შედეგებზეც, რაც შესაძლოა ამ თავისუფლებას მოყვეს.

რამდენად მნიშვნელოვანია სექსუალური ხასიათის ძალადობის დროს მოზარდმა იცოდეს კანონი? 

რაც უფრო ინფორმირებულია მოზარდი, მით უფრო მეტად არსებობს იმის გარანტი, რომ ის არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი.

მთავარი ფოტო: ნინი დარსაძე


 

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს პროექტს – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის პარტნიორები არიან: რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE). პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational.

 

კარდიოქირურგის მოგონებები აგვისტოს ომზე

გულ-სისხლძარღვთა ქირურგი მახირ ბალაქიშიევი უკვე რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს და მუშაობს. მახირი ეთნიკური აზერბაიჯანელია, მარნეულში გაიზარდა და მე-9 კლასის შემდეგ გააგრძელა სწავლა თბილისში, ჯერ სამედიცინო კოლეჯში, შემდეგ კი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მარნეულში ძირითადად აზერბაიჯანულად და რუსულად საუბრობენ, მახირმა ქართულ ენაში მომზადება კოლეჯში ჩაბარების წინ დაიწყო და ახლა თავისუფლად საუბრობს ქართულად.

33 წლის ქირურგისთვის 2008 წლის აგვისტოს ომი ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მოგონებაა. იმ წელს მახირმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად ემზადებოდა, როცა ომში გაიწვიეს, როგორც რეზერვისტი. მას შემდეგ ათი წელი გავიდა, მაგრამ მახირს დეტალურად ახსოვს აგვისტოს ორი დღე, რომელიც მან გორში გაატარა, როგორც რეზერვისტმა.

„ორი რეზერვი მქონდა გავლილი ამ დროს. 6 აგვისტოს კრწანისში ეკიპირება ავიღეთ და გორში გადაგვიყვანეს.

სპორტკომპლექსში ვიყავით. რამდენჯერმე გადაგვიფრინეს ბომბდამშენებმა, ძალიან გვეშინოდა მართალი გითხრათ, რადგან ამდენი ადამიანი ერთ შენობაში არ უნდა შეიყვანო, განსაკუთრებით ომის დროს. მახსოვს, რამდენჯერმე გამოგვიყვანეს გარეთ, მერე ისევ შეგვიყვანეს.

დილის ექვს საათზე აფეთქება მოხდა შენობაში და ძლიერმა ტალღამ მოგვისროლა. ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა ჩემს თვალწინ, მე ნამსხვრევებში მოვხვდი და დავშავდი, ხელები დამიზიანდა და ფეხში მომხვდა ნამსხვრევი.

მახსოვს არეულობა. დავდიოდით ქალაქში ყვითელი ავტობუსებით, როგორც ტურისტები, ათი წრე დავარტყით გორს. როცა ომში მიდიხარ, იცი, რომ შეიძლება მოკვდე, მაგრამ რთულია, როცა არ აკეთებ არაფერს, არ იბრძვი. 23-24 წლის ვიყავი მაშინ, იყვნენ ჩემზე უმცროსებიც. ბევრი გაიფანტა, ხალხსაც ეშინოდა, აქ არ გაჩერდეთ, ჩვენთვისაც საშიშიაო, არ გვქონდა არავითარი ინფორმაცია, უბრალოდ ვხედავდით დაჭრილებს, რომლებიც მოჰყავდათ.

სამედიცინოს ექვსი სტუდენტი ვიყავით, გადავწყვიტეთ ჰოსპიტალში მივსულიყავით, იარაღი იქ ჩაგვებარებინა და ექიმებს დავხმარებოდით, მაგრამ მე დახმარება ვეღარ შევძელი, ხელებიდან სისხლი მდიოდა, რამდენჯერმე გადამიხვიეს და ბოლოს სასწრაფო დახმარების მანქანით გამიშვეს თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ – ყვება მახირი.

აგვისტოს ომის შემდეგ მახირი თურქეთში წავიდა სასწავლებლად, სადაც ეგეუსის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი საუნივერსიტეტო კლინიკის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში რეზიდენტი იყო. ექვსი წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და უკვე სამი წელია ბათუმში მუშაობს.

კარდიოქირურგობა ერთი სერიალის ყურების დროს გადაწყვიტა, მანამდე ფიქრობდა, რომ სხვა მიმართულებას აირჩევდა მედიცინაში:

„შეიძლება სასაცილოა, მაგრამ მაშინ სერიალი გადიოდა, „ამაზონი“, იქ ყველაზე გამორჩეული გმირი იყო კარდიოქირურგი, რომელიც ბევრ ადამიანს ეხმარებოდა და ამიტომაც გადავწყვიტე. ძალიან ძნელი პროფესიაა, რთული გზაა გასავლელი. თურქეთში სასწავლებად იმიტომ წავედი, რომ მე რომ დავამთავრე, კარდიოქირურგიაში ადგილები დაშვებული არ იყო, არადა, ძალიან მინდოდა ეს პროფესია.

თურქეთში სწავლა ექვსი წელი გრძელდება, ამ დროს არ ხარ მხოლოდ წიგნზე დამოკიდებული, ოპერაციებს აკეთებ, აბარებ პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდებს. ჩემი მეუღლე სწავლის პერიოდში გავიცანი, ორი შვილი მყავს, 10 და 7 წლის. თავიდან ძალიან უჭირდათ ბავშვებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თურქეთში ვიყავით. იქ მორიგეობისას 24 საათი რჩები, შეიძლება ორი დღეც ვერ გამოხვიდე კლინიკიდან და ბავშვი მეკითხებოდა, ჩვენთან როდის მოხვალო,“ – ყვება მახირი.

ამბობს, რომ 600-ზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული გუნდთან ერთად, მათგან ყველაზე ხანგრძლივი 16 საათს გაგრძელდა:

„ყველა ექიმს უნდა მისი გაკეთებული ოპერაცია წარმატებით დასრულდეს და საოპერაციო ბლოკიდან გამოსულმა კარგი ამბავი უთხრას პაციენტის ახლობლებს. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა გამოდიხარ და ეუბნები, რომ ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც გინდოდათ.  არ ასწავლიან ეს როგორ უნდა გააკეთო, როგორ მოიქცე, მაგრამ ხედავ, როგორ იქცევიან სხვა ექიმები, უნდა იგრძნო მომენტი, რა უთხრა ადამიანს. ყველა ექიმს უჭირს ამის თქმა. ამიტომაც ცდილობ, ყოველთვის კარგი ამბით გამოხვიდე ოპერაციიდან.

ზოგადად, გულის ოპერაციის შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, პაციენტი კრიტიკულია, შეიძლება ოპერაციამ კარგად ჩაიაროს, მაგრამ ზუსტად არასდროს იცი რა მოხდება, ქირურგს არაფრის გარანტირება არ შეუძლია, ყველა ადამიანი, ყველა შემთხვევა განსხვავებულია. სამაგიეროდ, როცა ყოფილი პაციენტი მოდის თავისი ფეხით, თავს კარგად გრძნობს, ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა.“

განსაკუთრებული ჰობი არ აქვს და თავისუფალი დროც – იშვიათად. მიკვირს კიდეც, სხვა ექიმები ჰობიზე რომ ლაპარაკობენ, მე ვერ ვახერხებო – მეუბნება. მარნეულში, მშობლიურ სოფელში ჩასვლას, სადაც ახლა მისი მშობლები და ძმა ცხოვრობენ, იშვიათად ახერხებს. ისეც ხდება, რომ შეიძლება ჩავიდეს და მეორე დღესვე მოუხდეს უკან დაბრუნება, როგორც 2017 წლის მიწურულს მოხდა:

„30 დეკემბერს ჩავედი, იმ დღეს მოიყვანეს პაციენტი კლინიკაში და 31-ში დავბრუნდი ბათუმში, ოპერაციისთვის. 12-ს რომ 15 წუთი აკლდა, მოვრჩით ოპერაციას და ახალი წელი საავადმყოფოში აღვნიშნეთ“.

როცა შენს შიშველ ფოტოს ან ვიდეოს სხვას უგზავნი – სპეციალისტების რეკომენდაციები

სექსტინგი – ტელეფონით სექსუალური ფოტოების, ვიდეოების ან ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა სხვა ადამიანისთვის უდავოდ ძალიან რისკიანი საქმეა. მიუხედავად ამისა, ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

სექსტური შეტყობინების გაგზავნა პარტნიორისთვის თითქოს უსაფრთხოა, მაგრამ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს და თქვენც იმ ადამიანთა ჩამონათვალში აღმოჩნდეთ, რომელთაც შიშველი ფოტოები ყოფილმა შეყვარებულებმა შურისძიების მიზნით გაუსაჯაროვეს.

ცხადია, უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ, სანამ ისეთ რამეს გაგზავნით, რაც არ გსურთ, რომ სხვამ ნახოს, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ სექსუალური ხასიათის ფოტოები ვინმეს უნდა გაუზიაროთ, აუცილებლად უნდა დაიცვათ უსაფრთხოების წესები:

რა უნდა ქნათ, თუ შიშველი ფოტოს გაგზავნას გთხოვენ? – უპირველეს ყოვლისა, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი უფლებაა, უარი თქვათ ნებისმიერი სახის სექსუალურ ქცევაზე, მათ შორის სექსტინგზეც. როცა  განიცდით დისკომფორტს და მიიჩნევთ, რომ ამას სხვისთვის აკეთებთ – დაუჯერეთ საკუთარ ინსტიქტებს. თქვენ არავის წინაშე ხართ ვალდებული.

1. არასოდეს გამოაჩინოთ ასეთ ფოტოში სახე

რამდენად საშიშადაც არ უნდა ჟღერდეს, იმ ადამიანს ერთი თითის დაჭერა სჭირდება იმისთვის, რომ თქვენი სექსუალური ხასიათის ფოტო  მთელმა მსოფლიომ იხილოს. ამიტომაც უნდა დაფიქრდეთ, გიღირთ თუ არა ასეთ ფოტოში სახის გამოჩენა, ან ცალკე შეტყობინებით გაგზავნა თქვენი სახის.

არც ისეთი მაიდენტიფიცირებელი დეტალები დაგავიწყდეთ, როგორიცაა, მაგალითად, ხალი ან ტატუ. ყურადღება მიაქციეთ ფონსაც, შეეცადეთ ფოტოზე არ იცნობოდეს თქვენი საცხოვრებელი – თუ ვერავინ დაამტკიცებს, რომ ფოტოზე თქვენ ხართ, უფრო მშვიდად იქნებით.

2. სექსუალობა არ ნიშნავს პორნოგრაფიას

Mashable წერს, რომ სექსუალური ფოტოები ყოველთვის ღია სიშიშვლეს არ ნიშნავს:

„მკლავი დაფარებული მკერდზე, წელს ზემოთ შიშველი ფოტო ზურგიდან, გვერდითა ხედი, პირსახოცით ან ზეწრით დაფარული სიშიშვლე – ესეც ვერსიებია. ცოტა თვალის გადავლება არაპორნოგრაფიულ ჟურნალებზე ბევრ იდეას მოგცემთ სექსუალური, მაგრამ არა ვულგარული ფოტოების გადასაღებად”.

3. დარწმუნდით, რომ ადამიანი სანდოა

არ იჩქაროთ ასეთი ფოტოების გაგზავნა განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელიც ახლახან გაიცანით. რისკი იმისა, რომ თქვენს შიშველ ფოტოს (სულ ცოტა) მისი მეგობრებიც ნახავენ – ძალიან დიდია. სამწუხაროდ, არც კარგა ხნის ნაცნობთან ღირს ასეთი ნდობა, რადგან შესაძლოა თქვენი დაშორების შემდეგ ყველაფერი შეიცვალოს. ამიტომ ფოტო ან ვიდეომასალის გაგზავნამდე კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რამდენად სანდო ადამიანია არა მარტო თქვენთან, არამედ სხვებთან მიმართებაშიც.

წყვილების დაშორების შემდეგ შურისძიების მიზნით გავრცელებული სექსუალური ფოტო და ვიდეო საკმაოდ ხშირი პრაქტიკაა. ასეთი მასალა ხშირად გამოიყენება შანტაჟისთვის, რათა ფოტოს გამგზავნი ადამიანი ჩართონ სექსუალურ აქტში, აიძულონ ურთიერთობის გაგრძელება, ან, უბრალოდ, დააზიანონ მისი რეპუტაცია.

ბოლო წლებში სოციალურმა მედიამ, მათ შორის ფეისბუქმა, დაიწყო გარკვეული აქტივობები, რომ აღმოაჩინოს და შეაჩეროს ასეთი მასალების (თანხმობის გარეშე) გავრცელება.

Mashable-ს ცნობით, გაუქმდა ვებგვერდები, რომლებიც განკუთვნილი იყო ასეთი მასალების გასაჯაროებისთვის. თუმცა ფეისბუქის ქართულ სივრცეში დღემდე არსებობს გვერდები, სადაც მომხმარებლები ინტიმური მიმოწერების სქრინებს აგზავნიან და გვერდის ადმინისტრატორი ხშირად სახელისა და გვარის დაუფარავად ასაჯაროებს ამ მასალებს.

4. კარგად გადაამოწმეთ ადრესატი

გაგიგზავნიათ სხვისთვის დაწერილი შეტყობინება სხვა ადამიანისთვის? ინტიმური ტექსტის ან ფოტოს გაგზავნისას ბევრად უფრო მეტი ყურადღება გმართებთ. ონლაინგამოცემა bolde გირჩევთ, რომ რამდენჯერმე გადაამოწმოთ ადრესატი, რადგან უკვე გაგზავნილ შეტყობინებას უკან ვერ დააბრუნებთ.

ასევე დარწმუნდით, რომ ფოტოებს შემთხვევით თქვენს სოციალურ მედიაში არ აქვეყნებთ.

5. წაშალეთ კვალი 

ყოველთვის ვერ გეცოდინებათ ვინ ათვალიერებს თქვენს ტელეფონს, ვინ შეიძლება შემთხვევით მოჰკრას თვალი თქვენს შიშველ ფოტოს ან ინტიმურ მესიჯს, ამიტომ უმჯობესია ასეთი ფოტოები ტელეფონში არ შეინახოთ.

„წაშალეთ ასეთი ფოტოები, განსაკუთრებით თუ ხშირად კარგავთ ტელეფონს ან ტოვებთ სხვადასხვა ადგილას – განსაკუთრებით თუ პაროლიც არ გაქვთ დაყენებული”, – ამბობს ფსიქოლოგი და სექსთერაპევტი, დოქტორი ჯობ ბეიტერი.

ტელეფონის დაკარგვის ან სხვა გაუთვალისწინებელი სიტუაციის შემთხვევაში, თავის დაზღვევის მიზნით, სთხოვეთ თქვენს პარტნიორს მიმოწერა და ფოტოები თავის ტელეფონშიც წაშალოს.

allaboutyou.ge – ქართული ვებსაიტი სექსუალური განათლების შესახებ გირჩევთ, სექსტური შეტყობინების გაგზავნამდე საკუთარ თავს ჰკითხოთ:

  • ეს კანონიერია? არასრულწლოვანი (18 წელს ქვემოთ) ადამიანის შიშველი ან სექსუალური ფოტოების გაგზავნა, ფლობა ან გადაღება უკანონოა, თუნდაც ორივე თანახმა იყოთ. არასდროს გაგზავნო, შეინახო ან გადაუგზავნო არასრულწლოვნის შიშველი ფოტო. ზოგან საკუთარი შიშველი ფოტოს გაგზავნაც უკანონოა;
  • ეს ის არის, რაც გინდა? თუ ვინმე გაიძულებს სექსტური შეტყობინების გაგზავნას, როცა შენ ეს არ გინდა ან გემუქრება, გაუზიარო პირადი ფოტოები ან შეტყობინებები, იცოდე, რომ ის არ სცემს პატივს შენს საზღვრებს, რაც არაჯანსაღი ურთიერთობის ნიშანია. ამიტომ არ გაუგზავნო არავის ფოტოები მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა;
  • სხვაგან ხომ არ გააზიარებენ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე რთულია, რადგან ხშირად არ იცი პასუხი. როდესაც ვიღაცა საკმარისად მოგწონს ან ენდობი, რომ სექსტური შეტყობინება გაუგზავნო, შეიძლება ვერასდროს ვერ წარმოიდგინო, რომ ეს ადამიანი შენს ფოტოებს ან შეტყობინებებს სხვას აჩვენებს. თუმცა ადამიანები ხშირად აკეთებენ იმას, რასაც მათგან არ ველოდებით, განსაკუთრებით ჩხუბის ან დაშორების შემდეგ. მათ შენი სექსტური შეტყობინებები შეიძლება სამაგიეროს გადახდის მიზნით გამოიყენონ. შეიძლება განზრახ არც გააზიარონ შენი ფოტოები, მაგრამ მეგობრებმა დაათვალიერონ მათი ტელეფონი, დაკარგოს, მოპარონ ან სულაც დაჰაკონ და შენი ფოტოები ისე გააზიარონ, რომ არც იცოდე და არც თანახმა იყო.

თუ შენთვის უცნობი ადამიანი გიგზავნის სექსტურ შეტყობინებას ან შიშველ ფოტოს: დაუყოვნებლივ უთხარი მშობლებს ან ზრდასრულ ადამიანს, ვისაც ენდობი; არ წაშალო ფოტო ან ტექსტი, სანამ არ აჩვენებ მშობლებს ან ზრდასრულ ადამიანს, ვისაც ენდობი; არ აჩვენო არავის, გარდა მშობლების ან ზრდასრული ადამიანისა, ვისაც ენდობი.

სექსტინგის შედეგად შეიძლება დაზარალდნენ როგორც გოგოები, ისე ბიჭები, თუმცა ბიჭებისგან განსხვავებით გოგოები უფრო ხშირად, უფრო მძაფრი კრიტიკის ქვეშ ექცევიან, როცა საქმე სექსუალობას ეხება. ინტერნეტჟურნალი www.psychologytoday.com-ი  წერს, რომ გოგოებს (68% ) უფრო ხშირად სთხოვენ სექსტური მესიჯების გაგზავნას, ვიდრე ბიჭებს (42%).

იმ შემთხვევაში, თუ სექსუალური ხასიათის ფოტოები უკვე გაზიარებული გაქვთ სხვა ადამიანისთვის, რომელიც მათი გასაჯაროებით გემუქრებათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ პოლიციას, ეს ძალადობაა და ისჯება კანონით. 21 წლამდე ასაკის ადამიანებს შეგიძლიათ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდს დაუკავშირდეთ ნომერზე: 116 111 | 0322 421 422, სადაც პრობლემის მოგვარების პარალელურად დაცული იქნება თქვენი კონფიდენციალობა.


საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს პროექტს – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის პარტნიორები არიან: რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE). პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational.

 

 

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/298842/

ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიან“ ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ

ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟი მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ამოქმედდება, ამასთან მოეწყობა სიჩქარისმზომი სექციებიც.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, ბათუმის მასშტაბით 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ახალი წერტილოვანი რადარები განთავსდა ქობულეთი-მახინჯაურის მონაკვეთზე,“ – აცხადებს შსს.

 

 

სახანძრო უსაფრთხოება – აჭარაში შემოწმებული 37 სასტუმროდან 20 დაჯარიმებულია

მიმდინარე წლის იანვრიდან 15 აგვისტომდე პერიოდში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით აჭარაში შემოწმებული 37 სასტუმროდან დარღვევების გამო 20 დააჯარიმეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სულ 97 სასტუმრო შემოწმდა, რომელთაგან 37 დაჯარიმდა.

სამსახურში აცხადებენ, რომ შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც 2018 წლის პირველი აგვისტოდან შევიდა ძალაში, არ უკავშირდება და ეს ყოველდღიური, ცოცხალი პროცესია: „შემოწმების პროცესი არ დაწყებულა პირველი აგვისტოდან და არ დაიწყება არც პირველი სექტემბრიდან. ეს პროცესი მიმდინარეობს მუდმივად და ყველაფერი შემოწმებულია ქვეყანაში. არ არსებობს შეუმოწმებელი ობიექტი, რომლის შემოწმებასაც კანონმდებლობა ითვალისწინებდა.

რაც შეეხება პირველი აგვისტოდან ათვლას, ახლა უფრო ბევრი ობიექტის შემოწმება მიმდინარეობს ვიდრე აქამდე, ვთქვათ, ერთი თვის წინ. ყველა სასტუმრო, სავაჭრო, გასართობი ცენტრი თუ სხვა ობიექტი, რომლებსაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები რომ დავარქვათ, ასეთი ტიპის შენობები ყველა შემოწმებულია, ზოგი ერთხელ, ზოგი მეორედ, ნაწილი დაჯარიმებულია და დრო აქვს მიცემული, რომ გამოასწოროს დარღვევები“.

„რეგულაციები, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. პირველი აგვისტოდან გაიზარდა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა შემოწმების უფლებაც აქვს ჩვენს ზედამხედველობის სამსახურს. მაგალითად, 90 ნომერზე ნაკლები სასტუმროს შემოწმების უფლება არ იყო; შეზღუდვები იყო ასევე გასართობი ცენტრების შემთხვევაში, სადაც კვადრატული მეტრობით იყო განსაზღვრული და სადაც დადგენილზე ნაკლები ფართობი იყო, იქ შესვლა და შემოწმება არ შეგვეძლო. ახლა ეს ჩამონათვალი გაიზარდა და, ფაქტობრივად, მიღებულ იქნა ცვლილებები, რომლითაც ყველაფერი დაექვემდებარა სახანძრო უსაფრთხოებას,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ მიშა ფეიქრიშვილმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

მისივე განცხადებით, ობიექტს ამოწმებენ სამჯერ:

[checklist]

  • „პირველი შემოწმების დროს სწავლობენ სიტუაციას და რეკომენდაციები გაიცემა, თუ რა არის გამოსასწორებელი ამა თუ იმ ობიექტში.
  • მეორე შემოწმების დროს შუალედურ სიტუაციას სწავლობენ, თუ რა პროცესები მიდის, რამდენად ითვალისწინებენ რეკომენდაციებს, რა სამუშაოები დაიწყო და ა.შ. და თითოეულ რეკომენდაციას, რომელსაც ჩვენი სამსახური გასცემს, მითითებული აქვს გონივრული ვადა. თუ არის, ვთქვათ, 10 რეკომენდაცია, შესაძლოა მათი გათვალისწინებისთვის ათივეს სხვადასხვა ვადა ჰქონდეს.
  • მესამე შემოწმებას რაც შეეხება, ეს არის საკონტროლო შემოწმება, რომლის დროსაც საბოლოოდ ვაფასებთ სიტუაციას თუ როგორ შეასრულა რეკომენდაციები ამა თუ იმ ობიექტის ადმინისტრაციამ. თუ აღმოჩნდება, რომ სრულად არ არის რეკომენდაციები შესრულებული, ასეთ შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება ობიექტის დაჯარიმებასთან დაკავშირებით“.

[/checklist]

მიშა ფეიქრიშვილის ინფორმაციით, ობიექტს სამჯერ შემოწმების შემდეგ აჯარიმებენ. ჯარიმის ოდენობა კი პირველი აგვისტოდან შეიცვალა – თუ ადრე 50 ლარიდან იწყებოდა და ზედა ზღვარი 200 ლარი იყო, რაც არ უნდა კრიტიკული დარღვევა ყოფილიყო, ამჯერად ეს ოდენობა გაიზარდა და 2 000-დან 5 000 ლარამდე.

რა ხდება ობიექტის დაჯარიმების შემდეგ? – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თუ ობიექტში უსაფრთხოების კუთხით არის რისკის დონე მაღალი, ასეთ შემთხვევაში მიმართავენ სასამართლოს, შენობის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნით.

„ეს არის ის უკიდურესი ზომა, რომელიც პრაქტიკულად მხოლოდ ერთხელ და ახლა გამოიყენა სამსახურმა „ველმონდთან“ მიმართებაში. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იქედან გამომდინარე, რომ სასტუმრო იყო 24-სართულიანი და რისკი დარღვევების გამო იყო ძალიან მაღალი. ესეც ინდივიდუალურია, რადგან საოჯახო ტიპის სასტუმროს ზედამხედველობის სამსახური უფრო სხვა მოთხოვნებს უყენებს და ხუთვარსკვლავიან სასტუმროს – სულ სხვა მოთხოვნებს. განსაკუთრებით, როცა საუბარია მრავალსართულიან შენობებზე, აქ სხვა მოთხოვნებია, მაგალითად, სპეციალისტები ამბობენ,  რომ მთავარი, როცა ასეთ შენობებზე ვსაუბრობთ, არის მოწესრიგებული იყოს შიდა დაცვის სისტემა, ანუ ლიფტთან მისვლამდე უნდა მოახდინოს შიდა დაცვის სისტემამ შესაბამისი მუშაობა – კვამლის გამწოვმა, კვამლსაწინააღმდეგო, ცეცხლის ამომცნობმა, ცეცხლის სწრაფად არ გავრცელებამ და ა.შ. ისე უნდა იმუშავოს, რომ ადამიანებმა მოახერხონ ორგანიზებულად ევაკუაცია,“ – ამბობს მიშა ფეიქრიშვილი.

მისივე თქმით, „ველმონდთან“ მიმართებაში, იქ რომ რაიმე მომხდარიყო, მეოთხე-მეხუთე იყო ის მაქსიმალური სართული, საიდანაც მეხანძრე-მაშველები შეძლებდნენ ადამიანების უსაფრთხოდ გამოყვანას: „შემდგომ უკვე დაკვამლიანების დონე შენობაში ადამიანებს გადარჩენის შანსს არ დაუტოვებდა. სტატისტიკა ამბობს, რომ ადამიანები არა ცეცხლისგან, არამედ კვამლისგან იღუპებიან. შიდა დაცვის სისტემა კი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ადამიანები არ გაიგუდონ. „ველმონდი“ დავხურეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კომუნიკაცია გავწყვიტეთ ადმინისტრაციასთან, ეს კომუნიკაცია გრძელდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოგვარდეს პრობლემები. ამ კუთხით ვეხმარებით, ზოგადად, ობიექტების ადმინისტრაციებს“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაჯარიმებულ სასტუმროებს ამ ეტაპზე არ ასახელებს. თუმცა, მიშა ფეიქრიშვილის თქმით, სამსახური გეგმავს თვეში ერთხელ გაასაჯაროვოს დაჯარიმებული ობიექტების [და არა მარტო სასტუმროების] ნუსხა.

ახალი მარშრუტი სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტის „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ – მარკირება მიმდინარეობს.

ახალი მარშრუტი ალპურ ზონაშია და მასზე მოგზაურობისას ტურისტი ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს გაივლის.

„ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი – მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტს მარშრუტზე შეუძლია,“-ამბობენ ტურიზმის დეპარტამენტში.

ახალი სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტი აჭარაში:  „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“.
ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

მათივე ინფორმაციით, მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის მოეწყო ინფოტური, რომლის მონაწილეებმაც თავად გაიარეს მარშრუტი და გაეცნენ მასზე არსებულ ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს.

ახალი სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტი აჭარაში: „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“.

 

 

„მეტრო სითი ლეჯენდ ბათუმს“ უნებართვოდ აშენებული ბენზინგასამართი სადგური დაანგრევინეს

ბათუმში, ზღვასთან ახლოს, სასტუმრო „ეიფორიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია „მეტრო სითი ლეჯენდ ბათუმმა“ ბენზინგასამართი სადგური უნებართვოდ ააშენა. კომპანია ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილებამ რამდენჯერმე გააფრთხილა, დააჯარიმა და საქმე აღსრულებას გადასცა.

ზედამხედველობის ამავე განყოფილების უფროსის, ირაკლი მოქიას ინფორმაციით, კონსულტაციების შემდეგ კომპანიამ დემონტაჟი თავად განახორციელა. მოქიას თქმით, მოლაპარაკებებში მერიის გარდა აჭარის მთავრობაც ჩაერთო.

ბათუმში ხშირია უნებართვო მშენებლობები, თუმცა უკანონოდ აშენებული შენობის დემონტაჟის შემთხვევა ამ დრომდე არავის ახსენდება. საქმეები ძირითადად აღსრულებაში გადადის, აღსრულება კი ვერ ხორციელდება იმ მიზეზით, რომ სააღსრულებო ბიუროს, როგორც თავად განმარტავს, შესაბამისი რესურსი არ გააჩნია.

კომპანია „მეტრო სითი ლეჯენდ ბათუმი“ 2017 წელს დააფუძნეს. კომპანიას შპს „მეტროს“ პარტნიორები ფლობენ, კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი „მეტროს“ დირექტორი, რაულ კახაძეა.

ფოტო: ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილება

ბსუ-ში ისტორიული ბუხრების აღდგენას აპირებენ

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველ კორპუსში ისტორიული ბუხრების აღდგენას გეგმავენ. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, უნივერსიტეტის შენობაში ბუხრები რამდენიმე ადგილზე იყო განთავსებული.

„ერთი ბუხარი იქნება პირველ სართულზე, დერეფნის ბოლოში, მეორე ბუხარიც იქნება დერეფნის ბოლოში, ოღონდ მეორე სართულზე. ამჟამად ამ კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და იყო საუბარი იმაზე, რომ ამ კორპუსის ის იერ-სახე აღგვედგინა“, – გვითხრეს ბსუ-ს პრესსამსახურში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისტორიული ბუხრის თავდაპირველი იერ-სახის აღდგენაზე პროფესორები: ნოდარ ბარამიძე, რევაზ დიასამიძე და გიზო ფარცხალაძე მუშაობენ.

ბსუს- ინფორმაციით, ბუხრების აღდგენა 2 500 ლარი დაჯდება.

ფოტო, სადაც ერთ-ერთი ბუხარია აღბეჭდილი. სპეციალისტები ბუხრების აღდგენას ძველ ფოტომასალაზე დაყრდნობით აპირებენ.

 

თორნიკე რიჟვაძე ქედაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის რეგიონის პირველი პირი მთავრობის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქედაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს 18 აგვისტოს გაეცნო:

„დღეს ქედის მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის ვნახეთ მშენებარე ბაღი, რომელიც ძალიან მალე შეძლებს მიიღოს პატარები. ასევე დავათვალიერეთ გზის მონაკვეთი, რომელიც უკვე დასრულებულია. ქედაში 12 კმ-მდე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგო წელს და ეს კარგი მაჩვენებელია. თუმცა კიდევ უფრო უნდა მოწესრიგდეს ის შიდა გზები, რომლებიც ქედის მუნიციპალიტეტს ესაჭიროება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და შეძლებს ადგილობრივებს და ფერმერებს ხელი შეუწყოს მათ მიერ მოყვანილი მოსავლის შენახვაში, გადამუშავებასა და შემდეგ უკვე ლოჯისტიკური ჯაჭვის დალაგებაში,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

სოფელ ზუნდაგაში თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. 50 აღსაზრდელზე გათვლილი შენობის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 791 270 ლარი დაიხარჯება. აშენდება სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღი საცურაო აუზით.

სოფელ მეძიბნაში მრავალფუნქციური სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. აღნიშნულ სივრცეში კულტურის სახლი, სოფლის კლუბი და სამედიცინო პუნქტი განთავსდება.

სოფელ მეძიბნაში მრავალფუნქციური სახლის მშენებლობა

მთავრობის წარმომადგენლებმა მოინახულეს ცხემნა-კორომხეთის დასრულებული 2-კილომეტრიანი ასფალტო-ბეტონის რეაბილიტირებული გზა. პროექტის შესახებ ინფორმაცია, რომლის ბიუჯეტი 750 513 ლარია, რეგიონის ხელმძღვანელს აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რაულ ბერიძემ მიაწოდა.

ქედის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს – თამარის ხიდს ეწვია, ტურისტებს გაესაუბრა და მოისმინა მათი შეფასებები და რეკომენდაციები.

ქედაში აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

მთავრობის თავმჯდომარე აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობას ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში გაეცნო.

ცენტრის მშენებლობას მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

ცენტრები უზრუნველყოფენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, დახარისხებას, შენახვასა და სარეალიზაციო ქსელში მოხვედრას, რაც ფერმერებს დაეხმარება პროდუქციის რეალიზაციაში.

ქედაში აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

Exit mobile version