მთავარი,სიახლეები

ხუთწლიანი პატიმრობა თურქ ქალს – „კასრში იარაღის აღმოჩენის საქმე“

22.08.2018
ხუთწლიანი პატიმრობა თურქ ქალს – „კასრში იარაღის აღმოჩენის საქმე“

მოსამართლე ლევან გელოვანმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ფემბე ოზლემ ოლგუნს „კასრში იარაღის აღმოჩენის საქმეზე“.

„ჩემ წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულებები. მაგალითად, ბინის ჩხრეკა დაიწყო 13:45 საათზე, პოლიციელმა კი პროცესზე თქვა, რომ ოპერატიული ინფორმაცია იმ დღეს, 14:30 საათზე მიიღეს. გთხოვთ, ნუ დამაკარგვინებთ სამართლის მიმართ ნდობას,“ – აღნიშნა ფემბე ოლგუნმა საბოლოო სიტყვაში.

„ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას,“ – უთხრა ადვოკატმა ლევან მამულაძემ „ბათუმელებს“ პროცესის დასრულების შემდეგ.

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში, მდინარის პირას ჩამარხულ კასრში საბრძოლო მასალა გასული წლის 25 ნოემბერს აღმოაჩინეს. იმავე დღეს სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე ფემბე ოზლემ ოლგუნი დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული ცეცხლსასროლ იარაღს – ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას ქობულეთსა და ბათუმში საცხოვრებელ ბინებშიც ინახავდა. დაკავებულმა ბრალი არ აღიარა. პროკურატურას ამ საქმეზე სხვა არავინ დაუკავებია.

ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე „ბათუმელებს“ ფემბე ოზლემ ოლგუნის მამამ უთხრა, რომ ბრალდებული სოციალისტია და საქართველოში წამოვიდა, როცა თურქეთში არეულობა დაიწყო.

ამ საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები: 

პროკურატურას არ ჩაუტარებია ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდებოდა ფემბე ოლგუნის რაიმე სახის კავშირი კასრში აღმოჩენილ იარაღთან.

პროკურატურას არ განუმარტავს, როგორ მოახერხა თურქეთიდან ჩამოსულმა ქალმა იარაღის შემოტანა და კასრებში ჩამარხვა, თუ ის მარტო მოქმედებდა.

ამ დრომდე კასრში იარაღის აღმოჩენის საქმეზე სხვა პირის წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს.

კასრებიდან იარაღის ამოღებას თავად ბრალდებული არ დასწრებია. ამ დროისთვის ფემბე ოლგუნი სამართალდამცველებს უკვე დაკავებული ჰყავდათ.

პროკურატურამ სასამართლო გამოძიების ეტაპზე უარი თქვა ფემბე ოლგუნის ჩვენების მოსმენაზე. ბრალდებულმა სასამართლოს წინა პროცესებზე პროკურატურისთვის ჩვენების მიცემის სურვილი არაერთხელ გააჟღერა და თქვა, რომ კონკრეტული ფაქტებზე მიაწვდიდა ინფორმაციას გამოძიებას.

კასრში იარაღის აღმოჩენის მეორე დღეს შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც კასრებიდან იარაღის ამოღება ჩანს. სასამართლო პროცესზე გამომძიებლებმა თქვეს, რომ ამ პროცესის ვიდეოგადაღება არავის მოუხდენია და საგამოძიებო მოქმედება ვიდეოკადრების გადაღებას არ ითვალისწინებდა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: