მთავარი,სიახლეები

რას ჩუქნიან თანამდებობის პირებს აჭარაში

22.08.2018 • 4901
რას ჩუქნიან თანამდებობის პირებს აჭარაში

ხელვაჩაურის მერისთვის, ჯუმბერ ვარდმანიძისთვის 2015 წელს, მაშინ, როცა ის ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 121 კვ.მეტრი კომერციული ფართობი უჩუქებიათ – ეს ინფორმაცია ხელვაჩაურის მერმა 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, ქონების ღირებულება კი არ მიუთითა. თავად ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ ეს ფართობი ეკუთვნის მის სიძეს, დის ქმარს: „ქონების უზრუნველყოფა დასჭირდა და ფართობი ჩემზე გააფორმა“.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ქონება 2009 წლის მარტში დავით აბესაძის სახელზე ფიქსირდება, ამავე წლის ოქტომბერში კი მის მესაკუთრედ ჯუმბერ ვარდმანიძეა დაფიქსირებული. როგორც თვითონ ამბობს, არა ნაჩუქარი, არამედ მის სახელზე გაფორმებული კომერციული ფართობის შესახებ ინფორმაცია ჯუმბერ ვარდმანიძეს ქონებრივ დეკლარაციაში 2017 წლამდე არ შეუტანია.

უხვად დაუსაჩუქრებიათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ლორთქიფანიძეც. გასულ წელს მას ორი ბინა, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი აჩუქეს. 2017 წელს შეძენილი ბინა ბათუმში, დიდაჭარის ქუჩაზე – (29,2 84 კვადრატული მეტრი) და კიდევ ერთი ბინა ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #13ა-ში (84 კვადრატული მეტრი) ვახტანგ ლორთქიფანიძისთვის დას – სოფია ლორთქიფანიძეს უჩუქებია.

„დიახ, დამ მაჩუქა, შეგიძლიათ საჯარო რეესტრში გადაამოწმოთ. შეძენილი ჰქონდა და ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ მაჩუქა. რას ვგულისხმობ და ჩვეულებრივად მაჩუქა საკუთარმა დამ, ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა, მაგრამ მეუღლე ჰყავს მეზღვაური“, – გვითხრა ვახტანგ ლორთქიფანიძემ სატელეფონო საუბარში.

2016 წელს ვახტანგ ლორთქიფანიძეს 4790 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთიც აჩუქეს, მას საჩუქრად მიუღია ასევე სახლი სოფელ ერგეში. ქონების ღირებულება დეკლარაციაში არც მას აქვს მითითებული. მან გვითხრა, რომ ეს სახლი და ნაკვეთი საჩუქრად ბებიისგან მიიღო.

155, 87 კვ.მეტრი ბინა ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე #44-ში, უჩუქებიათ ქობულეთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის  ვაჟა შავიშვილის შვილისთვის. ამ ბინის ღირებულებად 13 000 ამერიკული დოლარია მითითებული. დეკლარაციაში წერია, რომ ბინა ამ ფასად 1995 წელს შეიძინა.

ქობულეთის საკრებულოს წევრის ავთანდილ ანანიძისთვის კი ორჯერ  უჩუქებიათ იარაღი, makarov pm xh7276 – და MOSSBERG-500A – ორივეში, ჯამში, 2100 ლარია გადახდილი.

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბინა უჩუქებიათ შუახევის საკრებულოს წევრის, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მირიან აბაშიძის მეუღლისთვის [48, 64 კვ მეტრი]. მისი თქმით, საკრებულოს წევრის მეუღლეს „მამამ ადრე შეძენილი ბინა აჩუქა.“

ბათუმში, რურუას ქუჩაზე, 75,13 კვადრატული მეტრი ბინა უჩუქებიათ შუახევის მერის მოადგილის, ომარ ტაკიძის შვილისთვის. მერის მოადგილე ამბობს, რომ შვილს ბინა თავად აჩუქა. მართალია, ქონებრივ დეკლარაციაში შეძენის თარიღად 2017 წელია მითითებული, თუმცა მერის მოადგილე ამბობს, რომ ბინა „ადრე შეიძინეს“. მას ზუსტად არც გადახდილი თანხის ოდენობა ახსოვს – ვარაუდობს, რომ 5 ათასამდე დოლარი უნდა იყოს.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს, შუქრი თურმანიძეს, ქედაში, თამარ მეფის ქუჩაზე #3-ში, ბინა აჩუქეს 2012 წელს [48.29 კვ.მ.]. ამის შესახებ მან ქონებრივ დეკლარაციაში 2017 წელს ჩაწერა. შუქრი თურმანიძის თქმით, ბინა ბიძაშვილმა, ვახტანგ ბერიძემ აჩუქა, რომელიც ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა, თუმცა ბიძაშვილისთვის ბინის ჩუქება მაინც შეძლო.

შუქრი თურმანიძე 2013-2017 წლებში აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავარ ბუღალტრად მუშაობდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: