26, 28 და 29 აგვისტოს ბათუმში, სასტუმრო “შერატონ ბათუმის” საკონცერტო დარბაზში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” გაიმართება.
ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა. დღეს, 25 აგვისტოს, ორკესტრი გენერალურ რეპეტიციას გამართავს ხვალინდელი კონცერტის წინ.
ფესტივალი გაიხსნება მოცარტის „ღამის პატარა სერენადით”, მეორე განყოფილება – ი. ბარდანაშვილი – „სერენადა“ ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის – შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს და ა. დვორჟაკი – “სერენადა” მი მაჟორი.
თითოეულ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 30-დან 90 ლარამდეა. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ kt.ge-ზე.
წლევანდელი ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: პიანისტი ალექსანდრე კორსანტია, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, მევიოლინე გია იაშვილი, მევიოლინე გეზა ჰ. ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბოროსი (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია) და კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი(ისრაელი/საქართველო).
2 და 4 სექტემბერს საფესტივალო საღამოები თბილისში გადაინაცვლებს და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, თბილისის მერია.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, უსაფრთხოდ დაბრუნდა ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 17 აგვისტოდან 23 აგვისტომდე იყო გაუჩინარებული და ეკიპაჟთან კონტაქტი ვერ ხერხდებოდა.
“გემის კაპიტნის ინფორმაციით, ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა გაბონის ტერიტორიულ წყლებში, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს.
ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები.
საქართველოს საელჩოებმა სამხრეთ აფრიკაში, საბერძნეთში დიდ ბრიტანეთსა და ეთიოპიაში უზრუნველყვეს 10-მდე ქვეყნის ჩართულობა პროცესში, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კავშირზე გავიდა გემთმფლობელ კომპანიასთან, გემის დროშის სახელმწიფოსთან – პანამა, ასევე კენიასა და ნიგერიაში მოქმედ სპეციალიზებულ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდებოდა ღონისძიებები მეზღვაურების მოსაძიებლად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ღონისძიებაში აქტიურად გამოიყენებოდა დასავლეთ აფრიკაში მოქმედი საზღვაო ძალების (პორტუგალია, ინგლისი და საფრანგეთი) გემები, ასევე, სატელიტური დაკვირვების სისტემები. კოორდინირებული ქმედებების შედეგად გემის იდენტიფიცირება 23 აგვისტოს მოხდა,” – ამ ინფორმაციას საქართველოს საზღვაო სააგენტო ავრცელებს.
ქართველი მეზღვაურების ოჯახებს გუშინ, 24 აგვისტოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი შეხვდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართველი მეზღვაურები მალე დაბრუნდებიან საქართველოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ განმუხურში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად რამდენიმედღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის შედეგად ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ირანის ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და1980 წელს დაბადებული ბ.კ.
სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები,“ – აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ იოსელიანი ტანკერ Pantelena-ზე მყოფ მეზღვაურების ოჯახის წევრებს შეხვდნენ. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი კვირაზე მეტ ხანს დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გემი ნაპოვნია და ამ დროისათვის ლომეს პორტისკენ (ტოგოს რესპუბლიკა) მიემართება.
გემის ეკიპაჟში 17 ქართველი მეზღვაურია.
„სახელმწიფო უწყებები კოოდინირებულად მუშაობენ, რათა მფარველობა გაუწიონ ჩვენ მეზღვაურებს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. შევხვდით ოჯახის წევრებს, მივულოცეთ, რომ მეზღვაურები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი და ძალიან მალე დაბრუნდებიან საქართველოში“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
„მეზღვაურების ოჯახის წევრებს გავაცანით ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ ქართველი მეზღვაურები არიან უსაფრთხოდ და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრეთ, რადგან ჩვენი მეზღვაურებსაც უნდა მოვუსმინოთ, შევაჯერებთ ჩვენს და მათგან მიღებულ ინფორმაციას და ამის შემდეგ შეგვეძლება ვისაუბროთ დეტალებზე.
ახლა ჩვენთვის მთავარია მეზღვაურები უსაფრთხოდ შევიდნენ ნავსადგურში, კომპანიის წარმომადგენელი იქ არის იმისთვის, რომ მათ მიაწოდოს ყველა პირველადი დახმარების საშუალება, რაც დასჭირდებათ, ეს იქნება საკვები, ტელეფონი თუ სხვა რამ და ამის შემდეგ უკვე პირად კომუნიკაციაზე გავალთ მეზღვაურებთან“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თამარ იოსელიანმა.
„პრაქტიკულად ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა გვითხრა: მე მივდივარ და ჩემ შემდეგ სასამართლო სისტემაში ქვა ქვაზე ნუ დარჩება,“ – ამბობს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საუბრის დროს – დღეს გაირკვა, რომ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს.
ამის მიზეზად პრეზიდენტმა ფართო კონსენსუსის არარსებობა დაასახელა. სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა შანსი გაუშვა, სასამართლო სისტემაში მოსულიყო ადამიანი, რომელიც სისტემურ რეფორმებს გაატარებდა.
ბატონო სულხან, რატომ ვერ შედგა კონსენსუსი, რაზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დღეს ისაუბრა?
მე მგონია, რომ მთავარი პრობლემა ამ ამბისა არის ის, რომ პრეზიდენტს აბსოლუტურად სხვაგვარად წარმოედგინა ეს პროცესი. პრეზიდენტს სურდა, სამოქალაქო ორგანიზაციებს დაესახელებინათ კანდიდატი… ცუდი ის იყო, რომ პრეზიდენტმა პრაქტიკულად არ დატოვა შესაძლებლობა სხვა, ალტერნატიული ვარიანტი განხილულიყო – როგორ შეიძლებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა კონსენსუსის საფუძველზე. ამ განცხადების შემდეგ, რაც დღეს მოვისმინეთ, მგონია, რომ ვინმესთვის გადაბრალება ან თითის გაშვერა, რომ პრეზიდენტი ამიტომ და ამიტომ აღარ წარადგენს კანდიდატს, არაა სწორი გადაწყვეტილება.
ყველას რომ უარი ეთქვა ამ კონსულტაციების პროცესში მონაწილეობაზე, პრეზიდენტს მაინც უნდა დაესახელებინა კანდიდატი, რადგან ეს იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეს იყო ბოლო შანსი სასამართლო სისტემაში მოხვედრილიყო ადამიანი თავმჯდომარის პოსტზე, ვისაც შესაძლებლობა ექნებოდა, გარკვეული ტიპის რეფორმისტული ხედვა გაეტარებია ამ პოზიციაზე.
თქვენი დაკვირვებით, პრეზიდენტს ამის სურვილი არ ჰქონდა?
რა თქმა უნდა, არ არსებობს გარანტია, რომ რაც უნდა კარგი კანდიდატი დაესახლებინა პრეზიდენტს, პარლამენტი მას მხარს დაუჭერდა, მაგრამ ამაზე საუბარი შეიძლებოდა შემდეგ. თუკი პრეზიდენტი დაასახელებდა ღირსეულ კანდიდატს და პარლამენტი მას მხარს არ დაუჭერდა, ყველა დაიწყებდა სახელისუფლებო ძალის და „ქართული ოცნების“ კრიტიკას და არა პრეზიდენტის.
ჩვენ ვლაპარაკობთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე. ვსაუბრობთ შემთხვევაზე, რომელიც თავისი არსით იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ვიცით ასევე, რომ „ქართული ოცნება“ არ მონაწილეობდა კონსულტაციებში. ამის მიუხედავად, მგონია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა, რომ შერჩეულიყო ღირსეული კანდიდატი. მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანის მისვლა [სასამართლოში], ვისაც ხელეწიფება თავისი სტატუსით, გამოცდილებით და ხედვით შეცვალოს არსებული პრობლემები სასამართლო სისტემაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მე, პირადად, მქონდა სამი შეხვედრა, 20 აგვისტოს უშუალოდ პრეზიდენტს შევხდით. ძალიან ბევრი არგუმენტი დასახელდა, თუ რატომ ვერ იმუშავებდა ეს პროცესი. პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა ამდენი ორგანიზაციის კონსენსუსამდე მისვლა, თანაც დარჩენილ 14 დღეში. შეხვედრებზე დასახელდა რამდენიმე გვარი და შეიძლებოდა ამ ადამიანებიდან რომელიმეზე გაეკეთებინა პრეზიდენტს არჩევანი.
ის, რომ პრეზიდენტი ხედავდა პროცესს განსხვავებულად, ეს არ უნდა გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ მას კანდიდატის დასახელებაზე უარი ეთქვა. კარგი კანდიდატის შემთხვევაში, ეს იქნებოდა პოლიტიკური დისკუსიის საგანი და თუ მასზე უარს იტყოდა პარლამენტი, იტყოდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ამის დემონსტრირება კიდე ერთხელ მოხდა, მაგრამ აქამდე არ მიიყვანა პრეზიდენტმა საქმე.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაასახელეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს. ეს რა საფრთხეებს შეიცავს, თქვენი აზრით?
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატი უნდა დაასახელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისგან. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და უამრავი გადაწყვეტილება გვინახავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, რომელიც რაღაც კორპორატიულ გაერთიანებად იქცა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, სასამართლო სისტემა უფრო ჩაკეტილი და ძლიერი გახადოს გარედან რეფორმების უარყოფის მიმართულებით. ამ პროცესში ძალიან იოლია წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მივიღოთ: შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასახელოს კანდიდატი, რომელიც არ იქნება ისეთი, ვისზეც ერთმნიშვნელოვნად იტყვი, რომ ეს ცუდი კანდიდატია, ან ეს კანდიდატი დაკავშირებულია რომელიმე ჯგუფთან, მაგრამ მგონია, რომ ეს კანდიდატი შეიძლება იყოს სასამართლოს სისტემისთვის უფრო საშიში. ასეთი ადამიანები არ იმუშავებენ რეფორმების ჩატარებაზე, რაც სასამართლო სისტემას სასიცოცხლოდ სჭირდება.
დღეს, 24 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმის დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე – ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. ავარიის შედეგად სომხეთის მოქალაქე დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
„სადღაა ევკალიპტები, დაჭრეს და სახლებს აშენებენ, სადაც დატოვეს, იმანაც მოუშალა მერე, ხან ერთი ტოტი მოაჭრეს, ხან მეორე და ხე კი არა, ბოძები გეგონება. ცოტა ხანში ალბათ აქ ევკალიპტები საერთოდ არ დარჩება. ჩემს გოგოობაში მამას ჟიგული ჰყავდა, ქალაქიდან რომ წამოვიდოდით, იმდენი დიდი ევკალიპტი იყო გზაზე, გეგონებოდა, დასახლებაში კი არა ტყეში შემოდიოდი. ლამაზი იყო, თვალს ვაყოლებდი. მამა გვიყვებოდა, რომ ეს ადგილები ადრე დაჭაობებული ყოფილა, ევკალიპტს წყალი ძალიან უყვარსო და ამიტომაც გაუშენებიათ კომუნისტებს“, – გვიყვება დარიკო ზოიძე და თან ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე [მეჯინისწყლის დასახლება] ცენტრალური გზის მიმდებარედ, გზისპირს ასუფთავებს. აქვე ახლოს, გზის მარჯვენა მხარეს, მას საოჯახო ბიზნესი აქვს, ხან თვითონ გამოდის სავაჭროდ, ხან ქმარი ან შვილი – ისინი საზამთროს, ნესვსა და ქოთნის ყვავილებს ყიდიან.
ტერიტორია ცოცხით მოასუფთავა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად შემორჩენილი ევკალიპტის ფოთლებიც შეაგროვა:„ძალიან მიყვარს ევკალიპტის სუნი, მოდი აბა, დასუნე“, – მთავაზობს და ევკალიპტის პატარა შეფოთლილ ტოტს მაწვდის. ფოტოს გადაღების უფლება არ მოგვცა – „არ ვარ კარგად ჩაცმული და სირცხვილია“.
დარიკო მშენებლობების წინააღმდეგი არ არის, მას მხოლოდ ის აწუხებს, რომ შენობებმა ევკალიპტების ადგილი დაიკავა.
ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ფრიდონ ხალვაშის გამზირის გასწვრივ, ორივე მხრიდან ისეთივე სამშენებლო ბუმია, როგორიც ქალაქის ცენტრში. თვალის ერთი შევლებითაც კარგად ჩანს, რომ სამშენებლო პროექტები რაიმე განსაკუთრებულ რეგულაციას ან სიმაღლეებს არ ექვემდებარება – აქ შენდება ორი ან სამსართულიანი სარიტუალო დარბაზები, მაღლივი მრავალბინიანი კორპუსების გვერდით, ბენზინგასამართი სადგურები დასახლებულ ტერიტორიაზე, ბეტონის ფილების საჭრელი ქარხნები გზის გასწვრივ, საწყობები, კომერციული ფართობები, ოფისები და ასე შემდეგ…
მათგან უმეტესობას არ აქვს საინფორმაციო დაფა, ზოგი დაწყებულ და მიტოვებულ მშენებლობას ჰგავს, შემოღობილში შესასვლელი ბოქლომითაა დაკეტილი, ტერიტორიაზე კი არავინაა. იქ კი, სადაც მშენებლები ადგილზე გვხვდებიან, ხშირად „უფროსი არ იმყოფება“, რომ დაინტერესებული პირის კითხვებს პასუხები გასცეს. მუშებმა კი, როგორც წესი, არაფერი იციან: „ჩვენ მუშები ვართ“. ისინი არც უფროსის ტელეფონის ნომერს ამხელენ და არც მის სახელს: „ყველა გამვლელს ტელეფონის ნომერი რომ მივცეთ, არ შეიძლება მასე. მე რა ვიცი, ვინ ხარ“.
ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე რამდენიმე სარიტუალო დარბაზია, რამდენიმე კიდევ შენდება. ერთ-ერთს ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მოპირდაპირედ, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, # 197-ში შპს „ოდაბაში იაფი“ აშენებს. ადგილზე გამოკრული ბანერის მიხედვით, კომპანია სარიტუალო დარბაზს აშენებს, სამშენებლო ნებართვის ასლის მიხედვით კი, რომელიც ასევე სამშენებლო მოედანზეა გამოკრული, ნებართვა მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობაზეა გაცემული. ნებართვის ასლში მითითებული ინფორმაციით, კომპანიამ მშენებლობა 2020 წელს უნდა დაასრულოს.
სარიტუალო დარბაზის მშენებლობა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე
შენობის უკვე არსებული კარკასისა და იქვე გამოკრული რენდერის [პროექტის ვიზუალური მასალა] მიხედვით, შენობას შესასვლელი მანქანების სავალი ნაწილის მხრიდან ექნება და პრაქტიკულად, არ რჩება ადგილი პარკინგისთვის.
შპს „ოდაბაში იაფი“ 2014 წელსაა დაფუძნებული და კომპანიას თურქეთის ოთხი მოქალაქე იყოფს. რეესტრის მონაცემებით, კომპანიას ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, #197-ში 3097 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი აქვს დარეგისტრირებული.
ფრიდონ ხალვაშის #195-ში კიდევ ერთი სამშენებლო პროცესია წამოწყებული, აქ უკვე სამი სართულია აშენებული და არავინ იცის, კიდევ რამდენი სართულის აშენება იგეგმება – ადგილზე არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული და არც მშენებლობის ნებართვის ასლი. სამშენებლო მოედანი საგულდაგულოდაა ჩაკეტილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ მშენებლობაზე დიდი ხანია არავინ გამოჩენილა.
ამ მისამართზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები არც რეესტრში იძებნება.
კიდევ ერთი მრავალფუნქციური ობიექტი შენდება ამ მშენებლობის მოპირდაპირედ. გამოკრული ბანერის მიხედვით, ობიექტს შპს „ბადრი ბერიძე და კომპანია“ აშენებს. კომპანიას ამ დრომდე პურის ბიზნესი ჰქონდა, ამიტომაც ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ის საკონდიტროს და ამავდროულად მაღაზიას აშენებს. მშენებლობა უკვე დაწყებულია და „ოცნების ქალაქში“ არსებულ ერთსართულიან სახლებს ესაზღვრება, მეორე სართულის აშენების შემდეგ, ამ ერთსართულიან სახლებში მცხოვრებთ ფანჯრებიდან გზის ხედის ნაცვლად შენობის კედელი ექნებათ.
შემოერთებულ ტერიტორიაზე ბევრ ადგილზეა წამოწყებული მშენებლობა, რომელსაც არც მისამართი აქვს და არც საინფორმაციო დაფა, ამიტომაც რთულია გაარკვიო ვინ რა ფუნქციის და რა მასშტაბების შენობას აშენებს აქ.
აქაურები ამბობენ, რომ აქაც სარიტუალო დარბაზის აშენება იგეგმება. აქ არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული და არც მშენებლობის ნებართვა. ეს კანონდარღვევაა.
საინფორმაციო დაფის გარეშე. ეს კანონდარღვევაა.საინფორმაციო დაფის გარეშე. ეს კანონდარღვევაა.აქ ოფისი შენდება და „მეტი არაფერი ვიცითო“ – საინფორმაციო დაფა გამოკრული არ არის, არის მხოლოდ ნებართვის ასლი, მაგრამ იმდენად დაზიანებულია, რომ მასზე ინფორმაციის ამოკითხვა რთულია. იმის გარკვევაც ჭირს, ეს სანებართვო დოკუმენტის ასლი ნამდვილია თუ არა. ეს კანონდარღვევაა.
ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მშენებლობები უმეტესად ზედ გზისპირზეა წამოწყებული, სადაც ხშირად შენობის შესასვლელი პირდაპირ მანქანების სავალ ნაწილზეა. მშენებლობების დასაწყებად კი ბევრ ადგილზე მრავალწლოვანი ევკალიპტები გაჩეხეს.
„დეპუტატებს არ უთქვამთ, რომ კონტროლის განხორციელების მიზნით იყვნენ შემოსული… ასეც რომ ყოფილიყო, კონტროლის განხორციელებას თავისი წესი აქვს. რეგლამენტში დეტალურიად გაწერილია, რას გულისხმობს კონტროლის ფუნქცია,“ – ასე პასუხობს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებმაც გუშინ, 23 აგვისტოს, მასთან შეხვედრა ვერ მოახერხეს.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“: ელგუჯა ბაგრატიონს, გია აბულაძეს და გიორგი დიასამიძეს დაცვის სამსახურმა მობილური ტელეფონების დატოვება მოსთხოვა, მათ კი ამაზე უარი თქვეს. მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრა დეპუტატებმა მთავრობის სახლთან გამართული მეთხილე ფერმერების საპროტესტო აქციისდროს გადაწყვიტეს. ამ დეპუტატებმა დღეს, 24 აგვისტოს, ბრიფინგი გამართესდა თქვეს, რომ აჭარის მთავრობამ კანონი დაარღვია. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით კი, მთავრობას უნდა დაესაბუთებინა და საზოგადოებისთვისაც აეხსნა, რატომ არ შეუშვეს დეპუტატები აჭარის მთავრობაში კონკრეტულ თანამდებობის პირთან შესახვედრად.
აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი განმარტავს, რომ გუშინ თვითონ უშუალოდ შეხვდა დეპუტატებს და აუხსნა, რომ მობილური ტელეფონების დაცვის თანამშრომლებთან დატოვება კანონით დადგენილი მოთხოვნაა და ამ წესს ყველა უნდა დაემორჩილოს, იმ პირების გარდა, ვინც აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობს. არჩილ ჩიქოვანი კონკრეტულ კანონს ასახელებს – „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“.
„ამ კანონში წერია, რომ უსაფრთხოების მიზნით ნებისმიერ მოქალაქეს უნდა მოსთხოვოს სამართალდამცველმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მეტალოდეტექტორის თაღის ქვეშ გავლა და მობილური ტელეფონის დატოვება. ეს წესი ვრცელდება უმაღლესი საბჭოს, ასევე პარლამენტის წევრებზეც. ეს დეტალურად განუმარტეს დეპუტატებს სამართალდამცველებმა, მაგრამ ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ შეფერხების გარეშე უნდა შევიდნენ მთავრობის შენობაში. გასაგებია, რომ კანონში ეს წერია, მაგრამ იგივე ჩანაწერი ადგენს გამონაკლისს,“ – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
დეპუტატების ბრიფინგს არ გამოხმაურებია აჭარის უმაღლესი საბჭო.
გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი 40 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხისა და 3 მილიონი ევროს გრანტის ათვისება 2020 წლამდე არ დაიწყება. სწორედ 2020 წლიდან ვარაუდობენ სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის დაწყებას „აჭარის წყლის ალიანსში“, რომელიც „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამას“ ახორციელებს. პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სესხის ხელშეკრულება ახლა გაფორმდა.
სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი თბილისში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.
„დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება. აქედან 40 მილიონი ევრო არის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KFW] სესხი, 3 მილიონი ევრო – ამავე ბანკის გრანტი, ხოლო 7 მილიონი ევრო ევროკავშირის გრანტი იქნება, „რაზედაც შეთანხმება მიღწეულია, თუმცა გრანტის მოთხოვნაზე განაცხადი ჯერ წარდგენილი არ არის. გრანტის მოპოვება მოხდება მას შემდეგ, რაც კონსულტანტი კომპანიები გამოვლინდებიან,“ – ამბობენ „აჭარის წყლის ალიანსში“.
ორი კონსულტანტი კომპანიის შერჩევა დაწყებულია. გამარჯვებულები, როგორც ალიანსში „ბათუმელებს“ უთხრეს, მიმდინარე წლის ბოლოს გამოვლინდებიან.
„სამეტაპიანი ტენდერია. სავარაუდოდ, დეკემბრის თვეში დასრულდება. 24 განაცხადი შემოვიდა და ამ ეტაპზე ტენდერში 17 კომპანია მონაწილეობს. პირველ და მეორე ლოტზე შეირჩევა 5-5 კომპანია, მიეცემათ ვადა და წარმოადგენენ მათ ტექნიკურ და ფინანსურ წინადადებებს, ამის შემდეგ გაიხსნება ჯერ ტექნიკური დოკუმენტაცია – შეირჩევა ისინი, რომლებიც მინიმალურ მოთხოვნებს გადალახავენ და შემდეგ გაიხნება ყველას თანდასწრებით ფინანსური წინადადებები. დოკუმენტების შესწავლის შემდეგ კი გამოვლინდებიან გამარჯვებულები. პროცესი მიდის გეგმის მიხედვით,“ – გვითხრა თეიმურაზ ბედინაძემ, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა.
მისივე თქმით, ტენდერში, ძირითადად, გერმანულ-ავსტრიული კომპანიები მონაწილეობენ, ასევე არიან ესპანური და თურქული კომპანიებიც.
ალიანსში აცხადებენ, რომ გამარჯვებულებთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მათ დასჭირდებათ სულ ცოტა 3 თვე პროექტირებისთვის. დეტალური პროექტირებისა და ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის შემდეგ, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე კი ისევ საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რომლის პროცედურებსაც დრო სჭირდება.
„ნავარაუდევია, რომ სამუშაოები 2020 წლამდე არ დაიწყება. ყველაზე კარგი იქნება ის, რომ ეს ვადა 2020 წელს არ გადასცდეს. თუმცა ოპტიმისტურად ვართ განწყობილი… ეს არის პროექტი, რომელიც აჭარის მასშტაბით გადაჭრის წყლისა და კანალიზაციის პრობლემას. ეს იქნება სისტემა თავისი გამწმენდი ნაგებობებით. ევროპელი პარტნიორების მთავარი მოთხოვნაა, რომ გაწმენდის გარეშე საკანალიზაციო წყალი არ მოხვდეს მდინარეებსა თუ ზღვაში. მაღალმთიანეთში გაწმენდილი საკანალიზაციო წყალი ჩავა მდინარეში, თუმცა ის არ იქნება დაბინძურებული. ის იქნება გაწმენდილი ევრომოთხოვნების შესაბამისად,“ – ამბობს თეიმურაზ ბედინაძე.
„ალიანსში“ აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე შესრულდება ის სამუშაოები, რასაც 50 მილიონი ევრო გაწვდება და სრულად შეეხება შემდეგ დაბებსა და სოფლებს: ხელვაჩაურს, ქედას, შუახევს, ხულოს, ცეცხლაურს, ჯიხანჯურს, მახუნცეთსა და ამ დაბების შემოგარენში სოფლებს [პროექტი არ შეეხება ქალაქებს: ბათუმსა და ქობულეთს].
„შესაძლოა ამ თანხით [50 მილიონი ევრო] მთლიანად მოეწყოს სისტემა, ან საჭირო დარჩეს თანხის დამატება. ამ შემთხვევაში საქართველოსა და აჭარის მთავრობებს მოუწევთ, იზრუნონ საჭირო თანხის მოძიებაზე,“ – აცხადებენ „ალიანსში“.
პროექტის ფარგლებში სამუშაოები მოსახლეობის [იურიდიული პირების] გამრიცხველიანებასაც, შესაბამისად, წყლისა და კანალიზაციის სისტემებით სარგებლობისთვის გადასახადების დაწესებასაც გულისხმობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 14 აგვისტოს გაუჩინარებულ, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან დაკავშირებით. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მიმდინარე წლის 23 აგვისტოს კონგოს ტერიტორიულ წყლებში დაფიქსირდა 7 დღის წინ გაუჩინარებული გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ამ დროისათვის გემი მიემართება ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). მიღებული ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველჰყვეს ყველა მხარის ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები.
ინტენსიურ კონტაქტზე ვიმყოფებით გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იქნას პირველადი საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა).
შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე სააგენტო აქტიურ კავშირზეა გემის დროშის სახელმწიფოსთან – პანამა, ასევე ნიგერიაში მოქმედ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდება ღონისძიებები მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მედიას მიეწოდება მისიის სრულ ამოწურვამდე, როდესაც გემი შევა უსაფრთხო წყლებში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Pantelena, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, 14 აგვისტოს გაუჩინარდა. გემის გამოჩენის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა გამოცემამ africanews.
დღეს, 24 სექტემბერს ხულოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობის მცირე დროით შეფერხების მიზეზი ნახევრადაყირავებული სატვირთო მანქანა გახდა. გზა უკვე გახსნილია. ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომსახურების ხარისხის დასადგენად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში არსებულ 200-მდე ტურისტულ ობიექტს იკვლევს, მათ შორის 120 – განთავსების და 80 – კვების ობიექტია.
დეპარტამენტის ცნობით, კვლევის მიზანია რეგიონში მომსახურების სფეროში არსებული ხარვეზების გამოვლენა, გაანალიზება და სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მიზნობრივი სატრენინგო პროგრამის შემუშავება.
კვლევის შედეგად განთავსებისა და კვების ობიექტების პერსონალი მოწმდება მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ: ჯავშნის მიღება, სტუმრების განთავსება, დასუფთავების კომპონენტი, პერსონალის მიერ რთული სიტუაციებიდან ოპტიმალური გამოსავლის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მომსახურების ხარისხის კვლევა ივლისში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დაასრულებს. კვლევის შედეგები წლის ბოლოს გახდება ცნობილი.
„აჭარის მთავრობამ უხეშად დაარღვია კანონი, როცა მთავრობის შენობაში გადაადგილების უფლება შეგვიზღუდა,“ – აცხადებენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
23 აგვისტოს, მეთხილე ფერმერების საპროტესტო აქციის პარალელურადუმაღლესი საბჭოს დეპუტატები:ელგუჯა ბაგრატიონი, გია აბულაძე და გიორგი დიასამიძე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსთან შეხვედრას ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. საბოლოოდ შეხვედრა არ შედგა, რადგან დეპუტატებს დაცვის სამსახურმა მობილური ტელეფონების დატოვება მოსთხოვა, მათ კი ამაზე უარი თქვეს.
„შენობაში შესვლის შემდგომ მოითხოვეს ტელეფონების ჩამორთმევა, რაც კანონის უხეშ დარღვევასთან ერთად შეურაცხმყოფელი მოთხოვნაც იყო. თორნიკე რიჟვაძის დავალებით, აპარატის ხელმძღვანელი, არჩილ ჩიქოვანი გასცემდა დავალებებს დაცვის სამსახურზე, რომ არ დავეშვით შენობაში, ასევე ხმამაღალი ტონით ახდენდა ძალის დემონსტრირებას, რომ თითქოს მთავრობის შენობაში დაამყარა პოლიციური რეჟიმი, რაც მიზნად ისახავდა უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას და შეხვედრის ჩაშლას,“ – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.
„მიუხედავად იმისა, რომ დაცვის სამსახურისაგან მოვითხოვეთ კონკრეტული კანონის ნორმის წარმოდგენა, რომლითაც გვიზღუდავდნენ გადაადგილებას, მათ იგი არ წარმოუდგენიათ. ისინი ემორჩილებოდნენ არჩილ ჩიქოვანის დავალებებს და არა კანონს,“ – აღნიშნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აქცენტს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტზე აკეთებენ, რომლის მიხედვითაც „კონტროლის განხორციელებისას უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში.“ ამავე პუნქტში წერია – „კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისების გარდა“.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, მირზა მამულაძე მიიჩნევს, რომ „გამონაკლისები“ ერთ კანონში ვერ იქნება ჩამოთვლილი. „შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა განემარტა, რატომ არ შეუშვეს დეპუტატები შეხვედრაზე,“ – ამბობს ის.
„მთავრობის დასაბუთება ახლა კანონთან შესაბამისიც რომ იყოს, ეს მაინც დარჩება პროცედურულ დარღვევად“, – მიიჩნევს მირზა მამულაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს მთავრობის კონტროლზე, რომლის უფლებაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატს აქვს, როგორც საზოგადოების არჩეულ წარმომადგენელს.
„მთავრობას საზოგადოებისთვისაც ოპერატიულად უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია, რადგან საზოგადოების უფლებაა, მიეღო ზუსტი ინფორმაცია, რატომ არ უშვებენ მის მიერ არჩეულ დეპუტატებს მთავრობაში შეხვედრაზე. მთავრობას მკაფიოდ უნდა აეხსნა არამხოლოდ დეპუტატებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც, რატომ ვერ შემოდის დეპუტატი მთავრობის შენობაში, როცა მას უფლება აქვს განახორციელოს კონტროლი შენს საქმიანობაზე,“ – გვითხრა საია-ს იურისტმა.
უმაღლესი საბჭოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეს, ასევე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვენ ეს საკითხი შეისწავლონ და უკანონო ქმედებისთვის შესაბამისი პირები დაისაჯონ. დეპუტატებმა მიმართეს სახალხო დამცველსაც.
ამ დრომდე აჭარის მთავრობას არ გაუკეთებია განმარტება, რის საფუძველზე მოსთხოვეს დეპუტატებს მობილური ტელეფონების დაცვის სამსახურთან დატოვება. უცნობია უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის პოზიციაც.
აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით:
კონტროლის განხორციელებისას უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს:
შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისების გარდა, შეუზღუდავად შეხვდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებულ და სხვა თანამდებობის პირებს.
აიშე და ოთარ აბაშიძეები 60 წელია ცოლ-ქმარი არიან. ისინი შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში, გორგიულის უბანში ცხოვრობენ. 17 წლისანი იყვნენ, როცა ერთმანეთი მთაში გაიცნეს, შეუყვარდათ და მალე გაიპარნენ კიდეც.
ექვსი შვილი ჰყავთ და „იმდენი შვილიშვილი, რომ ვერ დათვლი“.
„ისე გავატარეთ ცხოვრება, ერთმანეთისთვის რამე არ გვიწყენინებია. ისე დავბერდით, რომ ყველას უკვირიან ჩვენი თავი. ბაღნებიც კაი მყავს, რძლებიც კარგი გვყავს,“ – ამბობს აიშე.
„ძლიერი სოფლის მაცხოვრებლები ვართ. ჩვენ პირობებში, როგორც იტყვიან, საშუალო დონეზე და უფრო უკეთესადაც ვართ. პირუტყვი გვყავს, მიწათმოქმედებას ვეწევით, ზაფხულობით მთაში ამოვდივართ და სამ თვეს აქ ვატარებთ,“ – გვიყვება ოთარი.
აიშეს და ოთარს საზაფხულო იაილებზე, ჩირუხში შევხვდით. მოხუცებმა თავიანთი ქორწინების ისტორია „ბათუმელებთან“ გაიხსენეს.
დღეს, 24 აგვისტოს, სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმში აქცია გამართეს. მათ ქალაქის ქუჩებში გააკრეს პლაკატები ინგლისური წარწერით – რუსეთი ოკუპანტია, ევროპის მოედანზე კი დიდი ბანერები გადმოფინეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურთ ქალაქში, სადაც ყველაზე მეტი რუსი ტურისტია, კიდევ ერთხელ შეახსენონ ყველას, რომ რუსეთი ოკუპანტია.
„ჩვენ ახლა ჩამოვყალიბდით სამოქალაქო აქტივისტებად. ფეისბუქზე შევხვდით საერთო ჯგუფში „რუსეთი ოკუპანტია“. პირველი აქცია რუსეთთთან ომის 10 წლისთავზე გავაკეთეთ თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან.
ახლა ყველაზე მეტი რუსი არის ბათუმში, გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით და საკუთარი ხარჯებით, მეგობრების დახმარებით დავბეჭდეთ სტიკერები. დავბეჭდეთ ძალიან მსუბუქწებოიანი სტიკერები, რომ ქალაქისთვის არ მიგვეყენებინა ზიანი. 5-დან 6 საათამდე ვაკრავდით, რომ ხალხისთვის ხელი არ შეგვეშალა, რამდენიმე ადამიანი დაგვეხმარა კიდეც ქუჩაში გაკვრაში, მაგრამ 7 საათზე პლაკატები აღარ დაგვხვდა.
რუსთაველის ქუჩა გადავკეტეთ დღეს, მხოლოდ რამდენიმე წუთით, რომ მოსახლეობისთვის არ შეგვექმნა დისკომფორტი და ევროპის მოედანზე, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს, მოვიტანეთ ეს ბანერები. ჩვენგან არ იქნება არავითარი პროვოკაცია, უბრალოდ არ ვაპირებთ გაჩერებას და სადაც მივალთ, ყველგან ვიტყვით, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, ხვალ ჩვენს შვილებს უარეს სიტუაციაში მოუწევთ ყოფნა,“ – ამბობს გიგა მაქარაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი.
„ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის ბათუმში და უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და იგრძნონ დისკომფორტი ამის გამო. ძირითადად რუსულენოვანი ადამიანები გვიშლიდნენ ხელს პლაკატების გაკვრაში, არ ვიცი ადგილობრივები იყვნენ თუ დამსვენებლები, გვეუბნებოდნენ, ნუ ამძაფრებთ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებსო,“ – გვითხრა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, გოგი ხოჭოლავამ.
ფოტო: „ბათუმელები“ფოტო: „ბათუმელები“ფოტო: „ბათუმელები“ფოტო: „ბათუმელები“აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით რუსთაველის ქუჩაც გადაკეტესფოტო: „ბათუმელები“
„სად მოდიოდა, ნეტა, სასამართლოში თუ ზღვაზე,“ – ეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მას შემდეგ ჩაილაპარაკა, როცა „ჯელალ ქიქავას ცემის საქმეზე“ ერთ-ერთი ბრალდებულის სასამართლო სხდომაზე დაუშვებლობის მიზეზი მოისმინა – ბრალდებული მირზა ვანაძე პროცესზე დასასწრებად შორტებით მივიდა. ის მანდატურებმა სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს.
ამ საქმეზე სამი მოჭიდავეა ბრალდებული, თუმცა დღეს პროცესს მხოლო ერთი – ზურაბ კეკელიძე ესწრებოდა. სასამართლო პროცესს არც ტარიელ კეკელიძე ესწრებოდა. ადვოკატის თქმით, იგი უკრაინაში იმყოფება სპორტულ შეჯიბრებაზე.
„ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ყოფილი ლიდერის, ჯელალ ქიქავას და მისი ორი მეგობრის ცემას გამოძიება სამ მოჭიდავეს ედავება.
შემთხვევა 24 მარტს აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ჯელალ ქიქავას თქმით, მას პარლამენტის წევრის – მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს, რადგან ქიქავამ ვახტანგაძე არაერთხელ მოიხსენია „ზონდერად“.
სამივე მოჭიდავე სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული. ისინი ბრალს აღიარებენ და პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.
„ამისთვის აუცილებელია დაზარალებულების თანხმობა. ერთ-ერთი დაზარალებული თანხმობაზე უარს აცხადებს, რის გამოც საპროცესო შეთანხმება ვერ შედგება,“ – თქვა პროკურორმა ადილარ წირღვავამ.
საპროცესო შეთანხმების წინააღმდეგი ჯელალ ქიქავაა. ის და სხვა დაზარალებულები სასამართლო პროცესს არ ესწრებიან.
მოჭიდავეებმა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ამ საქმეზე დაზარალებულებისა და სხვა მოწმეების ჩვენებებს ვეღარ მოისმენს.
ადვოკატის მოთხოვნით საპროცესო შეთანხმების მისაღწევად სასამართლო პროცესი ორი თვით გადაიდო. თუ ჯელალ ქიქავა ამ პერიოდში თანხმობას ისევ არ განაცხადებს, მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მე არ მეპარება ეჭვი, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნება,“ – დასძინა პროკურორმა პროცესის დასრულებამდე.
ადვოკატი რამაზ ჯორბენაძე კი ფიქრობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაშიც, მოჭიდავეებს პირობით მსჯავრს შეუფარდებენ და მათ ციხეში ყოფნა მაინც არ მოუწევთ.
სასამართლოს წინა პროცესზე მოჭიდავეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათთვის ცნობილი იყო ჯელალ ქიქავას განცხადებები მოჭიდავეების შესახებ.
„პანაშვიდზე ვნახეთ ჯელალ ქიქავა. ვკითხე, რას გვერჩი-მეთქი. აგდებულად გვიპასუხა. შევლაპარაკდით და შემდეგ მოხდა ეს,“ – გვითხრა ბრალდებულმა ზურაბ კეკელიძემ.
მოჭიდავეების მტკიცებით, ამ საქმეში სპორტსმენი და პარლამენტის წევრი – მუხრან ვახტანგაძე არაფერ შუაშია.
წელს პირველად ჩატარდება „ბათუმი ფოტოდღეების“ ფესტივალი განახლებული და მრავლისმომცველი კონცეფციით.
ფესტივალი 2014 წლიდან ცნობილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის სახელწოდებით – „ოდესა//ბათუმი ფოტოდღეები“. ფოტოდღეების თემა და, შესაბამისად, მთავარი გამოფენის სახელწოდებაც არის se@ experience – რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ნახე გამოცდილება“ ან „ზღვა გამოცდილება“.
ეს იდეა დაფუძნებულია განსხვავებული ხედვისა და ღრმა განცდის უნარზე, ზღვა – როგორც სუბსტანციის სიმბოლო, გარემოს ან პირადი ჰორიზონტის. გამოცდილება ყოველთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ამავდროულად იგი ყოველთვის საზოგადოებასთანაა გაზიარებული და როდესაც ის პასუხობს საერთო მოთხოვნას, მას მოსდევს მოსალოდნელი ზემოქმედება და შედეგი.
ფოტოდღეების ფარგლებში გაიმართება 4 გამოფენა: მთავარი გამოფენა ბათუმის ბულვარში, კოკა რამიშვილისა (საქართველო/ჟენევა) და გიორგი ნებიერიძის (საქართველო/ბერლინი) გამოფენები ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში და MADE IN PHOTO (პოლონეთი) გამოფენა აჭარის ხელოვნების მუზეუმში.
ღამის ჩვენება: საქართველო და სამხრეთ კავკასია; აღმოსავლეთი ევროპა; აზია, აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი. შეხვედრები ხელოვანებთან: გიორგი ნებიერიძე და კოკა რამიშვილი – ფოტოლაბში გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ მხარდაჭერას 2019 წელს საკუთარი პროექტის რეალიზებისთვის ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში.
მთავარ გამოფენაში მონაწილეობს 26 კონკურსანტი 14 ქვეყნიდან, მათ შორისაა: საქართველო, უკრაინა, გერმანია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და სხვა. ეს გამოფენა კონცეპტუალური ფოტოგრაფიული გამოსახულების ინსტალაციაა, რომლის მიზანია ახალი პლატფორმის შექმნა საერთაშორისო სახელოვნებო საზოგადოებისთვის. გამოფენა ეძღვნება ინდივიდებს, რომლებმაც ზეგავლენა იქონიეს ან შეცვალეს ისტორია და მათ, რომლებიც მომავალში გააგრძელებენ ცვლილებებს.
ორგანიზატორები მიზნად ისახავენ საფუძველი ჩაუყარონ არა მხოლოდ მონაწილეებთან მომავალ თანამშრომლობას, არამედ ინსპირაციულ პროექტებს, რომლებიც შემდგომ შეიძლება გადაიზარდოს მხატვრულ ან დოკუმენტურ ფოტოპროექტებში, რაც მოგვიანებით განხორციელდება ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში. ასევე სრულიად ახალ ექსპერიმენტებსა და სექტორთაშორის თანამშრომლობას.
პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24-25 აგვისტოს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 19 – 24 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი).
აფრიკული მედიის ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Pantelena, რომელიც 14 აგვისტოდან კავშირზე აღარ გამოდიოდა, ნაპოვნია.
საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები ინფორმაციას გემის ეკიპაჟის კონტაქტზე გამოსვლის შესახებ არ ადასტურებენ, თუმცა განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამუშაოები:
“სხვადასხვა დაუზუსტებელი წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემ Pantelena IMO N 9321469-ის გათავისუფლების შესახებ, რომლის ბორტზეც საქართველოს 17 და რუსეთის 2 მოქალაქე იმყოფება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პროცესის დასრულებამდე თავს იკავებს კომენტარის გაკეთებისაგან.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული სამუშაოები, რომლის დასრულებამდე – მეზღვაურების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე – დეტალების გასაჯაროებისაგან თავს ვიკავებთ” – ნათქვამია განცხადებაში.
24 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს.
ხელშეკრულებებს ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ოლაფ ციმელკა.
აღნიშნული პროექტისთვის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით 40 მილიონ ევროს, ხოლო 3 მილიონ ევროს გრანტის სახით გამოყოფს.
თანხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს, ქედისა და შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი განვითარების პარტნიორია. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) მჭიდრო თანამშრომლობით, განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსება.
აბიტურიენტმა ასლან ბაკურიძემ გუშინ საღამოს გამოცდების ეროვნული ცენტრისგან სმს შეტყობინება მიიღო. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსების სპეციალობაზე აპირებს სწავლას. სატელეფონო შეტყობინებიდან ასლანმა გაიგო, რომ მის მიერ არჩეულ სპეციალობაზე აღარ გაიცემა სახელმწიფო დაფინანსება და თუ დაფინანსების მიღება სურს, ფაკულტეტი უნდა შეცვალოს. მსგავსი შეტყობინება სხვა აბიტურიენტებმაც მიიღეს.
„გუშინ, 22 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე მივიღე შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ საღამოს თორმეტის ნახევრამდე შემეძლო სპეციალობის შეცვლა. ასეთ მოკლე დროში არჩევანის გაკეთება შეუძლებელია. თან, გუშინ ვმუშაობდი. მე არჩევანი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გავაკეთე ფინანსების სპეციალობაზე, ბათუმში მინდა სწავლა. შესაბამისად, სპეციალობაზე უარი იძულებით ვთქვი… გამოცდებში მიღებული ქულებით დაახლოებით 50- პროცენტიან დაფინანსებას ველოდი. თავის დროზე, როცა ეს სპეციალობა შევარჩიე, ოფიციალურ ცნობარში ეწერა, რომ ეს სპეციალობა აკრედიტებულია და სახელმწიფო დაფინანსების მიღებაც შეიძლება. დღეს კი გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ სპეციალობას არც აკრედიტაცია აქვს და არც დაფინანსება,“ – გვიყვება ასლან ბაკურიძე.
სახელმწიფო დაფინანსება 16 სპეციალობაზე საქართველოს სხვადასხვა 20 უმაღლეს სასწავლებელში გაუქმდა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 13 აგვისტოს გაავრცელა საკუთარ ინტერნეტგვერდზე. ასლან ბაკურიძე ამბობს, რომ დაფინანსების გაუქმების შესახებ გუშინ, საღამოს სატელეფონო შეტყობინებით გაიგო.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 23 აგვისტოს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შეტანის ვადა 27 აგვისტომდე გადაწია.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის ახსნილი, რატომ გაუქმდა სახელმწიფო დაფინანსება კონკრეტულ პროგრამებზე, ვინ გააუქმა, ან რატომ არ მიაწოდეს აბიტურიენტებს ინფორმაცია ამის შესახებ წლის დასაწყისში, ვიდრე ისინი სპეციალობას შეარჩევდნენ.
ასლან ბაკურიძეს აბიტურიენტის ცნობარი აქვს შენახული – გამოცდების ეროვნული ცენტრის ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფინანსების სპეციალობაზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაძლებელია გრანტის მიღება. ახლა მისთვის გადაწყვეტილების მიღება რთულია, რადგან უმაღლესი განათლების მიღება ბათუმში სურს, სადაც ფინანსების მიმართულებით სხვა არჩევანი არ აქვს. სხვა სპეციალობის კონკურსში კი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, რადგან შესაბამისი გამოცდა არ ჩაუბარებია.
ვინ მოატყუა აბიტურიენტები და რა მიზნით? – „ბათუმელები“ ამის გარკვევას დღის განმავლობაში ცდილობდა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ფინანსების სპეციალობაზე აკრედიტაციის პროცესი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება და ეს წინასწარ იყო ცნობილი.
„აკრედიტაციის გარეშე სახელმწიფო დაფინანსება ვერ გაიცემა. ჩვენ არ გვითქვამს, რომ დაფინანსება იქნებოდა ამ სპეციალობაზე, ამას ვეუბნებოდით აბიტურიენტებს შეხვედრებზე,“ – ამბობს ბსუ-ს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე.
ინფორმაცია სპეციალობების და დაფინანსების შესახებ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ამ უწყების პრესსამსახურმა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრში გადაგვამისამართა. ცენტრის პრესსამსახურმა კითხვების წერილობით მიწოდება გვთხოვა და რამდენიმე საათის შემდეგ გვითხრა, რომ პასუხი კითხვებს ისევ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა გასცეს.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრში ამჯერად განათლების სამინისტროში გადაგვამისამართეს. „მერკელის ვიზიტის გამო, დღეს თქვენს კითხვებს ვერ ვუპასუხებთ“, – გვიპასუხეს აქ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარის ჩანაწერი, ვიდრე სტუდენტი სპეციალობას შეარჩევდა. ცნობარის მიხედვით, ბსუ-ში ფინანსების სპეციალობა აკრედიტებულია და ფინანსდება.
სატელეფონო შეტყობინება, რომელიც აბიტურიენტმა გუშინ საღამოს მიიღო
21 აგვისტოს საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ, ხელი მოაწერა ბრძანებას საგნის – „მე და საზოგადოება“ სახელმძღვანელოს გრიფირების შესახებ.
სახელმძღვანელოს ავტორი ნინო ტალახაძეა, გამომცემელი – „გამომცემლობა სიდი – ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრი“.
საგანი „მე და საზოგადოება“ სავალდებულოა და იგი ორი წლის განმავლობაში, III-IV კლასებში ისწავლება. 2018 წლის ივლისში შემუშავებულ საგნობრივ ბადეში საგანი უკვე შეტანილია. იგი დაწყებითი კლასის პედაგოგმა უნდა ასწავლოს.
„საგნის სწავლება მიზნად ისახავს, მოსწავლეს დაეხმაროს საკუთარი თავის პიროვნებად აღქმაში; განუვითაროს თვითგამოხატვის უნარი; ასწავლოს პირისპირ შეხედოს დაბრკოლებებს და იპოვოს საკუთარ თავში მათი გადალახვის ძალა; ხელი შეუწყოს სოციალიზაციაში; ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახისა და თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; გააცნობიერებინოს, რომ სამშობლოს სიყვარული თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება; შესძინოს საბაზისო ცოდნა მშობლიური გარემოს შესახებ; გამოუმუშავოს გარემოში ადეკვატურად და ზნეობრივად მოქმედების უნარი; საკუთარი ქვეყნის მაგალითების საფუძველზე გამოუმუშავოს ასაკთან შესაბამისი წარმოდგენა ადამიანების, მოვლენების, კულტურისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესახებ,“ – აღნიშნულია საგნის სწავლების სტანდარტში.
საგნის – „მე და საზოგადოება“ – საჯარო სკოლებში სწავლების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ 2015 წელს გაავრცელა. ინფორმაციას ახალი საგნის სწავლების შესახებ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, საპატრიარქომ „მე და საზოგადოების“ სტანდარტზე არაერთი განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას აცნობა, რომ ტექსტიდან მათთვის მიუღებელი ტერმინები ამოიღეს.
რეალურად, პირვანდელმა ვერსიამ მართლაც განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგალითად, ამოიღეს სიტყვები უმცირესობა, გენდერი, ასევე, თავი – „რისი მწამს და რისი მჯერა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 23 აგვისტოდან, ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. აღნიშნულ მონაკვეთზე, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის მიმართულებით, 13 სექცია მოეწყო, სადაც 26 სიჩქარის მზომი რადარია დამონტაჟებული. მოქმედი კანონის თანახმად, ქობულეთის შემოვლით გზაზე გადაადგილება ნებადართულია არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.
„აჭარის რეგიონში, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სულ ამოქმედდა ზოგადი ხედვის 225 ვიდეოკამერა და სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი. ამას გარდა, საქართველოს მასშტაბით, კიდევ 33 ლოკაციაზეა მოწყობილი სიჩქარის მზომი სექციები და სხვადასხვა რეგიონში სულ გადაფარულია 182 კმ საავტომობილო გზა.
აგვისტოს თვეში ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. ისინი აღნიშნული საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე 10 სექციად არის განლაგებული. ამავე მონაკვეთზე, ასევე, ამოქმედდა ნომრის ამომცნობი „ჭკვიანი“ კამერები, რომელთა საშუალებით კონტროლდება სიჩქარის გადაჭარბების და სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე კი დამონტაჟებულია და ეფექტიანად ფუნქციონირებს 14 სექცია და 14 ვიდეოკამერა,“ – აცხადებს შსს.
სამინისტროს ინფორმაციით, წლის ბოლომდე, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია 1200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.
გარდა იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და მშენებლობას აგრძელებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ხვიჩა შარაშიძის კომპანიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი სამშენებლო მოედანზე ისევ არ შეუშვა. ექსპერტს ხელთ ჰქონდა განჩინება, რომლითაც სასამართლო კომპანიას ავალდებულებს მისთვის მშენებლობაზე შესვლისა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა მიეცათ. სპეციალისტმა უნდა გამოარკვიოს, ნამდვილად აითვისა თუ არა კომპანიამ სამეზობლო სივრცე.
ექსპერტიზის დასკვნას სასამართლო ითხოვს.
სამეზობლო მიჯნაზე მცხოვრებლებმა, რომლებიც კომპანია „ჩემ სახლს” მათი სივრცის ათვისებაში სდებენ ბრალს, სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფის გამო ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელი პოლიციამ დღეს დაკითხა.
გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით [მას დაკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში წასვლამდე ვესაუბრეთ], დღეს მათთან შესახვედრად გამოვიდა კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი [მას მანამდე ჰქონდა საუბარი ხელმძღვანელებთან], რომელმაც უთხრა, რომ ექსპერტს სამშენებლო მოედანზე ვერ შეუშვებდნენ. მისივე ინფორმაციით, დღეს პოლიციამ დაიწყო გამოძიება სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო. გარდა ამისა, მომჩივანები დარჩებიან დავის პროცესში და იბრძოლებენ ამ საქმის კანონიერი გზით გადაწყვეტისთვის.
კომპანიის იურისტმა, ამირან ცეცხლაძემ, „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში სამშენებლო მოედანზე ექსპერტის არ შეშვების გადაწყვეტილება უსაფრთხოების მოტივით ახსნა: „არ შეიძლება ასე მოულოდნელად მიადგე კომპანიას მშენებლობაზე შემიშვიო“. მან გვითხრა ისიც, რომ კომპანიას სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპერტის შესვლასთან დაკავშირებით, არ ჩაჰბარებია.
გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, ასეთი განმარტება ნიშნავს, რომ აქ მომუშავე ყველა ადამიანი და ისინიც, ვინც ეზოში მოძრაობენ, იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ [ სამშენებლო მოედნის ერთ ნაწილში მოქალაქეები გადაადგილდებიან].
„თუ ისინი მოგვაწვდიდნენ აღჭურვილობას, თავდაცვის საშუალებებს, რითაც ყველა მუშა უნდა იყოს აღჭურვილი, ჩვენ დავემორჩილებოდით კომპანიის ამ მითითებებს. გამოდის, რომ კომპანიას უსაფრთხოების ნორმები არ აქვს დაკმაყოფილებული“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.
მომჩივანების იურისტი, რომელიც გასულ წლებში საქართველოს იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი იყო, ამბობს, რომ მის პრაქტიკაში არ ყოფილა პრეცედენტი, როცა მხარემ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი თქვა:
„ეს ნიშნავს, რომ ხვალ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულოს, მაშინ რა საჭიროა ასეთი გადაწყვეტილებები? – სხვა ახსნა არ აქვს ამ ამბავს, გადა იმისა, რომ კომპანიის მფლობელი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი და ეს „წონადობა“ ნიშნავს იმას, რომ მას სასამართლო გადაწყვეტილება არ მიაჩნია სავალდებულო იურიდიულ დოკუმენტად“.
მომჩივანები მიიჩნევენ, რომ კომპანიას მშენებლობის იმ კონდიციამდე მიყვანა სურს, რომლის შემდეგაც გაჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება დემონტაჟი იქნება.
კომპანია „ჩემი სახლის“ იურისტმა კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კომპანიამ თავად ჩაატარა ექსპერტიზა და პასუხიც მიიღო, რომლის მიხედვითაც „ყველაფერი კანონიერია“. ექსპერტად „ჩემ სახლსაც“ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი მოუწვევია. ამ ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზის ბიურომ ადგილზე აზომვების შედეგად მიღებული მონაცემები საჯარო რეესტრში დაცულ ინფორმაციას შეადარა და გამოარკვია, რომ კომპანია მეზობლად არსებულ ნაკვეთში არ გადასულა.
მომჩივანი მხარე აცხადებს, რომ ისინი ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას მიმართავენ: „დეპუტატი იქნება რაღაც დრომდე, თუ ჰგონია, რომ საერთაშორისო პოლიტიკოსია, ძალიან ცდება. ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. ჩვენი სახურავი აითვისა, არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, გაგვიფუჭა სახლის ერთი მხარე, საიდანც წყალი ჩამოდის და ყველანაირად დაგვიზიანა. სადამდეც გაუვა, გაუვა, მაგრამ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ და ვერც ერთ კორპუსს აქედან ვერ ჩააბარებს. ჩვენ მივმართავთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს , რომ შეისწავლონ როგორ იქცევა დეპუტატის კომპანია.“ – ამბობს გიზო ჩარგეიშვილი.
დეპუტატმა ხვიჩა შარაშიძემ კი „ბათუმელებთან“ თქვა, რომ მზად არის მხარეს ესაუბროს:
„…ნებისმიერ დროს მომმართონ, გინდათ ოფიციალურად, გინდათ მიეცით ჩემი ტელეფონის ნომერი, შევხვდები მოსახლეობას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად. ჩემთვის არავის არ მოუმართავს და მე თვითონ რატომ ჩავერიო? – თუ მომმართავს ვინმე, ნებისმიერ დროს მზად ვარ. თქვენ არ იცით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი კანონიერადაა – ძალიან ცალმხრივად შუქდება ეს ყველაფერი, ჩემი მოვალეობაცაა, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს, მაგრამ რასაც თქვენ წერთ, რომ დეპუტატის კომპანია არღვევსო, აქცენტი დეპუტატზე კი არ უნდა გაკეთდეს, არამედ უნდა თქვათ, რომ ეს არის კერძო პირებს შორის დავა.“
სამშენებლო კომპანია „ჩემი სახლის” 50% დეპუტატ ხვიჩა შარაშიძეს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სამშენებლო კომპანიამ ცოტა ხნის წინ თავისი სამშენებლო ტერიტორიის მეზობლად სამსართულიან სახლზე სახანძრო კიბე მოჭრა და ფანჯრებთან კედელი ამოაშენა. ახლა კი მეზობელი სახლის სახურავის სივრცეც ისე აითვისა, რომ აქ მცხოვრებლების თქმით, მათ „მომავალში ამ სივრცის გამოყენების შესაძლებლობა წაართვა“. სასამართლო დავა ამ სახლში მცხოვრებლებმა სწორედ ამის გამო წამოიწყეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოში ხორბლის, ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა, აგრეთვე საქართველოდან ამ საქონლის გატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებით იკრძალება. მინისტრის ბრძანება 2018 წლის 15 სექტემბრიდან შედის ძალაში. ამ ბრძანებით, აღნიშნული საქონლის იმპორტ-ექსპორტი შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით.
„ბათუმელები“ აჭარაში რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა, რომლებსაც ხორბალი შემოაქვთ და ამუშავებენ. მათი თქმით, ჯერ ბრძანება არ უნახავთ, მაგრამ თუ ეს აკრძალვა ძალაში შევა, ის პურის ფასს აუცილებლად გაზრდის: „მეტიც, ხალხი ფეხზე ადგება. ასეთი გადაწყვეტილება ჩაკლავს საშუალო და მცირე ბიზნესს. ეტყობა ვიღაცის ინტერესებია ეს. ხორბალი ავტოტრანსპორტით, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის – ვინც რამდენს გაწვდება, იმდენი შემოაქვს. გემით კი ერთბაშად სულ ცოტა 3 ათასი ტონა უნდა შემოიტანო, მილიონები სჭირდება. ამასთან, ხალხს კრედიტები აქვს აღებული, ზოგმა ამ კრედიტებით ავტომანქანები შეიძინა და ასე დაუკითხავად, ჰაერზე ბრძანების მიღება, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს.“
აღნიშნული აკრძალვის შესახებ შესაბამისი პუნქტი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებას ეხება.
ამ ინსტრუქციით, „საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფართო მოხმარების ან/და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის შემოტანა საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით“.
2018 წლის 22 აგვისტოს #314 ბრძანებით კი, ინსტრუქციის ამ პუნქტს დაემატა შემდეგი მომდევნო პუნქტი:
„საგარეო – ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის [სესესნ] 1001 [ხორბალი და მესლინი] სასაქონლო პოზიციითა და 1101 00 [ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი] სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით“.
იქვე აღნიშნულია, რომ „ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ამ პუნქტში აღნიშნული საქონლის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით.“
რას გულისხმობს ცალკეული შემთხვევები და არის თუ არა რაიმე ინსტრუქცია ან წესი, რის საფუძველზეც შემოსავლების სამსახური ასეთ თანხმობას გასცემს? – პასუხს „ბათუმელები“ შემოსავლების სამსახურიდან ელოდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივლისში შემოტანილია 62 406 100 აშშ დოლარის ხორბალი და 2 112 500 აშშ დოლარის ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილი.
ამავე პერიოდში საქართველოდან გატანილია 1 324 300 დოლარის ღირებულების ხორბალი და 2 530 200 აშშ დოლარის ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილი.
„ბათუმელებმა“ ამ დროისთვის ვერ დააზუსტა, რამდენი ხორბლისა და ფქვილის იმპორტ-ექსპორტი განხორციელდა საავტომობილო, სარკინიგზო თუ საზღვაო ტრანსპორტით. თუმცა, საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მეტი ღირებულების ტვირთი შემოტანილია სწორედ საავტომობილო ტრანსპორტით. ექსპორტის კუთხით კი, საავტომობილო ტრანსპორტი მეორე ადგილზეა საზღვაო ტრანსპორტის შემდეგ.
რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, ამ სატრანსპორტო საშუალებით მიმდინარე წლის 7 თვეში ყველაზე ნაკლები ღირებულების იმპორტ-ექსპორტი განხორციელდა, ვიდრე საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით.
მეთხილე ფერმერებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი აჭარის მთავრობაში არ განიხილება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მამუკა თურმანიძემ უთხრა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მთავრობა მხოლოდ საბანკო ორგანიზაციებთან აწარმოებს მოლაპარაკებას მეთხილე ფერმერების მიერ აღებული სესხების გადავადების მოთხოვნით.
მინისტრის მოადგილე თხილის მოსავლის მასობრივად გაფუჭებას ფერმერების მხრიდან აგროწესების დარღვევას უკავშირებს.
„ახლა რომ მიხვიდეთ რომელიმე ფერმერის საკარმიდამო ნაკვეთში, ყველა აგროწესი არის დარღვეული აბსოლუტურად, რაც თხილის წარმოებისთვისაა აუცილებელი. შესაბამისად, ასეთ პირობებში თხილის წარმოებაში სათანადო შედეგის მიღწევა იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.
მეთხილე ფერმერებმა საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან დღეს, 23 აგვისტოს, გამართეს. ისინი კომპენსაციის მიღებას ითხოვენ.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ფერმერებს მოუწოდებს, ჩაერთონ აგრარული ექსტენციის პროგრამაში, რაც საველე პირობებში აგროსწავლებას გულისხმობს.
„ეს მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რაც უკავშირდება ნიადაგის დამუშავებას, მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს და მოსავლის აღებას… სამწუხაროდ ამ პროგრამის მიმართ ჩართულობა არ არის შესაბამისი. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს სპეციალისტები ყველა მუნიციპალიტეტში, ასევე სოფლის რწმუნებულები, რომ ფერმერებს ამ პროგრამის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია,“ – გვითხრა მამუკა თურმანიძემ.
ფერმერებს ასევე შეუძლიათ შესაწამლი ტექნიკური საშუალებები შეიძინონ. ღირებულების 80 პროცენტს სახელმწიფო ფარავს.
რატომ გაუფუჭდათ თხილის მოსავალი ფერმერებს, რომლებსაც წინა წლებში კარგი მოსავალი ჰქონდათ? – მამუკა თურმანიძემ გვითხრა, რომ თხილის ბაღების რაოდენობა გაიზარდა და „მავნებელი დაავადებების რისკიც შესაბამისად გაზრდილია. თანამედროვე სამყაროში, როცა ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება, შეუძლებელია, ფერმერმა დარგოს თხილი და შემდეგ მხოლოდ მოსავლის აღების დროს მიაკითხოს,“ – ამბობს ის.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ფერმერებს საყვედურობს იმასაც, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების ნაწილი არ გამოუყენებიათ.
„ჩვენ ვებრძვით აზიურ ფაროსანას სახელმწიფო მიწის ნაკვეთებში, იქ, სადაც ფერმერს შესვლა არ შეუძლია. საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისთვის ჩვენ დავურიგეთ ფერმერებს შესაბამისი პრეპარატები და 10 ფერმერისთვის თითო შესასხურებელი აპარატი, მაგრამ დღეს ეს პრეპარატები ისევ არ არის გამოყენებული… საჭიროა 10 ფერმერის მობილიზება და 2 დღეში სრულად შეწამლული იქნება მათი მიწის ნაკვეთები. სათხოვარი გვაქვს ფერმერებთან, იაქტიურონ!“ – აღნიშნა მამუკა თურმანიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევვის ადგილას მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო: „ბათუმელები“ფოტო: „ბათუმელები“
კიდევ ერთ, გაჩერებულ მანქანას გაუჩნდა დღეს ცეცხლი ახალ ბულვარში, სასტუმრო „ეიფორიასთან“. ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის (საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, გადაადგილება, წაშლა) ვადა გახანგრძლივდა.
ცენტრის ცნობით, პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს შეეძლებათ დღეიდან 27 აგვისტოს ჩათვლით.
„აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს აბიტურიენტს, გააკეთოს საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის ცვლილების (აკრედიტაციის მინიჭება, შეჩერება და ა.შ.) გათვალისწინებით საბოლოო არჩევანი.
პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადის გახანგრძლივების გამო გადაიწევს საბოლოო შედეგების გამოქვეყნება – ჩარიცხვებისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ აგვისტოს ბოლო დღეებში ან სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი“ – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ქობულეთში მცხოვრები ფერმერები აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ფერმერებს თხილის ბაღები აქვთ. ისინი ამბობენ, რომ მოსავლის 90 პროცენტი გაუფუჭდათ და კომპენსაციის მიღებას ითხოვენ.
დავით მახარაძე: „მე სოფელ ჯიხანჯურიდან ვარ. ჩვენთან არც გზაა და არც წყალი ამ ზაფხულში… თხილზე მთავრობა ამბობდა, რომ თვითონ შეწამლავდა. ერთხელ შეწამლეს და ეს იყო. თხილს სამჯერ წამლობა უნდა. მოსავალი აღარ არსებობს. რაც გადარჩა, იმაშიც მხოლოდ 80 თეთრს გვიხდიან”.
მერაბ ტაკიძე სოფელ ლეღვადან მთავრობას კომპენსაციას სთხოვს.
„გვიჭირს ხალხს, ეს იყო ჩვენი მოსავალი. ლეღვაში თხილია, სხვა რა არის? მანდარინზეც შესულია უკვე ფაროსანა და არ ვიცით, რა ვქნათ, რა ვუწამლოთ. ჩვენ უნდა გადაგვიხადონ კომპენსაცია,” – გვითხრა მერაბ ტაკიძემ.
აჭარის მთავრობის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია. აქ შეკრებამდე მეთხილეებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს და მთავრობის სახლის წინ გაფუჭებული თხილი დაყარეს.
აქციის მონაწილეებთან ერთად უმაღლესი საბჭოს წევრები არიან „ნაციონალური მოძრაობიდან“. ელგუჯა ბაგრატიონი, გია აბულაძე და გიორგი დიასამიძე აჭარის მთავრობაში შევიდნენ, თუმცა შეხვედრის გამართვა ვერ მოხერხდა.
“გვახვედრებდნენ არჩილ ჩიქოვანს, მაგრამ ტელეფონების გარეთ დატოვება მოგვთხოვეს, რაზეც უარი ვთქვით. შეხვედრა არ შედგა,”- გვითხრა აბულაძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ელგუჯა ბაგრატიონმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ თორნიკე რიჟვაძე საქართველოში დაბრუნების შემდეგ მეთხილეებს ქობულეთში შეხვდება.
“ორი დღის ვადაში დაინიშნება ეს შეხვედრა, ჩვენ ვაიძულებთ ამას,” – აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.
დაბა ურეკში მაშველებმა ზღვაში შესული რუსეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს. 53 და 42 წლის ქალები ზღვის სიღრმიდან ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტები მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე არიან გამოყვანილები.
დაბა ურეკში ცოტა ხნის წინ მაშველებმა სასტუმრო “კოლხიდას” მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვიდან კიდევ 28 წლის კაცი, საქართველოს მოქალაქე გამოიყვანეს.
დღეს დაბა ურეკში მაშველებმა სომხეთის სამი მოქალაქე გამოიყვანეს ზღვიდან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მშობლები და 15 წლის გოგონა ზღვის სიღრმიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.
დღეს მაშველებმა ასევე რუსეთის – ორი და ერთი საქართველოს მოქალაქე გადაარჩინეს.
ბათუმის მერიის საკონკურსო კომისიამ იმ მიკროავტობუსების შემოწმება [ტექნიკური დათვალიერება] დაასრულა, რომლებმაც ქალაქში სამარშრუტო ხაზებზე უნდა იმოძრაონ. საკონკურსოდ 696 მიკროავტობუსი იყო წარდგენილი, შემოწმება 636-მა გაიარა. აქედან ის კრიტერიუმები, რომლებიც საკრებულოს მიერ არის დადგენილი, დააკმაყოფილა და მინიმალური ზღვარი გადალახა 564-მა მიკროავტობუსმა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს ქალაქში ყოველდღიურად მუშაობს [სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე] 460 მიკროავტობუსი. მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს რაოდენობა პირველი სექტემბრიდან 250-მდე უნდა შემცირდეს.
იქნება თუ არა მიკროავტობუსების ეს რაოდენობა საკმარისი მგზავრების გადასაყვანად? – მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ „როცა დაიწყება მუშაობა, ყველაფერი გამოჩნდება – მიკროავტობუსის დამატება იქნება საჭირო ამა თუ იმ ხაზზე, ან პირიქით შემცირება, მაგის დარეგულირების უფლებაც გვაქვს და თუ საჭიროება მოითხოვს, დავარეგულირებთ“.
ემზარ ქავჟარაძის განცხადებით, კონკურსგავლილი მიკროავტობუსები სამარშრუტო ხაზებზე ქალაქში 2018 წლის პირველი სექტემბრიდან იმოძრავებენ. მანამდე კი კომისიის საბოლოო შედეგები გადაეგზავნება ბათუმის საკრებულოს, რომელიც მგზავრთა გადაყვანის ნებართვის გაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში 6 კომპანია მონაწილეობს. აქედან ოთხს შესაბამისი ნებართვები აქვს და მათი მიკროავტობუსები მოძრაობენ ქალაქში. ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ ამ კომპანიებს „პარკინგი 70%-ით შეცვლილი აქვთ, წინა წლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა და კონკურსგავლილი მიკროავტობუსების აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ ხაზებზე არ მოძრაობენ“.
საკრებულოს შესაბამისი დადგენილების მიხედვით, პირველი სექტემბრიდან უნდა შეიცვალოს ქალაქში სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემები, რამდენიმე ხაზი კი უნდა გაუქმდეს [მაგალითად: ქალაქში აღარ იმოძრავებს სამარშრუტო მიკროავტობუსები შემდეგი ნომრებით: 22, 26, 35, 51, 55]. ამასთან, დარეგულირდება ინტერვალები ხაზზე მოძრავ ავტობუსებს შორის.
ნებართვის მფლობელი, სხვა პირობებთან ერთად, ვალდებული იქნება მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსები აღჭურვოს GPS მონიტორინგის სისტემით. ამასთან, „უზრუნველყოს მიკროავტობუსებში გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების [მგზავრობის საფასურის გადახდის უნივერსალური საშუალება] დამონტაჟება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომელიც მგზავრისთვის უნდა იძლეოდეს დადგენილი შეღავათიანი ტარიფით/ფასით სარგებლობის შესაძლებლობას და უნდა ახდენდეს მათ აღრიცხვას“.
ემზარ ქავჟარაძის თქმით, „როგორც კი ნებართვა გაიცემა ოფიციალურად, ნებართვის მფლობელებს მიეცემათ მაქსიმუმ ერთი თვის ვადა, რათა კონკურსგავლილი მიკროავტობუსები აღჭურვონ GPS მონიტორინგის სისტემით და მგზავრობის გადახდა გადავიდეს ელექტრონულ სისტემაზე. გადახდა შესაძლებელი იქნება იმ სამგზავრო ბარათებით, რომლებითაც დღეს მუნიციპალურ ავტობუსებშია შესაძლებელი მგზავრობის საფასურის გადახდა“.
25 აგვისტოდან მტირალას ეროვნულ პარკამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტება. მტირალას პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ტურისტებს, რომელთაც ამ დღეებში სურთ ეროვნული პარკის მონახულება, დაახლოებით 10 კილომეტრის ფეხით გავლა მოუწევთ ჩაქვიდან მტირალას ეროვნულ პარკამდე, სოფელ ხალას გავლით.
„პარკი ღია იქნება, მაგრამ მანქანით ამოსვლა არ იქნება შესაძლებელი. ეს პარკთან მისასვლელი ერთადერთი გზაა, უკვე გავაფრთხილეთ ტურისტული სააგენტოები. ვარაუდობენ, რომ 10 დღეში მორჩებიან, თუმცა ზუსტად არ იციან, ამინდზეა დამოკიდებული,“ – ამბობენ მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში.
აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჯერად მტირალასთან მისასვლელ გზაზე ასფალტი 3 კმ-სა და 230 მეტრზე დაიგება. „კარგი ამინდის შემთხვევაში მალე დაიგება, თუ ამინდმა ხელი შეუშალა, ცოტა გაიწელება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, როცა ვერ იმუშავებენ, გზა გაიხსნება. ახლა, ჯამში, ვაკეთებთ 15 კილომეტრს“, – გვითხრეს დეპარტამენტში.
კითხვაზე, რატომ გადაწყდა გზის დაგება აგვისტოში, ტურისტული სეზონის პიკზე, დეპარტამენტში პასუხობენ, რომ ეს რიგ გარემოებებზეა დამოკიდებული:
„ტენდერის გამოცხადება, შესწავლა და ასევე ამინდიც. მთაა, მიწა ადვილად არ შრება. უფრო ადრეც შეიძლებოდა დასრულება, ასეთი ცუდი ამინდი რომ არ ყოფილიყო“.
ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის 15-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს. სამუშაოზე ბიუჯეტიდან 1 მილიონ 233 ათას 533 ლარი იხარჯება.
წელს მტირალას ეროვნულ პარკს 38 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია. როგორც პარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, შიდა ტურისტებს უცხოელი ტურისტები ჭარბობენ. უცხოელი ტურისტების ხუთეული ასე გამოიყურება: I – ისრაელი, II – რუსეთი, III – არაბთა გაერთიანებული საამიროები, IV- უკრაინა, V – გერმანია.