მთავარი,სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება – აჭარაში შემოწმებული 37 სასტუმროდან 20 დაჯარიმებულია

20.08.2018 • 2906
სახანძრო უსაფრთხოება – აჭარაში შემოწმებული 37 სასტუმროდან 20 დაჯარიმებულია

მიმდინარე წლის იანვრიდან 15 აგვისტომდე პერიოდში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით აჭარაში შემოწმებული 37 სასტუმროდან დარღვევების გამო 20 დააჯარიმეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სულ 97 სასტუმრო შემოწმდა, რომელთაგან 37 დაჯარიმდა.

სამსახურში აცხადებენ, რომ შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც 2018 წლის პირველი აგვისტოდან შევიდა ძალაში, არ უკავშირდება და ეს ყოველდღიური, ცოცხალი პროცესია: „შემოწმების პროცესი არ დაწყებულა პირველი აგვისტოდან და არ დაიწყება არც პირველი სექტემბრიდან. ეს პროცესი მიმდინარეობს მუდმივად და ყველაფერი შემოწმებულია ქვეყანაში. არ არსებობს შეუმოწმებელი ობიექტი, რომლის შემოწმებასაც კანონმდებლობა ითვალისწინებდა.

რაც შეეხება პირველი აგვისტოდან ათვლას, ახლა უფრო ბევრი ობიექტის შემოწმება მიმდინარეობს ვიდრე აქამდე, ვთქვათ, ერთი თვის წინ. ყველა სასტუმრო, სავაჭრო, გასართობი ცენტრი თუ სხვა ობიექტი, რომლებსაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები რომ დავარქვათ, ასეთი ტიპის შენობები ყველა შემოწმებულია, ზოგი ერთხელ, ზოგი მეორედ, ნაწილი დაჯარიმებულია და დრო აქვს მიცემული, რომ გამოასწოროს დარღვევები“.

„რეგულაციები, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. პირველი აგვისტოდან გაიზარდა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა შემოწმების უფლებაც აქვს ჩვენს ზედამხედველობის სამსახურს. მაგალითად, 90 ნომერზე ნაკლები სასტუმროს შემოწმების უფლება არ იყო; შეზღუდვები იყო ასევე გასართობი ცენტრების შემთხვევაში, სადაც კვადრატული მეტრობით იყო განსაზღვრული და სადაც დადგენილზე ნაკლები ფართობი იყო, იქ შესვლა და შემოწმება არ შეგვეძლო. ახლა ეს ჩამონათვალი გაიზარდა და, ფაქტობრივად, მიღებულ იქნა ცვლილებები, რომლითაც ყველაფერი დაექვემდებარა სახანძრო უსაფრთხოებას,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ მიშა ფეიქრიშვილმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

მისივე განცხადებით, ობიექტს ამოწმებენ სამჯერ:

[checklist]

  • „პირველი შემოწმების დროს სწავლობენ სიტუაციას და რეკომენდაციები გაიცემა, თუ რა არის გამოსასწორებელი ამა თუ იმ ობიექტში.
  • მეორე შემოწმების დროს შუალედურ სიტუაციას სწავლობენ, თუ რა პროცესები მიდის, რამდენად ითვალისწინებენ რეკომენდაციებს, რა სამუშაოები დაიწყო და ა.შ. და თითოეულ რეკომენდაციას, რომელსაც ჩვენი სამსახური გასცემს, მითითებული აქვს გონივრული ვადა. თუ არის, ვთქვათ, 10 რეკომენდაცია, შესაძლოა მათი გათვალისწინებისთვის ათივეს სხვადასხვა ვადა ჰქონდეს.
  • მესამე შემოწმებას რაც შეეხება, ეს არის საკონტროლო შემოწმება, რომლის დროსაც საბოლოოდ ვაფასებთ სიტუაციას თუ როგორ შეასრულა რეკომენდაციები ამა თუ იმ ობიექტის ადმინისტრაციამ. თუ აღმოჩნდება, რომ სრულად არ არის რეკომენდაციები შესრულებული, ასეთ შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება ობიექტის დაჯარიმებასთან დაკავშირებით“.

[/checklist]

მიშა ფეიქრიშვილის ინფორმაციით, ობიექტს სამჯერ შემოწმების შემდეგ აჯარიმებენ. ჯარიმის ოდენობა კი პირველი აგვისტოდან შეიცვალა – თუ ადრე 50 ლარიდან იწყებოდა და ზედა ზღვარი 200 ლარი იყო, რაც არ უნდა კრიტიკული დარღვევა ყოფილიყო, ამჯერად ეს ოდენობა გაიზარდა და 2 000-დან 5 000 ლარამდე.

რა ხდება ობიექტის დაჯარიმების შემდეგ? – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თუ ობიექტში უსაფრთხოების კუთხით არის რისკის დონე მაღალი, ასეთ შემთხვევაში მიმართავენ სასამართლოს, შენობის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნით.

„ეს არის ის უკიდურესი ზომა, რომელიც პრაქტიკულად მხოლოდ ერთხელ და ახლა გამოიყენა სამსახურმა „ველმონდთან“ მიმართებაში. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იქედან გამომდინარე, რომ სასტუმრო იყო 24-სართულიანი და რისკი დარღვევების გამო იყო ძალიან მაღალი. ესეც ინდივიდუალურია, რადგან საოჯახო ტიპის სასტუმროს ზედამხედველობის სამსახური უფრო სხვა მოთხოვნებს უყენებს და ხუთვარსკვლავიან სასტუმროს – სულ სხვა მოთხოვნებს. განსაკუთრებით, როცა საუბარია მრავალსართულიან შენობებზე, აქ სხვა მოთხოვნებია, მაგალითად, სპეციალისტები ამბობენ,  რომ მთავარი, როცა ასეთ შენობებზე ვსაუბრობთ, არის მოწესრიგებული იყოს შიდა დაცვის სისტემა, ანუ ლიფტთან მისვლამდე უნდა მოახდინოს შიდა დაცვის სისტემამ შესაბამისი მუშაობა – კვამლის გამწოვმა, კვამლსაწინააღმდეგო, ცეცხლის ამომცნობმა, ცეცხლის სწრაფად არ გავრცელებამ და ა.შ. ისე უნდა იმუშავოს, რომ ადამიანებმა მოახერხონ ორგანიზებულად ევაკუაცია,“ – ამბობს მიშა ფეიქრიშვილი.

მისივე თქმით, „ველმონდთან“ მიმართებაში, იქ რომ რაიმე მომხდარიყო, მეოთხე-მეხუთე იყო ის მაქსიმალური სართული, საიდანაც მეხანძრე-მაშველები შეძლებდნენ ადამიანების უსაფრთხოდ გამოყვანას: „შემდგომ უკვე დაკვამლიანების დონე შენობაში ადამიანებს გადარჩენის შანსს არ დაუტოვებდა. სტატისტიკა ამბობს, რომ ადამიანები არა ცეცხლისგან, არამედ კვამლისგან იღუპებიან. შიდა დაცვის სისტემა კი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ადამიანები არ გაიგუდონ. „ველმონდი“ დავხურეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კომუნიკაცია გავწყვიტეთ ადმინისტრაციასთან, ეს კომუნიკაცია გრძელდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოგვარდეს პრობლემები. ამ კუთხით ვეხმარებით, ზოგადად, ობიექტების ადმინისტრაციებს“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაჯარიმებულ სასტუმროებს ამ ეტაპზე არ ასახელებს. თუმცა, მიშა ფეიქრიშვილის თქმით, სამსახური გეგმავს თვეში ერთხელ გაასაჯაროვოს დაჯარიმებული ობიექტების [და არა მარტო სასტუმროების] ნუსხა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: