მთავარი,სიახლეები

როცა პატიმრებს გაშიშვლებასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებენ

17.11.2016 • 2349
როცა პატიმრებს გაშიშვლებასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებენ

პატიმარი ბათუმის ციხიდან დახმარებას ითხოვს. ის სასამართლო პროცესებს ვეღარ ესწრება, სადაც მისი საქმე განიხილება. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ლეონიდე მ. წერს, რომ ციხიდან ვერ გამოვა, თუკი არ გაშიშვლდება და ბადრაგირების თანამშრომლების თვალწინ ბუქნებს არ გააკეთებს… „ბუქნების გაკეთება დაუშვებელია“, – გვითხრეს სახალხო დამცველის აპარატში. „ეს არის ღირსების შემლახავი მოპყრობა“, – ამბობს გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ-ერთი ყოფილი ქალი პატიმრის ინტერესებს იცავს, რომელიც ციხეში ყოფნის დროს იმავეს აპროტესტებდა და მოითხოვს პატიმრების გაშიშვლება და ბუქნების გაკეთების იძულება არაკონსტიტუციურად შეფასდეს.

„4 ნოემბერს დანიშნული იყო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში,“ – ვკითხულობთ პატიმრის წერილში: „დაწესებულებიდან გაყვანის დროს მომთხოვეს ქვედა საცვლის ჩაწევა და ე.წ. „ბუქნის“ გაკეთება [ჩაჯდომა]. ვინაიდან მე უარი ვთქვი აღნიშნულის შესრულებაზე, არ წამიყვანეს სასამართლოზე, რითაც შემიზღუდეს დაცვის უფლება… მე არ ვაპირებ ამ უკანონო მოთხოვნის შესრულებას, ვინაიდან ის არის დამამცირებელი. აქედან გამომდინარე, არც მომდევნო პროცესზე არ წამიყვანენ, რითაც ხელი შეეშლება მართლმსაჯულებას და შეილახება ჩემი უფლებები. გთხოვთ, რეაგირებას“.

„პატიმარი სრული შემოწმების გარეშე ბადრაგირებას არ ექვემდებარება,“ _ გვითხრეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ „სრული შემოწმება“ მინისტრის შესაბამისი ბრძანებითაა გათვალისწინებული: „აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ ლ.მ.-ს სასამართლო პროცესზე დაწესებულებიდან გაყვანისას უნდა გაევლო სავალდებულო პირადი სრული შემოწმება. ამის შესახებ მას დაწესებულების თანამშრომლებმა წინასწარ აცნობეს. ასევე განუმარტეს უარის თქმის შედეგი. ამის მიუხედავად, მსჯავრდებულმა უარი განაცხადა სავალდებულო პირად სრულ შემოწმებაზე, რის გამოც სასამართლოში მისი ბადრაგირება არ განხორციელდა“.

რატომ არის აუცილებელი პატიმრების გაშიშვლება და ბუქნის გაკეთება? – სასჯელაღსრულების სამინისტრო წერილობით პასუხში ამას უსაფრთხოების მიზნებით ხსნის. სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოზეც, რომელიც აღნიშნავს, რომ პატიმართა მიმართ შემოწმების ეს ფორმა არ წარმოადგენს ცალსახად უკანონობას:

„მეტიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ სხეულის სრული შემოწმება შესაძლოა აუცილებელიც იყოს დაწესებულებისა და პატიმართა უსაფრთხოებისთვის. ასევე, იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული არეულობა ან დანაშაული.“

„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ბუქნის გაკეთების იძულება არის დაუშვებელი. ეს არის ღირსების შემლახავი მოპყრობა და ამას არ ითვალისწინებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სრული შემოწმების პროცედურა“, – გვითხრა ნიკა კვარაცხელიამ, სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის და პრევენციის დეპარტამენტის უფროსმა. ის განმარტავს, რომ პროცედურების მიხედვით, სრული შემოწმების დროს, პატიმარს შესაძლოა სხეულის მხოლოდ სრული, ან ნაწილობრივი გაშიშვლება მოსთხოვონ:

„ცალსახა პოზიცია პატიმრის გაშიშვლებაზე ევროპის ქვეყნებში არსებობს, თუმცა ეს არის სარისკო პრაქტიკა. ასეთ შეფასებას აკეთებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი. არსებობს გაიდლაინები ამ კუთხით და ჩვენი რეკომენდაციებიც ამას ეფუძნება: უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, პირველ რიგში და მეორე – გააჩნია სიხშირეს, რა ინტენსივობით იყენებს ციხის ადმინისტრაცია პატიმრის სრული შემოწმების წესს. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის რეკომენდაციაა ასევე, მოხდეს სხეულის ნაწილობრივ და არა სრული გაშიშვლება“.

ბათუმის #3 საპყრობილე

ბათუმის #3 საპყრობილე

მოსთხოვეს თუ არა კონკრეტულად ლეონიდე მ.-ს ბუქნის გაკეთება – სასჯელაღსრულების სამინისტრომ ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. სამინისტროს განმარტებით, პატიმარს ბადრაგირებამდე „სრული შემოწმების“ გავლა მოსთხოვეს.
„დათვალიერების ზოგადი და განუსაზღვრელი უფლებამოსილების მინიჭებით ეს ნორმა უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ სხეულის დათვალიერების უფლებამოსილებაში დაწესებულების თანამშრომელმა იგულისხმოს შიშველი პატიმრის მიერ ბუქნის გაკეთების ვალდებულებაც. ეს არის სადავო ნორმის ბუნდოვანი ასპექტი,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სარჩელში, რომელიც გიორგი გოცირიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა საკონსტიტუციო სასამართლოში გასული წლის ბოლოს დაარეგისტრირა. მოსარჩელე ყოფილი მსჯავრდებული ნანა ფარჩუკაშვილია. ის პატიმრების სრული გაშიშვლებისა და ბუქნების კეთების ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. სარჩელის დასაშვებობის საკითხი სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.

გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი: „ჩვენ ვასაჩივრებთ სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებას, რომელიც არეგულრიებს სრული შემოწმების პროცედურას. კონსტიტუციის მე-17 მუხლი ამბობს, რომ დაუშვებელია ღირსების შემლახავი მოპყრობა და ეს არის აბსოლუტური უფლება. პატიმრის შემოწმება ამ ფორმით არის ღირსების შემლახავი. თავად ეს ბრძანება მისი რუტინულად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. პრაქტიკაც რომ შესაბამისია, ეს არის დაფიქსირებული სახალხო დამცველის ანგარიშებში. მიგვაჩნია, რომ გაშიშვლების ნაცვლად არსებობს ალტერნატიული, ადამიანის ღირსების შესაბამისი საშუალება, მაგალითად, სკანირება.“

სკანირებას, როგორც პატიმრების დათვალიერების ალტერნატიულ საშუალებას აქტიურად იყენებენ ევროპის ქვეყნებში. საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო სკანირების გამოუყენებლობის მიზეზს ამგვარად განმარტავს: „პატიმრის სრული შემოწმების დამკვიდრებული მეთოდები სხვადასხვა შემოწმების ალტერნატიულ ფორმებთან შედარებით წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის ყველაზე უსაფრთხო და შედეგიან საშუალებას. ინგლისის, საფრანგეთისა და სხვა განვითარებული ქვეყნების მაგალითი გვიჩვენებს, რომ სკანერი ვერ გახდა სრული შემოწმების ალტერნატივა. გარდა ამისა, სკანირების შემთხვევაშიც აუცილებელია სხეულის ნაწილის გაშიშვლება, რადგან სკანერი ვერ უზრუნველყოფს სხეულზე ან სხეულში არსებული ყველა ნივთის აღმოჩენას.“

საკონსტიტუციო სარჩელში, რომლითაც ყოფილი პატიმარი პატიმრების გაშიშვლებას და ბუქნების კეთების ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, აღწერილია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება _ ელ შივანი საფრანგეთის წინააღმდეგ. შივანის 1977 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მოგვიანებით ის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაიქცა, მაგრამ დააკავეს. 2008 წელს შივანის საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო სასამართლოში, რა დროსაც მას დღეში მინიმუმ ოთხჯერ უწევდა „სრული შემოწმება“. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ღირსების შემლახავად მიიჩნია მსგავსი მოპყრობა.

სასამართლომ გადაწყვეტილებაში დაწერა: „ადამიანისთვის იმის მოთხოვნა, რომ გაიხადოს და მისი სწორი ნაწლავი დაექვემდებაროს ვიზუალურ დათვალიერებას, ძლიერ დარტყმას აყენებს ადამიანურ ღირსებას. ზემოხსენებული ღონისძიება იმგვარი ხასიათის დამცირებაა, რომ სცილდება პატიმრის შემოწმების თანმდევ დასაშვებ დისკომფორტის ფარგლებს…“
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 2011 წელს საფრანგეთის მთავრობამ კანონი შეცვალა და ელექტრონული სკანირების სისტემა შემოიღო. სრული შემოწმების მეთოდი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენება და ამ დროს ციხის ადმინისტრაციამ კონკრეტული ეჭვის დასაბუთება უნდა შეძლოს.

სკანირების მეთოდის ამოქმედების რეკომენდაციით სახალხო დამცველს სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის 2014 წელს მიუმართავს. რეკომენდაცია სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებას შეეხებოდა, სადაც ქალი პატიმრები იხდიან სასჯელს. ომბუდსმენი 2015 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ სამინისტროდან პასუხი მიიღო და ქალი პატიმრების ვიზუალური დათვალიერების დროს ექიმი სპეციალისტები ჩაერთვებიან. ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ შესრულებულა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: