ბათუმში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

21 აგვისტოს ბათუმში „პრინტის საერთაშორისო ფესტივალი – LIFE – N – STYLE“ გაიხსნება, რომელიც 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.  პროექტის ავტორი ასოციაცია „არტ-კავკასიაა“. ფესტივალში რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს.

ფესტივალი „ბოტანიკოში“ გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს, შვეიცარიისა და აზერბაიჯანის სერიგრაფიის (ხელით ბეჭდვა) სახელოსნო.

22 აგვისტოს აჭარის ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება ოფორტის სახელოსნოს ნამუშევრები. ასევე იქნება  ნამუშევრები საქართველოდან, ესპანეთიდან, სომხეთიდან, ლიბანიდან, კანადიდან და ისრაელიდან.

23 აგვისტოს კი, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში წარმოდგენილი იქნება თბილისის სამხატვრო აკადემიის, რუსეთის, თურქეთის ნამუშევრები.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის – ბეჭდვითი მედიის, ხელით ბეჭდვის – პრინტის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებას (სერიგრაფია, ოფორტი, შოლკოგრაფია, ლითოგრაფია, გრავიურა).

„ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. ისე მოხდა, რომ ამ ეტაპზე ეს დარგი აღარ ითვლება მომგებიან და პოპულარულ დარგად.

არიან საკმაოდ მაღალი დონის მხატვრები, რომელთაც წლების განმავლობაში არ მისცემიათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ ამ ტიპის გამოფენაში საქართველოში. დაიკეტა ლითოგრაფიის სახელოსნოები, დედაქალაქსა და რეგიონში თითქმის აღარ არსებობენ მბეჭდავები. ხელით ბეჭდვა – სერიგრაფია, ლითოგრაფია, ლინოგრავირა მთლიანად ჩაანაცვლა ციფრულმა ბეჭდვამ და ახალმა ტექნოლოგიებმა,“ – ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.

პროექტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, სამხატვრო აკადემიაში ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს  გრაფიკის სახელოსნო.

„ფესტივალი მუშაობს ახალი თაობის კოლექციონერების ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე. შესაძლოა მოხდეს მომხმარებელთა გემოვნების ამაღლება.

თანამედროვე ინტერიერებში განთავსებული  იაფფასიანი კალენდრებისა და რეპროდუქციების  მაღალი დონის მხატვრების გრაფიკული ნამუშევრებით – ანაბეჭდებით ჩანაცვლება.“

პროექტის ავტორთა აზრით, ბეჭდვითი მედიის პოპულარიზაცია ხელს უწყობს კრეატიული ინდუსტრიისა და არტბიზნესის განვითარებას.

ფესტივალი საქართველოში მესამედ ტარდება.

 

 

თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ბათუმში გადმოიყვანეს

თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ერთი მოქალაქე, ვენერა ოსტიაშვილი, დღეს, 20 აგვისტოს, საქართველოში გადმოიყვანეს. ის მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გააგრძელებს. ორი დაშავებული კი თურქეთის საავადმყოფოში რჩება.

ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში 14 აგვისტოს, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, ავარია მოუვიდა ქართულ სანომრენიშნიან ავტომანქანას, რომელსაც გადაჰყავდა საქართველოს 21 მოქალაქე – დროებით მომუშავე სეზონური მუშები.

 

 

 

ვინ არიან თორნიკე რიჟვაძის ახალი მრჩევლები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, ორი ახალი მრჩეველი ჰყავს – ლევან ჯაში საზოგადოებასთან ურთიერთობების და სოციალურ საკითხებში და გოგი ფუტკარაძე – დონორებთან ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების  მიმართულებით.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულ 4 მრჩეველი ჰყავს. თორნიკე რიჟვაძემ მრჩეველის პოზიციაზე დატოვა ჯემალ პაქსაძე [აჭარის ყოფილი მთავარი მუფთი] და დავით ზოიძე [ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორი]. აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, მხოლოდ ეს ორი მრჩეველი ჰყავდა.

ლევან ჯაში არჩილ ხაბაძის თანაშემწედ მუშაობდა 2013-2016 წლებში. იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ჟანგბადის“ დამფუძნებელი და დირექტორია. პოლიტიკური ოპოზიცია ამ ორგანიზაციას ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციად მოიხსენიებდა.

ლევან ჯაში

თორნიკე რიჟვაძის მეორე მრჩეველი გოგი ფუტკარაძეა. იგი 2016 წელს აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. გოგი ფუტკარაძე ასევე მუშაობდა საქართველოს გაეროს ასოციაციაში – ლტოლვილთა და მიგრაციის მონიტორინგის სპეციალისტად. გოგი ფუტკარაძემ 2017 წელს მაგისტრატურა დაამთავრა ლონდონის კინგსის უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის და მენეჯმენტის მიმართულებით, მანამდე ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ელმირას უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობდა.  

გოგი ფუტკარაძე

 

„ველმონდის“ კაზინოს მუშაობის უფლება მისცეს

სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) კაზინომ მუშაობა განაახლა. სასტუმროს იურისტის, კახა წერეთლის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კაზინოს ფუნქციონირების ნება დართო.

„სასამართლოს 9 ივნისის გადაწყვეტილება შეეხო როგორც კაზინოს, ასევე სასტუმროსაც. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება აღსრულდა. თუმცა ჩვენ ვმუშაობდით ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ჩათვალა შესაძლებლად, რომ კაზინო გაიხსნას,“ – ამბობს იურისტი.

მისი თქმით, კიდევ არის შესასრულებელი გარკვეული მითითებები, „მაგრამ არა იმდენად კრიტიკული, რომ მუშაობაში ხელი შეგვიშალოს. ერთ თვეში ყველაფერი დასრულდება. მანამდე მუშაობის ნებართვა მოგვცეს, მხოლოდ კაზინოს ნაწილში,“ – ამბობს იურისტი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, „ველმონდის“ ადმინისტრაციამ მათ სასტუმროს გახსნის შესახებ ოფიციალურად მიმართა, თუმცა მხოლოდ კაზინოს გახსნის უფლება მიეცათ.

„სასტუმროს გახსნაზე მათ უარი ეთქვათ. მანამ, სანამ სახანძრო უსაფრთხოების სისტემები არ იქნება გამართული, სასტუმრო ვერ გაიხსნება, თუმცა  ჩვენი მხრიდან გადაიდგა კომპრომისული ნაბიჯი, გამომდინარე იქედან, რომ სამორინე არის განთავსებული სასტუმროს პირველ და მეორე სართულზე, ჩვენმა სპეციალისტებმა ეს მიიჩნიეს შედარებით დაბალი რისკის მქონე ტერიტორიად, სადაც რაიმე რომ მოხდეს, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება და მათი ევაკუაცია დროულად მოხდება,“ – ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მიშა ფეიქრიშვილი.

სასტუმროს წარმომადგენელმა „ბათუმელებთან“ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ სასტუმროსთან ერთად კაზინოც აჩერებდა ფუნქციონირებას.

კითხვაზე, როდის მიმართა საგანგებო სიტუაციების სამსახურს სასტუმროს ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილით? მიშა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ „ახლა მოხდა, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში“.

ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ სასტუმრო დაკეტილი იყო და მხოლოდ 2018 წლის მაისში განაახლა მუშაობა ახალი სახელით – „ველმონდი“.

ნისლში გახვეული გომისმთა [ფოტორეპორტაჟი]

გურიაში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში მდებარე გომისმთას ზაფხულის ცხელ დღეებს გამოქცეული დამსვენებლები აფარებენ თავს. 2200-2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარე გომისმთა ხშირად ნისლშია გახვეული და თბილი ტანსაცმელი აქ აუცილებელია, თუმცა როცა ნისლი გადაიწმინდება, მწველი მზე აცხუნებს.

გომისმთა ძირითადად პატარა ხის ქოხებითა და კოტეჯებითაა გაშენებული, შეხვდებით ახალაგებულ ქვის სახლებსაც. აქ ძირითადად აჭარიდან და გურიიდან ჩამოსულები ისვენებენ. ამბობენ, რომ გომისმთა განსაკუთრებით კარგია ბავშვებისათვის, ამიტომაც, თითქმის ყველა ღია სახლის წინ ბავშვებს ნახავთ. გასართობია თამაში, სირბილი და ცხენით სეირნობა.

გომისმთა. ფოტო: „ბათუმელები“
ნისლი გომისმთაზე დღეში რამდენჯერმე შეიძლება ჩამოწვეს, ან სულაც მთელი დღე ნისლიანი იყოს. ამ დროს ზოგ ქოხში ღუმელს ანთებენ
ბავშვებს ცხენით გასეირნება მოსწონთ და მოუთმენლად ელოდებიან თავიანთ რიგს. გომისმთა, ფოტო: „ბათუმელები“
ზოგიერთი დამსვენებელი ალპური თაიგულით რთავს ქოხს

 

ასეთ ხელსაბანებს ხშირად შეხვდებით გომისმთასა და ბახმაროში
19 აგვისტოს გომისმთაზე დამსვენებელთა რაოდენობა შემცირებულია, ბევრი სახლი უკვე დაკეტილია
ხის ქოხებს შორის თავისუფლად მოსეირნე საქონელი გომისმთაზე ჩვეულებრივი ამბავია
როგორც ჩანს, ზოგიერთ ქოხში მეპატრონე წლებია არ ჩამოსულა
გომისმთაზე არის პატარა მაღაზიები, სადაც სურსათის შეძენა შეიძლება, თუმცა არჩევანი მწირია – კვერცხი, პური, ზეთი, შაქარი. მაკარონი და ა.შ. და ტკბილეული და სასუსნავი – ბავშვებისათვის და არამარტო.
ბოლო ხანია გომისმთა არამხოლოდ დამსვენებლებს, არამედ ტურისტებსაც იზიდავს. ამ ბორცვზე ჯვარია აღმართული და აქვე ნახავთ გომისმთაზე კარვებით ამოსულ ტურისტებს.
საღამოს, მზის ჩასვლისას, ჩამოწოლილი ნისლი თუ გადაივლის, ამბობენ, რომ ამ ადგილიდან დაუვიწყარი ხედი იშლება – შეგიძლია ზემოდან გადახედო ღრუბლებს. ამიტომაც საღამოობით აქ ხალხი იკრიფება, თუმცა 19 აგვისტოს ეს ხედი დანისლული დარჩა.
მალე დაბინდდება და გომისმთაზე კოცონები აბრიალდება. უკვე ყველაფერი მზადაა.
გომისმთა. ფოტო: „ბათუმელები“

აჭარაში საარჩევნო ოლქები პრეზიდენტის არჩევნებისთვის 220 ათას ლარს დახარჯავენ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი დაამტკიცა. ცესკოს გადაწყვეტილებით, აჭარის ექვს საარჩევნო ოლქში არჩევნებისთვის 220 410 ლარი დაიხარჯება.

აჭარაში საარჩევნო ოლქების ხარჯები პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებისთვის / წყარო: ცესკო

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო თანხის გადანაწილება ოლქების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესში შევიდა ცვლილება. ამ ცვლილებით ცენტრალური საარჩევნო კომისია ნაცვლად 39 136 784 ლარისა, საპრეზიდენტო არჩევნებში წელს 42 667 518 ლარს დახარჯავს.

ცესკომ რამდენიმე დღის წინ საოლქო კომისიის დროებითი წევრები შეარჩია. საუბარია თითოეულ საარჩევნო ოლქში თითო წევრზე, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით, აპოლიტიკური და პარტიულად მიუკერძოებული უნდა იყოს. საოლქო კომისიების დროებით წევრებს წინასაარჩევნოდ ცესკო კონკურსის წესით არჩევს. ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ციალა შავაძის და – მზიური შავაძე ცესკომ ქედის საოლქო კომისიის წევრად აირჩია. ირაკლი გვარჯალაძე კი, ბათუმის ოლქის ახალი წევრია. ის ციალა შავაძის მეგობარია.

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

 

მთავარი ფოტო: არჩევნები 2016 ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

საგრანტო დაფინანსება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

საქართველოს მთავრობის 9 აგვისტოს დადგენილებით, 2018-2019 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური ოდენობა 1 498 500 ლარით განისაზღვრა.

სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობა სპეციალობების მიხედვით:

სასწავლო გრანტის ოდენობა სპეციალობების მიხედვით

დადგენილების მიხედვით, თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

ხოლო, თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.

 

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20-21 აგვისტოს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32  გრადუსი  
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25  გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი).

მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე, ძლიერი წვიმა, დღისით – უნალექოდ.

_____________________

მანანა ქველიაშვილის ფოტო 

„მოჭიდავეებს გადავატეხოთ ჯოხი, ეს უსინდისობა მგონია“ – ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან

„სახელმწიფოს აღარ გააჩნია ავტორიტეტი“, – ამბობს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ქართველი მოჭიდავეების თემაზე საუბრის დროს. 16 აგვისტოს ფეისბუქში გავრცელდა მოჭიდავეების ფოტო, სადაც მათ მაისურები ეცვათ წარწერით – „რუსეთი“. რამდენიმე მოჭიდავეს მაისურზე გამოსახული ჰქონდა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრის, ძამბოლათ თედეევის ფოტო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, რამაც საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია სახელმწიფოებრივი აზროვნების კუთხით. მიმდინარე წლის ივლისში „ბათუმელები“ აჭარის განათლების მინისტრის შესახებ წერდა, რომელიც ბათუმში ფესტივალის მონაწილეებს რუსულად მიესალმა.

რა ქმნის სახელმწიფოებრივი აზროვნების პრობლემას? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ფილოსოფოს, გიორგი მაისურაძეს.

ბატონო გიორგი, რა შემთხვევაში ჩნდება სახელმწიფოებრივი აზროვნების პრობლემა, რა უწყობს ხელს ამას? 

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იყოს თანხმობა: ვის უპირისპირდება სახელმწიფო, ვისთან მეგობრობს, როგორია ზოგადი პოლიტიკური ხედვა, რას ესწრაფვის და რა ტიპის სახელმწიფოა. ამისათვის, პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა არსებობდეს. ჩვენ დღეს განსაკუთრებული სიმკაცრით ვგრძნობთ თავად სახელმწიფოს კრიზისს.

ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუციები რღვევის პროცესშია. ჩვენ გვაქვს სრულიად გაურკვეველი სახელმწიფო წყობილება, როცა ერთი ადამიანი ან მასთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე პირი, რომლებსაც არანაირი შეხება ოფიციალურად არ აქვთ რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან, ფლობენ რეალურ ძალაუფლებას. ამ ფონზე ნებისმიერი სახელმწიფო უწყება გამოიყურება, როგორც რაღაც სათამაშო. ვერც პოლიტიკოსს აღიქვამ საქართველოში სერიოზულად, ვერც პრეზიდენტობის კანდიდატს…

მმართველ პარტიას ხუთი წელია გაჩაღებული ჰქონდა ბრძოლა პრეზიდენტის ინსტიტუციის წინააღმდეგ, ეს არ იყო მხოლოდ პიროვნული ბრძოლა გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ. ეს იყო სახელმწიფოს უმაღლეს რეპრეზენტანტზე თავდასხმა. ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია ვინმეს კიდევ რამე სახელმწიფოებრიობის განცდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში.

ფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება პირდაპირ დაკავშირებულია მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებთან და იქ მომუშავე ადამიანების კეთილსინდისიერებასთან? 

პირველ რიგში, საინტერესოა, სად ვხედავთ ჩვენ სახელმწიფოს. ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს, როცა თავზე გვადგება პოლიცია და გვიწყებს ჩხრეკას, აქაც ჩნდება ეჭვები ძალადობრივ ქმედებებზე, მათ შორის, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე… ასეთი კრიზისი, როგორიც დღესაა, ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახოვან მდგომარეობაშიც კი არ გვქონია. წლების წინ არსებობდა განცდა, რომ ჩვენ ვართ ერთი ორგანიზმი. დღეს ამ ორგანული მთლიანობის რღვევის პროცესში ვიმყოფებით. ეს არის შედეგი იმისა, როდესაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები ემორჩილებიან ვიღაცას და პაიკები არიან, ერთ დღეს გამოცვლიან, გაუშვებენ, ან თავისით, გაუგებარი მიზეზით წავლენ…

რამდენად არის პრობლემა ამ კუთხით სკოლაში მიღებული განათლება. სკოლაში ვსწავლობთ რა არის ქართველობა, როგორ განვსხვავდებით სხვებისგან… რას ვსწავლობთ სახელმწიფოებრივი აზროვნების კუთხით? 

საქართველო და ქართველობა იგივდება ეთნოსთან, რაც არაა იგივეობრივი ერისა. ეთნოსი და სისხლით მონათესაობა სხვა რამეა და ნაცია, ერი – სხვა. ერი იგივდება სახელმწიფოსთან. ამ მოდელზე დგას ბოლო ორი საუკუნეა მთელი სამყარო. ჩვენ გვაქვს ძველი ტრადიცია ეთნოსის და ერის გაიგივების, რომ ქართველი არის ეთნიკურად ქართველი. ამას 90-იან წლებიდან ემატება უკვე მართლმადიდებელი, რომ ქართველი – ეს მართლმადიდებელია. რაღაც ტიპის სინთეზი იქმნებოდა ყოველთვის და გვერდით რჩებოდა სახელმწიფოებრიობა…

დღეს უკვე სახელმწიფო გადაიქცა ერთი ან რამდენიმე ადამიანის სათამაშოდ. ასეთ დროს, თანამედროვე სამყაროში, როცა არ არსებობს კოლექტიური მთლიანობის განმსაზღვრელი ფორმა, როგორიცაა ერი, როცა სახელმწიფოებრიობა დისკრედიტებულია, აქტიურდება ისევ სისხლით ნათესაობის პრინციპი, როგორც ერთადერთი ფორმა კოლექტიური მთლიანობის. სისხლით ნათესაობის გაგება ეფუძნება იმ იდეოლოგიებს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, სხვაგანაც მომძლავრებულია და ესაა ფაშიზმი. ამიტომაც არ უნდა გვიკვირდეს ფაშისტური და ნეოფაშისტური ორგანიზაციების მომრავლება.

მოჭიდავეებზე მინდა გკითხოთ, ეს შემთხვევა რისი მაჩვენებელია თქვენთვის? 

ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გარკვეულ ჟესტებს. მოჭიდავეების შემთხვევამდე იყო კლუბ „ბასიანის“ არაფრიდან გამოწვეული სკანდალი. ჩემი აზრით, გარკვეულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ამით ყურადღების მიქცევა… პრობლემაა, როცა საოკუპაციო ზონაში ჩადიხარ და მღერი, ან მიდიხარ და პუტინს უმღერი. ზოგადად კი მუსიკოსის ჩასვლა რუსეთში არ მიმაჩნია პრობლემად. რაც შეეხება მოჭიდავეებს – მე, უბრალოდ, ერთი კითხვა მიჩნდება: იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ვისაუბრე, წარმოადგენს კი საქართველო იმ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია რაღაც პრინციპი ჰქონდეს? სახელმწიფოს აღარ გააჩნია დღეს ავტორიტეტი, სახელმწიფო არის ის, რისგანაც დღეს ადამიანები პირიქით – თავს იცავენ. ეს არის მთელი პრობლემა.

დღეს შესაძლებელია კონკრეტულ გამოსავალზე საუბარი?

მე ვსაუბრობდი სისხლით ნათესაობით განსაზღვრულ კოლექტიურ ერთობაზე, რაც საზოგადოებამდელია, ეს არის თემური აზროვნება და ეს ჩნდება მაშინ, როცა საზოგადოება კვდება. ჩვენ გეგმაზომიერად ვანადგურებთ სახელმწიფოს და ეს არ დაწყებულა მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. სააკაშვილის ხელისუფლება ამუშავებდა ნაციონალისტურ პროპაგანდას, იყო რაღაც საბჭოთა ბანაკების სტილში პატრიოტული ბანაკები. ახლა ესეც აღარ არის.

საზოგადოებამ არაერთხელ გამოხატა დამოუკიდებლობის სურვილი, რაც ლოგიკურად სახელმწიფოებრიობას ეფუძნება… 

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს თუ გულისხმობთ, ის ეთნონაციონალუსტურ ტალღაზე ჩატარდა. მაშინ იყო ეს სურვილი, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა ამ ყველაფერზე. შემდეგ ეს ტალღა ეთნოცენტრისტულ მოძრაობად იქცა.

2008 წელს პლებისციტის დროსაც საზოგადოების უმრავლესობამ თქვა, რომ ის ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა. გამოჩნდა სახელმწიფოს დამოუკიდებლად განვითარების სურვილი. 

ჩვენი მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ვერ მოიძებნა პოლიტიკური ძალა, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური ხედვა აქვს და გააზრებული სტრატეგიები. ჩვენთან პოლიტიკის ცნებაც გამქრალია. საქართველოში პოლიტიკოსს სტატუსი სჭირდება იმისთვის, რომ ეს იყოს რაღაც ქოლგა თავისი ბიზნესისთვის. დავხედოთ პარლამენტის დეპუტატებს – რა ხალხია ისინი, ბიზნესმენები, მსახიობები… რა კავშირი აქვთ მათ პოლიტიკასთან და როგორი სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვთ მათ. როდესაც სახელმწიფოს უმაღლეს ფენებს არ მოეთხოვება პასუხი, მოჭიდავეებს გადავატეხოთ ჯოხი, ეს უსინდისობა მგონია.

 

 

ერთი ტურისტი აჭარის მთაში მოგზაურობაზე

მახუნცეთის ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში, თამარის ხიდი, მწვანე ტბა, ბეშუმი, გოდერძის უღელტეხილი – ეს ადგილები რამდენიმე დღის წინ მოინახულა ირინა ბერმანმა. ის რუსეთიდანაა. რას ფიქრობს უცხოელი ტურისტი აჭარის მაღალმთიანეთის ტურისტულ სერვისზე?

„აქ არაჩვეულებრივი მთებია, ხედები. ყველაზე მეტად ის ველური ბუნება მომწონს, რაც აჭარის მაღალმთიანეთშია, ხელუხლებელი ბუნება… როცა ტურისტი მთაში მიდის, მას ექსტრემის შეგრძნება სურს და არა კომფორტი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ გზა იყო კოშმარი…

გზა ხულოდან მწვანე ტბამდე ძალიან რთულია. მე და ჩემი მეგობარი იქ ვილისით აგვიყვანეს. სხვა მანქანით ალბათ შეუძლებელია იქ ასვლა, ზანზარებდა მანქანა. ხულომდეც გზა ბევრგან იყო გაფუჭებული და ალაგ-ალაგ აკეთებდნენ.

მგზავრობა იაფი დაგვიჯდა, დაგვპატიჟეს. მე საქართველოში პირველად ვარ და აქამდეც ბევრი მქონდა მოსმენილი ქართველების სტუმართმასპინძლობაზე. ახლა პირდაპირ ვნახე, როგორია ადამიანური ურთიერთობები აქ…

თავდაპირველად მახუნცეთში ავედით, ჩანჩქერი ვნახეთ, ეს საოცრებაა… მერე ქართველები გავიცანით და მათ გააჩერებინეს ვიღაცას მანქანა, ამ ხალხს თამარის ხიდის ნახვა უნდათ და წაიყვანეთო. ოჯახი ვილისით ბეშუმში მიდიოდა, ჩვენც წაგვიყვანეს… მხოლოდ 30 ლარი გადავიხადეთ მგზავრობის, თამარის ხიდი ვნახეთ და მძღოლმა, თემური ერქვა, გვითხრა, წამოდით, ბეშუმს და მწვანე ტბას გაჩვენებთო. წავედით.

გზად ღვინის რესტორანში გავიარეთ. 12 ლარად მთელი ბოთლი ქინძმარაული ვიყიდეთ, ძალიან იაფია. მერე ავედით მწვანე ტბაზე. მასპინძელმა გვითხრა, ჩემი შვილი ამ ტბაში დაიხრჩოო… მე ვფიქრობ, რომ ძალიან ამტანები ხართ ქართველები.

ამტანები რომ არიან ქართველი კაცები, ეს კიდევ წამოსვლის დროს ვნახე – თემურმა ჯერ ბეშუმში გამოგვატარა, გვასადილა, ყურუთი და სალათი გვაჭამა. გვითხრა, დარჩით, ღამეს გაგათევინებთო, მაგრამ უარი ვთქვით, არ ვიყავით ამისთვის მზად. თემურმა სამარშრუტო მიკროავტობუსამდე მოგვაცილა. ადგილობრივები იყვნენ სულ ავტობუსში, ერთ ქალს აუტისტი ბავშვი ახლდა. თავდაპირველად მანქანა დიდი სისწრაფით წამოვიდა, მერე ამ ქალმა ითხოვა, იქნებ ნელა იაროთ, ჩემი შვილი ავად არისო და მთელი გზა ძალიან ნელი სვლით ჩამოვედით ბათუმამდე. რუსეთში ამას მძღოლი არ გააკეთებდა, გეტყოდა – ეს შენი პრობლემააო. მიკროავტობუსს კონდიციონერიც ჰქონდა, მაგრამ მოუხერხებელი სავარძლები იყო, ვერ გადაწევდი სკამს.

მთავარი, რის გამოც საქართველოში წამოსვლა მომინდა, ქართული კულტურის გაცნობა იყო. განსაკუთრებით მომეწონა ძველი ბათუმის არქიტექტურა და ზღვის სანაპირო, განიერი პლაჟებია აქ. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუკი პლაჟზე გამოყოფილი იქნება ფასიანი ადგილიც, სადაც ადამიანები კომფორტულად და მშვიდად დასვენებას შეძლებენ. სადაც გავედი, ყველგან ხმაურია… თან ეს ჩამოტარებით სიმინდი და საკვები. შეზლოგი 5 ლარი ღირს და არაა კომფორტული, მოხერხებულად ვერ დაწვები.

აუცილებლად მინდა გამოვყო სამზარეულოდან კუპატი და ბადრიჯანი ნიგვზით. ფასებიც, მგონი, გონივრულია.

ყველაზე დიდი პრობლემა კი, რასაც რუსეთიდან მომავალი ტურისტი აწყდება, საზღვრის გადმოკვეთაა, 12 საათი ვიყავით საცობში უღელტეხილზე, კარგი იქნება, თუკი ავიაბილეთები გაიაფდება,“ – გვითხრა ირინა ბერმანმა, ყვავილები კიდევ ერთხელ დაყნოსა და დაამატა: „ეს ბეშუმიდან გამომატანა თემურის ცოლმა, თვითონ დამიკრიფა, ასეთ ყვავილებს ვერსად ნახავო“.

ირინა ბერმანი მწვანე ტბაში

როგორია ზღვის წყლის ხარისხი – კვლევის შედეგი

„ბოლო კვლევის მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია,“ – ამბობს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი, ნუგზარ პაპუნიძე.

5 აგვისტოს სანაპირო ზოლში, სხვადასხვა ადგილას აღებული სინჯების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს აკმაყოფილებს.

ნუგზარ პაპუნიძის თქმით, გასულ წელთან შედარებით მონაცემები გაუმჯობესდა. საუკეთესო მაჩვენებლი ისევ სარფი-კვარიათის მონაკვეთზე, ასევე მწვანე კონცხსა და ციხისძირში დაფიქსირდა.

„შედარებით მაღალია ბაქტერიების მაჩვენებელი ბარცხანაში,  თუმცა პრობლემური არაა. თუკი, მაგალითად, ნორმა არის 10 ათასი, იქ არის 7 ათასი. ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა ცენტრალურ სანაპიროზეც. იგივე ჩხირების მაჩვენებელი, მაგალითად, სარფსა და კვარიათში 700 გვაქვს,“ – გვითხრა ნუგზარ პაპუნიძემ.

ზღვის სანაპირო ზოლზე სინჯების აღებას აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ახორციელებს სარფის, კვარიათის, ,,აკვაპარკის“, ბათუმის ცენტრალური პლაჟის, ბარცხანის, მწვანე კონცხის, ბობოყვათისა და ქობულეთის ცენტრალური პლაჟის მიმდებარე ტერიტორიების მოპირდაპირე დაშორებებზე, სანაპირო ზოლიდან 50 მეტრის რადიუსში.

ზღვის წყლის შემდეგ მაჩვენებლებზე იკვლევენ: ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, კოლიფაგი, ფეკალური სტრეპტოკოკი, ოქროსფერი სტაფილოკოკი, პათოლოგიური მიკროორგანიზმები, მათ შორის, სალმონელა.

„საბედნიერო სანაპირო ზოლში არსად სალმონელა არ დაფიქსირებულა,“ – დასძენს ნუგზარ პაპუნიძე, გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი.

მორიგი კვლევისთვის სინჯები გარემოს დაცვის სამმართველომ გუშინ, 18 აგვისტოს აიღო. ამ კვლევის შედეგები ჯერ უცნობია. კვლევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ტარდება.

 

 

  

 

 

რა გავლენა იქონია ლარის კურსზე თურქულმა ლირამ – ფინანსისტის შეფასება

თურქული ლირის ამერიკულ დოლართან მიმართებაში მკვეთრი გაუფასურების პარალელურად დოლართან მიმართებაში დაეცა ქართული ლარის კურსიც. არის თუ არა ლარის გაუფასურება პირდაპირ კავშირში ლირის გაუფასურებასთან?

ფინანსისტი გიორგი ქათამაძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში ახსნადია, ლირისა და ლარის დამოკიდებულება კი მეტ ანალიზს მოითხოვს. თუმცა, როგორც ფინანსისტი ამბობს, ლირის გაუფასურება დოლართან დროში საეჭვოდ დაემთხვა ლარის გაუფასურებას და პირიქით, ბოლო დღეებში ლირის კურსის გამყარება, ასევე, დაემთხვა ლარის გამყარებას დოლართან.

„ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო და არა მხოლოდ თურქული ლირის გაუფასურების ფაქტორი, მათ შორის, ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებებიც. მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, ასევე ვალუტის შეძენა რეზერვისთვის; შესაძლოა ამ პერიოდში მოხდა საგარეო ვალის დაბრუნებაც სახელმწიფოს მიერ [რაც ასევე იწვევს კურსის ცვლილებას]“, – ამბობს გიორგი ქათამაძე.

რეფინანსირების განაკვეთი, ფინანსისტის თქმით, გაიზარდა იმიტომ, რომ ლარზე ხელმისაწვდომობა ყოფილიყო ცოტათი შეზღუდული, შესაბამისად, ლარზე მოთხოვნა იზრდებოდა. როცა მოთხოვნა იზრდება, ვალუტა მყარდება. მაგრამ რახან რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა, ხელმისაწვდომობა ლარზე პირიქით, გაიზარდა, რაც ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს მისი გაუფასურების.

იმ შემთხვევაში კი, როცა ეროვნული ბანკი რეზერვებს ზრდის, ის ყიდულობს დოლარს [იღებს მიმოქცევიდან], შესაბამისად, დოლარის მასა მცირდება, იზრდება მოთხოვნა დოლარზე, რაც მის კურსს ზრდის.

რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც 2018 წლის იანვრიდან უცვლელი იყო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 27 ივლისს 0,25%-ით შეამცირა. 27 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით კი, ეროვნულმა ბანკმა 27,5 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

ლარმა გაუფასურება 9 აგვისტოდან დაწყო. ეროვნული ვალუტა თითქმის 7 თეთრით გაუფასურდა. ეროვნულ ბანკს [სები] „ნეტგაზეთმა“ ჰკითხა უკავშირდება თუ არა ლარის გაუფასურება აგვისტოს დასაწყისში ბანკის მიერ მილიონობით დოლარის შესყიდვას, თუმცა სებისგან პასუხი ვერ მიიღო. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსზე კომენტარს არ აკეთებს.

„ეს ორი ფაქტორი შესაძლოა ყოფილიყო გადამწყვეტი, რამაც გააუფასურა ლარი. მაგრამ ლირის პროცესებს რატომ დაემთხვა ლარის უკუსვლა, უფრო ღრმადაა გასაანალიზებელი. თუ აღმოჩნდა, რომ ლირის ასეთი მკვეთრი რყევით ჩვენი ეკონომიკური პროცესები მიდის უკან და თუ ეს მხოლოდ ლირის კურსის ცვალებადობამ განაპირობა, გამოდის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თურქეთში ლირის კურსის ცვალებადობა გამოიწვევს ჩვენს ეკონომიკურ პროცესებზე პირდაპირ დარტყმას. ეს კი ნიშნავს, რომ მოგვიწევს რაღაც ღონისძიებების გატარება – მაკროეკონომიკური ღონისძიებები იქნება უფრო მკაცრად დასაგეგმი, ქვეყანას დასჭირდება ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა და სხვა“, – ამბობს გიორგი ქათამაძე.

ფინანსისტის თქმით, ბოლო პერიოდში თურქეთში ლირის კურსის ვარდნა იყო ძალიან მკვეთრი, მოკლე დროში და სწრაფი: „თურქეთში არა მხოლოდ მაკროეკონომიკური, თუ, ზოგადად, ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროცესებიც ძალიან სწრაფად იცვლება და იძაბება. ვალუტის გაუფასურების პროცესი საქართველომაც გაიარა, მაგრამ ეს პროცესი არ იყო ისეთი სწრაფი, როგორც ახლა თურქეთში. პროცენტულად, ის, რაც საქართველოში, ვთქვათ, 2 წლის განმავლობაში მოხდა, თურქეთში მოხდა რამდენიმე დღეში. ჩვენთან ეს პროცესი ფასდებოდა და ყველაზე მკვეთრი რაც მივიღეთ იყო ჭარბვალიანობა, ფასების ზრდა  და სხვა“.

გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ აშშ-ის სანქციებით თურქეთის მიმართ და თურქეთის საპასუხო რეაქციით, საქართველო რეგიონში აღმოჩნდა ორ ქვეყანას [თურქეთსა და რუსეთს] შორის, სადაც არის ანტიამერიკული განწყობები, რომლებსაც ურთიერთსანქციების პროცესში უწევთ ამერიკასთან ურთიერთობა. ეს კი პირდაპირ აისახება საქართველოზე, ვინაიდან იმპორტ-ექსპორტის მხრივ თურქეთი, ასევე რუსეთი, ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა.

„თუმცა, აქ არის ერთი საკითხი. მაგალითად, მანათი რომ გაუფასურდა აზერბაიჯანში, ლარს არ ჰქონია ასეთი მკვეთრი ცვლილება დოლართან მიმართებაში. არც რუსეთში რუბლის მერყეობის შემთხვევაში, მაგრამ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსის რყევამ ამ დღეებში აჩვენა, რომ ან დამთხვევაა [ზემოაღნიშნულ ფაქტორებთან], ან პირდაპირდამოკიდებულია ლირის კურსის ცვალებადობა ლარის კურსზე“, – ამბობს გიორგი ქათამაძე.

გიორგი ქათამაძე თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური ბერკეტები გაცილებით მძლავრია, ვიდრე აქამდე იყო, რათა ასეთი საგარეო შოკებისგან ვიყოთ უფრო დაცულები; გარე სავალუტო შოკებისგან კი ღია სავალუტო ბაზარი ეროვნულმა ბანკმა უნდა დაიცვას:

„საქართველოში მცოცავი კურსია, ძალიან კარგია, როცა თავისუფალი სავალუტო ბაზარია ვაჭრობის კუთხით, მაგრამ ექსპერტების შეფასებით უარყოფითი აქ ისაა, რომ რამდენიმე ბანკი ახდენს ამ ბაზრის მართვას, რამდენიმე ბანკი ადგენდა ამ კურსს და ხდებოდა რაღაც თამაში ამ ბაზარზე. უნდა იყოს ისეთი სისტემა, რომელიც მკვეთრად დაიცავს ბაზარს ხელოვნური ფაქტორებისგან. ერთადერთი, ეროვნულ ბანკს აქვს დღეს ბერკეტი ამ კურსზე იმოქმედოს. რეზერვებს რატომ ქმნის ეროვნული ბანკი? – მან უნდა გამოიტანოს ეს რეზერვები საჭიროების შემთხვევაში და შეინარჩუნოს კურსი რაღაც ნიშნულზე. ესაა მისი მიზანი“.

მისივე თქმით, ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურება, თუ ლირის გაუფასურება იგივე დოლართან, მაინც სხვადასხვა პროცესია და პირდაპირ ვერ დავაკავშირებთ ერთმანეთთან. თუმცა, ორივე შემთხვევაში პირდაპირპროპორციულად აისახება ეს მოქალაქეებზე – ლირის გაუფასურებამ პირდაპირ დაარტყა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც მუშაობენ თურქეთში, არიან თვითდასაქმებული, თუ სეზონურ სამუშაოზე [ისინი მუშაობდნენ წინასწარგარიგებულ თანხაზე და შედეგად ღებულობენ იმას, რომ ფაქტობრივად განახევრებულ თანხაზე უწევთ ახლა მუშაობა]; ასევე პირდაპირ იმოქმედა იმათზე, ვისაც ლირაში აქვს შემოსავალი, ვთქვათ, ტურისტული სააგენტოები, ტრანსპორტის სფერო, და ა.შ.

„მაგრამ აქ მეორე მომენტიც არის. ქართულ კომპანიებს თურქეთიდან შემოაქვთ საქონელი და უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება დებიტორულად, ანუ გადარიცხვის მეთოდით ლირაზე. ამ კომპანიებმა ლირის კურსის დაცემით მოიგეს იმით, რომ საქონლის თვითღირებულება მათთვის შემცირდა და ეს არის შესაძლებლობა 20-30%-იანი მოგება ნახონ“, – ამბობს გიორგი ქათამაძე. – „თუ, ვთქვათ, თურქული მიმწოდებელი კომპანიები მოახდენენ იმას, რომ ფასი შეცვალონ, გაზარდეს კიდეც ფასი და ახლა ახალი ფასით მოაწოდებენ საქონელს, ასეთ შემთხვევაში სხვა რისკის წინაშე დგებიან, რადგან შესაძლებელია შეცვლილი ფასების პირობებში უკვე ახალი კონკურენციის მომენტი გაჩნდეს – ან ნაკლებად შეცვლიან, ან არ შეცვლიან ფასს კომპანიები, ამიტომ თურქული კომპანიებისთვის უფრო შეიქმნა ფორსმაჟორი, ვიდრე იმათთვის, რომლებიც ახოორციელებენ იმპორტს თურქეთიდან“.

ლირის გაუფასურება გამოიწვევს თუ არა თურქული ინვესტიციების შემცირებას საქართველოში? – ფინანსისტი ამბობს, რომ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, როცა ბიზნესს ერთ ქვეყანაში აქვს კაპიტალი და ამ ქვეყანაში იწყება ეკონომიკური რყევები, სხვადსხვა ქვეყნაში ახდენენ დივერსიფიცირებას მათი ინვესტიციების და შესაძლოა პირიქით ეფექტი გამოიღოს: „როგორც არსებობს იმის ალბათობა, რომ თურქულმა ბიზნესმა შეიძლება საქართველოში ამ რყევების გამო შეამციროს ინვესტიცია, ასევე არსებობს იმის ალბათობაც, რომ პირიქით გაზარდონ ინვესტიციები სტაბილურ ქვეყნებში. მათ შორის საქართველოშიც. ჩვენს ბაზარს იცნობენ, რეგულაციებს იცნობენ, ნაცნობია ეკონომიკური გარემო“.

 

გემთმფლობელი მედიას მოუწოდებს, არ გაასაჯაროვონ გაუჩინარებულ გემზე მყოფი 17 მეზღვაურის ვინაობა

გემთმფლობელი კომპანია გაუჩინარებულ გემს, სადაც 17 ბათუმელი მეზღვაურია, უშედეგოდ ეძებს. გემთმფლობელმა კომპანიამ, Lotus Shipping-მა აფრიკის სანაპიროსთან გაუჩინარებულ გემთან დაკავშირებით საშუამავლო კომპანია „იალქანს“  წერილი გამოუგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები გრძელდება 14 აგვისტოს გაუჩინარებულ გემზე, სადაც 17 ბათუმელი მეზღვაური იმყოფება. გემის გაუჩინარების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

კომპანია „იალქანი“ საშუამავლო კომპანიაა, საიდანაც ქართველი მეზღვაურები ბერძნულმა კომპანიამ Lotus Shipping-მა დაასაქმა. 

„ჩვენ „ლოტუს შიფინგის“ წარმომადგენლები ძალ-ღონეს არ ვიშურებთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რადგან გემზე მყოფი ეკიპაჟის უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია,“ – წერია წერილში.

Lotus Shipping-ი ასევე მიმართავს მედიას და მათ მოუწოდებს, ბორტზე მყოფი მეზღვაურების ვინაობა არ გასაჯაროვდეს. 

„გვინდა, ვთხოვოთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებს ამ მძიმე პერიოდში და არ გაასაჯაროვონ მათი სახელები და გვარები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემ Pantelena-სთან კონტაქტი ღამის ორ საათზე შეწყდა. გემების ონლაინსანავიგაციო სისტემა Marine Traffic-ის მონაცემებით, ტანკერი გაბონში ოვენდოს პორტიდან ამავე ქვეყნის მეორე, ლიბერვილის პორტისკენ მიემართებოდა.

დასუფთავების აქციისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია ლიდერებს ეძებს

საერთაშორისო ორგანიზაცია Let`s Do It World – ის წარმომადგენლები საქართველოში მოხალისე ლიდერებს ეძებენ. ორგანიზაცია 15 სექტემბრისთვის ემზადება, როცა მსოფლიოს 150 ქვეყანა დასუფთავების დღეს აღნიშნავს.

საქართველო დასუფთავების საყოველთაო აქციას წელს პირველად შეუერთდება. მსოფლიოს დასუფთავების დღე სამოქალაქო მოძრაობაა, რომელიც 2008 წელს  ესტონეთში სპონტანურად დაიწყო. მოძრაობას დაერქვა „Let’s Do It!“, რომელიც ამ მიმართულებით ყველაზე დიდ ორგანიზაციად იქცა.  

გიორგი აზარიაშვილი, მოძრაობა „Let’s Do it Georgia“-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ მოხალისე ლიდერებს ისინი საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან და სოფლიდან ელოდებიან.

„რამდენიმე მოხალისე უკვე გამოჩნდა. პროექტის მიზანია მოსახლეობის 5%, ანუ 200 000 ადამიანი ჩავრთოთ აღნიშნულ ღონისძიებაში და სამუდამოდ შევცვალოთ ნარჩენების დაყრის ჩვევა საქართველოში. 15 სექტემბერს ადამიანები შეიკრიბებიან ყველგან საერთო მიზნით – ჯანსაღი და სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად, ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს გახდნენ ჩვენი მოხალისეები ერთი დღით. ჩვენთან დაკავშირება ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდიდანაც შეიძლება,“ – ამბობს გიორგი აზარიაშვილი.

15 სექტემბერს მსოფლიოს დასუფთავების აქცია იაპონიიდან დაიწყება და ჰავაიზე დასრულდება. 

 

„მესაკუთრეები სახლის დაცლას გვთხოვენ“ – ეკომიგრანტების აქცია წალკაში

„მთავრობა გვეუბნება, რომ რიგია და ჩვენც მოგვცემენ სახლს, მაგრამ როდემდე? რამდენ ხანს შეიძლება ელოდო რიგს? ჩემთან უკვე მოვიდა ბერძენი მესაკუთრე და სახლის დაცლას მთხოვს,“ – ამას წალკაში, სოფელ ქვემო ხარებაში მცხოვრები ნუგზარ პაქსაძე ამბობს. ის ერთ-ერთი ეკომიგრანტია, ვინც დღეს წალკაში საპროტესტო აქციაზე გამოვიდა.

„ვითხოვთ ყურადღებას. 20 წლის წინ წამოვედი აჭარიდან, ჩემი სახლი მეწყერმა წაიღო. მას შემდეგ დაპირებებით მაცხოვრებენ. ახლა მითხრეს, ადვოკატი უნდა აიყვანოო. სად მაქვს ადვოკატის ხარჯის თავი, დედაჩემის საფლავზე ვერ ჩავსულვარ აჭარაში,“ – გვითხრა ნუგზარ პაქსაძემ.

ეკომიგრანტის თქმით, გამოსახლება მის სოფელში კიდევ 20 ოჯახს ელოდება. მთლიანად წალკაში ასობით ეკომიგრანტი ჯერ კიდევ ელის საცხოვრებელი სახლის გადაცემას.

„რიგი რიგია, რიგში ვინმეს წინ ვერ წავწევთ, ამას იმიტომ ამბობენ, რომ რიგში წინ წაიწიონ,“ – აცხადებენ დევნილთა და განსახლების სამინისტროს პრესცენტრში. უწყების ინფორმაციით, მათ დეტალურად აქვთ შესწავლილი თითოეული ეკომიგრანტის მდგომარეობა და გამოსახლება არავის ელოდება. პრესსამსახურის ინფორმაციით, მესაკუთრე სახლში მთავრობის მითითებით შესულ ეკომიგრანტს სამინისტროს ნებართვის გარეშე ვერ გამოასახლებს, მოთხოვნა გამოსახლებაზე კი, უწყებაში არ შესულა.

დევნილთა და განსახლების სამინისტრო წალკაში ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის პროცესის დასრულებას 2020 წლისთვის აპირებს. სამინისტროს პრესცენტრში განმარტავენ, რომ ბინას ჯერ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები მიიღებენ. ეკომიგრანტმა საცხოვრებელი ბინა თავად უნდა შესთავაზოს სახელმწიფოს, რაშიც 25 ათასი ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან. თანხის ჩარიცხვამდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა უნდა დადოს, რომ სახლი მყარია და საცხოვრებლად ვარგისი. თუკი მოქალაქე 25 ათას ლარზე მეტი ღირებულების სახლს შეარჩევს, სხვაობა თვითონ უნდა დაფაროს.

 

 

რა შეიცვალა დიდგორობის აქციის წინ მასაჟის სალონების 12 მენეჯერის დაჯარიმებით

დიდგორობის დაანონსებული აქციის წინ, 11 აგვისტოს, ბათუმში პოლიციის მესამე განყოფილებამ მასაჟის სალონების 12 მენეჯერი ერთდროულად დააკავა.  ვიდრე მარშელები ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით ქუთაისის ქუჩაზე მასაჟის სალონებს ჩაუვლიდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „მხილებული ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეები დროებით მფლობელობაში არსებულ მასაჟის სალონებში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად ფართს უთმობდნენ…“

მასაჟის სალონები დღესაც ჩვეულებრივ მუშაობენ. პროკურატურას არ განუმარტავს, რა ინტერესს ემსახურებოდა „ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეები“ პასუხისგებაში მიცემა და რა ინტერესს ემსახურებოდა მენეჯერების ფულადი დაჯარიმება.

11 აგვისტოს შსს აცხადებდა, რომ „ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ მკაცრი სასჯელის მიუხედავად, პროკურატურამ ბრალდებულების მხოლოდ დაჯარიმება გადაწყვიტა. მასაჟის სალონების 12 მფლობელი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს. მათთან საპროცესო შეთანხმება აღკვეთი ღონისძიების ეტაპზე, 13 აგვისტოს გაფორმდა.

„აი, ჯარიმის ქვითარი, ჩვენ ფული უკვე გადავიხადეთ, პრობლემაა ისევ რამე?“ – ეს ფრაზა რამდენიმე მასაჟის სალონში გვითხრეს და ბანკის მიერ გაცემული ქვითარიც გვაჩვენეს. მენეჯერებს 300-300 ლარი ადვოკატისთვის გადაუხდიათ, რომელსაც საადვოკატო ოფისი სალონებთან ახლოს ჰქონია. დაკავებულებს „იურიდიული დახმარების ცენტრის“ უფასო მომსახურებით არ უსარგებლიათ.

„პოლიცია მოვიდა და ყველაფერი გაჩხრიკა. ჩვენ წაგვიყვანეს, დაგვკითხეს და გამოგვიშვეს. დილამდე დაგვკითხეს. მალე მოგვარდა ყველაფერი. ადრე უფრო იყო მუშაობა, ახლა არა, ბევრი სალონი გაიხსნა… როგორ დაადასტურეს, რომ პროსტიტუციისთვის ადგილი გადავეცით, არ ვიცი, მთავარია, მუშაობას განვაგრძობთ,“ – გვითხრა მასაჟის სალონის LUCKY MASSAGE-ს მენეჯერმა, შავივან ნიანფლოიმ.

მენეჯერების უმრავლესობას ქართულად, ასევე ინგლისურად საუბარი უჭირს. ერთ-ერთმა მენეჯერმა, რომელსაც ინგლისურად ვესაუბრეთ, გვითხრა, რომ პოლიციის მიდგომას აპროტესტებს და ვინაობის გამხელა არ სურს.

„მე რვა წლის წინ ჩამოვედი აქ. თავდაპირველად რესტორანი გავხსენი, მერე სალონები. პოლიციამ გაჩხრიკა სალონი და ამოიღო პრეზერვატივები. მე საიდან უნდა ვიცოდე, რა აქვთ გოგოებს? ან პრეზერვატივის ქონა დანაშაულია? მე მენეჯერი ვარ და ეს არის მასაჟის სალონი. კაბინაში კიდევ რას აკეთებს გოგო კლიენტთან, მე არ ვიცი. რით ადასტურებენ, რომ მე სექსუალური მომსახურებისთვის მოვაწყვე ეს სალონი? ასე თუა, მარინაც დასაჯონ. მარინა ვინაა და ამ ადგილის მესაკუთრე, მაგისგან მაქვს ნაქირავები ეს ადგილი და თვეში 500 ლარს ვუხდი. ეს რა კანონია, ვერ გავიგე,“ – გვითხრა მან.

მასაჟის სალონის მენეჯერის თქმით, ამ დრომდე იგი პოლიციელებს არ დაუჯარიმებიათ. გვითხრა, რომ პოლიციას წინა წლებში რამდენჯერმე თვითონ მიმართა.

„ძირითადად პრობლემა იყო ქართველ კლიენტებთან, მათ მხოლოდ სექსი უნდათ და არა მასაჟი. მერე იწყებენ ჩხუბს…“ – დაასრულა მენეჯერმა.

სისხლისსამართლებრივ პასუხგებაში მიცემული მენეჯერების უფლებებს ადვოკატი ნუგზარ მიქელაძე იცავდა. მისი თქმით, დაკითხვის პროცესს ტაილანდური და ჩინური ენის მცოდნე თარჯიმანი ესწრებოდა.

რა მტკიცებულებების საფუძველზე წაუყენა ბრალი პროკურატურამ მასაჟის სალონის მენეჯერებს?  – „პრეზერვატივები ამოიღეს სალონებიდან. იქ იყო ნივთები, რაც მასაჟს არ სჭირდებოდა,“ – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატს ვკითხეთ, არსებობდა თუ არა კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ბრალდებულებმა მასაჟის სალონი სპეციალურად გადასცეს იქ დასაქმებულ პირებს პროსტიტუციისთვის? – ადვოკატის თქმით, ასეთი მტკიცებულებაც არსებობდა.

„კონკრეტული მოწმეები არსებობდნენ საქმეში, რომლებიც ადასტურებდნენ ბრალში მითითებულ გარემოებებს,“ – ამბობს ის.

დაჯარიმებული სალონების მფლობელების ინტერესების დამცველი ადვოკატი ნუგზარ მიქელაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურაა მართალი. „ბრალი შეესაბამებოდა სინამდვილეს. სავსეა აქაურობა სალონებით, ჯამში 35 სალონი იქნება სადღაც… ჩემი ინფორმაციით, არც ერთი სალონი არ დაკეტილა. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს სიტუაციის შეცვლაზე“, – გვითხრა მან.

შავივან ნიანფლოი

 

 

მაინცადამაინც „ოცნების ქალაქში“ უნდა ჩამედგა ქოხი? – მრავალშვილიანი ოჯახი ბათუმში

10 წლის ლიზი ყველაზე ხშირად სახლებს ხატავს. საკუთარი სახლი ლიზის და მისი უმცროსი და-ძმების ოცნებაა. ლიზი სალიბაურის სკოლა-ინტერნეტში სწავლობს. კარგად სწავლის დასადასტურებლად იგი რამდენიმე სერტიფიკატსაც გაჩვენებთ. ლიზი საზაფხულო არდადეგებისთვის წიგნების კითხვას გეგმავდა, მაგრამ ვერ შეძლო – სახლში მუდმივად ხმაურია. სახლი მხოლოდ ერთი ოთახია, ხის აივანი და ეზო, რომლის წინ ლერმონტოვის ქუჩაზე, მერიის ადმინისტრაციული შენობაა. აქ რამაზ შენგელიას ოჯახი ნაქირავებ სახლში ახლა უკვე მეექვსე შვილს ელოდება.

„12 წელია ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, ამას თუ ცხოვრება ჰქვია…“ – გვიყვება რამაზ შენგელია, –  „წვიმაში უნდა მოსულიყავით, როგორ ჩამოდის წყალი, ვირთხები თავისუფლად შემოდიან. მერამდენე წელია თავშესაფარს ვითხოვთ, წერილს წერილზე ვწერთ მერიაში, მაგრამ უშედეგოდ“.

რამაზ შენგელია სამტრედიიდანაა. ამბობს, რომ მისი სახლი 20 წლის წინ დაიწვა და კომპენსაციის მიღებაც ვერ შეძლო. მშობლების დაღუპვის შემდეგ სამუშაოდ ბათუმში ჩამოვიდა, ნაირა ხმალაძესთან დაქორწინდა და აქ დარჩა.

რამაზ შენგელიას ოჯახი ბარაკული ტიპის დასახლებაში ბოძებზე შემდგარ ავარიულ სახლში ქირით ცხოვრობს, წყლის ონკანი და ტუალეტი ეზოშია. ოთახში, სადაც ბავშვების ზუზუნი არ წყდება, ნაირა ხმალაძე მიხსნის, როგორ ახერხებს 7 სული ერთად დაძინებას.

„მდივანს ვშლი, იქ მათე და ანდრია წვებიან. ამ კუთხეში ლიზის გასაშლელი საწოლი აქვს. პატარებს კიდევ მე ვიწვენ,“ – ამბობს ის და მაგიდასთან ბრუნდება, რომელიც ეზოში გამავალ კარზეა მიდგმული. კარი უფუნქციოა, მაგრამ მაინც აღებენ, რადგან ცხელა. აქედან შესაძლოა ბავშვები გადაცვივდნენო, ამბობს ნაირა და ამიტომაც დავდგით აქ მაგიდაო.

„სოციალურ შემწეობას ვიღებთ, 470 ლარი გამოდის. ასევე გვაძლევენ მრავალშვილიანობის ფულს თვეში – 180 ლარს, მაგრამ 5 ბავშვთან რა უნდა გეყოს? ქირის ფულს ვიხდით მარტო 200 ლარს, კიდევ კომუნალური გადასახადებია. არავის უნდა ბინის ქირით გადმოცემაც, რადგან ამდენი შვილი გვყავს. ეს ბინაც ძლივს ვიპოვეთ ორი წლის წინ… საჭმელი სასადილოდან მოგვაქვს, მაგრამ ყოველთვის ერთი და იგივე ბავშვებს აღარ უნდათ. ხანდახან რამაზი საჭმელს როცა იყიდის, პეჩენიასაც გამოაყოლებს, ესაა ამათი ტკბილეული,“ – ამბობს ნაირა.

რამაზ შენგელია ყოველდღე შრომობს. უბანში გადის და ფიზიკური სამუშაო სადაც გამოჩნდება, იქ მიდის. ხან 150 ლარი გამომდის თვეში, ხანაც ორასიო მიყვება და მერე მეკითხება:

„მაინცადამაინც ქოხი უნდა მომეჭედა და „ოცნების ქალაქში“ ჩამედგა, რომ ყურადღება ვინმემ მომაქციოს?“

ნაირა მერიის მიდგომას აპროტესტებს. ფიქრობს, რომ 5 შვილი საკმარისი პირობა უნდა იყოს იმისთვის, რომ სახელმწიფომ ოჯახს ბინა მისცეს.

„მერიაში გვითხრეს, შვიდი ბავშვის შემდეგ შესაძლებელია განხილვაო. ბინის მისაღებად ამდენი ბავშვის გაჩენა სწორია? მერე იქაც ვეღარ დავეტევით, რა ვიცი“, – თქვა მან და ბავშვების გაშველება სცადა, სახელდახელოდ ჩხუბი რომ წამოუწყიათ.

„გინდათ, გაჩვენოთ ჩემი ნახატები?“ – მოულოდნელად კითხულობს და-ძმებს შორის ყველაზე უფროსი – ლიზი და საქაღალდეში გადაწყობილ გადარჩეულ ნახატებს მაჩვენებს. მიყვება, რომ სკოლა-ინტერნატში კარგი პირობებია და იქ მეცადინეობს მშვიდად. ლიზის მათემატიკა უყვარს, ექიმობა გადაუწყვეტია.

„სკოლაში კომპიუტერიც გვაჩუქეს, მაგრამ გაფუჭდა. დედას უთხრეს, მაგის გაკეთებას ახალი იყიდო ჯობიაო… ახლა გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხეს“ ვკითხულობ, ძალიან მომწონს მარიტა, მაგარი გოგოა. კიდევ ფუფალა მომწონს, ყველაზე საინტერესო, მგონი, ისაა,“ – ასრულებს ის და ეზოში გარბის.

 

 

 

ბრძოლა მეჩეთისთვის და მეჩეთის წინააღმდეგ

„მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა იმაში, რომ თავისუფლად შევძლო ვემსახურო ჩემს რელიგიურ მრწამსს“, – ასე ფიქრობს ბათუმელი მუსლიმი თეონა ვარშალომიძე. მისი აზრით, ბათუმში ახალი მეჩეთი საჭიროა, რადგან არსებული მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს.

საქართველოში ძალიან ბევრი მოქალაქე თეონას კატეგორიულად არ ეთანხმება. არსებობს ბევრად რადიკალური მოსაზრებებიც.

ვინ ითხოვს მეჩეთს

მეჩეთს ბათუმში აჭარაში მცხოვრები მუსლიმები ითხოვენ. მეჩეთის მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ საკმარისია ის, რაც უკვე არსებობს.

დღეს ბათუმში მხოლოდ ერთ, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებულ მეჩეთს – ორთა-ჯამეს იყენებენ რელიგიური დანიშნულებით. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და სახელმწიფოს ეკუთვნის. მუსლიმების თქმით, ორთა-ჯამე ლოცვაზე დასწრების მსურველ მორწმუნეთა ნახევარსაც კი ვერ იტევს.

მუსლიმები ბათუმში ყოველი პარასკევის ლოცვას წლებია მეჩეთის გვერდით ქუჩაზე, ქვაფენილზეც რომ ასრულებენ, ამას სადავოდ არავინ ხდის. მაგრამ სადავოა ის საკითხი, თუ ვინ ლოცულობს ამ მეჩეთში. იმის მიუხედავად, რომ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის, ანუ ბოლო აღწერის მონაცემებით, ბათუმში 38 762 მუსლიმი ცხოვრობს, ახალი მეჩეთის აშენების მოწინააღმდეგეების აზრით, მეჩეთში სალოცავად სპეციალურად ჩამოჰყავთ მორწმუნეები როგორც აჭარის სოფლებიდან, ისე თურქეთიდან.

თეონა ვარშალომიძე

პროფესიით ექიმი თეონა ვარშალომიძე ამბობს, რომ მათთვის დამთრგუნველია, როცა ქართველ მუსლიმებს 21-ე საუკუნეში ისევ სჭირდებათ ხაზგასმა, რომ ქართველები არიან:

„ხშირად მესმის, თითქოს მეჩეთის აშენება უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება. შესაძლებელია, გარე ძალებს მართლაც აწყობთ ქართული საზოგადოების დაპირისპირება რელიგიის თუ პატრიოტიზმის სახელით, მაგრამ არავის აქვს უფლება მიმითითოს, სად და როდის ვილოცო. აქ სწორედ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ჩემი უფლებები“.

„ვერ ვეტევით, გვჭირდება მეჩეთი. თუ სხვა ქვეყნის მომლოცველიც შემოვა, რა პრობლემაა“, – ამბობს კიდევ ერთი მუსლიმი, ბათუმში მცხოვრები, პროფესიით ინჟინერი დანიელ მიქელაძე. მისი აზრით, ახალი მეჩეთის მშენებლობა მუსლიმების საჭიროებას წარმოადგენს და „საზოგადოება პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს“.

ხელისუფლების დაპირებები წლების მიხედვით 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ბათუმში ახალი მეჩეთის ასაშენებლად მუსლიმები სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის გამოყოფას 1990-იანი წლებიდან სთხოვენ.

თავად ხელისუფლებამ კი მეჩეთის მშენებლობის შესაძლებლობა საჯაროდ, პირველად, 2012 წელს გაახმაურა, რასაც წინ უძღოდა მაშინდელი მთავრობის თურქულ მხარესთან მოლაპარაკება, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების – ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციის თაობაზე. მაშინ ითქვა, რომ სწორედ ამ კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის სანაცვლოდ ბათუმში უნდა აშენებულიყო ე.წ. აზიზიეს მეჩეთი, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე არსებობდა ბათუმში და შემდეგ დაანგრიეს.

ამ ინფორმაციის გასაჯაროებას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მოჰყვა ბათუმში.

2012 წელი, აქცია აზიზიეს მეჩეთის წინააღმდეგ

„მეჩეთზე ჩვენ ვიყავით შეთანხმებული, როგორც კულტურის ცენტრზე ბათუმში და არა, მოქმედ მეჩეთზე… მე ნამდვილად არც მოქმედ მეჩეთში არ ვხედავ პრობლემას“, – განაცხადა საპროტესტო ტალღის შემდეგ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილმა, მაშინდელი ხელისუფლების მთავარმა ოპოზიციონერმა თქვა, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობას თავად დააფინანსებდა.

2013 წლის თებერვალში ივანიშვილმა უკვე პრემიერის რანგში დაადასტურა, რომ „მეჩეთისთვის ადგილს ეძებს აჭარის მთავრობის მეთაური ხაბაძე“. 2013 წლის მარტში, თემაზე კომენტირებისას, აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ და დღეს მოქმედმა პარლამენტარმა არჩილ ხაბაძემ დააზუსტა: “ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ მეჩეთის მშენებლობა მოხდება ქართული ფულით“.

მუსლიმების შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, ურეკის რეზიდენციაში

ზუსტად ერთი წლის თავზე პრემიერი ივანიშვილი შეხვდა მუსლიმებს ურეკის რეზიდენციაში. შეხვედრიდან გამოსულმა მუსლიმებმა განაცხადეს, რომ უკვე განსაზღვრულია ადგილი, სადაც საკულტო ნაგებობა აშენდება.

ბზარი მუსლიმებსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის

2014 წლიდან ვითარება რადიკალურად და საპირისპიროდ შეიცვალა – მუსლიმმა თემმა მოიპოვა სასულიერო პირების ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი მიმართვა მთავრობისადმი, რომელშიც ეწერა:

„ქ. ბათუმში მოქმედ “ორთა ჯამეს” გაფართოების ან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ალტერნატივად, მოვითხოვთ სახელმწიფომ უზრუნველყოს ბათუმის “ორთა ჯამეს” რეკონსტრუქცია-რესტავრაცია და სათანადოდ მოწყობა”.

დოკუმენტს ხელს აწერდა დასავლეთ საქართველოს მუფთი და კიდევ 22 სასულიერო პირი. მუსლიმმა აქტივისტებმა მაშინ განაცხადეს, რომ დასავლეთ საქართველოს მუფთს სპეცსამსახურების ზეწოლის პირობებში მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე, თუმცა, თავად მუფთმა, ჯემალ პაქსაძემ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

ამ ფაქტიდან მალევე სამუფთო სამმართველოს პირველი პირმა, ჯემალ პაქსაძემ თანამდებობა დატოვა.

2015 წელს, აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან მუსლიმთა სამმართველოს 4 მილიონი ლარი გამოუყო. ამასთან, სამმართველოს სარგებლობის უფლებით გადასცა ბათუმში, ანგისის ქუჩა 39-სა და 41 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთები და მათზე არსებული შენობა-ნაგებობები. მუსლიმთა სამმართველომ ბინა სწორედ ამ შენობაში დაიდო [მუფთის რეზიდენცია დღემდე ამ შენობაშია განთავსებული].

იმავე წელს მთავრობამ ღიად განაცხადა, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, რაც ოფიციალურად დაადასტურა ახალმა მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ.

მუფთების ხელმოწერით გავრცელებულმა დოკუმენტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მორწმუნეებში. „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ სამუფთოსთან მორწმუნეების ურთიერთობას ასე ჩამოაყალიბა: „ეს ორგანო (სამუფთო) შექმნილია სახელმწიფოსთვის და არა მუსლიმებისთვის“.

სამუფთოს გარეშე – მუსლიმების თვითორგანიზება ახალი მეჩეთისთვის

მოვლენების მსგავსი განვითარების შემდეგ, მუსლიმებმა „ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“ შექმნეს და წლების წინ წამოწყებული მეჩეთის მშენებლობისთვის შემოწირულობების შეგროვების კამპანია გააძლიერეს. 2016 წელს, მუსლიმებმა გენერალ აბაშიძის #49-ში 2 500 კვადრატული მეტრი მიწა კერძო პირისგან იყიდეს და მერიას ახალი მეჩეთის პროექტი წარუდგინეს დასამტკიცებლად.

მერიამ მუსლიმებს მეჩეთის პროექტზე უარი უთხრა. ბათუმის მაშინდელი მერის გიორგი ერმაკოვი უარის დოკუმენტში წერდა, რომ ტერიტორია, სადაც მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობა სურთ, „მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია“.

მუსლიმებმა მიიჩნიეს, რომ მერის არგუმენტები დისკრიმინაციული იყო და ბრძოლა სასამართლოში განაგრძეს.

2017 წლის ივნისში, მუსლიმების სახელით მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის მოპოვების მიზნით, სასამართლოს ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ,  -„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI)  და ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) მიმართა. სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესების დამცველ ორგანიზაციებს მიაჩნდათ, რომ აღნიშნულ ზონაში, სადაც მერიამ მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრა, განთავსებულია მართლმადიდებლური ეკლესიები, რისთვისაც მიწა სახელმწიფომ გამოყო.

„საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის სამართლებრივი შეზღუდვა, რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციას წარმოადგენს“, – წერია ამ ორგანიზაციების მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ სარჩელში.

2018 წლის 28 მარტს, ბათუმის მერიას სახალხო დამცველმაც მიმართა და მუსლიმებისთვის უარის დოკუმენტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

სასამართლომ მერიას და მუსლიმებს მორიგება შესთავაზა. უკვე ახალმა მერმა, ლაშა კომახიძემ თავდაპირველად თქვა, რომ ამ საკითხზე თემთან მოლაპარაკებებს იწყებდა, მოგვიანებით კი მან მუსლიმებს განუცხადა, რომ მეჩეთის მშენებლობის ნებართვას იმ შემთხვევაში მისცემდა, თუკი „მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის“ მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი, მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებაში გადავიდოდა.

გიორგი ბოლქვაძე

მუსლიმები მერიის შეთავაზებას არ დათანხმდნენ. ახლა ისინი სასამართლოს განახლებას ელიან და ამბობენ, რომ ეს პროცესიც ჭიანურდება.

მუსლიმები ამბობენ, რომ ხელისუფლება მუსლიმი თემის გაკონტროლებას ცდილობს. მათი აზრით, სწორედ ამ მიზნით შექმნა ხელისუფლებამ მუსლიმთა სამმართველოც, სადაც მუფთებს ხელისუფლება ნიშნავს და ხელფასს უხდის.

დაპირებიდან დაპირებამდე

მუსლიმ თემსა და ხელისუფლებას შორის ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი ერთგვარ საჯილდაო ქვად იქცა. თემა პერმანენტულად – არჩევნების წინ ან სამთავრობო ცვლილების დროს აქტიურდება. მუსლიმი მორწმუნეების პარალელურად ხელისუფლებამ ისევ დაიწყო დაპირებების გაცემა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე.

ის, რომ მეჩეთი აშენდება, ამაზე საუბარი აჭარის მთავრობაში უშუალოდ ზურაბ პატარაძემ გაანახლა. „მუსლიმებთან შეთანხმებული ვართ“, „ტექნიკური საკითხები ზუსტდება“, – ამ ფრაზებს პატარაძე თანამდებობის დატოვებამდე ორი წლის განმავლობაში იმეორებდა.

მარიეტა იობიძე

2018 წლის 4 ივლისს, აჭარის მთავრობაში თორნიკე რიჟვაძე მოვიდა, რომელმაც აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრამდე განაცხადა, რომ „მეჩეთი უნდა აშენდეს, ოღონდ ქართული ფულით“.

ამ განცხადების გამო რიჟვაძე სოციალურ ქსელებში ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. მისი მორიგი განმარტება ამ საკითხზე იყო ასეთი: „სად და როდის უნდა აშენდეს მეჩეთი, ან როგორი უნდა იყოს მისი არქიტექტურა, საზოგადოებასთან კონსენსუსით გადაწყდება“.

ქართველ მუსლიმთა იმედგაცრუება

მუსლიმები წუხან იმის გამო, რომ მეჩეთის მშენებლობის საკითხი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებას „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ და მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ფეისბუკში ასე გამოეხმაურა:

„ფეხებზე მკიდია თქვენი გადაწყვეტილებები. მეჩეთი გაიხსნა და მალე დავიწყებთ მის აშენებას… ვფიცავ, ეს არ იქნება ბათუმში პირველი მეჩეთი, ამის გარდა კიდევ თუ დაგვჭირდება მესამესაც ავაშენებთ, მეოთხესაც და მეხუთესაც“.

ტარიელ ნაკაიძის ამ პოსტს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა „ფეისბუქზე“. მის პოსტს არასახელმწიფოებრივი უწოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა. საჯაროდ ის  აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ, ბადრი ნაკაშიძემაც გააკრიტიკა. გარკვეული ჯგუფების მხრიდან იყო აგრესიული კომენტარებიც, სადაც ნაკაიძეს ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ.

ამის მიუხედავად ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ახალი მეჩეთის გახსნის საკითხი შეუქცევადი პროცესია: „დასრულდა ის ეპოქა, როცა მუსლიმი ქართველი თავჩაღუნული ეგუებოდა თქვენს (ხელისუფლების) ქმედებებს. მეჩეთსაც ავაშენებთ და ამ ქვეყნის მართვაშიც მივიღებთ მონაწილეობას“.

ლოცვა ფიცრულ მეჩეთში და ეკლესიის პოზიცია

მუსლიმები მეჩეთის მშენებლობისთვის ნებართვის მოსაპოვებლად სამართლებრივ გზით ცდილობენ.  მანამდე კი მათ გამოიყენეს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ახალი მეჩეთისთვის ნაყიდ მიწაზე „მეჩეთი მაინც გახსენეს“. მას შემდეგ მუსლიმები ყოველ პარასკევს ამ ფიცრულშიც ლოცულობენ და ამბობენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს ბოლომდე დაიცავენ.

ბათუმის ახალი მეჩეთი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას, ძირითადად, ნეგატიური გამოხმაურებები აქვს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ყველაზე მრავალრიცხოვან და გავლენიანი რელიგიური ორგანიზაცია შიშობს, რომ მეჩეთის აშენება ბათუმში მეზობელი თურქეთის ინტერესებში შედის. აქ მიიჩნევენ, რომ  მეჩეთების მშენებლობით თურქეთი აჭარის ისლამიზაციას და ამით მასზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს.

ბათუმში მცხოვრები მუსლიმები ამბობენ, რომ ისინი საქართველოს ყველა ხელისუფლების მხრიდან იმედგაცრუებული არიან. მათ იმედი აქვთ, რომ ამ უფლების განხორციელებას ოდესმე სასამართლოს გზით შეძლებენ.

ბათუმის მეჩეთი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ხელშეშლა ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ხვდება, როგორც საქართველოში რელიგიური თავისუფლების ინდიკატორი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწიური ანგარიშის მიხედვით კი, სადაც მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება კეთდება, ნათქვამია, რომ საქართველოში „რელიგიური უმცირესობები კვლავ რჩებიან დისკრიმინაციული რესტიტუციის პოლიტიკის მსხვერპლი“.

ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის დროს შექმნილი დაბრკოლებები. კერძოდ,  ბათუმის მერიის უარი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, „რაც კიდევ უფრო აფერხებს ბათუმში არსებულ ერთადერთ მეჩეთში გადატვირთულობის პრობლემის აღმოფხვრას“.

საქართველოს მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, მუსლიმი თემი საქართველოს მოსახლეობის 10.7 პროცენტს წარმოადგენს.

ბათუმის მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს, ამიტომ პარასკევობით მუსლიმები რიტუალს მეჩეთის მიიდებარე ქუჩაზეც ასრულებენ

მსოფლიოს 10 საუკეთესო პლაჟი 2018 წელს

ზაფხული დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდია ზღვაზე თუ მთაში დროის გასატარებლად. გთავაზობთ TripAdvisor – ის მიხედვით შერჩეულ 2018 წლის top 10 საუკეთესო პლაჟს მსოფლიოში.

 წყნარი ოკეანის კუნძულები: გრეის ბეი, პროვიდენსიალე, თერქსი და ქაიქოსი

კუნძულ პროვიდენსიალისთან მდებარე გრეის-ბეისა და თერქს-ქაიქოსის კუნძულებზე  2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პლაჟებია ტურისტების შეფასების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით.

პლაჟები ბარიერული რიფებითაა დაცული, რაც ამცირებს ატლანტის ოკეანის შემოტევას უამინდობისას. ამ ადგილებში ოკეანე განსაკუთრებულად კამკამაა, ქვიშა კი ქათქათა თეთრი. ეს პლაჟები საუკეთესო ადგილებადაა მიჩნეული საწყლოსნო სპორტისთვისაც.

ბრაზილია, ბაია დო სანჩო, ფერნანდო დე ნორონა

პლაჟი ფერნანდო დე ნორონას კუნძულზეა, ბრაზილიის სანაპიროებიდან 220 მილის დაშორებით. წყლის ხარისხი და სისუფთავე აქ იდეალურია და სანაპიროებს იუნესკო იცავს, რადგან აქ განადგურების პირას მყოფი მარჯნის რიფებია.

კუბა, ვარადეროს პლაჟი

კუბაზე მდებარე კურორტ მატანსასის პლაჟი ვარადერო, ბუნებრივი ღირსშესანისნაობებითაა გამორჩეული: განსაკუთრებულად რბილი ქვიშა და პირველყოფილი, ტროპიკული ტყე აქ უამრავ ტურისტს იზიდავს.

კუნძული არუბა, არწივის სანაპირო, ორანესტადი

არწივის სანაპირო ვენესუელას ჩრდილოეთით, კუნძულ არუბაზე, ორანესტადის რაიონში მდებარეობს. ცნობილია თეთრი, ურბილესი ქვიშითა და ზღვის კუებით.

კაიმანის კუნძულები, შვიდმილიანი პლაჟი

კაიმანის კუნძულები გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შედის და ვესტ – ინდოეთში, კარიბის ზღვაში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პლაჟის სიგრძე მხოლოდ 6,3  მილია, ის მაინც ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ დასასვენებელ ადგილადაა მიჩნეული.

ესპანეთი, სან-სებასტიანი, ლა კონჩას სანაპირო

ლა კონჩას სანაპირო ესპანეთში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო პლაჟად მიიჩნევა. ოქროსქვიშიან სანაპიროზე პოპულარულია ასევე კაიაკებითა და ნავებით სეირნობა.

აშშ. ფლორიდა, სუფთა წყლის სანაპირო

სუფთა წყლის სანაპიროს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც აშშ – ს ყველაზე პოპულარულ პლაჟს. ეს საუკეთესო ადგილია წყლის თხილამურებით სრიალისა და დელფინების სათვალთვალოდ. სანაპიროზე უამრავი ბარი და რესტორანია.

იამაიკა, ნეგრილი

იამაიკის ამ სანაპიროზე კოქტეილებით და წიგნებით შეიარაღებულ დამსვენებლებს შეხვდებით, პლაჟი პატარაა, მაგრამ ძალიან კომფორტული და პოპულარული.

დომინიკის რესპუბლიკა, ბავაროს პლაჟი

ბავაროს პლაჟები ოქროს ქვიშით, გრძელი სასეირნო სანაპირო ზოლითა და ლაჟვარდისფერი, სუფთა წყლითაა განთქმული. სანაპიროზე არაერთი გოლფ – კლუბი და სავაჭრო ცენტრია.

მექსიკა, პლეია-ნორტე

პლეია ნორტე პალმებით მოფენილი ქვიშიანი პლაჟია, სადაც უამრავ ველოსიპედისტს შეხვდებით. კურორტზე პოპულარულია წყალქვეშა დაივინგი. სანაპიროზევე იყიდება ადგილობრივი, მზა ზღვის პროდუქტები. პლეიე ნორტე მყუდრო სანაპიროა.

 

წყარო: independent

სასტუმრო „ველმონდი“ დაილუქა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო “ველმონდის” [ყოფილი „ლეოგრანდის“] შენობა დალუქა.

სამსახურის ცნობით, 300-მდე სტუმარი სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდა. 

 სასტუმრო „ველმონდი“ მუშაობას აჩერებს იმ დრომდე, სანამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.  ძირითადი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, სამსახური მზად არის გასცეს ნებართვა სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში ხელახლა შესვლის შესახებ. 

ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ სასტუმრო დაკეტილი იყო და მხოლოდ 2018 წლის მაისში განაახლა მუშაობა ახალი სახელით – „ველმონდი“.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის საქმეზე დაკავებულია ორი პირი.  

„ეს რა ჯანდაბაა?”- ბენქსი მოსკოვში მისი ნამუშევრების გამოფენის შესახებ

მოსკოვში 2 ივლისიდან 2 სექტემბრამდე ბენქსის გრაფიტის გამოფენა იმართება. გამოფენის ორგანიზატორები თვეების განმავლობაში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ  ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება იქნებოდა მოსკოვისთვის.

გრაფიტის ინგლისელი მხატვარი, ბენქსი, ანონიმური პერსონაა და არასდროს აწყობს გამოფენებს. არსებობს ვერსია, რომ ბენქსის სახელის უკან ჯგუფ Massive Attack – ის ერთ-ერთი წევრი, რობერტ დელ ნაია დგას, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ბენქსის სახელით მთელ მსოფლიოში არტისტების დიდი ჯგუფი მოქმედებს.

ბენქსის ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშია განთავსებული, მისი გრაფიტი თანამედროვე პოლიტიკისა და კულტურის სატირაა.

მხატვარმა თავად მხოლოდ გუშინ გაიგო საკუთარი გამოფენის შესახებ სოციალური ქსელების მეშვეობით და მოსკოვის საგამოფენო დარბაზის აფიშის ფოტოზე შესაბამისი რეაქციაც ჰქონდა: „ეს რა ჯანდაბაა? არანაირი კავშირი არ მაქვს ამ გამოფენასთან”.

მხატვართან შეუთანხმებელი გამოფენის სპონსორები იყვნენ ისეთი მსხვილი რუსული კომპანიები, როგორებიცაა: მობილური ოპერატორების ქსელი МТС-ი და ანტივირუსული კომპანია „კასპერსკი“, საინფორმაციო სააგენტოებიც აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას გამოფენის შესახებ.

ბენქსი, სოციალურად არააქტიური პერსონაა და საკუთარი გამოფენის შესახებ, რომელიც არ შეუთანხმეს, მხოლოდ გუშინ შეიტყო. რუსული ტელეარხი ,,კულტურა” კი გამოფენის გახსნის წინ იუწყებოდა, თითქოს ბენქსიმ იცოდა მოსკოვში დაგეგმილი გამოფენის შესახებ.

ბენქსისთან შეუთანხმებელი გამოფენის ორგანიზატორი კომპანია IQ Art Management-ის დირექტორად დარეგისტრირებული ალექსანდრე ნაჭყებიაა. ტელეარხ „Дождь”- სთვის მიცემულ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ ბენქსის გამოფენის ექსპონატები კერძო მფლობელებს ეკუთვნით და მათ სრული უფლება ჰქონდათ მოეწყოთ გამოფენა მხატვართან შეთანხმების გარეშე.

__________________

წყარო: BBC

ბრალდებულის ჩვენება „კასრებში იარაღის აღმოჩენის საქმეზე“

„ამიხსენით, როგორ შემოვიტანე მარტომ ამდენი იარაღი აქ? კასრებისთვის მიწაც თურმე მე გავთხარე, ჩავმალე… ერთი მტკიცებულება მაინც დაგედოთ, რომ სადმე კასრზე ან რომელიმე იარაღზე ჩემი თითის ანაბეჭდია.

მე სახაზინოს ადვოკატი – ბიძინა ბერიძე საპროცესოს მთავაზობდა რამდენიმე თვის წინ, გაგიშვებენო. დამნაშავე რომ ვყოფილიყავი, რატომ არ დავთანხმდებოდი? ჩემი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ აქ პასპორტის დამზადება ვცადე უკანონოდ“, – მიმართა მოსამართლეს ფემბე ოზლემ ოლგუნმა დღევანდელ პროცესზე.

22 აგვისტოს მოსამართლე ლევან გელოვანი „კასრში იარაღის აღმოჩენის საქმეზე“ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 25 აგვისტოს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა იწურება. სასამართლომ დღეს ამ საქმეზე თავად ბრალდებულს მოუსმინა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა. პროკურორმა და ადვოკატმა ასევე თქვეს დასკვნითი სიტყვები.

საუბარია ქობულეთში გასული წლის 25 ნოემბერს სამალავში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე – ბრალდებული ქალი, ფემბე ოზლემ ოლგუნია. იგი თურქეთის მოქალაქეა და ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ვერსიით, ფემბე ოზლემ ოლგუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა ადგილზე ინახავდა.

ფემბე ოლგუნმა დღევანდელ პროცესზე პირველად თქვა, რომ ბათუმში ყალბი პასპორტის დამზადების მოთხოვნით ჩამოვიდა. მას არ უთქვამს, რატომ გამოიქცა თურქეთიდან ან რაში დასჭირდა ყალბი პასპორტის აღება.

ფემბე ოლგუნის წინაპრები აჭარაში, მაჭახლის ხეობაში ცხოვრობდნენ.

„არეულობა იყო თურქეთში. ბევრი ვინმე, ვინც დააკავეს, აღმოჩნდა, რომ უდანაშაულო იყო. თურქეთში დაბრუნება აღარ მინდოდა, აქ ვიყავი ნათესავებთან,“ – უპასუხა პროკურორ პაატა ცეცხლაძეს ბრალდებულმა. პროკურორი დაინტერესდა, რაში დასჭირდა ახალი პასპორტი ბრალდებულს.

„სცადეთ თურქეთში დაბრუნება? თქვენ ხომ ამბობთ, რომ იქ პედაგოგი იყავით?“ – იკითხა ისევ პროკურორმა.

„კი, პედაგოგი ვიყავი, ბოლოს ჟურნალისტადაც ვმუშაობდი. საფრთხე იყო იქ დაბრუნება…“ – დასძინა ბრალდებულმა.

სასამართლოს წინა პროცესზე, ბრალდებულის მამამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ფემბე სოციალისტურ მოძრაობაში იყო ჩართული და მას თურქეთის მთავრობა გადატრიალების მცდელობის შემდეგ დევნიდა.

ფემბე ოლგუნმა დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ პასპორტის დასამზადებლად მას ბათუმში მყოფი თურქეთის მოქალაქე ალი ჩეთინ ქაია გააცნეს.

„მან მითხრა, რომ ამას 8 ათასი დოლარი დასჭირდებაო. ეს იქნებოდა პასპორტი, რომლითაც თავისუფლად შევძლებდი ევროპის ქვეყნებში წასვლას…

საბოლოოდ ჩვენ 5 ათას დოლარზე შევთანხმდით. 1500 დოლარი წინასწარ გადავიხადე, მაგრამ ალიმ პირობა არ შეასრულა. მპირდებოდა, მალე გაკეთდებაო,“ – აღნიშნა ფემბე ოლგუნმა.

ალი ჩეთინ ქაიას მეუღლე ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრები ნუკრი მეგრელიშვილია. მის საკარმიდამო ნაკვეთში აღმოაჩინეს პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღი კასრებში, მდინარის პირას.

ფემბე ოლგუნის მონათხრობის მიხედვით, ის ალის ოჯახს დაუმეგობრდა და პასპორტის მიღებას ელოდებოდა.

„რამდენჯერმე ვნახე ალის ოჯახში ტომარა, სადაც იარაღი იდო… თავი უჩანდა. მითხრეს, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო.

მე მზად ვიყავი არაერთხელ მიმეცა ამის შესახებ ჩვენება გამოძიებისთვის, მაგრამ პროკურატურამ ჩემი ჩვენების მოსმენაზე უარი თქვა.

როცა იარაღი ვნახე და პასპორტს არ მიკეთებდნენ, პოლიციაში წასვლა დავაპირე, მამის ჩამოსვლას ველოდი… ვიდრე ის ჩამოვიდიდა, დამაკავეს“, – თქვა ფემბე ოლგუნმა. მისი თქმით, ჩხრეკასა და დაკავებას ადვოკატი არ ესწრებოდა, ხოლო თარჯიმანმა თურქული არ იცოდა.

სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა ალი ჩეთინ ქაიამ. პოლიციელების გარდა, იგი ერთადერთი მოწმეა, ვინც ადასტურებს იმას, რომ კასრში აღმოჩენილი იარაღი ფემბეს ეკუთვნოდა.

ალი ჩეთინ ქაიას ჩვენების მიხედვით, ის ბათუმში ვაჭრობის მიზნით იმყოფება და იარაღთან შეხება საერთოდ არ აქვს. ალის თქმით, იგი ფემბეს დაუმეგობრდა, რადგან ორივე თურქეთის მოქალაქეა.

ალი ჩეთინ ქაიამ და მისმა მეუღლემ სასამართლოს უთხრეს, რომ ფემბეს იარაღის შეძენის სურვილი ჰქონდა.

„მთხოვა, იარაღის შეძენაში დავხმარებოდი, რაზეც უარი ვუთხარი. რამდენიმე დღის შემდეგ კასრით მოვიდა და მითხრა, სოფელში ამის გადამალვაში დამეხმარეო,“ – აღნიშნა ალიმ წინა სასამართლო პროცესზე.

ფემბე ოლგუნის მამის თქმით, იარაღის საქმეში ალინ ჩეთინ ქაია იყო ჩართული და ის ამის გამო თურქეთში სასჯელს იხდიდა. ფემბეს ოჯახის წევრები ყვებიან, რომ გამოძიებას რეალურად ალი ჩეთინ ქაია უნდა დაეკავებია.

პროკურატურას ამ საქმეზე კიდევ ერთი გამოძიება აქვს დაწყებული – დანაშაულის შეუტყობინებლობა, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა. ალი ჩეთინ ქაია, ფემბე ოლგუნის ოჯახის წევრების თქმით, ისევ ბათუმშია და თავის საქმიანობას განაგრძობს.

რა მოხდა რეალურად, რა ვერსიას გვთავაზობს პროკურატურა? – პროკურორმა კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი გვითხრა.

პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ ვერც დასკვნით სიტყვაში დაასაბუთა, რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა, მაგალითად, იარაღზე თითის ანაბეჭდებზე.

„ჩვენ წარმოვადგინეთ საკმარისი მტკიცებულებები,“ – თქვა მან.

„მე არ ვარ ვალდებული, ვამტკიცო ჩემი უდანაშაულობა. თქვენ, რადგან პროკურორი ხართ, ვალდებული ხართ დაგემტკიცებინათ ის, რომ დამნაშავე ვარ,“ – რეპლიკით მიმართა ბრალდებულმა პროკურორს გისოსებიდან.

მნიშვნელოვანი დეტალები:

პროკურატურას არ ჩაუტარებია ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდებოდა ფემბე ოლგუნის რაიმე სახის კავშირი კასრში აღმოჩენილ იარაღთან.

პროკურატურას არ განუმარტავს, როგორ მოახერხა თურქეთიდან ჩამოსულმა ქალმა იარაღის შემოტანა და კასრებში ჩამარხვა, თუ ის მარტო მოქმედებდა.

ამ დრომდე კასრში იარაღის აღმოჩენის საქმეზე სხვა პირის წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს.

კასრებიდან იარაღის ამოღებას თავად ბრალდებული არ დასწრებია. ამ დროისთვის ფემბე ოლგუნი სამართალდამცველებს უკვე დაკავებული ჰყავდათ.

პროკურატურამ სასამართლო გამოძიების ეტაპზე უარი თქვა ფემბე ოლგუნის ჩვენების მოსმენაზე. ბრალდებულმა სასამართლოს წინა პროცესებზე პროკურატურისთვის ჩვენების მიცემის სურვილი არაერთხელ გააჟღერა და თქვა, რომ კონკრეტული ფაქტებზე მიაწვდიდა ინფორმაციას გამოძიებას.

კასრში იარაღის აღმოჩენის მეორე დღეს შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც კასრებიდან იარაღის ამოღება ჩანს. სასამართლო პროცესზე გამომძიებლებმა თქვეს, რომ ამ პროცესის ვიდეოგადაღება არავის მოუხდენია და საგამოძიებო მოქმედება ვიდეოკადრების გადაღებას არ ითვალისწინებდა.

ამ თემაზე:

კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმე ექსპერტიზის გარეშე – დაკავებული ბრალს არ აღიარებს

ბათუმის აკვატორიაში გამოჩნდა გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ინდიკატორი – Monstrilla sp-ი  

ბათუმი-მწვანე კონცხის აკვატორიაში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ინდიკატორ -Monstrilla sp-ი გამოჩნდა

ბათუმი-მწვანე კონცხის აკვატორიაში Monstrilla sp-ი გამოჩნდა – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2017-2018 წლებში საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში პირველად გამოჩნდა მონსტრილას გვარის კიბოსნაირი (Monstrilla sp.), რომელიც გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ინდიკატორ სახეობად მიიჩნევა.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ჯგუფი შავ ზღვაში პირველად მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სევასტოპოლისა და კარკინიცკის ყურეში აღწერეს, 80-იანი წლებიდან კი საკმაოდ იშვიათი გახდა შავი ზღვის სანაპიროზე.

„მონსტრილას გვარის კოპეპოდები ზღვის ნახევრადპარაზიტული ფორმებია. პლანქტონში მხოლოდ სქესმწიფე ინდივიდები გვხვდება, ხოლო მათი ლარვები პარაზიტობენ მრავალჯაგრიანი ჭიების სისხლის მიმოქცევის სისტემაში,“ – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

____________

ფოტო: არჩილ გუჩმანიძე

რატომ გაჩეხეს ხეები „რესპუბლიკურის“ ეზოში

ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ხეები გაჩეხეს. ბათუმის გამწვანების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაჩეხილი ხეები კერძო საკუთრებაშია.

„ჩვენ არ მოგვიჭრია. ცოტა ხნის წინ ტოტი იყო ჩამოტეხილი, ღობის გარეთ იყო, ამიტომ ჩვენმა სამსახურმა აალაგა, ახლა კი როგორც გვითრეს, ხე ნახევრად წაქცეული იყო.

ეს ხეები ღობის შიგნითაა, კერძო საკუთრებაშია და ჩვენ არ გვეხება,“-ამბობს ირაკლი ბერიძე, გამწვანებისა და ლანდშაფტურის დაგეგმარების სამსახურის გამწვანების განყოფილების უფროსი.

საავადმყოფოს დირექტორი, მალხაზ ხალვაში ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოებს საავადმყოფოს ტერიტორიაზე შპს „სტადიონი“ ახორციელებს და ხეების გაჩეხვის საკითხიც მასთან უნდა გავარკვიოთ.

შპს „სტადიონის“ ხელმძღვანელის, ზურაბ ჭურკვეიძის თქმით, „ხეების მოჭრა სავარაუდოდ პროექტის გამო მოხდა“.

„პუშკინის ქუჩიდან სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის შემოსასვლელი კეთდება, პანდუსიც უნდა მოეწყოს, ამიტომ როგორც ჩანს, პროექტით არის გათვალისწინებული,“-ამბობს ჭურკვეიძე.

მოგვიანებით, ზურაბ ჭურკვეიძე გვიკავშირდება და აზუსტებს: „მოვიკითხე ხის ამბები და როგორც გავარკვიე, ხე რომელიც კადრებშია, თავისით წაიქცა, რადგან დაზიანებული იყო. თუმცა ამ ტერიტორიაზე როგორც გითხარით, შემოსასვლელის გამო კიდევ შეიძლება მოიჭრას ხეები“-ამბობს ჭურკვეიძე.

 

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ხეები გაჩეხეს

 

 

5 ქართული კერძი, რომლებიც ინსტაგრამზე ყველაზე ხშირად დაპოსტეს

ხაჭაპური – 17.9 %, ხინკალი – 15. 74 %, ჩურჩხელა – 8.11 %, აჭარული ხაჭაპური – 2.59 %, მწვადი – 2.95 % – ასე გამოიყურება ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ქართული კერძების პირველი ხუთეული. მონაცემები ტურისტების მიერ ინსტაგრამზე დაპოსტილი ფოტოებიდან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეაგროვა.

Emotions are Georgia – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი კამპანიაა.

კამპანიის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული  7 მილიონზე მეტი ტურისტის მიერ ინსტაგრამსა და ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტი შეგროვდა.  შემდეგ ეს პოსტები ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაახარისხეს, გააანალიზეს და გამოაქვეყნეს. შედეგად შეიქმნა საქართველოს პირველი ციფრული გზამკვლევი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის კომპლექსური ხელსაწყოებით შერჩეულ, ადამიანურ ემოციებს ეფუძნება.

„ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაზე უცხოელებმა უნდა იცოდნენ, მოყოლილია სოციალურ მედიაში გაზიარებული რეალური ისტორიებით, რომლებიც მოგზაურებმა თავად გამოსცადეს და აღმოაჩინეს – ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობა, უძველესი კულტურა, უნიკალური ადგილები, მრავალფეროვანი სამზარეულო და სხვა,” – ნათქვამია კამპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გარდა კერძებისა, მონაცემები შეგროვდა ტურისტების საყვარელი ღვინოებისა და ადგილების შესახებ.

საფერავი – 40. 13 %, ქვევრის ღვინო – 22.42 %,  ქინძმარაული – 21. 30%, ხვანჭკარა 8.30 % და რქაწითელი – 4,26 % – ასეთია ღვინოების რეიტინგი, რომლებიც ტურისტებს ყველაზე მეტად მოეწონათ და ამის შესახებ საჯაროდ დაპოსტეს სოციალურ ქსელში.

ინფოგრაფიკა: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

 

ტურისტები ყველაზე ხშირად თბილისში მშვიდობის ხიდზე ჩექინდებიან, შემდეგ მოდის რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი, ჭრელი აბანო, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა და თბილისის ოპერის თეატრი.

ინფოგრაფიკა: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე პოპულარული ზამთრის სეზონზე გუდაურია, წელიწადის დანარჩენ დროს კი, თბილისი და ბათუმი მონაცვლეობით ინაწილებენ პირველ-მეორე ადგილს.

 

„ველმონდი“ მუშაობას აჩერებს, 400-მდე დასაქმებულს კი ხელფასს უნარჩუნებს

დღეს, 17 აგვისტოს, საღამოს 18 საათზე, სასტუმრო „ველმონდი“ [ყოფილი „ლეოგრანდი“] მუშაობას შეაჩერებს მანამ, სანამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

რა დრო დასჭირდება რეკომენდაციების შესრულებას – ამას ვერც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ და ვერც სასტუმრო „ველმონდში“. თუმცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, რომ სასტუმროში დასაქმებულებს სამუშაო ადგილები და ხელფასი შეუნარჩუნდებათ.

სასტუმრო „ველმონდის“ ადმინისტრაციის ცნობით, სასტუმროში ამჟამად 400-მდე ადამიანია დასაქმებული. როგორ და სანამდე შეძლებს „ველმონდი“ მათთვის ხელფასების გადახდას, როცა არ არსებობს ზუსტი ვადა, თუ როდის განაახლებს სასტუმრო მუშაობას?

სასტუმრო „ველმონდის“ იურისტი, კახა წერეთელი ამბობს, რომ მას უჭირს იმაზე საუბარი, თუ როგორ შეძლებს გაჩერებული სასტუმრო ხელფასების გადახდას, თუმცა ამბობს, რომ ეს არ ყოფილა ულტიმატუმი მთავრობის მხრიდან:

„ეს ჩვენი პოზიციაც იყო და მთავრობის თხოვნაც, ყველას პოზიცია იყო ბუნებრივია, რომ ეს ხალხი [დასაქმებულები] მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნან თავიანთ პოზიციაზე. არის იმედი, რომ მაქსიმალურად დროზე აღმოიფხვრება რაღაც საკითხები და საგანგებოსთან თანამშრომლობით, მოხდება სასტუმროს ექსპლუატაციაში დროულად დაბრუნება. ყველა არის დაინტერესებული, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე: სასტუმროც, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, აჭარის მთავრობიდანაც ჩვენ ვხედავთ ამ მზადყოფნას, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. პრაგმატული გათვლაც არის, სასტუმრო უფრთხილდება თავის კოლექტივს.“

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ეს არ ყოფილა ულტიმატუმი აჭარის მთავრობის მხრიდან: „ისინი იმუშავებენ პრობლემების გამოსწორებაზე და სასტუმრო გაიხსნება, თანამშრომლებსაც შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილები და ეს მოხდა შეთანხმების საფუძველზე.“

სასტუმრო „ლეოგრანდი“ ხანძრის შემდეგ, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, უხდიდა თანამშრომლებს ხელფასს, მაშინ როცა ხანძრის მიზეზების გამოძიების გამო სასტუმროს შეჩერებულ ჰქონდა მუშაობა, შემდეგ კი თანამშრომლები უფასო შვებულებაში გაუშვა. მაშინ სასტუმროს თანამშრომლებმა განცხადებით მიმართეს აჭარის მთავრობას და პროკურატურას, რომ კაზინოს მისცემოდა მუშაობის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უმუშევრობა ემუქრებოდათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს მუშაობას აჩერებს სასტუმროც და კაზინოც.

ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ სასტუმრო დაკეტილი იყო და მხოლოდ 2018 წლის მაისში განაახლა მუშაობა ახალი სახელით – „ველმონდი“.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის საქმეზე დაკავებულია ორი პირი.  

გაექეცი ზაფხულს კურორტ გოდერძიზე

თუ აქამდე ფიქრობდით, რომ გოდერძი მხოლოდ ზამთრის კურორტია, ცდებით. ზაფხულის გამთანგველ სიცხეში, როცა გრილ ადგილას თავშეფარება და ახალი ადგილების აღმოჩენა გსურთ, აუცილებლად გოდერძის უნდა მიაშუროთ.

ალპური ბოტანიკური ბაღი, მწვანე ტბა, რომელიც მართლა მწვანეა, კურორტი ბეშუმი თავისი იაილებით და ადგილობრივ მემთეურთა საზაფხულო ყოფა: მთის ყველისა და კარაქის მზადება, ხის სახლებში ზაფხულობით მცხოვრებთა ყოველდღიურობა – ამ ყველაფრით გოდერძიზე დაბანაკებულებს შეგიძლიათ ტკბობა.

გამჭვირვალე, სუფთა ჰაერი, ზაფხულისთვის უჩვეულო სიგრილე და მუდამ ლურჯი ცა მთის ამ კურორტზე დასვენებისას თქვენს ყოვედღიურობად იქცევა.

კურორტი გოდერძი ბათუმიდან 109 კილომეტრითაა დაშორებული, 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ზამთრობით თხილამურებით სრიალის მოყვარულებისთვის უკვე იქცა საყვარელ ადგილად.


 

                         მწვანე ტბა

მწვანე ტბა გოდერძის უღელტეხილიდან  6.50 კილომეტრითაა დაშორებული. ამ ულამაზესი, ფირუზისფერი ტბისკენ ყოველთვის ვიღაც მიეშურება ზაფხულობით. როგორც ადგილობრივი მემთეურები ამბობენ, მწვანე ტბისკენ მიმავალ გზაზე ყოველთვის შეხვდებით ზურგჩანთიან ტურისტებს. გზა მემთეურების საზაფხულო სოფელს, მწვანე ტბის იაილას მიუყვება. ამ ხის ქოხებში მხოლოდ ზაფხულობით ცხოვრობენ აჭარის სხვადასხვა სოფლიდან დროებით ამოსული ოჯახები.

თუ გზად წვიმა წამოგეწევათ, გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბამდე შეგიძლიათ ტაქსი დაიქირაოთ. 30 ლარად ტბამდე მიგიყვანთ, ამ ფასად იქ დაგელოდებათ და უკანაც დაგაბრუნებთ უღელტეხილამდე. თუმცა თუ დარია, მანძილს ტბამდე ფეხით დაახლოებით 3 საათში დაძლევთ. მას შემდეგ, რაც იაილებს გაივლით, გზადაგზა წყაროს წყალს მოიმარაგებთ და ხის სახლების წინ გამოფენილ ბავშვებსა და მოხუცებს შეათვალიერებთ, თვალწინ დაუჯერებელი სანახაობა გადაგეშლებათ.

ფეხითა თუ მანქანით ოღროჩოღრო გზაზე მწვანე ტბის სანახავად წამოსვლა ნამდვილად ღირს. თუ თან კარავი და საძილე ტომარაც გაქვთ, აუცილებლად მოგინდებათ დარჩეთ და ღამე ტბის პირას გაათიოთ. იქვე ახლოს პატარა მაღაზიაა, სადაც ერთი ან ორი დღით კარვით ღამისთევისას აუცილებელი წვრილმანებისა და პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.

                 ალპური ბოტანიკური ბაღი

ალპური ბოტანიკური ბაღიც გოდერძისთან ახლოს, შქერნალის ტერიტორიაზეა. ათ ჰექტარამდე ფართობზე აბორიგენული სახეობებია გავრცელებული, ალპური, ხასხასა და ფერადი, იშვიათი მცენარეები. ბაღში საბოლოოდ მთის ადგილობრივ მცენარეთა კოლექციას მოუყრიან თავს, აქვე იგეგმება სანერგეს მოწყობა იშვიათი მცენარეების მოსამრავლებლად და აჭარის მთელი რეგიონის განაშენიანებისთვის.

ზღვის დონიდან 1960 მეტრზე მდებარე ბაღში კარვების გაშლაც შეიძლება. ფერადი ყვავილების ველზე ძილი და აქაური სუფთა ჰაერით სავსე დღეები არასდროს დაგავიწყდებათ.

 

                         ბეშუმი

მწვანე ტბისა და ალპური ბოტანიკური ბაღის მონახულების გარდა აუცილებლად უნდა ახვიდეთ გოდერძისთან ახლომდებარე ბეშუმში. ამ პატარა კურორტზე მთელი ზაფხული მხიარული ჟრიამულია, ბეშუმში ერთი დღით ასულსაც კი არ უნდა დაგრჩეთ შინ საწვიმარი, თბილი სამოსი და წყალგამძლე ფეხსაცმელი. აქ თითქმის ყოველ საღამოს წვიმს.

                  ღამისთევა გოდერძიზე

ყველა ზემოჩამოთვლილი ადგილის მონახულების შემდეგ დარჩენა გოდერძიზე შეგიძლიათ. გოდერძიზე საბაგიროდან რამდენიმე მეტრში კოტეჯებია მოწყობილი, სადაც ორადგილიან ნომრებს 100, ხოლო ოთხადგილიანს 150 ლარად იქირავებთ ერთი ღამით, კვების გარეშე. თითოეულ ნომერს ინდივიდუალური აბაზანა აქვს.

გოდერძის უღელტეხილზე ასევე მდებარეობს სასტუმრო „მეტეო“, რომელიც საბაგიროებიდან მოშორებით, უშუალოდ უღელტეხილზე, სამანქანე გზასთანაა. აქ ნომრის ფასი 65 ლარიდან იწყება.

გოდერძიზე მიმავალმა დამსვენებლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ახლომდებარე მარკეტები საოჯახო ტიპისაა და მხოლოდ წვრილმანების ყიდვაა შესაძლებელი. ძირითადი საკვები პროდუქტი კი, რაც დასვენების დღეებში დაგჭირდებათ, სჯობს ბათუმიდანვე მოიმარაგოთ და თან წაიღოთ.

ერთი შეხედვით ჯერ არასრულყოფილი ინფრასტრუქტურული მოწყობა სინამდვილეში კიდევ უფრო გიმძაფრებთ ყველაფრისგან მოწყვეტისა და განტვირთვის შეგრძნებას. გოდერძიზე გატარებული შვებულება ყველა სეზონზე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აავსებს დამსვენებელს.

სასტუმრო „ველმონდს“ სტუმრები ტოვებენ – ექვს საათამდე სასტუმრო უნდა დაიცალოს

სასტუმრო „ველმონდს“ სტუმრები ტოვებენ – ამის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. „ველმონდს“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არ შეუსრულებია რეკომენდაციები, რომლებიც ამ სამსახურმა გასცა სახანძრო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით:

„რეკომენდაციებიდან ყველაზე კრიტიკული კვამლის გამწოვი სისტემის არარსებობაა. სწორედ ამ სისტემის არასწორი მუშაობისა და გაუმართაობის გამო დეკემბრის თვეში 11 ადამიანი დაიღუპა. ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა მოწესრიგდეს,“ – აღნიშნული განცხადება  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა. 

„ველმონდში“ ამბობენ, რომ სტუმრებს ადმინისტრაცია სხვა სასტუმროებში გადაყვანაში ეხმარება და ამ მხრივ პრობლემა არ შექმნილა, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში ბათუმის სასტუმროები გადატვირთულია.

დღეს, 17 აგვისტოს, 18 საათზე სასტუმროში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაბამის დოკუმენტაციას შეადგენს. სასტუმრო „ველმონდი“ მუშაობას შეაჩერებს მანამ, სანამ რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს.

„ბათუმელების“ შეკითხვას, არის თუ არა ანალოგიურად შემოწმებული ის სასტუმროები, სადაც ამჟამად „ველმონდიდან“ სტუმრები გადაჰყავთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე ასე პასუხობს:

„არის შემოწმებული და ამ სასტუმროზე მეტ რისკს ის სასტუმროები არ წარმოადგენენ.“

ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ სასტუმრო დაკეტილი იყო და მხოლოდ 2018 წლის მაისში განაახლა მუშაობა ახალი სახელით – „ველმონდი“.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის საქმეზე დაკავებულია ორი პირი. 

საზმაუ ბათუმის ოფისისთვის ერთი წლის წინ ნაყიდ ფართობს ყიდის

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსში იმ ფართობს ყიდის, რომელიც ერთი წლის წინ ბათუმის სტუდიის მოსაწყობად შეიძინა. მაუწყებლის ქონების გაყიდვა ელექტრონულ აუქციონზე დღეს იყო დაგეგმილი. აუქციონი ამ წუთებში ისე დასრულდა, რომ ფართობის ყიდვის მსურველი არ გამოჩენილა. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 299 ათასი ლარი იყო, ბიჯი – 5 000 ლარი.

აუქციონის გვერდზე აღნიშნულია, რომ „იყიდება სსიპ-ი საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ქ.ბათუმში ფიროსმანის N18 A-კორპუსში, 492-მ/კვ. ფართობი მდებარეობს 26-ე სართულზე (ტერასა), მშენებლობის ნებართვის ვადაა 2019 წლის 10 თებერვლამდე. გაცემულია სამხარაულის ექსპერტის ნებართვა; მრავლსართულიანი სახლის ტექნიკური მდგომარეობისა და მასზე დაშენების შესაძლებლობის შესახებ“.

ფართობში, რაზედაც ბათუმის სტუდიისთვის ერთი სართული უნდა დაეშენებინა და დღეს აუქციონზე ყიდის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 88  596 აშშ დოლარი გადაიხადა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელს“ ბათუმის სტუდიის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის იანვარში დასრულდა. მაუწყებელს სტუდიის მშენებლობისთვის 1 მილიონ 284 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.

ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. შპს „ალიგატორი 1“ მაუწყებელს სტუდიის მშენებლობას 800 ათას 228 ლარად სთავაზობდა, ხოლო შპს „გზამშენი“  – 800 ათას ლარად. პირველი კომპანია ხელვაჩაურშია რეგისტრირებული, მეორე – ბოლნისში. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 185 დღეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, საზმაუს სატენდერო კომისიამ ორივე კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18-19 აგვისტოს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30  გრადუსი  
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25  გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

ტალღის სიმაღლე  5-10 დმ (2-3 ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა ამ დროისათვის 27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს ზოგან მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

______________

თამარ ნერგაძის ფოტო 

მეხანძრე-მაშველის ოთხი ვაკანსია აჭარაში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რამდენიმე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.

ოთხი ვაკანსიაა აჭარაში:

  • ქობულეთისა და ქედის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში – თითო მეხანძრე-მაშველი;
  • აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველის
  • ქობულეთის სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველის [გემწამყვანის].

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამოცხადებული ვაკანტური ადგილების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ ვაკანსიები აღნიშნულ საიტზე ეტაპობრივად ემატება და 17 აგვისტოს დღის ბოლომდე დამატებული იქნება ყველა ვაკანტური პოზიცია.

შსს-ში აცხადებენ, რომ ახალშობილის 1000 ლარად გაყიდვის ფაქტზე დედა-შვილი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში 1989 წელს დაბადებული ლ. შ. და 1960 წელს დაბადებული ლ. შ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1989 წელს დაბადებული ლ.შ. მშობიარობის შემდეგ ახალშობილი შვილის გაყიდვას აპირებდა. იგი, დედასთან – 1960 წელს დაბადებულ ლ.შ.-სთან ერთად, ბავშვის შეძენის მსურველებს ეძებდა, რომლებთანაც თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა.

დედა-შვილმა ახალშობილი სამშობიაროდან გამოწერის დღესვე 1000 ლარის სანაცვლოდ გაყიდეს. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მყიდველის მიერ თანხის გადაცემის დროს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაყიდვას გულისხმობს.

საგანგებო: „ველმონდმა“ სასტუმრო დღეს, 18 საათამდე, უნდა დაცალოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ სასტუმრო „ველმონდთან“ დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს:

„​ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოთხმხრივი მოლაპარაკება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სასტუმროს ადმინისტრაციას, აჭარის მთავრობასა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შორის. მოლაპარაკების მიზანია, რომ სასტუმროს სტუმრები უმტკივნეულოდ გადაიყვანონ სხვა შენობაში. ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი გართულების გარეშე წარიმართოს“.

შალვა ხუციშვილის განცხადება სამაშველო სამსახურმა გაავრცელა.

„რეკომენდაციებიდან ყველაზე კრიტიკული კვამლის გამწოვი სისტემის არარსებობაა. სწორედ ამ სისტემის არასწორი მუშაობისა და გაუმართაობის გამო დეკემბრის თვეში 11 ადამიანი დაიღუპა. ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა მოწესრიგდეს.

24-სართულიანი სასტუმროს შემთხვევაში, ხანძრის დროს ადამიანი, სანამ მას მეხანძრე-მაშველი ჩამოიყვანს, კვამლისგან არ უნდა გაიგუდოს. მთელი მსოფლიო ამ სახანძრო პრინციპით მოქმედებს.

​მე დიდი იმედი მაქვს, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია გამოიჩენს კეთილგონიერებას და მიცემულ დროში მოახერხებს პროცესის უმტკივნეულოდ ჩატარებას,“ – აცხადებს შალვა ხუციშვილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო „ველმონდის” [ყოფილი „ლეოგრანდის“] ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე მისცა.

სასტუმრო „ველმონდი“ კი საზაფხულო სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლებას ითხოვს.

ბათუმის მერია: ახალი ავტობუსები გზაშია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ისუზუ ატამანის“ მოდელის ცისფერი ავტობუსები, რომლებმაც ქალაქში უნდა იმოძრაოს, უკვე გზაშია.

15 ერთეულ ავტობუსს ბათუმის მერია EBRD – ის მხარდაჭერით ყიდულობს.  მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები ევრო 5 სტანდარტისაა და 60 მგზავრზეა გათვლილი. „წლის ბოლომდე ქალაქში 25 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს“.

„ახალი ავტობუსები აღჭურვილია GPS სისტემით, კონდენციონერით, არის ადაპტირებული“.

ახალი ავტობუსების მოწოდებაზე ხელშეკრულებას 16 მაისს მოაწერეს ხელი, ,,ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ჩერკასმა“. როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, ავტობუსები იაპონურ-უკრაინული წარმოებისაა.

 

რა განიხილეს „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში დახურულ კარს მიღმა

„მიმდინარე საკითხებზე ვისაუბრეთ მხოლოდ“, – ამ ფრაზას დღეს „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისიდან გამოსული თითქმის ყველა პოლიტიკოსი გეტყოდათ. შეხვედრის დაწყებამდე იყო ვერსიები, რომ პარტიულ ოფისში საკადრო ცვლილებებს განიხილავდნენ, ასევე მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მმართველი პარტიის სტრატეგიას.

„ქართული ოცნების“ ოფისში დეპუტატები და მერები ცალ-ცალკე ჯგუფებად შედიოდნენ და პარტიის ლიდერებს – კახი კალაძეს და ირაკლი კობახიძეს ხვდებოდნენ. პარტიის ოფისი ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა ზოგადი კომენტარებით დატოვეს: „ზოგადად, პრობლემებზე ვისაუბრეთ“.

შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ არც არჩევნებზე უსაუბრიათ და არც საკადრო საკითხებზე.

რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ პრობლემის გაცნობა ამ ფორმატში, ანუ როცა პარტიის ორი ლიდერი ექვსი მუნიციპალიტეტის მერს, ექვსი საკრებულოს წევრებს და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ერთდროულად შეხვდა? რამდენად შესაძლებელია ამ ფორმატში პრობლემების გარკვევა – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა კახი კალაძეს დაუსვა.

„ეს ფორმატი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, ეს მხოლოდ აჭარის რეგიონს არ ეხება. ყველა რეგიონში მოგვიწევს ჩასვლა, აჭარიდან დავიწყეთ, მოვისმინეთ პრობლემები და იმიტომ შევხდით ამდენ ადამიანს. გვინდოდა, რომ მათ დეტალურად მოეწოდებინათ გამოწვევები, რომელიც არსებობს, რაც შესაძლებელია მოგვარდეს ადგილობრივ დონეზე, რაც არა ცენტრალურ დონეზე. პრემიერ-მინისტრიც საქმის კურსშია და მაქსიმალური თანადგომაა ამ პროცესის მიმართ,“ – უთხრა კახი კალაძემ „ბათუმელებს“.

„ჩვენ ვისაუბრეთ მხოლოდ მიმდინარე პრობლემებზე. საკადრო საკითხებზე ჩვენ საუბარი არ გვქონია. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ჩვენ არ ჩამოგვიყალიბებია პოზიცია. გვაქვს ჯერ კიდევ სამი კვირა, რომ საბოლოოდ მივიღოთ გადაწყვეტილება და გავაცხადოთ იგი,“ – აღნიშნა ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრმა, ცოტნე ანანიძემ თქვა, რომ მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება და ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. ცოტნე ანანიძის თქმით, შეხვედრაზე ამის შესახებ ითქვა.

ცოტნე ანანიძემ ჟურნალისტებთან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის და გუნდურობის აუცილებლობაზეც იყო საუბარი.

„ახალი ხელმძღვანელი ჰყავს აჭარის რეგიონს. იყო საუბარი საერთო ხედვებზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონს აწუხებს. შევეხეთ იმას, რომ ახალი მთავრობა ჰყავს რეგიონს და გუნდურობით უნდა გაგრძელდეს მმართველობა,“ – გვითხრა ცოტნე ანანიძემ.

ცოტნე ანანიძის თქმით, შეხვედრის თემა არ ყოფილა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება. ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის თქმით, მან პარტიულ ლიდერებთან სამართლიანობის აღდგენის პრობლემა დასვა.

„სამართლიანობის აღდგენაზე იყო საუბარი, ეს არის ჩემი სფერო. მე საჯაროდ ვამბობ იმას, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ დაზარალებულებს აქვთ გარკვეული პრეტენზიები,“ – დასძინა დეპუტატმა.

 

Exit mobile version