რატომ ვერ შეელია მთავრობა რელიგიის სააგენტოს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის შემოსავალი 2017 წელს 75 715 ლარი იყო. აქედან, პრემიის სახით 5 ათასი ლარი აიღო, დანამატის სახით კი – 35 300 ლარი. შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, წელს თავმჯდომარე თვეში, ხელფასის სახით, 6 000 ლარს იღებს, შესაბამისად, მისი შემოსავალი ამ დროისთვის უკვე 42 ათასი ლარია.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ზაზა ვაშაყმაძეს 22 შტატიანი თანამშრომელი უნდა ჰყავდეს, თუმცა მასთან მხოლოდ 14 ადამიანია დასაქმებული. სააგენტო თანამდებობრივი სარგოსთვის ბიუჯეტიდან 530 ათას ლარს იღებს. ეს თანხა 14 ადამიანს ხმარდება თუ 22-ს, „ბათუმელებმა“ ვერ გაარკვია, რადგან სააგენტომ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტი კი წელს  5 მილიონი ლარია.

რას აკეთებს სააგენტო, რომელზეც ბიუჯეტიდან ამდენი თანხა იხარჯება?

მაგალითად, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ამ თანამდებობაზე წარდგენისას განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი მცირე მთავრობის სტრუქტურა იქნებოდა. სწორედ მაშინ ითქვა, რომ გაუქმდებოდა რელიგიის სააგენტო და ის შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსთან გაერთიანდებოდა.

თუმცა, დაახლოებით ორ თვეში ითქვა, რომ რელიგიის სააგენტო ისევ პრემიერის დაქვემდებარებაში დარჩება და ცალკე უწყებად გააგრძელებს ფუნქციონირებას. თუ რატომ? – ამაზე მამუკა ბახტაძეს პრემიერის რანგში განმარტება აღარ გაუკეთებია.

„რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც მონაწილეობენ რელიგიათა საბჭოში, რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტო არ ასრულებს პოზიტიურ როლს რელიგიური მრავალფეროვნების საკითხებში… სააგენტოს შექმნის იდეა, მისი ფუნქცია, მიზნები და სტრატეგია არ ემსახურება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიასა და თანასწორობის საქმეს“, – ეს განცხადება სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ რელიგიათა საბჭოს ეკუთვნის.

საბჭოს წევრი 24 რელიგიური გაერთიანებაა.

ისინი მიიჩნევენ, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების იერარქიზაცია და რანგირება, განსხვავებული მრწამსის ადამიანების არაკეთილსინდისიერ მოქალაქეებად შერაცხვა,  რელიგიური უმცირესობების კონტროლის მცდელობა, „ვერანაირად ვერ ჩაითვლება ჩვენი განვითარებადი დემოკრატიის პირობებში სასიკეთო მოვლენად“.

სააგენტოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის ეს უნდობლობა სააგენტოს პოლიტიკამ განაპირობა:

რელიგიის სააგენტო 2014 წლის 19 თებერვალს შეიქმნა, რომელიც საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისთვის ახორციელებს კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში.

როგორც საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებები აცხადებენ, მთავრობამ აღნიშნული უწყება მათთან კონსულტაციების გარეშე შექმნა, რამაც კრიტიკული დისკუსიები გამოიწვია.

რელიგიური გაერთიანებების სკეპტიციზმი სააგენტოს მიმართ განპირობებულია იმით, რომ სააგენტოს მეშვეობით ხელისუფლება ცდილობს აკონტროლოს რელიგიური გაერთიანებები, განსაკუთრებით კი, რელიგიური უმცირესობები.

ამის შესახებ, სააგენტოს შექმნიდან დღემდე ღიად საუბრობენ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები.

მაგალითად, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უნდა გაუქმდეს, რადგან ის აღვივებს სიძულვილს დომინანტურ და არადომინანტურ ჯგუფებს შორის და არ იცავს სამართლიანობის პრინციპს.

ადიგენში, მოხეში, როცა მართლმადიდებელ ეკლესიასა და მუსლიმებს შორის სადავო შენობასთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, რელიგიის საკითხთა სააგენტოში უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც დაადგენდა აღნიშნული შენობის ისტორიულ წარმომავლობას და კონფესიურ კუთვნილებას, რაც არ გაუკეთებია.

„რელიგიის სააგენტოს დამოკიდებულება ამ საკითხზე ცალკე პრობლემაა, რადგან სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა ვაშაყმაძეს დაძაბულობისკენ მიჰყავს სიტუაცია. მისი ქმედება არასახელმწიფოებრივია რელიგიური უმცირესობების მიმართ და დროა პრემიერმაც იფიქროს ამ სააგენტოს გაუქმებაზე“, – ეს განცხადება  „ბათუმელებთან“ ტარიელ ნაკაიძემ 2016 წელს გააკეთა.

„იგივე პოზიციაზე ვარ დღესაც. რელიგიის სააგენტო არ უნდა არსებობდეს“, – გვეუბნება ის.

მსგავს პოზიციაზე რჩებიან ევანგელური და სხვა რელიგიური გაერთიანებებიც.

მუსლიმ თემს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს ჰქონდა და აქვს გარკვეული წინააღმდეგობა დომინანტი ეკლესიის მხრიდან, მათ შორის ბათუმში. რელიგიის სააგენტოს კი ამ წინააღმდეგობების დაძლევაში არ უთამაშია პოზიტიური როლი.

რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა აზრით, საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხშიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ერთგვარი მაკონტროლებელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, „ოთხი რელიგიური ორგანიზაციისთვის ზიანის ანაზღაურების ანალიზი გვიჩვენებს, რომ „ამ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს სახელმწიფოსგან გადაცემული თანხების ხარჯვის კონტროლს, რელიგიური გაერთიანებების შიდა საქმიანობაში ჩარევის მაღალ რისკებს“.

როგორც რელიგიური უმცირესობები, ასევე საქართველოში მოქმედი ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სააგენტოს მიდგომა რელიგიის თავისუფლების საკითხებში დისკრიმინაციულია.

„უწყების საქმიანობაში იკვეთება რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზების, უსაფრთხოებასა და კონტროლზე დაფუძნებული მიდგომის გაძლიერების მცდელობა“, – წერს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, რომელმაც შეისწავლა სააგენტოს საქმიანობა და ანგარიშები.

ამ ანგარიშების მიხედვით, რელიგიის სააგენტო არ იზიარებდა 2011 წელს სამოქალაქო კოდექსში გატარებულ ცვლილებას, რომლის შედეგადაც რელიგიურ უმცირესობებს რეგისტრაციისთვის სამართლებრივი ფორმის არჩევის შესაძლებლობა მიეცათ.

სააგენტო მიიჩნევდა, რომ რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესი და სტატუსი „ახლიდან უნდა მოწესრიგდეს“.

მაშინ საკანონმდებლო ცვლილებას აქციებით დაუპირისპირდა საპატრიარქო, რადგან მიიჩნევდა, რომ ამ ცვლილებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და რელიგიური უმცირესობები ერთმანეთს უთანაბრდებოდნენ.

„სააგენტომ თავის დოკუმენტებში ფაქტობრივად გაიმეორა რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზაციის ის მიდგომა, რომელსაც მანამდე საპატრიარქო ავითარებდა“.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რელიგიური გაერთიანებებისა და სააგენტოს განსხვავებული პოზიციებია იმის მიზეზი, რომ  ამ სახელმწიფო უწყების მიმართ უნდობლობა დღემდე არსებობს.

რელიგიათა საბჭოს ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, მთავრობამ არათუ არ გააუქმა აღნიშნული უწყება, არამედ მისი სხვა უწყებასთან ინტეგრაციაც კი გადაიფიქრა.

მთავარი ფოტო: ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე

 

 

 

რა საკითხები განიხილება კობახიძესა და კალაძესთან ბათუმში – საკრებულოს წევრის კომენტარი

“ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემებზე, რაც თვითმმართველობას აწუხებს. შეხვედრის თემა არ ყოფილა არჩევნები, არც საკადრო პოლიტიკა,” – გვითხრა „ქართული ოცნების” ოფისიდან გამოსულმა ლაშა სირაბიძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

პარტია “ქართული ოცნების” ლიდერები – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახი კალაძე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოების წევრებს და უმაღლესი საბჭოს წევრებს ცალ-ცალკე, დახურულ კარს მიღმა ხვდებიან. შეხვედრა ამ დრომდე გრძელდება.

კონკრეტულად რა პრობლემაზე ისაუბრეს ბათუმის საკრებულოს წევრებმა? – ლაშა სირაბიძემ გვითხრა, რომ „საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ხვალინდელ გეგმებს, რაზეც შეიძლება ადგილობრივ ხელისუფლებას ცენტრალური ხელისუფლების დახმარება დასჭირდეს”.

ლაშა სირაბიძემ კონკრეტული ინიციატივის შესახებაც გვითხრა, რაც მან პარტიის ლიდერებთან გააჟღერა. საკრებულოს წევრი ტურიზმის სფეროში კონკრეტული რეგულაციების ამოქმედებას ითხოვს.

„რაღაც რეგულაციები უნდა დაწესდეს, რომ ხვალ და ზეგ ტურისტები არ შეშინდნენ ასეთი ფასებით. ჩვენ ბიზნესში ჩარევას არ ვცდილობთ. უბრალოდ, როცა ცხადდება ტენდერი, იქ არის შესაძლებელი კონკრეტული პირობის გათვალისწინება. შეზლონგის ფასი, მაგალითად, არ უნდა იყოს 3 ლარზე მეტი… უნდა არსებობდეს ასეთი რეგულაცია იგივე ბუნგალოებზე, იქ წყლის ფასსზე და ასე შემდეგ,” – გვითხრა ლაშა სირაბიძემ.

კითხვაზე, რატომ სჭირდება საკრებულოს პარტიის ხელმძღვანელი პირების მხარდაჭერა, როცა მსგავსი საკითხები ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა განიხილოს? – ლაშა სირაბიძემ გვიპასუხა, რომ “პარტიულია ყველა და პარტიასაც უნდა გავუზიაროთ კონკრეტული საკითხები”.

შეხვედრის დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს წევრებმა თქვეს, რომ წინასაარჩევნო საკითხებს განიხილავდნენ  „ქართული ოცნების“ ლიდერებთან. შეხვედრა დეპუტატებთან ჯერ არ დასრულებულა.

კახი კალაძესა და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას პარლამენტის წევრებიც ესწრებიან.

ბათუმში ქაფურის ხეზე მიჭედებული თუნუქის ფირფიტა მოხსნეს

ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, ხეზე მიჭედებული თუნუქის ფირფიტა, რაზეც „ბათუმელები“ გუშინ წერდა, დღეს მოხსნეს და ფუღურო მიწით ამოავსეს.

ბათუმის მერიის ცნობით, ქაფურის ხეზე მოქალაქეებმა თუნუქის ფირფიტა თვითნებურად მიაჭედეს, რადგან გამვლელები დაფუღუროვებულ ხეში ნაგავს ყრიდნენ.

სპეციალისტთა განმარტებით, ქაფურის ხე მყარია და მისი მოჭრა საჭირო არ არის.

ბათუმის „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე: +995(422) 29-43-49.

ბათუმში ხის ფუღუროებზე თუნუქის ფირფიტა სხვაგანაც არის მიჭედებული, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ოფისთან, ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაში, ბათუმის მერიასთან ახლოს.

ჯაბა ანანიძის ფოტო

 

საქართველოდან თურქეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების რაოდენობა [ინფოგრაფიკა]

ავტორი: აიდან იუსუბოვა

უმაღლესი განათლების მისაღებად თურქეთის რესპუბლიკაში წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ყოველ წელს მატულობს. თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს თურქეთის უნივერსიტეტებში საქართველოდან 689 სტუდენტი სწავლობს. აქედან 256 ქალია, 433 კაცი. ისინი, ძირითადად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იღებენ განათლებას.

ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, საქართველოდან წასული სტუდენტები თურქეთის 80-მდე უნივერსიტეტში სწავლობენ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან წასული სტუდენტები ქალაქ რიზეში არსებულ რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტს ანიჭებენ უპირატესობას.

მადონა 60 წლის გახდა

პოპვარსკვლავი, მომღერალი, რეჟისორი და მწერალი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის სექსსიმბოლო, მადონა  დღეს 60 წლის გახდა. თანამედროვე მსოფლიოს პოპკულტურაში დღემდე იგრძნობა მისი გარეგნული სტილისა და მუსიკის გავლენა.

მადონა კარიერის დასაწყისში, სამოდელო გადაღებებისას

მადონას სრული სახელი და გვარი მადონა ლუიზა ვერონიკა ჩიკონეა. მომღერალს, მსოფლიოს ქალ მომღერლებს შორის, ყველაზე მეტი – 300 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

მადონა მიჩიგანის შტატში, როჩესტერში გაიზარდა. 1977 წელს საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ცეკვას სწავლობდა და მოდელად მუშაობდა. ამ პერიოდშიც კი მას უკვე ჰქონდა საკუთარი სტილი, რამაც გარკვეულწილად მსოფლიო პოპკულტურის მიმართულება განსაზღვრა.

მადონას მიერ შესრულებული სიმღერების უმეტესობა მასვე ეკუთვნის. პირველი სადებიუტო ალბომი მომღერალმა 1982 წელს გამოსცა.

„გრემის“ მფლობელი მუსიკოსის წარმატება კინოროლებმაც განაპირობა: „ევიტა“, „ლიგა“, „მათი ლიგა“, „დიკ ტრეისი“ და „სასოწარკვეთილი ვეძებ სიუზანს“ – ეს ის ფილმებია, რომლებშიც მომღერალმა ითამაშა. ფილმისთვის „ევიტა“ მან ოქროს გლობუსიც მიიღო ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

მომღერალს აქვს საკუთარი კომპანია Maverick-ი, ქმნის სამოსის მოდელებს, მანვე დაარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია ღარიბთა დასახმარებლად, არის რამდენიმე საბავშვო წიგნის ავტორი და ფილმების რეჟისორი.

მაშველებმა დაკარგული 9 წლის ბიჭი ქობულეთის სანაპიროზე იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 9 წლის ბიჭი, რომელსაც დღეს ქობულეთის სანაპიროზე, ზღვასა და ხმელეთზე ეძებდნენ, უკვე იპოვეს. იგი ხმელეთზე იყო და მაშველებმა მისი პოვნა მალევე შეძლეს.

სამაშველოს ინფორმაციით, ქობულეთში, სანაპიროზე, კიდევ ერთი ბავშვი იყო დაკარგული, რომელიც, ასევე, ნაპოვნია.

 

 

კალაძე და კობახიძე ბათუმში – დახურული შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს.

პარტიის ლიდერები – კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდნენ აჭარის თითოეული მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ამჯერად შეხვედრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შედიან.

შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც ესწრება.

„შეხვედრა იქნება პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის, არჩევნებზე, როგორი იქნება ჩვენი პოზიცია ამ არჩევნებზე, წინასაარჩევნო სამზადისი და ასე შემდეგ,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

უმაღლესი საბჭოს წევრები შეხვედრის დეტალებზე საუბარს შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგვპირდნენ.

შეხვედრიდან გამოსულმა მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმაც თქვეს, რომ შეხვედრაზე წინასაარჩევნო საკითხებზე ისაუბრეს.

რას გულისხმობს წინასაარჩევნო მზადება, როცა პარტიას პრეზიდენტობის კანდიდატი არ ჰყავს? – ირაკლი ჭეიშვილმა ამ კითხვაზე გვიპასუხა, რომ „მმართველი პარტია არჩევნებისთვის მაინც უნდა მოემზადოს“.

 

„ჩემმა დამ ისე შეიტანა განაცხადი, ჩემთვის არც უკითხავს“ – ბათუმის ოლქის თავმჯდომარე 

„მოხარული ვარ. ზუსტად ისეთი, როგორებიც არიან ირაკლი და ჩემი და, პატიოსნები, პასუხისმგებლიანები, კომპეტენტურები, ნამდვილად უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში, არამედ სხვაგანაც,“ – ასე აფასებს ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე – ციალა შავაძე თავისი დის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრად არჩევას. ციალა შავაძის და – მზიური შავაძე ცესკომ ქედის საოლქო კომისიის წევრად აირჩია. ირაკლი გვარჯალაძე კი ბათუმის ოლქის ახალი წევრია. ის ციალა შავაძის მეგობარია.

საოლქო კომისიის დროებითი წევრები ცესკომ რამდენიმე დღის წინ შეარჩია. საუბარია თითოეულ საარჩევნო ოლქში თითო წევრზე, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით, აპოლიტიკური და პარტიულად მიუკერძოებული უნდა იყოს. საოლქო კომისიების დროებით წევრებს წინასაარჩევნოდ ცესკო კონკურსის წესით არჩევს.

საოლქო კომისიების წევრების არჩევაზე დღეს, 16 აგვისტოს, ბრიფინგი გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში.

„საოლქო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ აქტივისტებითა და მხარდამჭერებით, ასევე ბოლო პერიოდში დროებითი წევრები შერჩეულ იქნა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების ახლობლებითა და ნათესავებით. რეალურად საოლქო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა პოლიტიკური ნიშნით,“ – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ირმა ხოროიშვილმა.

პარტიამ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა ოლქებში დამოუკიდებელი წევრების არჩევის საკითხი შეისწავლონ.

„ჩემმა დამ ისე შეიტანა განაცხადი, რომ ჩემთვის არც უკითხავს, რჩევაც არ უკითხავს. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა ამის სრული უფლება და იმის გამო, რომ ის ჩემი დაა, მისი დისკრედიტაცია არ უნდა მოხდეს. მას აქვს უბნებზე მუშაობის გამოცდილება, ჰქონდა ცესკოს სერტიფიკატი და შეეძლო, როგორც ნებისმიერ სხვა პირს, განეცხადებინა ოლქის დროებით წევრობაზე პრეტენზია. ოლქის დროებითი წევრის არჩევა არის ცესკოს პრეროგატივა,“ – გვითხრა ციალა შავაძემ, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.

ციალა შავაძე ბათუმის ოლქის თავმჯდომარეა 2016 წლიდან. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე იგი „ქართული ოცნების“ და ამავე პოლიტიკური გაერთიანების ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი ერმაკოვის სასარგებლოდ მუშაობდა. ის „ქართული ოცნების“ შტაბში გადაღებულ რამდენიმე ფოტოზე კოალიციის სარეკლამო მაისურითაა დაფიქსირებული.

ციალა შავაძის თქმით, მისი და „ქართული ოცნების“ ან რომელიმე სხვა პარტიის აქტივისტი არ ყოფილა.

„ჩემი და აქტივისტი არ ყოფილა, ის პედაგოგია. არანაირი შეხება მას არც ერთ პარტიასთან არ ჰქონია. ის არანაირ ღონისძიებაზე არასდროს არ ყოფილა. ამიტომაც ცესკო არჩევს აპოლიტიკურ ადამიანებს,“ – ამბობს ის.

ციალა შავაძემ დაგვიდასტურა, რომ მისი ოლქის წევრად დანიშნულ ირაკლი გვარჯალაძესთან მეგობრობს. ოლქის თავმჯდომარე ხაზს უსვამს იმას, რომ ცესკო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და მეგობრის არჩევაზე მას გავლენა ვერ ექნებოდა.

ციალა შავაძე: „ირაკლი გვარჯალაძე არის კომპეტენტური ადამიანი, ის არის ცესკოს სწავლების ცენტრის ტრენერი და წლების განმავლობაში იყო ტრენერი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში, წლების განმავლობაში იყო ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ირაკლი გავიცანი აქ, ჩემი მუშაობის პერიოდში. უაღრესად კომპეტენტური, პასუხისმგებლიანი, ძალიან მოწესრიგებული ადამიანია და საარჩევნო კუთხით არის სამაგალითო პიროვნება. არჩევნების პერიოდში როცა მოდიან წევრები, პარტიული იქნება ეს თუ დროებითი წევრები, ჩვენ ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. იმის გამო ცესკოს არ აურჩევია ირაკლი, რომ ის ჩემი მეგობარია“.

„ქართულ ოცნებასთან“ კავშირს უარყოფს ხულოს საოლქო კომისიის ახალი წევრი – რამაზ აბულაძეც. ხულო საინტერესო აღმოჩნდა იმით, რომ აქ საოლქო კომისიის მაღალანაზღაურებადი წევრობა არავინ ისურვა რამაზ აბულაძის გარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, რამაზ აბულაძე წინა არჩევნებზე სოფელ ვაშლოვანში „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო.

„არასდროს არ ვყოფილვარ მე „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და აქტივისტი, ეს სიცრუეა. „ქართული ოცნების“ პარტიულ რიგებში არასდროს ვყოფილვარ, მე ვარ უპარტიო და უმუშევარი. წინა არჩევნებზეც ვიყავი და წელს მარტო ერთი ვიყავი, სხვას არც ჰქონდა შეტანილი განცხადება. მე ვარ მიუკერძოებელი, ჩემი ვალია, რომ სწორად და ლამაზად ჩატარდეს არჩევნები,“ – აღნიშნა რამაზ აბულაძემ „ბათუმელებთან“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ქობულეთის ოლქში არჩეული ია ბერიძე ქობულეთის რკინიგზის სადგურის უფროსის – ირაკლი კვირკველიძის მეუღლეა, ხოლო შუახევის საოლქო კომისიის ახალი წევრი რომან დარჩიძე ოლქის თავმჯდომარის – თამაზ დავითაძის მეგობარი.

მთავარი ფოტო: ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე, ქართული ოცნების შტაბში [მეორე რიგში მარცხნიდან მეორე]. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ქობულეთში მაშველები 9 წლის ბავშვს ეძებენ

ქობულეთის სანაპირო ზოლზე 9 წლის ბავშვს ეძებენ. მაშველები გაუჩინარებულ ბავშვს ამ დროისთვის [13:00 სთ] ეძებენ, როგორც ზღვაში, ასევე სანაპირო ზოლზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უცნობია, ბავშვი ჩავიდა თუ არა ზღვაში საბანაოდ.

15 ათასი ლარი ყინულის სასახლის მემბრანის გასარეცხად

ა(ა)იპ ბათუმის სპორტულმა ცენტრმა მის საკუთრებაში არსებული პოლივინილქლორიდის მემბრანის გაწმენდა-გარეცხვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 15 ათასი ლარია. მემბრანა ბათუმში, ლადო ასათიანის ქ. N27-ში მდებარეობს. ის ბათუმის ყინულის სასახლეს ფარავს.

ტენდერის პირობის მიხედვით, მემბრანის ზედაპირი უნდა დამუშავდეს ქიმიური საშუალებების, დანადგარებისა და ხელსაწყოების გამოყენებით. ზედაპირი მაქსიმალურად უნდა გასუფთავდეს ჭუჭყისაგან და სხვა ლაქებისაგან. ტენდერში გამარჯვებულმა მემბრანა სპორტული ცენტრის მოთხოვნიდან 10 დღეში უნდა გარეცხოს.

მემბრანა ფარავს 5000 კვ/მ მიწის საფარს და მისი სიმაღლე მიწიდან შეადგენს 17 მეტრს. მემბრანის ზომა: 50×100 მ. იგი შედგება თვით პოლივინილქლორიდის თაღოვანი ზედაპირისგან, 6 სამფრთიანი შესასვლელი კარის, 6 ავარიული გასასვლელი კარის და ერთი ტექნიკური შესასვლელისაგან [შლუზკამერა].

ბათუმის ყინულის სასახლის მიმდებარედ ახალი სპორტის სასახლე აშენდა, ამჯერად კი იქვე ყინულის არენა შენდება. ამ შენობებში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 2018 წლის 23 სექტემბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება.

 

 

 

ავტომანქანა ტურისტს დაეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

გრიბოედოვის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ტურისტს დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, ის  რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს მოტეხილი აქვს ხელი და იდაყვი. ტურისტი სომხეთიდანაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

„ბათუმობა 2018“-ს „შვიდკაცას“ და „ალილოს“ კონცერტი დაემატება

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ვინაიდან „ბათუმობა 2018“-ის საორგანიზაციო ნაწილზე გამოცხადებული ტენდერებიდან შეიქმნა ეკონომია, მრავალფეროვნების მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალა გასართობი ღონისძიებების, კონცერტის დამატება.

ცენტრის გადაწყვეტილებით ეკონომიიდან მიღებულ თანხას – 19 625 ლარს, ანსამბლებს – „შვიდკაცას“ და „ალილოს“ გადაუხდიან.

კულტურის ცენტრმა თანხმობის მიღებისთვის უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რომელიც ცენტრის გადაწყვეტილებას 20 აგვისტოს განიხილავს.

„შვიდკაცას” კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 11 375 ლარი, ხოლო „ალილოს“ კონცერტისთვის 8 250 ლარია გამოყოფილი.

„გადაწყდა, რომ წელს ბათუმობა ჩატარდეს განსხვავებულად და მემედ აბაშიძის გამზირის ნაცვლად, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გაიმართოს. ბათუმობისთვის ქუჩები სპეციალურად მოირთვება 1900-იანი წლების ეპოქის სტილისტიკით – აბრები, აფიშები, ბილბორდები. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სანახაობა საინტერესო იქნება ქალაქის სტუმრებისათვის, უცხოელი ტურისტებისათვის, რაც ხელს უწყობს ქალაქის პოპულარიზაციას, მისი ადგილის დამკვიდრებას მსოფლიო კულტურულ რუკაზე და კულტურული ტურიზმის გზით ქალაქის ეკონომიურ განვითარებას“ – აცხადებს ბათუმის კულტურის ცენტრი.

______________________

მთავარი ფოტო: ბათუმობა 2017 / ცაგო კახაბერიძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

კონკურსი არაქართულენოვანი სკოლებისთვის კონსულტანტ და დამხმარე მასწავლებლის შესარჩევად

სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვანი სკოლებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონსულტანტ-მასწავლებლების და დამხმარე მასწავლებლების  შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსი პროგრამის – „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ ფარგლებში ცხადდება.

პროგრამის ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისად ქართულის, როგორც მეორე ენის  სწავლება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის ან კახეთის არაქართულენოვან სკოლაში.

ასევე,  სკოლის ბაზაზე არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა, სკოლაში საგნობრივი წრის შექმნა, დამატებითი გაკვეთილების ჩატარება, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.

პროგრამაში დამხმარე მასწავლებლის სტატუსით ჩართვისთვის საჭიროა კონკურსანტს ჰქონდეს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ბაკალავრის დიპლომი და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი  სერტიფიკატი ან ცნობა.

„დამხმარე მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა იქნება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის ან კახეთის არაქართულენოვანი სკოლის შესაბამისი საგნის ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  სტანდარტის შესაბამისად, სკოლის ადგილობრივი მასწავლებლების დახმარება ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებაში, პროფესიული განვითარების მიზნით ამავე პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელთან თანამშრომლობა“.

კონკურსანტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით და სერტიფიცირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI; VII-XII) ან ქართული, როგორც მეორე ენაში;
  • უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით (მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი კურსი და ქართულის, როგორც მეორე ენის საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარება ან ქართულ ენასა და ლიტერატურაში საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარება I-VI; VII-XII);
  • უმაღლესი განათლება მასწავლებლის კვალიფიკაციით და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარება I-VI; VII-XII/ ქართულის, როგორც მეორე ენის საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარება.

პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განივითარება” მიზანია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით.  პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ორიენტირებულია, როგორც სამიზნე სკოლების ადგილობრივ მასწავლებლებს შორის სახელმწიფო ენის ფლობის დონის გაუმჯობესებაზე, ასევე მათ პროფესიულ განვითარებაზე.

 

 

„ველმონდი“ სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლებას ითხოვს

სასტუმრო „ველმონდი“ საზაფხულო სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლებას ითხოვს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გუშინ, 15 აგვისტოს, „ველმონდს“ [ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდი“] სასტუმროს დასაცლელად ორდღიანი ვადა მისცა.

„ჯერ უნდა აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, შემდეგ მივმართავთ წერილით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მუშაობის უფლების გაგრძელების მოთხოვნით,“ – ამბობს კახაბერ წერეთელი, სასტუმრო „ველმონდის“ იურისტი. მისი თქმით, წერილში აღწერილი იქნება, რა გააკეთა უკვე სასტუმრომ სახანძრო უსაფრთხოებისთვის და რა შესრულდება კიდევ.

იურისტის ინფორმაციით, სასტუმრო „ველმონდში“ ისევ არიან სტუმრები. კახაბერ წერეთელმა გვითხრა, რომ პროცედურებზე განმარტებები სასტუმროს მენეჯმენტმა უნდა გააკეთოს. „ვერ გეტყვით ზუსტად პროცედურებს. სასტუმრო სამართლებრივი ჩარჩოდან არ გავა,“ – ამბობს ის.

ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ სასტუმრო დაკეტილი იყო და მხოლოდ 2018 წლის მაისში განაახლა მუშაობა ახალი სახელით – „ველმონდი“.

სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულია ორი პირი.  

 

აჭარის პოლიციის უფროსად კონსტანტინე ანანიაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. იგი ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. კონსტანტინე ანანიაშვილმა ამ თანამდებობაზე ლაშა გოგნიაშვილი შეცვალა, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 2016 წლის 19 იანვრიდან მუშაობდა.

შსს-ს ინფორმაციით, კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. კონსტანტინე ანანიაშვილი 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მამუკა საღარეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები ტერიტორიულ დეპარტამენტებში, როტაციის ფარგლებში შეიცვალნენ, თუმცა შსს-ს პრესამსახურში გვითხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, სად გააგრძელებს მუშაობას ლაშა გოგნიაშვილი.

საგანგებო სამსახური „ველმონდს“ სასტუმროს დასაცლელად ორ დღეს აძლევს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის” (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა – ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი] სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას.

გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა.

კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის.

ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.

გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო ამ დროისთვის, კვლავ იღებს სტუმრებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმროს ადმინისტრაციას აძლევს ვადას, 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე მოახდინოს შენობიდან სტუმრების გამოყვანა და შეწყვიტოს საქმიანობა.

სამსახურის სპეციალისტები ბოლო თვეების განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობდნენ სასტუმროს ადმინისტრაციასთან და ახდენდნენ ინფორმირებას მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თანამშრომლობას კვლავ განაგრძობს, რათა სასტუმრო „ველმონდის“ ადმინისტრაციამ დროულად მოახდინოს არსებული დარღვევების გამოსწორება.

როგორც კი სასტუმროში დაიწყება ვალდებულებების შესრულება, სამსახური მზად არის უმოკლეს ვადებში მხარი დაუჭიროს შენობის ექსპლუატაციაში შესვლას“ – აღნიშნულია განცხადებაში.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი სასტუმრო მოთხოვნას არ შეასრულებს? – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსცენტრში გვითხრეს, რომ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაცია სასტუმროსთვის სიახლე და მოულოდნელობა არ არის. აქ განმარტავენ, რომ სასტუმროს მენეჯმენტი მზადაა ორ დღეში სასტუმროდან სტუმრები გაუშვას. „წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება შესაბამისი ღონისძიებები, რასაც ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება,“ – აღნიშნეს პრესცენტრში.

ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ სასტუმრო დაკეტილი იყო და მხოლოდ 2018 წლის მაისში განაახლა მუშაობა ახალი სახელით – „ველმონდი“.

სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებული ორი პირია. 

ბათუმში ქაფურის ხეს თუნუქის ფირფიტა მიაჭედეს

ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდგარ ქაფურის ხეს თუნუქის ფირფიტა მიაჭედეს. როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის გამწვანების სამსახურში უთხრეს, იმის გამო, რომ გამვლელები დაფუღუროვებულ ხეში ნაგავს ყრიდნენ, ხეს თუნუქი გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლებმა თვითნებურად მიაკრეს.

„გამოვიძახებთ კეთილმოწყობის სამსახურს და ხვალ ალბათ ავაძრობთ მაგ თუნუქს. შემდეგ მოვიფიქრებთ, თუ რა გავაკეთოთ. წესით, მაგ ხეს ლურსმანი არ უნდა მიაკარო, მაგრამ იმის გამო, რომ ხალხი ნაგავს ყრის, ღიად ვერ დავტოვებთ“,  – ამბობს ირაკლი ბერიძე, გამწვანებისა და ლანდშაფტურის დაგეგმარების სამსახურის გამწვანების განყოფილების უფროსი.

მისივე თქმით, მართალია, ხე დაფუღუროვებულია, მაგრამ მყარია და მისი მოჭრა საჭირო არაა. გამწვანების სამსახურში ჯერ არ მოუფიქრებიათ, თუ რა ფორმით ამოავსებენ ფუღუროს, რომ მოქალაქეებმა ისევ ნაგავი არ ჩაყარონ.

ქაფურის ხე გამსახურდიას ქუჩაზე

 

სად მზადდება ქართული აბრები ქემალფაშას მაღაზიებისთვის

ავტორი: მანანა ქველიაშვილი; აიდან იუსუბოვა

სარფში საზღვარს ყოველდღიურად საქართველოს ათობით მოქალაქე კვეთს და სავაჭროდ ან სამუშაოდ თურქეთის დაბა ქემალფაშაში მიდის.

დაბა, სადაც დაახლოებით 4 500 მოსახლე ცხოვრობს, ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრია შავი ზღვის რეგიონში, სადაც საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები ერთად მუშაობენ.

დაბაში მდებარე თითქმის ყველა მაღაზიაში შეხვდებით ქართულ წარწერებს, მაღაზიების ნაწილს კი ქართული აბრები აქვს.

ბულენთ ონჯელი არჰავში მდებარე სარეკლამო კომპანია „ატილიმ რეკლამ“-ის ხელმძღვანელია. სწორედ მისი კომპანია ამზადებს აბრებს და ტრაფარეტებს ქემალფაშას მაღაზიებისთვის.

„2004-2005 წლებში სარეკლამო კომპანია ბათუმშიც გვქონდა გახსნილი. მიღებულმა შეკვეთებმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა – შეკვეთების სიმრავლის გამო ვერ ვასწრებდით ორივეგან ყოფნას. ამიტომ არჩევანის გაკეთება მოგვიწია და თურქეთში განვაგრძეთ კომპანიის საქმიანობა,“ – იხსენებს ბულენთ ონჯელი „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, ქემალფაშაში არსებული მაღაზიების 90%-ს მისმა კომპანიამ დაუმზადა სარეკლამო აბრა.

„აბრებს ქართულ ენაზე ამზადებენ მარტივი მიზეზის გამო. მაღაზიების მფლობელებს უნდათ თავიანთი პროდუქტი უფრო მეტ ადამიანამდე მიიტანონ. ქართულენოვანი წარწერების არსებობა ქემალფაშაში იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ იქ, ძირითადად, ქართველები გადმოდიან სავაჭროდ, ქართველები განსაზღვრავენ ქემალ-ფაშას ბაზრის ვაჭრობის დინამიკას,“ – ამბობს ბულენთ ონჯელი.

„ატილიმ რეკლამ“-ის თანამშრომელი ქართულ რეკლამაზე მუშაობის დროს ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

იმის გამო, რომ ქართულენოვანი თანამშრომელი არ ჰყავთ, ხშირად კურიოზულ სიტუაციაში ვარდებიან.

„სარეკლამო აბრების დამზადებას მაღაზიებში მომუშავე ქართველი თანამშრომლების დახმარებით ვახერხებთ. ისინი წერენ ტექსტს ქართულად, ჩვენ ქართული ფონტები გვაქვს გადმოწერილი და შემდეგ ამ ფონტებს ვამსგავსებთ მათ ნაწერებს. თუ მაღაზიის თანამშრომელი დაწერს შეცდომით, მეც შეცდომით დავამზადებ აბრას.

ერთხელ ავეჯის ერთ-ერთმა მაღაზიამ მოგვცა შეკვეთა – უნდა დაგვეწერა ქართულად „ავეჯის მაღაზია“. ისე მოხდა, რომ „ე“ ასო გამოვტოვეთ და დავწერეთ „ავჯის მაღაზია“. მაღაზიის მეპატრონემ, ვინც აბრის დამზადება დაგვიკვეთა, თვითონაც არ იცოდა ქართული. წაიღო ეს აბრა და დაკიდა. ყველა იცინოდა, ვინც მისი მაღაზიის წინ გაივლიდა. ბოლოს იკითხა და აუხსნეს საქმის ვითარება. ენის არ ცოდნის გამო შეცდომები ხშირად მოგვდის,“ – ამბობს ბულენთ  ონჯელი.

მისივე თქმით, აქამდე იმ ინტენსივობით არ იყო შეკვეთები, რომ ცალკე ქართულენოვანი თანამშრომელი აეყვანა. თუმცა ახლა ოფისი ქემალფაშაშიც გახსნა და თუ საქმეს ააწყობს, ქართული ენის მცოდნესაც დაიქირავებს.

„ქართულენოვან აბრებზე მოთხოვნა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. ქემალფაშაში რასაც ხედავთ აბრებს, უმრავლესობა ორი წლის წინაა გაკეთებული. მაშინ უფრო მეტი ხალხი გადმოდიოდა საქართველოდან. მეტი მაღაზია იხსნებოდა და გახსნისთვის გვიკვეთავდნენ წარწერებს.  ახლა კლიენტებს უკვე დამახსოვრებული აქვთ, ცნობენ მაღაზიებს. თან ბოლო დროს  ვინც ჩამოდის საქართველოდან, უმეტესობა ვაჭრები არიან და თითქმის ყველამ იცის თურქული ენა. ერთი და იგივე ხალხი ჩამოდის, იბმება ორმხრივი ურთიერთობები და აგრძელებენ მუშაობას“.

 

მთავარი ფოტო:  რეკლამისთვის განკუთვნილი ქართული ასოები „ატილიმ რეკლამ“-ის ოფისში

ექვსი თვის ფულადი გზავნილები აჭარაში: პირველ ადგილზეა რუსეთი, მეორეზე – თურქეთი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული მონაცემებით, აჭარაში უცხოეთის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების რაოდენობით წელს პირველ ადგილზე რუსეთია.

რუსეთიდან აჭარაში, მიმდინარე წლის 6 თვეში 4,4 მილიონი აშშ დოლარით მეტი [32,1 მილიონი დოლარი] გადმოირიცხა, ვიდრე თურქეთიდან [27,7 მილიონი დოლარი].

მთლიანობაში, 2018 წლის 6 თვეში, აჭარაში საშუამავლო ბანკებისა და ელექტრონული ანგარიშსწორების მიხედვით, უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოირიცხა 198 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი.

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში აჭარაში ფულადი გზავნილების რაოდენობის მიხედვით კი თურქეთი ლიდერობს. 2017 და მიმდინარე წლის 6 თვეში აჭარაში ყველაზე მეტი თანხა სწორედ თურქეთიდან გადმოირიცხა, ჯამში 148 მილიონ 471 ათასი აშშ დოლარი, რაც 19,7 მილიონი აშშ დოლარით მეტია ამავე პერიოდში რუსეთიდან აჭარაში გადმორიცხულ ფულად გზავნილებზე.

რაც შეეხება 2017 წელს, აჭარის რეგიონში უცხოეთიდან მთლიანობაში ჩამოირიცხა 603,8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო პირიქით, აჭარიდან უცხოეთში 571,5 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მთლიანად ქვეყანაში 2018 წლის 6 თვეში თურქეთიდან 48 მილიონამდე აშშ დოლარით მეტი ჩამოირიცხა, ვიდრე პირიქით, საქართველოდან გადაირიცხა თურქეთში:

[checklist]

  • მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში თურქეთიდან საქართველოში ჩამოირიცხა 58 113 000 აშშ დოლარი, ხოლო საქართველოდან თურქეთში გადაირიცხა 10 217 300 ლარი.

[/checklist]

რაც შეეხება რუსეთს, ამავე პერიოდში რუსეთიდან საქართველოში 214 105 600 აშშ დოლარი ჩამოირიცხა, საქართველოდან რუსეთში კი გადაირიცხა 44 642 800 აშშ დოლარი.

მიმდინარე წლის 6 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 41 მლნ აშშ დოლარით მეტი გადმოირიცხა, ვიდრე რუსეთიდან. Forbes-ის თანახმად, ეს ისტორიული შედეგია. აქამდე ყოველთვის რუსეთიდან მეტი თანხა იგზავნებოდა, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებიდან.


ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუფასურდა თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებაში. თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება აშშ-სმიერ თურქეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ დაიწყო. გაუფასურების რეკორდულ მაჩვენებელს თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ 12 აგვისტოს საღამოს მიაღწია, როცა 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 7,2 ლირა გახდა.

დოლართან მიმართებაში გაუფასურდა ქართული ლარიც. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 9 აგვისტოდან დაწყო. 10 აგვისტოს ლარი თითქმის 7 თეთრით გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი კი ლარის კურსზე კომენტარს არ აკეთებს.

ქობულეთში DDT-ს კონცერტი აღარ გაიმართება – Kobuleti Ozone Fest ჩაიშალა

რუსული როკ-ჯგუფ DDT-ს კონცერტი 25 აგვისტოს ქობულეთში აღარ შედგება, ამის მიზეზი ფესტივალ Kobuleti Ozone Fest-ის ჩაშლა გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ Tbilisi Open Air-ის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ძალიან ვწუხვართ, მაგრამ მთელი რიგი გარემოებების გამო ფესტივალის მზადების პროცესი შეფერხდა, რამაც მის ხარისხიანად ჩატარებას საფრთხე შეუქმნა. Kobuleti Ozone Fest-ი წელს აღარ გაიმართება და ვეცდებით, ამ ფესტივალის ჩატარების იდეა უფრო კარგი დროისთვის გადავდოთ.

დიდ ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც აპირებდა ფესტივალზე დასწრებას. იმედია, უცხოეთიდან მოწვეული ბენდები, DDT-ი და Nemra, გაისად, მეათე საიბულეო Tbilisi Open Air-ზე გამოვლენ. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მათ, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები ფესტივალზე დასასწრებად, ორგანიზატორები თანხის დაბრუნებას ჰპირდებიან.  

თანხის 2/3-ს თანამშრომლები გადაიხდიან – შსს-ს განმარტება კორპუსების მშენებლობაზე

batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, შსს თანამშრომლებისთვის 6 მილიონ ლარად ორ თერთმეტსართულიან კორპუსს ააშენებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს. კორპუსები თბილისში, ქერჩის ქუჩა N6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს სამინისტრო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 6 435 136 ლარია.

„პროექტის პირველადი ღირებულება 6 435 136 ლარია, თუმცა ტენდერში  ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი გაიმარჯვებს. სახელშეკრულებო ღირებულების 1/3-ის გადახდა მოხდება 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, ხოლო 2/3-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადაიხდიან“, – აცხადებს შსს.

კონკრეტულად რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც აღნიშნული მშენებლობისთვის საჭირო თანხის 2/3-ს გადაიხდიან [და, შესაბამისად, მიიღებენ საცხოვრებელ ბინებს]? – სამინისტროში გვითხრეს, რომ მონახაზი არის და კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე ზუსტდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ბინათმშენებლობის პროგრამა თბილისის გარდა მოიცავს ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდსა და რუსთავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ბინათმშენებლობის სოციალური პროექტის შესახებ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დააანონსა, სადაც მან, როგორც შსს-დან მოგვწერეს, შემდეგი განაცხადა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც გაზრდის სოციალურ გარანტიებს თითოეული პოლიციელისთვის და მათ თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარების საშუალებას მისცემს. მსგავსი სოციალური გარანტიები იქნება კიდევ უფრო გამაძლიერებელი კომპონენტი, რომ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში საუკეთესო ახალგაზრდები მოვიზიდოთ“.

„ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული თბილისში, გულუას ქ.N6-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის. სატენდერო თანხა – 3 980 504 ლარი.

სამინისტროში განმარტავენ, რომ გულუას ქუჩაზე ადმინისტრაციულ შენობასთან „აშენდა ახალი შენობა, რომელშიც საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამედროვე ლაბორატორიები და სხვადასხვა სახის ექსპერტიზისთვის განკუთვნილი სამუშაო დარბაზები განთავსდება. შენობის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები უკვე ჩატარებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გამოცხადებული ტენდერი [სავარაუდო ღირებულებით 3 980 504 ლარი] კი სწორედ აღნიშნული შენობის სარემონტო სამუშაოებს ითვალისწინებს“.

საექსპერტოს ახალი შენობა გულუას ქუჩაზე / ფოტო: შსს
მთავარი ფოტო: თერთმეტსართულიანი კორპუსები [რენდერი]

 

 

„ერთმა დედამ მკითხა: ბავშვი რამდენჯერ უნდა ვცემო?“ – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„ხშირად დამიფიქსირებია, რომ ბავშვებს უკვირთ, როცა მათ ვეკითხები: რას გრძნობ? ეს შეკითხვა მათთვის ძალიან უცხოა“, – ამას ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს. იგი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და მათ მშობლებთან მუშაობს. ფსიქოლოგიის ცენტრი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია და აქ მომსახურების მიღება ევროკავშირის მხარდაჭერით უფასოდ შეიძლება.

„ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ – ამ პროექტის ფარგლებში გახსნილი ფსიქოლოგიის ცენტრი ბავშვებს და 21 წლამდე ახალგაზრდებს ემსახურება. რა ჩანს ბავშვთა ძალადობის ისტორიებიდან – „ბათუმელები“ ფსიქოლოგიის ცენტრის ფსიქოლოგს, ქეთი დევაძეს ესაუბრა.

მოგვიყევით, როგორ მოდიან ადამიანები თქვენამდე, რა შემთხვევაში ხედავს მშობელი პროცესში ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროებას? 

ბავშვთა მიმართ ძალადობა ისევ ტაბუირებულ თემად რჩება. ხშირად მოგვმართავს სოციალური მომსახურების სააგენტო, განსაკუთრებით მაშინ, როცა განქორწინების შემთხვევაა და საჭიროა ფსიქოლოგის დასკვნა მეურვეობის განსაზღვრისთვის. როცა პირდაპირ ჩვენთან მოჰყავთ ძალადობის მსხვერპლი, დადასტურების შემთხვევაში, ვაწვდით ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოს.

იყო შემთხვევები, როცა ძალადობის მსხვერპლი ბავშვი თავად მოძალადე მშობელს მოუყვანია. მშობელი ამბობს, რომ ემოციური ფონი დაძაბული აქვს, უჭირს საკუთარი თავის კონტროლი და დახმარება სჭირდება. ძირითადად კარგი შედეგი აქვს ფსიქოლოგიურ თერაპიას, რადგან მშობელი მოდის უკვე აღიარებით, „განკურნების“ ერთ-ერთი ეტაპი კი არის ის, რომ პრობლემას თვალი გაუსწორო. ყოფილა ისეც, რომ მშობელი მოსულა და უთქვამს, რომ ბავშვი მორცხვია, მორიდებული, ყველაფერს თავს არიდებს და ასე შემდეგ. გასაუბრების შემდეგ ჩანს, რომ ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ამის შემდეგ ხშირად მიჰყავთ ბავშვები და წყვეტენ თერაპიის კურსს.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვინმეს ფსიქოლოგიური დახმარების მიღება ვაიძულოთ. ამ დროს პროცესში სოციალური მუშაკები ერთვებიან. საერთო ტენდენცია არის ის, რომ არავის სურს იმის გასაჯაროება, რომ ბავშვი ფსიქოლოგთან დადის. როცა აქაა მშობელი და ურეკავენ, პასუხობენ, რომ საქმეზე არიან ან ექიმთან. ერთ-ერთმა ბავშვმა მითხრა კიდეც, დედამ მითხრა, ფსიქოლოგთან რომ დავდივართ, არ თქვა არავისთანო.

ოჯახში ძალადობის ისტორიებიდან რა ჩანს – ძირითადად რატომ ძალადობს მშობელი შვილზე? 

მიზეზი ყოველთვის სხვადასხვაა. სტერეოტიპია, რომ ძალადობა მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებში ხდება, თუმცა ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი არის მძიმე სოციალური ფონი და დაძაბული ემოციური გარემო. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობაა ყველაზე გავრცელებული.

განქორწინების პროცესში თითქმის ყოველთვის ბავშვი განიცდის, ასე ვთქვათ, ცუდ ზეგავლენებს. ამ დროს მშობლები თავად მოგვმართავენ – არის ეს ტენდენციაა. ყოფილა შემთხვევაც, როცა ჩვენთან ვიზიტი მშობელმა დაასრულა და შემდეგ ისევ დაფიქსირდა ძალადობის ფაქტი. ეს ამბავი სრულდება იმით, რომ ბავშვი სოციალურ მუშაკებს ოჯახიდან გადაჰყავთ მინდობით აღზრდაში.

ძალადობის განმეორებაზე მინდა გკითხოთ. არსებობს მოსაზრება, რომ მოძალადის ქცევის კორექცია იშვიათად ხდება. თქვენი დაკვირვებით, რამდენად შესაძლებელია მშობლის ძალადობრივი ქცევის შეცვლა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის შედეგად? 

ვერ ვიტყვით, რომ ეს შეუძლებელია. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას განაპირობებს არა მხოლოდ ადამიანის ფსიქოლოგიური მახასიათებლები, არამედ გარემო და კონკრეტული სიტუაციაც. შესაძლებელია, ერთ გარემოში გამოვლენილი ქცევა, სხვა სიტუაციაში აღარ განმეორდეს. გვაქვს შემთხვევები, როცა მუშაობამ და თერაპიამ გამოიღო შედეგი. გვქონია კარგი შედეგები. გააჩნია ინდივიდს და სიტუაციას. ვერ ვიტყვით, რომ ყოველთვის ამართლებს თერაპია.

ბულინგის კუთხით თუ მოუმართავთ თქვენთვის? 

კი, ბულინგზეც გვაქვს მომართვიანობა. გვქონდა ბულინგის შემთხვევა უნივერსიტეტშიც…

რაც შეეხება სკოლებს, ხშირად მოდის მშობელი და ამბობს, რომ მის შვილს დასცინიან. არსებობს სტერეოტიპი, რომ მხოლოდ სუსტი ბავშვები ხდებიან ბულინგის მსხვერპლი. ასე არ არის. ნებისმიერი ბავშვი, მათ შორის, წარმატებული და ლიდერი ბავშვიც შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი. მთავარია ის, რომ ბავშვებს არ უნდა შეეშინდეთ, არ უნდა იგრძნონ გარიყულად თავი, მათ უნდა გაბედონ ამაზე საუბარი. პირველ რიგში, ბავშვები ამის შესახებ უნდა ესაუბრონ მშობლებს. მე მშობელს მივმართავ ყოველთვის, რომ იყვნენ ბავშვებთან განსაკუთრებულად ღია, რომ არ გამოეპაროთ მსგავსი პრობლემები. სკოლები ხშირად ამ ინფორმაციისთვის არ არიან ღია. მქონია შემთხვევები, როცა მოსწავლეს შევთავაზე, მოდი, ამის შესახებ დირექტორს ვუთხრათ-მეთქი. მითხრა, რომ დირექტორმა იცის ყველაფერი და რეაქცია არ ჰქონიაო.

ხომ არ გიმუშავიათ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან? როგორ უნდა გამოიცნოს მშობელმა, რომ ბავშვი პედოფილიის მსხვერპლია? 

კი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მოზარდებთან ახლაც ვმუშაობთ. აქაც არსებობს მითი, რომ მხოლოდ სოციალურად დაუცველი ბავშვი შეიძლება გახდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ძირითად შემთხვევაში მოძალადე არის ბავშვისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი და ამ დანაშაულს ახასიათებს განმეორებითობა.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამოირჩევა დაუცველობის განცდით. მას აქვს შეხედულება, რომ არავინ დაუჯერებს, ხოლო მოძალადე ეუბნება, რომ ის განსაკუთრებულად იქცევა მასთან, რომ ეს მხოლოდ მათი საიდუმლოა. „საიდუმლო“ – ერთგვარი გასაღები სიტყვაა ამ პროცესში. ამ დროს ბავშვი ჩაკეტილია საკუთარ თავში და გაურბის კონტაქტს გარესამყაროსთან. ბავშვი ცდილობს სხეულის გარკვეული ნაწილის დამალვასაც, ხშირად ბანაობს, რომ ამით თითქოს რაღაც ჩამოირეცხოს და გათავისუფლდეს. ის ამ დროს ფიქრობს, რომ სხვას ეს არ დამართნია და მხოლოდ მას მოუვიდა, აქვს ამბივალენტური დამოკიდებულება მოძალადესთან – ეზიზღება და იმავდროულად უყვარს. ბავშვები ხშირად ტირიან იმის გამო, რომ მოძალადე დასაჯეს. მათ აქვთ განცდა, რომ ისინი თავად არიან დამნაშავე…

 ამ დროს მშობელთან ახლო კომუნიკაცია თუ არის გამოსავალი? 

მქონია შემთხვევა, როცა ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მშობელთან ბავშვს, მაგრამ იგი ამ თემაზე მშობელს მაინც არ მოუყვა. ხშირად ბავშვი აცნობიერებს, რაც მოხდა, მაგრამ მას არ აქვს მხარდაჭერის იმედი ან ეშინია. უმეტეს შემთხვევაში ბავშვს ემუქრება მოძალადე, ეუბნება, რომ მას მაინც არ დაუჯერებენ და, უბრალოდ, შერცხვენილი დარჩება. სამწუხაროდ, ეს ასეც არის რეალობაში.

ჩვენ გვაქვს ისტორიები, როცა პირიქით, ბავშვი დაადანაშაულეს ცილისწამებაში. ხშირად გვესმის მშობლებისგან საყვედური, რომ აი, ეს ბავშვმა აქამდე როგორ არ თქვა. შესაძლებელია ბავშვი დაადანაშაულოს დედამ, ბებიამ, ბაბუამ, როცა მოძალადე არის მამა და ეს გამოძიებით დადასტურებულია. მშობლები ამ დროს გამუდმებით იმეორებენ, რომ მოძალადე ამას არ გააკეთებდა, რომ ეს შეუძლებელია…

რამდენად შესაძლებელია ბავშვი იგონებდეს ძალადობის ისტორიას? 

ზოგადად, ბავშვი ძალიან იშვიათად იტყუება სექსუალური ძალადობის შესახებ. ამგვარი მსხვერპლის როლის მორგება რთულია და ეს არაა მათთვის სასურველი. მან შეიძლება მოირგოს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლის როლი, თუმცა არა სექსუალური.

თქვენი აზრით, რა უნდა იყოს დასჯის ეფექტური მექანიზმი? ჩვენ დაგვიწერია ძალადობის რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როცა მოძალადე გაასამართლეს და სასჯელის მოხდის შემდეგ მან ისევ იძალადა. 

ჩემი აზრით, მთავარია, საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალოს ძალადობის მიმართ. ისევ ხშირია შემთხვევა, როცა მშობელი შვილის ცემას პრობლემად არ მიიჩნევს. ერთმა დედამ მითხრა, რამდენჯერ უნდა ვცემო შვილი, მაინც არაფერი შველისო. ჩვენს კულტურაში მთავარია ბავშვს კარგად ეცვას, სუფთად იყოს, მოვლილი, თმა შეჭრილი ჰქონდეს, არ შიოდეს და არა ის, თუ რას ფიქრობს, რას გრძნობს, როგორ არის. ხშირად დამიფიქსირებია, რომ ბავშვებს უკვირთ, როცა მათ ვეკითხები: რას გრძნობ? ეს შეკითხვა მათთვის ძალიან უცხოა, არავინ ინტერესდება, რას გრძნობს ბავშვი. ამით რომ დავინტერესდეთ, ბევრ ცუდ რამეს ავირიდებთ თავიდან: ბულინგს, დეპრესიას, სუიციდის მცდელობას…

აგრესია ახასიათებთ მოზარდებსაც. რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვესაუბრეთ ოთხ მოზარდს, რომლებმაც საკუთარ მშობლებზე იძალადეს. ერთმა მოზარდმა დედას მუცელში დანა ჩაარტყა, მეორემ – უსინათლო დედას სცემა… ამ აგრესიის მიზეზი რა არის, თქვენი დაკვირვებით? 

ხშირია მომართვა ბავშვთა აგრესიის კუთხით, ეს ეხება როგორც გოგონებს, ასევე ბიჭებს და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს. ჩვენ ვიკვლევთ თითოეულ შემთხვევას, საიდან მოდის ეს აგრესია და ჩანს, რომ უმეტეს შემთხვევაში დასწავლილ აგრესიასთან გვაქვს საქმე. ბავშვი მარტივად და კარგად ითვისებს იმას, რაც მის ოჯახში, მის გარშემო ხდება და შემდეგ ახორციელებს, სადაც ამის შესაძლებლობა მიეცემა – თანატოლთან, ცხოველთან, მშობელთან. ერთი მოზარდი მუდმივად უყურებდა, როგორ ძალადობდა მამა დედაზე, მამის გარდაცვალების შემდეგ მოზარდმა ძალიან მალე მამის როლი მოირგო და დედას სცემდა. მან დაისწავლა ქცევის ეს ფორმა. ის არ მიიჩნევდა, რომ ეს მისაღები იყო, მაგრამ მან ქცევის მხოლოდ ეს ფორმა იცის.

ყოველთვის ვეუბნები მშობელს, რომ არ აჩვენოს აგრესია შვილს, არ დასაჯოს არასდროს ბავშვი ფიზიკურად. ბავშვს თუნდაც თმა რომ მოქაჩო, ამით ხომ მართლა ფიზიკურად არაფერი უშავდება, მაგრამ ამგვარი მიდგომით მას ვასწავლით იმას, რომ თუ ვინმეს ვერ იმორჩილებ, აგრესიით არის ეს მოგვარებადი, რომ პრობლემა უნდა მოაგვარო ასე. ჩვენი საზოგადოება, ზოგადად, ასწავლის ბავშვს, რომ პრობლემა უნდა მოაგვაროს აგრესიით. როცა მშობელს ამის შესახებ ესაუბრები, გპასუხობს, რომ ჩვენც ასე გავიზარდეთ და არაფერი არ მომხდარა. ამაზე აქტიურად და კარგად უნდა იმუშაოს მედიამ.

როგორ უნდა მოგმართონ ადამიანებმა და რა შემთხვევაში არის შესაძლებელი ფსიქოლოგიური სერვისით სარგებლობა?

ჩვენთან არიან როგორც ფსიქოლოგები, ასევე არის სოციალური მუშაკიც. არსებობს იურიდიული მომსახურების საშუალებაც, საჭიროების შემთხვევაში. ადამიანებმა უნდა მოგვმართონ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ბავშვი და მოზარდი ძალადობის მსხვერპლია. ჩვენი ცხელი ხაზის ნომერია: 116 111.

ბოლოს იყო შემთხვევა, როცა 8 წლის ბიჭმა დარეკა სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელ  ხაზზე და დახმარება ითხოვა, მშობლები მცემენო. ძალადობის შემთხვევა დადასტურდა. ჩვენ ვიმუშავეთ ამ ბავშვთან.



საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი 
ახორციელებს პროექტს – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის პარტნიორები არიან: რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE). პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„ბათუმობა“ პირველ სექტემბერს გაიმართება – ორი ტენდერი, ერთი გამარჯვებული

სახალხო დღესასწაულ „ბათუმობას“ წელს შპს „მარკა“ გაუწევს ორგანიზებას – ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ამ კომპანიამ გაიმარჯვა.

„მარკა“ „ბათუმობის“ ჩასატარებლად 124 983 ლარს მიიღებს ქალაქის ბიუჯეტიდან. ტენდერში ამ კომპანიას მხოლოდ ერთი კონკურენტი – შპს „ბეთერ ფლაი“ ჰყავდა. ტენდერის საწყისი ღირებულება 144 ათასი ლარი იყო.

შპს „მარკამ“ „ბათუმობასთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა – 37 998 ლარად „მარკა“ ,ბათუმობა 2018“-თან დაკავშირებულ სარეკლამო მომსახურებას შეასრულებს. კერძოდ:

უნდა მოამზადოს 30 წმ-იანი სარეკლამო სატელევიზიო და რადიორგოლები; უნდა წარმართოს „ბათუმობის“ სარეკლამო კამპანია ფეისბუქზე;  შექმნას „ბათუმობის“ რუკა; დაამზადოს აფიშა, ფირნიშები, მოსაწვევი, ბანერები და ა.შ.

„ბათუმობის“ სარეკლამო მომსახურებისთვის გამოცხადებულ ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა, „მარკამ“ ყველაზე ნაკლები ფასი შესთავაზა ბათუმის კულტურის ცენტრს. ტენდერის საწყისი ღირებულება 60 ათასი ლარი იყო.

შპს „მარკას“ მესაკუთრე და დირექტორი ირაკლი ღლონტია.

სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ პირველ სექტემბერს ჩატარდება. ბათუმობისთვის სპეციალურად მოირთვება ქუჩები 1900-იანი წლების ეპოქის სტილისტიკით – აბრები, აფიშები, ბილბორდები.

ღონისძიება დაიწყება პირველ სექტემბერს 14:00 საათზე და დასრულდება იმავე დღის 19:00 საათზე. რაც შეეხება გალა კონცერტს, ის 20:00 საათისთვისაა დაგეგმილი. ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება.

ღონისძიებების ჩატარების ადგილია ძველი ბათუმი: მაზნიაშვილის, ზ. გამსახურდიას, ნ. ჟორდანის, მ. კოსტავას, ფარნავაზ მეფის, ვ. გორგასლის და ხულოს ქუჩები.

ამავე თემაზე: 

204 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან – როდის ჩატარდება „ბათუმობა 2018“

 

ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარია თამარის დასახლებაში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით დილის 7:00 საათზე მოხდა. „დაშავებულებს აღენიშნებოდათ კისრის დაზიანება და ზოგადი დაჟეჟილობა“.

43 ვაკანსია 12 საგნის კონსულტანტ-მასწავლებლის შესარჩევად

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის –  „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში კონსულტანტ – მასწავლებლის პოზიციაზე შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში 43 ვაკანსიაზე 12 საგნის სპეციალისტი შეირჩევა. შერჩეული კანდიდატები აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლებში განაწილდებიან.

ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული კონსულტანტ – მასწავლებლების ფუნქცია – მოვალეობა იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის სწავლება, არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა, რაც მოიცავს საგნობრივი წრის შექმნას, დამატებითი გაკვეთილის ჩატარებას, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას. გარდა ამისა, კონსულტანტ – მასწავლებელმა უნდა იზრუნოს როგორც საკუთარ, ისე ადგილობრივი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე.

კონკურსში მონაწილების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ – ერთ ქვემოთ მოცემულ პირობას:

  • ფლობდეს მასწავლებლის დამადასტურებელ სერტიფიკატს შესაბამის საგანში;
  • ფლობდეს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ ცნობას;
  • ფლობდეს 60 კრედიტიან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს;

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეულ საჯარო სკოლებში.

დაინტერესებულ პირებს ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღება HR.GOV.GEსა და TPDC.GEზე შეუძლიათ.

 

ხის ხელნაკეთი ნივთებით დაწყებული საქმე

კობა ფიფია წალენჯიხის სოფელ ჩქვალერში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ბაბუმ ხეზე მუშაობა ბავშვობაში ასწავლა. ელექტროხელსაწყოებს არ იყენებს, მხოლოდ დანით თლის ხისგან საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სუვენირებს. სახლში სახელოსნოც აქვს მოწყობილი და თითქმის მთელ დღეს აქ ატარებს.

42 წლის პრობაციონერი ამჟამად უმუშევარია. ძირითადად ხის ნივთების რეალიზებითაა დაკავებული. 3000 ლარი ჯარიმა და ერთწლიანი პირობითი მსჯავრი მისი ოჯახისთვის სირთულედ იქცა, თუმცა თანხის შეგროვება და გადახდა მაინც მოახერხა.

ჰყავს ორი შვილი, მეუღლე და პენსიონერი მშობლები. კობას შვილებიც სიამოვნებით სწავლობენ ხეზე კვეთას. სამზარეულოს ნივთები, მაგიდები, სკამები და სუვენირები, საეკლესიო ნივთები – ეს ყველაფერი არ არის, რასაც პრობაციონერი ამზადებს.

კობა ფიფიამ ხეზე კვეთის სახელოსნოს გაფართოების მიზნით სამეგრელოში მოქმედ ორგანიზაცია „თანაზიარს“ მიმართა, საიდანაც მცირე გრანტით დაფინანსდა, რომ ხის სახელოსნო გაეფართოებინა.

აპირებს, რომ პატარა მაღაზია სვანეთში გახსნას, სადაც ტურისტებს ეკოლოგიურად სუფთა ხელნაკეთ ნივთებს შესთავაზებს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, ფონდი „თანაზიარი“ და „აფხაზინტერკონტი“.

პროექტის სერვისებით ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და იმერეთში შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ყოფილმა პატიმრებმა, ასევე პრობაციონერებმა და პატიმართა ოჯახის წევრებმა.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი უზრუნველყოფს ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების სამედიცინო მხარდაჭერას, დასაქმებასა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას და იურიდიულ მომსახურებას. პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მერლაბი – ფართო სპექტრის სამედიცინო-კვლევითი ლაბორატორია ბათუმში

სამედიცინო კვლევითი ლაბორატორია „მერლაბი“ ბათუმში უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს. ლაბორატორია თურქული კომპანიის ფილიალია საქართველოში. აქ იშვიათი კვლევები ტარდება ძვირადღირებული აპარატურის მეშვეობით, რის შესახებაც საქართველოს მოქალაქეებს ინფორმაცია ნაკლებად აქვთ.

პაციენტები ხშირად მეტ დროს, ფინანსებსა და ძალისხმევას ხარჯავენ, რათა თურქეთში ჩაიტარონ ზუსტად იგივე კვლევები, რასაც ბათუმში, „მერლაბში“ ბევრად უფრო ხელმისაწვდომი პირობებით შესთავაზებენ. საჭიროების შემთხვევაში ანალიზები კვლევითი ლაბორატორიიდან ანკარაში იგზავნება გამოსაკვლევად.

„მერლაბი“ არის ლაბორატორია უნიკალური შესაძლებლობებითა და უსასრულო კვლევითი სპექტრით.
„მერლაბი“ არის ლაბორატორია უნიკალური შესაძლებლობებითა და უსასრულო კვლევითი სპექტრით.

ბრენდი „მერლაბი“ უკვე 25 წელია არსებობს და სამედიცინო-კვლევითი ლაბორატორიების ბაზარზე წამყვანი ადგილი უჭირავს ხარისხის, სანდოობისა და ხელმისაწვდომი ფასის გამო.

„მერლაბის“ ბათუმის ლაბორატორიაში 1000-ზე მეტი სხვადასხვა სახის სამედიცინო ლაბორატორიული კვლევა ტარდება.

გენეტიკური ტიპის ანალიზები, ორსულობის ორმაგი (PAPP, HCG), სამმაგი (AFP.HCG.FREE E3) და ოთხმაგი (AFP,HCG,FREE E3,INHIBIN A) ტესტი , სისხლში მძიმე მეტალების კონცენტრაციის განსაზღვრა, ალერგიის კვლევა – ალერგომარკერები, D/B12 ვიტამინის განსაზღვრა, რევმატოლოგიური კვლევები – ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც „მერლაბს“ ბათუმში ყოველდღიურად მიმართავენ.

ავტომატიზებული აპარატურა ანალიზის შეყვანის შემდეგ ადამიანის ჩარევის გარეშე იძლევა უზუსტეს პასუხს.
ავტომატიზებული აპარატურა ანალიზის შეყვანის შემდეგ ადამიანის ჩარევის გარეშე იძლევა უზუსტეს პასუხს.

ორსულობის ორმაგი,სამმაგი და ოთხმაგი ტესტი აქ სულ რაღაც 100 ლარი ღირს, ტყვიის ანალიზი – 70 ლარი, D ვიტამინის განსაზღვრა კი – 30 ლარი.

„მერლაბში“კვლევების დაბალი ფასი განპირობებულია იმით, რომ ლაბორატორია უახლესი, ავტომატიზებული აპარატებითაა აღჭურვილი და ნაკლებ მუშახელს მოითხოვს, ვიდრე სხვა ნახევრად ავტომატიზებული ან მექანიკური დანადგარები.

ავტომატიზებული აპარატურა ანალიზის შეყვანის შემდეგ ადამიანის ჩარევის გარეშე იძლევა უზუსტეს პასუხს. აპარატურის ხარისხის კონტროლს წელიწადში ორჯერ კანადური კომპანია (oneworld accuracy) უზრუნველყოფს, შესაბამისად ცდომილება გამორიცხულია.

ნაყოფის დაუნის სინდრომის განსაზღვრა ორსულობისას აქ სულ რაღაც 100 ლარი ღირს, ტყვიის ანალიზი - 70 ლარი, D ვიტამინის განსაზღვრა კი - 30 ლარი.
ორსულობის ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი ტესტი აქ სულ რაღაც 100 ლარი ღირს, ტყვიის ანალიზი – 70 ლარი, D ვიტამინის განსაზღვრა კი – 30 ლარი.

თურქულ-ქართულ ლაბორატორიაში დასაქმებულები არიან როგორც პროფესიონალი თურქი, ასევე ქართველი მედიკოსები. ბათუმში 3-წლიანი არსებობის მანძილზე ლაბორატორიაში პაციენტების რაოდენობა საგრძნობლად იზარდება.

კვლევითი ლაბორატორიის პოპულარობა განპირობებულია ხელმისაწვდომი მიმართულებების მრავალფეროვნებით:

რევმატოლოგიური, ინფექციური დაავადებების, დიაბეტის, გასტროენტეროლოგიის, ჰორმონების, სისხლის ბიოქიმიის, სპეციფიკური ცილების, ავტოიმუნური მარკერის, ბაქტერიოლოგიური და სხვა უამრავი სახის კვლევა აქ ერთ სივრცეშია შესაძლებელი.

აპარატურის ხარისხის კონტროლს წელიწადში ორჯერ კანადური კომპანია უზრუნველყოფს, შესაბამისად ცდომილება გამორიცხულია.
აპარატურის ხარისხის კონტროლს წელიწადში ორჯერ კანადური კომპანია უზრუნველყოფს, შესაბამისად ცდომილება გამორიცხულია.

მხოლოდ ალერგია რომ გამოვყოთ ცალკე მიმართულებად, „მერლაბში“ ალერგომარკერის 400-მდე სხვადასხვა ჩამონათვალია.

კვლევით ლაბორატორიაში დასაქმებული ექიმ ლაბორანტები ინტენსიურად არიან ჩართულები საერთაშორისო სამედიცინო ტრენინგ-სემინარებსა და კონგრესებში.  „მერლაბში“ დასაქმებული მედიკოსები შემოდგომაზე ანტალიაში, ბიოქიმიის საერთაშორისო კონგრესზე მიემგზავრებიან. მსგავსი ღონისძიებები წელიწადში ორჯერ იმართება და თეორიული სიახლეები საბოლოოდ სამედიცინო-კვლევითი ლაბორატორიის პრაქტიკულ საქმიანობაში ინერგება.

„მერლაბი“ არის ლაბორატორია უნიკალური შესაძლებლობებითა და უსასრულო კვლევითი სპექტრით. სანამ უცხოეთში, ძვირადღირებულ კლინიკებს მიაშურებდეთ სხვადასხვა, ერთი შეხედვით, იშვიათი გამოკვლევების ჩასატარებლად, აუცილებელია გადაამოწმოთ არის თუ არა „მერლაბში“ იგივე მომსახურება, თქვენსავე ქვეყანაში და ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ფასად.

მისამართი: ჯავახიშვილის ქუჩა, N9ა

ტელეფონი.:0422 240012

„ანრი“ აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამებზე

ავტორიზებული და აკრედიტებული შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი” აცხადებს საბუთების მიღებას III საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სპეციალობებზე:

[checklist]

  • გემბანის რიგითი მეზღვაური
  • სამანქანო განყოფილების რიგითი მეზღვაური

[/checklist]

საბუთები მიიღება 2018 წლის 25 აგვისტომდე.

მისამართი: ბათუმი, ანგისის დასახლება, შ. ხიმშიაშვილის ქ. №47-ის მიმდებარე ტერიტორია.

მობ.: 593 40 22 18. ტელ.:042 244411

სახელმწიფო სერვისები ყოფილი პატიმრებისთვის

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე წელიწადზე მეტია ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ უზრუნველყოფს ზემოჩამოთვლილ რეგიონებში მცხოვრები ამ ჯგუფებისთვის სამედიცინო მხარდაჭერას, დასაქმების ხელშეწყობასა და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამები ინტენსიურია, თუმცა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში მოქმედებს, მანამ, სანამ საგრანტო რესურსი ამოიწურება.

სახელმწიფო სერვისებს კი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის ახორციელებს დანაშაულის პრევენციის ცენტრი. პროგრამა ექვსი წელია არსებობს და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებლებს, ყოფილ პატიმრებს შემდეგი საკითხების მოგვარებაში ეხმარება: ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება, პროფესიული უნარების შეძენა და დასაქმების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლება – ტრენინგ-სემინარები ინტერესებისა და სხვადასხვა სფეროს მიხედვით, ყოფილი მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან მუშაობა და იურიდიული დახმარება.

             პროგრამა „ლიდერთა სახლი“

დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამა „ლიდერთა სახლი“ 14-18 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა. პროგრამის ფარგლებში არასრულწლოვან, ყოფილ მსჯავრდებულებს შეუძლიათ უფასოდ ჩაერთონ:

  • საგანმანათლებლო პროგრამებში
  • ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში
  • არაფორმალურ განათლებაში
  • ბიზნესმეწარმოების ტრენინგებში
  • სამოქალაქო აქტივისტურ ღონისძიებებში

2012-2016 წლებში პროგრამით 1733-მა ყოფილმა პატიმარმა ისარგებლა.

               „ახალგაზრდული კლუბი“

„ახალგაზრდული კლუბიც“ ერთ-ერთი სახელმწიფო პროგრამაა და მისი მიზანი დანაშაულის თავიდან არიდებაა. პროგრამა არასრულწლოვან და ახალგაზრდა ბენეფიციარებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარებაში ეხმარება. სამიზნე ჯგუფი ანტისოციალური ქცევით გამორჩეული მოზარდები არიან. მათთვის კლუბში სპორტული და კულტურული აქტივობები, საგანმანათლებლო ტრენინგები და სემინარები იგეგმება.

კლუბი 12-დან 21 წლამდე ახალგაზრდებთან მუშაობს, ამჯერად მხოლოდ თბილისში, თუმცა მომავალში რეგიონული რესურსცენტრების შექმნაც იგეგმება.

ყოფილი პატიმრების მხარდაჭერის სახელმწიფო სერვისებში ჩასართავად მსურველებმა უნდა დარეკონ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ცხელ ხაზზე: 0322 2 14 51 45

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

რატომ შემცირდა თურქული ინვესტიცია აჭარაში

აჭარაში თურქული ინვესტიციის მოცულობა მცირდება. თუკი 2016 წელს მთლიანად აჭარის რეგიონში შემოსული ინვესტიციების 32 პროცენტი თურქული იყო, გასულ წელს ეს რაოდენობა 16 პროცენტამდე შემცირდა.

თურქეთიდან ინვესტიციების მკვეთრად შემცირებას ჰესების მშენებლობის დასრულებას უკავშირებს ეკა ბახტაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

„მონაცემებიდან ჩანს, რომ ეს გამოწვეულია ძირითადად ჰესების პროექტების დასრულებით. თურქეთიდან ისევ შემოდის სტაბილურად ინვესტიციები ტურიზმის მიმართულებით, ესაა ძირითადად სასტუმროების მშენებლობა. არის რამდენიმე სხვა მშენებლობაც,“ – განმარტავს ეკა ბახტაძე.

თურქეთი რიგით მეორე ქვეყანაა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში აჭარაში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოაქვს. პირველ ადგილს ნორვეგია-ინდოეთი ინაწილებენ, თუმცა, ამ შემთხვევაში, პირველობა შუახევსა და ხულოში მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას უკავშირდება, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს. ნორვეგიული და ინდური ინვესტიცია მხოლოდ ჰესის მშენებლობის პროექტს უკავშირდება.

აჭარაში შემოტანილი ინვესტიციების კუთხით მესამე ადგილზე რამდენიმე ქვეყანაა – აზეირბაიჯანი, თურქმენეთი, ერაყი. ისინი სხვადასხვა მცირე პროექტს ახორციელებენ.

ეკა ბახტაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ხაზს უსვამს თურქეთის, როგორც ეკონომიკური პარტნიორის მნიშვნელობას. იგი მიიჩნევს, რომ აჭარის რეგიონმა თურქეთთან სტაბილური ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს, თუმცა ასევე არის სამუშაო რეგიონში „საინვესტიციო სიჭრელის“ შესაქმნელად:

„თურქეთი არის ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი ქვეყანა, რომელიც ინტერესდება ყოველთვის ჩვენი რეგიონით. მისი წილი ინვესტიციებში საკმაოდ დიდია. როგორც მეზობელ ქვეყანასთან და ერთ-ერთ მიმზიდველ ინვესტორ ქვეყანასთან, სტაბილური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რეგიონს. რეალურად არის საწარმოები, სადაც ადამიანები საქმდებიან და არის ეს ინვესტიციები განხორციებული… ინვესტიციების კუთხით ბაზარი უნდა იყოს დივერსიფიცირებული. ამაზე არის სამუშაო და ვმუშაობთ კიდეც. მხოლოდ ერთი ქვეყნის ინვესტიციებზე არ უნდა იყოს რეგიონი დამოკიდებული. დივერსიფიკაციაში ვგულისხმობ იმას, რომ პროცენტული მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს სხვა ქვეყნებიდან და უფრო ჭრელი ბაზარი გვქონდეს ინვესტიციების კუთხით,“ – გვითხრა ეკა ბახტაძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს აჭარაში სულ 365,8 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ამ ინვესტიციის 29 პროცენტი თურქული იყო და მან 107,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წელს 427,9 მილიონ აშშ დოლარიდან თურქული ინვესტიცია იყო 135,6 მილიონი დოლარი, ანუ მთლიანი ინვესტიციის 32 პროცენტი. 2017 წელს კი თურქული ინვესტიციების მოცულობა 52,5 მილიონ დოლარამდე შემცირდა. გასულ წელს აჭარაში სულ 330,8 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.

2018 წლის მონაცემები ინვესტიციების კუთხით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჯერ არ აქვთ.

 

 

ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალი BIAFF-ი 16 სექტემბერს დაიწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის საავტორო ფილმების მე-12  საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 16-23 სექტემბერს ჩატარდება.

„კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების მიღება 2018 წლის პროგრამისთვის. BIAFF 2018 ფესტივალის სრული პროგრამა გამოცხადება პირველ სექტემბერს. აგვისტოს შუა რიცხვებიდან პერიოდულად დაანონსდება ფესტივალის სხვადასხვა სექციის მონაწილე ფილმების სია“.

კინოფესტივალი 16 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გაიხსნება.  გახსნის ცერემონიაზე  ქართული კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილია  ქართული კინოკლასიკის უხმო ფილმის „ჩემი ბებია“ (რეჟისორი – კოტე მიქაბერიძე)  ჩვენება, რომლის მუსიკალურ გაფორმებას  შეასრულებს ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი.

გახსნის ცერემონიაზე, ასევე, დაგეგმილია ქართველი კინოოპერატორის  – ლომერ ახვლედიანის დაჯილდოება BIAFF-ის სპეციალური პრიზით კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.

კინოჩვენებები  გაიმართება შემდეგ  ლოკაციებზე:

  • კინოთეატრი „აპოლო“
  • სასტუმრო „უინდჰემის“ კონფერენსდარბაზი
  • „კინოჩვენებები ღია ცისქვეშ“ ერას მოედანზე

კინოფესტივალის პროგრამა  შედგება შემდეგი სექციებისგან –  საერთაშორისო კონკურსი  (მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი),  რეტროსპექტივები,  დიდოსტატთა კოლექცია, ქართული პანორამა,  ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი  ფილმების კოლექცია.

2018  წლის კინოფესტივალზე სხვადასხვა სექციაში წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან.

კინოფესტივალის პრიზები  – გათვალისწინებულია პრიზების შემდეგი კატეგორიები:

მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსიგრან პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი.

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი  – საუკეთესო დოკუმენტური ფილმი,  ჟიურის სპეციალური პრიზი

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი  – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი

კინოფესტივალის ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (ე.წ. LIFETIME ACHIEVEMENT) – ქართველი და უცხოელი კინომოღვაწესთვის

მასტერკლასები – კინოფესტივალზე სტუმრის სტატუსით ჩამოსული კინორეჟისორების მიერ ორგანიზებული იქნება საინტერსო მასტერკლასები კინემატოგრაფიის სტუდენტებისთვის და კინოს სფეროთი დაინტრესებული პირებისთვის.

კინოსეანსებზე დასწრება  უფასოა.  კინოთეატრ „აპოლოში“ კინოჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ „უფასო ბილეთების“ (რაც კონტროლის და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება. იმის გათვალისწინებით, რომ „აპოლოში“ მხოლოდ 160-მდე ადგილია, დასწრების მსურველებმა უმჯობესია აიღონ  ე.წ. „უფასო ბილეთები“ ადგილის რეზერვაციის მიზნით.

 

 

 

 

 

ტრაგედია იტალიაში – მოულოდნელად ჩანგრეული ხიდიდან მანქანები გადაცვივდა

იტალიის ქალაქ გენუასთან ახლოს უზარმაზარი ხიდი მთლიანად ჩაინგრა, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ნანგრევებთან ერთად დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვივდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სააგენტო BBC-მ გაავრცელა.
იტალიის ტრანსპორტის მინისტრის, დანილო ტონინელის თქმით, დღეს იტალიაში ტრაგედია დატრიალდა.

https://twitter.com/BattelliSergio/status/1029306695586066433

როგორც იტალიური საინფორმაციო სააგენტო Adnkronos-ი იუწყება, დაღუპულია რამდენიმე ათეული ადამიანი.
დაგნრეული ხიდიდან ჩაცვენილი მანქანები რკინიგზის ლიანდაგებს დაენარცხა. ტვიტერზე თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ხიდიდან გადავარდნამდე, წამით ადრე გადაღებული სატვირთო ავტომობილი.

ხიდი 1960 წელსაა აგებული და მორანდის სახელითაა ცნობილი. ის დასახლებულ პუნქტთან ახლოს მდებარეობს. იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, ხიდი მჭიდროდ დასახლებულ ადგილთან ახლოს ჩამოინგრა.
ტრაგედია იტალიური დროით 10:00 საათზე, ძლიერი წვიმის დროს მოხდა.

ბათუმში მასაჟის სალონების 12 მფლობელი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 1000-1000 ლარით დააჯარიმა ბათუმში მასაჟის სალონების 12 მფლობელი. მათ პროკურატურა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ედავებოდა, თუმცა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე პროკურატურამ დაკავებულებთან  საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მასაჟის სალონის თორმეტივე მფლობელმა დანაშაული აღიარა და პროკურატურამ მხოლოდ მათი დაჯარიმება გადაწყვიტა.

ბათუმში მასაჟის სალონების მფლობელების დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 აგვისტოს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“

გამოძიების ვერსიით, „მხილებული ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეები დროებით მფლობელობაში არსებულ მასაჟის სალონებში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად ფართს უთმობდნენ.“

 

 

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 18 აგვისტოს დაიწყება – რას ითხოვს გარემოს ზედამხედველობა

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოს დაიწყება.  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ  გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი),

ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრულია 2018-2019 წლების ნადირობის სეზონისთვის ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით.

2018-2019 წლების სანადირო სეზონისთვის ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო (გვიძინი), ჩვეულებრივი გვრიტი, ღალღა და ჩიბუხელა (გარშნეპი) ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნადირობა ნებადართულია 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 15 თებერვლამდე.

ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

დეტალები იხილეთ აქ.

ნურის ტბაში აერაციის სისტემის აგრეგატებს გაწმენდენ

ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებულ ნურის ტბაში მუნიციპალური შპს „ბათუმის წყალი“ აერაციის სისტემის გაწმენდას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, აგრეგატები ტბაში განთავსების შემდეგ პირველად იწმინდება.

„მყვინთავების მიერ დაიწყო წყალქვეშა დანადგარებზე დროთა განმავალობაში მიკრული ხავსისა და შლამის ჩამოშორება. აერაციის სისტემის გამართული მუშაობა ნურის ტბის ჟანგბადით გამდიდრებას უზრუნველყოფს. ნურის ტბაში 10 აერაციის აგრეგატია განთავსებული,“ – აცხადებენ „ბათუმის წყალში“.

ნურის ტბაში აერაციის სისტემა 2016 წლის ოქტომბერში დაამონტაჟეს. ტბაში ჩამონტაჟებულ აერაციის სისტემას ტბის წყალი ჟანგბადით უნდა გააჯერებინა, რითაც ტბის ეკოლოგიური დეგრადაციის პროცესი უნდა შეჩერებულიყო.

თუმცა წელს ბათუმის ცენტრალურ პარკში ტბის ზედაპირი კვლავ გამწვანდა. მისი უმეტესი ნაწილი გაუმჭვირვალეა. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ტბის პრობლემებს სპეციალისტები იკვლევენ, კვლევის შედეგები როდის გახდება ცნობილი, ჯერ არ იციან.

ნურის ტბა / ფოტო: „ბათუმის წყალი“

სარფში მარიხუანა და არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 13 აგვისტოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „წითელ ხიდსა“ და „სარფში“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამურად, 9 480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

10-12 აგვისტოს კი, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფში“, „გუგუთსა“ და ,,წითელ ხიდზე“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების, ბ.ბ-სა და ლ.ს-ს ფიზიკური ხოლო, საქართველოს მოქალაქის, კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა [საერთო წონა 7,13 გრამი] აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

რაც შეეხება არადეკლარირებულ სიგარეტს – „აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს ზ.მ.-სა [7760 ღერი] და დ.ბ.-ს [1720 ღერი] არადეკლარირებული სიგარეტი, ეჭვის საფუძველზე, კუთვნილი ავტომობილების დათვალიერებისას აღმოუჩინეს. აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ პირებს ავტომობილების სალონებში მალულად ჰქონდათ განთავსებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, აზერბაიჯანის მოქალაქეს ზ.მ.-ს სანქციის სახით, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება, საქონელი და შეეფარდა ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს მოქალაქეს დ.ბ.-ს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარი,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

მთავარი ფოტო: საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
Exit mobile version