მთავარი,სიახლეები

სექსუალური ხასიათის შანტაჟი ბავშვებზე ინტერნეტში – ფსიქოლოგის რჩევა მოზარდებსა და მშობლებს

20.08.2018 •
სექსუალური ხასიათის შანტაჟი ბავშვებზე ინტერნეტში – ფსიქოლოგის რჩევა მოზარდებსა და მშობლებს

როგორ დავიცვათ ინტერნეტში სექსუალური შანტაჟისგან მოზარდები. რა გამოსავალი არსებობს, როცა სექსუალური შანტაჟის დროს მოზარდი გრძნობს, რომ მას მშობლებიც ვერ გაუგებენ და როგორ უნდა მოქმედებდეს მსგავს ვითარებაში მშობელი, საზოგადოება  – „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ ფსიქოლოგს, ნინი დარსაძეს ესაუბრა:

საზოგადოებაში მოვიაზრებით ყველა: მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები, თანატოლები, სახელმწიფო, მედია… ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში მთავარია ვიფიქროთ იმაზე, თუ რა წაგვიყვანს პრობლემის აღმოფხვრისკენ. ჩვენ თავს შევიკავებთ კონკრეტული შემთხვევის შეფასებისგან. შემიძლია გითხრათ მეთოდების შესახებ, რომლითაც ინტერნეტ სივრცეში სექსუალური ძალადობის პრევენციაა შესაძლებელი.

რთულია სექსუალური შანტაჟისგან თავის არიდება, მით უფრო ინტერნეტ სივრცეში და თანამედროვე სამყაროში. ეს არის გლობალური პრობლემა, რასაც მსოფლიოს ბავშვთა დაცვის სამსახურები მსოფლიოს მასშტაბით ებრძვიან და ცდილობენ, რომ როგორღაც აღმოფხვრან. მთავარი რეკომენდაცია ამ კუთხით არის ის, რომ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს ონლაინ სამყაროს შესახებ. ჩვენ ველაპარაკებით ბავშვებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაკვეთონ ქუჩა, ვუხსნით, რა არის ჩაგვრა, რომ ქუჩაში არ უნდა გამოელაპარაკონ უცხო ადამიანებს, მაგრამ რას ვეუბნებით ბავშვებს ინტერნეტის შესახებ, გარდა იმისა, რომ დიდხანს კომპიუტერთან არ დარჩნენ? ჩვენ რეგულარულად უნდა ვესაუბროთ მოზარდს იმის შესახებ, თუ რას აკეთებს იგი ინტერნეტში ისევე, როგორც ვეკითხებით, რა ხდებოდა სკოლაში?

როგორ აკონტროლოს მშობელმა, რას აკეთებს მოზარდი ინტერნეტში? 

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ასაკის ბავშვებზე ვსაუბრობთ. მაგალითად, ზოგიერთ სოციალურ სივრცეს აქვს აკრძალვა 13 წლამდე ბავშვებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ შექმნი ანგარიშს, თუ არ ხარ 13 წლის. ხშირად მშობლები თვითონ უქმნიან შვილებს ანგარიშს, შემდეგ კი, ბავშვებს პრობლემების გამკლავების უნარები არ აქვთ განვითარებული და მარტო რჩებიან.

მოზარდები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ამ კუთხით. 10-11 წლიდან 18 წლამდე პერიოდში, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ამ ასაკში უფრო დიდია რისკი იმისა, რომ ისინი გახდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ინტენრეტსივრცეში. მოზარდებს უნდა მივუდგეთ მეგობრულად. მშობელი უნდა იყოს ორიენტირებული დახმარებაზე და იმ მიზეზების გარკვევაზე, რაც საფუძვლად უდევს მოზარდის ქცევას. მთავარია, ვაგრძნობინოთ შვილებს, რომ ისინი მარტო არ არიან და რომ ჩვენი ინტერესია პრობლემის გადაჭრა. უნდა დავანახოთ მოზარდებს, რომ არ ვართ ორიენტირებული დასჯაზე.

ბავშვის კონტროლის რა ფორმაა მისაღები? 

გააჩნია ასაკს. 10-11 წლის ასაკში  მნიშვნელოვანია, სად დგას კომპიუტერი, ხომ არ არის იგი ისეთ ადგილას, სადაც დღის განმავლობაში არ აქვს წვდომა მშობელს… მშობელი, ბუნებრივია, ყველაფერს ვერ გააკონტროლებს. ამიტომაც საკუთარ თავზე უნდა ვიმუშავოთ და კომუნიკაციაზე, რომ ბავშვისგან მივიღოთ გარკვეული ინფორმაცია. არ არის სწორი ყველაფერის გაკონტროლება. თავისუფლებას თუ შევუზღუდეთ მოზარდს, ეს გაზრდის რისკებს. მთავარია, სწორი კომუნიკაცია ბავშვებთან. მათ უნდა ვუთხრათ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენი იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ ის არაა მარტო და არაა ერთადერთი, ვისაც მსგავსი პრობლემა შექმნია.

მშობლის მიმართ ნდობის არსებობის შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელია მოზარდმა დამალოს ინფორმაცია სექსუალური შანტაჟის შესახებ? 

ამის რისკი, ბუნებრივია, დიდია. ამიტომაცაა საჭირო პერმანენტული საუბარი და კომუნიკაცია. სხვა შემთხვევაში შეიძლება პრობლემა თვალშისაცემი არასდროს გახდეს. კონკრეტული ქცევებითაც მოზარდს შეიძლება შევატყოთ, რომ ინტერნეტში რაღაც სირთულეს აწყდება, რომელიც შესაძლოა სექსუალურ ძალადობასთან იყოს კავშირში: შეეცვალა ხასიათი, გახდა უხალისო, ნერვიულობს, როცა ვინმე მის ტელეფონს იღებს, ან შესაძლოა რაღაც გახსნილი ჰქონდეს ინტერნეტში და უცბად ჩაკეტოს, როცა მშობელი მიუახლოვდება…

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მოზარდი ძალადობის მსხვერპლია. შესაძლოა, ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარეობდეს ეს ქცევა და არ იყოს დაკავშირებული ძალადობასთან. კომუნიკაცია არის იმის საფუძველი, რომ თავი ავარიდოთ მსგავს სირთულეებს. ბავშვებს უნდა ავუხსნათ, როგორ მოიხმარონ ინტერნეტი.

რა უნდა ავუხსნათ კონკრეტულად? 

ის, რომ, მაგალითად, ინტერნეტში არ უნდა გაავრცელოს პირადი ინფორმაცია, რომ არ უნდა გაუგზავნოს თავისი პერსონალური, ან თავისი ახლობლების ფოტო სხვებს, რომ არ უნდა გამოაქვეყნოს უხერხული ფოტოები, რომ არ უნდა დათანხმდეს ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას, რადგან ვირტუალურ სივრცეში რთულია გაიგო რეალურად ვისთან გაქვს საქმე. მოზარდს უნდა მოვუყვეთ კონკრეტული მაგალითების შესახებ, რომ შესაძლებელია გახდეს შანტაჟის მსხვერპლი. კონკრეტული მაგალითების მოყვანა უფრო გასაგებს ხდის მისთვის პრობლემას და ის აცნობიერებს ამას. მოზარდები ხშირად ვერ აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რაც ინტერნეტ სივრცეში ურთიერთობებთანაა დაკავშირებული.

თუკი მოზარდს არ აქვს მშობლის მხარდაჭერის იმედი, როგორ მოიქცეს? 

შესაძლებელია ჰქონდეს კომუნიკაცია სხვა ადამიანთან, ვინც მისთვის ავტორიტეტია: მასწავლებელი, ოჯახის ახლობელი, თანატოლთან ურთიერთობაც კარგია იმ კუთხით, რომ არ დარჩეს მარტო. უცილებლად მოიძებნება ერთი ადამიანი მაინც, ვინც შეძლებს მოზარდის გაგებას, თუნდაც ეს არ იყოს ოჯახი, ან სკოლა. არსებობენ ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები, სადაც მას მოუსმენენ. ძალადობის შემთხვევაში მოზარდს შეუძლია ჩვენი ორგანიზაციის ცხელ ხაზზე დარეკვა: 116 111. ცხელი ხაზი იმუშავებს პირველი სექტემბრიდან.

შესაძლოა, ბავშვს არ სურდეს, პრობლემის შესახებ მშობლებმა გაიგონ. თქვენ დაიცავთ ანონიმურობას? 

რა თქმა უნდა, ჩვენთან ურთიერთობა ანონიმურია და შესაძლებელია უფასო ფსიქოლოგიური სერვისის მიღება. ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ბავშვის პრობლემა მოგვარდეს. შესაძლებელია, კონკრეტულ შემთხვევაში დადგეს მშობელთან დაკავშირების საჭიროება, მაგრამ ბავშვის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე ეს არ მოხდება.

თქვენ ახსენეთ „სწორი კომუნიკაცია“. რა პრინციპის დაცვაა მთავარი სწორი კომუნიკაციისთვის? 

მთავარი პრინციპია ბავშვის უპირობო მიღება. უნდა გავითვალისწინოთ ასაკობრივი თავისებურებები, როდესაც ხდება ცვლილებები, როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე ფსიქიკურ დონეზე. ამიტომ უფრო მეტად ფრთხილი უნდა იყოს უფროსი მოზარდთან კომუნიკაციის დროს. შენიშვნების მიცემას და ჭკუის დარიგებას ჯობს თუკი მშობელს მეგობრული დამოკიდებულება ექნება შვილთან და ხშირად მოუსმინოს მას. მშობელმა შვილს უნდა მისცეს თავისუფლება და იმავე დროს გააფრთხილოს შედეგებზეც, რაც შესაძლოა ამ თავისუფლებას მოყვეს.

რამდენად მნიშვნელოვანია სექსუალური ხასიათის ძალადობის დროს მოზარდმა იცოდეს კანონი? 

რაც უფრო ინფორმირებულია მოზარდი, მით უფრო მეტად არსებობს იმის გარანტი, რომ ის არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი.

მთავარი ფოტო: ნინი დარსაძე


 

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს პროექტს – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის პარტნიორები არიან: რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE). პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: