მთავარი,სიახლეები

„რაღაც დეტალები შეიძლება გამოიკვეთა“ – სამინისტრო 17 გაუჩინარებული მეზღვაურის ძებნაზე

22.08.2018
„რაღაც დეტალები შეიძლება გამოიკვეთა“ – სამინისტრო 17 გაუჩინარებული  მეზღვაურის ძებნაზე

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Pantelena, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, 14 აგვისტოს შემდეგ გაუჩინარებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტაქტი გემთან ბოლოს დაფიქსირდა აფრიკის სანაპიროზე, გვინეის ყურეში. სამინისტროში დღეს, 22 აგვისტოს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მათი კომენტარი არის მხოლოდ ის, რომ მუშაობენ.

„ინტენსიური მუშაობა მიდის, რაღაც დეტალები შეიძლება გამოიკვეთა და გვაქვს, მაგრამ მის გაჟღერებას არ ვაპირებთ მედიით, ვინაიდან საკმაოდ სენსიტიური თემაა და სამუშაო პროცესს ხელი რომ არ შევუშალოთ. ასეთი იყო გემთმფლობელის პოზიციაც, რომ დეტალები არ გაჟღერდეს“, – გვითხრეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

დამსაქმებელ კომპანიაში, რომელმაც ქართველი მეზღვაურები ბერძნული კომპანიის გემზე დაასაქმა, ვარაუდობენ, რომ ტანკერი მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

ტანკერი Pantelena აფრიკის სანაპიროსთან, გვინეის ყურეში, გაბონის პორტ ოვენდოდან 74 კმ-ში გაუჩინარდა.

გაბონის ერთ-ერთი ონლაინგამოცემა წერს, რომ ტანკერი Pantelena ტოგოდა [პორტ ლომედან] მიემართებოდა გაბონისკენ [პორტ ლიბერვილში], სადაც ამავე ქვეყნის კომპანა SGEPP-ის ტვირთი [ნავთობპროდუქტები] გადაჰქონდა. გემთან კავშირი კი გაწყდა გაბონის პორტ ოვენდოდან 74 კმ-ის დაშორებით.

უკრაინული ინტერნეტგამოცემა segodnya სხვადასხვა გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ გვინეის ყურეში გაუჩინარებულ გემზე სპეციალური [სათვალთვალო] განათება გამორთული იყო, რაც მეკობრეების მიერ გემის ხელში ჩაგდების ერთ-ერთი ნიშანია. გამოცემა ასევე წერს, რომ სომალელი მეკობრეების მთავარი ძალების ლიკვიდაციის შემდეგ, ზღვაში ძარცვის ეპიცენტრმა სომალის სანაპიროდან [ინდოეთის ოკეანე] გადაინაცვლა ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში.

აფრიკული მედია წერს, რომ „გვინეის ყურე, სადაც მდებარეობს გაბონი, დღეს მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რეგიონად მსოფლიოში მეზღვაურთა ეკიპაჟებისთვის. საერთაშორისო სავაჭრო პალატის, საერთაშორისო საზღვაო ბიუროს ანგარიშის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა 2018 წელს, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ამ რეგიონში დარეგისტრირდა პირატობის 107 შემთხვევა, მათ შორის 4 გატაცება და 25 ტყვედ აყვანა. გასული წლის მონაცემებით, 2015-დან 2016-წლამდე გვინეის ყურეში 76%-ით იმატა გემებზე შეიარაღებულმა თავდასხმებმა, რის გამოც გვინეის ყურე გლობალური პირატობის ეპიცენტრად მიიჩნევა“.

გაუჩინარებულ გემზე საქართველოს 17 მოქალაქის გარდა რუსეთის ორი მოქალაქეც იმყოფება. ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაგვიდასტურეს: „ამის შესახებ გემთმფლობელი კომპანიის მიერაც იყო თავიდანვე გაცხადებული“.

„ბათუმელები“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ გარდა იმისა, რა ინფორმაციაც გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დამატებითი ინფორმაცია გაუჩინარებულ გემთან დაკავშირებით არ აქვთ.

გემთმფლობელმა კომპანია Lotus Shipping-იმ თავის განცხადებაში მედიას მიმართ და მოუწოდა ბორტზე მყოფი მეზღვაურების ვინაობა არ გასაჯაროვდეს. 

მთავარი ფოტო: გემი პანტელენა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: