28-31 აგვისტოს აჭარის მაღალმთიანეთში ლიტერატურული ფესტივალი „ზე–კართან” გაიმართება. ფესტივალის მიზანია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაცია მწერლებსა და პოეტებში, აჭარის ისტორიასა და კულტურაზე ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა.
ფესტივალის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორებისა და პოეტების შესარჩევად, რომლებიც ხულოსა და შუახევში ვიდეორგოლებს გადაიღებენ. კომისიამ საქართველოს მასშტაბით შემოსული ათეულობით განაცხადიდან შეარჩია ოთხი რეჟისორი – ქეთი ტაკიძე, ლენა ჭაღალიძე, მირიან ორაგველიძე, თენგიზ აბულაძე და ოთხი პოეტი – ზაზა სუყაშვილი, პაპუნა ფირცხალაიშვილი, თაკო წულაია, გიგლა ფუტკარაძე.
ფესტივალი უკვე ექვსი წელია ტარდება აჭარაში და დიდი პოპულარობით სარგებლობს ლიტერატურულ წრეებში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტები, პოეზიის საღამოები, საჯარო ლექციები, მასტერკლასები წიგნების პრეზენტაციები, ინტელექტუალური თამაშები, ექსკურსიები ადგილობრივი ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, კულტურული კერების სანახავად.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი პოეტები, პუბლიცისტები და მწერლები, მათ შორის: დათო ტურაშვილი, ტარიელ ფუტკარაძე , მერაბ ჩუხუა, ანდრო ბედუკაძე, გიორგი კეკელიძე, ბელა ქებურია, ნინო მოდრეკილაძე, სოფო ფოცხვერაშვილი, ჯემალ ინჯია, შოთა ზოიძე და სხვა.
“სამომავლოდ სურვილი გვაქვს ფესტივალის საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩავატაროთ იმისათვის, რომ მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, შეხვდეს ქართველ მწერლებს და შეიყვაროს ლიტერატურა,” – ამბობს ფესტივალის ავტორი და დირექტორი, ვახტანგ ბერიძე.
ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერები არიან: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შუახევისა და ხულოს მერია და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“.
პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ: ტელეკომპანია „რუსთავი 2”, აჭარის ტელე და რადიომაუწყებელი, Tv25, საზოგადოებრივი მაუწყებელი გაზეთი “აჭარა”, ინტერნეტგამოცემა „ბათუმელები”, ჟურნალი “კულტურა პლუსი”, »ინტერნეტ ჟურნალი ჟოლო», პიარ კომპანია MPR-ი.