მთავარი,სიახლეები

შენ ეს გამოგივა! – წერილი თინეიჯერებს

21.08.2018 •
შენ ეს გამოგივა! – წერილი თინეიჯერებს

ავტორი: ნათია სირაბიძე

15 წლის ვიყავი, კონკურსში ვმონაწილეობდი, ბოლო ეტაპამდე მისული, ვერ გავედი. საშინლად განვიცადე. „ფანჯრიდან გადავხტები და „ვსო“, დამთავრდება…“ – გავიფიქრე. ღამით დედას შევუწექი საწოლში, თითქოს ვემშვიდობებოდი. ვუთხარი – რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას ამის მერე-მეთქი. გულში ჩამიკრა: არასოდეს თქვა მსგავსი სისულელე, მთელი ცხოვრება წინ გაქვსო.

16 წლის რომ შევსრულდი, დაბადების დღე გადამიხადეს მშობლებმა. დედა თავს გვევლებოდა მე და ჩემს მეგობრებს, უნდოდა მაქსიმალურად ესიამოვნებინა. რამდენიმე დღეში წნევამ აუწია და ნახევარ საათში გარდაიცვალა. დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი. გავმწარდი. როგორ მეცხოვრა მის გარეშე? ტკივილს ხალხის მიმოსვლა ემატებოდა. მამა მიცავდა.

პროტესტის გრძნობა მახრჩობდა: რატომ დედა? რატომ მე?

დღეს გამახსენდა ეს ყველაფერი, როცა 15-17 წლის ბავშვებს შევხვდი, წარმატებაზე და მიზანდასახულობაზე ვსაუბრობდი, რომ არასოდეს უნდა დანებდნენ და იბრძოლონ ოცნებების ასრულებისთვის.

გულზე მომხვდა ერთ-ერთი მოზარდის რეპლიკა: „აბა, ჩვენ გვკითხე, ამ ოთახში მსხდომთ ყველას უკლებრივ, ერთხელ მაინც გვიფიქრია თვითმკვლელობაზეო, ბევრს უცდია კიდეცო…“

შემეშინდა. მეც ხომ 15 წლის შვილი მყავს, ალბათ მასაც ჰქონია მსგავსი ფიქრები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ბულინგის მსხვერპლი გახდა.

კონკურსის ფარგლებში ლილემ დაწერა ესეი, სადაც აღწერა თავის გამოცდილებაზე სხვადასხვა სკოლაში, მათ შორის ამერიკულ და ქართულ სკოლებში. აქცენტი გააკეთა ქართულ მენტალობაზე, მასწავლებლების და ბავშვების დამოკიდებულებაზე, ბულინგზე, ყველაფერზე იმაზე, რაც შეიძლება თრგუნავდეს ბავშვებს და მათში ძალადობის ინიცირებას ახდენდეს. ეს იყო გარკვეული გამოხმაურება თბილისსა და წყალტუბოში მომხდარ ბავშვების მკვლელობაზე. ესეი გაჯერებული იყო სლენგით და თინეიჯერული რადიკალიზმით.

„ბათუმელებში“ გამოქვეყნებულმა ესეიმ ბევრი მოწონება დაიმსახურა, ძალიან ბევრმა შეგვაქო. მაგრამ ზოგიერთმა ზიზღის და სიძულვილის ენით გაგვაკრიტიკა… ათრიეს კედელ-კედელ კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზები და გვლანძღეს.

თითოეული აგრესიული სიტყვა ცრემლებამდე მტკიოდა და ვფიქრობდი, რატომ გავიმეტე შვილი ამისთვის? რატომ მივეცი უფლება საჯაროდ აზრი დაეფიქსირებინა? ღირს კი გამოხმაურება და ახსნა? ლილეს არ იყოს, „ვინმე მოისმენს და გაიგებს? ვინმეს აინტერესებს, რას ვფიქრობთ?“

ღამღამობით არ მეძინა და მის სუნთქვას ვაკვირდებოდი, მეშინოდა რამე არ გამომპარვოდა. ლილე დიდი წნეხის ქვეშ იყო. მასაც ეშინოდა გათენების, სკოლის, თანაკლასელების, მასწავლებლების, ფეისბუქპოსტების… პატარა ლილეს დიდი მიზეზი ჰქონდა, ეფიქრა ცუდზე.

ბოლოს ლილეც დაიღალა და გულნატკენმა მითხრა – დედა, ეს პრიზი ღირდა იმად, რომ ხალხი გადავიკიდე? ჩემი პასუხი იყო: პრიზი არა, ლილე, შენი გულწრფელი სტატია ღირდა იმად, რომ არავინ იცის რამდენ ბავშვს ჩაუსახე იმედი; რამდენმა ამოიკითხა საკუთარი თავი შენს ამბავში, რამდენი ბავშვი გადაარჩინე და რამდენს გადააფიქრებინე ცუდი ზრახვა; რამდენი მასწავლებელი და მშობელი დააფიქრე მტკივნეულ საკითხებზე; ახლა კი გაგვინაწყენდნენ, მაგრამ როცა უსამართლოდ მოქცევას დააპირებენ, გაახსენდებათ შენი ნათქვამი; როცა დაინახავენ ვინმეს ჩაგვრას, ჩაერევიან; მეტ ყურადღებას მიაქცევენ ბავშვებს და მათ სურვილებს; მეტად იფიქრებენ ბავშვების წახალისებაზე და არა დასჯაზე. რამდენიმე ადამიანის გაღიზიანება ამად ნამდვილად ღირდა.

ლილეს ვერ გამოვუტყდი, რომ მეც მქონია ცუდი ფიქრები, მეც ვყოფილვარ მარტო, ჩემთვისაც უწყენინებიათ მეგობრებს, მეც განმიცდია წარუმატებლობა, მეც ვყოფილვარ თითოეული თინეიჯერის ადგილას და მიფიქრია: ღირს კი? აქვს კი აზრი?

გასულ კვირას ხომ საზოგადოებისგან გაკიცხვის შიშის გამო მოიკლა თავი 16 წლის გოგონამ. და მაინც რისიც ეშინოდა, ის მოხდა. მაინც გააშიშვლეს და ყველა დეტალი ზედაპირზე გამოიტანეს. ვინმესთან რომ ეთქვა, ერთხელ მაინც რომ განდობოდა დედას, ალბათ ეს არ მოხდებოდა.

ამიტომ ჩემს მკითხველს და სხვა თინეიჯერებსაც მინდა ვუთხრა:

ნუ იფიქრებ, რომ მარტო ხარ;

ნუ იფიქრებ, რომ გამოსავალი არ არსებობს;

ნუ იფიქრებ, რომ არავის უყვარხარ;

ნუ იფიქრებ, რომ აღარ ღირს;

ნუ იფიქრებ, რომ ვერაფერს შეცვლი;

შენ უკვე ცვლი სამყაროს შენი გონიერებით, როდესაც აპროტესტებ იმ ადამიანების ქცევას, რომლებიც ნახევარ ხელფასს ერთ სუფრაში ხარჯავენ;

შენ უკვე ცვლი სამყაროს შენი სამოქალაქო შეგნებით, როდესაც ფიქრობ, რომ სხვისი შეხედულება აპრიორი შენი მტერი არ არის;

შენ უკვე ხარ მისაბაძი, როცა ფიქრობ, რომ წარმატება არის მდგომარეობა, როცა ერთ ადამიანს მაინც დაეხმარები/სარგებელს მოუტან;

შენ უკვე ცვლი სამყაროს, როცა არ ეგუები ცენზურას, როცა სიახლეს იღებ და ისწრაფვი თავისუფლებისკენ;

შენ დაარღვიე სტერეოტიპები და ფსიქოლოგიური ფანდები, როცა არ ჩაერთე და არ აყევი მკვლელ თამაშებს;

შენ შენი არსებობით ცვლი სამყაროს და მას სინათლეს ჰმატებ.

სხვა ყველაფერი გაივლის, უბრალოდ იცოდე, რომ ცუდად როცა ხარ, თქვი! აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გულში ჩაგიკრავს და გეტყვის, რომ ღირს ცხოვრება,  რადგან გაცილებით მეტი სიხარული გელოდება წინ.

ღირს, რადგან შენ უნდა შექმნა სამყარო, სადაც თინეიჯერები აღარ იფიქრებენ თვითმკვლელობაზე. და შენ ეს აუცილებლად გამოგივა!

__________________

ავტორის შესახებ: ნათია სირაბიძე არის ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, წიგნის – “წარმატების გასაღები” ავტორი.

ლილეს ესეი:

 რატომ ევროპა? – ვისაც თავი არ დავაჩაგვრინე, დედას უთხრეს, რომ „დარბაისლურ-ქალურად“ არ ვიქცევი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: