მთავარი,სიახლეები

ახალი ავტობუსები ბათუმში პირველი სექტემბრიდან იმოძრავებენ

22.08.2018 • 12940
ახალი ავტობუსები ბათუმში პირველი სექტემბრიდან იმოძრავებენ

„ისუზუ ატამანის“ მოდელის ცისფერი ავტობუსები უკვე ბათუმშია. 15 ახალი ავტობუსი ბათუმის პორტიდან ქალაქში დღეს, 22 აგვისტოს, შემოვიდა. კონკრეტულად რომელ სამარშრუტო ხაზებზე იმოძრავებენ ახალი ავტობუსები, „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალაქში შესაძლოა ახალი სამარშრუტო ხაზი დაამატონ, რომელიც ჭაობის დასახლებას ქალაქის ცენტრალურ უბნებთან [გორგილაძის და სხვა ქუჩებთან] დააკავშირებს. ახალი მუნიციპალური ავტობუსები, სავარაუდოდ, ამ ახალ ხაზზეც იმოძრავებენ.

15 ერთეულ ავტობუსს ბათუმის მერია EBRD-ის მხარდაჭერით ყიდულობს.  მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები „ევრო 5“ სტანდარტისაა და 60 მგზავრზეა გათვლილი.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, წლის ბოლომდე ქალაქში კიდევ 25 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა.

„ახალი ავტობუსები აღჭურვილია GPS სისტემით, კონდინციონერით, არის ადაპტირებული,“ – აცხადებს ბათუმის მერია.

ახალი ავტობუსების მოწოდებაზე ხელშეკრულებას 16 მაისს მოაწერეს ხელი, ,,ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ჩერკასმა“. როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, ავტობუსები იაპონურ-უკრაინული წარმოებისაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: