“პატიმრების წამების საქმის” განხილვა ისევ გადაიდო. ამჯერად სასამართლოში პროკურორი რამაზ შავაძე არ გამოცხადდა. მან სასამართლოს გუშინ აცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხვა პროცესი ჰქონდა ჩანიშნული.
გამოძიება ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმეში სულ 119 მოწმეა – პატიმრები, რომლებიც ყვებიან, როგორ აწამეს ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის განხილვა სასამართლომ 2014 წლის 4 მარტს დაიწყო, სასამართლოს მხოლოდ 40-მდე მოწმის ჩვენება აქვს მოსმენილი.
სასამართლო სხდომაზე არც ბრალდებულები გამოცხადდნენ. “იცოდნენ, რომ პროკურორი არ იქნებოდა,” – გვითხრა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ, რომელიც ბრალდებულ ზაზა ჯიქიას ინტერესებს იცავს.
კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 2016 წლამდე სასამართლოში შესული საქმეების განხილვა 2019 წლის პირველ იანვრამდე უნდა დასრულდეს. ამ ჩამონათვალშია „პატიმრების წამების საქმეც“, რომლის პროცესებიც იშვიათად იმართება.
19 მარტს გამართულ პროცესზე საქმის განმხილველმა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ საქმის განხილვას იგი წლის ბოლომდე აუცილებლად დაასრულებდა. მან რამდენიმე დღეც დააანონსა, როცა სასამართლო დილიდან საღამომდე მოწმეთა ჩვენებებს მოისმენდა, თუმცა მაისის შემდეგ პროცესი აღარ ჩანიშნულა.
რა მოხდება პირველი იანვრიდან? – ეს შეკითხვა “ბათუმელებმა” ადვოკატ პაატა ბოლქვაძეს დაუსვა. ადვოკატი კანონის პრობლემაზე მიუთითებს, სადაც ბუნდოვნადაა დარჩენილი მსგავსი საქმეების ბედი.
“ლოგიკურად საქმის განხილვა უნდა შეწყდეს, რადგან კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადა 2016 წლიდან რამდენიმე დღეში იწურება… საქმის შეწყვეტა უნდა მოითხოვოს ბრალდების ან დაცვის მხარემ, მაგრამ ვერც ერთი ამას ვერ გააკეთებს, რადგან შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. კანონი არ აკონკრეტებს, რა უნდა მოხდეს, თუკი საქმის განხილვა 2019 წლის პირველ იანვრამდე არ დასრულდება. შესაძლებელია, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა დადგეს და ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია,” – გვითხრა პაატა ბოლქვაძემ.
პაატა ბოლქვაძე არ მიიჩნევს, რომ საქმის განხილვა გაჭიანურებულია იმის მიუხედავად, რომ 4 წლის წინ დაიწყეს მოწმეების დაკითხვა და ყოფილი პატიმრების დიდი ნაწილი ისევ დასაკითხია.
ბრალდებულები ამ საქმეზე გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.