ვინ იმღერებს ბათუმში საახალწლოდ – შემსრულებლებს 76 500 ლარს გადაუხდიან

ბათუმის ევროპის მოედანზე მთავარი ნაძვის ხე უკვე ააწყვეს, საზეიმოდ ანთების ცერემონიალი ტრადიციულად 25 დეკემბერს იგეგმება. ამ დღეს ევროპის მოედანზე საახალწლო დღეებისთვის საგანგებოდ დამონატაჟებულ სცენაზე საზეიმო კონცერტი გაიმართება – ხოლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ფოიერვერკით დასრულდება.

ფოტო: ჯაბა ანანიძე

მერიის კულტურის ცენტრის ღონისძიებების მენეჯერის, ზურა ჩართოლანის ინფორმაციით, მოლაპარაკებები საზეიმო ღონისძიებებზე გამომსვლელებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება,  ამიტომაც ინფორმაცია წინასწარი და დასაზუსტებელია. ღონისძიებებისა და გამომსვლელების ზუსტი განრიგი, ჯერჯერობით, მერიას არ აქვს.

კულტურის ცენტრის წინასწარი ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან დაიწყება და ორი იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

„დილიდან იქნება საზეიმო ღონისძიებები ბავშვებისთვის, მათ შორის გამოფენები, დიჯეები და ასე შემდეგ… გასართობი ღონისძიებები საღამომდე გაგრძელდება, საღამოს რვა საათიდან კი ბენდები დაუკრავენ “, – გვითხრეს უწყებაში.

ზურა ჩართოლანის ინფორმაციით, 30 დეკემბერს საახალწლო სცენაზე გიორგი სუხიტაშვილის ბენდის დაუკრავს, ხოლო 2 იანვარს ნინო ქათამაძის კონცერტი იგეგმება.

31 დეკემბერს სცენაზე ბათუმელი ვოკალისტები – ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, სალომე კალანდაძე, გიორგი ბერიძე,  ნანუკა მიქაძე, სანდრო კურცხალიძე, ავთო აბესლამიძე, სულხან დევაძე, გიორგი ნაკაშიძე, მორის მელაძე, ანრი გუჩმანიძე და სხვები გამოვლენ.

საახალწლო დღეებში ბათუმში დაუკრავენ ბენდები – „SOUND LAB“, „ასეა სულ“, „სალიო“ , „Bsu jazz band“ , გიორგი ფუტკარაძე ბენდით , „Goofyland “,„ ოთხი მუშკეტერი“, ირაკლი ფაღავა ბენდით , „El Fluids “, „Chary band“ , „Four season“, „Melomaniakk“ , „Road radio“, „Elrow“  , „4up“ , „Pitter J“ , „NinTendo“ .

ჩამოთვლილ შემსრულებლებს „კულტურის ცენტრი“ უკვე შეუთანხმდა, თუმცა მათთან ინდივიუდუალურ ხელშეკრულებები ჯერ არ გაუფორმებია – შემსრულებლებისთვის მთლიანობაში 76 500 ლარია გათვალისწინებული. კულტურის ცენტრის განმარტებით, ამ შემსრულებელთაგან ვის რამდენს გადაუხდიან ჰონორარის სახით, ჯერ ზუსტად არ იციან.

მომღერლების ანაზღაურების გარდა, მერიის კულტურის ცენტრს ბათუმში ახალი წლის ორგანიზებისთვის 273 500 ლარის ტენდერი აქვს გამოცხადებული [ტენდერი ჯერ არ დასრულებულა]. ამ თანხით ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოაწყობს საბავშვო გასართობ კუთხეებს, გამართვას მთავარი სცენის დეკორაციებს, მის განათებასა და გათბობას, თოჯინების, მარიონეტებისა და თითების თეატრების წარმოდგენას, მოწყობს სხვადასხვა ქუჩაზე ინსტალაციებს, დაამონტაჟებს ლედ ეკრანებს, მოამზადებს სარეკლამო ვიდეორგოლს, ფოიერვერკსა და სხვა მსგავსი ტექნიკური საკითხების მოგვარებას უზრუნველყოს.

ამ ყველაფრის შესყიდვაზე კულტურის ცენტრმა ტენდერი 19 ნოემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღების ვადა კი 3 დეკემბერს დასრულდა.

იმ რისკების გათვალისწინებით, რაც ტენდერს ახლავს [შეიძლება ეს იყოს ტენდერის ჩაშლა, ან რომელიმე კომპანიის მხრიდან დავის წამოწყება, რაც პროცესს დროში გაახანგრძლიბებს], რატომ დააგვიანეს ტენდერის გამოცხადება?  – ამ კითხვაზე კულტურის ცენტრის შესყიდვების სამსახურში გვიპასუხეს, რომ  განიხილებოდა თანხის დამატების და უფრო გრანდიოზული ღონისძიების მოწყობა, მაგრამ თანხის დამატებას არჩევნებმა შეუშალა ხელი [კანონმდებლობა წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში ცვლილებებს კრძალავს]. გარდა ამისა, დიდხანს გაგრძელდა კონკრეტული ღონისძიებებისთვის ადგილების შერჩევისა და სხვა საკითხების დაზუსტების პროცესი.

კულტურის ცენტრის შესყიდვების სამსახურში მიიჩნევენ, რომ პრობლემა ტენდერის ჩაშლის შემთხვევაშიც არ შეიქმნება, რადგან გამარტივებული შესყიდვის უფლებას გამოიყენებენ.

საერთო ჯამში, 2018 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრი 350 000 ლარს დახარჯავს. ქალაქის გაფორმებისთვის კი, ბათუმის მერიამ 428 423 ლარი გამოყო. მთლიანობაში, ბათუმში საახალწლო განწყობის შესაქმნელად წელს 778 423 ლარი დაიხარჯება.

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთო (ვიდეო)

 

 

 

 

ამირან გამყრელიძე: აჭარაში სამ დაავადებაზე ერთიანი შეტევა იწყება

დღეს, 12 დეკემბერს, ბათუმში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე აჭარაში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსისა და C ჰეპატიტის ინტეგრირებული სკრინინგის შესახებ ისაუბრეს.

დღესვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აჭარის რეგიონში ახალი პროგრამის დაწყება დააანონსა. აჭარა “ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას” შეუერთდა.

„მნიშვნელოვანი პროექტები იწყება  – ნულოვანი ტუბერკულოზი აჭარაში და სამი დაავადების – ტუბერკულოზის, აივ ინფექცია შიდსის და ც ჰეპატიტის ინტეგრირებული მართვა პირველადი ჯანდაცვის დონეზე,“ –  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სამი ინფექციური დაავადების ინტეგრირებული მართვა სიახლეა საქართველოში. გასულ წელს მსგავსი პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი გახლავთ საქართველოს ფლაგმანი პროექტი, სავიზიტო ბარათი, რომლის მიხედვითაც მიღწეული შედეგებით, სამი წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, საქართველო გახლავთ მოწინავე  მთელს მსოფლიოში როგორც მოსახლეობის გამოკვლევის, ისე ინფიცირებულთა მკურნალობის მოცვის თვალსაზრისით. იმ პილოტმა, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთში გასულ წელს დაიწყო და წელს განვითარდა, კარგი შედეგები მოგვცა. ამიტომ წელს უერთდება აჭარა და მომავალი წლიდან მთელ საქართველოში დაიწყება პროექტის იმ მასშტაბით განხორციელება, რაც პირველადი ჯანდაცვის დონეზე ამ სამი დაავადების ინტეგრირებულ მართვას შეეძლება,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე

მისივე თქმით, თუ აქამდე ტუბერკულოზის, შიდსის და C ჰეპატიტის მატარებლები, ძირითადად დიაგნოსტირდებოდნენ და შემდეგ მკურნალობას გადიოდნენ  სპეციალიზებულ დაწესებულებაში, დღეიდან ამ საკითხში უფრო მეტად ჩაერთვება პირველადი ჯანდაცვის რგოლი.

“სწორედ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს შეაქვთ ყველაზე მეტი წვლილი მოსახლეობის გაჯანსაღებაში,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

იმისთვის, რომ პროგრამა წარმატებით განხორციელდეს, დაგეგმილია აჭარის პირველადი ჯანდაცვის ქსელის მთლიანად გადამზადება. ასევე, სახელმწიფოს ხარჯზე იქნება მიწოდებული ტესტსისტემები სწრაფი დიაგნოსტიკისთვის. დღესვე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სამი ავტომობილი გადაეცა, რომლითაც მოსახლეობაში სპეციალისტები იმოძრავებენ სკრინინგისთვის. გარდა ამისა, გლობალური ფონდის პროექტით მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს შვიდი კომპიუტერი გადასცეს.

„ჩვენთან აწყობილია ტელემედიცინის ეხოსისტემა, რომლის საშუალებითაც თბილისის ცენტრალური კლინიკები უკავშირდებიან რეგიონებს და დგება ექიმ სპეციალისტების კონსილიუმი ტელემედიცინის საშუალებით, როცა ტუბერკულოზის რთული შემთხვევებია. ამისთვის სპეციალური პროგრამებით აღჭურვილი კომპიუტერები გადაეცემა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზულ სამ დაავადებაზე ერთიანი შეტევა დაიწყება აჭარაში. ვფიქრობ  სულ მალე, რამდენიმე წელიწადში აჭარას გავათავისუფლებთ, ისე როგორც მთელ საქართველოს, ამ სამი, ძალიან ვერაგი ინფექციური დაავადებისაგან,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტუბერკულოზის, აივ ინფექცია შიდსის და ცე ჰეპატიტის ტესტირების ჩატარება მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებში

 273 500 ლარი საახალწლო ღონისძიებისთვის ბათუმში – ორგანიზატორი ჯერ არ გამოუვლენიათ

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი კომპანია, რომელიც ამ ღონისძიებებს გაუწევს ორგანიზებას. ტენდერი ჯერ არ დასრულებულა. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე რომელიმე კომპანია კანონით გათვალისწინებულ უფლებას გამოიყენებს და ტენდერის რომელიმე პირობას, ან სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას დავების საბჭოში გაასაჩივრებს, პროცესი შეიძლება კიდევ გაიწელოს.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრმა  ელექტრონული ტენდერი 2018 წლის 19 ნოემბერს გამოაცხადა. შესყიდვის ბიუჯეტი 273 500 ლარია. წინადადებების მიღების ვადა 30 ნოემბერს დასრულდა, ტენდერში სამი კომპანია და ერთი ფიზიკური პირი მონაწილეობს.

ამ დროისთვის შერჩევა შეფასების პროცესი მიმდინარეობს. ელექტრონულ ვაჭრობაზე ყველაზე დაბალი ფასი, 198 765 ლარი სწორედ ფიზიკურმა პირმა დაასახელა, თუმცა მან დოკუმენტები სრულყოფილად არ ატვირთა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო. მის შემდეგ კი ყველაზე დაბალი ფასად, 215 730 საახალწლო  ღონისძიებების ორგანიზება ბათუმის კულტურის ცენტრს შპს „მარკამ “ შესთავაზა. თუმცა, ის ჯერ გამარჯვებულად არ დაუსახელებიათ.

ამ კომპანიას და მის დამფუძნებელს ირაკლი ღლონტს ბათუმის მერიასთან თანამშრომლობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს: მხოლოდ 2018 წელს კომპანია „მარკამ “ სამჯერ მოიგო ბათუმის კულტურის ცენტრის ტენდერი, ტენდერში გამარჯვების შემდეგ კომპანიას დაუკვეთეს სახალხო დღესასწაულის „ბათუმობა 2018“-ის ორგანიზება და ასევე დღესასწაულის სარეკლამო და მასთან დაკავშირებული მომსახურება, ჯამში 162 981 ლარის ღირებულების სამუშაოები.

გარდა ამისა, ბათუმის მერიამ საახალწლოდ ქალაქის გაფორმებისთვის წელს 428 423 ლარი გამოყო.

 ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისა და ქალაქის გაფორმებისთვის 700 000 ლარი გამოყო

 

აჭარაში გამოკვლეული 2915 ადამიანიდან 58-ს C ჰეპატიტი, ერთს კი აივ ინფექცია დაუდგინდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი აგვისტოდან დღემდე მობილურმა ბრიგადამ აჭარის ექვს მუნიციპალიტეტებში განახორციელა 84 ვიზიტი, რომლის ფარგლებში სკრინინგი ჩაუტარდა 2915 ადამიანს, შედეგად გამოვლინდა C ჰეპატიტის 58 შემთხვევა, აქედან 29 – პირველადი.

გამოკვლეულთა შორის აივ ინფექცია დაუდასტურდა ერთ მოქალაქეს, რაც შეეხება ტუბერკულოზს, დაავადება არ გამოვლენილა.

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონში, სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ფიქსირდება აღნიშნულ დაავადებათა გავრცელების მაღალი დონე, რასაც ხელს უწყობს ინტენსიური მიგრაციული პროცესები.

C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მკურნალობა საქართველოში უფასოა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტი ახალი თაობის პრეპარატს უფასოდ იღებს. სხვა ქვეყნებში მკურნალობის კურსის გავლა 60-80 ათასი ევრო ღირს, საქართველოში კი ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტი პრეპარატს 2020 წლამდე უფასოდ მიიღებს.

2020 წლის შემდეგ, როცა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის ხუთწლიანი პროგრამა დასრულდება, საქართველოს მოქალაქეს 80 ათასი ევრო დასჭირდება იმ მკურნალობის მისაღებად, რომელიც ახლა უფასოა.

„ვისაც ეს ინფექცია აქვს და ახლა არ აწუხებს, რამდენიმე წელიწადში დარჩებიან ამ დაავადებასთან პირისპირ “, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

ამჟამად C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი აჭარაში, იუსტიციის სახლში მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: 

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იუსტიციის სახლებში – სამწუთიანი პროცედურა და უფასო მკურნალობა

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12  დეკემბრის  21 საათიდან 13 დეკემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, სუპტროპიკულ ზონაში ნალექი, თოვლ-ჭყაპის სახით. მთაში თოვა, ზოგან – ძლიერი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი, ზოგან ზოგან 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს,  14-15 დეკემბერს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

_______________

მთავარ ფოტოზე: ბათუმი, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია

„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“- საგანმანათლებლო პროექტი

დღეს, 16:00 საათზე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში, საგანმანათლებლო პროექტის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში ჩატარდება შემეცნებითი აქტივობა, რომელშიც ჩართულნი არიან ა(ა)იპ დღის ცენტრ ,,იალქანის’’ ბენეფიციარები და ბათუმის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები. პროექტის ორგანიზატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. მხარდამჭერი კი განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

მოსწავლეები მოისმენენ ინფორმაციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რაობასა და მნიშვნელობის შესახებ. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასში და ქოლგებს მოხატავენ მსოფლიო მემკვიდრეობაში შეტანილი  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქართული ნიმუშებით.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „იბერიონი“ და გონიოს საჯარო სკოლასთან არსებული ცეკვის ანსამბლი „მაჭახელა“. გუნდი „იბერიონი“ შეასრულებს იუნესკოს მიერ აღიარებულ არამატერიალური მემკვიდრეობის, ქართული პოლიფონიური  მრავალხმიანობის რამდენიმე ნიმუშს.

აღნიშნული პროექტის მიზანია ახალგაზრდებში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისადმი ცნობიერების დონის ამაღლება.

რამდენი ლარით დაჯარიმდებით ცხიმების კანალიზაციაში ჩასხმისთვის – შემოწმება იწყება

ჩამდინარე წყლების კანალიზაციის სისტემაში ჩაშვებაზე ახალი კანონი ამოქმედდა. კანონში შესულ ცვლილებებზე დღეს, 11 დეკემბერს, „ბათუმის წყალმა“ საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა, თუმცა შეხვედრაზე არ მივიდნენ ბიზნესკომპანიები, რომლებსაც ეს კანონი ყველაზე მეტად ეხებათ, მაგალითად, რესტორნების მფლობელები – ცხიმების კანალიზაციის სისტემაში ჩაშვება იურიდიული პირების შემთხვევაში 1000 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 2 000 ლარით დაჯარიმდება.

„ჩამდინარე წყალში იგულისხმება წყალი, რომელსაც მრეწველობა გამოიყენებს სამრეწველო ციკლის პროცესში. ამ დროისთვის საწარმოო წყალი ჩაედინება ღია საკანალიზაციო სისტემაში, საიდანაც მიედინება ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე და იქ იწმინდება ბიოლოგიურად. ეს საფრთხეებს შეიცავს იმ კუთხით, რომ საწარმოები, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხიმებს წარმოქმნიან, აზიანებენ საკანალიზაციო სისტემას და შემდეგ საჭიროა მაღალი საექსპლუატაციო ხარჯები,“ – განმარტავს მარიკა გვიანიძე, შპს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი.

იმისთვის, რომ არ დაჯარიმდნენ, საწარმოებმა და მათ შორის რესტორნებმა სპეციალური აპარატურა უნდა შეიძინონ. მარიკა გვიანიძის თქმით, ამ ეტაპზე ცხიმის სეპარატორი მხოლოდ ბათუმის ერთ, უფასო სასადილოშია, რომელიც ტაბიძის ქუჩაზეა განთავსებული.

„ის არის მოწყობილი სპეციალური ცხიმდამჭერი, სხვა თითქმის არ არის… ბათუმის ტერმინალს აქვს ასევე ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა“, – გვითხრა მარიკა გვიანიძემ.

„ბათუმის წყალი“ საწარმოების რეგულარულ შემოწმებას იწყებს. სინჯის ერთი ნიმუში იმ საწარმოში დარჩება, სადაც შემოწმება განხორციელდება, მეორეს კი „ბათუმის წყალი“ ლაბორატორიული წესით შეისწავლის. თუ საწარმო კვლევის შედეგს არ დაეთანხმება, მას სინჯის სხვა აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადამოწმება შეეძლება.

შესაძლებელია საწარმომ ცხიმდამჭერი, ან სხვა აპარატურა, რომელიც ჩამდინარე წყალს გაასუფთავებს, არ შეიძინოს და ყოველთვიურად გადაიხადოს თანხა, რომელიც კონტრაქტის შესაბამისად განისაზღვრება.

„ამიტომ იყო საჭირო დღევანდელი შეხვედრა, რომ შედგეს ურთიერთთანამშრომლობა… ალბათ წერილობით დავუგზავნით ახლა შეტყობინებებს და წერილობით მოვახდენთ მათ ინფორმირებას,“ – დასძინა მარიკა გვიანიძემ.

ცვლილება „წყლის შესახებ“ კანონში შევიდა, რომლის შესაბამისად საქართველოს მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო „წყალანირების ცენტრალურ სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობების და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრული დასაშვები ნორმების შესახებ“.

ტექნიკური რეგლამენტი ფიზიკური პირების დაჯარიმებასაც ითვალისწინებს – 400 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი, 800 ლარით.

„ბათუმის წყალში“ განმარტავენ, რომ ფიზიკურ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეამოწმებენ, თუკი ის კანალიზაციის სისტემაში უშვებს მაღალკონცენტრირებულ ჩამდინარე წყალს, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ფიზიკურ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააჯარიმებენ, თუკი კონკრეტულ ფაქტზე კონკრეტული სამართადამრღვევი პირი გამოვლინება.

„მაგალითად, თუკი ადამიანი უახლოეს საკანალიზაციო ჭაში ჩაასხამს ცემენტს და ასე შემდეგ, ის დაჯარიმდება. შედარებით რთული გამოსაკვლევი იქნება, მაგალითად, ვინ ჩაყარა საკანალიზაიო ჭაში საყოფაცხოვრებო ნარჩენები და როცა ეს ჭა ცხრასართულიანი კორპუსის ეზოშია. ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება ინდივიდუალური მიდგომა,“ – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.“

ქედის „ბეთლემმა“ კრიზისული ეტაპი დაძლია და მეორე ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს

ქედის საფეხბურთო კლუბმა კრიზისული ეტაპი უკან მოიტოვა – „ბეთლემმა“ 2018 წლის საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მესამე ლიგა წარმატებით დაასრულა. გუნდმა პოზიცია ათეულში შეინარჩუნა.

მომავალი წლიდან, საფეხბურთო სეზონი 4-წრიანი იქნება და მასში 20 გუნდის ნაცვლად, 10 გუნდი იბრძოლებს მეორე ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.

გუნდს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს. ადგილობრივი თვითმმართველობა კი ,,ბეთლემის” დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა ფეხბურთის გუნდს, რომლის მიზანია ადგილობრივი ფეხბურთელების აღზრდა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.

ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა კლუბის პრეზიდენტს სულხან ჯიჯავაძეს, მწვრთნელს ავთანდილ კუნჭულიას, მწვრთნელის ასისტენტს ირაკლი ბარამიძეს და ფეხბურთელებს ათეულში მოხვედრას ულოცავს და მომდევნო სეზონის წარმატებით დასრულებას უსურვებს.

დანაგვიანებული და დამტვრეული ბანერები გმირთა ხეივანში

ბათუმში გმირთა ხეივანში ბანერები დააზიანეს. გატეხილ ბანერებში კი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია. გმირთა ხეივანი ბაგრატიონისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის, დაახლოებით 1,5 კმ-ის სიგრძეზეა გაშენებული. აქვე დგას „ყინულის შადრევანიც“.

გმირთა ხეივანი. გატეხილ ბანერში საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია.
ჩატეხილი ბანერის მეორე მხარეს სხვადასხვა წარწერა და ნახატებია.
ფოტო: ლელა დუმბაძის
ხეივანში განთავსებული მეორე ბანერიც ჩამტვრეულია.

გმირთა ხეივნის წინ დგას ყინულის შადრევანი, რომლის ქვემოთ განთავსებული დენის წყაროს ყუთი ღიაა, რაც საფრთხის შემცველია მოქალაქეებისთვის. დაზიანებულია ყინულის შადრევანიც. მონუმენტის მინის კონსტრუქციები ჩამოშლილია და განათება და აუზი დიდი ხანია აღარ მუშაობს.

ღია დენის წყარო შუშის შადრევანთან.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი სულხან ევგენიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაზიანებული ბანერები არ უნახავს და არც ინფორმაცია მიუწოდებიათ მისი სამსახურისთვის.

„ხვალ გავალთ და ვნახავთ. რაც შეეხება ღია დენის წყაროს, ეს არის „ენერგო პრო-ჯორჯიას“ პასუხისმგებლობის საკითხი და მან უნდა მოაგვაროს“, – გვეუბნება ის.

გმირთა ხეივანში არც სანაგვე ურნებია განთავსებული, რის გამოც ტერიტორია დანაგვიანებულია. ამის თაობაზე „ბათუმელები“ ჯერ კიდევ შვიდი თვის წინ წერდა.

ერთი დღე თავშესაფრის გარეთ – 14 ქალის ამბავი [ფოტო]

“ეს დღე დაუვიწყარი იქნება, სულ მემახსოვრება”, “დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ”, “ციური გოგო, რა ლამაზი ხარ, ვეღარ გიცანი,” – 10 დეკემბერი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მცხოვრები ქალებისთვის.

სპეციალურად 10 დეკემბრისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ დაგეგმა სოციალური კამპანია – #ვიზრუნოთერთმანეთზე, რაც სათნოების სავანეში მცხოვრები 14 ქალის ერთი დღით სავანეს მიღმა, სხვა გარემოში გასვლას ითვალისწინებდა. ქალების ყოველდღიური რუტინისგან განსხვავებული დღე სილამაზის სალონში სტუმრობით დაიწყო და შემდეგ, რესტორანში ვიზიტით გაგრძელდა. დღის ბოლოს, თავშესაფარში დაბრუნებულებს კი საჩუქრები დახვდათ.

სოციალურ კამპანიაში მონაწილე ქალები სალონ „შვარცკოფში“ თავიანთ რიგს ელოდებიან
სოციალურ კამპანიაში მონაწილე ქალები სალონ „შვარცკოფში“ თავიანთ რიგს ელოდებიან
ნათელას  თქმით, დიდი ხანია სალონში აღარ ყოფილა
და არც მაკიაჟი გაუკეთებია
ნათელა ამბობს, რომ  10 დეკემბერი დაუვიწყარი დღე გახდა მისთვის
მარინა მოუთმენლად ელოდება თავის რიგს – უნდა, რომ კულულები გაუკეთონ
და აი, ოცნებაც აისრულა #ვიზრუნოთერთმანეთზე
რუსიკოს მსუბუქი, სადა მაკიაჟი მოსწონს

სალონიდან წამოსული ფოტოსესიაზეც დაგვთანხმდა
ასე დაიწყო მარგო გეორქიევისთვის სალონში ვიზიტი
ასე გაგრძელდა
მარგო ამბობს, რომ კმაყოფილია
თამარ ჯავახიშვილს სურდა იმიჯი რადიკალურად შეეცვალა #ვიზრუნოთერთმანეთზე
და შეიცვალა კიდეც #ვიზრუნოთერთმანეთზე
სვეტა ჩაინგოვას თქმით, პირველად მოხდა მის ცხოვრებაში, როცა სალონში წავიდა და მაკიაჟი გაიკეთა
ზინა პასინკოვა თავიდან არ აპირებდა თმის შეჭრას, შემდეგ აზრი შეიცვალა და შედეგით გახარებულია #ვიზრუნოთერთმანეთზე
ინგასა და იზოსთვისაც  ეს დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა #ვიზრუნოთერთმანეთზე
#ვიზრუნოთერთმანეთზე
მარინეს ერთი სული ჰქონდა, როდის დაამთავრებდნენ მისთვის თმის გაკეთებას
ნაძვის ხესთან ფოტოსესიის მოწყობა სურდა
“მოდი, სელფი გადავიღოთ”
„შვარცკოფის“ სტილისტებმა თავშესაფარში მცხოვრებ ქალებს იმდენად მეგობრული გარემო დაახვედრეს, ზოგს ცეკვა მოუნდა
#ვიზრუნოთერთმანეთზე
საერთო ფოტო სალონ „შვარცკოფში“ ვიზიტის დასრულების შემდეგ

“დღევანდელი აქცია მოხალისეობრივია. ამით საზოგადოების ყურადღება გვინდა მივიქციოთ იმ სტიგმის დასაძლევად, რაც გვაქვს ხანდაზმულების მიმართ – თითქოს მთავარია, ჭერი და პური ჰქონდეთ და ეს საკმარისია. ჩვენ დღეს მათ შევთავაზეთ ის სერვისები და იმ სივრცეებში სტუმრობა, დროის გატარება, რაც ჩვენი ყოველდღიურობისთვისაც კი იშვიათობაა. გვინდა ჩვენი აქცია სხვებისთვის ინსპირაციის წყარო გახდეს. ჩვენი ქალაქის სალონები მოემსახურონ უსახლკარო მოხუცებს და არა მხოლოდ მათ. რესტორნის მეპატრონეებმა სადილზე, ვახშამზე მიიპატიჟონ ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსული ბავშვები თუ მოხუცები. ან სულაც, მიმოვიხედოთ ჩვენს ირგვლივ. ოჯახში, სამეგობროში, სამეზობლოში, უბანში, ქუჩაში შევთავაზოთ ჩვენს გვერდით მცხოვრებ ხანდაზმულებს ჩვენთან ერთად გასეირნება, ჩაის დალევა, დროის გატარება. მოვუსმინოთ და მოვუყვეთ ერთმანეთს ის, რაც გვახარებს და გვწყინს,” – ამბობს ქეთი ადეიშვილი, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” თანამშრომელი.

თავშესაფარში მცხოვრები ქალები რესტორან „UOLLI”- ში სადღესასწაულო ვახშამზე მიიწვიეს #ვიზრუნოთერთმანეთზე
თავშესაფარში მცხოვრები ქალები რესტორან „UOLLI”- ში სადღესასწაულო ვახშამზე მიიწვიეს #ვიზრუნოთერთმანეთზე
თავშესაფარში დაბრუნებულ ქალებს, საჩუქრები დახვდათ #ვიზრუნოთერთმანეთზე

სოციალური კამპანია #ვიზრუნოთერთმანეთზე არ შედგებოდა იმ კომპანიების მხარდაჭერის გარეშე, რომლებმაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და თავშესაფარში მცხოვრებ ადამიანებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ მადლობას უხდის:

  • სილამაზის სალონ „შვარცკოფს“ ბენეფიციარების მიღებისა და მომსახურებისთვის;
  • რესტორან „UOLLI”-ს საინტერესოდ გატარებული საღამოსთვის;
  • საკონდიტრო მაღაზია  „ალუბალს“ სადღესასწაულო  ტორტის დამზადებისთვის;
  • სამშენებლო კომპანია „ლაიქ ჰაუსს“ სადღესასწაულო ვახშმის უზრუნველყოფისთვის;
  • ჩირებისა და ჯემების კოოპერატივი „დიოკნისს“ პროდუქტების ჩუქებისთვის;
  • მეფუტკრეთა გაერთიანება „მაჭახელას დათუნიას“ თაფლისა და ჯემების ჩუქებისთის;
  • განსაკუთრებული მადლობა ანბანის კოშკის” მენეჯმენტს, რომელმაც სავანეს ბინადარი ყველა ქალისთვის შეიძინა თბილი საღამურები, წინდები და ტკბილეული. სავანეში ამ ეტაპზე სულ 68 ქალი ცხოვრობს.

„მოზარდების 98 პროცენტს საკუთარი თავი ეზიზღება“ – რაზე საუბრობენ მოზარდები UNICEF-ის კვლევაში

მოზარდების სარისკო ან პროტესტის გამომხატველ აქტივობებში ჩართვა შესაძლოა საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის ნაკლებობით, ან იმითაც იყოს განპირობებული, რომ ხანდახან არ მართლდება მათი მოლოდინები და მშობლებისგან, აღმზრდელებისგან ვერ იღებენ შესაბამის სიყვარულს და ყურადღებას.

„თინეიჯერების 98 პროცენტს საკუთარი თავი ეზიზღება, დარჩენილ 2 პროცენტს კი იმდენად ეზიზღება, რომ შესაძლოა საერთოდ აღარ უნდოდეთ სიცოცხლე“, – ასე ფიქრობენ ფოკუს ჯგუფის მონაწილე 14-17 წლის, ბათუმში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გოგონები, აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში.

კვლევის მიხედვით, თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 10 ჩაღრმავებული ინტერვიუ და 16 დისკუსია ფოკუს ჯგუფებთან [მოზარდების – 8 და მშობლების/აღმზრდელების 8 ფოკუს ჯგუფი] საქართველოს სამ რეგიონში: თბილისში, კახეთსა და აჭარაში. საველე სამუშაოებმა 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი მოიცვა.

კვლევაში მონაწილე ფსიქოლოგის თქმით, ხშირად მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ მათი აღზრდის სტილი საზიანოა ბავშვისთვის.

„არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს ესმით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ არჩეულ საზიანო აღზრდის მეთოდებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ აქვთ უნარი ალტერნატიული მიდგომების გამოყენებით გაუმკლავდნენ სიტუაციას“, – ნათქვამია კვლევაში.

„ვიტყოდი, რომ მშობლებს მწირი ინფორმაცია აქვთ. მაგალითად, ვისაც შვილი ფსიქოთერაპევტთან მოჰყავს სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგალითად, უძილობის, ნებისმიერ შემთხვევაში, თერაპევტმა იცის, რომ გარკვეული ქმედებები, მიდგომები და კომუნიკაციის სტილი მშობლების მხრიდან უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და გამოიხატება გარკვეული ფსიქოსომატური პრობლემების არსებობაში….“ – ამბობს კვლევაში მონაწილე ფსიქოლოგი.

კვლევამ გამოავლინა, რომ მოზარდები, რომლებსაც არ აქვთ ემოციური კავშირი მშობლებ­­თან და მათ ცხოვრებაში მყოფ მათთვის მნიშვნელოვან უფროსებთან, ჯანსაღი მიჯაჭ­­­ვულო­ბის დეფიციტს განიცდიან, ასევე ხასიათდებიან თავდაჯერებულობის და გარემოს მიმართ ოპტიმისტური დამოკიდებულების ნაკლებობით და განსაკუთრებულ და­უცველობას ავლენენ სისასტიკის მიმართ.

„როდესაც მშობელი ვერ ასრულებს მოვალეო­ბას, ვერ ხდება შვილის მთავარი მრჩეველი, მეგობარი და ვერ უწევს მას თანმიმდევრულ მეგზურობას მოზარდობისას, მოზარდის თვისებები – თავდაჯერებულობა, კონტრო­ლის მექანიზმები და უსაფრთხოება სუსტდება ან მცირდება, რაც კიდევ უფრო ანელებს მათ „გამძლეობის“ უნა­­რებს.

„…მშობლებმა შვილებს უნდა გამოჰკითხონ, რამე ხომ არ აწუხებთ, იმიტომ რომ ამ გზით მათ საკუთარი თავისთვის დაზიანებების (ხელების გაჭრა, სხვ.) მიტანის პრევენციას შეძლებენ“, – ამბობენ 14-17 წლის გოგონები [ეთნიკური უმცირესობა, ბათუმი. ინტერვიუ აღებულია 2017 წელს].

კვლევის მონაწილე მშობლების თანახმად, კარგმა მშობელმა უნდა შეძლოს შვილის მოთხოვნილებების და, ზოგადად, მდგომარეობის იდენტიფიცირება. ეს არა დასწავლად, არამედ თანდაყოლილ უნარად უფრო აღიქმება.

„კარგი მშობელია ის, ვისაც ესმის შვილის საჭიროებები, მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა, ვისაც ესმის შვილის მოთხოვნილებების 90 პროცენტი და ზოგადი წარმოდგენა აქვს ლიმიტებზე“, – ამბობენ კვლევაში მონაწილე მოზარდების მამები ბათუმში. ეს ინტერვიუც 2017 წელსაა აღებული.

მშობლები, რომლებიც ზრუნავენ მოზარდების ფსიქოსოციალურ კეთილდღეობაზე, საგანგებოდ მიუთითებენ, რომ საჭიროა ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილება და რეაგირება პირველი რისკის ნიშნების შემჩნევისთანავე.

„ასეთი მშობლები მოზარდებს არწმუნებენ, უფრო გულახდილები იყვნენ და ესაუბრონ უფროსებს და მათ მოსასმენად უსაფრთხო გარემოსაც უქმნიან“, – ნათქვამია კვლევაში.

___________

მთავარი ფოტო: pexels.com

გასეირნება სილამაზის სალონიდან დაიწყო – თავშესაფარში მცხოვრები ქალების 10 დეკემბერი

10 დეკემბერს მსოფლიომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. 2018 წელს  ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციას 70 წელი შეუსრულდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ გადაწყვიტა ეს დღე წინა წლებისგან განსხვავებულად აღენიშნა: #ვიზრუნოთერთმანეთზე – ასე ჰქვია სოციალურ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ბათუმის სათნოების სავანის ბინადრებს დღესასწაული მოუწყო.

ბათუმის სათნოების სავანე 122 ბენეფიციარს ემსახურება. 68 ქალიდან მხოლოდ 14-ს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. კამპანიაში სწორედ ისინი ჩაერთვნენ.

10 დეკემბრის დიდი გასეირნება სილამაზის სალონიდან დაიწყო – ბათუმში მდებარე სალონი „შვარცკოფი“ ქალებს უფასოდ მოემსახურა, სალონმა „დაიმონდმა“ კი, მსგავს აქციებში სამომავლოდ მონაწილეობის მზაობა გამოთქვა.

გუშინ, 10 დეკემბერს, ამ ქალებისგან არაერთი ცხოვრებაში პირველად ესტუმრა სილამაზის სალონს, ზოგიც ახალგაზრდობაში ლამაზდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხოვრება გაურთულდათ არც თმა შეუღებავთ, აღარც მაკიაჟით გალამაზება უცდიათ. ყველას ერთი რამ აერთიანებს – ბათუმის სათნოების სახლში ცხოვრობენ ერთად.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

თმა ზოგმა შეიღება, ზოგმა შეიკრიჭა. ბევრი გრძელ თმას ვერ შეელია და დავარცხნას დასჯერდა.  ზოგი მხიარულია და ცეკვავს კიდეც, ზოგი ჩუმად ზის კუთხეში და პარიკმახერთან საკუთარ რიგს ელოდება. კამერების დანახვისას ზოგი საუბრობს, ზოგიც არაფერს ამბობს.

73 წლის ციური ჟორჟოლიანი გრძელ თმას არ იკრეჭს, არც იღებავს, ბუნებრივ ჭაღარას ვერ ველევიო – ამბობს. ცხოვრების რთული გზა გაიარა: პატარობიდანვე ობოლ ბავშვთა თავშესაფარში იზრდებოდა, მერე იშვილეს, დაქორწინდა, შვილები გაუჩნდა, მერე ყველაფერი ერთად დაკარგა და საბოლოოდ ისევ თავშესაფარში აღმოჩნდა. მისი მხიარულება და ცხოვრების ხალისი ამას ვერ გაფიქრებინებთ. თუმცა როცა საუბარს იწყებს, ცხადი ხდება, რომ ღიმილით, უბრალოდ, მოჭარბებულ ტკივილს ფარავს.

„სალონში 25 წელია არ ვყოფილვარ, მას შემდეგ, რაც შვილები დამეღუპა. სასტუმრო ინტურისტში ვმუშაობდი, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც, მზარეულად – 20 წელი. უბრალო ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემი საქმით საზოგადოებასთან მქონდა ურთიერთობა. ოთხი წელია სავანეში ვცხოვრობ.

ადრე დავქვრივდი. ორი შვილი მყავდა, ორივე დამეღუპა. ერთი ბიჭი ციმბირში გარდაიცვალა. დასატირებლადაც ვერ ჩავედი, საშუალება არ მქონდა. მალევე გარდამეცვალა მეორე ბიჭიც. რძალთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად დავრჩი. მერე რძალი უცხოეთში წავიდა სამუშაოდ. დაიკარგა ჩვენი ბინა. ერთხანს ვქირაობდი საცხოვრებელს. მერე გაძვირდა ქირა და თავშესაფარში გადავედი. პირობები აქ ნორმალურია – სამჯერადი კვება, სისუფთავე, კონცერტები ტარდება ხშირად, გვაკითხავენ, გვამხიარულებენ, მაგრამ საკუთარი ოჯახი სულ სხვაა…

კითხვა მიყვარს, ხანაც სასაფლაოზე დავდივარ. ვიცინი, მაგრამ ეს ჩემი ჰაერზე სიცილია, ხომ არ გგონიათ ქარაფშუტულად ვიცინი? მინდა გული გადავაყოლო, ჩემი მდგომარეობა დავივიწყო. ავადმყოფობის და ტკივილის გარდა ცხოვრებაში არაფერი მინახავს. ყველას, ვინც რთულ ცხოვრებას გადის, ერთს ვთხოვდი: ზედმეტ დარდს ნუ მიაკარებენ გულს, არაფერს არ აკეთებს დარდი, თუ ძლიერი ხარ, უნდა გადალახო ყველაფერი, მეტი გზაა არაა. რამდენჯერმე თავის მოკვლაც ვცადე, მაგრამ არ დამაცადეს“, – ამბობს ციური ჟორჟოლიანი.

ციური ჟორჟოლიანი – ბათუმის სათნოების სავანის ბენეფიციარი/ფოტო” მანანა ქველიაშვილი

მარგო გეორქიევი 72 წლისაა, აქამდე ახალქალაქის და თერჯოლის თავშესაფრებში ცხოვრობდა. ახლა ბათუმის თავშესაფარში ცხოვრობს. ბავშვობაც მიუსაფარ ბავშვთა სახლში გაატარა.

„ისე ორი და მყავს, განა უპატრონო ვარ! არ დადიან ჩემთან, არავის არაფერს ვთხოვ. მაგრამ ვოცნებობ, სანამ ცოცხალი ვარ მნახონ, რომ აღარ ვიქნები მკვდარს ყვავილები რად მინდა? მეგობარი არავინ მყავს. ვლოცულობ კარგად და ჯანმრთელად ვიყო. ღმერთი ხო იცი ვინც არის? აი, მაგას ვევედრები ჯანმრთელად ვიყო.

მიხარია დღეს თავშესაფრიდან რომ გამოვედით, აბა არ მიხარია?  თან რა მზიანი დღეა!“ ამბობს მარგო გეორქიევი და სარკეში იხედება, აკვირდება, როგორ გაუკეთეს მაკიაჟი.

მარგო გეორქიევი – ბათუმის სათნოების სავანის ბენეფიციარი/ფოტო: მანანა ქველიაშვილი

„გალამაზება ყველა ქალს უხარია, დღეს მეც გახარებული ვარ. ახლა ჩემს საყვარელ ვარცხნილობას გამიკეთებენ. 2 წელია სათნოების სახლში ვცხოვრობ. ცოტა ხნის წინ კონცერტი გვქონდა თავშესაფარში, ახალ წელსაც ვაპირებთ რამე გავაკეთოთ. გარეთ არავინ მყავს, დედ-მამა, ძმა, ყველა გარდამეცვალა, ოჯახი არ მყავს. სიხარულია გალამაზება, ძალიან მსიამოვნებს“, – ეს რუსიკო აბუთიძეა, 70 წლის. ამბობს, რომ თმა ლამაზად აქვს გათეთრებული და შეღებვა არ სჭირდება. დავარცხნას და მაკიჟის გაკეთებას დასჯერდა.

რუსიკო აბუთიძე – ბათუმის სათნოების სავანის ბენეფიციარი/ფოტო: მანანა ქველიაშვილი

სალონში გალამაზების შემდეგ თოთხმეტივე ქალი რესტორან „UOLLI”– ში მიიწვიეს სადღესასწაულო ვახშამზე. ვახშამი სამშენებლო კომპანია „ლაიქ ჰაუსმა“ დააფინანსა. ყავით, ჩაით და ხილის ასორტით რესტორანმა უფასოდ უმასპინძლა ქალებს, საკონდიტრო მაღაზია „ალუბალმა“ კი სპეციალურად ამ დღისთვის დიდი და ლამაზი ტორტი მოამზადა. შპს „ანბანის კოშკმა“ სამოცდაათ ქალს სათითაოდ დაუმზადა პერსონალური საჩუქრები. კომპანია ,,მაჭახელას დათუნიამ“ გაიგო თუ არა სოციალური კამპანიის შესახებ, მაშინვე დათანხმდა თანამონაწილეობაზე. ქედის  ჩირებისა და ჯემების კოოპერატივმა „დიოკნისმა“ სათნოების სახლს ნუგბარი და ტკბილეული გადასცა.

სილამაზის სალონ „შვარცკოფის“ მეპატრონე, თამარ ქოქოლაძე ამბობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის როლი მსგავს კამპანიებში დიდი უნდა იყოს.

„დღევანდელი დღე ჩემთვის გამორჩეულია, ყოველთვის სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას ასეთ კამპანიებში. ერთმანეთის გვერდით დავდგეთ, ვისაც რა შეგვიძლია ის გავუკეთოთ ერთმანეთს. სასიამოვნო გრძნობაა, როცა ვინმეს ახარებ. არცერთ ბიზნესს არ აზარალებს სხვების მცირედი დახმარება, პირიქით“, – ამბობს სალონ „შვარცკოფის” მეპატრონე, თამარ ქოქოლაძე.

თამარ ქოქოლაძე – სალონ შვარცკოფის” მეპატრონე/ფოტო: მანანა ქველიაშვილი

„გვინდა ჩვენი აქცია სხვებისთვის ინსპირაციის წყარო გახდეს. ჩვენი ქალაქის სალონები მოემსახურონ უსახლკარო ადამიანებს და არა მხოლოდ მათ. რესტორნების, კაფეების მეპატრონეებმა სადილზე, ვახშამზე მიიპატიჟონ ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსული ბავშვები თუ მოხუცები. ან სულაც მიმოვიხედოთ ჩვენს ირგვლივ: ოჯახში, სამეგობროში, სამეზობლოში, უბანში, ქუჩაში შევთავაზოთ ჩვენს გვერდით მცხოვრებ ხანდაზმულებს  ჩვენთან ერთად გასეირნება, ჩაის დალევა, დროის გატარება. მოვუსმინოთ და მოვუყვეთ ერთმანეთს ის, რაც გვახარებს და გვწყინს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ქეთი ადეიშვილმა, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტების მენეჯერმა, როცა ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტეს ამ სახის აქციის ორგანიზება.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

დაზიანებული მოსაცდელი ბათუმში

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დამონტაჟებული მოსაცდელი დაზიანებულია. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 5 დღის წინ, მოსაცდელს ავტომანქანა დაეჯახა.  შსს ცნობით, დადგენილია პირი და გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს.

აღნიშნული მოსაცდელი ბათუმში შპს „ალმამ“ განათავსა. როგორც მერიაში გვეუბნებიან, დაზიანებული მოსაცდელიც მათ უნდა აღადგინონ.

„ბათუმელები“ კომპანიის წარმომადგენელსაც ესაუბრა. კომპანიაში გვითხრეს, რომ მოსაცდელის დემონტაჟს გამოძიების დასრულების შემდეგ დაიწყებენ: „ჯერჯერობით, დემონტაჟის უფლება არ გვაქვს, რადგან პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული“.

როდის მიეცემა კომპანიას დაზიანებული მოსაცდელის აღდგენის უფლება, პოლიციაში ინფორმაციას არ ფლობენ.

დაზიანებული მოსაცდელი ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე. როინ გუნდაძის ფოტო

პოლიციამ აჭარაში ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული დ.ვ. ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე ავტოსადგომიდან „რენო კანგოს“ მოდელის ავტომობილი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მოპარული ავტომანქანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული ოთხიდან დან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბსუ-ს განმარტება ,,რუსულენოვანი“ ლიტერატურის შეძენასთან დაკავშირებით

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, გაზეთ ,,ბათუმელებში“ დაბეჭდილ სტატიასთან „75 დასახელების ჟურნალ-გაზეთებიდან, რომელთა შეძენას ბსუ 2019 წელში გეგმავს, 54 რუსულია“ დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ბსუ ყოველწლიურად სხვადასხვა გზით შეისყიდის სამეცნიერო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი საერთაშორისო  მონაცემთა ბაზების: Elsevier, ScienceDirect; Scopus; Clarivate Analytics; EBSCO; Cambridge Journals Online და ა.შ. პროდუქციას. აღნიშნულ ბაზებში განთავსებული ათასობით გამოცემის  შერჩევა ხდება მკაცრი სარედაქციო პოლიტიკით, ცალკეული გამოცემის რეიტინგისა და სანდოობის გათვალისწინებით. პროდუქცია საკმაოდ ძვირადღირებულია, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია სამეცნიერო  ბაზების შესყიდვა კონსორციუმის გზით,  ძირითადად ჩვენც ამ გზით ვახდენთ პროდუქციის შეძენას, აქ განთავსებული ლიტერატურის აბსოლუტური უმრავლესობა კი ინგლისურენოვანია.

ბსუ-ს სტუდენტებსა და პერსონალს საერთაშორისო სამეცნიერო  ბაზების გამოყენება შეუძლიათ უნივერსიტეტის IP მისამართებიდან ან ბაზებში რეგისტრაციის შემდგომ.  ბაზების აღწერა განთავსებულია ბიბლიოთეკის ვებგვერდზე: https://bsu.edu.ge/sub-15/page/2-174/index.html

ნებისმიერი პირი, ვისაც სამეცნიერო კვლევის გამოცდილება აქვს ან, უბრალოდ, ჰქონია შეხება მეცნიერებასთან, აღიარებს ზემოთ აღნიშნული სამეცნიერო პროდუქციის მნიშვნელობას და იოლად შეაფასებს თუ რაოდენ ღირებულია ეს ბაზები სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების წარმოებისას. დასახელებული ბაზები რეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში ჩატარებულ ღირებულ კვლევებსა და მიღწევებს. აქვე დავძენთ, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებით მოწმდება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებთან წვდომის და მისი გამოყენების ხარისხი. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივმა თუ უცხოელმა ექსპერტებმა არაერთგზის დადებითად შეაფასეს აღნიშნული ასპექტი ბსუ-ში.

კარგი იქნებოდა ავტორი ვიდრე მოამზადებდა ამ სტატიას და საზოგადოებას აჩვენებდა, რომ ბსუ თითქოს მხოლოდ რუსულენოვანი ლიტერატურის შეძენას ახდენს, გასცნობოდა ბსუ-ს ზემოთ დასახელებულ ბაზებთან წვდომის შესაძლებლობებს და აგრეთვე, ბსუ-ს ტენდერის გზით შეძენილი ლიტერატურის მრავალფეროვნებას. სტატისტიკისათვის გაცნობებთ, რომ მხოლოდ 2018 წლის იანვრიდან დღემდე ბსუ-ს ბიბლიოთეკაში შემოსული 57 487 ლარის ღირებულების წიგნებიდან (და არა პერიოდიკიდან), 21 402 ლარის არის უცხოენოვანი თანამედროვე ლიტერატურა, 321 ლარის რუსულენოვანი, ხოლო დანარჩენი სხვა ენებზე.

გარდა საერთაშორისო ბაზებისა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია გაერთიანებული ქართული სისტემების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაში „GSS for Education“. პროგრამა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს ისარგებლოს იურიდიული ლექსიკონისა და საკანონმდებლო აქტების ელექტრონული ბიბლიოთეკით.

და ბოლოს,  მკითხველი იოლად მიხვდება, რამდენიმე ეგზემპლარი რუსული პერიოდიკის  ბეჭდურ მატარებლებზე შესყიდვის რეალურ მიზეზს: აღნიშნულ სამეცნიერო გამოცემებზე  წვდომა არ ხერხდება საერთაშორისო ბაზების საშუალებით, ბიბლიოთეკა კი ვალდებულია შეისწავლოს თავისი მკითხველის (თუნდაც მცირე ჯგუფის) მოთხოვნები და შეძლებისამებრ იზრუნოს მათ დაკმაყოფილებაზე.

 

ავტომანქანის შეჯახებამ ხიმშიაშვილის ქუჩაზე რკინის გამყოფი ჯებირი დააზიანა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის დასაწყისში, ქუჩის გამყოფი რკინის ჯებირები დააზიანეს. ასფალტს ემჩნევა ავტომანქანის საბურავების კვალი, რომელიც რკინის ბორდიურთან მთავრდება.

როგორც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვეუბნებიან, რკინის ბორდიურები ავარიის შედეგად დაზიანდა.

„დადგენილია პირი, ვინც დააზიანა ჯებირი და როგორც მერიაში გადაწყდა, ეს ადამიანი თვითონ აღადგენს დაზიანებულ ბორდიურებს. სულ 5 რკინის ბორდიური უნდა აღადგინოს“, – გვეუბნებიან აღნიშნულ სამსახურში.

შს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. როგორც შსს „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ავტოსაგზაო შემთხვევა, დღეს დილით მოხდა.

რკინის დაზიანებული ჯებირი ხიმშიაშვილის ქუჩაზე.
ფოტო: გურამ მურვანიძის

ვინ დაიცავს უფლებებს, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა იკლებს – ინტერვიუ ანა ნაცვლიშვილთან

ბოლო კვლევების მიხედვით, მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ენდობიან სასამართლოს და მიიჩნევენ, რომ მოსამართლეები სამართლიანები არიან. სასამართლო რეფორმა ისევ გრძელდება, თუმცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა ნაცვლიშვილს პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. იგი არ გამორიცხავს, რომ ნდობის ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდეს, თუკი სასამართლო სისტემა გამჭვირვალე არ გახდება. „ამ სისტემამ აჩვენა, რომ ცვლილების არანაირი სურვილი და რესურსი არა აქვს“, – ამბობს ის.

ვინ დაიცავს ადამიანის უფლებებს, როცა  უფლებების დაცვის მთავარი ინსტიტუტის – სასამართლოს მიმართ ნდობა სუსტდება. „ბათუმელები“ ანა ნაცვლიშვილს ესაუბრა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილ ხელმძღვანელს.

  • ქალბატონო ანა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. თქვენი დაკვირვებით, რა ვითარება გვაქვს?

ადამიანის უფლებები  დაცული რომ იყოს, ამას სჭირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი წინაპირობა. ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტურია ინსტიტუტები, რომლებსაც პირდაპირ ავალიათ ადამიანის უფლებების დაცვა, ისინი უნდა იყვნენ კომპეტენტურები, ძლიერები და ეფექტურები. წლებია ვხედავთ, რომ სწორედ ეს ინსტიტუტები არათუ ძლიერდება და არა აქვთ საკანონმდებლო და პოლიტიკის დონეზე გაძლიერების ხელშეწყობა, არამედ პირიქით – ვხედავთ მათ დასუსტებას, გაჭიანურებულ რეფორმებს, რომლებიც ეფექტურ მექანიზმებს ვერ ქმნიან ადამიანის უფლებების დასაცავად.

შესაძლოა, ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქტიური და სისტემური დარღვევები არ ხდება, მაგრამ ამის აღმოფხვრის ეფექტური მექანიზმები არ არსებობს. ეს ქმნის სიტუაციას ქვეყანაში, როდესაც არ გვაქვს ეფექტურად დაცული ადამიანის უფლებები. სერიოზული საქმეებიდან ჩანს, რომ არასასურველი გავლენა არსებობს გარედან… ყველაზე ცნობილი მაინც იყო „ხორავას ქუჩის საქმე“, რომელიც დაიწყო სკოლაში. ამ საქმემ გამოავლინა ძალიან ბევრი მიმართულებით სისტემური პრობლემა – სკოლა, სადაც არ არსებობს პრევენციის მექანიზმები. ამოჩნდა გამოძიების პრობლემა, რომელიც აბსოლუტურად არაკვალიფიციურია და ემორჩილება პოლიტიკურ გავლენებს, ეს ძალიან კარგად გამოაჩინა საპარლამენტო კომისიამ. სასამართლოზე აღარაფერს ვიტყვი…

  • რა მოხდა სასამართლოში, რომლის მიმართ ნდობა იმატებდა 2013 წლიდან. CRRC-ის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41 პროცენტი მოსამართლეებს არ ენდობა, 32 პროცენტი თვლის, რომ მოსამართლეები სამართლიანები არ არიან. მოსამართლეებზე მეტად ადამიანები ენდობიან, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციებს… რამ შექმნა ეს მოცემულობა? 

ასეა იმიტომ, რომ სასამართლო სისტემა რეალურად არ გახდა გამჭვირვალე. 2013 წელს შევიდა ცვლილება კანონში და მედია იქნა დაშვებული, გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა. მაშინ ეს შეფასდა, როგორც პირველი ნაბიჯი, რომ გახსნილიყო სასამართლო სისტემა საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს არ არის სასამართლოს გამჭვირვალობა. უმთავრესია, რომ სასამართლო ასაბუთებდეს თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ეს დასაბუთება უნდა იყოს ძალიან მწყობრი, ჩამოყალიბებული, ეფუძნებოდეს კანონს და არ ტოვებდეს სერიოზულ კითხვის ნიშნებს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები არ არის გამჭვირვალე. ვგულისხმობ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ჩვენ კი არა, იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრისთვისაც კი გაუგებარია, რატომ იღებს საბჭო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

  • წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ირაკლი შავაძე აპროტესტებდა იმას, რომ იუსტიციის საბჭოს უარი მის მიმართ არ იყო დასაბუთებული. მას უვადო მოსამართლედ გამწესება სურდა. 

ზუსტად ესაა. სერიოზული იყო ეს განცხადება და ამაზე სერიოზული რეაგირებაც კი არ მომხდარა. დაიბარეს ორივე, მოუსმინეს ორივეს და აქ დამთავრდა…

  • როცა სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა სუსტდება, რამდენად იზრდება საფრთხე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით? 

რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არის კავშირში ერთმანეთთან. ადამიანს როცა აქვს უსამართლობის განცდა, მიმართავს სასამართლოს. შესაძლოა, სასამართლომ არ მიიღოს ადამიანისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, მაგრამ სასამართლო პროცესი წარიმართოს იმდენად მაღალი სტანდარტით, მოსამართლე იყოს იმდენად პროფესიონალი და მისი გადაწყვეტილება ისე დასაბუთებული, რომ ადამიანი არ გამოვიდეს სასამართლოდან უსამართლობის განცდით. ადამიანს უნდა გაუჩნდეს პატივისცემა და ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა.

  • სასამართლო რეფორმა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რა მოლოდინი უნდა გვქონდეს? 

მოლოდინი არ არის სახარბიელო. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, ყველაზე ზედა ინსტანციის სასამართლოს დაკომპლექტებაც კი გადადის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში. აქამდე რაც გაუკეთებია ამ საბჭოს, არ გვაძლევს მცირეოდენ იმედსაც, რომ ეს არ იქნება მიკერძოებული გადაწყვეტილებები და არ დანიშნავენ მათთვის მოსაწონ, სანდო და ერთგულ ადამიანებს. ფაქტობრივად, ამ სისტემამ არაერთხელ აჩვენა, რომ ცვლილების არანაირი სურვილი და არანაირი რესურსი არა აქვს, რაც არის ძალიან მძიმე ამბავი.

სასამართლო სისტემის შიგნითაც არის სერიოზული პრობლემები, რაზეც მოსამართლეები ვერ საუბრობენ. არიან მოსამართლეები, რომლებსაც ასობით საქმე აწერიათ და მოსამართლეები, რომლებსაც ცოტა საქმე აქვთ, ან არ აქვთ საქმე საერთოდ. მოსამართლეებიც ხედავენ ამ უთანასწორო გარემოს, რაც აჩენს საზოგადოებაში უიმედობის და უსამართლობის განცდას: მოსამართლე, რომელიც ვერ დაიცავს საკუთარ თავს, როგორ დაიცავს სხვას?

ხშირად მოაქვთ ხოლმე სტატისტიკა, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა გაიზარდა და როგორ არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. ინსტიტუტების სიმყარე და სიმტკიცე ფასდება არა ზოგადი სტატისტიკით, არამედ ეს ყველაზე უკეთ მოსჩანს სენსიტიურ საქმეებში, როცა სახელმწიფოს აქვს ინტერესი. მიხეილ სააკაშვილის მმართველობას აღარ შევადარებ, ჩვენ არც გვინდა, რომ ამას შევადაროთ, შეიძლება სტატისტიკა უკეთესია ახლა, ვიდრე 2009 წელს, მაგრამ იმ საქმეებს უნდა შევხედოთ, სადაც სახელმწიფოს ინტერესი ფიგურირებს. ვერ გავიხსენებთ ასეთ საქმეს, სადაც სახელმწიფოს ინტერესი იყო და იქ დროულად, ეფექტურად წარიმართა მართლმსაჯულება და დადგა შედეგი. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ სისტემურ გარდაქმნაზე. ვერ ვიტყვით აშკარად, რომ ახლა ეს ინსტიტუციები დადგნენ უფლებების დაცვის სადარაჯოზე.

  • რატომ ვერ დადგნენ?

ნათელია, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს. წლების განმავლობაში ვხედავთ არასრულ და ფრაგმენტულ რეფორმებს, კრიტიკის სრულ მიუღებლობას. ქვეყნის შიგნით თუ გარეთ პროფესიონალთა ჯგუფებს ბევრჯერ უთქვამთ, რომ კონკრეტული რეფორმა არასწორად ხორციელდება. მაგალითად, პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით „ვენეციის კომისია“ პირდაპირ ამბობდა, რომ ეს მოდელი დეპოლიტიზებას ვერ მოგიტანთო, მაგრამ რეფორმის გამტარებლებმა არ მოისმინეს ეს. ჩანს, რომ პოლიტიკური ნება არ არის, რომ გარდამტეხი ცვლილებები მივიღოთ.

  • რატომ ვერ გაჩნდა ამ დრომდე ეს პოლიტიკური ნება? 

ადამიანის უფლებების ცნება ისტორიულად წამოვიდა იქედან, როცა მოქალაქემ თქვა, რომ სახელმწიფოს აღარ ექნება შეუზღუდავი ძალაუფლება, ამ ძალაუფლების შეზღუდვა იქნება ჩემი უფლებაო. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიყოს ძალაუფლება მოქალაქეებთან, შეიბოჭოს საკუთარი თავი. ეს კი არის რთული და არასასურველი. აქ კულტურული და მენტალური პრობლემაც გვაქვს.

  • სააკაშვილის მმართველობის დროს ხელისუფლების პროტესტის მთავარი საფუძველი „გირგვლიანის საქმე“ იყო, დღეს – „შვილმკვდარი მამების საქმე“. ეს არ არის მკაფიო გზავნილი საზოგადოებისგან, რომ მისთვის უფლებების დაცვა უპირველესი მოთხოვნაა? 

ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერება და კულტურა. ჩვენს საზოგადოებაში პრობლემაა ეს. ჩვენ ხშირად უფლებები მოგვწონს მაშინ, როცა ეს უფლებები ჩვენ გვიცავს. თუ ეს უფლებები სხვას იცავს, ჩვენგან განსხვავებულს, ჩვენგან მოუწონარს, მაშინ ამის დაცვა აღარ გვინდა. მაგალითად, კლუბების ამბავზე [კლუბ „ბასიანში“ სპეცრაზმის შესვლა] ბევრი არ გამოვიდა და მახსოვს, მოიგონეს საბაბი, რომ აი, იქ ნარკომანები არიან, გეები, მოტაშფანდურე ხალხი. ჩვენთან პრინციპების მიმართ ერთგულება არის ისევ სუსტი, ანუ პრინციპებს კი არა ვუერთგულებ მე, არამედ თუ მაწყობს და ჩემთვის მოსაწონი ხალხი დგას, მაშინ მივდივარ მათ დასაცავად. თუ ასე წავალთ, ჩვენ ვერ შევქმნით საზოგადოებას, სადაც სახელმწიფო არის შებოჭილი და კანონი არის მთავარი.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა პოლიტიკურად პოლარიზებული გარემოა: როცა ადამიანი ხმას იმაღლებს დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, თვლიან, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ ბანაკშია. ეს მენტალობა არის ძალიან დამაზიანებელი ადამიანის უფლებების კულტურის განვითარების კუთხით. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს აქტიურად ვნახეთ ისიც, რომ უფლებადამცველებს უწოდეს „ფაშისტები“.

რთული სოციალური მდგომარეობა, სიღარიბეც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს უფლებრივ მდგომარეობას. არასწორად არის ხშირად გადანაწილებულია რესურსები და უთანასწორობის მომენტი არის მზარდი. ეს მძიმე რეალობაა, როცა ძალიან ბევრი ადამიანის უფლება ავტომატურად ვერ რეალიზდება და ბევრი ადამიანისთვის მსჯელობა სიტყვის თავისუფლებაზე, მაგალითად, ფუფუნებაა, რადგან მას საფიქრალი აქვს, როგორ დააპუროს ხვალ თავისი შვილი. არის კატეგორია უფლებების, რომლისთვისაც დრო და ენერგიაც აღარ გვყოფნის, მაგალითად, უფლება ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაზე, ან ჯანდაცვის უფლება, შრომით უფლებებზე და უსაფრთხოებაზე აღარ ვსაუბრობ, ადამიანებზე, რომლებიც უხმოდ მიდიან გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაზე, რადგან სხვაგვარად ისინი, უბრალოდ, შიმშილით დაიხოცებიან. ამ ნაწილშიც სახელმწიფოს მხრიდან ვხედავთ ზედმეტად ფრთხილ ნაბიჯებს მაშინაც კი, როცა საქმე ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეს უკავშირდება. ვგულისხმობ შრომის ინსპექციის უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

სახელმწიფო აქტიურად აღარ არღვევს ადამიანის უფლებებს, როცა პოლიცია სცემდა ხალხს, ციხეები იყო სავსე პატიმრებით და ასე შემდეგ, მაგრამ გვაქვს სრულიად არაეფექტური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ახალისებს ახალ დარღვევებს.

  • რამ შეიძლება შეცვალოს ეს დამოკიდებულება? 

მოქალაქეების აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მსხვერპლი მსგავსი სიტუაციის არის ის, როცა ადამიანები ამბობენ ფრაზას: მაინც არაფერი შეიცვლება. ეს ხელჩაქნეულობა და განწყობა არის ნომერ პირველი მეგობარი ავტოკრატიული სიტუაციის. დემოკრატიას სჭირდება აქტიური მოქალაქეები, ყოველდღიური მუშაობა უფლებების დაცვისთვის, არ არის ისე, რომ ერთხელ მივაღწიე და შემდეგ თავისით გაგრძელდება. თუ გვინდა, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, უნდა გაძლიერდეს ინფორმირებული, თანმიმდევრული მოქალაქე, რომელიც მუდმივად აკონტროლებს ხელისუფლებას და ცდილობს, რომ გაიზარდოს, არ შეჩერდეს…

სარფის საბაჟოზე ასი ათასი ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირი, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანას ცდილობდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1 929 გრ ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო  საბაჟო ღირებულება  100 000 ლარს აღემატება“-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა დასჯადი ხდება

პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს.

საქართველოს პარლამენტში უკვე წარადგინეს კანონპროექტი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლი გაჩნდება, რომელიც არასრულწლოვანთათვის პიროტექნიკური ნაკეთობების მიყიდვას დაარეგულირებს.

იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი არასრულწლოვანს პიროტექნიკას მიჰყიდის, დაჯარიმდება. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია, იურიდიული პირი კი – 200 ლარით დაჯარიმდება.

აღნიშნულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 200 ლარიან ჯარიმას დაექვემდებარება, იურიდიულს კი – 400 ლარი დაეკისრება.

კანონპროექტის ავტორები მისი მიღების საჭიროებას არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკურ ნაკეთობებზე თავისუფალი წვდომის თანმდევი საფრთხეებით ხსნიან.

რეგულაციის ამოქმედება ახალ წლამდე იგეგმება.

2018 წელს, საახალწლო პიროტექნიკით, საქართველოში 111 ადამიანი დაშავდა, მიღებული დაზიანებების გამო 45 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათგან 21 ბავშვი იყო.

საქართველოში ამ დრომდე არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე და, ასევე, ამ დრომდე არ არსებობს რეგულაცია, რომელიც შეზღუდავდა პიროტექნიკის გაყიდვის ადგილს ან მყიდველთა ასაკს.  ე.წ. „მაშხალების“, „ხლაპუშკების“ და „ბომბაჩკების“ ყიდვა დღესაც შეიძლება ყველგან, მათ შორის სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან.

ამავე თემაზე: 

111 დაშავებული და არც ერთი რეგულაცია – „რას ველოდებით?“

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისთვის შემოტანისთვის ორი მოქალაქე დააჯარიმეს

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების ი.მ.-სა და ს.გ.-ს, ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 14 974.52 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 219.77 გრამი) გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 14 974.52 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

შემთხვევა სარფში 9 დეკემბერს მოხდა.

ბათუმში ორ ქუჩას წყლის მიწოდება 8 საათით შეუწყდება

დღეს, 10 დეკემბერს, ღამის 12 საათზე წყლის მიწოდება შეუწყდებათ ფიროსმანის და შარტავას ქუჩის აბონენტებს.

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი წყალმომარაგების სისტემაზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებია.

აღნიშნულ ქუჩებზე წყალი აბონენტებთან 11 დეკემბერს, დილის 8 საათზე ჩაირთვება.

ბიჭების პირველი სქესობრივი გამოცდილებისთვის ფულს ისევ მამები იხდიან – კვლევა

„მოზარდთა მშობლობა“ – გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ ამ კვლევაში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, მოზარდთა სქესობრივ განვითარებაზე ნათქვამია, რომ სექსუალობის კვლევისას მოზარდები ბევრ შეკითხვას და პრობლემას აწყდებიან. შესაბამისად, აუცილებელია, მშობლებმა მათ მიმართ მზრუნველობა, სიყვარული და ყურადღება გამოიჩინონ, მოუსმინონ მათ კითხვებს, წუხილს და ამ საკითხებზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

„ცოტა მშობელი თუ გამოთქვამს მზაობას და უნარს, მისცეს შვილს საშუალება, რომ ის დამოუკიდებელ, სექსუალურად აქტიურ ზრდასრულად ჩამოყალიბდეს და ხელი შეუწყოს მას სექსუალური იდენტობის ჩამოყალიბებაში, ესაუბროს და რჩევები მისცეს შვილს სექსზე, სექსუალობაზე, ფიზიკურ ცვლილებებზე, რეპრო დუქციულ ჯანმრთელობაზე, რისკ-ფაქტორებსა და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მშობლები თავს იკავებენ ესაუბრონ შვილებს სექსუალობაზე, არის მათი შიში, რომ მცირე ასაკის ბავშვებისთვის მსგავსი ინფორმაციის მიწოდება  ნაადრევი სექსის მიმართ მათ ინტერესს და სურვილს აღუძრავს.

„მოზარდობის ადრეულ პერიოდში მყოფი მოზარდების თქმით, ისინი უხერხულობას განიცდიან და თავს არაკომფორტულად გრძნობენ მშობლებთან სექსუალობის გარშემო არსებულ საკითხებზე საუბრისას, ამიტომ ამ თემაზე ინფორმაციის მოსაძიებლად ამჯობინებენ ინტერნეტს მიმართონ“.

„არავის ვკითხავ სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „დავგუგლავ“ და თუ ვერაფერი ვნახე, შევწყვეტ ძებნას“, – ამბობენ კვლევაში მონაწილე 10-13 წლის გოგონები თელავიდან. გამოკითხვა ჩატარებულია 2017 წლის 28 ოქტომბერს.

ადრეული მოზარდობის ასაკის ბავშვებს, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, მშობლები მთავარ მრჩევლებად და მენტორებად არ მიაჩნიათ.

კვლევის მიხედვით, ეს შესაძლოა იმითაც იყოს გამოწვეული, რომ მშობლებისგან ხშირად ესმით გამოგონილი, არაზუსტი ან არადამაჯერებელი ამბები, მაგალითად, ბავშვის გაჩენასა და სექსუალობასთან დაკავშირებით.

„მათ მითხრეს, რომ სხვისი შვილი ვიყავი და თუ ცუდად მოვიქცეოდი, მეტყოდნენ, რომ სინამდვილეში სხვას ვეკუთვნი, და არა მათ“, – ამბობენ კვლევაში მონაწილე 10-13 წლის ბიჭები, მრავალშვილიანი ოჯახიდან.

კვლევის შედეგების მიხედვით, ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი სქესობრივ მომწიფებასა და სხეულის ცვლილებებთან დაკავშირებით, მოზარდ გოგონებს დედებმა უნდა გაუზიარონ. მხოლოდ რამდენიმე მამამ გამოხატა მზაობა, ნებისმიერ საკითხზე ესაუბრა შვილებთან, განურჩევლად სქესისა.

კვლევის შედეგების მიხედვით ჩანს, რომ სქესობრივი განათლება ბიჭებისთვის მამის საქმედ აღიქმება. „თუმცა, როდესაც საქმე მოზარდ ბიჭებს ეხება, მამები აცნობიერებენ გარკვეულ ასაკში თავიანთი ბიჭი შვილების ბიოლოგიურ მოთხოვნილებას, დაამყარონ სქესობრივი კავშირი და მეტიც, ღიად და ფინანსურადაც კი უჭერენ მხარს ამ გამოცდილების მიღებას.

მხოლოდ რამდენიმე მშობელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ  შვილების დაცული სექსისთვის საჭირო ინფორმაციით შეიარაღებაზე პასუხისმგებლობა მათ აკისრიათ.

მიღებულია, რომ გვიანი მოზარდობის პერიოდში შესულმა ბიჭებმა პირველი სქესობრივი გამოცდილების მისაღებად ბორდელს უნდა მიმართონ. ასეთი ტიპის „ვოიაჟები“ ზოგიერთ შემთხვევაში ინიცირებულია და თავად მამებიც კი აფინანსებენ. თუმცა, ამავე დროს, მამები იშვიათად თუ საუბრობენ შვილებთან სამომავლო გამოცდილების შესახებ, ან აწვდიან რჩევებს დაცულ სექსთან დაკავშირებით“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მამები არ ავლენენ ტოლერანტულ დამოკიდებულებას გოგონა შვილების მიმართ, ქორწინებამდე დაამყარონ სქესობრივი ან ინტიმური ურთიერთობები.

„მოზარდი გოგონების მამები სექსუალობის საკითხებზე საუბარს საფრთხედ აღიქვამენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ასეთ თემებზე საუბარი გამოიწვევს და დააჩქარებს შვილის სურვილს და ინტერესს სექსის მიმართ, რაც საბოლოოდ პრობლემებს შეუქმნის ოჯახს“.

ამავე თემაზე:

რატომ არ აქვთ მოზარდებს მშობლების მხარდაჭერის იმედი – კვლევა

24-დან არც ერთი – ისტორიული სახლები ბათუმში უკვე ერთი წელია ძეგლის სტატუსს ელიან

თითქმის ერთი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი 24 შენობიდან ერთის გაძეგლებაც ვერ შეძლო. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ამ შენობების გამოსავლენად ბათუმის მერიამ სამი წლის წინ ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დახარჯა.

ვიდრე სააგენტოში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, გასაძეგლებლად წარდგენილი შენობების დასაცავად არავინ არაფერს აკეთებს, მათი რიცხვი თანდათან მცირდება. წარდგენილი შენობებიდან რამდენიმე სახლი ინვესტორმა უკვე დაანგრია და მის ნაცვლად ახალი, მაღალსართულიანი შენობის მშენებლობა წამოიწყო. ის, რომ კომპანია „გეოგრაფიკის“ მიერ რეკომენდებული შენობებიდან ბათუმში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ძეგლის სტატუსი ჯერ არცერთისთვის არ მიუნიჭებია, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში დღეს, 10 დეკემბერს, დაგვიდასტურეს.

რატომ ვერ იმსჯელა ამ დრომდე ეროვნული სააგენტოს საბჭომ თუნდაც ერთი სახლის გაძეგლებაზე? – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. სააგენტოს პრესსამსახურში დღეს მოისმინეს კითხვები, შეგვპირდნენ, რომ გვიპასუხებდნენ ან კონკრეტულ რესპონდენტს შეგვირჩევდნენ, თუმცა ამის შემდეგ ტელეფონს, რამდენიმე მცდელობის შემდეგაც აღარ უპასუხეს.

დავუკავშირდით სააგენტოს ხელმძღვანელს,  ნიკოლოზ ანთიძესაც. ის დაგვპირდა, რომ ინფორმაციას მოიძიებს და პასუხს მოგვიანებით გვაცნობებს.

კვლევა, რომლითაც „გეოგრაფიკმა“ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული  სახლები გამოავლინა, ბათუმის მერიის დაკვეთით ჩატარდა. კვლევის შედეგად 2015 წელს შეგროვილი მასალები დამკვეთმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2017 წლის იანვარში გადაუგზავნა – მიზეზი: დასაზუსტებელი იყო მასალები, რომელთა მოსაძიებლადაც ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა.

„წარმოდგენილი სააღრიცხვო ბარათები ვერ პასუხობდა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მოთხოვნებს, არ იყო მოწოდებული სრულყოფილი ფოტომასალა, რაოდენობა არ იყო რეალურ სურათთან თავსებადი, როგორც სტატუსის მისანიჭებელ, ასევე, სტატუსის მოსახსნელ ობიექტებთან მიმართებაში. ამავდროულად, წარმოდგენილ სააღრიცხვო ბარათებში იყო მთელი რიგი უზუსტობები. ამიტომაც, საბჭოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ მოთხოვნებს ვერ დავეყრდნობოდით“, – ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ეს პასუხი 2018 წლის იანვარში გამოვაქვეყნეთ.

ამ განმარტების გამოქვეყნებიდან ერთ საათში „ბათუმელებს“ დაუკავშირდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურისტი და განაცხადა, რომ გასაძეგლებლად წარდგენილი 24 ობიექტის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ეროვნულ სააგენტოში გადაგზავნილი ჰქონდათ.

აჭარის სააგენტოს ინფორმაციითვე, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ეროვნული სააგენტო დოკუმენტაციას ამზადებდა ეროვნული საბჭოს სხდომაზე წარსადგენად.

 

2018 წლის იანვრიდან 11 თვის შემდეგ ეროვნულ სააგენტოში 24 ობიექტიდან ერთზეც კი ვერ მოახერხეს გადაწყვეტილების მიღება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში იციან, რომ 24-ვე ობიექტზე ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული, თუმცა როდის დაიწყო წარმოება და როდის უნდა ველოდეთ მის დასრულებას, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ადმინისტრაციულ წარმოებას კანონით გათვალისწინებული ვადები აქვს, რაც ერთიდან  სამ თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.

 

 

 

ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლი ბათუმში დაანგრიეს – ნებართვა მერიამ გასცა

 

 

რატომ არ აქვთ მოზარდებს მშობლების მხარდაჭერის იმედი – კვლევა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის მიხედვით, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა და მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობას შეეხება, ნათქვამია, რომ ბავშვებს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზევე უწევთ ძალადობასთან შეხება, რომ მოზარდები ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ძირითადად ოჯახში, სკოლასა და უბანში ხდებიან.

კვლევამ – „მოზარდთა მშობლობა“ აჩვენა, რომ  „ბულინგი“ სერიოზული პრობლემაა და ბიჭების ცხოვრებაში ხშირად გვხვდება ადრეული მოზარდობის პერიოდიდან. გოგონებთან შედარებით ბიჭები უფრო ხშირად ხდებიან „ბულინგის“ სამიზნე. 10-14 წლის ბიჭების თქმით, ბავშვები ერთმანეთის მიმართ ძალიან ხშირად ავლენენ აგრესიას სკოლაში, მათ შორის ხშირია დარტყმა, ჯაჯგური, ცემა და დაცინვა.

„მშობლები და მოზარდის ცხოვრებაში მყოფი სხვა უფროსები გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ ესმით, რეაგირებენ და უმკლავდებიან ძალადობის მომსწრე ან მსხვერპლი მოზარდები თავიანთ ემოციებს. როდესაც მშობლები ვერ ახერხებენ მოთმინებით და მხარდაჭერით უპასუხონ მოზარდების მიერ გაზიარებულ ამბებს ძალადობაზე, შვილები აღარ უზიარებენ მათ მსგავს გამოცდილებებს, რადგან დასჯის, იგნორირების, კრიტიკისა და ეჭვის გაჩენის ეშინიათ“, – ნათქვამია კვლევაში.

ინტერვიუები, რომლებიც 2017 წელს არის მოზარდებთან ჩაწერილი, ნათლად ჩანს, რომ მოზარდები მშობლებთან საკუთარ პრობლემებზე საუბარს იმიტომ გაურბიან, რომ მათი მხარდაჭერის იმედი არ აქვთ.

„არ მოვუყვები, რადგან საბოლოოდ მე დამადანაშაულებენ. თუ ვინმემ რამე გითხრა, უნდა მოგეთმინაო, მეტყვიან. მე ასეთ რაღაცებს ვერ ვითმენ“ (ფოკუსჯგუფი, 10-13 წლის ბიჭები; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი; თელავი, საქართველო, 29 ოქტომბერი 2017).

„რომ მოვუყვე, მეჩხუბებიან. ერთხელ კლასელმა დამარტყა და ვცემე, ცხვირში დამარტყა ისე, რომ გამისივდა, სახლში რომ მივედი, მე დამსაჯეს“ (ფოკუსჯგუფი, 10-13 წლის ბიჭები; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი; თელავი, საქართველო, 29 ოქტომბერი 2017).

კვლევის მიხედვით, მოზარდობის პერიოდში ბიჭები ე.წ. „ქუჩის აკადემიას“ გადიან. კვლევაში მონაწილე მამები არ ავლენენ შეშფოთებას იმ სარისკო ქცევების მიმართ, რასთანაც შესაძლოა ჰქონდეთ შეხება მათ შვილებს ე.წ. „ქუჩის აკადემიაში“. ამასთან, ამ „სკოლის“ გავლა მოზარდის ცხოვრებაში ერთ-ერთ საჭირო გამოცდილებად აღიქმება.

„ბიჭმა „ქუჩის აკადემია“ უნდა გაიაროს და იცოდეს, რომ პოლიციაში არ უნდა დარეკოს“ (ფოკუსჯგუფი, მოზარდების მამები; ბათუმი, საქართველო, 22 ოქტომბერი 2017).

„მშობელი, შესაძლოა გაუცნობიერებლად წაახალისებდეს კიდეც აგრესიასა და ძალადობას; ასეთი მშობლები ხშირად წაახალისებენ ძალადობაზე ძალადობრივ საპასუხო ქმედებას, რადგან შიშობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი შვილი თანატოლებში დაიჩაგრება.

მამები თავიან ბიჭ მოზარდებს თავდაცვას ასწავლიან და ურჩევენ, რომ თუ საჭირო იქნება, ბრძოლის ფიზიკური მეთოდებიც გამოიყენონ. „მამაჩემი უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუ ვცემდი იმას, ვინც სხვებს ჩაგრავს“ (ფოკუსჯგუფი, 10-13 წლის ბიჭები; თელავი, საქართველო, 29 ოქტომბერი 2017)“-ნათქვამია კვლევაში.

კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ თითქმის ყველა მოზარდი, რომელიც ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ყოფილა, ძალადობაზე რეაგირების მხრივ, უფროსების, განსაკუთრებით კი მამების, რჩევებს ითვალისწინებს.

„შვილები ითვისებენ და პრაქტიკაში იყენებენ იმას, რასაც მშობლები უხსნიან და ასწავლიან. მშობლების დამოკიდებულებები და ღირებულებები დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან მოზარდები სირთულეებს. ისინი მშობლების მაგალითზე სწავლობენ. მოზარდები აცნობიერებენ, რომ მშობლების ჩართულობას და რჩევებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბავშვების ქცევასა და უნარზე, გაუმკლავდნენ სარისკო ქცევას“.

„მშობლის ბრალია, როდესაც შვილი გარეთ დგას და ეწევა სიგარეტს. შვილები სხვა გზაზე უნდა დააყენონ. არაა აუცილებელი მათი ცემა, როდესაც რამეს დააშავებენ. თუ მათში სწორი ღირებულებები არ ჩადე ბავშვობიდან, რთულია შემდეგ ასწავლო რამე ცემის გზით“ (ფოკუსჯგუფი, 14-17 წლის გოგოები; ბათუმი, საქართველო, 21 ნოემბერი 2017).

კვლევაში ნათქვამია, რომ ზოგიერთმა მოზარდმა გამოავლინა სირთულეებთან გამკლავების შინაგანი მზაობა, მათ შორის, თვითშემეცნება და კონტროლი, რაც მათ სკოლაში ძალადობასთან გამკლავებაში ეხმარებოდა. თუმცა იმავე მოზარდებმა თანატოლების მიმართ ემპათიის გრძნობის არარსებობაც გამოავლინეს, ისინი თითქმის ვერ აცნობიერებენ, თუ რას შეიძლება გრძნობდნენ გარშემომყოფები.

სკოლაში „ბულინგის“ თაობაზე მშობლების, განსაკუთრებით კი, მამების მიერ მიცემული რჩევები დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა ტიპის ღირებულებები უყალიბდება მოზარდს თანატოლების მიმართ.

პრემიერს არ სჯერა, რომ რიჟვაძე ოპოზიციის წარმომადგენელს პირადი შურისძიებით დაემუქრა

„დარწმუნებული ვარ, თორნიკე რიჟვაძე მსგავს შინაარსობრივ განცხადებას არასდროს გააკეთებდა,“ – აღნიშნა პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მას თორნიკე რიჟვაძის განცხადების შესახებ შეკითხვა „აჭარის ტელევიზიის“ ჟუნალისტმა დაუსვა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გუშინ, 9 დეკემბერს, განაცხადა:„მე, პირადად, ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას.“ ამ განცხადებით თორნიკე რიჟვაძე „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის, ჯელალ ქიქავას სატელევიზიო გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც პირდაპირ ეთერში თქვა, რომ „300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლებს… მუსლიმანობას აღებიებდნენ და აჭარლები გარეთ არ გამოსულან. ამათ 6 თვეში იმდენი გააკეთეს, რომ აჭარლები გამოიყვანეს გარეთ და კინაღამ თავისი ქალაქი გადააწვევინეს“.

მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძემ ხელახლა მოისმინა შეკითხვა, თქვა, რომ პირად შურისძიებაზე საუბარი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია.

„მე ეს კონტექსტი არ ვიცი, რაზეც თქვენ საუბრობთ. დარწმუნებული ვარ, რომ თორნიკე რიჟვაძე მსგავს შინაარსობრივ განცხადებას არასდროს გააკეთებდა. ის არის ძალიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი და დამერწმუნეთ, რომ 24 საათი მუშაობს თავისი კუთხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ის სულ რამდენიმე თვეა ამ თანამდებობაზეა, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა აჭარას და ბათუმს. რაც შეეხება ამ კონტექტს, მე ვფიქრობ, რომ არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია, თქვენგან გავიგე პირველად….“ – თქვა მამუკა ბახტაძემ.

სახალხო დამცველი: ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დასაცავად გადადგმული ნაბიჯები არ არის ადეკვატური

„2018 წელს კვლავ მძიმეა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც დღეს, 10 დეკემბერს გავრცელდა. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველი სხვადასხვა პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

„ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებები მწირია და პრობლემის მასშტაბებს ვერ პასუხობს. 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებების დარღვევის 700-მდე ფაქტი შეისწავლა. მათი უმრავლესობა ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მიმართ ძალადობას, ბავშვთა სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე საუბრობს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე, როგორც ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. ამ კუთხით თავშესაფრის მოწყობა ისევ პრობლემურია ბათუმში, სადაც არაერთი ბავშვი ქუჩაში ათენებს ღამეს.

„ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომელთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისად ეფექტური და ადეკვატური. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ მომხდარა ბავშვის ფიზიკური დასჯის აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე. შემაშფოთებელია, ბავშვთა ჩაგვრის (ბულინგი) გავრცელების მაჩვენებელი, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან დამატებით ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს,“ – მიიჩნევს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ წელს განსაკუთრებით გაიზარდა მიმართვიანობა რეგიონებიდან. ჯამში ომბუდსმენის აპარატი 7350 საქმეს სწავლობს. სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე კი  8089 ადამიანმა დარეკა.

EMC : გადაუჭრელი რჩება ბათუმის მეჩეთის მშენებლობის საკითხი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“(EMC),  ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანება და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს.  შეფასებების ერთი ნაწილი შეეხება საკულტო ნაგებობების მშენებლობისა და გადაცემის დისკრიმინაციულ პრაქტიკებს.

შეფასებაში ნათქვამია, რომ კვლავ გადაუჭრელი რჩება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი. „მუსლიმების თვითორგანიზებულ ჯგუფთან ბათუმის მერის მიერ დაწყებული მოლაპარაკებები შედეგების გარეშე დასრულდა, წაყენებული პირობების უსამართლო შინაარსის გამო.

მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე მერის უკანონო და დისკრიმინაციული უარის საქმეზე დაწყებული დავა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჭიანურდება. ადგილობრივი მუსლიმი თემი მათ მიერ ნაყიდ და საკუთარი ხელით აწყობილ სალოცავ სივრცეში აგრძელებს ლოცვას. ეს ადგილი მათთვის სამოქალაქო უფლებების ბრძოლის სიმბოლური სივრცე გახდა“.

EMC-ის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს თანდოიანცის ისტორიული სომხური ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება კვლავ მწვავედ დააყენა საბჭოთა პერიოდში რელიგიური უმცირესობებისთვის ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პოლიტიკის არარსებობის საკითხი. „ისტორიული ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემა საკითხის სათანადო შესწავლის გარეშე მოხდა. ამასთან ნაგებობის რესტავრაციის გეგმის შესაბამისად ჩანს, შენობის ისტორიული, კონფესიური და კულტურული ღირებულების წაშლის რისკები“.

ანგარიშის მიხედვით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი ზემოთ წარმოდგენილ პროცესებში იყო „არსებითად პასიური ან ნეგატიური, რაც აღნიშნული უწყების საქმიანობის პრობლემას კიდევ ერთხელ აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული უწყების გაუქმების იდეა ოფიციალურად განაცხადა, თუმცა, შესაბამისი საჯარო განმარტების გარეშე ეს იდეა რატომღაც არ განხორციელდა“.

ასლან ჭანიძე: თორნიკე რიჟვაძის ასეთი განცხადება დუღილის ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს

„ეს განცხადება წაახალისებს ძალადობას“ – საია თორნიკე რიჟვაძის შურისძიების დაპირებაზე

„ძალადობის წახალისებად“ საია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას აფასებს. თორნიკე რიჟვაძემ გუშინ, 9 დეკემბერს, თქვა: „მე, პირადად, ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას.“ ამ განცხადებით თორნიკე რიჟვაძე „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის, ჯელალ ქიქავას სატელევიზიო გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც პირდაპირ ეთერში თქვა, რომ „300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლებს… მუსლიმანობას აღებიებდნენ და აჭარლები გარეთ არ გამოსულან. ამათ 6 თვეში იმდენი გააკეთეს, რომ აჭარლები გამოიყვანეს გარეთ და კინაღამ თავისი ქალაქი გადააწვევინეს“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებს რამდენიმე მიზეზის გამო:

„ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს: მისი სტატუსი, როლი და ადგილი მიუხედავად იმისა, რა განცხადება იყო მანამდე გაკეთებილი ოპოზიციის წარმომადგენლის მხრიდან. ეს განცხადება ერთგვარი წახალისებაა ძალადობის.

ჩვენ ვნახეთ რამდენად დაძაბული იყო საარჩევნო გარემო, წინასაარჩევნო კამპანიები თავიდან ბოლომდე ნეგატივზე იყო აგებული. შემაშფოთებელია თავად ის გარემოება, რომ მთავრობის თავმჯდომარე საუბრობს შურისძიებაზე. ამ ტიპის და ამ ფორმის შეფასებები, ვფიქრობ, არ შეეფერება ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს.

მე არ განვიხილავ ამ განცხადებას სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილში, რადგან ბევრად უფრო შემაშფოთებელია, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ტიპის განცხადებას ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ განცხადებაში საუბარია შურისძიებაზე, კონკრეტული პირებისგან ველის გაწმენდაზე. თორნიკე რიჟვაძე არ არის პირველი პოლიტიკოსი, ვინც ველის გაწმენდაზე საუბრობს. შეიძლება ეს იყოს მხოლოდ პოლიტიკური პასუხი, რაც მანამდე იყო ნათქვამი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს როლი და სტატუსი, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქვს. ძალიან მარტივად შესაძლებელია, ეს განცხადება თორნიკე რიჟვაძის მხარდამჭერების მხრიდან აღქმული იყოს ისე, რომ მათ საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ ფიზიკურ ძალადობას,“ – გვითხრა სულხან სალაძემ.

 

„პირადად ვიძიებ შურს“ – თორნიკე რიჟვაძის მუქარა ოპოზიციის წარმომადგენელს [ვიდეო]

„პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას,“ – ამ სიტყვებით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის წარმომადგენელს. თორნიკე რიჟვაძის ვიდეომიმართვა, სადაც ის შურისძიებასა და „ამ ადამიანებისგან ველის გაწმენდაზე“ საუბრობს, თავისი ფეისბუქგვერდით წუხელ გავრცელდა.

„ჩვენი ოპონენტების საქციელი, მათი განცხადებები, სცდება უკვე ყოველგვარ ზღვარს. გუშინ თქვენ მოისმინეთ ქიქავების და სხვა, ამ ტიპის სუბიექტების ყოვლად სამარცხვინო განცხადებები. პირადად ვაცხადებ, რომ პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას. ჩვენ მათ საკონტროლო დარტყმა გავუკეთეთ და პირობას ვდებ, რომ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე. ყველა ეს ადამიანი ამ ველისგან გაიწმინდება. არავისთან არ ვაპირებ არც პოლიტიკურ, არც მერკანტილურ ვაჭრობას. ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას და თავისუფლებას. უნდა მიეჩვიონ, რომ ჩვენთან ვაჭრობა ვერ გაგრძელდება ვერც მერკანტილური, ვერც პოლიტიკური,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა წევრმა, ჯელალ ქიქავამ 7 დეკემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მოსახლეობის რევოლუციურ განწყობაზე ისაუბრა.

„სახელმწიფოში რევოლუციის სუნი დგას… კრიმინალები და პოლიციის „ნასედკები“ დააყენეს უბანზე და „სემიჩკას“ აჭმევდნენ ერთად. 300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლებს, ცოლებს, შვილებს იპარავდნენ, მუსლიმანობას აღებიებდნენ და აჭარლები გარეთ არ გამოსულან. ამათ 6 თვეში იმდენი გააკეთეს, რომ აჭარლები გამოიყვანეს გარეთ და კინაღამ თავისი ქალაქი გადააწვევინეს…“ – თქვა „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა ჯელალ ქიქავამ.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10  დეკემბრის  21 საათიდან 11 დეკემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს,  12-13 დეკემბერს, მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.

ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში შესვლა ოთხი დღის განმავლობაში უფასო იქნება

10-დან 14 დეკემბრის ჩათვლით აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში შესვლა უფასო იქნება. წელს მუზეუმი 110 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„მუზეუმი 1908 წელს დაარსდა მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით როგორც სასკოლო მუზეუმი.

1908 წელს 19 მარტს 28 ხმოსნის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე საქალაქო საბჭომ მოიწონა თავისი გამგეობისა და საფინანსო კომისიის ერთობლივი დასკვნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებელთან საბავშვო მუზეუმის გახსნის შესახებ, რაც მალე  შეასრულეს კიდეც,“- ნათქვამია წყაროებში.

მუზეუმში დაცულია 180 000-მდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2 000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 63 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. მათ შორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

11 თვეში საქართველოს აეროპორტები ოთხი მილიონ 688 177 მგზავრს მოემსახურა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 23 პროცენტით გაიზარდა და ჯამურად, 4 688 177 მგზავრს მოემსახურა.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნოემბერში 261 209 მგზავრს მოემსახურა, რაც 39 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აეროპორტი 11 თვეში – 3 547 553 მგზავრს მოემსახურა და ზრდამ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21 პროცენტი შეადგინა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი მიმდინარე წლის ნოემბერში 132 პროცენტით გაიზარდა და 47 868 მგზავრი შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 11 თვეში 560 254 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 პროცენტით მეტია.

მიმდინარე წლის ნოემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 24 677 მგზავრმა ისარგებლა, რაც 33 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 11 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 20 პროცენტით გაიზარდა და 580 370 მგზავრი შეადგინა“.

გერმანული მედია: ქვეყანაში ყოველ წელს 29 მილიონი ნაძვის ხე იყიდება და ისინი ქართული წარმოშობისაა

გერმანული რადიო WDR-ი [საზოგადოებრივი მაუწყებელი] სიუჟეტს აქვეყნებს საქართველოში  ნაძვისა და სოჭის გირჩების შეგროვებაზე. WDR-ის ცნობით, გერმანიაში ყოველწლიურად 29 მილიონი საახალწლო ნაძვის ხე იყიდება, რომლებიც, ძირითადად, საქართველოდან შეტანილი გირჩებისგან გამოჰყავთ. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სწორედ ამ გირჩებისგან გამოყვანილი სამხრეთული საახალწლო ნაძვის ხეებია.

WDR-ის მიერ მომზადებულ ვიდეოსიუჟეტში გირჩის ქართველი შემგროვებლები ყვებიან, თუ რამდენად სახიფათოა ეს საქმიანობა. ვიდეოში, ასევე, საუბარია იმაზე, რომ ახალგაზრდა კაცები ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ადიან 50 მეტრის სიმაღლის ხის კენწეროებზე და ასე აგროვებენ ნაძვისა თუ სოჭის გირჩებს.

ნაძვის თესლის ახალგაზრდა შემგროვებლები WDR-სთან საკუთარ თავს უწოდებენ „21-ე საუკუნის მონებს“. მათი თქმით, 2-3 კვირის მუშაობის შედეგად შეგროვებულ თესლის გაყიდვით, დაახლოებით, 390 ევროს გამოიმუშავებენ.

გერმანიაში ერთი საშობაო ნაძვის ხე მინიმუმ 30 ევრო ღირს, უფრო ხშირად კი, ნაძვის ხეები 100 ევროდ და უფრო ძვირადაც იყიდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ტყის ხეების, ყვავილებისა და დანარჩენი მცენარეების საქართველოდან გასული თესლის ღირებულება 335 000 ლარი იყო.

75 დასახელების ჟურნალ-გაზეთებიდან, რომლებსაც ბსუ მომავალ წელს შეიძენს, 54 რუსულია

იმ 75 დასახელების ჟურნალ-გაზეთებიდან, რომელთა შეძენას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] 2019 წელში გეგმავს, 18 ქართულია, 57 კი – უცხოენოვანი, რომელთაგან 54 რუსულია.

ბსუ-ს ამ ჟურნალ-გაზეთებისთვის 48 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

უნივერსიტეტისთვის პრესის მიწოდების ვადა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, ჟურნალ – გაზეთების გამოსვლის პერიოდულობის დაცვით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

„როგორც ქართულ, ასევე, უცხოურ გამოცემებზე მიწოდების ვადების დარღვევისას გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსაწოდებელი ჟურნალ-გაზეთების შესაბამისი გამოცემა არ დაიბეჭდა ან დაიბეჭდება დაგვიანებით. აღნიშნული გარემოების დასაბუთების შემდეგ შესაძლებელია მიწოდების ვადის და რაოდენობის ცვლილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“, – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.

უცხოური გამოცემები, რომელთა შესყიდვასაც ბსუ 2019 წელში გეგმავს:

Exit mobile version