მთავარი,სიახლეები

ტრანზიტულ დერეფანში მოკლული ქალები 

15.12.2018 • 4174
ტრანზიტულ დერეფანში მოკლული ქალები 

24 ნოემბერს სამორინე „პრინცესაში“ უზბეკი ქალი მოკლეს, მეორე უზბეკი ქალი კი – დანით დაჭრეს. დაკავებულმა თურქეთის მოქალაქემ მოსამართლეს უთხრა, რომ ეს ეჭვიანობის გამო გააკეთა – არ მინდოდა ჩემი პარტნიორი ქალი სექსინდუსტრიაში დარჩენილიყოო.

უზბეკი და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ქალები ხშირად ხდებიან ბათუმში ძალადობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი. ბოლო სტრატეგია, რაც ხელისუფლებამ სექსინდუსტრიის ქართულ კორიდორში მოცემულობის შესაცვლელად აიღო, შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმაა.

[red_box]მოკლულ ქალს 5 წლის შვილი ჰყავდა, ცხედარი მამამ გადაასვენა[/red_box]

2018 წლის 24 ნოემბერს სამორინეში მოკლული ქალის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ დაუწყია. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ეტაპზე ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს ლევენთ ულუთურქს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

„მოკლული ქალის მამა მე დამიკავშირდა. მას სურდა ცხედრის გადასვენების დაფინანსება და საკონსულოსთვის მიმართვაში დავეხმარე. შემდეგ არ ვიცი, რა მოხდა,“ – გვითხრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოების” თავმჯდომარემ, ნანა ნაზაროვამ. მას შუა აზიიდან საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული ადამიანები ხშირად უკავშირდებიან და დახმარებას სთხოვენ.

უზბეკი ქალის მკვლელობის საქმის“ პროკურორის, რამაზ შავაძის ინფორმაციით, მოკლული ქალის ცხედარი უკვე გადაასვენეს უზბეკეთში. მოკლულ ქალს თავის სამშობლოში 5 წლის ბავშვი ჰყავდა დატოვებული. მას საქართველოში ბინადრობის უფლება არ ჰქონია. მეორე ქალი, რომელიც ასევე სამორინეში დანით დაჭრეს, საავადმყოფოდან გაწერეს და ბათუმში რჩება.

მკვლელობა სამორინეში ღამის ოთხის თხუთმეტ წუთზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის ღამეს ლევენთ ულუთურქმა ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე სამონადირეო მაღაზიაში იყიდა დანა ქარქაშით, ასევე, წებოვანი ლენტი, რომელიც მან დანას ააკრა იმისთვის, რომ სამორინეში შესვლა დანით მოეხერხებინა და უსაფრთხოების სამსახურს არ გაეჩერებინა.

პროკურატურის ვერსიით, ლევენთმა ბათუმში უზბეკი ქალი გასული წლის დეკემბერში გაიცნო. ლევენთი თამბაქოს ბიზნესში ყოფილა ჩართული, ქალი – სექსინდუსტრიაში. მათ ბინა იქირავეს და რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ. ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, ლევენთს ქალთან კონფლიქტი მოუხდა. უზბეკი ქალი საცხოვრებლად მეგობართან გადავიდა, რომელიც ასევე უზბეკეთიდანაა. ქალები სამორინე „პრინცესას“ ხშირი სტუმრები იყვნენ, სადაც მკვლელობა მოხდა. მოკლული ქალი ლევენთის პარტნიორი ქალის მეგობარია.

[red_box]4 წლის გოგოს მკვლელობა [/red_box]

4 წლის ბავშვი ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, 2018 წლის 13 ივნისს მოკლეს. მსჯავრდებულმა ქალმა ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში თვითონ მიიტანა და განაცხადა, რომ გოგონა ცემით მოკლა.

სასამართლო საქმის მიხედვით, მსჯავრდებული ქალი მოკლული ბავშვის დედის მეგობარი იყო. მას ბავშვისთვის უნდა მოევლო, ვიდრე დედა თურქეთიდან ბათუმში დაბრუნდებოდა. ბავშვის დედა საქართველოში აღარ შემოუშვეს – ის იძულებით  დააბრუნეს უზბეკეთში.

„არ მახსოვს არაფერი,“ – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს 4 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულმა საირახონ მირბობოიევამ. მას სასამართლომ 25 ოქტომბერს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესის დასრულებამდე გაირკვა, რომ საიარახონს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ის სასჯელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იხდის, ვიდრე არ გამოჯანმრთელდება.

4 წლის გოგოს ცხედარი გონიოს სასაფლაოზე გონიოში მცხოვრებმა ოჯახმა დაკრძალა. ამ ოჯახის წევრი ბავშვის ძიძა იყო, ვისგანაც ბრალდებულმა ქალმა ბავშვი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე წაიყვანა.

სასამართლო პროცესი

[red_box]უზბეკი ქალის ცემისთვის ბრალდებული: ამის გამო მაკავებთ, არ გრცხვენიათ? [/red_box]

ასე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს უზბეკ ქალზე ძალადობაში ბრალდებულმა მიხეილ კ.-მ მიმართა. ამ სიტყვების შემდეგ ბრალდებულმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვენები გადაიჭრა.

გამოძიების ვერსიით, მიხეილ კ.-მ თავისი 5 წლის შვილის დედასა და მის მეგობარ ქალზე იძალადა. პოლიციაში დაზარალებული ქალების მეზობლებმა დარეკეს. ჩვენების მიხედვით, ბრალდებული ჯერ მათთან ერთად ალკოჰოლს სვამდა, შემდეგ კი მათ სახეში დაუწყო ცემა.

მიხეილი ოზურგეთიდანაა, მან თავისი შვილის დედა ბათუმში გაიცნო და მასთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. ბრალდებული შვილის დედასთან ქორწინებაში არ იმყოფება. ადვოკატის, ჯიმშერ არობელიძის თქმით, ბავშვს კონფლიქტამდე და ახლაც ბებია – ირაკლის დედა ოზურგეთში ზრდის.

[red_box]რამდენ უზბეკ და ყაზახ ქალს უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე[/red_box]

ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური მონაცემი, სექსინდუსტრიაში რამდენი ქალია ჩართული და რომელი ქვეყნებიდან, მათ შორის აჭარის რეგიონში. ბათუმსა და გონიოში არსებულ ამ ტიპის დაწესებულებების მაგალითზე მხოლოდ თეორიულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქალები, ძირითადად, შუა აზიის ქვეყნებიდან არიან. ასევე, დახურულ შეხვედრებზე, რომლებიც ტრეფიკინგის თემაზე იმართება, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველომ ტრეფიკინგის აღმოფხვრის მიზნით მაქსიმალურად შეზღუდა ამ ქვეყნებიდან ქალი მოქალაქეების შემოსვლა.

„ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა – 2014 წლიდან დღემდე შუა აზიის ქვეყნებიდან რამდენი ადამიანი შემოვიდა საქართველოში და რამდენი – ვერ შემოვიდა. „ბათუმელებმა“, ასევე, სცადა გაეგო, რამდენად შეიცვალა სურათი ბათუმსა და გონიოში სტატისტიკური მონაცემების შეცვლის პარალელურად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში სულ 173 875 ადამიანი შემოვიდა ყაზახეთიდან, მათ შორის, 96 456 ქალი. ამავე პერიოდში უზბეკეთიდან სულ 34 021 ადამიანი შემოვიდა საქართველოში, მათგან 12 359 ქალი.

 

შს სამინისტროს ინფორმაცია, უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან ხუთი წლის განმავლობაში შემოსული ქალების რაოდენობის შესახებ

„ბათუმელებს“ შს სამინისტროდან არ გამოუთხოვია ინფორმაცია, ამ პირებიდან რამდენმა დატოვა საქართველო. შესაბამისად, ვერ მოვახერხეთ, თუნდაც იმის დადგენა, ამ ქვეყნების რამდენი მოქალაქე იმყოფება ამ დროისთვის ქვეყანაში, ნებისმიერი მიზნით.

[red_box]ნანა ნაზაროვა: რთული გახდა ტრეფიკინგის გამოვლენა[/red_box]

„სამართალდამცველების პროფესიონალიზმის დონე აშკარად დაიხვეწა, მაგრამ დამნაშავეები ყოველთვის ერთი-ორი ნაბიჯით წინ გვისწრებენ… ახლა ჩვენი მთავარი პრობლემაა ის, რომ  არ ვიცით ზუსტად, რა სიტუაცია გვაქვს, არ ტარდება არანაირი კვლევა, არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ კუთხით არ მუშაობს“, – გვიყვება ნანა ნაზაროვა, „ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოების თავმჯდომარე“.

ნანა ნაზაროვას ინფორმაციით, ტრეფიკინგის ფაქტები აღარაა ისეთი ღია და პირდაპირი, როგორც წლების წინ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა აღარ არსებობს. ნაზაროვა მიიჩნევს, რომ ტრეფიკინგი აჭარაში იატაქვეშეთში გადავიდა, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა ვერ გააქტიურდა.

„მარტო იმის თქმა, რომ კარგად ვმუშაობთ და დავძლიეთ პრობლემა, მინიმუმ კორექტული არ არის… ამას ევროპის ქვეყნებიც ვერ ამბობენ, რომ დაძლიეს ტრეფიკინგი. ბათუმი ტრანზიტული დერეფანია და რაც არ უნდა ვიმუშაოთ, ეს პრობლემა სულ იქნება. ესტონეთსაც ანალოგიური პრობლემა აქვს, რადგან იქაც შაბათ-კვირას ჩადიან ტურისტები და იქაც ყველაფერი ხდება…

ჩვენი პრობლემა, რაც ამ ბოლო დროს მაწუხებს, არის ხელისუფლების მიდგომა, რომ თითქოს პრობლემა მოგვარდა. ჩვენ გვქონდა პროექტი, რომლის დაფინანსების შანსიც არსებობდა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ჩვენი პროექტი ითვალისწინებდა ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების შემუშავებას. გვითხრეს, თუ ხელისუფლება პრობლემას არ აღიარებს, ის არც რეკომენდაციას შეასრულებსო.

დასავლეთმა იცის, რომ ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც ყოველწლიურად ხვდება საქართველო, როგორც რისკის მქონე ქვეყანა ამ კუთხით, მაგრამ როცა ხელისუფლებას პრობლემის დანახვა არ უნდა, არ გამოვა არაფერი,“ – ამბობს ნანა ნაზაროვა.

მესამე სექტორის წარმომადგენელი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს ინდიკატორები, რომლებითაც სამართალდამცველები მუშაობენ. ნანა ნაზაროვას დაკვირვებით, „რთული გახდა ტრეფიკინგის გამოვლენა. მიდგომა შესაძლოა იყოს სხვადასხვა. ალბათ ცუდი მაგალითია, მაგრამ, მაგალითად, თურქეთში გვითხრეს, რომ პოლიციელი ქალის ჩანთის ჩხრეკის დროს უკვე ხვდება, ეს ქალი მსხვერპლი არის თუ არა, რა ნივთები აქვს მას, როგორ საუბრობს…  ჩვენთან ეს ინდიკატორები, რომლებითაც უნდა მოიპოვო მტკიცებულებები, არის ძალიან რთული. ჩვენთან ვიდრე ბორკილს არ დაადებენ ქალს, პოლიციელი მასთან ვერ მიდის…“

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ დროისთვის ტრეფიკინგის მხოლოდ ერთი საქმე განიხილება. ამ და სხვა საქმეებში დაზარალებული უზბეკი ქალების ჩვენებები ხშირად იდენტურია: ისინი ამბობენ, რომ საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს და შემდეგ იძულებით ჩართეს პროსტიტუციაში. ერთი საქმის განხილვა, როცა ქალმა თქვა, რომ მას ყიდდნენ, რამდენიმე თვის წინ დასრულდა. თუმცა ამ საქმეში ბრალდებულმა ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა. მას დღემდე ეძებენ.

2013 წელს ბეშუმის ტყეში მოკლული და მანამდე ტრეფიკინგის მსხვერპლი უზბეკი ქალის საქმეზე მსჯავრდებულიც დიდ ხანს იყო გაუჩინარებული. ის რამდენიმე თვის წინ რუსეთში დააკავეს და საქართველოს გადმოსცეს. მის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ხელახლა არსებითად განიხილავს. ის ძებნილი იყო და 2015 წელს დაუსწრებლად შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა.

[red_box]ტრეფიკინგში ბრალდებულების ადვოკატი: სექსინდუსტრიის სისტემა მოერგო ხელისუფლების მიდგომას[/red_box]

„ისინი იქცევიან მოთხოვნის შესაბამისად, რომ არ დაზარალდნენ და არც დაიჭირონ,“ – გვიხსნის ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე. ის ხშირად იცავს იმ ადამიანების უფლებებს სასამართლოში, რომლებსაც გამოძიება ტრეფიკინგს ედავება. ნოდარ ბოლქვაძე გონიოში ცხოვრობს და სასტუმროს მესაკუთრეა. ამბობს, რომ სექსინდუსტრიაში ჩართვის გარეშე მისი სასტუმროც ვერ იმუშავებდა.

„ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. ისინი ამბობენ, რომ პროსტიტუციას აიძულებდნენ და ფულს არ აძლევდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კი ყვებიან შემდეგს:

საქართველოში უზბეკი გოგონები ისევ უზბეკ ქალებს ჩამოჰყავთ, რომლებიც აქ უკვე წლებია მუშაობენ. ისინი ყვებიან, რომ ეს ჩამოყვანა 3 ათასი დოლარი გვიჯდება – მგზავრობა და საბაჟოს გამოვლაო. გოგონები, ძირითადად, წითელი ხიდიდან შემოდიან, რადგან თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ბევრი გააბრუნეს უკან. ზოგი ლეგალურად შემოდის წითელი ხიდიდან, ზოგი – არა. როგორც ჩანს, იქ კონტროლი ნაკლებია და კორუფციის ნიშნებიც არსებობს. შემდეგ ისინი მიჰყავთ ნაქირავებ ბინაში და იწყებენ მუშაობას. მათ წინასწარ იციან ეს, მე ეს ინფორმაცია მაქვს.

კონფლიქტი იწყება მაშინ, როცა ჩამოყვანილ გოგოს ჩამოყვანის თანხის დაბრუნებას სთხოვენ – ხშირად 3 ათასის ნაცვლად 6 ათასს. ამ პერიოდში ფულს ის ქალები იღებენ, ვინც ჩამოყვანას ორგანიზება გაუკეთა, რადგან იყო შემთხვევები, როცა გოგონები სხვებთან გაიქცნენ, ან ვიღაცასთან დროებით დაქორწინდნენ…“-  გვიხსნის ნოდარ ბოლქვაძე.

ადვოკატის თქმით, პოლიციამ სექსინდუსტრიის ყველა დეტალი იცის, მაგრამ ის მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როცა სიტუაცია უკიდურესად იძაბება, ან კონკრეტული ინტერესი ჩნდება.

„ამ ქალებმა იციან, რომ უკანონოდ შემოიყვანეს და ვერ მიდიან პოლიციაში. ეუბნებიან, რომ ციხეში ჩაგაგდებენო. მათ, ხშირად, საშუალო განათლებაც კი არ აქვთ და თანდათან რთულდება სიტუაცია. ყოფილა შემთხვევებიც, როცა პოლიციელის საყვარელი გახდა კონკრეტული ქალი და მერე დაიწყო გამოძიება… ჩემი აზრით, საქმე გვაქვს უფრო ფულის გამოძალვასთან, ან სხვა ტიპის დანაშაულებთან, ეს არაა ტრეფიკინგი,“ – მიიჩნევს ნოდარ ბოლქვაძე.

ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე სასტუმროს მფლობელი დააკავეს, სექსინდუსტრიის სტრუქტურაც შეიცვალა:

„დანაშაულია, თუკი სექსმუშაკი სასტუმროშია და იქვე იღებს კლიენტებს. სექსმუშაკი ამ დროს შეიძლება ადმინისტრაციული წესით დააჯარიმო, ხოლო სასტუმროს მფლობელი – პროსტიტუციის ადგილის მოწყობისთვის სისხლის სამართლის წესით. სააკაშვილის მმართველობის წლებში არავის აკავებდნენ. რამდენიმე წლის წინ, რადგან ეს დაკავებები გააქტიურდა, მოიფიქრეს, რომ სექსმუშაკები რესტორნებში არიან, სადაც მათთან კლიენტი მიდის და შემდეგ მიმართავენ სასტუმროს. პრინციპში რესტორნისა და სასტუმროს მესაკუთრე ხშირად ერთი და იგივე პირია, ან ახლო მეგობრები არიან, ორივე ადგილზე ფულს აკეთებს. ვერაფერს მიედავები.

მეც ჩემი სასტუმრო გაქირავებული მაქვს და თურქეთის მოქალაქე მართავს. ვიცი, რომ ეს სასტუმრო ამ ინდუსტრიის ნაწილია. აბა, სხვანაირად ვერ იმუშავებ, ზაფხულს მერე მუშაობა არ გექნება და რა უნდა გააკეთო?“ – კითხულობს ადვოკატი.

ნოდარ ბოლქვაძის აღწერის მიხედვით, სექსინდუსტრიაში საქართველოს მოქალაქეები არ ან ნაკლებად არიან ჩართულები. „მხოლოდ ტაქსის მძღოლები არიან ქართველები, რომლებიც ქალებს აკავშირებენ კლიენტებს,“ – ასრულებს ადვოკატი.

[red_box]ომბუდსმენი: ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების ხელახალი ვიქტიმიზაციაც ხდება[/red_box]

„სისტემა არ არის სენსიტიური ამ ადამიანების მიმართ“, – მიიჩნევს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ანა ილურიძე. სახალხო დამცველის დაკვირვებით, სამართალდამცავ უწყებებში ისევ დაბალია ცნობიერება ამ საკითხზე – რა შეიძლება იყოს ტრეფიკინგი.

„მთავარია, პოლიციელებს ჰქონდეთ შესაბამისი ინსტრუმენტები, რაც მათ დაეხმარება ტრეფიკინგის იდენტიფიცირებაში. ასევე უნდა არსებობდეს სპეციალური სერვისები, რაც ტრეფიკინგის მსხვერპლ ადამიანებს გაუადვილებს პრობლემასთან გამკლავებას… იგივე თავშესაფრები, სადაც შესაძლებელია ტრეფიკინგის მსხვერპლის განთავსება, ძირითადად ორიეტირებულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლზე. შესაბამისად, ამ თავშესაფრებში არაა ხელსაყრელი გარემო ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალებისთვის,“ – ამბობს ანა ილურიძე,

2017 წელს ტრეფიკინგის მუხლით 21 სავარაუდო ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რვა ქალს კი დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. სახალხო დამცველის წარმომადგენელის თქმით, წელს ტრეფიკინგის მაჩვენებელი არც გაზრდილა და არც შემცირებულა. ანა ილურიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციაა [victim – მსხვერპლი].

„ხშირად მსხვერპლს ისეთ გარემოში აყოლინებენ ისტორიას, რაც მას თავს გადახდა, ამას უსმენს გამოძიებაში ჩართული ყველა პირი, ამ დროს ხდება მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაცია… პრობლემაა ასევე ის, რომ არ არსებობს შესაბამისი იურიდიული დახმარების სერვისი. არსებობს ენობრივ ბარიერიც, რასაც ისინი ხშირად აწყდებიან…“- გვითხრა ანა ილურიძემ.

როგორ აფასებს სახალხო დამცველი შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას? – ანა ილურიძის აზრით, ეს საკითხი ომბუდსმენს, ჯერჯერობით, არ შეუსწავლია. ზოგადად, კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარი კი, დისკრიმინაციული მიდგომაა.

_________________________

სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: