მთავარი,სიახლეები

$1.3 მილიონის პროექტი – რა სარგებელი ნახეს მაჭახელაში განახლებადი ენერგიების დანერგვით

18.12.2018 •
$1.3 მილიონის პროექტი – რა სარგებელი ნახეს მაჭახელაში განახლებადი ენერგიების დანერგვით

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, მაჭახლის ეროვნულ პარკსა და მიმდებარე სოფლებში 1.3 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა.  პროექტის შედეგად ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში გამოიცადა და დაინერგა განახლებადი ენერგიის გამოყენება.

„ამ პროექტის მთავარი აზრი იყო ის, რომ პარკის განვითარებით კონკრეტული ეკონომიკური სარგებელი ენახა ადგილობრივ მოსახლეობას,“ – ამბობს გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, სოფო ჭიჭინაძე.
მისი თქმით, როდესაც პარკი გაიხსნა, მოსახლეობა არ იყო კმაყოფილი, რადგან ისინი პარკის ტერიტორიას შეშის მოსაპოვებლად იყენებდნენ.

„ჩვენი პროექტიც ამისთვის დაიწყო, რომ აქ მცხოვრები ადამიანები ჩართულიყვნენ არა მარტო პარკის მართვაში, არამედ დაენახათ ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებიც.

მაჭახლის ხეობა. სახლი, რომელზეც მზის პანელია დამონტაჟებული

განახლებადი ენერგიების დანერგვით ჩავანაცვლეთ ხეების ჭრა. 2018 წელს რამდენიმე ოჯახს მივეცით მზის პანელები, ენერგოეფექტური ღუმელები და ვასწავლეთ ბიომასის გამოყენება, რომლის შეძენაც შეეძლოთ გორში, სადაც არის ბიომასის საწარმო. ნახერხისგან და თხილის ნაჭუჭისგან კეთდება ბრიკეტები, რომლებსაც შეშის მაგივრად იყენებს მოსახლეობა“.

სოფო ჭიჭინაძის თქმით, საპილოტე პროგრამამ კარგად იმუშავა  და მოსახლეობამ თავად დაინახა ამ პროექტის ეფექტურობა.

„გვეუბნებოდნენ, რომ თუ ადრე შეშაზე 700 ლარი ეხარჯებოდათ სეზონზე, ნაჭუჭის გამოყენების შედეგად, პრაქტიკულად, გაუნახევრდათ ეს ხარჯი. ანალოგიურად, ცხელი წყალი და გათბობა მზის ენერგიაზე გაცილებით ეკონომიურია.“

სოფო ჭიჭინაძის თქმით, პილოტირების შედეგად ასზე მეტი ოჯახი ჩაერთო ამ ენერგიის გამოყენებაში. „2019 წლიდან კი ხეობის მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი გადავა განახლებადი ენერგიების მოხმარებაზე“.

პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ელექტრონული ღობეები, რომლებიც საკარმიდამო ნაკვეთებს ცხოველებისგან იცავს.

„ეს ნაკვეთები სახლებისგან მოშორებითაა, სადაც დათესილია სიმინდი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ხეობაში არის მგელი და დათვი, რომელიც ამ ნაკვეთებს ერჩის.

ამიტომ რამდენიმე ადგილას დავაყენეთ ელექტროღობე. ვიწრო, წვრილი მავთულები, რომლებშიც გადის ისეთი დენი, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს ცხოველებისთვის და არც ადამიანისთვის. აქვს გარკვეული იმპულსი, რომელიც ცხოველს აფრთხობს,“ – გვეუბნება სოფო ჭიჭინაძე.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა მაჭახლის ეროვნული პარკის საზღვრების დემარკირება, ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის სრული რეაბილიტაცია. ეროვნულ პარკსა და მიმდებარე სოფლებში მოეწყო რამდენიმე ტურისტული ბილიკი.

სოფო ჭიჭინაძის თქმით, როცა პირველი დემარკირება გაკეთდა, მაშინ საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი მოჰყვა პარკის საზღვრებში და ამის გამო მოსახლეობა უკმაყოფილი იყო, ამიტომ დემარკირება თავიდან განხორციელდა.

„პარკი განაგრძობს განვითარებას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული ინიციატივები და პარკის მდგრადი მართვა გაგრძელდეს, არ შეწყდეს მოსახლეობასთან აქტიური კონტაქტი.“

ჭიჭინაძის თქმით, მნიშვნელოვანია, პარკის ტერიტორიაზე არსებულ საოჯახო სასტუმროებში მომსახურების სტანდარტები გაიზარდოს და გაგრძელდეს მუშაობა უფრო მეტი ტურისტის მოზიდვაზე.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რომლებიც ეროვნული პარკის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. „მათ შორის, ტყის ინვენტარიზაცია და ტყის მართვის გეგმა, ეროვნული პარკის საბაზისო კვლევა და ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შემოსავლის მომტანი საქმიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება“.

მთავარი ფოტო: ბათუმელების არქივი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: