მთავარი,სიახლეები

ქალის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე – ბრალდებულმა სხდომის დახურვა ითხოვა

26.11.2018 • 3095
ქალის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე – ბრალდებულმა სხდომის დახურვა ითხოვა

ის ხელის აფარებით შემოვიდა სასამართლო დარბაზში და ბრალდებულისთვის განკუთვნილ ადგილას უხმოდ დაჯდა.

“ჩვენ ვითხოვთ სასამართლო პროცესის დახურვას,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ბიძინა ბერიძემ.

ადვოკატის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულს არ სურს მისი სამსახურებრივი მონაცემების გასაჯაროება.

“სხდომის დახურვას თავისი საფუძველი აქვს, რაც არ არსებობს,” – მოუჭრა ადვოკატს პროკურორმა რამაზ შავაძემ.

რეპლიკის შემდეგ ადვოკატმა დაამატა, რომ ბრალდებულს პირადი ცხოვრების გასაჯაროებაც არ სურს. მისი განმარტებით, ბრალდებულს კონკრეტულ მიმოწერაზე სურს საუბარი.

მოსამართლე ლევან გელოვანმა ადვოკატის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომის მხოლოდ ის ნაწილი დახურა, სადაც ბრალდებულს უნდა ეთქვა საკუთარი პოზიცია.

საუბარია 24 ნოემბერს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სამორინეში ერთი ქალი დანით მოკლეს, მეორე – დაჭრეს. ბრალდებულ ლევენთ ულუთურქს დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ვერსიით, ლევენთმა, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, ბათუმში უზბეკი ქალი გასული წლის დეკემბერში გაიცნო. ლევენთი თამბაქოს ბიზნესში ყოფილა ჩართული, უზბეკი ქალი – სექსინდუსტრიაში. მათ ბინა იქირავეს და რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ.

ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, ლევენთს ქალთან კონფლიქტი მოუხდა. უზბეკი ქალი საცხოვრებლად მეგობართან გადავიდა, რომელიც ასევე უზბეკეთიდანაა. ქალები სამორინე “პრინცესას” ხშირი სტუმრები იყვნენ, სადაც მკვლელობა მოხდა.

„მკვლელობის ღამემდე ლევენთ ულუთურქმა ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე სამონადირეო მაღაზიაში იყიდა დანა ქარქაშით, ასევე წებოვანი ლენტი, რომელიც მან დანას ააკრა იმისთვის, რომ სამორინეში შესვლა დანით მოეხერხებინა და უსაფრთხოების სამსახურს არ გაეჩერებინა…” – განაგრძო სასამართლო პროცესზე ბრალდების არსის წაკითხვა პროკურორმა.

მკვლელობა ღამის ოთხის თხუთმეტ წუთზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, ლევენთმა სამორინეში თავისი სექსუალური პარტნიორის მეგობარი მოკლა – მას გულმკერდისა და მარჯვენა ბარძაყის არეში რამდენჯერმე დაარტყეს დანა. უზბეკი ეროვნების ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

იმავე ღამეს ლევენთმა პარტნიორ ქალი დანით დაჭრა. ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ლევენთმა თქვა, რომ ეს ეჭვიანობის გამო გააკეთა. მას არ სურდა, პარტნიორს ისევ სექსმუშაკად ემუშავა.

ლევენთ ულუთურქს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. გამოძიებას მისთვის ჯერ არ წაუყენებია ბრალი პარტნიორი ქალის დაჭრის ნაწილში.

“ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ამის შესაბამისად წავუყენებთ ბრალს,” – გვითხრა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

ლევენთ ულუთურქს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მისი საქმე შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. გადაწყვეტილება თავად ბრალდებულმა უნდა მიიღოს. შეკითხვას მოსამართლე ბრალდებულს ამ საკითხზე წინასასამართლო სხდომაზე დაუსვამს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: