მთავარი,სიახლეები

სასამართლოებში მანდატურები 50 წელს ზევითაც იმუშავებენ, საკონსტიტუციოში – ვერა

15.12.2018 • 1740
სასამართლოებში მანდატურები 50 წელს ზევითაც იმუშავებენ, საკონსტიტუციოში – ვერა

თანასწორობის პრინციპის დარღვევა დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ საერთო სასამართლოებში მომუშავე მანდატურებისთვის ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებაში. დღემდე სასამართლოს მანდატური ვერ იქნებოდა პირი, ვისაც 50 წელი შეუსრულდა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 14 დეკემბერს გამოაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ სარჩელით სასამართლოს ორმა ყოფილმა მანდატურმა მიმართა – ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია მანდატურის პოზიციიდან მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს, რომ მათ 50 წელი შეუსრულდათ. მამუკა ჭანტურია თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა, ჯიმშერ ცხადაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში. მათ ინტერესებს სასამართლოში არჩილ ჩოფიკაშვილი იცავდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი.

„კანონმდებლობა ამ პროცესში გამორიცხავს პირის ინდივიდუალური უნარ-ჩვევებისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების საფუძველზე მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას,“ – უთხრეს ყოფილმა მანდატურებმა მოსამართლეებს საქმის არსებითი განხილვის დროს. პარლამენტის განმარტებით კი, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია მანდატურის სამსახურის ეფექტური და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა.

„სადავო რეგულაციით დადგენილი ასაკის მიღწევა, როგორც წესი, შემთხვევათა უმრავლესობაში იწვევს მანდატურის საქმიანობისთვის საჭირო უნარების დაქვეითებას, რაც განაპირობებს 50 წლის ასაკს მიღწეული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას,“ – აღნიშნავდა პარლამენტის წარმომადგენელი.

„მანდატურის უფლებამოსილებების სრულყოფილად შესრულება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული პირის ფიზიკურ მომზადებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, თუმცა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ 50 წლის ასაკის მიღწევა, თავისთავად, განაპირობებდა მანდატურის ფუნქციების განხორციელებისთვის საჭირო უნარების დაკარგვას,“ – მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ.

სასამართლოს განმარტებით, ასევე  შესაძლებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასდეს პირის ფიზიკური მონაცემები და დადგინდეს, რამდენად შეესაბამება იგი მანდატურის თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან არსებითად თანასწორ პირებს, ერთი მხრივ, 50 წლამდე და, მეორე მხრივ, 50 წელს გადაცილებულ პირებს გაუმართლებლად ეპყრობოდა უთანასწოროდ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ საერთო სასამართლოებიდან ვეღარ გაათავისუფლებენ მანდატურებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ 50 წელი შეუსრულდათ, თუმცა მანდატურებს, რომლებიც ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობენ, გათავისუფლდებიან ასაკობრივი ბარიერის გამო.

„სარჩელით მხოლოდ საერთო სასამართლოების მანდატურებს ეხებოდა. თუ მოგვმართავენ თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურები, ჩვენ მათ ინტერესებსაც დავიცავთ,“ – გვითხრა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: