მთავარი,სიახლეები

„მომეტებული საფრთხე კერძო კომპანიებისთვის“ – პარლამენტს დაცვის პოლიციის კანონის შეცვლა დაავალეს

14.12.2018 • 1796
„მომეტებული საფრთხე კერძო კომპანიებისთვის“ – პარლამენტს დაცვის პოლიციის კანონის შეცვლა დაავალეს

დაცვის პოლიციის წინააღმდეგ რამდენიმე კერძო დაცვის კომპანიის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს მეორე კოლეგიამ 30 ივნისამდე მისცა პარლამენტს ვადა იმისთვის, რომ ამ კუთხით არსებული კანონმდებლობა შეიცვალოს.

პარლამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ კომპანიები – „გიგანტი სექიურითი“ და „უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ დაობდნენ. დავის საგანი რამდენიმე კანონის მიერ დადგენილი სამართლებრივი ნორმა იყო, რაც სახელმწიფო დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ანიჭებდა უფლებამოსილებას დაცვის საქმიანობა განეხორციელებინა და, იმავდროულად, კერძო დაცვითი ორგანიზაციები ეკონტროლებინა.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ ამგვარი მოწესრიგება დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა და დაცვითი მომსახურების ბაზარზე იქმნებოდა არაკონკურენტუნარიანი გარემო. მოსარჩელეების აზრით, ირღვეოდა კერძო დაცვითი ორგანიზაციების თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლება.

მოპასუხე მხარის პოზიციით, დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზანია კერძო დაცვითი ორგანიზაციების მიერ მომხმარებელთა უფლებების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაზიანების თავიდან აცილება.

საკონსტიტუციო სასამართლომ „მომეტებული საფრთხე“ დაინახა კანონის ამ ჩანაწერში.

„დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც მაკონტროლებელ ორგანოს ჰქონდა დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის შეუზღუდავი შესაძლებლობა, რაც მას ანიჭებდა მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას და შეიცავდა კონკურენციის შეზღუდვის მომეტებულ საფრთხეს,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებელი ვალდებულია შექმნას მექანიზმები, რაც გამორიცხავს დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ კონკურენტის კომერციულ ინფორმაციაზე წვდომას. შესაბამისად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმები და მოპასუხეებს განუსაზღვრა ვადა საკითხის კონსტიტუციის შესაბამისად მოსაწესრიგებლად.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: